მთავარი,სიახლეები

გონიოელებმა მორიგეობა ბათუმის საკრებულოს შენობასთან დაიწყეს

14.06.2016 • 2178
გონიოელებმა მორიგეობა ბათუმის საკრებულოს შენობასთან დაიწყეს

გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს. ისინი არ აპირებენ დაშლას, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია სხდომას არ გამართავს და გონიოს მიწების საკითხს არ განიხილავს. საკრებულოს წინ გაშლილ ლეიბებზე გაწოლილი რამდენიმე გონიოელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შიმშილობასაც დაიწყებენ.

„საკრებულოს წევრებისგან ვერ მივიღეთ პასუხი, გვატყუებენ. ირაკლი ჭეიშვილიც დამპირდა, რომ მაისის ბოლომდე იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. პატიოსანი კაცი მეგონა, მაგრამ მის პატიოსნებასაც გაუვიდა ვადა” – მიმართა საკრებულოს მეგაფონიდან ენვერ ირემაძემ, გონიოს მკვიდრმა.

გონიოელები საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომის გამართვას 2014 წლის ნოემბრიდან ელოდებიან, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ დასკვნა დადო. დასკვნის მიხედვით, 479 ოჯახიდან 307-ისთვის ქონების ჩამორთმევის მართლზომიერების საკითხი ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა შეისწავლოს. ამ კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილია. ის ირაკლი მიქელაძესთან ერთად [გონიოს მაჟორიტარი ბათუმის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე] გონიოელებს საჯაროდ მიმდინარე წლის 2 მარტს შეხვდა, მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ. მაშინ კინწურაშვილმა შეკრებილებს უთხრა, რომ სადავო მიწა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის და 8 თვის განმავლობაში ამ უწყებასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. კომისიის თავმჯდომარე აქციის მონაწილეებს იმ პირობით დაემშვიდობა, რომ უახლოეს დღეებში კომისია შეიკრიბებოდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა.

რატომ ვერ შეასრულა საჯაროდ გაცემული პირობა ბათუმის საკრებულომ და განსაკუთრებით – საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ? – კითხვაზე პასუხი საკრებულოდან ჯერ არავის გაუცია. საკრებულოს პრესსამსახური კომენტარს დღის ბოლომდე დაგვპირდა.

იმავე 2 მარტს, როცა საკრებულოს წევრებმა აქციის მონაწილეები დაპირებით გაისტუმრეს,  საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა: „მთავრობაში განიხილება ამ მიწებისთვის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსის მინიჭება. ამ პროცესში ჩართულია  მთავრობის ეკონომიკური საბჭოც. ქონების მართვის სააგენტოსგან ჩვენ სწორედ ამ პოზიციის გაგებას ვცდილობდით: უბრუნებდენ თუ არა საკუთრებას ამ ხალხს? ან მეორე შემთხვევაში – თუკი სტრატეგიული გახდება ეს მიწები, მაშინ სხვა მიწის ნაკვეთს, ან კომპენსაციას მიიღებს თუ არა ის, ვისაც მიწა ნამდვილად უკანონოდ ჩამოართვეს“.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ენვერ ირემაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პასუხიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც სასამართლო დაინტერესებულია საქართველოს მთავრობის პოზიციის გაგებით საქმეზე „ენვერ ირემაძე საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლო იმედოვნებს, რომ მთავრობა მოქალაქესთან მორიგებას მოახერხებს. მიმართვა მხარეებს მიმდინარე წლის იანვარში ჩაბარდათ. ირემაძე ამბობს, რომ მისთვის მთავრობას არაფერი მიუწერია.

რამდენიმე გონიოელს უკვე აქვს საერო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკუთრების საკითხი საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს. ენვერ ირემაძის ინფორმაციით, ბათუმის საკრებულომ ეს გადაწყვეტილებაც საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და თავი აარიდა საქმის ხელახლა განხილვას.

საპროტესტო აქციაზე გონიოელებმა საქართველოს დროშასთან ერთად გამოიტანეს ევროკავშირის, აშშ-ს და პარტია “ქართული ოცნების” დროშები. “ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით არც ერთ მხარეს. ვიზალიბერალიზაციასაც ეს ადამიანები უშლიან ხელს, სწორედ იმიტომ, რომ დაუცველია საკუთრების უფლება” – განმარტავს ენვერ ირემაძე.

IMG_0014

IMG_0021

IMG_0019

IMG_0017

გადაბეჭდვის წესი


ასევე: