კვირის ამბები

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის ოთხი კანდიდატი

09.03.2015 • 2393
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის ოთხი კანდიდატი

 

ბესიკ ბერიძე, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საჯარო მმართველოს პროგრამის ხელმძღვანელი: უნივერსიტეტში უნდა დამკვიდრდეს ახალი საგანმანათლებლო სტანდარტი. სწავლისა და სწავლების პროცესის სიმძიმის ცენტრი უნდა გადავიდეს სტუდენტზე. უნდა დამკვიდრდეს აკადემიური თავისუფლება, ამისთვის საჭიროა სწავლებისა და კვლევის ჰარმონიზაცია. სტუდენტს უნდა ჩამოვუყალიბოთ კვლევის ელემენტარული უნარ-ჩვევები, სტუდენტი აუცილებლად უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებას, შეხედულებებს.
მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას რაც შეეხება, ეს თანამედროვეობის მოთხოვნაა და თავისთავად საჭიროა სიახლეები. უნივერსიტეტში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ სტუდენტს ჰქონდეს გონივრული მოტივაცია და ეს მოტივაცია მას უნდა ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელმა აზროვნებამ. თუკი ადრე ჩვენ ლექციებს ვუკითხავდით და კონსპექტს ვაკეთებინებდით, ახლა სტუდენტმა თავად უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად წიგნთან. სტუდენტი სწავლების ობიექტი კი არ უნდა იყოს, არამედ სუბიექტი და თავად უნდა გადაწყვიტოს ბევრი რამ.


ანთაზ ქიქავა
ანთაზ ქიქავა

ანთაზ ქიქავა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი: მთავარი, რის გამოც უნდა ამირჩიონ, არის ის, რომ მე მაქვს უნივერსიტეტში მუშაობის დიდი გამოცდილება. მიმუშავია ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, კარგად ვიცნობ უმაღლეს სკოლას, სასწავლო პროცესს. ბუნებრივია, მეცნიერი ვარ და ვიცნობ სამეცნიერო მუშაობას. აქედან გამომდინარე, გავბედე, რექტორობის კანდიდატი ვყოფილიყავი. 

ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება სტუდენტი და პროფესორი. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ რექტორით დაწყებული, ლაბორანტით დამთავრებული, ყველა იქნება დამხმარე პერსონალი და ყველა პირობას შევქმნი მუშაობისთვის. სტუდენტს უნდა შეექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ ისწავლოს და ლექტორს იმის პირობა, რომ ასწავლოს კარგად.
სწორი მარკეტინგი მოგცემს შესაძლებლობას, რომ ახალ-ახალ სიმაღლეზე გავიდეს უნივერსიტეტი. ვინც იქნება ბეჯითი და კარგი სტუდენტი, მოვძებნი იმის სახსრებს, რომ წახალისების ახალი ფორმები შემოვიტანო. აქტიურად ვიმუშავებ გაცვლით პროგრამებზე, რომელიც მთავარი კომპონენტია.

 

მანუჩარ ლორია
მანუჩარ ლორია

მანუჩარ ლორია, ასოცირებული პროფესორი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი: მე ვარ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე და ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდების ბათუმის საგამოცდო ცენტრის უფროსი. 1994 წლიდან ბათუმის უნივერსიტეტთან ვარ დაკავშირებული, ვიყავი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, ასპირანტი, მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი და პროფესორი. შესაბამისად, მაქვს როგორც მეცნიერული, ასევე ადმინისტრაციული გამოცდილება. ყველაზე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს რამდენიმე სეგმენტში. ეს არის ელექტრონული უნივერსიტეტი, რაც თავის დროზე საზღვაო აკადემიაში დავიწყე და შევძელი არა ერთი ამ ტიპის პროგრამა შემექმნა, რომელიც უნივერსიტეტის მართვის შემთხვევაში არის მომგებიანი. თუ აკადემიური საბჭო ამირჩევს, ეს მალე გაკეთდება. სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია იქნება ელექტრონული, ასევე სასწავლო პროცესის მართვის პორტალი, რომელთანაც ბევრი ნიუანსია სტუდენტებთან დაკავშირებული და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს და ბევრ ევროპულ უნივერსიტეტშია დანერგილი.

 

სტუდენტებს ხელმისაწვდომობა ექნებათ ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც მათ შეეხებათ. უწყისი, შედეგები, საგამოცდო განრიგი, სწავლების ცხრილები, სილაბუსები და სალექციო კურსები, საგრანტო პროგრამები და სტუდენტის გამოკითხვა – ყველაფერი ეს იქნება ერთ სისტემაში და ამ ადამიანებს არ მოუწევთ სხვადასხვა დეკანატში და ოთახში სირბილი. ბოლო ათი დღე ვიმყოფებოდი ლატვიაში, სადაც კიდევ ერთხელ გადავამოწმე, თუ როგორ მუშაობს ეს ელექტრონული სისტემა.

 

ხარისხის პოლიტიკაც იქნება უზრუნველყოფილი და ორი დონის მექანიზმი დაინერგება. ასევე, ის ბარიერი, რომელიც არის დღეს დაწესებული, არის ძალიან მაღალი. ჩვენ ბარიერები კი არ უნდა ავწიოთ, არამედ უნდა გამოვასწოროთ სწავლის პროცესი. პოლიტიკა შემუშავებული გვაქვს სამეცნიერო სფეროს განვითარებაზეც. უნდა დაფუძნდეს უნივერსიტეტის საგრანტო ფონდი, რომლის მიმართულება იქნება საუნივერსიტეტო გამოცემები და კვლევები, სასწავლო მასალების გამოცემა, ვიდეო და აუდიომასალების გაკეთება და დაფინანსდება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო პროექტებიც.


როსტომ ბერიძე
როსტომ ბერიძე

როსტომ ბერიძე, ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სრული პროფესორი:  ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმის დეპარტამენტზე მიღწეულ იქნა ის, რომ ასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთის და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება უნივერსიტეტის რებრენდინგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ პიარის ყველა მოთხოვნას, რასაც ვიყენებდით ტურიზმის ფაკულტეტისთვის: ის ცნობადი გახდა – პირველ ადგილზეა ეროვნულ გამოცდებში მითითების რაოდენობით.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ის, რომ განვამტკიცებთ ურთიერთობას ბიზნესსექტორთან, დამსაქმებლებთან, გვაქვს საბაზრო პირობებთან ადაპტირებული პროგრამები, კარგად ვიცით, ჩვენი სტუდენტები როგორ დავასაქმოთ.
ქვაკუთხედი ჩემი საქმიანობის იქნება ის, რომ სტუდენტს შევუქმნათ ყველა პირობა ცვალებად გარემოში მიაღწიოს წარმატებას. ამისთვის უკვე გვაქვს კარგი ურთიერთობა ბიზნესთან. ვიცით, რომელ სპეციალობებზეა მოთხოვნა და როგორი კომპეტენციები უნდა გააჩნდეთ სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ. ყურადღება ექცევა უცხო ენის კარგ სწავლებას და შანსი აქვთ სტუდენტებს დასაქმდნენ საბუღალტრო და სხვა პოზიციებზე.

ამ ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში მუდმივად იყო დასაქმებული ათი უცხოელი ლექტორი და ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: