„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
კომისია მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“.
გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების დამოკიდებულება – დემოკრატიის ინსტიტუტის შეფასებით კომისიის წევრები ხშირად არ ესწრებიან სხდომებს, ან მალევე ტოვებენ. განცხადებაში ასევე საუბარია მათი მხრიდან დოკუმენტაციის ზედაპირულ შესწავლასა და კომისიის მუშაობის სტრატეგიის არარსებობაზე.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომისია არ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით გააჩნია ერთადერთი ელექტრონული ბაზა, რომელშიც აღრიცხულია ეკომიგრანტი ოჯახები.
კომისიის წევრები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები.
ყოველ საღამოს, კარგ ამინდში, ბათუმის პარკში, ღია ცის ქვეშ, მხატვრული ფილმებს აჩვენებენ. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მინდორში, რომელიც დაახლოებით 200-300 მაყურებელს იტევს, რამდენიმე ათეული ნარინჯისფერი პუფიც დაგხვდებათ, თუმცა იმისთვის, რომ ადგილი გარანტირებული გქონდეთ, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და სახლიდან პლედი მაინც წამოიღოთ.
„კინოთეატრი ჩარლი“ – ასე ქვია „სინემა გრუფისა“ და აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს, რომელიც 21 ივლისიდან ამოქმედდა და კინოჩვენებების მოწყობას სექტემბრის ბოლომდე აპირებს. „შესაძლოა კინოჩვენებები ოქტომბერშიც გაგრძელდებს, ამინდზე ვართ დამოკიდებული,“ – ამბობს „სინემა გრუფის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელი რატი ქერქაძე.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღე, როცა არ იწვიმებს, ბათუმის 6 მაისის პარკში ორი ან სამი კინოსეანსი მოეწყობა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. პირველი სეანსი საღამოს 9 საათზე დაიწყება, ბოლო სეანსი კი – 11:30-ზე და პირველ საათამდე გაგრძელდება. 3-4 დღის ანონსი ქალაქში აფიშების სახით გამოიკვრება.
როგორც „სინემა გრუფში“ გვითხრეს, ღია ცის ქვეშ ძირითადად გასართობ, სათავგადასავლო და კომედიური ჟანრის ფილმებს აჩვენებენ. ფილმები ნაჩვენები იქნება როგორც ქართული, ისე რუსული და ინგლისური გახმოვანებით. პროექტი კომერციული არ არის და კინოფილმების ნახვა ღია ცის ქვეშ უფასოდ შეიძლება.
კინოჩვენება ღია ცის ქვეშ
პროექტის ორგანიზატორების თქმით, მომავალში კინოთეატრი „ჩარლი“ საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმოგზაურებს.
ბათუმში ღია ცის ქვეშ ფილმების ნახვა მაყურებელს აქამდე მხოლოდ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კინოჩვენებებზე შეეძლო. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი წლებია ამბობს, რომ ერთი კინოთეატრი ბათუმისთვის არანაირად არ არის საკმარისი და ეს მხოლოდ ფესტივალის დროს არის პრობლემატური საკითხი. იგი მუნიციპალური კინოთეატრის საჭიროებაზე საუბრობს: „ზოგადად აუცილებლია არსებობდეს ალტერნატიული სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება არაკომერციული კინოს ჩვენება. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მუნიციპალური კინოთეატრი, რაც საშულებას აძლევს კინომოყვარულებს იხილონ ის ფილმები, რომლებიც არასდროს გავა კომერციულ კინოთეატრში ან ტელევიზიაში. თუ ბათუმს აქვს პრეტენზია გახდეს ევროპული ქალაქი, კულტურის ერთ-ერთი ცენტრი ქვეყანაში – აუცილებელია ალტერნატიული კინოსივრცეების არსებობა,“ – ამბობს ის.
წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ბათუმის მერიას ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისთვის გათვლილი მობილური კომპლექსის (ეკრანი, პროექტორი, აუდიოსისტემა) შეძენის ინიციატივით მიმართეს, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მერიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ეკრანის ნაცვლად LCD ეკრანი იყიდა, რომელიც კინოს საჩვენებლად არ გამოდგება, რადგან მას სხვა პარამეტრები აქვს.
„საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს, დამატებით რვა წერილი (ქართველი რეჟისორების ერთობლივი წერილი, ოდესის, ვროცლავის და ჩიკაგოს ფესტივალების მენეჯმენტის, კინოთეატრების დამპროექტებელი პოლონური კომპანიის და ა.შ.) წარვადგინეთ, რომ კინოჩვენებებისთვის კინოეკრანია აუცილებელი და LCD ეკრანი არ გამოდგება ამისთვის. გვქონდა შეხვედრები და კონსულტაციები ვიცე-მერთან, ბატონ ალეკო მითაიშვილთან, რომელიც დაგვიპირდა, რომ მოხერხდებოდა კინოჩვენებებისთვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროექტორის შეძენა. ჩვენთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, მზადდება ამისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია (ტენდერისთვის) და იმედი გვაქვს, რომ სექტემბრამდე მოხერხდება მისი შეძენა,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის მენეჯერი.
ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ კინოს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებენ ერას მოედანზე, ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება – ბათუმის მერიის მიერ ნაყიდი ან BIAFF-ის მიერ ნაქირავები ტექნიკური აღჭურვილობით.
კიდევ ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომავალში ჩამოვლენ და ბათუმში ღია ცის ქვეშ კინოს აჩვენებ, „მოხეტიალე კინოთეატრია“, რომლის ავტორებიც რუსთაველი სტუდენტები არიან.
„ჩვენს ქალაქში არ არის კინოთეატრი და სწორედ აქედან წამოვიდა ამ ტიპის კინოთეატრის შექმნის იდეა. 2012 წლიდან ვაწყობთ ასეთ კინოჩვენებებს იმ რეგიონებში, სადაც კინოთეატრები არ არის. ახლა გასვლით კინოჩვენებებს ვგეგმავთ და სამომავლოდ ბათუმშიც ვაპირებთ ჩამოსვლას. გვინდა სოფლები და ის რეგიონები მოვიცვათ, სადაც ასეთი სივრცეების ნაკლებობაა,“ – ამბობს „მოხეტიალე კინოთეატრის“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ლევან კურტანიძე.
ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე გონიოელების მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა. „ამას ველოდი. ჩვენი გადაწყვეტილება არის ახალი გარემოება გონიოელებისთვის, რომ მათ სასამართლოში დავა განეახლებინათ“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი.
„საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება არის ბუნდოვანი, აბსურდული და ის არავითარ სამართლებრივ შედეგს არ მოიტანს“ – აცხადებს ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.
ლევან კინწურაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში ვინც უჩივლა, სამოცივე ოჯახის შემთხვევა სასამართლოს აქვს განხილული და მათ შესახებ საკრებულოს კომისია ვერ იმსჯელებდა: “სასამართლომ თქვა, რომ მათ კანონიერად ჩამოერთვათ მიწის ნაკვეთები. ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რაზეც უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს”
ანა ბერძენიშვილის თქმით კი, სამოცი გონიოელიდან მხოლოდ ათია ისეთი, ვისზე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს: “სამოცივეს საქმე განხილული რომ ჰქონდეს სასამართლოს, ეს არ უშლიდა ხელს საკრებულოს კომისიას, ხელახლა ინდივიდუალურად შეესწავლა თითოეული მათგანის საქმე. არცერთ კანონში არ წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, საკრებულოს უფლებამოსილ კომისიას არ აქვს საშუალება, აღიაროს საკუთრება. საკრებულოს საკუთრების კომისიას არ უცდია გამოერკვია, იყო თუ არა რაიმე ახალი გარემოება, მტკიცებულება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მათთვის მიწის ხელახლა აღიარების საფუძველი გაჩენილიყო.“
„დავეთანხმები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო ბუნდოვანი, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ ის არაა სამართლებრივი შედეგის მომტანი. ეს არაკომპეტენტური განცხადებაა, ან ემსახურება სხვა მიზნებს. თუკი არსებობს ახალი მტკიცებულებები, ის უნდა განიხილოს სასამართლომ” – უთხრა ლევან კინწურაშვილმა “ბათუმელებს”.
“თავად საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე არის სრულიად არაკომპეტენეტური”, – ამბობს ანა ბერძენიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან”: “ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენტურობას ადასტურებს სასამართლოს ორ ინსტანციაში გონიოს მკვიდრის, ენვერ ირემაძის საქმის მოგება, ვის ინტერესებსაც ასევე ჩვენ ვიცავთ. სასამართლომ თქვა, რომ მისი საქმე უნდა განიხილოს საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს მანამდე აქვს გადაწყვეტილება მიღებული იგივე ენვერ ირემაძის საქმეზე. ჩვენ კომპეტენციას ადასტურებს თავად ლევან კინწურაშვილის კომისიაში ჩვენი ჩართულობაც. მათი მიწვევით ვმუშაობდით ჩვენ კომისიაში და გავეცით რეკომენდაციები”
ზედა აჭყვაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა შაშიკაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ივლისის დასაწყისში, მეწყრული პროცესების განვითარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სამსახურები, საგზაო და გეოლოგიური სამსახურები. თუმცა მეწყრული პროცესების მასშტაბურობის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. „უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ისინი მეწყრული პროცესების დასტაბილურებას ელოდებოდნენ. ამას გეოლოგიური სამსახურიც გვიდასტურებს“, – განაცხადა კახა შაშიკაძემ. მისივე განცხადებით, ამ ეტაპისთვის მეწყრული პროცესები უკვე დასტაბილურებულია, გზების დეპარტამენტი მობილიზებულია და აღნიშნული გზების გაწმენდა უახლოეს დღეებში დაიწყება.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ღებულობს გადაწყვეტილებას, ცხოვრებისათვის საფრთხის შემცველი სახლებიდან ოჯახების დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანის შესახებ. ხოლო თუკი დაზიანებულ სახლებზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარება იქნება შეუძლებელი, კომისია განიხილავს ამ ოჯახებისთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების საკითხს.
როგორც „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლმა, სულხან ევგენიძემ უთხრა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთ-ერთი უკვე გადაყვანილია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში, ხოლო მეორე ოჯახისათვის უკვე გამოძებნილია შესაბამისი ფართობი და უახლოეს მომავალში მოხდება გადაყვანა.
ქობულეთში 9 ივლისს მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხალა, აჭყვისთავი, ჩაისუბანი, ჭახათი, ზედა აჭყვა. მაშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო გეოლოგების მოთხოვნით სახლის დატოვება მოუწია ერთ ოჯახს სოფელ ლეღვაში, ერთ ოჯახს – ხალაში, ერთს – ჭახათში, ხოლო ორ ოჯახს – სოფელ ზედა აჭყვაში.
დღეს, 25 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთი ღია ბარიდან, უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, სავარაუდო მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია: „ადგილზე მისულ ბრიგადას ერთ-ერთი გონებადაკარგული დახვდა, ხოლო მეორეს ღებინება ჰქონდა. ორივე უკონტაქტო იყო, სავარაუდოდ 24-25 წლის“.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ პაციენტები მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით შეიყვანეს საავადმყოფოში და ამ დროისათვის მათ უტარდებათ დეზინტოქსიკაციის პროცედურა.
„ჩვეულებრივი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. ერთ-ერთი მათგანი უფრო მეტად აღგზნებულია, მეორე უფრო მეტად ადექვატური, მაგრამ ამ წუთში რეანიმაციის საჭიროება ან რამე ასეთი არ არსებობს, სტაბილურ მდგომარეობაში არიან“, – გვითხრეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქვე დასძინეს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია.
ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში 31-ე ოლიმპიურ თამაშები საქართველოდან 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს.
ოლიმპიურ ნაკრებში 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდანაა: შმაგი ბოლქვაძე [ჭიდაობა], ხათუნა ნარიმანიძე [მშვილდოსნობა], იულია ლობჟანიძე [მშვილდოსნობა], ვარლამ ლიპარტენიანი [ძიუდო], ამირან პაპინაშვილი [ძიუდო], ირაკლი თურმანიძე [ძალოსნობა].
ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ მონაწილეს, დღეს, 25 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მუხრან ვახტანგაძე და მწვრთნელებიც ესწრებოდნენ, რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემაზეც ისაუბრეს.
მუხრან ვახტანგაძის თქმით, სპორტსმენები აჭარიდან ოლიმპიადაზე მედლებს აუცილებლად მოიპოვებენ. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძნელია. სპორტსმენებს წარმატებები უსურვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე: „ჩემი ოცნება იყო ოლიმპიურ თამაშებზე მიმეღო მონაწილეობა და მოვიპოვე კიდეც ოლიმპიური ლიცენზია. 4 აგვისტოს მივემგზავრები რიოში. მოსამზადებელი წვრთნები ბელორუსიაში გავიარე. ყველანაირად ვეცდები, გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ვასახელო სამშობლო, ჩემი კუთხე.“
ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ გონიოში მცხოვრები 60 მოქალაქე სასამართლოში სარჩელს დღეს, 25 ივლისს, 5 საათზე შეიტანს. ისინი საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი. 2010 წელს ამ ოქმით გონიოში 271 ოჯახს ის მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, რომელიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, წინასაარჩევნოდ დაურეგისტრირეს.
გონიოელების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. ორგანიზაციის შეფასებით, საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილება არის აბსურდული და ის სამართლებრივ შედეგს ვერ მოიტანს: „ამის მაგალითია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე რამდენიმე გონიოელის მიმართვა საჯარო რეეესტრისთვის. რეესტრმა მათ უპასუხა, რომ მიწის დარეგისტრირებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე არაოფიციალუარდ ეუბნება გონიოს მკვიდრებს, ნახაზები და ორთოფოტოები წარმოადგინეთო. ეს არ ხდება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ საკრებულო პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურებას ცდილობს“, – ამბობს “ბათუმელებთან” ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.
ანა ბერძენიშვილის შეფასებით, საკრებულოს არ სჭირდებოდა 4 წელი იმის სათქმელად, რომ ვერ იმსჯელებს შემთხვევებზე, რაც უკვე განიხილა სასამართლომ: “ასევე საკრებულოს კომისიამ ამ გადაწყვეტილებით გონიოელებს უთხრა, ვისაც მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაქვთ, მიმართეთ საჯარო რეესტრსო. გაურკვეველია, რას ნიშნავდა კომისიის ეს მოწოდება, როცა ცნობილია, რომ საკუთრების აღიარებამდე გონიოელებს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული მიწის ნაკვეთები”.
გონიოელები სასამართლოში საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც კომისიამ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს თითოეული შემთხვევა.
საკრებულოს 27 ივნისის გადაწყვეტილებამდე გონიოელები საპროტესტო აქციებს მართავდნენ ბათუმის საკრებულოს შენობასთან. 22 ივნისს გონიოელების საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან პოლიციამ უკანონოდ დაშალა.
24 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი სოულის ამერიკელი შემსრულებლის მეისი გრეის კონცერტით დაიხურა.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს 27 გრემის მფლობელი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS-ით გაიხსნა. სადაც ქუინსი ჯონსმა ფესტივალის სტუმრებს არტისტი – რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯეიკობ კოლიერი, პირადად წარუდგინა.
ჯეიკობ კოლიერი
16 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, მაყურებლის წინაშე მაილს ელექტრიკ ბენდი (MILES ELECTRIC BAND) წარსდგა. 11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებულიმა ბენდმა მაილს დევისის დისშვილის, მუსიკოსი ვინს უილბერნის ხელმძღვანელობით, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკა დაუკრა.
მაილს ელექტრიკ ბენდი
17 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, რეპერისა და პროდიუსერის – მის ლორენ ჰილის კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარსდგა და კონცერტი სიმღერით – Conformed To Love-ით გახსნა.
მის ლორენ ჰილი
21 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალისთვის ჟანრობრივად ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე მოთხოვნადი – ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს კონცერტი ჩატარდა. კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა.
22 და 23 ივლისს, თურქეთში მომხდარი მოვლენების გამო, ფესტივალის მონაწილეთა სიაში ცვლილებები მოხდა. კერძოდ, 22 ივლისს დაგეგმილი ჯეიმი კალუმის კონცერტის ნაცვლად, ფესტივალზე ამერიკელმა ბასისტმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა ნიკ ვესტმა იმღერა. 23 ივლისს კი, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამოვიდა.
მათ ვისაც ქრის ბრაუნისა და ჯეიმი კალუმის კონცერტზე ნაყიდი ბილეთები, სანაცვლოდ გამოსული შემსრულებლების კონცერტებზე არ გამოუყენებით, შეუძიათ ბილეთები უკან დააბრუნონ. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით – მათ თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. ბილეთების თანხის დაბრუნება 27 ივლისიდან იწყება.
ფესტივალის ფარგებში ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ჰქონდათ უფასოდ დასწრებოდნენ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა.
კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.
რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სადაც დაგეგმილი პროექტების განხორციელება 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო და სადაც, ძირითადად, ტურისტული ობიექტები იყო განთავსებული? რა ბედი ელის აჭარის სანაპირო ზოლში ამ ქონებას მაშინ, როცა აღნიშნული ზოლით უკვე „ქართუ ჯგუფიცაა“ დაინტერესებული?
რატომარშესრულდავალდებულებები
21 ობიექტი, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა.
მყიდველმა 21-დან მხოლოდ ერთი ვალდებულება შეასრულა – „მედეას“ ადგილზე „რედისონ ბლუ“ ააშენა. დანარჩენ ობიექტებზე პროექტები დღემდე განუხორციელებელია, ქონება – დანგრეული ან გავერანებული.
„2006 წელს განხორციელდა ობიექტებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების კომპენსირება; 2007 წელი დაეთმო უსახური და ექსპლუატაციისათვის უვარგისი ობიექტების დემონტაჟს; საქართველოში პირველად, აფეთქების გზით მოხდა სასტუმროების: „მესხეთის“, „აისისა“ და „ჰორიზონტის“, ასევე სხვა შენობების დემონტაჟიც, ტერიტორიების მოსუფთავება და შემოსაზღვრა.
კომპანიამ რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დახარჯა აღნიშნულ სამუშაოებზე. პარალელურად, მიმდინარეობდა პროექტების განვითარების კონცეფციის შემუშავება და ანგარიშგების მიწოდება აჭარის მთავრობაში,“ – უთხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“.
ათი წლის წინ ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი სწორედ „სილქ როუდ ჯგუფმა“ გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.
მწვანე კონცხი
რატომ არ დაიწყო მშენებლობა? – კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დაწყება 2008 წლისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა, „მსოფლიოში არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა, შემდგომ საქართველოში მომხდარმა ომმა, მნიშვნელოვნად შეაფერხა საინვესტიციო პროექტი. შეთანხმებული პროექტებიდან მხოლოდ სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დასრულება შევძელით 2011 წელს“.
გაუმჭვირვალეპროცესიგარიგებისელფერით
„ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიის მიმართ არავითარი სანქცია არ გატარებულა; მხარეების მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, საკითხი [ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში] საბოლოო გადაწყვეტისთვის პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოს უნდა გადაცემოდა. ამ უფლებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ უსარგებლია,“ – ესაა ამონარიდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან, რომელიც ორგანიზაციამ გასული წლის ივნისში გამოაქვეყნა.
„ამჯერად, ახალი შეთანხმებით, ეს ქონება ფაქტობრივად დაბრუნებულია აჭარის საკუთრებაში და კომპანიებთან ურთიერთობა გაგრძელდება ახალი პირობებით,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გელა ცინცაძემ, რომელსაც შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტს.
შეთანხმება, ერთი მხრივ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მეორე მხრივ, კომპანიებს – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი.“-ს, „აჭარის კურორტებს“, „ქობულეთის კურორტებსა“ და „აჭარა რიალ ისთეითს“ შორის გაფორმდა. მეორე მხარის, ანუ ამ ოთხი კომპანიის მხრიდან, როგორც მყიდველი, შეთანხმებას მხოლოდ ერთი, მინდობილი პირი და დირექტორი, სერგო ცანავა აწერს ხელს.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის სერგო ცანავას დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტობრივად „სილქ როუდ ჯგუფში“ გადაგვამისამართა. კითხვებზე პასუხები ამ კომპანიიდან კი წერილობით მივიღეთ.
„რადგან ვალდებულება ვერ შესრულდა, ქონების დაბრუნება, მეტ-ნაკლებად სწორი ფორმაა. თუმცა, ამ პროექტთან დაკავშირებით პროცესები გამჭვირვალე არ არის, რადგან, თუ საჯარო მოხელეების ზეპირი განცხადებებით ვიმსჯელებთ, დაბრუნდა ქონების მხოლოდ ნაწილი, რაც ეჭვებს აჩენს. როცა ინფორმაცია სრული არ არის და არ კეთდება განმარტებები, ეს სულ ცოტა, გარიგებების ელფერს აძლევს პროცესს. როცა ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხით, მთელი პროცესი ისე წარიმართა, რომ ინფორმაცია ფაქტობრივად არ მოგვაწოდეს და ეს იმ ფონზე, როცა აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქონების დაბრუნებაზე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი ნათია ზოიძე.
ახალიშეთანხმებადაპირობები
ინფორმაციის სრულად მიღება სამინისტროდან და აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებსაც“ გაუჭირდა. ამჯერად მიზეზად მთავრობის გადაყენების პროცესი დასახელდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მოგვაწოდა შეთანხმების ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებს სურთ შეცვალონ არსებული ხელშეკრულებები, თუმცა მიზეზებზე მასში საუბარი არ არის. ერთადერთი, აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმების გაფორმებისას მოქმედებდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანებითა და მთავრობის ამავე დღეს გამოცემული განკარგულების შესაბამისად [ამ დოკუმენტების მიღებას მთავრობიდან ველოდებით]. ახალი შეთანხმება კი, როგორც რეესტრის ამონაწერებიდან ჩანს, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან ოთხ დღეში, 24 აპრილსაა დამოწმებული.
„სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პროექტის მასშტაბურობის გათვალისწინებით, 2006 წლიდან დღემდე, მუდმივად ხდებოდა მისი დახვეწა და განვითარება. ეს სამუშაო პროცესია და სხვანაირად შეუძლებელია კონკრეტული ობიექტების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა“.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „მიზანშეწონილობის კვლევიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო პროექტის ახალი ფორმით ჩამოყალიბების შესახებ… ახალ პროექტებში მკაცრადაა გაწერილი ინვესტიციების მოცულობა, პროექტების განხორციელების რეალური ვადები და გრაფიკი“.
„სილქროუდჯგუფი“და „ქართუჯგუფი“მწვანეკონცხზე
შეთანხმების მიხედვით, მყიდველმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული 6 ობიექტის [ყოფილი სანატორიუმ „აჭარას“ სამი კორპუსი, დასასვენებელი სახლი „მწვანე კონცხი“, ტურბაზა „მწვანე კონცხი“ და პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“] განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება, წარდგენა და დამტკიცება. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ჯამში, 18 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
მწვანე კონცხზე, გასულ წელს, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეისყიდა. ამ კომპანიამ აქ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა კავშირშია ეს პროექტები და ახალი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ერთმანეთთან და ხომ არ იგეგმება „მწვანე კონცხის პროექტის“ მხოლოდ „ქართუს“ მიერ განხორციელება?
რაც შეეხება „სილქ როუდ ჯგუფს“, ისინი სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან: „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები და ინფორმაციის დონეზე ზოგადად განვიხილეთ მწვანე კონცხის განვითარების პერსპექტივები, თუმცა ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა არ ყოფილა. მწვანე კონცხის პროექტის განხორციელებას ვახდენთ ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმით, დამოუკიდებლად, თუმცა მზად ვართ სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის“.
10 წლისწინდაპირებულიყაზახურიინვესტიცია
2005-2006 წელს დაპირებული ყაზახური ინვესტიცია აჭარაში არ განხორციელებულა. აჭარის ახალი თავმჯდომარის, ყაზახეთში ყოფილი ელჩის, ზურაბ პატარაძის ერთ-ერთი დაპირებაც ყაზახური ინვესტიციების მოზიდვაა: „ჩვენ გვაქვს ყაზახური ინვესტიციები რეგიონში და ველოდებით კიდევ დამატებით ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს და მალე გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია“ – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება აჭარის კურორტებზე სწორედ ყაზახურ ბანკში იყო ჩადებული. ამასთან ყაზახური მხარე უკმაყოფილო იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი. „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ 2014 წელს წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ყაზახურ „ბითიეი“ ბანკთან: „სესხის გადახდის სანაცვლოდ, ბანკმა ობიექტები გაათავისუფლა იპოთეკისგან.“
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახალი ვალდებულებების შესასრულებლად ყაზახური ინვესტიციის ჩადება, კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ყაზახურ მხარესთან ამ კუთხით მოლაპარაკებას ამ ეტაპზე არ აწარმოებენ.
ახალივალდებულებები
„საერთო მინიმალური საინვესტიციო მოცულობა დარჩენილ ობიექტებზე განისაზღვრა არანაკლებ 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით,“ – მოგვწერეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ ახალი შეთანხმებით აღებული ვალდებულება, მეტი ინვესტიციის ჩადებას ითვალისწინებს – არანაკლებ 33,5 მილიონ აშშ დოლარს.
გარდა მწვანე კონცხისა, კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, უზრუნველყოს სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება. ამ მიზნით არანაკლებ 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
„სილქ როუდ ჯგუფმა“ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს ასევე ყოფილ სანატორიუმ „ნარინჯის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 300 ათასი დოლარის, ხოლო ტურბაზა „ციხისძირის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 200 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
უნდა შემუშავდეს და 2018 წლის 31 დეკემბრამდე დამტკიცდეს ასევე ბობოყვათის პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა. კომპანიამ აქ 2025 წლის 31 დეკემბრამდე პროექტი უნდა დაასრულოს, რაშიც 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ხელშეკრულების მიხედვით, საუბარია 4 ჰექტარ ტერიტორიაზე, თუმცა, რეესტრში გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ჯამში იმ ნაკვეთების ფართობი, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, თითქმის 10 ჰექტარია.
ეს ვალდებულებები მიმდინარე წლის აპრილის ცვლილებით განისაზღვრა ხელშეკრულებაში. ეს 2006 წელს დადებულ ხელშეკრულებაში მეხუთე ცვლილებაა. მანამდე ის ოთხჯერ შეიცვალა – 2006, 2008, 2009 და 2011 წელს. ეს ცვლილებები ინვესტორის სასარგებლოდ, ძირითადად, პროექტების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.
დაბრუნებულიქონება
ახალი ხელშეკრულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად უკვე აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული – მიწის ნაკვეთები ქობულეთში, ციხისძირში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ჯამში დაახლოებით 31 ჰექტარი ტერიტორია [312 057 კვ/მ], მათ შორის ყოფილი პანსიონატებისა და ტურბაზების ტერიტორიები: „ჩირაღდანი“, „ტალღა“, „ჰორიზონტი“, ტურბაზა „ქობულეთი“, სანატორიუმი „ქობულეთი“, „ნიავი“, „ჩაქვი“, „აჭარა“.
რატომ და რის სანაცვლოდ დათანხმდა კომპანია მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას? – „იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენ ვერ შევძელით სრულად შეგვესრულებინა ვალდებულებები. მოვახდინეთ იპოთეკისგან ქონების გათავისუფლება და ნაწილის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. სანაცვლოდ, კი ჩვენს საკუთრებაში დარჩენილ ობიექტებზე ახალი საინვესტიციო ვალდებულებები ავიღეთ,“ – გვიპასუხეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ის, თუ რომელ მიწის ნაკვეთს დააბრუნებდნენ და რას დაიტოვებდნენ, აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა: „კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მოხდა ობიექტების გამოთავისუფლება, უვარგისი შენობების დემონტაჟი და ტერიტორიების მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოცემული ქონების ხელახალი და სახელმწიფოსათვის უფრო მომგებიანი პირობებით გაყიდვის შესაძლებლობას“.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს 21 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. ქონება 17,5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, აქედან 13,5 მილიონი აშშ დოლარი ამ სასტუმროებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების საკომპენსაციო თანხას წარმოადგენდა, ხოლო 4 მილიონი აშშ დოლარი აქციათა პაკეტების საპრივატიზაციო ღირებულება იყო. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“-ს დაკავშირებულმა პირმა „Silk Road Group S.A“-მ 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტით „სილქ როუდ ჯგუფმა“ სურვილი გამოთქვა, ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე.
სანატორიუმ „აჭარას“ მეორე კორპუსი დღეს / მწვანე კონცხი / თორნიკე თავაძის ფოტო
ფოტოკონკურსი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სულ 384 განაცხადი შევიდა. გამოვლენილია 24 გამარჯვებული. აქედან 3 გამარჯვებულს დაუფინანსდება 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემა 1000 ლარი. ერთი გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს საგზურს, ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში და 20 facebook like-ბით გამოვლენილი გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ფასიან საჩუქრებს.
ფოტოკონკურსის მიზანი იყო საზოგადოების მხრიდან შემდეგ აქტუალურ თემებზე ყურადღების გამახვილება:
➤ ქალაქებისგანვითარებისპოლიტიკა;
➤საქართველოსევროპულიპერსპექტივა;
➤თანამედროვეარქიტექტურადაკულტურულიმემკვიდრეობა.
კონკურსის ორგანიზატორები არიან ,,გაზეთ ბათუმელების” და ნეტგაზეთის მარკეტინგის სამსახური.
მიწის რეგისტრაციის შესახებ სამ ივნისს დამტკიცებული კანონპროექტი ძალაში ორ კვირაში შევა. რას მოუტანს ეს კანონი მოსახლეობას, რამდენად შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მიწების რეგისტრაცია კანონით გაწერილ ორწლიან ვადაში განხორციელება და რა რისკები ვერ გათვალა საკანონმდებლო ორგანომ დროულად? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტს, ნინო სიორიძეს ესაუბრა.
რას ცვლის კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ გლეხისთვის, რომელსაც უნდა მიწის დარეგისტირება?
ეს ინიციატივა გლეხისთვის ბევრ რამეს ცვლის ფინანსური კუთხით. მაგალითად, პროგრამის ფარგლებში სანოტარო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. მნიშვნელოვანია ის, რომ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებლობა მიწის მესაკუთრეს ენიჭება, მან ნაკვეთის ზუსტი საზღვრები უნდა მიუთითოს, ხოლო საკადასტრო ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებელი ის კომპანიაა, რომელიც აზომავს.
რას შეცვლის ეს კანონი მოსახლეობისთვის?
მოქალაქეებს, რომლებიც სარეგისტრაციო დოკუმენტებში სახელის, გვარის, მამის სახელისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უზუსტობის გამო მიწის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ, კანონის ამოქმედებისთანავე ეს გარემოება მიწის დარეგისტრირებისას ვერ შეაფერხებს. წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან ის კომპანიებიც, რომლებიც სავალდებულო ლიცენზირებას გაივლიან და მიწის აზომვით საქმიანობას გაწევენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მთავრობის ეს ინიციატივა გარკვეულ რისკებს შეიცავს, კონკრეტულად რა რისკებზეა საუბარი?
ამ კანონის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმა სისტემურად და სპორადულად განხორციელდება.
პილოტური პროექტი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში არსებული ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს. კანონის ფარგლებში ასეთი სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით 12 დასახლებაში განხორციელდება, თუმცა რომელი დასახლებები შეირჩევა, ცნობილი არ არის.
რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ამ შემთხვევაში მიწის დარეგისტრირება ცალკეული მოქალაქეების განაცხადების საფუძველზე მოხდება.
სისტემური რეგისტრაციისას ნაკვეთების გადაფარვის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ორი წლის განმავლობაში რეესტრი ქაოტურ რეჟიმში მიწის ნაკვეთებს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაარეგისტრირებს და მიწის ნაკვეთების გადაფარვის რისკი მაღალია.
რეესტრში დღესაც ბევრი სარეგისტრაციო ჩანაწერი არსებობს, რომლებიც დაზუსტებული არ არის, ანუ მოქალაქის პირველადი რეგისტრაციით დარეგისტრირებული მიწის ზუსტი კოორდინატები და საზღვრები დაუზუსტებელია, რეესტრის ელექტრონულ ბადეზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზუსტად მონიშნული არ არის და ასეთი დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობისას მარეგისტრირებელ ორგანოს უჭირს გადაამოწმოს ზუსტი ინფორმაცია და გადაფარვა აირიდოს.
ნინო სიორიძე
ყველაზე დიდი რისკი, რაც შეიძლება მიწების სპორადული რეგისტრაციისას იყოს, ესაა სწორედ მიწის ნაკვეთების გადაფარვა, რაც ნეგატიური შედეგების მომტანია მოსახლეობისთვის პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაკვეთების გადაფარვისას მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ დავა, რომელიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს და კანონის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ვერ დასრულდეს. რა შეიძლება გაკეთდეს ორწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ მსგავსი დავები გაგრძელდება და მიწის რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, ამ ეტაპზე კანონში გაწერილი არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებსაც მიწა დაუზუსტებელი სახით აქვთ რეგისტრირებული, უმჯობესია მიწის რეფორმის დაწყებამდე რეესტრში წარადგინონ ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზები და დააზუსტონ საკუთარი მიწის ნაკვეთის საზღვრები.
თქვენი აზრით, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად რა უნდა გაეთვალისწინებინა საკანონმდებლო ორგანოს?
რთულია ორი წლის ვადაში ქვეყნის მასშტაბით სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. ორწლიანი ვადის დაწესება პროცედურას აჩქარებს, მართალია, მოქალაქეების დაინტერესებას და მონდომებას ზრდის, თუმცა არის ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც შეიძლება გასცდეს ორწლიან ვადას და ვერ მოესწროს, სწორედ ასეთი დეტალები უნდა გაეთვალისწინებინათ კანონში.
თავის დროზე ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით პილოტური პროექტი განხორციელებულიყო, ანუ რეგისტრაცია ყველგან მომხდარიყო სისტემური წესით.
ამ კანონით როგორაა განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეგისტრირებული, მაგრამ დაუზუსტებელი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ხელახლა რეგისტრაცია?
თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შედარებით აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში არსებულ დაუზუსტებელ ფართობს მაქსიმუმ 15%-ით აღემატება ამ ნაკვეთის რეალური ფართობი, რომელიც შემოსაზღვრულია მყარი სასაზღვრო ნაგებობით [ღობით ან სხვა], ამ შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირდება ღობით შემოსაზღვრული ფართობი.
კონკრეტულად ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ?
უძრავი ქონების რეგისტრაცია ისევ ისეთი პრინციპით განხორციელდება, როგორც ხორციელდებოდა – მოქალაქემ საჯარო რეესტრს უნდა წარუდგინოს საკადასტრო ნახაზები, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საკუთრების მოწმობა.
მოწმის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მას პოლიციელმა ფოტოსურათი ბრალდებულის ამოცნობამდე აჩვენა, საქმეში მთავარ მტკიცებულებას აბათილებს და პოლიციელის პასუხისმგებლობას აყენებს.
საუბარია 4 მარტს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სკვერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სადაც კახაბერ ტ. სავარაუდოდ დანით დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ა. ბრალს უარყოფს, მას პროკურატურა სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით ედავება.
„…4 მარტი იყო, ღამის 12 საათი, ეკლესიის წინ სკვერში ვიდექი, როცა კახაბერი მოვიდა და მითხრა, ჩემთან წავიდეთ, ყავა დავლიოთო. წავედით თუ არა, იქვე კაცი მოვიდა, რომელმაც ჯერ გინება დაიწყო, მერე დანა დაარტყა კახაბერს,“ – მოუყვა მოწმე ნათია ჩ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მოწმის თქმით, ის თავდამსხმელს არ იცნობდა, მაგრამ მისი ფოტოსურათი პოლიციელმა იმავე ღამეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჩვენა: „კახაბერს დიდი ხანია ვიცნობდი, რესპუბლიკურში მივედი, საუბარი უჭირდა და მაგ დროს პოლიციელი მოვიდა, გაგვესაუბრა და ფოტოსურათი გვაჩვენა, ამას თუ იცნობთო. ვუთხარით, რომ არ ვიცნობდი“.
„ვისი ფოტოსურათი გაჩვენათ პოლიციელმა?“ – ჰკითხა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატმა თემურ მახაძემ. მოწმემ ხელი ბრალდებულისკენ გაიშვირა. მან ადვოკატს დაუდასტურა ისიც, რომ ის ამოცნობის პროცედურაზე პოლიციის მესამე განყოფილებაში შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ დაიბარეს, თუმცა არ ახსოვს, ვინ იყო პოლიციელი, ვინც მას და დაზარალებულს საავადმყოფოში ბრალდებულის ფოტოსურათი აჩვენა: „პოლიციის განყოფილებაში სამი მამაკაცის სურათი გვაჩვენეს, მეორე ნომერი იყო ეს, ვინც ახლა ჩემ წინ ზის“.
„ამოცნობა არის არსებითი კანონდარღვევით ჩატარებული და ის დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიოს სასამართლომ“, – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობაში დეტალურადაა გაწერილი ამოცნობის წესები და ამომცნობისთვის მხოლოდ ერთი ამოსაცნობი პირის ფოტოსურათის წინასწარ ჩვენება კანონის უხეში დარღვევაა: „ამოცნობის დროს არანაკლებ სამი პიროვნება უნდა წარედგინოს ამომცნობს. ამასთანავე, დაუშვებელია ამომცნობისთვის წინასწარ მითითება ამოსაცნობი პირის ნიშან-თვისებების შესახებ. ამოცნობა ფოტოსურათით მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუკი ამოსაცნობი პირის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, იძებნება და ასე შემდეგ. ამ წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. რაც შეეხება პოლიციელის პასუხისმგებლობას, ეს საგამოძიებო ორგანოს რეაგირებაზეა დამოკიდებული“.
სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩვენებას მისცემს თავად დაზარალებული კახაბერ ტ., რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. ბრალდებულის ადვოკატის, თემურ მახაძის თქმით, ამოცნობის ოქმია სწორედ საქმეში მთავარი მტკიცებულება. დაზარალებულმა და ორმა მოწმემ ბრალდებულს დაადეს ხელი ამოცნობის დროს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგი ა.-ს ჯარიმის გადახდა ელოდება და გამასწორებელი სამუშაო ექვს თვემდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
დღეს 23 ივლისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ინიციატივით, ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის საამართველოს ხელმძღვანელი, ციალა ქათამიძეც ესწრებოდა.
საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თიკო აბაშიძის განცხადებით, ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ რვა ქალს უწევს დახმარებას. თუმცა, ორგანიზაციას არ ჰყოფნის იმის რესურსი რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეული პროფესიის დაუფლებაში ან განათლების მიღებაში დაეხმაროს.
„იმისათვის რომ ამ ქალებმა საბოლოდ დააღწიონ თავი მოძალადეს და დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება, აუცილებელია რომ რაიმე პროფესიას დაეუფლონ, რადგან არცერთ მათგანს არ აქვს განათლება და შესაბამისად, ვერც სამუშაოს პოულობენ“-გვეუბნება თიკო აბაშიძე.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, აუცილებელია საზოგადოების, განსაკუთრებით კი დამსაქმებელთა აქტივობა რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს ამ პრობლემის გადასაჭრელად დახმარება შესთავაზონ.
შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ოჯახში ძალადობის თემაზე
„ქალები იძულებული არიან, სამი თვის შემდეგ, თავშესაფრიდან ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდნენ, სადაც ისინი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან. მათ არ აქვთ წასასვლელი, არ აქვთ პროფესია, სახელმწიფოს არ აქვს სისტემა რომელიც დაეხმარება ამ ადამიანებს. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შევთავაზოთ ამ ადამიანებს დახმარება“- ამბობს „იალქანის“ ხელმძღვანელი.
ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ კონკრეტულ შემთხვევებზე, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის სახლში მიღებაზე უარს ამბობენ ქალის მშობლები: „ერთ-ერთ ოჯახში გვითხრეს, – „მირჩევნია ჩემი სიძე ცემდეს და აგინებდეს ჩემს შვილს, ვიდრე უკან დავაბრუნო“. ეს ქალი არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია მშობლების ოჯახში, მაგრამ არსად არ აქვს წასასვლელი, არ შეუძლია ბინის ქირაობა, რადგან არ აქვს პროფესია, სამუშაო“.
შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ რომ მანამ, სანამ სახელმწიფო შეიმუშავებს რაიმე გზებს ამ ქალების დასახმარებლად, მანამდე აუცილებელია საზოგადოების აქტივობა და მათი ძალისხმევა ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი შვილების დასახმარებლად.
39 მილიონ ევროდ შეძენილი შტადლერის ფირმის მატარებლების პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გამართა. პრეზენტაციის დროს განაცხადეს რომ მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა თომა კაკაბაძეც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ამბობს, რომ ახალი მატარებლები ნაწილობრივ ადაპტირებულია და არა სრულად. 400 ადგილიან მატარებელში, ადაპტირებული მხოლოდ ორი ადგილია.
„როცა აანონსებენ რომ სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეო, ეს ასე არ არის. მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირები ხომ არ არის შშმ პირები. უსინათლო პირებისთვის ან სმენის არმქონე პირებისთვისაც უნდა იყოს ადაპტირებული. უსინათლოებისთვის უნდა იყოს მანიშნებლები კედელზე, თუ საით უნდა იმოძრაონ, ტუალეტზეც უნდა იყოს ბრაილის შრიფტით მინიშნება რომ ეს არის ტუალეტი. საპირფარეშოში არის ასევე დახმარების ღილაკი, რომელსაც წარწერა აქვს ქართულად და ამ შემთხვევაშიც უნდა ჰქონდეს წარწერა ბრაილის შრიფტით. წყლის ონკანი არის სენსორზე და ამისთვისაც უნდა იყოს მინიშნებები.
მე პრეზენტაციის დღესაც მივეცი რეკომენდაცია „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებს რომ პერსონალი უნდა გადაამზადონ ჟესტურ ენაში, რომ შეძლონ სმენის არმქონე პირებზე მომსახურება“-გვეუბნება ის.
გარდა ამ დეტალებისა, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილი მატარებელში იზოლირებულია: „საერთო სივრცეში კი არ არის, ცალკეა გამოყოფილი. თანაც, სავარძლები არის წყვილ-წყვილად და როცა ეტლით მოსარგებლე დგება, სავარძლები იკეცება. ორი მგზავრის შემთხვევაში იკეცება 8 სავარძელი, ანუ მესამე ვეღარ იმგზავრებს. იქნებ ჯგუფი მიემგზავრება, გამოდის მარტო ტურისტებზეა გათვლილი რაც არასწორი მიდგომაა“.
ორსართულიანი მატარებელი მხოლოდ სამ სადგურში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება, რასაც საზოგადოების ნაწილი შშმ პირების დისკრიმინაციად მიიჩნევს.
უკმაყოფილებას ამის შესახებ სოციალურ ქსელებშიც გამოხატავდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი ზურა ფირცხალავა ფეისბუკში წერს, რომ ეს დისკრიმინაციაა: „ტურიზმი კარგია, მაგრამ ეს შშმ პირების უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხორციელდებოდეს. საქართველოს პარლამენტმა კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, მე ავუხსნი რკინიგზის ხელმძღვანელობას თუ როგორ არღვევენ გაეროს კონვენციას“.
მატარებლები ევროპაშია აწყობილი, სადაც მაღალია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, ამიტომ რატომ არ მოხდა მსგავსი დეტალების გათვალისწინება, თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე „საქართველოს რკინიგზის“ პოზიცია არ მოუსმენია. „იმ ვიდეოებში რაც ინტერნეტ სივრცეში მინახავს, ყველა მატარებელი სრულიად ადაპტირებულია. ჩვენ არ ვიცით ეს მატარებლები უკვე დამზადებული წამოიღეს თუ დაკვეთით დაამზადებინეს, მაგრამ მსგავსი დეტალები რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გათვალისწინებულიარ არის“.
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგები, დათვლილია. უხვი ნალექის მიერ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის მიყენებული ზარალი 134 589 ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგები მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იყო წარმოდგენილი.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 7-8 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გამგეობის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურული ობიექტები: სოფელ შევაბურის აბულაძეების უბანი საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა, სოფელ გეგელიძეებში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის და სანიაღვრე არხის მოყწობა, სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ორი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან სანიაღვრე არხისა და გაბიონის მოწყობა, სოფელ ზედა ბზუბზუში ერთ-ერთი ოჯახის მისასვლელ გზასთან საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფელ ზედა მახუნცეთში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან სოფლის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ზარალმა ქედაში 87 845 ლარი შეადგინა.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 28 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა კვირიავლის საცალფეხო ხიდი, სოფელ ლაკლაკეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის წისქვილი, სოფელ სამოლეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის წისქვილი. ასევე 10 ოჯახს დაუზიანდა სახნავ-სათიბი სავარგულბი, მათშორის ერთ ოჯახს საკალმახე მეურნეობა. შუახევში ზარალი სულ 46 744 ლარს შეადგენს.
სხდომაზე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, 2012 წლის დეკემბრის თვეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, ბინის ქირის სამი თვის ვადით გაგრძელების თაობაზე იმსჯელეს. როგორც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ასეთი 13 ოჯახია, ხელვაჩაურში კი 9. თითოეული ოჯახის ყოველთვიური ბინის ქირისთვის 300 ლარი გამოიყოფა.
ამ წუთებში, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი იმ გარემო პირობებს აპროტესტებენ, რაშიც მათ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. აქ მცხოვრები ოჯახები აჭარის მთავრობას თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს სთხოვენ, რომ სანამ მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, მანამდე, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა „ოცნების ქალაქში“.
„გვინდა შევხვდეთ ზურაბ პატარაძეს რომ ჩვენი მოთხოვნები მოისმინოს. საკანალიზაციო სისტემა, განათება და გზები მოგვიწესრიგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას გეგმავენ
აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც მანამდე პოლიციელებმა სასამართლოში თქვეს.
„ვაცხადებ უვადო შიმშილობას. მოვითხოვ იმ პოლიციელების დასჯას, ვინც იარაღი ჩამიდო,“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა გიორგი პაპიძემ. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, გიორგი პაპიძეს ჩხრეკის დროს პისტოლეტი ამოუღეს. ამავე საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული კარლო სურგულაძეა. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს. სურგულაძე დაკავებიდან, ანუ 27 მაისიდან გასული თვის ბოლომდე შიმშილობდა. სასამართლოს წინა სხდომაზე კარლო სურგულაძეს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გახდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
გიორგი პაპიძე და კარლო სურგულაძე ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების ადგილი სავარაუდოდ დააფიქსირა როგორც „პოლიგრაფ-სერვისის“, ისე „V TB ბანკის“ ვიდეოსათვალთვალო კამერებმა. ბრალდებულების ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ვიდეოჩანაწერები ორივე ობიექტში პოლიციელებმა ამოიღეს და მიჩქმალეს:
„თავდაპირველად ბანკის მენეჯერს, ზაზა ფარსენაძეს ბრალდებულის სიმამრი შეხვდა. მას ფარსენაძე კადრების მიწოდებას დაჰპირდა. რამდენიმე დღეში მივედი და მითხრა, ჩანაწერები პოლიციელებმა წაიღეს და აღარ გვაქვსო, წერილიც მაჩვენა, სადაც პოლიცია ბანკს ვიდეოჩანაწერის მიწოდებას სთხოვდა…“
„ჩანაწერი ბანკში რამდენიმე დღის განმავლობაში ინახება, დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უსაფრთოების სამსახურმა უნდა ისაუბროს ამაზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა ფარსენაძემ, „VTB ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერმა. ამ ბანკის უსაფრთხოების სამსახურში, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც ბანკის მენეჯერმა მოგვცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
კომენტარზე უარი გვითხრეს პროკურატურაში, სადაც გვინდოდა გაგვეგო, რატომ არ ჩანს საქმეში ვიდეოჩანაწერები, როგორც მტკიცებულება, თუკი ვიდეოჩანაწერები ბანკისგან პოლიციელებმა ამოიღეს. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ კადრების ამოღება „პოლიგრაფ-სერვისიდანაც“ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იქ ადვოკატს უთხრეს, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერა საერთოდ არ იწერს.
„ასეა, ჩვენი კამერები ჩანაწერს არ აკეთებს. დღისით კამერიდან აკვირდება დაცვის თანამშრომელი მაღაზიის შესასვლელს, ხოლო ღამით დაცვის სპეციალური სამსახური მუშაობს უსაფრთხოებაზე, ღამით ჩვენ კამერას არ ვიყენებთ. შესაბამისად, კამერის ჩანაწერი არ გვჭირდება“, – გვითხრა ისმეთ ტანტიბამ, „პოლიგრაფ-სერვისის“ დირექტორმა.
„ვიდრე ოფიციალურად ამ პასუხს მივიღებდით, რომ კამერა ჩანაწერს არ აკეთებს, „პოლიგრაფშიც“ ბრალდებულის ნათესავი მივიდა და უთხრეს, კადრები პოლიციამ წაშალა, მაგრამ თქვენ თუ პროგრამისტს მოიყვანთ, შესაძლებელია მაგის აღდგენაო. შემდეგ ამაზეც უარი გვითხრეს. ორივე შემთხვევაში, ბრალდებულების ახლობლები არიან მთავარი მოწმეები, რაც ალბათ ნაკლებად დამაჯერებელია ვინმესთვის, მაგრამ რამდენად დამაჯერებელია ის, რომ კომერციული ობიექტები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს არ ინახავს?“ _ კითხულობს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე.
კანონმდებლობის მიხედვით, მტკიცებულების მოპოვება, ამ შემთხვევაში ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღება, ადვოკატს შეუძლია, თუკი მესაკუთრისგან თანხმობას მიიღებს. პროკურატურას კი შეუძლია შუამდგომლობა დააყენოს და მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, იძულების წესით ამოიღოს ვიდეოჩანაწერი, თუკი მესაკუთრე მის მიწოდებაზე ნებით უარს აცხადებს. ამ საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებები იმ პოლიციელების ჩვენებებია, რომლებიც ამბობენ, რომ ბრალდებულებს ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს.
„ორივე ბრალდებული ნასამართლევია წარსულში ნარკოტიკზეც და იარაღის უკანონო ტარებაზეც. ამას დადებითი სტატისტიკის შესაქმნელად აკეთებს პროკურატურა და თან იმ პირებს სჯიან, ვის შემთხვევაშიც წაყენებული ბრალი დამაჯერებელი იქნება“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, თამაზ ბაკურიძე.
პოლიციელების ჩვენებები იყო მთავარი მტკიცებულება თორნიკე ხარაზის საქმეშიც, რომლის მიმართაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. ხარაზს პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ედავებოდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე ვადით. პოლიციელთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ ადვოკატებმა სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი წარმოადგინეს, რამაც პოლიციელთა ჩვენების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ახლო წარსულში 28 წლის თორნიკე ხარაზიც ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
ადვოკატი რამინ პაპიძე: „პოლიციელებმა თქვეს, სამმა დავაკავეთო, კადრებში კი შვიდი პოლიციელი ჩანს. ჩვენებების მიხედვით, გამომძიებელი დაკავების ადგილზე თითქოს ხუთ წუთში მივიდა, კადრებში კი ჩანს, რომ ის დაახლოებით ერთ საათს იგვიანებს… პროკურატურა ბოლომდე ამტკიცებდა, რომ კადრები არ იყო ავთენტური და ეს იყო მონტაჟი. თავისთავად ეს იყო ჩანაწერის ასლი და ვერ იქნებოდა ავთენტური, ასევე ნებისმიერი ჩარევა ვიდეოფირზე არის მონტაჟი – კადრების გადმოცემის დროს აფთიაქმა სახეები დაბურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გამო. სადავო არ გამხდარა ის, ნამდვილად ამ დაკავებას რომ ასახავდა ვიდეოჩანაწერი“.
ადვოკატები – რამინ პაპიძე და მერი ცინარიძე ვერ ასახელებენ რასთან გვაქვს საქმე, როცა პოლიციელების ჩვენება განსხვავდება ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებისგან. „თავად ბრალდებული ამბობდა, რომ მას პოლიციელებთან ჰქონდა კონფლიქტი და ამის გამო სჯიდნენ. ფაქტია, რომ ამ ტიპის საქმეები მომრავლდა, სადაც პოლიციელების ჩვენება მოსამართლეებისთვის დამაჯერებელი აღარ არის. გარდა ამისა, ადვოკატებსაც მოგვეცა უფრო მეტი მოქმედების საშუალება, მაგალითად, წლების წინ აფთიაქი ვერ გაბედავდა მოეცა ჩვენთვის ვიდეოკამერის ჩანაწერები“, – ამბობს რამინ პაპიძე.
პოლიციელების აშკარა ტყუილი გამოჩნდა შალვა ქორიძის საქმეშიც, რაზეც „ბათუმელები“ მიმდინარე წლის მარტში წერდა. მაშინ პოლიციელების ჩვენების სიყალბე თავად პოლიციის მიერ გადაღებულმა ვიდეოკადრებმა გამოავლინა. კადრები შსს-ს საკუთარ ინტერნეტგვერდზე ჰქონდა ატვირთული. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი მიხეილ ბარნოვი, ასევე დეტექტივ-გამომძიებლები მალხაზ დუმბაძე, მინდია მალაყმაძე და გიორგი ნაკაშიძე – ამ პირებმა მისცეს ჩვენება შალვა ქორიძის წინააღმდეგ. მათი პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 22 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში [ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის] 2014–2015 წლებში ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის შედეგები.
„ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ მუნიციპილალიტეტების, ბათუმის მერიის, საკრებულოს აუდიტს. დასკვნები, რომლებიც ჩვენი სამსახურის მიერ ქვეყნდება, მოიცავს რეკომენდაციებს როგორ გაიხარჯოს ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე აუდიტის მიზანია ბიუჯეტის მართლზომიერი განკარგვა და ხარვეზების აღმოჩენა“ – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ.
ლაშა თორდიას განმარტებით, მთავარი ხარვეზი, რაც აუდიტის შედეგად დადგინდა ფინანსური ანგარიშგებაა, რომელიც არ წარმოებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მონაცემებიც არარეალისტურია – „იმისთვის რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემა, საჭიროა მუნიციპალიტეტების უკეთესი საკადრო რესურსით უზრუნველყოფა.“
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც აუდიტორმა გაამახვილა ყურადღება შესყიდვების საკითხებთან არსებული ხარვეზებია. პრობლემაა დაუსაბუთებლად გამარტივებული ტენდერებიც. ლაშა თორდიას განმარტებით ფაქტობრივად არ არის დანახარჯების დოკუმენტაცია, რაც უნდა გამოსწორდეს.
კახაბერ კირტავა, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარაში: „აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულია სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, ამასთან, ჩვენ მიერ გაცემული ზოგიერთი რეკომენდაცია გათვალისწინებულია, ნაწილის დამუშავება კი მიმდინარეობს. რეკომენდაციები გაცემულია ფაქტობრივი ხარჯვის წარმოდგენასა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“.
დღეს, 22 ივლისს, აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა ბოლო საგანში, ფიზიკაში ჩააბარეს. ამით ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის ინფორმაციით, წელს რეგისტრირებული იყო 38 500 აბიტურიენტი, აქედან გამოცდაზე, დაახლოებით 97 % გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, წელს ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
რაც შეეხება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოყენებას გამოცდებზე, რაც წელს პირველად მოხდა, ივა მინდაძე მიიჩნევს, რომ ამ მეთოდმა გაამართლა. „რაიმე ისეთი ხარვეზები არ ყოფილა, რასაც შეიძლება გამოცდების ჩატარებისთვის ხელი შეეშალა“, – ამბობს NAEC-ის დირექტორი და იქვე განმარტავს, რომ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც გამოცდაზე დააგვიანეს ან არ გამოცხადნენ ობიექტური მიზეზების გამო, წელს გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის საშუალება არ მიეცათ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდების შედეგები ეტაპობრივად, შემდეგი კვირიდან გამოქვეყნდება.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 534 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 405 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 78 – ნიშანში დგომის გამო, 18 – ტროტუარზე დგომისთვის, 14 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 4 კი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე.
ამ წუთებში, “ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია Standler Bussnang AG-ის ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში დღეს 17:00 საათზე შემოვიდა. ახალი ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან.
ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.
მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების მიმართულებით დარჩება იგივე.
ორსარტულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი საქარტველოს რკინიგზამ Standler Bussnang AG-ისგან შეიძინა.
ახალი მატარებლები მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე.
პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, კომპანია Standler Bussnang AG-ის გენერალური დირექტორი მარკუს საუერბრახი, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ასევე გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.
დღეს ბათუმის რკინიგზის სადგურში, საქართველოს რკინიგზის ორი ახალი, შვეიცარიული წარმოების მატარებლები ჩამოდგა.
ორსართულიანი მატარებლები თანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არიან აღჭურვილი. ეს მატარებელი ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.
„საქართველოს რკინიგზამ“ ოთხი ორსართულიანი ელექტრომეტარებელი გამარტივებული შესყიდვის წესით კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენა.
ამ წუთებში ბათუმის რკინიგზის სადგურში, მატარებლების პრეზენტაციისთვის ემზადებიან.
21 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს კონცერტი ჩატარდა.
Prodigy-ს კონცერტს უჩვეულოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა და როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჩანდა, ფესტივალის ამ დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა. ფესტივალის წარმომადგენლების თქმით, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 7000 ადამიანი ეტევა.
The Prodigy წლევანდელ ფესტივალზე ჟანრობრივად ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილე იყო. ჯგუფი 90-იანებში გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში და მალევე მოიპოვა Hardcore Dance Music-ის მეფეებისა და Big Beat-ის პიონერების სტატუსი. ჯგუფის მუსიკალური ჟანრი უდავოდ რთული შესაფასებელია, მარტივად რომ ვთქვათ, The Prodigy რეივის, ელექტროინდასთირიალის, ბიგ-ბითისა და ელექტრონული როკმუსიკის ნაზავია.
კარი 20:00 საათზე გაიხსნა, კონცერტი კი დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო.
23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, ქრის ბრაუნი ბათუმში თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ ჩამოვა. მათივე ინფორმაციით კომპანია “ისთერნ პრომოუშენმა” ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.
მას, ვინც ქრის ბრაუნის ბილეთი უკვე შეიძინა, შესაძლებლობა ექნება ამავე ბილეთით ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეთა სიაში კიდევ ერთი ცვლილების შესახებ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც დღეს – 22 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ -ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მომღერალი ჯეიმი კალუმის ნაცვლად კონცერტს ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი – ნიკ ვესტი გამართავს. ორგანიზატორების ცნობით, ჯაზის და პოპის ცნობილი ინგლისელი შემსრულებლის ჯეიმი კალუმის ბათუმში ვერ ჩამოსვლის მიზეზიც – თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა.
მათ ვისაც ქრის ბრაუნისა და ჯეიმი კალუმის კონცერტზე ნაყიდი ბილეთებით, სხვა შემსრულებლების კონცერტზე დასწრება არ სურთ, შეუძიათ ბილეთები უკან დააბრუნონ. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით – მათ თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.
ბილეთების თანხის დაბრუნება 27 ივლისიდან იწყება. ონლაინ შეძენილი ბილეთების დაბრუნება შემდეგნაირად ხდება: თქვენი მეილი და ტელეფონის ნომერი, რომლითაც ბილეთბი შეიძინეთ უნდა გააგზავნოთ support@tkt.ge -ზე, ტექნიკური ჯგუფი გადაამოწმებს გამოყენებული იყო თუ არა ბილეთი. ბილეთის ვალიდურობის შემთხვევაში 2-3 სამუშაო დღეში დაგიბრუნდებათ თანხა თქვენივე ანგარიშზე.
ფიზიკურ სალაროებში ნაყიდი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად 27 ივლისიდან შეგიძლიათ მიაკითხოთ ფილარმონიისა და ბათუმში ჯაზ-ფესტივალის სალაროებს იმ პიროვნებამ, ვინც შეიძინა ბილეთები პირადობის დამადასტურებელი საბუთით. მას შემდეგ რაც გადამოწმდება იყო თუ არა ბილეთი გამოყენებული კონცერტზე და შესაბამისად მოხდება თანხის ანაზღაურება
„თქვენ როგორ ფიქრობთ, ქობულეთში არ შეიძლება იყოს მაღალი კორპუსები?“ – კითხვა ქობულეთის მთავარმა არქიტექტურმა შემოგვიბრუნა, როცა ვკითხეთ, რატომ დაუშვეს პრეცედენტი და აშენებენ ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ზუსტად გამგეობის შენობის გვერდით, ზღვის პირას. ასლან ქათამაძემ გვითხრა, რომ რამდენიმე სხვა მშენებლობის ნებართვაც გაიცა, სადაც შენობის სიმაღლე დადგენილ ნორმას ბევრად აღემატება.
ქობულეთის ცენტრში, იქ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, დადგენილი ნორმების მიხედვით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე 18 მეტრი შეიძლება იყოს. საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლე გამგეობის გვერდით – 33.8 მეტრია. გამგეობაში განმარტავენ, რომ თუკი გამგებელი მშენებლობის აუცილებლობაში დარწმუნდება, მას შეუძლია განსხვავებულ სიმაღლეზე გასცეს ნებართვა, მაგრამ მანამდე გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს უნდა შეუთანხმოს.
„ქობულეთის ცენტრს აქვს საზოგადოებრივი ზონის სტატუსი. შესაბამისად, იქ დაშვებულია სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. მთავარია, ჩატარდეს მოკვლევა და განისაზღვროს, რამდენად მისადაგებულია ესა თუ ის მშენებლობა არსებულ რეალობასთან“, – გვითხრა ნუგზარ ძნელაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა. ის მშენებლობის რეგულირების საბჭოს ერთ-ერთი წევრია, რომელმაც ხელი მოაწერა ქობულეთის გამგეობასთან მაღალი კორპუსის აშენებას. ეს გადაწყვეტილება 2014 წლის ივლისში მიიღეს. მაშინ ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე იყო. ის ამჟამად აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
პრეცედენტი წარმატებით აუთვისებია ახალ გამგებელს – სულხან ევგენიძესაც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ასლან ქათამაძემ სხვა მისამართებიც ჩამოგვითვალა, სადაც ასევე გამგებელმა მშენებლობის სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა მოსთხოვა აჭარის მთავრობას. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულა: „ეს არის თამარ მეფის ქუჩაზე, აღმაშენებელზე და რუსთაველზეც… მალე, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმას. განისაზღვრება ზონები, სადაც შესაძლებელი იქნება აშენდეს მაღალი შენობები. ვიდრე ეს გეგმა არ დამტკიცდება, გამგებელმა უნდა ჩათვალოს მიზანშეწონილად სიმაღლის გაზრდა და შეათანხმოს მთავრობასთან. ყველგან რომ გაიცეს ნებართვა, რკინის ფარდას მივიღებთ. მიზანშეწონილობა უნდა განისაზღვროს“.
ქობულეთის მთავარი არქიტექტორის აზრით, „რკინის ფარდას“ ქობულეთში არ მიიღებენ, რადგან ისინი ბათუმის მაგალითით მოქმედებენ: „ზღვის პირასაც შეიძლება აშენდეს, გააჩნია მონაკვეთს. მაგალითად, გამგეობის შენობის მოპირდაპირედ, ფოსტის შენობასთან, არ უნდა აშენდეს მაღალი კორპუსი სწორედ იმიტომ, რომ არ გაგვიჩნდეს რკინის ფარდა. ჩვენ კარგად გავითავისეთ ბათუმის მაგალითი. ასევე ვიყენებთ სივრცითი მოწყობის გეგმას. მერე რა, რომ ჯერ დამტკიცებული არ არის, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ? გვაქვს, ასე ვთქვათ, გარკვეული მონახაზი და იმის მიხედვით ვმოქმედებთ“.
ქობულეთის გამგეობის გვერდით 33 მეტრის სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ჯაბა ანანიძის ფოტო
რატომ ვერ მოხერხდა დღემდე მუნიციპალიტეტებისთვის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცება, ან დაცვის რა მექანიზმებს ითვალისწინებს გეგმა? – ნუგზარ ძნელაძემ აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან გვითხრა, რომ გეგმაზე ჯგუფი მუშაობდა და ქობულეთის საკრებულოს შენიშვნების გამოსახატავად გეგმა უკვე გადაგზავნილი აქვს.
„არსებობს დასახლებათა მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც არის მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ და ეს მოქმედებს, ვიდრე სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდება… გააჩნია, საკრებულო რას იტყვის, მაგრამ ქობულეთის შემთხვევაში, ცენტრალურ ნაწილს ისევ საზოგადოებრივი სტატუსი ექნება, სადაც მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით, ისევ იქნება შესაძლებელი მაღალი სასტუმროს ან საცხოვრებელი კორპუსის აშენება. მიზანშეწონილობას უკვე მუნიციპალიტეტი განიხილავს, ჩვენი საბჭო დროებითია და მოქმედებს მანამ, ვიდრე სივრცითი მოწყობის გეგმები ყველა მუნიციპალიტეტში არ ამოქმედდება,“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ქობულეთის გამგეობის გვერდით შპს „ამხანაგობა თამარ მეფის 40“ აშენებს. კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. „ლამაზი სახლი იქნება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს…“, – გვითხრა ნოდარ გოგიტიძემ, კომპანიის მენეჯერმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ბატონო დავით, თქვენ აქტიური პოლიტიკოსი ხართ, აჭარის უმაღლესი საბჭო კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე პასიური საკანონმდებლო ორგანოა. რატომ გადაწყვიტეთ უმაღლესი საბჭოს წევრობა, რას მისცემს რეგიონს თქვენი იქ ყოფნა, ან თქვენს პოლიტიკურ კარიარას ეს რას შეჰმატებს?
მე ვიყავი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 1991-1996 წლებში, მაშინ უმაღლესი საბჭო, „რესპუბლიკელების“ აქტიურობის გამოც, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად დატვირთული, ოპონირების რეჟიმში მომუშავე და ასლან აბაშიძეს უჭირდა ჩვენთან პაექრობა. ასე რომ, მე მაქვს გამოცდილება უმაღლეს საბჭოში აქტიური მუშაობის და 2016 წელს არჩეული უმაღლესი საბჭოც იქნება პოლიტიკურად დატვირთული.
თქვენ აჭარას მეორე პოლიტიკური ფრონტი და თავისუფლების საყრდენი უწოდეთ. საფრთხე ექმნება დღეს თავისუფლებას? კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში, როცა საფრთხეებზე საუბრობთ?
იმ ტიპის პრობლემები, რომლებიც ადრე ყოფილა, ახლა არ არის, ამიტომ არ ველოდები, რომ ისეთი მძიმე საარჩევნო ფონი იქნება, როგორც აბაშიძის მმართველობის დროს იყო, მაგრამ წაცდება ხოლმე ხელი ხელისუფლებებს გასაყალბებლად. 2004 წლის არჩევნებზე ყველაზე პოპულარული იყო სააკაშვილი, მაგრამ უმაღლესი საბჭოს არჩევნები მაინც გაყალბების დოზით ჩატარდა და მაშინაც „რესპუბლიკელებმა“ გავუწიეთ კონკურენცია.
ანუ გაყალბების საფრთხეები არსებობს ამ არჩევნებზე?
მასშტაბური სახის გაყალბებას არც აჭარაში და არც დანარჩენ საქართველოში არ ველოდები, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაკი მე ვაპირებ კენჭი ვიყარო უმაღლეს საბჭოში, ეს ავტომატურად ზრდის ინტერესს აჭარის მიმართ. ტრადიციულად, ბათუმს გარეთ მუნიციპალიტეტებში გაყალბებას არც ერთი ხელისუფლება არ გაურბოდა.
თქვენ ამბობთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, თუმცა გყავთ მოწინააღმდეგეები ლიბერალური კურსის გამო.
1990 წელს მთელ საქართველოში არჩევნებს იგებდნენ „მრგვალები“ ან „წითლები“, ორი დიდი პოლიტიკური გაერთიანება. ერთადერთი ქალაქი, სადაც ორივე ოლქი მოვიგეთ, იყო ბათუმი. მაშინ არ მიიღო ბათუმმა არჩევანი კომუნისტებსა და ულტრანაციონალისტებს შორის და ლიბერალურ-პატრიოტული არჩევანი გააკეთა.
თქვენი აზრით, შენარჩუნებულია დღეს ლიბერალური განწყობები საზოგადოებაში?
რა თქმა უნდა. ბათუმმა პოლიტიკური ქარტეხილები ძალიან მაღალი სტანდარტით დაიწყო. ბათუმში კომუნიზმი დაამარცხა არა ნაციონალიზმმა, არამედ დემოკრატიამ, ლიბერალიზმმა და ეს მნიშვნელოვანია. ასე, რომ ბათუმელების სახელით, ჩემი და თამაზ დიასამიძის ხელმოწერები საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე არ არის არც კომუნისტური და არც ნაციონალისტური, ეს არის სწორედ ლიბერალური, ქართული პოლიტიკური ძალის სახელით ხელმოწერა. ლიბერალიზმი, წინააღმდეგობასთან გამკლავების თვალსაზრისით, სხვაზე ნაკლები კი არ არის. „ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი“ [შენიშვნა: ასე მოიხსენიებდა გრიგოლ ორბელიანი ილია ჭავჭავაძეს] – ილია ჭავაჭავაძე, ჩვენი პოლიტიკური წინაპარია და ასევე ხასან ლორთქიფანიძე, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო აჭარაში და რომელიც უსწრებდა დროს. „რესპუბლიკელებზეც“ ამბობენ, რომ ხანდახან ვუსწრებთ დროს. 2003-2004 წლებში, კამპანია – „ბათუმი აბაშიძის გარეშე“ იყო „რესპუბლიკელების“ მიერ უზრუნველყოფილი წარმატებული კამპანია და ეს ლიბერალი „რესპუბლიკელები“, როგორც აბაშიძე ამბობდა, „საძინებელში ვუვარდებოდით მას“, ანუ უზენაესი საბჭოს მისადგომებთან ძალიან სახიფათო მიტინგს ვმართავდით, რომელიც აბაშიძემ დაარბია და საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. 23 ოქტომბერს დარბეული მიტინგის შემდეგ, აბაშიძე გახდა პოლიტიკური კეთროვანი და ექვს თვეში მას მოუხდა ხელისუფლების დატოვება.
თქვენი კონკურენტები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ არა „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“ ვერასდროს მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. კოალიციაში ყოფნის დროსაც „რესპუბლიკელებმა“ ერთი წევრი შეიყვანეთ უმაღლეს საბჭოში. ეს ფაქტი რამდენად გაძლევთ იმის იმედს, რომ ამ არჩევნებში უკეთესი შედეგი გექნებათ?
მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე ის შედეგები, რაც მიღებული აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“ აჭარაში, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ცხოვრების ლოკომოტივი ვართ აჭარის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდით „ოცნების“ კოალიციის გარეშე, კი, „ოცნების“ გარეშე ვერ მოვიდოდით, ისევე როგორც „ოცნება“, რომელიც ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალა იყო მაშინ და ახლაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვერ მოვიდოდა „რესპუბლიკელების“ გარეშე. „რესპუბლიკელები“ მზად ვართ ოპონირების რეჟიმში სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ როგორც დაძლეულ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ასევე „ქართულ ოცნებას“. მე მივმართე კიდეც ვარშალომიძეს, რომელიც ბათუმში დაბრუნდა, როგორც მთავარი „ნაციონალი“, ასევე მივმართე ხაბაძეს, თუკი ის იქნება პირველი ნომერი, რომ კენჭი ვიყაროთ ბათუმში და ვიქნებით მთავარი კონკურენტები ერთმანეთის. ასე, რომ ჩემი ჩართვა ამ პროცესში იქნება ხელშემწყობი იმისა, რომ მეტი ყურადღება მიექცევა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს.
ბოლო არჩევნებს თუ არ გავითვალისწინებთ, როგორც წესი, საქართველოში უფრო მეტად სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას, იგივე ხომ არ მოხდება ამ არჩევნებზეც?
ახალ გახელისუფლებული პოლიტიკური პარტია წესიერად და კარგად იქცევა პირველ წლებში. როცა მას უჭირს, ის მთლად კარგად აღარ იქცევა. „ოცნებას“ პლუსში აქვს ის, რომ 2012-2014 წლის არჩევნები ჩატარდა სუფთად და ეს გამოწვევა 2016 წლის არჩევნებში აქვს ხელისუფლებას და ეს გამოცდა ჩასაბარებელი ექნება, რადგან ამ არჩევნებში ის აღარ არის ფავორიტი. ბუნებრივია, კონტროლი საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და ქვეყნის შიგნითაც იქნება მაღალი.
თქვენ განაცხადეთ, რომ „რესპუბლიკელებმა“ შეძელით დაგეძლიათ საბჭოთა წარსული და დღესაც ეულად გიწევთ მარათონის გავლა. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე რატომ ვერ იპოვეთ პოლიტიკური თანამოაზრენი ქვეყანაში და ეს ეულად ყოფნა როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის, კომფორტია თუ პრობლემა?
38 წლის წინ შევიქმენით როგორც არალეგალური ორგანიზაცია და ვართ დისიდენტური წარმომავლობის პარტია. აქედან მოყოლებული ჩვენ გვიწევს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პროგრესული იდეების დამკვიდრების მცდელობა. ეს მარტივი საქმე არ არის და ჩვენი პოლიტიკური წინაპრები დასავლური, ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანები იყვნენ. აჭარაში ხასან ლორთქიფანიძის თუ ჰაიდარ აბაშიძის სახით, ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური წინაპარი გვყავდა და ვცდილობთ, რომ ამ იდეების მატარებლები ვიყოთ. ამასთანავე, ჩვენ ვარსებობთ სულ. ქართულ პოლიტიკას ჰყავს ერთი მუდმივი შემადგენელი „რესპუბლიკური პარტიის“ სახით და ბევრი ცვლადი, იქნება ეს სახელისუფლებო თუ არა.
„რესპუბლიკელები“ იბრძოლებთ იმისთვის, რომ უმრავლესობაში მოხვიდეთ უმაღლეს საბჭოში?
ცალკე აღებული რესპუბლიკური პარტია, ისევე როგორც ცალკე აღებული „ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გამორიცხულია, რომ მოვიდეს უმრავლესობით აჭარის უმაღლეს საბჭოში. უმაღლესი საბჭო განწირულია კოალიციურობისთვის. 5-6 სუბიექტის კონკურენტუნარიანობა აშკარაა, აქედან პირველი სამი – „რესპუბლიკელები“, „ოცნება“ და „ნაციონალები“ გამოკვეთილია, მაგრამ როგორი იქნება რიგითობა, ეს დამოკიდებული იქნება საარჩევნო კამპანიაზე. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ „ოცნებაც“ დავამარცხოთ და „ნაციონალებიც“.
როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ფაქტობრივად, ვერც ერთ საკითხზე ვეღარ ხდებოდა შეთანხმება, რის გამოც პოლიტიკური პროცესი შევიდა ჩიხში. ხომ არ შეიქმნება იგივე ვითარება ახალ უმაღლეს საბჭოშიც, თუკი ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მოიპოვებს უმრავლესობას?
ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა, ეს წაადგა პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო უსკოს თავმჯდომარის არჩევნები, როცა ორჯერ ჩააგდო უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძის ორი კანდიდატი და კმაყოფილი ვარ, რომ ამაში ჩვენც ვმონაწილეობდით. სამომავლო კონფიგურაციას რაც შეეხება, არ არის მოსალოდნელი, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა. ამიტომ, ვისთან ერთად ვიქნებით ან არ ვიქნებით „რესპუბლიკელები“ კოალიციის შექმნის მცდელობაში, ეს დამოკიდებული იქნება ამომრჩევლის ნებაზე, თუ რა დოზით ვიქნებით ჩვენ ან სხვა სუბიექტები წარმოდგენილი საბჭოში.
როდის იწყებთ ოფიციალურად საარჩევნო კამპანიას და რა ფინანსურ რესურსს დახარჯავთ საარჩევნოდ?
ჩვენ არ ვართ ფულიანი პარტია და არც ვყოფილვართ. ძალიან ბევრჯერ გვქონია წარმატებები „რესპუბლიკელებს“ და ჩვენი ანგარიში სუფთა იყოს სულ. ამიტომ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები არ იქნება მაღალი, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქში ეს უფინანსობა განსაკუთრებულად არ დაგვეტყობა. დიდი ფული სჭირდება იმათ, ვისაც არ აქვს დიდი ნდობა. ივლისის ბოლოსთვის ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს თითოეული ოლქისთვის საქართველოს მასშტაბით, შემდეგ უკვე მთლიანად ვიქნები ჩართული უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.
წყვილი ჭიქა, რომელსაც სახის ფორმა აქვს და კოცნას განასახიერებს, ბათუმის ბულვარში მდებარე სუვენირების მაღაზიებში იყიდება. ორი ჭიქიდან ერთს საქართველო აწერია და საქართველოს სახელმწიფო დროშა ახატია, მეორეზე კი ან საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული და აწერია საქართველო, ან სხვა ქვეყანის დროშა/გერბი და სახელწოდებაა გამოსახული. „წყვილი ქვეყნების“ ერთ-ერთი ხაზი საქართველო და რუსეთია. ოკუპანტ ქვეყანასთან დაწყვილებული საქართველოს ჭიქა-სუვენირის ფასი განსხვავებულია. დიდი ზომის ჭიქებს ზოგან ოც, ზოგანაც ოცდახუთ ლარად შეიძენთ.
„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ნათია აფხაზავა ამბობს, რომ მსგავსი სუვენირების არსებობა საზოგადოების ნაწილის რუსეთისადმი სიმპათიების არსებობაზე მიუთითებს: „როგორც ჩანს ზოგს ისევ უჭირავს თვალის რუსეთისკენ, იმისკენ, რომ სოციალურ პრობლემებს მოუგვარებს რუსეთი“, – ამბობს ის. მისი თქმით ეს სახელმწიფოს რბილი დამოკიდებულებითაა გამოწვეული. მართალია სახელმწიფომ არცერთი ქვეყნისადმი სიძულვილს არ უნდა გასუწიოს პროპაგანდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას: „საგარეო და საშინაო პოლიტიკაშიც სულ ცდილობს სახელმწიფო სიფრთხილე გამოიყენოს, დიპლომატიურად მოიქცეს, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – რუსეთი ოკუპანტია“.
ნათია აფხაზავა იქვე დასძენს, რომ რაც არ უნდა პათეთიკურად ჟღერდეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საკუთარ სამშობლოში ვერ გადაადგილდებიან: „ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემაა, რომლის ფონზეც ქართულ სივრცეში მსგავსი სუვენირები [რომლებიც რუსეთისადმი თბილ დამოკიდებულებებს გამოხატავს] არ უნდა არსებობდეს“.
ბათუმის ბულვარში მდებარე სუვენირების მაღაზიის ერთ-ერთი გამყიდველი ამბობს, რომ ქვეყნების ურთიერთობა ხალხების ურთიერთობას ხელს არ უშლის, რუს ტურისტებს უყვართ საქართველო და ხშირად ყიდულობენ ამ სუვენირს. ამავე მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, კითხვაზე, რატომ ყიდიან მაღაზიაში სუვენირს, რომელიც საქართველოსა და ოკუპანტი ქვეყნის „სიყვარულზეა“, კითხვითვე პასუხობს: „ამას მაინც არ ჯობია?“, – და დახლზე განთავსებულ საქართველო-თურქეთის წყვილ ჭიქაზე უთითებს. იგი დასძენს, რომ ეს ბიზნესია. მაღაზიის მენეჯერის თქმით, იგი თვეში 400-450 ცალ საქართველო-რუსეთის წყვილ ჭიქას ყიდის და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, მყიდველები ძირითადად რუსები არიან, თუმცა მყიდველთა 10% ქართველია.
ბულვარში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში ამბობენ, რომ სუვენირები ჩინეთშია წარმოებული და თბილისში, საბითუმო ბაზრობებზე ყიდულობენ. მათი თქმით, ამ სუვენირს აქამდე არასდროს გამოუწვევია ვინმეს პროტესტი.
როცა სიცხე აუტანელ ნიშნულს აღწევს, წლის საბოლოო გამოცდის შემდეგ ავტობუსში ჩახტომა და ბათუმისკენ გამოქცევა იდეალური სცენარია.
ბათუმი დაგხვდება წვიმით, ისეთი წვიმით, რომ გგონია ვეღარასოდეს ნახავ მზეს. მთავარ ეფექტს რომ მოახდენს, მერე გადაიწმინდება, დაწყნარდება და თავის ქუჩებში მშვიდად მიგიღებს. ჩამოხვალ დაღლილი, ნამგზავრი, ჩანთებით ხელში და აღმოჩნდები წიგნების მაღაზიასთან პატარა ლამაზ კონცერტზე. ყველა ერთად მღერის, შენ სულ გავიწყდება, რომ დამღლელი გზა გამოიარე და ყურებამდე გაღიმებული შენც მთელი ხმით მღერი.
ნანო სარალიშვილი
ზაფხულში ბათუმი ისეთი მყუდრო არაა, როგორიც სხვა სეზონებზე. ქაოსურად მოძრაობენ ადამიანებიც და მანქანებიც, მაგრამ ამინდია კეთილი: საჭირო დროს იღრუბლება, აცარიელებს სანაპიროს. ზღვა ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, იცი ცურვა თუ არა, გიყვარს ზაფხული თუ არა. ბედნიერებაა ქვიანი სანაპიროც, ტალღების ხმაურიც. ის შეზლონგიც კი ბედნიერებაა, რომელშიც ფული ტყუილად გადაყარე. და ბედნიერება ზედმეტი რომ არ მოგივიდეს, გასახდელები რეალობაში განარცხებს – რეალობაში, სადაც ადამიანებს საერთოდ არ ადარდებთ გარემო და სხვა ადამიანები. კარგი ისაა, ერთხელ რომ მიქარავ, მეორედ აღარ გაიმეორებ: მაგალითად, აღარ გაეკარები გასახდელებს, რომელიც ტუალეტადაა ქცეული.
საღამოს პატარა კაფეში დაგპატიჟებს მეგობარი გემრიელ ბათუმურ ყავაზე, ცოტა ლუდზე, მერე ისევ წვიმა ჩამოვა ღრუბლებიდან. „როგორა ხარ, როგორი ამინდია მაქეთ,“ – კითხვაზე, წვიმსო რომ პასუხობ, სევდანარევი ხმით, იზიარებენ მწუხარებას, არადა, სველ გზებზე ჭყაპუნს თავისი ხიბლი აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, არის მყუდრო ადგილი, სადაც სახლში გაკეთებული სინორი გელოდება.
ამდენი კარგი ამბავის ფონზე შეიძლება ცოტა ხნით დაგავიწყდეს კიდეც, რომ ბათუმშიც არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერნი არ არიან და ადამიანები, რომლებსაც არ ადარდებთ. ფერადი ემოციებიდან რეალობაში სიმინდის გამყიდველი პატარა გოგონა დაგაბრუნებს, ტაქსის მძღოლი დაგაბრუნებს. შეგეშინდება, რომ შენც ის ადამიანი შეიძლება იყო, რომელსაც არ ადარდებს.
ბათუმში სულ ცოტა ხანს ყოფნაც საკმარისია, რომ ბევრი სხვადასხვანაირი ამბით და შთაბეჭდილებით დაუბრუნდე სახლში და ზაფხულის მორიგ თავგადასავალს დაელოდო.
დღეს, 21 ივლისს, №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ცესკოს სხვა წევრებთან ერთად აჭარასა და გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სხვა წევრებთან ერთად და აჭარისა და გურიის რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, ცესკოს წარმომადგენლებმა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის შემუშავებული ინსტრუქციები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
თამარ ჟვანიამ შეხვედრა დადებითად შეაფასა: „მთავარია, ვინც დღეს შეხვედრას ესწრებოდა, მათ მიიღეს ის ინფორმაცია და ინსტრუქცია, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა ფუნქციების თვალსაზრისით და ფაქტობრივად ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მოსაზრება ან შენიშვნა არ გამოუთქვამთ“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა, მადონა ბერიძე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ცვლილებებმა შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს ძირითადი ოლქებისათვის ადმინისტრირების გართულების თვალსაზრისით, რადგანაც ძირითადი ფუნქციებით დატვირთულნი სწორედ ისინი არიან: „ასევე გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით გარკვეულ დროში გაჭიანურების პრობლემას ვხედავთ, განსაკუთრებით საჩივრებთან დაკავშირებით… გაძნელდება საჩივრების განხილვის დროს მოწმეების დასწრების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა მადონა ბერიძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის ფუნქცია-მოვალეობები, რაც უკვე განისაზღვრა, ინსტრუქციის შესაბამისად ვეღარ შეიცვლება, შესაბამისად, ძალაში დარჩება და იმოქმედებს ამ არჩევნებზე.
დღეს, 21 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავარ პროკურატურასთან, პატიმრობაში მყოფ გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კინწურაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
პატიმრების ახლობლები აცხადებენ, რომ გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კინწურაშვილი 3 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
„გიორგი და ხვიჩა არიან უკანონო პატიმრები, ისინი ქუთაისის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 2 ქალის ცრუ ჩვენების საფუძველზე,“ – ამბობს ნესტან ცენტერაძე, დაკავებული გიორგი კაკაბაძის დედა.
ახლობლების მონათხრობის თანახმად, დაკავებულებმა 21 თებერვალს კლუბში გაიცნეს ორი ქალი, რომლებმაც ბიჭები წაიყვანეს სახლში და შემდეგ ისინი ნოუთბუქის მოპარვაში დაადანაშაულეს.
„მეორე დილით მოვიდა გამომძიებელი ჩვენს სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ნოუთბუქი ჩვენთან არ ინახა და აღმოჩნდა ისევ იმ ქალების სახლში. ქალებმა, რადგან საჩივარი ჰქონდათ დაწერილი, ბიჭებს დააბრალეს ქალის სუნამოს და 25 დოლარამდე თანხის მოპარვა,“ – ამბობს გიორგი კაკაბაძის დედა. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რადგან ნოუთბუქი აღმოჩნდა ისევ ქალების სახლში, გამომძიებელმა გადაწყვიტა სხვა რაღაცის დაბრალება და მოახერხა კიდეც, ბიჭები უკვე სამი თვეა პატიმრობაში იმყოფებიან და 10 დღეა შიმშილობენ,“ – თქვა ნესტან ცენტერაძემ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. მათ პროკურატურას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს.
„მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე,“ – განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა. მისი განმარტებით, ზეწოლა არ უკავშირდება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ის ამჟამად განხილვაში არსებულ, მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს უკავშირდება. გიორგი პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, ვისგან განხორციელდა ზეწოლა, ან რომელ მოსამართლეზე.
„ზეწოლა გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით და ასევე, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც, ძირითადად, ფალსიფიცირებულია, გასაჯაროვდება… დღეს უფრო დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ,“ – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
გიორგი პაპუაშვილის განმარტებით, ამ განცხადების მიზანი არის პრევენცია, აღიკვეთოს საგანგაშო ფაქტები, რასაც ადგილი აქვს და ამით საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესდეს. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მოსამართლეების ზეწოლის შესახებ მოუყვეს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს.
ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში 1 კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, მოსახლეობამ გასულ წელს მოწეული მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო.
აჭარის სოფლებში თხილის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეში დაიწყება, თუმცა მოსახლეობის უმეტესობას გასული წლის მოსავალი არ გაუყიდია. რამ გამოიწვია თხილის რეალიზაციის პრობლემა?
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში მცხოვრები ჯემალ ანანიძე ერთ-ერთია მათგან, ვისაც გასულ წელს დაკრეფილი ნახევარ ტონამდე ხმელი თხილი სარეალიზაციოდ გამზადებული აქვს და ფასის მომატებას ელოდება. იგი იმედოვნებს, რომ ხმელი თხილის ფასი ახალი თხილის შემოსვლისთანავე გაიზრდება და მაშინ ჩააბარებს, როცა მისთვის მისაღებ თანხას გადაუხდიან.
„2014 წლის ზამთარში 1 კილოგრამი თხილი 8 ლარად ჩავაბარე, წელსაც მსგავსი მოლოდინი მქონდა, ველოდებოდი გაძვირებას და ნედლი თხილი არ გავყიდე, თუმცა პირიქით მოხდა, გაიაფდა. მაშინ ჩავაბარებ, როცა თანხა ჩემთვის მისაღები იქნება, თხილი წონას აღარ მოიკლებს, შევინახავ. როცა თხილი ხმება, 1 კილოგრამ ნედლ თხილზე წონა 200 გრამამდე იკლებს, როგორც შარშან, წელსაც რომ ხმელი თხილი 8 ლარში ჩამებარებინა, მოვიგებდი,“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.
ზესოფელში მცხოვრები თამაზ ანანიძე წლის განმავლობაში ორ ტონამდე თხილს კრეფს. ზამთარში, როცა თხილის ფასი იზრდება, თავად ახდენს მის პირველად გადამუშავებას და ისე ყიდის: „წელს მხოლოდ 500 კილოგრამამდე გავყიდე, ისიც იმიტომ, რომ ფული სასწრაფოდ დამჭირდა. დანარჩენი შევინახე. მე გაურჩეველ თხილს არ ვაბარებ – ვტეხ, ვარჩევ და გათეთრებულს ვყიდი. ასე უფრო მოგებული ვარ. წელს ერთი კილოგრამი გარჩეული თხილის ფასი პირველად 22 ლარი ღირდა, შემდეგ დაიკლო და ახლა 15 ლარი ღირს, როგორც სხვა, მეც გაძვირებას ველოდები“.
გასული წლის ზაფხულში ერთი კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, ახლა კი გამხმარი თხილის ჩაბარების ფასი გაცილებით დაბალი – 3-3,5 ლარია.
თხილის მწარმოებლები თხილის გაიაფებას ქვეყანაში არსებული მონოპოლიით ხსნიან.
„ამბობენ, საქართველოში თხილის მონოპოლიააო, რამდენადაც უნდათ, იმ ფასად შეაფასებენ, გლეხს სხვა რა გზა აქვს, თვითონ ვერ გაიტანს საზღვარგარეთ და რამდენსაც შესთავაზებენ, იმას თანხმდება,“ – ამბობს თამაზ ანანიძე.
მახუნცეთელი ჯემალ ღოღობერიძე კი ამას მეზობელ ქვეყანაში თხილის გაიაფებით ხსნის: „თუ თურქეთში თხილი გაიაფდა, აქ მეტს ვინ გადაიხდის? თურქეთში თხილი გაძვირდება, აქაც ფასი იმატებს, თუ იქ მოიკლებს, აქაც იკლებს“.
თხილის გადამამუშავებელი და გადამზიდავი შპს „დორანის~ წარმომადგენელი დავით ლიპარტელიანი ამბობს, რომ თხილის რეალიზაციის პრობლემა დაბალმა ხარისხმა გამოიწვია, ხარისხის გამო გადამზიდავი კომპანიები თავს იკავებდნენ თხილი ექსპორტზე გაეტანათ:
„შარშანდელი თხილი ჩვენ ექსპორტზე არ გაგვიტანია, ექსპორტზე გატანილი თხილის დაბრუნებაც კი მოხდა, რადგან სტანდარტს არ შეესაბამებოდა. საკითხი უნდა დაისვას ისე, რომ ნაჭუჭიანი თხილი კი არ გაიყიდოს, მისი პირველადი გადამუშავება ფერმერმა განახორციელოს, ამ შემთხვევაში შემოწმებაც გაცილებით ადვილია. თითოეული პრობლემა ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ეს იწვევს იმ შედეგებს, რაც ახლა არსებობს რეალიზაციის კუთხით. შეიძლება გლეხს ლაბორატორიული დასკვნა ვერ მოსთხოვო, მაგრამ მის თვალწინ უნდა გატეხო თხილი, შეამოწმო ხარისხი, პროცენტულად გაიანგარიშო და ამის შესაბამისად მოხდეს თანხის შეთავაზება. თხილის წარმოებაში ეს საერთაშორისო გამოცდილება საქართველომ უნდა გაითვალისწინოს. თურქეთში წარმოების საკითხი მაღალ დონეზეა, იქ ვერავინ მისცემს თავს უფლებას 10%-მდე გაუმშრალი თხილი გაყიდოს. თხილის შენახვასაც თავისი წესი აქვს, გლეხს აქ არანაირი შენახვის საშუალება არ აქვს, ტომრებში ჩაყრილს ნესტიან ადგილებში, საუკეთესო შემთხვევაში, ოთახებში ინახავენ. თუ ჩვენ გვინდა ქართული თხილი ბრენდის სახელით გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე, ამას სჭირდება დიდი მუშაობა ფერმერებთან, მათი ცნობიერების ამაღლება, ამ კუთხით სახელმწიფოს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი“.
თხილის გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი ელდარ მეფორია გასულ წელს შექმნილ რეალიზაციის პრობლემას თხილის დაბალ ხარისხთან ერთად ჭარბი მოსავლითაც ხსნის: „ჩვენ თხილის ექსპორტს ვახდენთ ევროპაში. როცა ბაზარი გაჯერებულია, ბუნებრივია, ფასი მაღალი ვერ იქნება. ჩვენმა კომპანიამ 150 ტონა გარჩეული თხილი გაიტანა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფასი იყო, თავდაპირველად 9 დოლარ-ნახევარი იყო 1 კილოგრამის ფასი, მერე გაიაფდა, ახლა 4-5-ნახევარი დოლარია. ჩვენ ბევრ ქვეყანაში გავიტანეთ: იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში. წელს თხილის ფასი, ვფიქრობთ, 5-6 ლარი იქნება. რაც შეეხება ძველ თხილს, ძნელად გაიყიდება. ერთადერთი პრობლემა ისიც იქნება, თუ ძველს გაურევენ ახალში, ისე ძვირადაც ვერ გაიყიდება და ახალ თხილსაც გააფუჭებს“.
მოსახლეობის მოლოდინს, რომ გასული წლის მოსავალს თხილის აქტიურ სეზონზე [ივლისის ბოლოდან] ძვირად გაყიდიან, არ იზიარებენ გადამზიდავ კომპანიებში. მათი წინასწარი ვარაუდით, წინა წლის თხილის მოსავლის ფასი არ გაიზრდება და ფერმერებს მოუწოდებენ, ძველი თხილი ნედლ თხილში არ გადაურიონ.
„თხილის ახალი მოსავალი რომ მოვა, ვისაც ძველი თხილი აქვს დარჩენილი, ისინი შეეცდებიან ძველი თხილის ახალში შერევას და ამ გზით გაყიდვას. მინდა აღვნიშნო, რომ ახალი თხილის მოსავალი კარგი ჩანს და გადარევით ხარისხი გაფუჭდება. ვფიქრობ, ნედლი თხილის ჩაბარების ფასი წელს 3-4 ლარი იქნება,“ – ამბობს დავით ლიპარტელიანი.
არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ ექსპორტზე გატანილი თხილი უკან დააბრუნონ? ელდარ მეფორიას თქმით, „ამის საშიშროება რეალურად არსებობს, თან კონტროლი რთული პროცესია, ნებისმიერ დონეზე უნდა გაკონტროლდეს“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ჩვეულებრივი თხილის და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ. იგი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის ექსპორტს. როგორც რეგლამენტშია აღნიშნული, მიზანი ექსპორტისათვის განკუთვნილი თხილის რეგულირების პრინციპების განსაზღვრაა. თხილის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვს თვეში თხილს მეოთხე პოზიცია უკავია ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში. სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ თხილია გატანილი საზღვარგარეთ – მისი წილი მთლიან ექსპორტში 7%-ია.
ყოფილი საჯარო მოხელე თემურ ბეჟანიძე სასამართლოში სამსახურში აღგენას მოითხოვს. ის ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში მუშაობდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს.
„უფლება მქონდა, მიღებული გადაწყვეტილება შემეცვალა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ ბეჟანიძე. მან მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სააგენტოს უფროსს უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლა სურდა და შვებულება მოითხოვა: „განცხადება დავწერე და მივუთითე, რომ 18 დღით შვებულებაში გავიდოდი, 19-ში დავბრუნდებოდი და შემდეგ დავტოვებდი სამსახურს. ეს იყო ჩემი პირობა.“
ამ პირობას ადასტურებს გიგა ჩხეიძეც, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი: „ის გავიდა შვებულებაში და რადგან მისი სურვილი იყო გათავისუფლება, მე ეს აღვასრულე და დავწერე გათავისუფლების ბრძანება 5 აპრილს. ის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხელი მეშლებოდა, ამიტომ 15-ში ავიყვანე მის ნაცვლად ახალი თანამშრომელი, ოღონდ იმ პირობით, რომ 19-ში ამოქმედდებოდა დანიშვნის ბრძანება მაშინ, როცა თემურ ბეჟანიძის შესახებ გათავისუფლების ბრძანება შევიდოდა ძალაში“.
თემურ ბეჟანიძე 18 აპრილს სამსახურში დაბრუნებულა და უთქვამს, აღელვებული ვიყავი, აღარ მინდა სამსახურიდან წასვლა, შვებულების პერიოდი ამომეწურა და მეც დავბრუნდიო. „გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე ჩაბარებული მქონდა, მაგრამ იქ ეწერა, რომ 19-დან ამოქმედდებოდა ბრძანება. შესაბამისად, დაბრუნების უფლება მქონდა“, – მიიჩნევს თემურ ბეჟანიძე.
სააგენტოს ხელმძღვანელობამ ყოფილი თანამშრომელი უკან აღარ დააბრუნა: „გავიარე კონსულტაციები იურისტებთან და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ძალიან მაინტერესებს მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, აუცილებლად გავასაჩივრებ“, – გვითხრა გიგა ჩხეიძემ.
„როცა ტოტალური უმუშევრობის ფონზე ადამიანი საკუთარი ნებით ტოვებს სამსახურს, ამ დროს მეტი გულისხმიერებით უნდა სწავლობდეს დაწესებულების ხელმძღვანელი, რა არის რეალურად განცხადების საფუძველი“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას იხსენებს, როცა მოსამართლე ნათია წკეპლაძემ მსგავს სიტუაციაში მიიჩნია, რომ პირადი სურვილით დაწერილი განცხადების დაკმაყოფილება მხოლოდ განცხადების ტექსტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დაწესებულების ხელმძღვანელი უშუალოდ განცხადების დამწერის ჩართულობით და მონაწილეობით უნდა არკვევდეს, რამდენად რეალურია გათავისუფლების სურვილი. „ეს ფაქტობრივი გარემოებები კარგად ჩანს შემდეგ, როცა სასამართლო დავა იწყება. ამიტომ სამსახურის უფროსი გათავისუფლების ბრძანების დაწერამდე უნდა არკვევდეს განმცხადებლის რეალურ მოტივაციას. მით უმეტესს, ამ შემთხვევაში, ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ ის განაწყენებული იყო და აღელვების ნიადაგზე დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
ჯაბა ანანიძე
15 ივლისს ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა. პატარაძემ ამ პოსტზე არჩილ ხაბაძე შეცვალა. ის ამბობს, რომ „რადიკალური ცვლილებები არ იქნება“, აქცენტს აკეთებს ინვესტიციების გაზრდაზე, ტურიზმზე და დიპლომატიურად ცდილობს აირიდოს თავიდან არასასურველი კითხვები. „ბათუმელები“ მას პოსტზე დანიშვნის შემდეგ ესაუბრა.
ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, შეხვდით იპოთეკით დაზარალებულ პირებს. იპოთეკით დაზარალებული პირები და „ოცნების ქალაქი“ არის „მემკვიდრეობა“, რომელიც თქვენ დაგხვდათ, ეს პრობლემა ვერ მოაგვარა აჭარის მთავრობამ ოთხი წლის მანძილზე. თქვენ რას აპირებთ?
მე მზად ვარ მოვუსმინო ამ ადამიანებს, გავიგო, რა ხდება, რა ვითარებაა, მეტიც, აუცილებლად მივალ ე.წ. „ოცნების ქალაქში“, გავესაუბრები, ადგილზე გავიგებ რა პრობლემებია და ამის შემდეგ გავაკეთებ დასკვნებს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მე არ მინდა წინასწარ დაპირებები გავცე, მინდა ბოლომდე შევისწავლოთ ყველაფერი.
ამ საკითხს აჭარის მთავრობა სწავლობდა არაერთი წლის მანძილზე. იყო კომისიაც. აპირებთ თუ არა გაითვალისწინოთ კომისიის შენიშვნები, თუ თავიდან დაიწყება საკითხის შესწავლა?
რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. ვნახავთ რა სტადიაზეა, როგორ მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ კონკრეტულად ვისაუბროთ, თუ რა ზომებს მივიღებთ.
უკვე ცნობილია მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი [მინისტრთა ძველი კაბინეტიდან ზურაბ პატარაძე ორ მინისტრი შეცვალა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობი ახლა რამაზ ბოლქვაძეა, სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლაშა კომახიძე]. ეს ადამიანები როგორ შეარჩიეთ, ვისთან გაიარეთ კონსულტაცია, დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება? რატომ შეიცვალა სწორედ ეს ორი მინისტრი?
მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ მინისტრებს, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, დღეს ჩვენ ახალი ამოცანების წინაშე ვართ. ვფიქრობთ, რომ ყოფილი მინისტრების პოტენციალი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა მიმართულებით, ხოლო ახალი მენეჯმენტი, რომელიც შემოდის ორ უწყებაში, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტურად განახორციელებს თავის საქმიანობას.
კონსულტაციები გაიარეთ ვინმესთან მათი შერჩევისას?
ბევრი მესმის ბოლო პერიოდში, ხომ არ არის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რას უკავშირდება… პირველ რიგში, მე ვუყურებ პროფესიონალიზმს, ვუყურებ მენეჯმენტს, მქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.
თუმცა მაინც არ პასუხობთ კითხვას…
გუშინ ბატონ ვახტანგ ღლონტის და სოფო ხალვაშის საღამო იყო და ბატონმა ვახტანგმა დაუსვა კითხვა სოფოს, რომ არ ყოფილიყავით მომღერალი, სხვა რა პროფესიას აირჩევდითო. სოფომ, არ წარმომიდგენია ჩემი თავი ამის გარეშე, მაინც ამ სფეროში ვიტრიალებდიო – უპასუხა. მე დღეს ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მაგრამ ამავდროულად ვარ დიპლომატი, ეს არის ჩემი პროფესია.
ვინ შემოგთავაზათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი?
პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ხელისუფლებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მზად ვარ ამისთვის. მზად ვარ მთელი ჩემი ენერგია და გამოცდილება ჩავდო ამ საქმეში. ვფიქრობ, რეგიონში არაერთი პროექტის განხორციელებას შევძლებთ. ზოგადად ხმამაღალი დაპირებები არ მინდა გამომივიდეს, თუმცა გეგმები ნამდვილად ამბიციური გვაქვს. ორიენტირებული ვიქნებით, რომ ახალი ინვესტიციები შემოვიდეს რეგიონში, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით განხორციელდეს ახალი პროექტები ამ მიმართულებით და გადაიდგას ბევრი ნაბიჯი, რაც გააუმჯობესებს სოციალურ ფონს რეგიონში. რამდენიმე დღეში ვაპირებ მაღალმთიანი რეგიონების მონახულებას და ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ზრუნვა მაღალმთიან აჭარაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტა იმ პრობლემების, რომლებიც დგას მათ წინაშე.
აღნიშნეთ, რომ არ გიყვართ ხმამაღალი დაპირებები, თუმცა თქვენი მოსვლა განპირობებული იყო რეგიონში ცვლილების სურვილით. თქვენ როგორ ხედავთ, რა არის შესაცვლელი? როგორც კი თქვენი კანდიდატურის შესახებ დაიწყო საუბარი, ითქვა, რომ საუბარია ყაზახური ინვესტიციების გამსხვილებაზე. ეს ასეა?
მათ შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ახალი ინვესტიციების მოზიდვა და არსებული პროექტების დროულად დასრულება. ვაპირებ შევხვდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, გავიგო რა აწუხებთ, ხომ არ აქვთ რამე ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული პრობლემები, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში.
უნდა ველოდოთ მსხვილი ყაზახური კომპანიების შემოსვლას?
მოლაპარაკებები არის, გუშინ საღამოს მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან, არ მინდა წინასწარ დავაანონსო, თუმცა მოლოდინი არის.
პოსტზე ოფიციალურ წარდგენამდე პრემიერ-მინისტრს შეხვდით?
დიახ, მე მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან. პრემიერ-მინისტრის გუნდში ვმუშაობ არაერთი წელი და მე მჯერა, რომ მასთან ერთად მივაღწევთ ძალიან კარგ შედეგს.
ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ პირადად?
მე მქონდა მასთან შეხვედრა, როცა ვმუშაობდი თურქეთში, რამდენიმე წლის უკან. ეს იყო მისი ოფიციალური ვიზიტი ოფიციალურ თურქეთის რესპუბლიკაში, მას შემდეგ მასთან შეხვედრა ჯერჯერობით არ მქონია.
პარტიული არ ყოფილხართ, ახლა თუ აპირებთ „ოცნებაში“ შესვლას?
ჯერ ვეცნობი სიტუაციას, პრობლემებს, რომლებიც დგას მთავრობის წინაშე. ჩვენ გვინდა ვიყოთ ეფექტური მენეჯერები რეგიონში, რათა კიდევ ერთხელ დავესესხები [პრემიერ-მინისტრს] და ეს სიტყვები ენერგიას მაძლევს, მე მინდა ჩვენს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან და რეგიონთან ერთად ავაგუგუნოთ ჩვენი ულამაზესი კუთხე.
ვინ იქნება თქვენს გუნდში აჭარაში? მინისტრთა კაბინეტი უკვე წარდგენილია, თუმცა როცა მოდის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, მოდის მისი გუნდიც. ახალ სახეებს უნდა ველოდოთ?
რადიკალურ ცვლილებებს ჩვენ არ ვაპირებთ. დღეს მთავრობაში გვაყვს ძალიან ეფექტური მენეჯერები, გამოცდილი კადრები და ჩვენ მათთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ.
თუ კადრები ეფექტურია, გუნდი კარგია, მაშინ არჩილ ხაბაძეში იყო პრობლემა?
ბატონმა არჩილმა გააკეთა მნიშვნელოვანი საქმეები და მას აქვს ბევრი პერსპექტივა სხვა მიმართულებითაც.
მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, მეორე დილით იყავით ბათუმის ბულვარში. ეს იყო მესიჯი ბათუმის ბულვარის სტატუსთან დაკავშირებით? ალბათ ხართ საქმის კურსში, რა მოვლენებიც განვითარდა უახლოესი თვეების მანძილზე, როცა ბულვარში აპირებდნენ ახალი პროექტის განხორციელებას და საზოგადოება ამას შეეწინააღმდეგა. ეს იყო მესიჯი, რომ ძველი ბულვარი შენარჩუნდება, თუ ბათუმელის ერთგვარი ჟესტი?
ალბათ ყველაფერი ერთად. მეც ბათუმელი ვარ, ამ კუთხის შვილი, აქ დაბადებული და შესაბამისად, მეც განვიცდი რაც ხდება ბულვარში. ბათუმი არის ლამაზი ქალაქი და მინდა, ეს პრობლემები მალე დარეგულირდეს.
ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. თუ აპირებთ, რომ მთავრობის პოზიცია შეიცვალოს კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში?
ეს სენსიტიური საკითხია, მე არ მინდა დღეს გავაკეთო განსხვავებული, რადიკალური განცხადებები, თუმცა პირდაპირ გეტყვით, მეც ძალიან მტკივა ეს საკითხი. მექნება ამ მიმართულებით არაერთი შეხვედრა და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ გადავხედავთ ამ სტრატეგიას.
გასულ წლებში ბათუმი იდგა მეჩეთის აგება/არ აგების დილემის წინაშე, იყო ქობულეთში, სასულიერო სასწავლებელზე ღორის თავის მიჭედების ფაქტი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, როგორ ფიქრობთ, რატომ არის რეგიონში ეს პრობლემა?
ამასთან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით გავაკეთოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე აუცილებლად უნდა შევხვდე მოსახლეობას, გავითვალისწინებ ჩვენი მუსლიმი მოსახლეობის ინტერესებს, ყველა რელიგიის და კონფესიის მოსახლეობის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესებს.
მეუფე დიმიტრის შეხვდით, სანამ ამ პოსტზე დაინიშნებოდით. რას უკავშირდებოდა ეს შეხვედრა?
მეუფე დიმიტრის შევხვდი არა როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არამედ როგორც მოქალაქე, მეგობარი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ეს არ უკავშირდება ჩემს სამსახურსა და პოლიტიკას.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამი ბენდის პრომოუშენს 68 723 ლარით დააფინანსებს. როგორც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამბობს, ბენდები კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
„მოთხოვნა იყო, რომ ბენდები ყოფილიყვნენ აჭარაში რეგისტრირებული, მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილებით, ჰქონოდათ სტუდიური ჩანაწერი, ქმნიდნენ საავტორო მუსიკას და მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული სხვადასხვა ფესტივალებზე და კონცერტებზე“, – აღნიშნა ნათია სირაბიძემ და დაამატა, რომ ეს მოთხოვნები ბენდების მიმართ მათი სტაბილურობის და საქმისადმი სერიოზული მიდგომის განსასაზღვრად გახდა საჭირო.
„ეს ადგილობრივი ბენდები საჭიროებენ მარკეტინგული კონცეფციების შექმნაში დახმარებას, რათა მოხდეს მათი პოპულარიზაცია საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთაც“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
კონკურსში გამარჯვებული ბენდები არიან: The Nemo, Groovephonics და Asea Sool.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამინისტრო მომავალ წელს უფრო ახალბედა, სტუდენტური ან ახალგაზრდული ბენდებისათვის მსგავსი დახმარების გაწევას, ნათია სირაბიძე პასუხობს, რომ ხუთწლიანი გამოცდილების ბენდებიც ახალბედა ბენდებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სამინისტროში პროგრამის გაფართოებაზეც ფიქრობენ და ბედნების რაოდენობის გაზრდაზეც.
ბენდებისთვის მარკეტინგული კონცეფციის შექმნის, მათი პრომოუშენისა და პროდიუსინგისთვის დაფინანსება კომპანია შპს „EREDELis Art“-მა მიიღო. მას სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. სამინისტროსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 ივნისს გაფორმდა და მომსახურების მიწოდებას პირველი ივლისიდან 30 სექტემბრამდე დროის შუალედში გულისხომობს.
როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, კომპანიამ თითოეული ბენდისთვის უნდა დაამზადოს ვებ-გვერდი და ვიდეო რგოლები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცისთვის, შექმნას ბრენდ ბუქი და ფორტფოლიო, მაღალი ხარისხით სტუდიურად ჩაწეროს ბენდების სიმღერები. გარდა ამისა, პარალელურად დაფინანსდება აფიშების, პოსტერების დიზაინის შექმნა და სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანია. ასევე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება აღნიშნული ბენდების კონცერტები ქობულეთში, ბათუმსა და გონიო-კვარიათში.