მთავარი,სიახლეები

ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე

23.07.2016
ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე

დღეს 23 ივლისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ინიციატივით, ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის  რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის საამართველოს ხელმძღვანელი, ციალა ქათამიძეც ესწრებოდა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თიკო აბაშიძის განცხადებით, ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ რვა ქალს უწევს დახმარებას. თუმცა, ორგანიზაციას არ ჰყოფნის იმის რესურსი რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეული პროფესიის დაუფლებაში ან განათლების მიღებაში დაეხმაროს.

„იმისათვის რომ ამ ქალებმა საბოლოდ დააღწიონ თავი მოძალადეს და დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება, აუცილებელია რომ რაიმე პროფესიას დაეუფლონ, რადგან არცერთ მათგანს არ აქვს განათლება და შესაბამისად, ვერც სამუშაოს პოულობენ“-გვეუბნება თიკო აბაშიძე.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, აუცილებელია საზოგადოების,  განსაკუთრებით კი დამსაქმებელთა აქტივობა რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს  ამ პრობლემის გადასაჭრელად დახმარება შესთავაზონ.

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ოჯახში ძალადობის თემაზე

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ოჯახში ძალადობის თემაზე

„ქალები იძულებული არიან, სამი თვის შემდეგ, თავშესაფრიდან ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდნენ, სადაც ისინი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან. მათ არ აქვთ წასასვლელი, არ აქვთ პროფესია,  სახელმწიფოს  არ აქვს სისტემა  რომელიც დაეხმარება ამ ადამიანებს. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შევთავაზოთ ამ ადამიანებს დახმარება“- ამბობს „იალქანის“ ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ კონკრეტულ შემთხვევებზე, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის სახლში მიღებაზე უარს ამბობენ ქალის მშობლები: „ერთ-ერთ ოჯახში გვითხრეს, –  „მირჩევნია ჩემი სიძე ცემდეს და აგინებდეს ჩემს შვილს, ვიდრე უკან დავაბრუნო“. ეს ქალი არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია მშობლების ოჯახში, მაგრამ არსად არ აქვს წასასვლელი, არ შეუძლია ბინის ქირაობა, რადგან არ აქვს პროფესია, სამუშაო“.

შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ რომ მანამ, სანამ სახელმწიფო შეიმუშავებს რაიმე გზებს ამ ქალების დასახმარებლად, მანამდე აუცილებელია საზოგადოების აქტივობა და მათი ძალისხმევა ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი შვილების დასახმარებლად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: