მთავარი,მთიანი აჭარა

ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია ქუვეითის ფონდის სესხით

28.06.2016 • 3638
ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია ქუვეითის ფონდის სესხით

დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე არსებული გზა უნდა გაფართოვდეს, რის გამოც რამდენიმე ოჯახი შესაძლოა აასახლონ. დეტალური პროექტი ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს განსახლების გეგმაც. ხულო-გოდერძის მონაკვეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ შემოთავაზებული სესხით დაფინანსდება.

ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე] არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთი [დაახლოებით 29 კმ] ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდება.

„გზის აღნიშნული მონაკვეთის პროექტირებაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რისი მოსამზადებელი სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ. როცა პროექტი გაკეთდება და გაირკვევა დაფინანსების საკითხიც, სამუშაოებზე, შემდეგ, ცალკე ტენდერი გამოცხადდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ზუსტ ვადას, როდის გამოცხადდება ტენდერი პროექტირებაზე, ვერ ასახელებენ. „რაც შეიძლება მალე“ – გვითხრეს დეპარტამენტში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, სოფლების გზისპირას მცხოვრებ ოჯახებს აუცილებლად მოუწევთ ასახლება ან მიწის ნაკვეთების ნაწილის დათმობა. მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული არ არის და არც განსახლების გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ჩასულა ჯერ ხულოში.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პრ­ოექტის [ლოტი 1: ხულო-გოდერძის მონაკვეთი] დასაფინანსებლად, სესხის მისაღებად, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან მოლაპარაკებებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ორი სამინისტრო – ფინანსთა და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები – მართავს. შესაბამისად, სესხის მოცულობა და პირობები, ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება.

გზა ხულოს მუნიციპალიტეტში. თედო ჯორბენაძის ფოტო

გზა ხულოს მუნიციპალიტეტში. თედო ჯორბენაძის ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ზამლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაციაც იგეგმება. საერთაშორისო ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი 28 მარტს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ დასახელდა. თუმცა შესყიდვების გვერდზე ხელშეკრულების ტექსტი ატვირთული დღემდე არ არის და არც სამუშაოებია დაწყებული.

„გიდასტურებთ, რომ ვართ ტენდერში გამარჯვებული და ჩვენი მხრიდან შესაბამის ხელშეკრულებაზეც ხელი მოწერილია,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხეს „ბლექ სი გრუპში“ კითხვაზე – თუ რატომ გაჭიანურდა ხელშეკრულების გაფორმება და როდის დაიწყებოდა სამუშაოები. კომპანიამ გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დეპარტამენტს 4 799 999 ლარად შესთავაზა.

„ხელშეკრულება გაფორმებულია კომპანიასთან. მას კიდევ სხვა ობიექტები აქვს აღებული, ამ დღეებში მოახდენს შესაბამისი ტექნიკის მობილიზებას ადგილზე და მალე ინტენსიურად დაიწყებს სხალთა-კვატიას მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – გვიპასუხეს გზების დეპარტამენტში.

დეპარტამენტში „ბათუმელებს“ გასულ წელს ისიც განუცხადეს, რომ მათი დაკვეთით ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთზე გერმანულ-ქართულმა საპროექტო ორგანიზაციამ შეადგინა რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაო-ტექნიური დოკუმენტაცია. პარალელურად, დაფინანსების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აზიის განვითარების ბანკთან. პროექტი მრავალმილიონიანია. სხვა დეტალები დეპარტამენტში არც მაშინ და არც ახლა არ დააკონკრეტეს.

რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის აჭარის მონაკვეთს [ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე], მაგისტრალი მნიშვნელოვნად ზიანდება მძიმეტონიანი ავტომანქანების გადაადგილების შედეგად, რომლებიც ჰესების მშენებლობას ემსახურებიან. გზაზე პასუხისმგებელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, ვიდრე ჰესების მშენებლობა არ დასრულდება, ამ მაგისტრალის კაპიტალური შეკეთება არ იგეგმება:

„შესაძლოა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაიდოს თანხა ამ მიზნით, მანამდე კი, ეტაპობრივად, საკუთარი ხარჯებით და ტექნიკით ვახდენთ დაზიანებული ადგილების დროებით შეკეთებას. ამჟამად, ორმული შეკეთება მიმდინარეობს ხულოს ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში კი დაბა შუახევში გზის არა ორმულ, არამედ უშუალოდ რეაბილიტაციას დავიწყებთ. შეკეთდება დამცავი კედლებიც“.

გზა ხულოს მუნიციპალიტეტში. თედო ჯორბენაძის ფოტო

გზა ხულოს მუნიციპალიტეტში. თედო ჯორბენაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: