მთავარი,მთიანი აჭარა

ლოდებით დატვირთული მანქანები ეზოსთან – „ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ?!“

07.07.2016 • 2715
ლოდებით დატვირთული მანქანები ეზოსთან – „ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ?!“

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, მიქელაძეების ოჯახის ეზოსთან, მძიმე ტექნიკას ყოველ დღე ლოდები გადააქვს. მანქანიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მიქელაძეების ავტომობილი ორჯერ დააზიანა. ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე.

სოფელ ჭინკაძეებში მთას რესულ მიქელაძის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში აფეთქებენ. კლდიდან აფეთქების შედეგად ჩამოშლილი ინერტული მასალა მომპოვებელ კომპანიას სოფლიდან შიდა საუბნო გზის მეშვეობით გააქვს, საუბნო გზა კი რესულ მიქელაძის სახლის გვერდით, დაახლოებით ნახევარ მეტრში გადის. სახლსა და შიდა საუბნო გზას შორის არც დამცავი კედელია და არც მიქელაძეების ეზოა შემოსაზღვრული.

რესულ მიქელაძე ამბობს, რომ ლოდებით დატვირთული ავტომობილიდან ქვა ორჯერ ჩამოვარდა, ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

„ორჯერ ჩამოვარდა ქვა და ორჯერ დააზიანა მანქანა. მართალია, ავტომობილი შეაკეთეს, მაგრამ ადამიანი რომ ყოფილიყო იქ, არ ვიცით რა მოხდებოდა. არაერთხელ ვთხოვეთ კომპანიას გზის ამ ნაწილზე ან დამცავი კედელი მოეწყო, ან გადატანისას კონტროლი გაემკაცრებინა, მაგრამ ჩვენი თხოვნა არავინ გაითვალისწინა. ლოდებით დატვირთული ავტომობილი დღეში რამდენჯერმე გადაადგილდება, არავინ აკონტროლებს ტვირთი დასაშვებ ნორმაზე მეტი ხომ არ არის, ეს გზაც არ არის გამართული და იმისაც გვეშინია, გზა რომ ჩამოიშალოს, ლოდებით დატვირთული ავტომობილი სახლს არ დაეცეს. ქედის გამგეობას არაერთხელ ვთხოვეთ ყურადღება მოექცია ჩვენთვის, თუმცა არავინ გამოგვეხმაურა,“ – გვიყვება რესულ მიქელაძე.

რესულის მეუღლე, მზიური მიქელაძე დარდობს, რომ მალე საბავშვო ბაღი მოიხსნება და ბავშვების გაკონტროლება გაუჭირდება, სახლიდან ეზოში რომ არ გავიდნენ.

„ბავშვები საბავშვო ბაღში დადიან, საღამოს როცა გამოგვყავს, რამდენიმე საათს არ ვუშვებთ სახლიდან, მაგრამ როცა ბაღი მოიხსნება, მერე რა გვეშველება, არ ვიცით. სოფელში ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ. საშიშროება დიდია, იყო ქვების ჩამოვარდნის ფაქტი და ჩვენი თხოვნა, მოგვაქციონ ყურადღება, უსაფუძვლო არ არის,“ – ამბობს მზიური.

მიქელაძეების საცხოვრებელი სახლი გზასთან

მიქელაძეების საცხოვრებელი სახლი გზასთან


ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ინერტული მასალის მოპოვება და მძიმე ტექნიკის გადაადგილების გაკონტროლება გარემოს დაცვის სამსახურის პრეროგატივაა, მსგავს კონკრეტულ შემთხვევებში კი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს უფლებამოსილება არ აქვს კერძო ქონების დაზიანების შემთხვევაში კომპანია დააჯარიმოს, ან კიდევ შეამოწმოს, მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას აჭარბებს თუ არა ტვირთის ოდენობა დასაშვებ ნორმას.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სულიკო სურმანიძე ოჯახებს ურჩევს, რომ მსგავს შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოს მიმართონ. ის აქვე დასძენს, რომ მისი სამსახური საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 119-ე მუხლით გაწერილ კონტროლს ახორციელებს.

„სამშენებლო ან სხვა მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომელსაც გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა აქვს, რაც გზის საფარის დანაგვიანებას ან დაზიანებას იწვევს, ჯარიმდება 300 ლარით, იგივე დანაშაულის განმეორებით ჩადენისას კი ჩამდენს 900 ლარით ვაჯარიმებთ. ჩვენს კომპეტენციაში ამის კონტროლი შედის, რაც შეეხება კერძო საკუთრების დაზიანებას, ასეთ შემთხვევაში დაზარალებულმა სამართალდამცავ ორგანოს უნდა მიმართოს,“ – ამბობს სულიკო სურმანიძე.

ინერტული მასალის მოპოვება სოფელ ჭინკაძეების მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა და მასალის მომპოვებელ კომპანია შპს „ბათუმმშენ ჯგუფს~ გზაც არაერთხელ გადაუკეტა მოთხოვნით – შეწყვეტილიყო სოფელში აფეთქებითი სამუშაოები და ინერტული მასალის გატანა სოფლის გზით. კომპანიამ ინერტული მასალის მოპოვებაზე ლიცენზია 2011 წელს შვიდი წლის ვადით მიიღო, მას 122 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვების უფლება აქვს.

სტატიის მომზადებისას „ბათუმელებმა“ კომპანიასთან დაკავშირება კომენტარისთვის არაერთგზის სცადა, თუმცა ამაოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: