მთავარი,სიახლეები

პრემიები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წინასაარჩევნოდ

13.06.2016 • 1624
პრემიები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წინასაარჩევნოდ

ქედის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანა. კორექტირებისას ბიუჯეტი 843 267 ლარით გაიზარდა.

ქედის საკრებულოს 13 ივნისის გადაწყვეტილებით, გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლები წინასაარჩევნოდ 100% -იანი სახეფასო დანამატის ნაცვლად 50%-ს მიიღებენ და საპრემიო ფონდიდან გამოთავისუფლებული 42 700 ლარით ადგილობრივი თვითმართველობა ქედაში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენს.

ქედის საკრებულომ საკუთარი პრემიების ნაწილი მოსახლეობისთვის პირველად გაიღო, ამგვარი გადაწყვეტილება დეპუტატებს საკრებულოში დღემდე არასდროს მიუღიათ.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას კორუფციული და ამომრჩევლის მოსასყიდად გამიზნული უწოდა საკრებულოს  „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრმა ვაჟა ბოლქვაძემ, ნაციონალებთან ერთად აღნიშნულ საკითხს არც „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ქედის საკრებულოს სხდომა

ქედის საკრებულოს სხდომა

„დღევანდელ ბიუჯეტის ცვლილებას კორუფციულს ვუწოდებ, რადგან ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოების მოსასყიდათ აკეთებენ“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

ოპოზიციის შენიშვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე საკრებულო დიდი ხანია მსჯელობდა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ამ დროისთვის მიაღწია:

„ყველა თანამშრომელის სურვილი იყო პრემიის ნაწილი მოსახლეობისთვის მიგვემართა, ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული, თუმცა ბიუჯეტის კორექტირება ახლა მოხდა, ეს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით არ მიგვიღია, ხმები ისეც გვაქვს, მოსყიდვას არც ვცდილობთ და არც გვჭირდება.“

ამირან ცინცაძის ინფორმაციით, 42 700 ლარით 25 ოჯახის საცხოვრებელი სახლი გადაიხურება.
 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: