მთავარი,სიახლეები

საჯარო მოხელე, რომელმაც სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა

21.07.2016 • 2109
საჯარო მოხელე, რომელმაც სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა

ყოფილი საჯარო მოხელე თემურ ბეჟანიძე სასამართლოში სამსახურში აღგენას მოითხოვს. ის ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში მუშაობდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს.

„უფლება მქონდა, მიღებული გადაწყვეტილება შემეცვალა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ ბეჟანიძე. მან მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სააგენტოს უფროსს უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლა სურდა და შვებულება მოითხოვა: „განცხადება დავწერე და მივუთითე, რომ 18 დღით შვებულებაში გავიდოდი, 19-ში დავბრუნდებოდი და შემდეგ დავტოვებდი სამსახურს. ეს იყო ჩემი პირობა.“

ამ პირობას ადასტურებს გიგა ჩხეიძეც, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი: „ის გავიდა შვებულებაში და რადგან მისი სურვილი იყო გათავისუფლება, მე ეს აღვასრულე და დავწერე გათავისუფლების ბრძანება 5 აპრილს. ის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხელი მეშლებოდა, ამიტომ 15-ში ავიყვანე მის ნაცვლად ახალი თანამშრომელი, ოღონდ იმ პირობით, რომ 19-ში ამოქმედდებოდა დანიშვნის ბრძანება მაშინ, როცა თემურ ბეჟანიძის შესახებ გათავისუფლების ბრძანება შევიდოდა ძალაში“.

თემურ ბეჟანიძე 18 აპრილს სამსახურში დაბრუნებულა და უთქვამს, აღელვებული ვიყავი, აღარ მინდა სამსახურიდან წასვლა, შვებულების პერიოდი ამომეწურა და მეც დავბრუნდიო. „გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე ჩაბარებული მქონდა, მაგრამ იქ ეწერა, რომ 19-დან ამოქმედდებოდა ბრძანება. შესაბამისად, დაბრუნების უფლება მქონდა“, – მიიჩნევს თემურ ბეჟანიძე.

სააგენტოს ხელმძღვანელობამ ყოფილი თანამშრომელი უკან აღარ დააბრუნა: „გავიარე კონსულტაციები იურისტებთან და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ძალიან მაინტერესებს მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, აუცილებლად გავასაჩივრებ“, – გვითხრა გიგა ჩხეიძემ.

„როცა ტოტალური უმუშევრობის ფონზე ადამიანი საკუთარი ნებით ტოვებს სამსახურს, ამ დროს მეტი გულისხმიერებით უნდა სწავლობდეს დაწესებულების ხელმძღვანელი, რა არის რეალურად განცხადების საფუძველი“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას იხსენებს, როცა მოსამართლე ნათია წკეპლაძემ მსგავს სიტუაციაში მიიჩნია, რომ პირადი სურვილით დაწერილი განცხადების დაკმაყოფილება მხოლოდ განცხადების ტექსტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დაწესებულების ხელმძღვანელი უშუალოდ განცხადების დამწერის ჩართულობით და მონაწილეობით უნდა არკვევდეს, რამდენად რეალურია გათავისუფლების სურვილი. „ეს ფაქტობრივი გარემოებები კარგად ჩანს შემდეგ, როცა სასამართლო დავა იწყება. ამიტომ სამსახურის უფროსი გათავისუფლების ბრძანების დაწერამდე უნდა არკვევდეს განმცხადებლის რეალურ მოტივაციას. მით უმეტესს, ამ შემთხვევაში, ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ ის განაწყენებული იყო და აღელვების ნიადაგზე დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
ჯაბა ანანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: