ნეტგაზეთი • RU
sasamartlo

მოწმის ჩვენებიდან: პოლიციელმა ფოტოსურათი ამოცნობამდე გვაჩვენა

მოწმის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მას პოლიციელმა ფოტოსურათი ბრალდებულის ამოცნობამდე აჩვენა, საქმეში მთავარ მტკიცებულებას აბათილებს და პოლიციელის პასუხისმგებლობას აყენებს.

საუბარია 4 მარტს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სკვერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სადაც კახაბერ ტ. სავარაუდოდ დანით დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ა. ბრალს უარყოფს, მას პროკურატურა სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით ედავება.

„…4 მარტი იყო, ღამის 12 საათი, ეკლესიის წინ სკვერში ვიდექი, როცა კახაბერი მოვიდა და მითხრა, ჩემთან წავიდეთ, ყავა დავლიოთო.  წავედით თუ არა, იქვე კაცი მოვიდა, რომელმაც ჯერ გინება დაიწყო, მერე დანა დაარტყა კახაბერს,“ – მოუყვა მოწმე ნათია ჩ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მოწმის თქმით, ის თავდამსხმელს არ იცნობდა, მაგრამ მისი ფოტოსურათი პოლიციელმა იმავე ღამეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჩვენა: „კახაბერს დიდი ხანია ვიცნობდი, რესპუბლიკურში მივედი, საუბარი უჭირდა და მაგ დროს პოლიციელი მოვიდა, გაგვესაუბრა და ფოტოსურათი გვაჩვენა, ამას თუ იცნობთო. ვუთხარით, რომ არ ვიცნობდი“.

„ვისი ფოტოსურათი გაჩვენათ პოლიციელმა?“ – ჰკითხა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატმა თემურ მახაძემ. მოწმემ ხელი ბრალდებულისკენ გაიშვირა. მან ადვოკატს დაუდასტურა ისიც, რომ ის ამოცნობის პროცედურაზე პოლიციის მესამე განყოფილებაში შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ დაიბარეს, თუმცა არ ახსოვს, ვინ იყო პოლიციელი, ვინც მას და დაზარალებულს საავადმყოფოში ბრალდებულის ფოტოსურათი აჩვენა: „პოლიციის განყოფილებაში სამი მამაკაცის სურათი გვაჩვენეს, მეორე ნომერი იყო ეს, ვინც ახლა ჩემ წინ ზის“.

„ამოცნობა არის არსებითი კანონდარღვევით ჩატარებული და ის დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიოს სასამართლომ“, – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობაში დეტალურადაა გაწერილი ამოცნობის წესები და ამომცნობისთვის მხოლოდ ერთი ამოსაცნობი პირის ფოტოსურათის წინასწარ ჩვენება კანონის უხეში დარღვევაა: „ამოცნობის დროს არანაკლებ სამი პიროვნება უნდა წარედგინოს ამომცნობს. ამასთანავე, დაუშვებელია ამომცნობისთვის წინასწარ მითითება ამოსაცნობი პირის ნიშან-თვისებების შესახებ. ამოცნობა ფოტოსურათით მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუკი ამოსაცნობი პირის ადგილსამყოფელი ვერ დგინდება, იძებნება და ასე შემდეგ. ამ წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. რაც შეეხება პოლიციელის პასუხისმგებლობას, ეს საგამოძიებო ორგანოს რეაგირებაზეა დამოკიდებული“.

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩვენებას მისცემს თავად დაზარალებული კახაბერ ტ., რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. ბრალდებულის ადვოკატის, თემურ მახაძის თქმით, ამოცნობის ოქმია სწორედ საქმეში მთავარი მტკიცებულება. დაზარალებულმა და ორმა მოწმემ ბრალდებულს დაადეს ხელი ამოცნობის დროს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგი ა.-ს ჯარიმის გადახდა ელოდება და გამასწორებელი სამუშაო ექვს თვემდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი