მთავარი

“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

08.02.2016 • 3984
“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

ნათია ზოიძე

უკვე მეოთხე წელია ბათუმის მერია „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. იაფი სახლი სოციალური სახლის ერთ-ერთი სახეობაა და ყველ ქვეყანაში მას, ეროვნული კანონმდებლის შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განმარტავენ. იაფი ანუ სოციალური სახლის მშენებლობის იდეა თავისთავად კეთილშობილურია – სახლი ექნება მას, ვისაც საბაზრო ღირებულების გადახდა არ შეუძლია ან მას, ვინც არასათანადო გარემოში ცხოვრობს და თანხას საერთოდ ვერ გადაიხდის. ბათუმის მერიის სამიზნე პირველი კატეგორიაა ანუ ისინი, ვინც ნაქირავებში ცხოვრობენ, აქვთ შემოსავალი, მაგრამ არა ისეთი, რომ კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდეთ.

ბათუმის მერიის მცდელობა მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან გადაწყვიტა ოთხსართულიანი სახლის მშენებლობა სახურავიდან დაიწყოს – გადახუროს სახურავი, მეოთხე სართული და ასე ჩავიდეს საძირკვლამდე. რატომ შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება? – გიპასუხებთ: იაფი სახლის მშენებლობაზე ერთხელ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, მეორედ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა და საძირკვლის გათხრა დაიწყო. ბათუმის მერიას ერთი სული აქვს, ეს თავსატეხი მოიშოროს – სახლი გეგმის მიხედვით, რამდენიმე თვეში ჩაბარდება, მაგრამ ვისთვის აშენებს ამ სახლს, ჯერ არც მერიამ იცის და, შესაბამისად, არც პოტენციურმა მეპატრონემ – ამ დროისთვის ბენეფიციართა კრიტერიუმები და შეთანხმებული პრინციპები არ არსებობს. ბათუმის მერიამ დაახლოებით 9 თვის წინ შექმნა კომისია, რომელიც ამ კრიტერიუმების დადგენაზე იმუშავებდა.
წესით, ჯერ კრიტერიუმები უნდა დაედგინათ, ტენდერი შემდეგ გამოეცხადებინათ.

ტენდერის პირობებით, სახლს, რომლის ღირებულება 4 430 000 ლარია, ლიფტი არ აქვს. შესაბამისად, ოჯახმა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრი ჰყავს, აუცილებლად პირველ სართულზე უნდა იცხოვროს.

კომისია, რომელმაც კრიტერიუმების დადგენაზე უნდა იმუშაოს, 24-წევრიანია და 9 თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოახერხა შეკრება. ორივეს ვესწრებოდი – კომისიის წევრების უმრავლესობას სოციალური სახლის მშენებლობასთან კი არა, საერთოდ, სახლის აშენებასთან შეხება არ ჰქონია; კომისიაში სოციალური სფეროს წარმომადგენლები თითქმის არ არიან, მას ტენდერის გამოცხადებამდე რომ ემუშავა, ცხადია, ურბანისტები და არქიტექტორების ყოფნასაც აზრი ექნებოდა. სატენდერო პირობები შესაბამისად ჩამოყალიბდებოდა.

ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიას სამუშაო დოკუმენტი გაუგზავნეს, სადაც ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებია მოცემული, მაგრამ არა მთავარი: რამდენი უნდა იყოს მოქალაქის მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურება, რომ ამ სახლის ბენეფიციარი გახდეს – 4 წლის განმავლობაში მერიამ ვერ განსაზღვრა თანხა, რაც მომავალმა ბენეფიციარმა გრძელვადიანად უნდა გადაიხადოს. კომისიას არც ბაზრის კვლევის კომპენტეცია აქვს და არც რესურსი.

თავის მხრივ, მიზნობრივი პროგრამა კვლევას უნდა დაფუძნებოდა (საბჭოთა კავშირის დროს ბინათმშენებლობა კვლევის გარეშე ხრუშოვსაც კი არ დაუწყია, სხვა საკითხია იმ ბინების მშენებლობის ხარისხი). არავის გაურკვევია, ბათუმში სოციალური სახლის აშენებაზე იყო მოთხოვნა, თუ იაფ სახლზე. ქალაქში უსახლკაროთა ერთიანი რეესტრი არ არსებობს, არც ის ვიცით, ბათუმში რამდენი ისეთი პირია რეგისტრირებული, რომელიც ნაქირავებში ბოლო 15 წელია ცხოვრობს, აქვს ხელფასი და თან იმდენი, რომ სახლი გამოისყიდოს. ასეთი ძირითადად საჯარო მოხელეები და ბიზნესსექტორში დასაქმებული მოქალაქეები არიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის მერიაში 2000 ოჯახის განცხადებაა შესული თავშესაფრის მოთხოვნით. ისინი დიდი ალბათობით ბათუმის მერიის `იაფი სახლის~ მცხოვრებლები ვერ გახდებიან.

ვთქვათ, ბათუმში ქირით მცხოვრებ ოჯახთა რიცხვი, სულ მცირე, 1000-ია. მერია წელს მხოლოდ 80 მათგანს დააკმაყოფილებს, პროექტი კი ერთწლიანია. ვეკითხები ამ პროექტის ავტორებს: გაუჩნდება თუ არა დანარჩენს, ვინც ამ სახლში ვერ მოხვდება, უსამართლობის განცდა? არა და, ეს პროგრამა რომ გაგრძელდეს, შეექმნება თუ არა პრობლემა სამშენებლო ბიზნესს, რომლის სამიზნე კონტინგენტი საშუალო ფენაა… მერიას აქვს კეთილშობილური სურვილი, აღმოფხვრას პრობლემა, მაგრამ ასე გაუაზრებლად უფრო დიდ პრობლემას შეიქმნის.

ამ პროცესში ყველაზე არასასურველი ყალბი მოლოდინია, არა და, განცხადებებმა (მათ შორის პოლიტიკოსების) ეს ველი ნამდვილად შექმნა, მაგალითად, ასეთმა: `სოციალურად დაუცველების სტატუსის მქონე მოქალაქეებსაც შეუძლიათ და აქვთ მზაობა გადაიხადონ თანხა. თუ მოქალაქეს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ის ამ პროგრამის ბენეფიციარი ვერ გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იაფი სახლის კონცეფცია ირღვევა.

ბათუმის მერიის და საკრებულოს წევრები მივლინებებში ხომ დადიან, საინტერესოა, ასეთი პროექტის ევროპული ან ამერიკული ანალოგით თუ დაინტერესდნენ?!

“მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოდესმე დადგებოდა საცხოვრისის კრიზისი. აქტიურად შენდებოდა ცათამბჯენები და საცხოვრისი ყველასთვის საკმარისი იყო. ბაზრის ეს სეგმენტი მთლიანად კერძო სექტორით იმართებოდა და სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება არ ჩანდა. ყველაფერი შეიცვალა დიდი დეპრესიის დაწყებისთანავე. სიტუაციის განსატვირთად მთავრობამ დაიწყო იაფი სახლების მშენებლობის სუბსიდირება, მაგრამ ოთხ წელიწადში აშენებული 25 ათასი ბინა როდი იყო საკმარისი. პრეზიდენტ რუზველტის ადმინისტრაციამ სამშენებლო საკითხში სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო. კონგრესმა მიიღო საცხოვრისის აქტი, რომელიც განსაზღვრავდა ღარიბებისთვის საცხოვრისის მშენებლობის პრინციპებს და სოციალური ბინების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს”, – ეს არის ამონარიდი კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრის სალომე ნამიჭეიშვილის სახელმძღვანელოდან.
სოციალური სახლები ამერიკაში ახლაც შენდება.

ამით იმის თქმა მინდა, რომ სოციალური სახლების მშენებლობა ყველა ქვეყანაში კანონის მოწესრიგებით დაიწყეს, ბათუმის მერიის “იაფი სახლის” პროგრამა საქართველოსთვის პრეცედენტულია და მსგავსი პროგრამის განხორციელების პროცედურები, კრიტერიუმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პირობები არ არის გაწერილი. მოწესრიგებული კანონმდებლობის შემთხვევაში, ძირითადად, პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია ბათუმის მერიაში საჭირო საერთოდ არ გახდებოდა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მარტო ბათუმის მერიის ბრალი არ არის, როცა სახლის აშენება სახურავიდან იწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: