Batumelebi | რექტორის არჩევნები მაისში გაიმართება რექტორის არჩევნები მაისში გაიმართება – Batumelebi
RU | GE  

რექტორის არჩევნები მაისში გაიმართება

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები მაისში გაიმართება. დღეს, 16 მარტს გამართულ რექტორის არჩევნებში კი გამარჯვებული არ გამოვლინდა.  აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელსაც დღეს უნივერსიტეტის რექტორი უნდა აერჩია, 11 საათზე დაიწყო. აკადემიური საბჭოს რვა წევრი ხუთი საათის მანძილზე უსმენდა რექტორობის ექვს კანდიდატს. სხდომის დასაწყისში რექტორობის მეშვიდე კანდიდატმა, ბესიკ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის განვითარების საკუთარი გეგმა წარუდგინეს.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისათვის ირაკლი ბარამიძე, მარინე გიორგაძე, მალხაზ ნაკაშიძე, რამაზ ხალვაში და ანთაზ ქიქავა იბრძოდნენ. მალხაზ ნაკაშიძე გარდა იმისა რომ რექტორობის კანდიდატი იყო, ასევე აკადემიური საბჭოს წევრია.

კანდიდატთა მოსმენის შემდეგ, აკადემიურმა საბჭომ კენჭისყრის პროცედურა დაიწყო.  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა:

ანთაზ ქიქავამ სამი ხმა მიიღო, მანუჩარ ლორიამ ორი, ირაკლი ბარამიძემ ორი, მალხან ნაკაშიძემ კი ერთი. მარინე გიორგაძემ და რამაზ ხალვაშმა ხმები ვერ მიიღეს.

იმის გამო რომ ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, უნივერსიტეტი ორი თვით კვლავ რექტორის გარეშე განაგრძობს მუშაობას.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი რექტორობის კანდიდატებიდან მხოლოდ მალხაზ ნაკაშიძემ გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში რაც გულისხმობს იმას რომ ყველას ჰქონდა საშუალება გამოეხატა თავისი პოზიცია. დადგა ის შედეგი რაც გვაქვს. ჩვენ ახლა გამოვაცხადებთ რექტორის არჩევნებს. ვაპირებ თავიდან მივიღო მონაწილეობა არჩევნებში,“ – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ.

„მე არ მიმაჩნია, რომ  დღევანდელი დღე კატასტროფაა უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტმა შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული ტესტი წარმატებით ჩააბარა, მიუხედავად იმისა რომ არ გვყავს არჩეული რექტორი. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ვნახეთ, როგორ წარადგინეს ჩვენმა კანდიდატებმა ანგარიშები. კმაყოფილებით ვიყავი სავსე, როცა ვისმენდი ამ ანგარიშს და ვხედავდი რომ ამდენი ღირსეული კანდიდატი ჰყავს უნივერსიტეტს. სწორედ ამან გამოიწვია ის რომ ხმები გაიყო. ის გამოცდილება რაც დღეს მივიღეთ, არის დემოკრატიულობისთვის აუცილებელი და ვფიქრობ რომ მომავალი არჩევნებისთვის ნამდვილად ავირჩევთ ღირსეულ კანდიდატს რექტორად,“ – განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა გულიკო შერვაშიძემ არჩევნების შემდეგ.

შერვაშიძის თქმით, აკადემიურმა საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და რექტორის არჩევნები 10- 15 მაისის პერიოდში ჩატარდება.

„გააგრძელებს თუ არა ირაკლი ბარამიძე რექტორის მოვალეობის შესრულებას, ამას ხვალ გადავწყვეტთ. ვიმსჯელებთ იმის მიხედვით მიიღებს თუ არა ირაკლი ბარამიძე რექტორის არჩევნებში მონაწილეობას. თუ ბატონი ირაკლი ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, ალბათ მეორე მოადგილეს დავაკისრებთ ამ მოვალეობას, ასე უფრო ლოგიკურიც იქნება და უფრო კანონთან შესაბამისობაში,“ – ამბობს გულიკო შერვაშიძე.

როგორ წარიმართება პროცესები უნივერსიტეტში, ვინ შეასრულებს რექტორის მოვალეობას და როგორია კანონმდებლობა. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე  განმარტავს:

„აკადემიური საბჭო როდესაც გამოაცხადებს რექტორის არჩევნებს, საჭიროა ერთთვიანი ვადა  გავიდეს. ამის შემდგომ იწყება კანდიდატთა რეგისტრაცია. რომელიც  გაგრძელდება ათ დღემდე. რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩატარდება რექტორის არჩევნები. ასევე აკადემიური საბჭო იმსჯელებს იმ საკითხზეც დაინიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. ასეთი ჩანაწერია უმაღლესი განათლების კანონში.  რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის მთლიანი აკადემიური პერსონალი“.

რექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს სხდომის დაწყების მოლოდინში 16.03.2015 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

აკადემიური საბჭო

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი