კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ოკუპანტის ენაზე გახსნილი ტურისტული სეზონი ბათუმში

10.06.2016 • 2335
ოკუპანტის ენაზე გახსნილი ტურისტული სეზონი ბათუმში

„ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად არის რუსულენოვანი, ამიტომაც გამოიყენეს წამყვანებმა რუსული“, – ასე ამართლებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ საღამოზე ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენებას. სეზონი ბათუმის ბულვარში 28 მაისს გაიხსნა.

საკონცერტო ნომრებს შორის სეზონის გახსნის ღონისძიებაზე წამყვანებმა აუდიტორიას ქართულის გარდა რუსულ ენაზეც მიმართეს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ ვერ ხედავს პრობლემას სახელმწიფო უწყება ოფიციალურ საღამოზე რუსული ენის გამოყენებაში? რა ინტერესს ემსახურებოდა ეს მიდგომა? – ეს კითხვები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის უნდა დაესვა „ბათუმელებს“, მაგრამ როგორც მისმა პრესსამსახურის უფროსმა, მერი ემირიძემ გვითხრა, მამუკა ბერძენიშვილი ქორწილის სამზადისშია და კომენტარებისთვის არ სცალია.

ტურიზმის დეპარტამენტის პოზიცია „ბათუმელებს“ მერი ემირიძემ გააცნო: „ჩვენ ვთხოვეთ წამყვანებს შიგადაშიგ ესაუბრათ რუსულად და ინგლისურად. თქვენ როგორ ფიქრობთ, არ უნდა ელაპარაკათ? წამყვანები არიან შოუმენები და მგონი, დანაშაული არაა, როცა ჩამოსულ ტურისტს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები. ჩვენთან ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი რუსულენოვანია“.

თუმცა, ცერემონიის წამყვანებს აუდიტორიისთვის ინგლისურად არც ერთხელ არ მიუმართავთ იმ პერიოდში, როცა „ბათუმელების“ ჟურნალისტი საათ-ნახევრის განმავლობაში აკვირდებოდა ღონისძიებას. იმავე პერიოდში წამყვანებმა რუსული ენა ორჯერ გამოიყენეს.

„როგორ ხვდებოდნენ წამყვანები, ვინ იყო რუსულენოვანი ტურისტი?“ – ამ კითხვაზე მერი ემირიძე გვპასუხობს: „არ ვიცი, ალბათ, ვიზუალით“.
მასვე ღონისძიებაზე მისული ჩინელი ტურისტებიც დაუფიქსირებია, ვინც შესაძლოა, არც რუსული იცოდა და არც – ინგლისური: „რა გვექნა, ყველა ენაზე მოსაუბრე წამყვანებს ხომ ვერ დავიქირავებდით?“

„წამყვანები უშუალოდ ვრთავდით გასართობ ღონისძიებაში ტურისტებს, გათამაშებაში, კონკურსში, ამიტომ გახდა აუცილებელი უცხო ენის გამოყენება. ჩვენ ოფიციალურად ვინმესთვის არ მიგვიმართავს სცენაზე და განცხადებები არ გაგვიკეთებია. არ მესმის, რატომაა ეს პრობლემა“, – გვითხრა მარი მჟავანაძემ. ტურისტული სეზონის გახსნის საღამო სწორედ მას მიჰყავდა ზაალ წულუკიძესთან ერთად.

მარისთვის „ბათუმელების“ კითხვა არც მას შემდეგ გახდა გასაგები, როცა დავაკონკრეტეთ, რომ პრობლემაა რუსულის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენება ოფიციალურ ღონისძიებაზე: „არ ვიზიარებ ამ პოზიციას, მე არ ვერევი პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ეს იყო ჩვეულებრივი უწყინარი ღონისძიება და უმეტესობა იქ იყო უცხოელი ტურისტი. არ მიფიქრია მაგ კუთხით, სიმართლე გითხრათ…“

ტურიზმის დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას „კოლონიურ აზროვნებად“ აფასებს პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე: „რუსეთთან რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს, ამაში არაფერი განსაკუთრებული იქნებოდა, მაგრამ, როდესაც ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და არ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, რასაკვირველია, ასეთი სითბოს და სიყვარულის ჩვენებას ყოველთვის არასასიამოვნო სუნი ასდის. ვეჭვობ, როდესაც ბევრი თურქი ჩამოდის, მათ თურქულად ესაუბრებოდნენ, ან რატომ უნდა ჩათვალო, რომ სხვებმა ინგლისური იციან და რუსებმა არ უნდა იცოდნენ არც ერთი სხვა ენა.

ეს ტიპიური, საქართველოსთვის დამახასიათებელი რამეა: თავს კოლონიად გრძნობ და ფიქრობ, რომ ასე, ცოტა ხელს თუ გადაუსვამ ქართველებისგან ნაწყენ რუსს, კარგი იქნება. თავქარიანობის ამბავია, რაც ქართველებს გვახასიათებს ხოლმე“.

ლაშა ბაქრაძის აზრით, ტურიზმის დეპარტამენტი და რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყება ვერ გაიაზრებს ამ ტიპის პასუხისმგებლობას, ვიდრე საზოგადოებისგან არ წამოვა შესაბამისი დაკვეთა:

„როცა არ არსებობს არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით, იოლია სახელმწიფო ორგანოებმა არ იფიქრონ ამაზე. მგონია, რომ ტურიზმის დეპარტამენტმაც ქვეცნობიერად გადაწყვიტა რუსულად ელაპარაკა ოფიციალურ საღამოზე. ეს პოლიტიკური სიბეცის მაჩვენებელია. ქართველებს საერთოდ ფიქრი არ გვიყვარს. მანქანებშიც ვუსმენთ რუსულ სიმღერებს, კაფე-რესტორნებშიც და ეს არ გვგონია პრობლემა. შესაბამისად, ვნახავთ რუს ტურისტებს, რომლებსაც ექნებათ შეგრძნება, რომ იმყოფებიან მიწაზე, რუსეთმა დროებით რომ დაკარგა და კულტურულად მათი ნაწილია. ამ რუსულ პროპაგანდას აძლიერებს მსგავსი მიდგომები“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბათუმში, ოფიციალურ საღამოზე რუსულ ენას იყენებენ – გასულ წელს „ბათუმობის“ გახსნის საღამოზე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი რუსულად მიესალმა აუდიტორიას. გიორგი ერმაკოვი გასულ კვირას ასევე რუსულად მიესალმა შავი ზღვის შესასწავლად ბათუმში გემით ჩამოსული მეცნიერების ჯგუფს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: