კვირის ამბები

რას გეგმავს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

08.04.2015 • 1470
რას გეგმავს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

მერაბ ხალვაში
მერაბ ხალვაში

ბატონო მერაბ, რა შეიცვალა წინა არჩევნების შემდეგ, რატომ გადაწყვიტეთ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

ამის ძირითადი მიზეზი ალბათ მაინც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი იყო, რომელმაც მე მთხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან რექტორის ბოლო არჩევნებს მთელი ეს პერიპეტიები მოჰყვა. ამ ნაბიჯის გადადგმამდე ბევრი ვიფიქრე, გავაანალიზე ყველა ნიუანსი და გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა, რადგან უნივერსიტეტის ინტერესი, ჩვენი თანამშრომლების ინტერესი დავაყენე ყველაზე მაღლა.

 

თქვენი უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, რას მიიჩნევთ უნივერსიტეტის სუსტ მხარედ და რას ისახავთ პირველ მიზნად?

უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის დიდი სტაჟი გამაჩნია, 2005 წლიდან 2011 წლამდე ვიყავი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტის დეკანი, 2011 წლიდან 2015 წლის 31 მარტამდე ვიყავი ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. აი, ამ სამსახურის ძირითადი ფუნქცია იყო სწორედ მონიტორინგი, შეფასება სასწავლო და სამეცნიერო პროცესებისა, რომელიც ძირითადად სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გამოკითხვის გზით ხდებოდა. ყველა ის პრობლემა, რაც უნივერსიტეტში იყო, ჩემთვის  ნათელია, შესაბამისად, ეს გამიადვილებს მუშაობას ამ პრობლემების დაძლევის თვალსაზრისით. რაც შეეხება პირველ მიზანს, ჩვენ დავასრულებთ სამუშაოებს, რომლებიც მიმართული იყო აბიტურიენტების მოზიდვის თვალსაზრისით და შემდგომ უკვე უნივერსიტეტის მთელი რესურსი დაიწყებს მუშაობას მოახლოებული აკრედიტაციის პროცესზე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, განაწილდება ფუნქციები და ყველაფერი გაიწერება კონკრეტულ დროში. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული რესურსის ჩართულობით, ამ სირთულეს უნივერსიტეტი წარმატებით გადალახავს.

 

უნივერსიტეტის რესურსისა და შეზღუდული დროის გათვალისწინებით, სხვა რა ცვლილებებს გეგმავთ უნივერსიტეტში?

ამ პერიოდში უნივერსიტეტში არანაირი სტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელდება, ვგულისხმობ ისეთ ჩარევებს, რაც უნივერსიტეტის რყევებს გამოიწვევს, რადგან ამის დრო ახლა არ არის და ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი სირთულეები გვაქვს გადასალახი – აკრედიტაცია და ავტორიზაციასთან დაკავშირებული პროცესები.

სხვა გეგმებს რაც შეეხება, ეს არის უპირველესად თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესების მართვის თვალსაზრისით. ეს იქნება აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანა. გარდა ამისა, არის რიგი საკითხებისა, რომელთა მოგვარებაც, ბუნებრივია, ამ ერთი წლის მანძილზე შესაძლებელი იქნება. ორშაბათიდან მშვიდ ვითარებაში განახლდება სასწავლო პროცესი, ორშაბათსვე ჩვენ გევქნება შეხვედრა ფაკულტეტების დეკანებთან და ალბათ უკვე კონკრეტულად ჩამოვყალიბდებით, თუ რა საკითხები იქნება გადასაჭრელი ეტაპობრივად.

 

გასულ წლებში უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში იყო მთავრობის ღიად ჩარევის ფაქტები, რამდენად თავისუფალი იყო სამთავრობო რეკომენდაციებისა თუ კეთილგანწყობისგან წლევანდელი არჩევნები?

ვფიქრობ, აბსოლუტურად თავისუფალ და დემოკრატიულ პრინციპებზე დაურდნობით ჩატარდა ეს არჩევნები და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ჰქონდა უფლება, თავისუფლად გამოეხატა თავისი აზრი.

 

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენდამი მთავრობის სიმპათიამ განაპირობა ის, რომ ამომრჩეველმა თქვენ მოგცათ ხმა?

ვერ დაგიდასტურებთ ასეთ რამეს, თუმცა ვფიქრობ, მთავრობის ხელშეწყობა და დახმარება უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: