მთავარი,სიახლეები

გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

25.07.2016 •
გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ გონიოში მცხოვრები 60 მოქალაქე სასამართლოში სარჩელს დღეს, 25 ივლისს, 5 საათზე შეიტანს. ისინი საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი. 2010 წელს ამ ოქმით გონიოში 271 ოჯახს ის მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, რომელიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, წინასაარჩევნოდ დაურეგისტრირეს.

გონიოელების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. ორგანიზაციის შეფასებით, საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილება არის აბსურდული და ის სამართლებრივ შედეგს ვერ მოიტანს: „ამის მაგალითია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე რამდენიმე გონიოელის მიმართვა საჯარო რეეესტრისთვის. რეესტრმა მათ უპასუხა, რომ მიწის დარეგისტრირებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე არაოფიციალუარდ ეუბნება გონიოს მკვიდრებს, ნახაზები და ორთოფოტოები წარმოადგინეთო. ეს არ ხდება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ საკრებულო პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურებას ცდილობს“, – ამბობს “ბათუმელებთან” ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.

ანა ბერძენიშვილის შეფასებით, საკრებულოს არ სჭირდებოდა 4 წელი იმის სათქმელად, რომ ვერ იმსჯელებს შემთხვევებზე, რაც უკვე განიხილა სასამართლომ: “ასევე საკრებულოს კომისიამ ამ გადაწყვეტილებით გონიოელებს უთხრა, ვისაც მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაქვთ, მიმართეთ საჯარო რეესტრსო. გაურკვეველია, რას ნიშნავდა კომისიის ეს მოწოდება, როცა ცნობილია, რომ საკუთრების აღიარებამდე გონიოელებს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული მიწის ნაკვეთები”.

გონიოელები სასამართლოში საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც კომისიამ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს თითოეული შემთხვევა.

საკრებულოს 27 ივნისის გადაწყვეტილებამდე გონიოელები საპროტესტო აქციებს მართავდნენ ბათუმის საკრებულოს შენობასთან. 22 ივნისს გონიოელების საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან პოლიციამ უკანონოდ დაშალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: