არასრული მონაცემებით, მარტო ივნისში, სტიქიის გამო აჭარაში ზარალი მილიონ ლარზე მეტია

8 ივლისს განვითარებული წყალდიდობებისა და მეწყერული პროცესების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ქედის მუნიციპალიტეტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმოადგენლებმა, 2016 წლის ივნისის თვეში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ მონაცემები წარადგინეს.  თანხა საერთო ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ქედის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიშით, ივნისის თვეში ზარალი 108 868 ლარია, აჭარის საგზაო დეპარტამტის მიერ დათვლილი ზარალი კი 1 157 000 ლარს შეადგენს. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, სხვა უწყებების  მსგასვსი ანგარიში ჯერ არ წარუდგენიათ.

სპეციალურად შექმნილი კომისიები, აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ბათუმშიც, გუშინ განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალსაც ითვლიან.

აქცია მახალაკიძეებში – მოსახლეობა გეოლოგიურ დასკვნას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

105 ოჯახი მათი საცხოვრებელი ადგილების დეტალურ გეოლოგიურ შესწავლას და შესაბამისი დასკვნის გამოქვეყნებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ შეჩერდეს ჰესებისა და გვირებების მშენებლობა.

ანალოგიური მოთხოვნებით, პერიოდულად, საპროტესტო აქციები მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებშიც იმართება.

აქცია მახალაკიძეებში - ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია მახალაკიძეებში – ფოტო: როინ გუნდაძე

სტიქია აჭარაში – ევაკუირებული 6 ოჯახი და 180 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე

აჭარაში სტიქიის შემსწავლელი სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგებს ადგილზე შეისწავლის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ჯინჭარაძის ინფრომაციით, ამ დროისთვის მოსახლეობას შუახევში შეუძლია შემოვლითი გზით ისარგებლოს, რადგან ხიდების აღდგენა, რომლებიც სტიქიის დროს მდინარემ წაიღო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ექვსი ოჯახი და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 180 ოჯახს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მთავრობის ინფრომაციით, ყველა სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

გუშინ, 8 ივნისს ყველაზე ძლიერი მეწყრული და სტიქიური პროცესები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ცხემვანას ხიდი ხულოში, ასევე დროებით აღდგენილი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში. ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

სტიქიის ზონაში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

შავი ზღვის ჯაზფესტივალში მონაწილეთა სასტუმროში განთავსებაზე ტენდერი არ შედგა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შავი ზღვის ჯაზფესტივალში მონაწილეთა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფაზე 4 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. სამინისტრომ გამარტივებული ტენდერი გუშინ, 8 ივლისს, ხელახლა გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შავი ზღის ჯაზ-ფესტივალში მონაწილე პირების განთავსება (საუზმით) საერთაშორისო ბრენდის (4 ან 5 ვარსკვლავიან) სასტუმროში ზღვისპირა ზოლზე ქ. ბათუმში, ცენტრალურ ნაწილში:

ლუქსის ტიპის ერთადგილიანი ნომერი (One-bedroom Suite)
21.07 დან 25.07.2016 (4 ღამე) – 1 ერთეული;
22.07 დან 25.07.2016 (3 ღამე) – 1 ერთეული;
23.07 დან 25.07.2016 (2 ღამე) – 2 ერთეული.

ლუქსის ტიპის ერთადგილიანი ნომერი ზღვის ხედით (Executive Sea View room Single)
21.07 დან 25.07.2016 (4 ღამე) – 1 ერთეული.

სტანდარტული ერთადგილიანი ნომერი (Guestroom single)
21.07 დან 25.07.2016 (4 ღამე) – 3 ერთეული;
23.07 დან 25.07.2016 (2 ღამე) – 6 ერთეული;

ლუქსის ტიპის ერთადგილიანი ნომერი(Executive Room Single)
22.07 დან 25.07.2016 (3 ღამე) – 2 ერთეული;
23.07 დან 25.07.2016 (2 ღამე) – 5 ერთეული;
23.07 დან 25.07.2016 (2 ღამე) – 8 ერთეული.

ლუქსის ტიპის საპრეზიდენტო ნომერი(Presidental Suite)
23.07 დან 25.07.2016 (2 ღამე) – 1 ერთეული.

ზემოაღნიშნულ მომსახურებაში სამინისტრო მაქსიმუმ 42 ათას 372 ლარს გადაიხდის.

მის ლორინ ჰილი, მეისი გრეი, The Prodigy და სხვები წელს შავი ზღვის მეათე ჯაზფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ფესტივალი 15-24 ივლისს ბათუმში გაიმართება. შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში კონცერტები 7 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 20 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში [ძირითადი სცენა] ჩატარდება.

შს მინისტრი აჭარაშია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარაში იმყოფება. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, დაგეგმილია მინისტრის ჩასვლა სტიქიის ზონაში.

8 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წყალმოვარდნები და მეწყერი განვითარდა. ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ხელვაჩაურსა და ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი შედარებით მცირეა. ყველაზე ძლიერი მეწყრული და სტიქიური პროცესები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ცხემვანას ხიდი ხულოში, ასევე დროებით აღდგენილი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში. ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები ითვლიან. ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყერი, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა.“

შსს მინისტრი და აჭარის მთავრობის წევრები დღეს შუახევის მუნიციპალიტეტში ჩავლენ. მინისტრის აჭარაში ვიზიტსა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ამავე თემაზე:

სოფელ უჩამბაში რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია

ბათუმი-ქობულეთის გზაზე გვირაბთან მოძრაობა აღდგენილია

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა

დატბორილი ქუჩები ბათუმში [ფოტო]

 

ანთაზ ქიქავა და მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორობის კანდიდატებად

დღეს, 8 ივლისს, დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია.

ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ანთაზ ქიქავა დარეგისტრირდა.

ანთაზ ქიქავა მონაწილეობდა 2015 წლის 16 მარტის ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. მაშინ აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევა ვერ მოახერხა და არჩევნები გადაიდო.

ანთაზ ქიქავამ აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

მერაბ ხალვაში ამჟამად ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, იგი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა წინამორბედმა – ყოფილმა რექტორმა,
ალეკო ბაკურიძემ ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2016 წლის 18 ივლისს, 15 საათზე ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა პირველი ივლისიდან 8 ივლისს 17 საათამდე შეეძლოთ.

ბსუ-ს რექტორს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ირჩევს 4 წლის ვადით.

43 წლის ტარიელ მიქელაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა

43 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, ტარიელ მიქელაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული ოპერაცია. ტარიელ მიქელაძე ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„ბათუმელებს“ დახმარების თხოვნით ტარიელ მიქელაძის ოჯახის წევრებმა მიმართეს. მათი თქმით ტარიელ მიქელაძე ორი წლის განმავლობაში საქართველოში არასწორი დიაგნოზით მკურნალობდა – იტარებდა ქიმიოთერაპიებს და სხვადასხვა კურსებს.

საბოლოო დიაგნოზი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ანალიზების გადაგზავნის შემდეგ მიიღო – სოლიტარული პლაზმოციტომა [ლეიკემია]. რაც საჭიროებს ძვლის ტვინის სასწრაფო გადანერგვას. ტარიელ მიქელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოჯახს საკმარისი რესურსები ოპერაციისათვის არ გააჩნია და მთელი თანხა რაც მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლების დახმარებით შეაგროვეს ამ ორი წლის განმავლობაში დახარჯეს კვლევებსა და მკურნალობაში.

ნათესავების თქმით, ტარიელ მიქელაძის მამამ შვილის მდგომარეობა იმდენად განიცადა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გახდა მისი მოთავსება საჭირო. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ტარიელის მეუღლესაც.

ტარიელ მიქელაძე დახმარების თხოვნით მიმართავს სხვადასხვა ორგანიზაციებს, მოქალაქეებს და ყველას ვისაც შეუძლია: „გთხოვთ გამიხანგრძლივოთ სიცოცხლე და ჩემს ოჯახს ნუ დამატოვებინებთ ობლად“, – წერს ის ერთ-ერთ წერილში.

ანგარიში გახსნილია სს „საქართველოს ბანკში“
ანგარიშის ნომერი:
GE8BG0000000559288200

მდინარე პატარა ჩაქვის კალაპოტი გაიწმინდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მდინარე ჩაქვის კალაპოტი გაწმენდილია.

დღეს უხვი ნალექის მოსვლის შედეგად მდინარე პატარა ჩაქვი ადიდდა, მდინარეში დამონტაჟებული მილები შლამით ამოივსო, რამაც მილების გამტარიანობის შეზღუდვა გამოიწვია.

შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მობილიზებული იქნა სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფების მიერ გაიწმინდა მდინარის ფსკერი. არხში არსებული ყველა მილი ამ ეტაპზე გამტარიანია.

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა

დღეს მოსული უხვი ნალექის გამო, მეწყერი განვითარდა სოფელ ქვედა მახუნცეთში მალხაზ ნიგალიძის საცხოვრებელ სახლთან და სოფელ დანდალოში იაშა არძენაძის საკარმიდამო ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე საათით ადრე, მეწყერი განვითარდა სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთანაც.

ასევე დაზიანდა დაბა ქედაში 35-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, თუმცა ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია აღდგენილი.

მეწყერული პროცესების გამო გზებია ჩაკეტილი დანდალო-ტაკიძეების მიმართულებით (სოფელს აქვს ალტერნატიული გზა) და სოფელ კოკოტაურში ძანაძეების უბანში.
ქედაში ამ დრომდე წვიმს.


მეძიბნის ხიდი

 



ოქტომბრის ხეობა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე გვირაბთან მოძრაობა აღდგენილია

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე არსებულ გვირაბში მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, ქალაქში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ბათუმი-ქობულეთის გზაზე, მახინჯაურში, გვირაბთან კი ჩამოწვა მეწყერი, ჩახერგილი იყო გზის მცირე ნაწილი, რის გამოც გარკვეული დროით გზაზე გადაადგილება შეიზღუდა.

სოფელ უჩამბაში რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეექმნა შუახევში, უჩამბის ხეობაში მცხოვრებ 320 ოჯახს. შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უჩამბაში – ევაკურებულია 4–5 ოჯახი –  “დილის ცხრა საათიდან, რამდენიმე საათი გადაუღებლად წვიმდა, რამაც გამოიწვია მდინარის გუდნისწყალის ადიდება, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და წაიღო ჩვენს მიერ 28 ივნისის სტიქიის შემდეგ აგებული დროებითი ხიდი, რის გამოც 320 ოჯახი ახლა ალტერნატიული შემოვლითი გზით სარგებლობს. ამჟამად 5 სოფელთან დაკავშირება მაღალი გამავლობის ავტომანქანებით შესაძლებელია. ელექტრო ენერგია ამჟამად ყველას მიეწოდება” – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

გარდა ამისა, წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ქიძინიძეებში – ”ამჟამად მაქვს ინფორმაცია რომ სოფელ ქიძინიძეებში მეწყერი ჩამოწვა და საფრთხეს უქმნის ერთ საცხოვრებელ სახლს, სამაშველო ბრიგადა მუშაობს ადგილზე” – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი ჩატარდა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი დასრულდა. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა და მერიის სამსახურებმა, ქალაქში არსებული ვითარება განიხილეს. ბოლო მონაცემებით კვლავ დატბორილია ლერმონტოვის ქუჩის ერთი მონაკვეთი [მერიის შენობასთან] და ასევე ბაგრატიონისა და ყოფილი შაუმიანის ქუჩების კვეთა.

„ძირითადი პრობლემა შეგვექმნა ქალაქის შემოსასვლელში, სანიაღვრე წყლებდმა გადაკეტეს სანიაღვრე ცხაურები, ცხაურები იქნა გათავისუფლებული ხისა თუ ფოთლების ნარჩენებისგან, რომლებიც სანიაღვრე სისტემაში არ იყო მოხვედრილი. ეს იყო ძირითადად რესტორან “მეგრულ-ლაზურთან” ქალაქის შემოსასვლელში [მახინჯაური], მერე ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები ჩაქვში, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურთან [ბოტანიკური ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე] და იქაც მოგვარდა პრობლემა. ძირითადი პრობლემა სანიაღვრე წყლებისა გვქონდა ისევ მაიაკოვსკის ქუჩაზე [ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია], ასევე ბაგრატიონისა და ყოფილი შაუმიანის ქუჩების კვეთა, სადაც საცხოვრებელი სახლები თითქმის გზის სავალი ნაწილის დონეზე დაბლა არის“ – თქვა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმი-ქობულეთის გზაზე გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

დასავლეთ საქართველოში, დღეს დილიდან მოსული უხვი ნალექის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, მახინჯაურის გვირაბთან ახლოს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით დაზარალებულები არ არიან, ჩახერგილია გზის მცირე ნაწილი.

ამ წუთებში ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უხვი ნალექი მოვიდა ბათუმშიც. ბათუმის მერიის ცნობით დატბორილია შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, ს. ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთები.

 

ძლიერი წვიმის შედეგად მახინჯაური დაიტბორა [ფოტო]

უხვი ნალექის გამო მახინჯაური დაიტბორა.

ბათუმის მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“.

ბათუმის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22“


(1)

რეზი ბოლქვაძის ფოტოები.

ძლიერმა წვიმამ მაიაკოვსკის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტები დატბორა

ძლიერი წვიმის გამო დღეს ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მაიაკოვსკის ქუჩაზე წყალი სავაჭრო ობიექტებშიც შევიდა. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ქალაქში რამდენიმე ქუჩაა დატბორილი. ბათუმში ამ წუთებშიც წვიმს.

ბათუმის მერიაში დღეს 15 საათზე სპეციალური ბრიფინგია ჩანიშნული.

13624720_1109997879073404_1631967367_n
13607889_1109997945740064_728991223_n ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა / როინ გუნდაძის ფოტოები

 

ტურიზმის დეპარტამენტი: ივლისში 22 მიმართულებიდან ბათუმისკენ 300-ზე მეტი ავიარეისი შესრულდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი –  ივლისის თვეში 22 მიმართულებიდან ბათუმისკენ 300-ზე მეტი ავიარეისი განხორციელდება.

ფრენები ძირითადათ დაგეგმილია თურქეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ანხორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air, თელავივიდან,  შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან,  ყაზახეთის 6 ქალაქიდან და  კიევიდან.

2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავიარეისი განხორციელდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34,9%-იან მატებას გულისხმობს (2015 წელი იანვარ – მაისი 584 ავია რეისი). რაც შეეხება ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობას იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 54 429 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 32,95%-იანი ზრდაა.

ბათუმის მერია: ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმის მერია ფეისბუქგვერდზე განცხადებას აკეთებს.

მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“.

„უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიაღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა. მიუხედავად ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, ს. ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის ქუჩების მცირე მონაკვეთები. თითოეულ შემთხვევაზე განხორციელდა სწრაფი რეაგირება, პრობლემურ მონაკვეთებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ ცხელ ხაზის ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

დღეს, 15 საათზე, ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირია დანიშნული.

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი., შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ათილლა ა. ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 ა.62 მუხლით, მეჰმეთ ალი ი.-ს კი ბრალი ედება თაღლითობაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 157/1 და158/1 მუხლებით.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ბათუმში მდებარე კაზინო „კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, კაზინო ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს, თავად კი გაურკვევლობაში არიან და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ.

„იანვრის შემდეგ ხელფასებს ნორმალურად არ გვიხდიდნენ. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ აგვიღია. ყველას განსხვავებული ხელფასი გვაქვს, ამასთან, ზოგს 1200 დოლარი, ზოგს 4 ათასი და 6 ათასი დოლარიც კი აქვს ასაღები. არიან ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც წავიდნენ კაზინოდან და თანხა მათაც ასაღები აქვთ. როცა დაკეტეს კაზინო, გვითხრეს,რომ ოთხ დღეში გაიხსნებოდა, თუმცა დღემდე არ გახსნილა. გავიდა ერთ კვირაზე მეტი, ვურეკავთ დირექტორს –  გიორგი ჯაფარიძეს და არ გვპასუხობს. დღეს დამელაპარაკა და 27 ივლისამდე მოითმინეთ, შემდეგ დავიწყებთ მუშაობას, დაამშვიდეთ თანამშრომლებიო“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეა  გაფრინდაშვილი, რომელიც „კამპიონეში“ სლოტის სუპერვაიზერად მუშაობს.

სამორინე „კამპიონეს“ თანამშრომლები
სამორინე „კამპიონეს“ თანამშრომლები

გაურკვევლობაში მყოფი თანამშრომლები [მათივე თქმით, ისინი 50-ზე მეტნი არიან] ამბობენ, რომ სამორინეს ლიცენზია 28 ივლისამდე აქვს:  „27 ივლისამდე იმიტომ უნდათ ჩვენი გაჩერება, შემდეგ გამოაცხადებენ ბანკროტს და არათუ სამუშაო ადგილები, რაც ასაღები გვაქვს კუთვნილი ხელფასის სახით, იმასაც დავკარგავთ. ალბათ, ეს უნდათ… ამიტომ, თუ კონკრეტულ პასუხს ადმინისტრაციისგან ვერ მივიღებთ, უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს“.

თანამშრომლები ეჭვობენ, რომ კაზინო აღარ გაიხსნება: „როგორც ყველგან, „კამპიონეშიც“ დგას სხვადასხვა ფირმის აპარატები. ამ ფირმების წარმომადგენლებიდან ვიცით, რომ ეს აპარატები უნდა გაიტანონ და გადასცენ იჯარით სხვებს, შესაბამისად, თუ კაზინოში არ დგას აპარატები და მაგიდები, ბუნებრივია კაზინო ვერ იმუშავებს“.

„კონტრაქტებსაც არ გვაძლევენ თანამშრომლებს. ზოგს აქვს, ზოგს არა. ხელფასს ვიღებდით ხელზე, ისიც, თვეში ხან 200, ხან  300 ლარს მოგვცემდნენ და ეგ იყო, ვითმინეთ ვიღაცის ხათრით, რაღაცით და ბოლოს გამოგვყარეს და დაკეტეს კაზინო. ისიც კი გვითხრეს, სადაც გინდათ გვიჩივლეთო“ – ამბობენ „კამპიონეს“ თანამშრომლები.

შენობაში, რომელიც ახალ ბულვარში მდებარეობს, ამჟამად ბარი ფუნქციონირებს. „ბათუმელები“ შეეცადა სამორინეს ხელმძღვანელებთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა.

„კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, სამორინეს შპს „სსგ კომპანია“ ამუშავებს. 2016 წლის აპრილიდან ამ კომპანიის დირექტორია გიორგი ჯაფარიძე. კომპანია 2015 წლის 16 იანვარსაა დაფუძნებული და მისი 100% წილის მფლობელია ივანე ჩიღვინაძე. კომპანიის მთლიანი წილი დაგირავებულია და რეესტრის ამონაწერის მიხედვით კრედიტორები „საქართველოს ბანკი“ და გოჩა მეგრელიძე არიან.

„სსგ კომპანიის“ მესაკუთრე ივანე ჩიღვინაძე, რომელიც დაკავებული იყო  2011 წელს [სსსკ-ის 187-ე, 353-ე და 118-ე მუხლების გათვალისწინებით], სასამართლომ „ბურჯანაძის მძღოლების საქმეზე“ გაასამართლა. იგი ბურჯანაძის პარტიის წევრი და მისი თანაშემწე იყო. ივანე ჩიღვინაძე პოლიტპატიმრის სტატუსით იმ სიაშიც იყო შეყვანილი, რომელიც 2012 წელს პარლამენტს წარუდგინეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, ივანე ჩიღვინაძე ფიგურირებდა ასევე კაზინო „აჭარასთან“ დაკავშირებულ დავაში. გავრცელებული ინფორმაციით მან კაზინო „აჭარას“ 2009 წელს გაცემული სესხის დაუბრუნებლობის გამო უჩივლა, სასამართლომ კი, 2013 წელს, კაზინო „აჭარას“ ჩიღვინაძის სასარგებლოდ 2,5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

„კამპიონეს“ თანამშრომლები ამბობენ, რომ „ივანე ჩიღვინაძე წელს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და ახლა ჩვენი საქმის გახმაურება არ აწყობს“.

სამორინე „კამპიონე“
სამორინე „კამპიონე“

რაც შეეხება ტერიტორიას, სადაც „კამპიონეს“ შენობა დგას, ის ბათუმის მერიის საკუთრებაა. ტერიტორია 2011 წელს გადაეცა როლანდ პაიჭაძეს სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით. შემდეგ, 2012 წელს კი ხელშეკრულების მხარედ პაიჭაძის ნაცვლად განისაზღვრა შპს „აზარდო“, რომელსაც დაევალა შენობის დასრულება. ინვესტიციის გაზრდის სანაცვლოდ კი, ბათუმის მერიამ გაათავისუფლა კომპანია პირგასამტეხლოს გადახდისგან, თუმცა დამატებით გადასცა იქვე მდებარე ნაკვეთები.

საბოლოოდ, 2012 წელს, შპს „აზარდო“-ს 2040 წლის 17 ივნისის ჩათვლით ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით და სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ბათუმის საკუთრებაში არსებული: 618კვ/მ და  78 კვ/მ მიწის ნაკვეთები და წლიური აღნაგობის საზღაურად განისაზღვრა 17 500 ლარი.

„აზარდოს“ პარტნიორები საჯარო რეესტრის 2016 წლის 6 ივნისის ამონაწერის მიხედვით, არიან უკრაინის მოქალაქე სერგიი მესჩერიაკი [წილის 50%] და თორნიკე ტუღუში [50%].

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორია შპს „აზარდოს“ იჯარით აქვს გადაცემული შპს „სსგ კომპანიისთვის“ 2020 წლამდე. სამორინე „კამპიონე“ ბათუმში დაახლოებით ერთი წლის წინ გაიხსნა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ქალაქის ბიუჯეტში „სსგ კომპანიას“ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემდეგ არ გადაუხდია.

„კამპიონეს“ ჩათვლით, ბათუმში 11 კაზინო ფუნქციონირებდა.

„იაფი სახლის“ პროგრამა ახალი სახელით და კრიტერიუმების სამუშაო ვერსიით

7 ივლისს ბათუმის მერიაში პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის წარდგენა-განხილვა მოეწყო.

პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ „იაფი სახლის“ პროგრამის ახალი სახელწოდებაა. კრიტერიუმებისა და შერჩევის ინსტრუმენტის შემუშავებაზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი მუშაობდა მერიის დაკვეთით. განახლებული სახელწოდებით წარმოდგენილი პროგრამისათვის კრიტერიუმები პროგრამის სპეციალური კომისიის წევრებს იაგო კაჭკაჭიშვილმა და მამუკა ნადარეიშვილმა წარმოუდგინეს.

„პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის ის ნაწილი, ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ, საშუალო ფენად, რათა საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეძლოს ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორიც არის ადეკვატური საცხოვრებლით დაკმაყოფილება“, – აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნები ასე გამოიყურება:

  • კრიტერიუმების თანახმად ოჯახში, რომელსაც სურს „ხელმისაწვდომი საცხოვრებლის“ პროგრამაში მონაწილეობა, ყველა წევრი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
  • ცვლილებაა შესული კრიტერიუმში, რომლის თანახმადაც ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო ბათუმში – ახალი ვერსიის მიხედვით, პროგრამით სარგებლობის მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრი მაინც იყოს რეგისტრირებული ბათუმში, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
  • ოჯახს არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან/და კომერციული ფართობი 10 კვადრატულ მეტრზე დიდი ზომის.
  • ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი არ უნდა ეკუთვნოდეს ოჯახის უფროსის ბებიას/ბაბუა/მშობელს/შვილს/შვილიშვილს.
  • ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.
  • ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მინიმალურ ყოველთვიურ გადასახადზე მინიმუმ ორჯერ მეტი.
  • ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
    ორსულიანი ოჯახის – 1800 ლარს;
    სამსულიანი ოჯახის – 2400 ლარს;
    ოთხ და მეტსულიანი ოჯახის – 3000 ლარს.
  • თუ ოჯახი ამჟამად ქირით ცხოვრობს, ეს ქირა არ უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური ყოველთვიური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტი.
  • თუ ოჯახი გირაობს საცხოვრებელს, მაშინ გირაობის თანხა არ უნდა იყოს „ხელმისაწვდომი საცხოვრებლის“ პროგრამით გათვალისწინებული ბინის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტი.
  • ოჯახი უნდა ეთანხმებოდეს პროგრამის პირობებს.

წარმოდგენილი სამუშაო ვერსიის თანახმად ერთ და ორსულიან ოჯახს 37 კვ.მ. ფართობის ბინის შეძენა შეეძლება, 3-4 სულიან ოჯახს – 56-58 კვ.მ-ის, ხოლო ხუთ და მეტსულიან ოჯახს – 73 კვ.მ. ფართობის ბინის შეძენა შეეძლება, თუ კი ის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და სარეიტინგო ქულების კონკურსში გაიმარჯვებს. სარეიტინგო ქულები 0-85 000 ითვლება და რაც უფრო მაღალი ქულა ექნება აპლიკანტს, მით მეტი შანსია რომ იგი შეძლებს პროგრამაში ბინის შეძენას.

სარეიტინგო ქულები სამი ინდექსით დაითვლება: გადახდისუნარიანობა, ბინის საჭიროების ინდექსი და გამფილტრავი კომპონენტი. გამფილტრავი კომპონენტი წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი მინიმალური მოთხოვნების არსებობა-არარსებობას. თუ კი რომელიმე მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს აპლიკანტი, მაშინ ეს ინდექსი ნულს გაუტოლდება და ფორმულაში ნულზე გამრავლებით შესაბამისად აპლიკანტი 0 ქულას მიიღებს. ხოლო თუ აპლიკანტი ყველა მინიმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ეს ინდექსი 1-ის ტოლი იქნება.

თითოეული ინდექსი სხვადასხვა კოეფიციენტით ითვლება:

გადახდისუნარიანობა –  ოჯახის ჯამური შემოსავალი; ოჯახში დასაქმებულ წევრთა რაოდენობა; სტაბილურად დასაქმებულ პირთა რაოდენობა; კომუნალური გადასახადების გადახდისუნარიანობა; ქირით ცხოვრების შემთხვევაში გადახდის სტაბილურობა. [საბანკო დავალიანების შემთხვევაში მისი გადახდის სტაბილურობა, პერიოდი და მოცულობა].

ბინის საჭიროების ინდექსი – საჭიროების შეფასება; უბინაობის დამატებითი წლები [რამდენი წელია უბინაოდაა აპლიკანტი – უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტს, რომელიც უფრო მეტი წელია უბინაოდ ცხოვრობს]; პირობების ცალსახად მისაღებებობა; ბათუმში რეგისტრაციის დამატებითი წლები; ოჯახში მკვეთრად და ზომიერად გამოხატული შშმ წევრის ყოლა; ახალდაქორწინეული ოჯახი; სხვადასხვა სპეციალური კატეგორიის მქონე [მაგ: ვეტერანი წევრი ოჯახში, მარჩენალდაკარგული და ა.შ.]; ამჟამინდელი საცხოვრისის მდგომარეობა; ქირით ცხოვრების შუალედი.

კომისიამ 25 ივლისისთვის დაგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა და განხილვა. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს ვერსია დამტკიცების შემთხვევაში ოპტიმალურია ამ პროგრამისათვის: „პილოტირებაც მოვახდინეთ და ამან აჩვენა, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კრიტერიუმები და შერჩევის ინსტრუმენტი რეალურად მუშაობს, ჩვენ იდეალური ოჯახი გვყავს, ხუთსულიანი, რომელმაც ამ კრიტერიუმებით 82 000 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობენ ოჯახები, რომლებიც შეძლებენ ამ პროგრამით სარგებლობას და მათ გამოსავლენად ეს კრიტერიუმები მუშაობს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ამავე სამუშაო ვერსიით ბინის ქირის გადახდა ბენეფიციარებს მინიმალური ყოველთვიური შენატანით 15 წლის განმავლობაში მოუწევთ. ერთ და ორსულიანი ოჯახისათვის ეს თანხა 189 ლარია.

ბათუმის მერია ე.წ. „იაფი სახლის“ შესახებ 2014 წლიდან საუბრობს, თუმცა პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მერიის ინფორმაციით, ე.წ. „იაფი სახლის“ სამშენებლო სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. 3 174 კვმ ტერიტორიაზე ხუთსართულიანი სახლი აშენდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთლმოწყობა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 279 ათას 990 ლარია გამოყოფილი. ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა. სახლის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

?

?

20160707_150520

ამავე თემაზე:

“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

ხულო, სოფელი თხილვანა წვიმის შემდეგ [ფოტო]

ბოლოდროინდელმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა თხილვანას, ბაკი-ბაკოსა და მთისუბნის დამაკავშირებელი სამანქანო გზა დააზიანა. ამ დროისთვის სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.

სოფელი თხილვანა. ადიდებულმა წყალმა სამ სოფელთან მისასვლელ გზაზე, ამ ადგილას არსებული სახიდე ნაგებობა დაანგრია
სოფელი თხილვანა. ადიდებულმა წყალმა სამ სოფელთან მისასვლელ გზაზე, ამ ადგილას არსებული სახიდე ნაგებობა დაანგრია
თხილვანა. ზედა და ქვედა თხილვანას დამაკავშირებელი ეს ლითონის ხიდი 2006 წლის შემდეგ ამ მდგომარეობაშია
თხილვანა. ზედა და ქვედა თხილვანას დამაკავშირებელი ეს ლითონის ხიდი 2006 წლის შემდეგ ამ მდგომარეობაშია
თხილვანა. საცალფეხო გზა
თხილვანა. საცალფეხო გზა
თხილვანა. საცალფეხო გზა
თხილვანა. საცალფეხო გზა
თხილვანა
თხილვანა
თხილვანა
თხილვანა
თხილვანა. მთის მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და გზაზე მიედინება
თხილვანა. მთის მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და გზაზე მიედინება
ხიდი, რომელიც 2006 წელს ჩაინგრა
ხიდი, რომელიც 2006 წელს ჩაინგრა / თხილვანა / 7.07.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

ბათუმში ენმ-ს აქტივისტები საპატრულო პოლიციამ დაკითხა

ენმ-ს ადვოკატის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ენმ-ს აქტივისტები ბათუმის საპატრულო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორვ უშანგი მიქელაძემ თქვა, ქენან კახიძეს, ბაქარ ბარამიძესა და ზაზა ტარიელაძეს უწყება გუშინ, 6 ივლისს მიუვიდათ. მათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- მუხლების დარღვევას ედავებიან, 3 ივლისს სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით [როცა სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და მას ერთ-ერთმა პირმა ფეხსაცმელი ესროლა. ეს პიროვნება იმ დღესვე დააკავეს].

„სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არის ასეთი პრაქტიკა, რომ როდესაც პიროვნება ჩადის წვრილმან ხულიგნობას ან პოლიციას უწევს წინააღმდეგობას, თუ ეს გაქცევით არ მთავრდება, დაკავება ყოველთვის ხდება ადგილზე, იმ მომენტში, მაგრამ ეს როგორც ჩანს, ახალი პრაქტიკაა. ახლა ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე ედავებიან. დაკავებულები არ არიან და არც მოხდება ეს, რადგან ადგილზე უნდა დაეკავებინათ. ახლა უკვე სასამართლოს პრეროგატივაა გადაწყვიტოს, ჩათვლის თუ არა მათ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად“, – ამბობს უშანგი მიქელაძე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით“.

როდის დაიწყება დაზიანებული გზის რეაბილიტაცია შუახევში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხიჭაური-ზამლეთის მონაკვეთი, სადაც ხშირად მოძრაობს ჰესის მშენებელი კომპანიის მძიმე ტექნიკა, დაზიანებულია.

გზა დაბა შუახევთან
გზა დაბა შუახევთან

შუახევის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, ხიჭაური-შუახევის მონაკვეთი დაზიანებულია თითქმის მთლიანად,  ხოლო გზის შუახევი-ნენიის მონაკვეთი ნაწილობრივ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოსულები იყვნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს აზომვითი სამუშაოები. ჩემი ინფორმაციით, შუახევის დაბის 800-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება ამ თვის ბოლოსთვის, ხოლო ხიჭაური-შუახევის მონაკვეთის ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩატარდება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ედნარ შარაშიძემ. 

ხიჭაური
ხიჭაური

მისივე თქმით, „ჰესების კომპანიების მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საგზაო დეპარტამენტსა და კომპანიებს შორის არის ხელშეკრულება და ისინი ამ დროისთვის მხოლოდ ნაწილობრივ შეაკეთებენ გზებს. გზები ნაწილობრივ კი კეთდება, მაგრამ მაინც ზიანდება“.

 

ამავე თემაზე:

ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია ქუვეითის ფონდის სესხით

ტურიზმი აჭარის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში, ზებურ ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო უკვე მერვე წელია ტურისტებს მასპინძლობს. ზებურის სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი არ არის, სადაც უცხოელი თუ ქართველი ტურისტები ჩადიან. აჭარის სოფლის საოჯახო სასტუმროებში დღე-ღამე 15-150 ლარი ღირს, სერვისის მიხედვით.

ზებურ ბოლქვაძემ აგროტურიზმის შესახებ პირველად 2005 წელს მონტენეგროში ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაიგო: „იქ როგორც მოყვარული მეფუტკრე ვიყავი წასული, თუმცა როცა ამ დარგის შესახებ ვიდეო ვნახე, გეგმები შემეცვალა და გადავწყვიტე ჩემს სოფელში მეცადა ამ მიმართულებით ბიზნესი“, – ამბობს ზებურ ბოლქვაძე. მან საკუთარ სახლში მოაწყო რამდენიმე ოთახი, დაგეგმა ტურები და 2008 წელს პირველ სტუმრებს უმასპინძლა.

ბიზნესი USAID-ის გრანტით – 4 800 დოლარით დაიწყო, თუმცა ეს თანხა მხოლოდ პროექტის 30%-ს ფარავდა, დანარჩენი თანხა თანადაფინანსება კი თავად მას ეკუთვნოდა. მან ბიზნესი გასულ წელს კიდევ უფრო გააფართოვა პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და დამსვენებლებს „გურმანტური“ შესთავაზა: „5000 ლარით დამაფინანსეს, დიდი სამზარეულო მოვაწყვე, 70-მდე ადამიანი დაეტევა. ტურისტებს ძალიან მოსწონთ კერძების მზადების პროცესში მონაწილეობა. მე კარგად არ ვარ ჩახედული ამ მიმართულების მენეჯმენტის საკითხებში, თუმცა მგონია, რომ სამზარეულოს ღვინოზე არანაკლები პოტენციალი აქვს“, – აღნიშნა საოჯახო სასტუმრო „ზებოს“ მფლობელმა და დასძინა, რომ გასულ წელს 300-მდე სტუმარი ჰყავდა, მათი უმეტესობა გერმანიიდან იყო, თუმცა მანამდე უკრაინელები და პოლონელები ჭარბობდნენ. ბიზნესი საოჯახოა და გურმანტურის მთავარი მზარეულიც ზებურ ბოლქვაძის მეუღლეა. ბიზნესში ჩართულები არიან თანასოფლელებიც – ახალგაზრდები როცა საჭირო ხდება, თარჯიმნობას უწევენ, თუმცა ტურისტულ ჯგუფებს ძირითადად თარჯიმანიც ახლავთ.

„გურმანტურის“ გარდა ზებურ ბოლქვაძე ტურისტებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. მაგალითად, თუთუნის საჭრელ დაზგასთან თამბაქოს დაჭრისა და გამზადების პროცესში მონაწილეობას, ასევე არყის გამოხდასა და დაგემოვნებას, სეზონზე მარწყვის პლანტაციაში მოსავლის აღებაში მონაწილეობას და სხვა აქტივობებში ჩართვას. როგორც ზებური ამბობს, ტურისტებს მაინც ყველაზე მეტად მაინც კერძების მომზადების პროცესში მონაწილეობა მოსწონთ: „განსაკუთრებით ყველის მზადების პროცესში იღებენ ხოლმე მონაწილეობას“.

ფასები „ზებოს“ დამსვენებლებისთვის ბოლო სამი წელია უცვლელია – სამჯერადი კვება და ღამისთევა ერთ ადამიანზე – 50 ლარი. დამატებითი სერვისები ცალკე ხარჯია, თუმცა როდესაც კორპორაციული ჯგუფები სტუმრობენ, გურმანტურის თანხას ცალკე არ ახდევინებენ. გეგმაში ზებურ ბოლქვაძეს ტურისტებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობა აქვს, სადაც აჭარული კერძების მომზადებას ისწავლიან. „თუმცა ამ ეტაპზე ფიზიკურად არ არსებობს უცხო ენაზე გამოცემული აჭარული კერძების რეცეპტები, რაც ცალკე ცოდნას მოითხოვს. ვნახოთ, იქნებ ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მოვახერხოთ ამის ორგანიზება“, – ამბობს ზებურ ბოლქვაძე. მას წელსაც აქვს განაცხადი შეტანილი დამატებითი გრანტის მოსაპოვებლად ბიზნესის გაფართოებისთვის.

ზებურის წამოწყებამ თანასოფლელებსაც მისცა ბიძგი. როგორც თავად იხსენებს, როდესაც შეჰქონდა განაცხადი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თანასოფლელებს არ სჯეროდათ, რომ დააფინანსებდნენ და ამიტომ თავად არ სცადეს. წელს კი რამდენიმე მათგანმაც შეიტანა განაცხადი და გობრონეთიდან უკვე ხუთ პროექტზე ელოდებიან პასუხს: ზოგიერთს სამზარეულოს გახსნა უნდა, ზოგიერთს – „გესთჰაუსის“ მოწყობა.

საოჯახო სასტუმროს ბიზნესით მეორე წელია დაკავებულია ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიხაძირის მკვიდრი დარიკო გაბაიძეც. როგორც თავად იხსენებს, პირველად ორი წლის წინ მოიყვანეს ბიზნესმენებმა ტურისტები და სოფლის მოსახლეობას მათი ღამისთევისთვის თანხა შესთავაზეს: „ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ოთახები მოგვეწყო. ჩვენი ხარჯებით მოვაწყვეთ. თავიდან ორი საწოლი გვქონდა, შემდეგ – ოთხი, გასულ წელს – ექვსი და წელს უკვე რვა სტუმრის მიღება შეგვიძლია ერთდროულად“, – ამბობს დარიკო გაბაიძე. მისი თქმით, გასულ წელს თუ სულ 60-მდე დამსვენებელს უმასპინძლა, წელს უკვე ოცამდე სტუმარი ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი. ამის მიზეზად საოჯახო სასტუმროს მფლობელი კმაყოფილ სტუმრებს ასახელებს, რომლებიც მათთან დასვენების შემდეგ ავრცელებენ ინფორმაციას და ასევე ფეისბუქჯგუფს, რომელიც სეზონის დასაწყისში შექმნა: „აი, დღეს მყავდა კანადელი სტუმრები, რომლებიც ფეისბუქის საშუალებით დაგვიკავშირდნენ, ჯერჯერობით ტურისტული ცენტრების მიერ გამოგზავნილი სტუმარი არ გვყოლია“.

დარიკო გაბაიძესაც აქვს შეტანილი განაცხადი დაფინანსების მოსაპოვებლად. ამბობს, რომ თანხა გასაფართოვებლად და კეთილმოწყობისთვის სჭირდება.

მათ საოჯახო სასტუმროში ღამისთევა 15-20 ლარიდან იწყება, ამას ემატება კვებისა და სხვადასხვა მომსახურების ფასები, რაც შეიძლება 150 ლარამდე ავიდეს: „აქ შედის ყველაფერი – კვება, კერძების მომზადების პროცესში მონაწილეობა, ტური სოფელში, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა, მაგალითად, შეიძლება შეშის დაჩეხვის სწავლაც ითხოვონ, ყველაფერი აინტერესებთ სოფელში, ხალხის ცხოვრება, მეურნეობის დარგები… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერში დავეხმაროთ“.

როგორც დარიკო ამბობს, ყველაზე მეტად ტურისტებს რძის ჰალვის მომზადების პროცესში მონაწილეობა და დაგემოვნება მოსწონთ, რაც, მისივე თქმით, საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

ნოე ნაგერვაძე მაჭახელას ხეობაში ცხოვრობს, ის ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობს, რომლებიც ტურისტების ჯგუფებს გზავნიან. როგორც იგი ამბობს, მის სასტუმროში ღამისთევით ტურისტები იშვიათად რჩებიან, მხოლოდ სამზარეულოსა და გიდის მომსახურებით სარგებლობენ. ღამისთევა აქ 10-15 ლარი ღირს: „მესამე წელია ვცდილობთ საქმის აწყობას, ამას ბიზნესს ვერ დავარქმევთ, შემოსავლით ოჯახის რჩენა შეუძლებელია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ განვითარდება და საქმე წინ წაიწევს. გასულ წელთან შედარებით, მაგალითად, წელს უფრო მეტი დამსვენებელია, ძირითადად უკრაინელები, ლატვიელები და პოლონელები“, – ამბობს ნოე ნაგერვაძე. ის საკუთარი ხელით ამზადებს სუვენირებს – მაჭახელას თოფს, ზოგიერთს ჩუქნის, ზოგიერთი ტურისტი კი – ყიდულობს.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობენ, თუმცა ტურისტული ცენტრების ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მათი რაოდენობა მიმდინარე წელს გაორმაგებულია. მათივე ინფორმაციით, უფრო და უფრო მეტი ტურისტები ითხოვს სოფლებში საოჯახო სასტუმროებში დასვენებას, სადაც უშუალოდ ეცნობიან სოფლის მოსახლეობის ცხოვრებას, კულტურას და მონაწილეობას იღებენ სამეურნეო თუ სხვა ტიპის აქტივობებში.

ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემას ტურისტულ მარშრუტებზე აქტივობების სიმცირე წარმოადგენს: „ტურისტი რომ მიდის ამ გზაზე, მას გარდა ხედებისა და კერძების დაგემოვნებისა, უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა აქტივობა, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ზიპლაინი [თოკით გადაადგილება სიმაღლეზე – ექსტრემალური გართობისს სახეობა], ნავებით გასეირნება და ა.შ. რაც უფრო საინტერესოს გახდის ტურს. ამ ეტაპზე ამაზეც ვმუშაობთ“, – ამბობს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნათია ზოიძე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც ტურისტების გზამკვლევშია შეყვანილი, აჭარის სოფლებში 35-მდე საოჯახო სასტუმროა. ყველაზე მეტი – 12 საოჯახო სასტუმრო ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

დისკუსია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე

ხვალ, 8 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოპოლიტიკა მწვავე კრიტიკის საგანია. მას უწოდებენ რეპრესიულს და მოითხოვენ მის შეცვლას ჰუმანური ნარკოპოლიტიკით, რომელიც იქნება არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე და მკურნალობაზე ორიენტირებული“- ნათქვამია შეხვედრის ორგანიზატორის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციაში.

ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, საჯარო შეხვედრაზე ისაუბრებენ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გიორგი სახოკია.

ლოდებით დატვირთული მანქანები ეზოსთან – „ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ?!“

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, მიქელაძეების ოჯახის ეზოსთან, მძიმე ტექნიკას ყოველ დღე ლოდები გადააქვს. მანქანიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მიქელაძეების ავტომობილი ორჯერ დააზიანა. ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე.

სოფელ ჭინკაძეებში მთას რესულ მიქელაძის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში აფეთქებენ. კლდიდან აფეთქების შედეგად ჩამოშლილი ინერტული მასალა მომპოვებელ კომპანიას სოფლიდან შიდა საუბნო გზის მეშვეობით გააქვს, საუბნო გზა კი რესულ მიქელაძის სახლის გვერდით, დაახლოებით ნახევარ მეტრში გადის. სახლსა და შიდა საუბნო გზას შორის არც დამცავი კედელია და არც მიქელაძეების ეზოა შემოსაზღვრული.

რესულ მიქელაძე ამბობს, რომ ლოდებით დატვირთული ავტომობილიდან ქვა ორჯერ ჩამოვარდა, ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

„ორჯერ ჩამოვარდა ქვა და ორჯერ დააზიანა მანქანა. მართალია, ავტომობილი შეაკეთეს, მაგრამ ადამიანი რომ ყოფილიყო იქ, არ ვიცით რა მოხდებოდა. არაერთხელ ვთხოვეთ კომპანიას გზის ამ ნაწილზე ან დამცავი კედელი მოეწყო, ან გადატანისას კონტროლი გაემკაცრებინა, მაგრამ ჩვენი თხოვნა არავინ გაითვალისწინა. ლოდებით დატვირთული ავტომობილი დღეში რამდენჯერმე გადაადგილდება, არავინ აკონტროლებს ტვირთი დასაშვებ ნორმაზე მეტი ხომ არ არის, ეს გზაც არ არის გამართული და იმისაც გვეშინია, გზა რომ ჩამოიშალოს, ლოდებით დატვირთული ავტომობილი სახლს არ დაეცეს. ქედის გამგეობას არაერთხელ ვთხოვეთ ყურადღება მოექცია ჩვენთვის, თუმცა არავინ გამოგვეხმაურა,“ – გვიყვება რესულ მიქელაძე.

რესულის მეუღლე, მზიური მიქელაძე დარდობს, რომ მალე საბავშვო ბაღი მოიხსნება და ბავშვების გაკონტროლება გაუჭირდება, სახლიდან ეზოში რომ არ გავიდნენ.

„ბავშვები საბავშვო ბაღში დადიან, საღამოს როცა გამოგვყავს, რამდენიმე საათს არ ვუშვებთ სახლიდან, მაგრამ როცა ბაღი მოიხსნება, მერე რა გვეშველება, არ ვიცით. სოფელში ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ. საშიშროება დიდია, იყო ქვების ჩამოვარდნის ფაქტი და ჩვენი თხოვნა, მოგვაქციონ ყურადღება, უსაფუძვლო არ არის,“ – ამბობს მზიური.

მიქელაძეების საცხოვრებელი სახლი გზასთან
მიქელაძეების საცხოვრებელი სახლი გზასთან

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ინერტული მასალის მოპოვება და მძიმე ტექნიკის გადაადგილების გაკონტროლება გარემოს დაცვის სამსახურის პრეროგატივაა, მსგავს კონკრეტულ შემთხვევებში კი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს უფლებამოსილება არ აქვს კერძო ქონების დაზიანების შემთხვევაში კომპანია დააჯარიმოს, ან კიდევ შეამოწმოს, მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას აჭარბებს თუ არა ტვირთის ოდენობა დასაშვებ ნორმას.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სულიკო სურმანიძე ოჯახებს ურჩევს, რომ მსგავს შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოს მიმართონ. ის აქვე დასძენს, რომ მისი სამსახური საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 119-ე მუხლით გაწერილ კონტროლს ახორციელებს.

„სამშენებლო ან სხვა მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომელსაც გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა აქვს, რაც გზის საფარის დანაგვიანებას ან დაზიანებას იწვევს, ჯარიმდება 300 ლარით, იგივე დანაშაულის განმეორებით ჩადენისას კი ჩამდენს 900 ლარით ვაჯარიმებთ. ჩვენს კომპეტენციაში ამის კონტროლი შედის, რაც შეეხება კერძო საკუთრების დაზიანებას, ასეთ შემთხვევაში დაზარალებულმა სამართალდამცავ ორგანოს უნდა მიმართოს,“ – ამბობს სულიკო სურმანიძე.

ინერტული მასალის მოპოვება სოფელ ჭინკაძეების მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა და მასალის მომპოვებელ კომპანია შპს „ბათუმმშენ ჯგუფს~ გზაც არაერთხელ გადაუკეტა მოთხოვნით – შეწყვეტილიყო სოფელში აფეთქებითი სამუშაოები და ინერტული მასალის გატანა სოფლის გზით. კომპანიამ ინერტული მასალის მოპოვებაზე ლიცენზია 2011 წელს შვიდი წლის ვადით მიიღო, მას 122 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვების უფლება აქვს.

სტატიის მომზადებისას „ბათუმელებმა“ კომპანიასთან დაკავშირება კომენტარისთვის არაერთგზის სცადა, თუმცა ამაოდ.

ოჯახური ძალადობა დედასა და ბებიაზე

„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა 29 წლის მინდია ქ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მინდიას პროკურატურა საკუთარი ბებიისა და დედის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც.

მინდიას ბებიას პოლიციაში 16 აპრილს საღამოს დაურეკავს. პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბებიამ აღნიშნა, რომ შვილიშვილმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სცემა. 21 აპრილს მინდია ქ.-ს მიმართ სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. გამოძიების მასალების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა იმ მისამართზე მისვლა, სადაც ბებია ცხოვრობდა, ბებიას მან კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა 8 მაისს. ამავე საღამოს მან დედასაც სცემა.

პროკურატურამ სასამართლოს მინდია ქ.-ს ბინის ჩხრეკის ოქმიც წარუდგინა. პოლიციელებს ბრალდებულის საძინებელში სამი ვაზნა უპოვიათ. კანონმდებლობის მიხედვით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას ემატება შემაკავებელი ორდერი, რომლით გათვალისწინებული ვალდებულებები მინდია ქ-მ დაარღვია.

„ჩვენ თანახმა ვართ საპროცესო შეთანხმებაზე. შევთავაზეთ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს,“ – ამბობს პროკურორი ლევან მურვანიძე. საპროცესო გარიგებისთვის კი, ბრალის აღიარება მთავარი პირობაა. პროკურორს ბრალდებულმა უთხრა, რომ ის ადვოკატს უკვე ესაუბრა და ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. მინდია ქ.-ს ინტერესებს სასამართლოში სახელმწიფო იურიდიული დახმარების ბიურო იცავს.

ბრალდებულმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ პროფესიით მეზღვაურია და ამჟამად უმუშევარი. სასამართლოს წინა სხდომაზე მინდია ქ.-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდეს, თუმცა ბრალდებულმა მისი გადახდა ვერ შეძლო და ის წინასწარ პატიმრობაში რჩება. სასამართლოს მომდევნო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენებებს მისცემენ ბრალდებულის დედა და ბებია. საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნა, რაც მათ სხეულებზე მიყენებულ მსუბუქ დაზიანებებს ადასტურებს.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა ბრა¬ლდებულის მეუღლე. მან „ბათუმელებთან“ გასაუბრებაზე უარი თქვა.

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები ნარკოლოგიურ შემოწმებას „სამხარაულში“ გაივლიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლება უსკომ სამხარაულის ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს მიანიჭა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია:

„მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიასთან ერთად უნდა წარუდგინოს ცნობა კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ კანდიდატი ჯანმრთელია, ან ნარკოტიკების მომხმარებელია;

პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის სააღრიცხვო ბარათთან და ფოტოსურათთან ერთად უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი უნდა იქნას ცნობა კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ კანდიდატი ჯანმრთელია, ან ნარკოტიკების მომხმარებელია;

კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების, პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის უფლება აქვთ, სამხარაულის ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში;

აღნიშნული დეპარტამენტი კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა, ვალდებულია უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარადგინოს წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების, პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატის შესახებ ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ კანდიდატი ჯანმრთელია, ან ნარკოტიკების მომხმარებელია და უმაღლესი საბჭოს არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება“.

პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმისთვის ძებნილი სარფში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 15 მაისიდან პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძარცვის ბრალდებით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ომარ ც. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ომარ ც.-მ 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას 17 მასრა ამოიღეს. პოლიციამ ნაძარცვი ავტომანქანა გურჯაანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ც.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,“- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მდინარის ადიდების გამო ხულოს სამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა

დღეს, 6 ივლისს, დილიდან, სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში [სხალთისა და ღორჯომის მიმართულებით] მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სოფლებია: ბაკი-ბაკო, მთისუბანი, ასევე ზედა და ქვედა თხილვანა.

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ქვემო თხილვანასთან გზა არის, თუმცა „ადიდებულმა წყალმა ხიდის მაგვარი ნაგებობა დაანგრია და მისასვლელი გზა ამ დროისთვის სამ სოფელთანაა ჩაკეტილი. სოფლებს ელექტროენერგია მიეწოდება, მობილიზებულია ტექნიკაც, თუმცა მდინარეში წყლის დონის მატების გამო სამუშაოების გაგრძელება ვერ ხერხდება. მეწყერი არსად განვითარებულა.“

გამგებლის თქმით, აღნიშნულ სოფლებში ამ წუთებშიც წვიმს.

28 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქედისა და შუახევის რამდენიმე სოფელს.

სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება – რეაგირებას პოლიცია მოახდენს

სახანანძრო სამსახური ბათუმის იუსტიციის სახლთან დღეს გამოიძახეს. ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურის ბრიგადას არც ხანძარი დახვდა და ვერც ის პირი იპოვეს, ვინც სახანძრო-სამაშველოს დახმარება სთხოვა. სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ცრუ შეტყობინებაზე რეაგირებას პოლიცია მოახდენს.

„ცრუ შეტყობინება, როცა ადგილზე გადის სამაშველო სამსახური, ისჯება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით, ხოლო სისტემატური ხასიათის შეძენის დროს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით” – ამბობს პაატა დიასამიძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციის” იურისტი.

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს სანქციას მაშინაც, როცა სამაშველო სამსახურს 112-ზე იძახებს არასრულწლოვანი. ამ შემთხვევაში 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება არასრულწლოვნის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

ბათუმის საკრებულოს დავალებები მერიას

ბათუმის საკრებულომ დღეს, 6 ივლისს გამართულ სხდომაზე, მერიას რამდენიმე დავალება მისცა. ერთ-ერთი – ქალაქში საცურაო აუზის მოწყობაა. ინიციატივა „თავისუფალ დემოკრატებს“ ეკუთვნოდათ და მას მხარი საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს.

„უმჯობესი იქნება თუკი აუზი მოეწყობა ქალაქის ცენტრალური ნაწილის და “ჭაობის” გსაგასაყარზე, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს“ – ამბობს კობა ჩხეიძე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიამ გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საცურაო აუზის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

მერიამ ასევე უნდა მოამზადოს რეგულაცია, რომელიც გახმაურებელი K2 კოეფიციენტის გამოყენებაზე შეზღუდვას დააწესებს [ამ კოეფიციენტის მიხედვით, ქალაქის ზონებში განსაზღვრული მშენებლობის სიმაღლე შესაძლოა გაზარდოს ზონალურმა საბჭომ კონკრეტული ფორმულით, ხოლო უსაზღვროდ შესაძლოა გაიზარდოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ეკონომიკის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით].

„რესპუბლიკელების“ ინიციატივით,  K2 კოეფიციენტის გამოყენების უფლება ბათუმში მხოლოდ მერიის ზონალურ საბჭოს და საკრებულოს ბიუროს უნდა შეეძლოს და საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს უფლება, რომელიც ქალაქის ზონის მიუხედავად, ნებისმიერი სიმაღლის შენობის აგების საშუალებას იძლევა.

„აქამდე ბათუმში ამ უფლებით მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სარგებლობდა და საერთოდ რეგულაციის გარეშეა დარჩენილი სიმაღლის კონტროლი. ჩვენ მოვითხოვეთ მერიამ მოამზადოს შესაბამისი პროექტი და საკრებულო იმსჯელებს“ – ამბობს “ბათუმელებთან” თემურ ყურაშვილი, ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე.

მშენებლობების კონტროლის კუთხით საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი დავალება მისცა მერიას. „არსებობს არაერთი შეუსაბამობა ადგილობრივ და ცენტრალურ კანონმდებლობას შორის, რაც მშენებლობას უკავშირდება. გაცემული ნებართვების ნაწილი უკანონო გამოდის. ჩვენ ვთხოვთ მერიას, შემუშავდეს ცვლილებათა პროექტი, რომელიც ამ ხარვეზს გამოასწორებს” – უთხრა „ბათუმელებს“ კობა ჩხეიძემ, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა. მის ამ ინიციატივას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

 

საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში – საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთჯერ.


საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას?

გამოკითხვა 2016 წლის 16 ივლისამდე გაგრძელდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გონიოს მიწებზე – გადაწყვეტილება ბუნდოვანია

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” შეაფასა. “კომისიამ მოქალაქეებს შეუქმნა ცრუ მოლოდინი იმისა, რომ შეამოწმებდა მათი საკუთრების უფლების გაუქმების კანონიერებას, სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად. მართალია, კომისიას მოცემული ვალდებულება პირდაპირ კანონმდებლობით  განსაზღვრული არ ჰქონდა,  მაგრამ იმის გათვალისწინებით,  რომ აღნიშული ადმინისტრაციული წარმოების მიზნად სწორედ 271 მოქალაქის განცხადების განხილვა წარმოადგენდა, კომისიას უნდა ემსჯელა თითოეულ განცხადებაზე ცალ-ცალკე.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბუნდოვანს უწოდებს. ორგანიზაციაში გამოთქვამენ ეჭვს, რომ გამოცემული ოქმი პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ახალ სასამართლო დავებს გააქტიურებს.

sakutrebis komisia
ბათუმის საკრებულო

საკუთრების უფლების აღიარების კომისია მერიას დაქვემდებარება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღეს, 6 ივლისს მიიღო. საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით, დაქვემდებარების შეცვლით კომისიის მუშაობაში არაფერი იცვლება და ეს მთავრობის განკარგულებასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის იყო აუცილებელი. საკრებულოს წევრებს ამ თემაზე კითხვა არ დაუსვამთ.

27 ივნისს, ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ ბათილად გამოაცხადა ხელვაჩაურის საკუთრების კომისიის ის ოქმი, რომლის მიხედვითაც, გონიოში 271 ოჯახს მიწის საკუთრების უფლება 2010 წელს ჩამოართვეს.

რას გეგმავს მერია ნურიგელის ტბის გადასარჩენად

„კვლევით დადასტურდა, რომ ტბას პრობლემას უქმნის დელფინარიუმიდან ჩამდინარე ზღვის წყალი. ამან გამოიწვია შედეგი, რაც გვაქვს,” – აღნიშნა ეკოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მერიაში მოეწყო. ბათუმის მერი რამდენიმე ექსპერტს და ამ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. გიორგი ერმაკოვის თქმით, ნურიგელის ტბის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ მერიას უნდა ჰქონდეს კონკრეტული დასაბუთება, რის გაკეთებაა საჭირო.

სპეციალისტების თქმით, თუკი სწრაფად არ მოხდება რეაგირება, ტბას რამდენიმე დღეში ლაყე კვერცხის სუნი ექნება. „ფსკერზე არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი აღაა დარჩენილი, ყველაფერი დანახშირებულია“- თქვა არჩილ გუჩმანიძემ.

tba 2სპეციალისტების განმარტებით, ტბას თავდაპირველად სანიაღვრე არხი უერთდებოდა, რომლის გადაკეტვის შემდეგაც, მტკნარი წყლის ეკოსისტემა წარმოიქმნა, რაც დელფინარიუმიდან შემოსულმა მლაშე წყალმა გაანადგურა. არჩილ გუჩმანიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დელფინარიუმიდან ზღვის წყლის ჩადინება ტბაში იყო დანაშაული. უპირველესი რეკომენდაცია, რაც სპეციალისტებმა გაააქტიურეს, დელფინარიუმის არხის ჩაკეტვაა, თუმცა მოახერხებს თუ არა ამას ტექნიკურად მერია, ჯერ უცნობია.

“ეს არის მოსაზრება, რაც მოვისმინეთ. თუკი მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, ტექნიკურად შესაძლებელია დელფინარიუმის წყალი ტბის ნაცვლად მიუერთდეს სანიაღვრე სისტემას და ზღვაში ჩავიდეს. ამ სისტემის მოწყობას ბუნებრივია დრო დასჭირდება” – ამბობს ბათუმელებთან” დავით ლეკვეიშვილი, ბათუმის დელფინარიუმის დირექტორი.

მერიამ მზადყოფნა გამოთქვა შეასრულოს სხვა რეკომენდაციები, როგორიაცაა ხელოვნური აერაცია, ანუ ტბის წყლის ჟანგბადით გამდიდრება და ტბაში თევზების გაშვება. სპეციალისტების მოთხოვნით, ასევე მკაცრად უნდა აკრძალოს თევზჭერა.

ბათუმის მერიამ დღვანდელ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ ტბას ამოტუმბავენ და ზღვაში ჩაუშვებენ. ასეთ შემთხვევაში, ტბა გრუნტის ახალი, ბუნებრივი წყლით შეივსება და არსებული ეკოსისტემა სრულად გაჯანსაღდება.

ამავე თემაზე: დელფინარიუმი: ტბას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, პრობლემა არ აქვს 

 

Exit mobile version