ნეტგაზეთი • RU

რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ბატონო დავით, თქვენ აქტიური პოლიტიკოსი ხართ, აჭარის უმაღლესი საბჭო კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე პასიური საკანონმდებლო ორგანოა. რატომ გადაწყვიტეთ უმაღლესი საბჭოს წევრობა, რას მისცემს რეგიონს თქვენი იქ ყოფნა, ან თქვენს პოლიტიკურ კარიარას ეს რას შეჰმატებს?

მე ვიყავი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 1991-1996 წლებში, მაშინ უმაღლესი საბჭო, „რესპუბლიკელების“ აქტიურობის გამოც, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად დატვირთული, ოპონირების რეჟიმში მომუშავე და ასლან აბაშიძეს უჭირდა ჩვენთან პაექრობა. ასე რომ, მე მაქვს გამოცდილება უმაღლეს საბჭოში აქტიური მუშაობის და 2016 წელს არჩეული უმაღლესი საბჭოც იქნება პოლიტიკურად დატვირთული.

თქვენ აჭარას მეორე პოლიტიკური ფრონტი და თავისუფლების საყრდენი უწოდეთ. საფრთხე ექმნება დღეს თავისუფლებას? კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში, როცა საფრთხეებზე საუბრობთ?

იმ ტიპის პრობლემები, რომლებიც ადრე ყოფილა, ახლა არ არის, ამიტომ არ ველოდები, რომ ისეთი მძიმე საარჩევნო ფონი იქნება, როგორც აბაშიძის მმართველობის დროს იყო, მაგრამ წაცდება ხოლმე ხელი ხელისუფლებებს გასაყალბებლად. 2004 წლის არჩევნებზე ყველაზე პოპულარული იყო სააკაშვილი, მაგრამ უმაღლესი საბჭოს არჩევნები მაინც გაყალბების დოზით ჩატარდა და მაშინაც „რესპუბლიკელებმა“ გავუწიეთ კონკურენცია.

ანუ გაყალბების საფრთხეები არსებობს ამ არჩევნებზე?

მასშტაბური სახის გაყალბებას არც აჭარაში და არც დანარჩენ საქართველოში არ ველოდები, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაკი მე ვაპირებ კენჭი ვიყარო უმაღლეს საბჭოში, ეს ავტომატურად ზრდის ინტერესს აჭარის მიმართ. ტრადიციულად, ბათუმს გარეთ მუნიციპალიტეტებში გაყალბებას არც ერთი ხელისუფლება არ გაურბოდა.

თქვენ ამბობთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, თუმცა გყავთ მოწინააღმდეგეები ლიბერალური კურსის გამო.

1990 წელს მთელ საქართველოში არჩევნებს იგებდნენ „მრგვალები“ ან „წითლები“, ორი დიდი პოლიტიკური გაერთიანება. ერთადერთი ქალაქი, სადაც ორივე ოლქი მოვიგეთ, იყო ბათუმი. მაშინ არ მიიღო ბათუმმა არჩევანი კომუნისტებსა და ულტრანაციონალისტებს შორის და ლიბერალურ-პატრიოტული არჩევანი გააკეთა.

თქვენი აზრით, შენარჩუნებულია დღეს ლიბერალური განწყობები საზოგადოებაში?

რა თქმა უნდა. ბათუმმა პოლიტიკური ქარტეხილები ძალიან მაღალი სტანდარტით დაიწყო. ბათუმში კომუნიზმი დაამარცხა არა ნაციონალიზმმა, არამედ დემოკრატიამ, ლიბერალიზმმა და ეს მნიშვნელოვანია. ასე, რომ ბათუმელების სახელით, ჩემი და თამაზ დიასამიძის ხელმოწერები საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე არ არის არც კომუნისტური და არც ნაციონალისტური, ეს არის სწორედ ლიბერალური, ქართული პოლიტიკური ძალის სახელით ხელმოწერა. ლიბერალიზმი, წინააღმდეგობასთან გამკლავების თვალსაზრისით, სხვაზე ნაკლები კი არ არის. „ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი“ [შენიშვნა: ასე მოიხსენიებდა გრიგოლ ორბელიანი ილია ჭავჭავაძეს] – ილია ჭავაჭავაძე, ჩვენი პოლიტიკური წინაპარია და ასევე ხასან ლორთქიფანიძე, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო აჭარაში და რომელიც უსწრებდა დროს. „რესპუბლიკელებზეც“ ამბობენ, რომ ხანდახან ვუსწრებთ დროს. 2003-2004 წლებში, კამპანია – „ბათუმი აბაშიძის გარეშე“ იყო „რესპუბლიკელების“ მიერ უზრუნველყოფილი წარმატებული კამპანია და ეს ლიბერალი „რესპუბლიკელები“, როგორც აბაშიძე ამბობდა, „საძინებელში ვუვარდებოდით მას“, ანუ უზენაესი საბჭოს მისადგომებთან ძალიან სახიფათო მიტინგს ვმართავდით, რომელიც აბაშიძემ დაარბია და საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. 23 ოქტომბერს დარბეული მიტინგის შემდეგ, აბაშიძე გახდა პოლიტიკური კეთროვანი და ექვს თვეში მას მოუხდა ხელისუფლების დატოვება.

თქვენი კონკურენტები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ არა „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“ ვერასდროს მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. კოალიციაში ყოფნის დროსაც „რესპუბლიკელებმა“ ერთი წევრი შეიყვანეთ უმაღლეს საბჭოში. ეს ფაქტი რამდენად გაძლევთ იმის იმედს, რომ ამ არჩევნებში უკეთესი შედეგი გექნებათ?

მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე ის შედეგები, რაც მიღებული აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“ აჭარაში, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ცხოვრების ლოკომოტივი ვართ აჭარის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდით „ოცნების“ კოალიციის გარეშე, კი, „ოცნების“ გარეშე ვერ მოვიდოდით, ისევე როგორც „ოცნება“, რომელიც ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალა იყო მაშინ და ახლაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვერ მოვიდოდა „რესპუბლიკელების“ გარეშე. „რესპუბლიკელები“ მზად ვართ ოპონირების რეჟიმში სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ როგორც დაძლეულ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ასევე „ქართულ ოცნებას“. მე მივმართე კიდეც ვარშალომიძეს, რომელიც ბათუმში დაბრუნდა, როგორც მთავარი „ნაციონალი“, ასევე მივმართე ხაბაძეს, თუკი ის იქნება პირველი ნომერი, რომ კენჭი ვიყაროთ ბათუმში და ვიქნებით მთავარი კონკურენტები ერთმანეთის. ასე, რომ ჩემი ჩართვა ამ პროცესში იქნება ხელშემწყობი იმისა, რომ მეტი ყურადღება მიექცევა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს.

ბოლო არჩევნებს თუ არ გავითვალისწინებთ, როგორც წესი, საქართველოში უფრო მეტად სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას, იგივე ხომ არ მოხდება ამ არჩევნებზეც?

ახალ გახელისუფლებული პოლიტიკური პარტია წესიერად და კარგად იქცევა პირველ წლებში. როცა მას უჭირს, ის მთლად კარგად აღარ იქცევა. „ოცნებას“ პლუსში აქვს ის, რომ 2012-2014 წლის არჩევნები ჩატარდა სუფთად და ეს გამოწვევა 2016 წლის არჩევნებში აქვს ხელისუფლებას და ეს გამოცდა ჩასაბარებელი ექნება, რადგან ამ არჩევნებში ის აღარ არის ფავორიტი. ბუნებრივია, კონტროლი საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და ქვეყნის შიგნითაც იქნება მაღალი.

თქვენ განაცხადეთ, რომ „რესპუბლიკელებმა“ შეძელით დაგეძლიათ საბჭოთა წარსული და დღესაც ეულად გიწევთ მარათონის გავლა. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე რატომ ვერ იპოვეთ პოლიტიკური თანამოაზრენი ქვეყანაში და ეს ეულად ყოფნა როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის, კომფორტია თუ პრობლემა?

38 წლის წინ შევიქმენით როგორც არალეგალური ორგანიზაცია და ვართ დისიდენტური წარმომავლობის პარტია. აქედან მოყოლებული ჩვენ გვიწევს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პროგრესული იდეების დამკვიდრების მცდელობა. ეს მარტივი საქმე არ არის და ჩვენი პოლიტიკური წინაპრები დასავლური, ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანები იყვნენ. აჭარაში ხასან ლორთქიფანიძის თუ ჰაიდარ აბაშიძის სახით, ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური წინაპარი გვყავდა და ვცდილობთ, რომ ამ იდეების მატარებლები ვიყოთ. ამასთანავე, ჩვენ ვარსებობთ სულ. ქართულ პოლიტიკას ჰყავს ერთი მუდმივი შემადგენელი „რესპუბლიკური პარტიის“ სახით და ბევრი ცვლადი, იქნება ეს სახელისუფლებო თუ არა.

„რესპუბლიკელები“ იბრძოლებთ იმისთვის, რომ უმრავლესობაში მოხვიდეთ უმაღლეს საბჭოში?

ცალკე აღებული რესპუბლიკური პარტია, ისევე როგორც ცალკე აღებული „ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გამორიცხულია, რომ მოვიდეს უმრავლესობით აჭარის უმაღლეს საბჭოში. უმაღლესი საბჭო განწირულია კოალიციურობისთვის. 5-6 სუბიექტის კონკურენტუნარიანობა აშკარაა, აქედან პირველი სამი – „რესპუბლიკელები“, „ოცნება“ და „ნაციონალები“ გამოკვეთილია, მაგრამ როგორი იქნება რიგითობა, ეს დამოკიდებული იქნება საარჩევნო კამპანიაზე. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ „ოცნებაც“ დავამარცხოთ და „ნაციონალებიც“.

როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ფაქტობრივად, ვერც ერთ საკითხზე ვეღარ ხდებოდა შეთანხმება, რის გამოც პოლიტიკური პროცესი შევიდა ჩიხში. ხომ არ შეიქმნება იგივე ვითარება ახალ უმაღლეს საბჭოშიც, თუკი ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მოიპოვებს უმრავლესობას?

ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა, ეს წაადგა პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო უსკოს თავმჯდომარის არჩევნები, როცა ორჯერ ჩააგდო უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძის ორი კანდიდატი და კმაყოფილი ვარ, რომ ამაში ჩვენც ვმონაწილეობდით. სამომავლო კონფიგურაციას რაც შეეხება, არ არის მოსალოდნელი, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა. ამიტომ, ვისთან ერთად ვიქნებით ან არ ვიქნებით „რესპუბლიკელები“ კოალიციის შექმნის მცდელობაში, ეს დამოკიდებული იქნება ამომრჩევლის ნებაზე, თუ რა დოზით ვიქნებით ჩვენ ან სხვა სუბიექტები წარმოდგენილი საბჭოში.

როდის იწყებთ ოფიციალურად საარჩევნო კამპანიას და რა ფინანსურ რესურსს დახარჯავთ საარჩევნოდ?

ჩვენ არ ვართ ფულიანი პარტია და არც ვყოფილვართ. ძალიან ბევრჯერ გვქონია წარმატებები „რესპუბლიკელებს“ და ჩვენი ანგარიში სუფთა იყოს სულ. ამიტომ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები არ იქნება მაღალი, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქში ეს უფინანსობა განსაკუთრებულად არ დაგვეტყობა. დიდი ფული სჭირდება იმათ, ვისაც არ აქვს დიდი ნდობა. ივლისის ბოლოსთვის ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს თითოეული ოლქისთვის საქართველოს მასშტაბით, შემდეგ უკვე მთლიანად ვიქნები ჩართული უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com