მაჟორიტარი კანდიდატი სექსუალურ უმცირესობებზე: როგორც ვაჟკაცის მამა, … მაგათ რა დავარქვა არ ვიცი

თეიმურაზ ხაბაძე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

ბატონო თემურ, პირველად ხართ დასახელებული მაჟორიტარ კანდიდატად?

კი ბატონო.

რა იქნება თქვენი ინტერესების სფერო პარლამენტში თუკი აგირჩევენ?

სოციალური  სფერო იქნება პირველ რიგში, 500-ლარიან სახელფასო მონიმუმთან დაკავშირებით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ეს პროექტი, რომ დაკანონდეს. ასევე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ვმუშაობთ, რომელიც 250 ლარი უნდა გახდეს.

როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუკი ეკონომიკა არ განვითარდება, ხელფასის ხელოვნური მატება ლარის ინფლაციას არ გამოიწვევს?

ეს  არის შიდა პროდუქციის ზრდაზე დამოკიდებული, რომელიც ითვალისწინებს მიკრო და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ. საშუალო ბიზნესის დაბეგრვა მხოლოდ 100-ათასლარიანი მოგების შემდეგ უნდა დაიწყოს.

რამდენად შესაძლებელი იქნება მსგავსი ინიციატივების გატანა, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებით უმრავლესობაში?

ჩვენ არ ვიყავით უმრავლესობაში, მაგრამ პარლამენტში ყველაზე მეტი კანონპროექტი სწორედ დავით ონოფრიშვილმა შეიტანა. 38 კანონპროექტის ავტორია და მაგ მხრივ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ.

კიდევ რა საკითხებზე აპირებთ აქცენტის გაკეთებას პარლამენტში?

გარე ინვესტიციებზე გვაქვს საუბარი. მაქსიმალური გარემო უნდა შევუქმნათ ინვესტორს იმისთვის, რომ დაინტერესდეს.

წინა ხელისუფლება მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა იყო ინვესტორებისთვის საკანონმდებლო თვალსაზრისით. თქვენი აზრით,  კიდევ რა  სჭირდებათ ინვესტორებს ხელშეწყობისთვის?

მიკროგადამამუშავებელი ქარხნები უნდა გაკეთდეს და სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. გლეხს პირდაპირი წესით უნდა გადაეცეს მამაპაპისეული მიწა, რომელსაც სახელმწიფო არ ურეგისტრირებს. გარდა ამისა, მშენებლობებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ძალიან დააუშნოვა ქალაქი და აუტანელია ამ მონსტრი შენობების ყურება. ბათუმს ძალიან არ უხდება ეს და ეს უნდა შეწყდეს.

მშენებლობების საკითხებს თვითმმართველობა წყვეტს, პარლამენტიდან შეძლებთ ამ საკითხზე ზემოქმედებას?

ჩვეულებრივად, კანონი უნდა შემუშავდეს, რომ აიკრძალოს ამ ტიპის მშენებლობები. პარლამენტი იმისაა, რომ ამ ყველაფერს კონტროლი გაუწიოს.

ბატონო თემურ, ადამიანის უფლებების სფერო თუ გაინტერესებთ და ამ მიმართულებით, თქვენი აზრით რა არის გასაკეთებელი?

პირველ რიგში უნდა აღდგეს სამართლიანობა. სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს და ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანს. ბევრი შესწორება შეიძლება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და სისხლის სამართალში არ უნდა იყოს გადაცემული მომხმარებელი.

ამ პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი ქალთა კვოტირების შესახებ, რას ფიქრობთ, აუცილებელია ამ კანონის მიღება?

კი, ჩვენთან ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს და 30 პროცენტი ქალებია არიან. ვემხრობით ამ კანონპროექტს და რაც მეტი ქალი იქნება ჩართული, მეტი შედეგიანი იქნება პარლამენტის მუშაობა.

როგორია თქვენი პოზიცია უმცირესობებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით,  ამ მიმართულებით არის რაიმე შესაცვლელი კანონმდებლობაში?

ნებისმიერ რელიგიურ უმცირესობას პატივი უნდა ვცეთ.

ფიქრობთ თუ არა იმას, რომ, ვთქვათ, უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. ან სხვა რელიგიურ დენომინაციებს თუ გადასცეთ ქონებას?

რაღაც ეტაპზე შეიძლება გადასცე, რაღაც ეტაპზე შეიძლება არა. მართლმადიდებელი ეკლესია პრივილეგირებულია, რადგან მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს.

ანუ მისაღებია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან იღებდეს 25 მილიონს და დამატებით უძრავ ქონებასაც?

არა, ამ დოზით რა თქმა უნდა მიუღებელია.

სექსუალური უმცირესობების უფლებების გასაუმჯობესებლად თქვენი აზრით რა უნდა შეიცვალოს?

ჩემთვის ცოტა ისეთი კითხვაა ეგ…

როგორი?

როგორც  ვაჟკაცის მამა, … მაგათ რა დავარქვა არ ვიცი.

მაგალითად სექსუალურ უმცირესობებს უნდა, რომ კანონი აძლევდეთ ბავშვის შვილად აყვანის უფლებას. თქვენი აზრით, უნდა მიეცეთ ეს უფლება?

მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მაგას.

თქვენ ხომ თქვით, რომ ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული?  

ხო მარა, ჩვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორი ტრადიციების ქვეყანა ვართ. ჩემთვის პირადად მიუღებელია.

P.S. თეიმურაზ ხაბაძე ამჟამად მუშაობს პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის საპარლამენტო ბიუროს უფროსად. კანდიდატი ამბობს, რომ ის პროფესიით პედაგოგია. „სამწვრთნელო მაქვს დამთავრებული“.  ბავშვობაში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“, თუმცა ტრავმების გამო აღარ გაუგრძელებია.  მუშაობდა მწვრთნელად თბილისში, საბავშვო  კლუბებში. „ჩემი შვილი, სანდრო ხაბაძეც ფეხბურთელია და „სამარაში“ თამაშობს, უმაღლეს ლიგაში“, – ამბობს კანდიდატი.

22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

22 წლის გიორგი ს.-ს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბრალდებულმა ჯერ სცემა, ხოლო შემდეგ დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა ასევე 22 წლის ახალგაზრდას. დაზარალებულად ცნობილი ნიკა ბ. საავადმყოფოში მოხვდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ჯანმრთელია. ბრალდებული და დაზარალებული კლასელები იყვნენ. ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.

ბრალდებული გიორგი ს. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მკვლელობის მცდელობის გარდა, მას პროკურატურა 120-ე მუხლითაც ედავება, რაც ცემას გულისხმობს.

ბრალდებულმა მოსამართლეს უკვე უთხრა, რომ წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს. მისი თქმით, მეგობართან ჩხუბი მოუვიდა, რომლის დეტალების გამხელა არ სურს.

ბრალის აღიარების შემდეგ, დაცვის მხარე ამჯერად პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

დღეს, 14 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის მცდელობის სამი შემთხვევა განიხილა.

სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების საქმე ბათუმის სასამართლოში

სამსახურებრივ სიყალბესა და ქრთამის აღებაში ბრალი სოლომონ კონცელიძეს ედება. ის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსია. სამოხელეო დანაშაულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

“არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. დაცვის მხარე მოითხოვს პირობით მსჯავრს, ეს არ გამოვა,” – უპასუხა პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს, როცა ის მოლაპარაკების შედეგით დაინტერესდა.

ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ მოსამართლეს კიდევ ერთხელ სთხოვა პროცესის გადადება. მისი თქმით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ასაკოვანია და ამიტომ საპროცესო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება პროკურატურასთან უნდა გაგრძელდეს.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაცვის მხარეს შეახსენა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულმა უდავოდ მიიჩნია, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასჯელის მინიმალური ზომა 6 წელია: “განსაკუთრებით მძიმეა ქრთამის აღების ბრალდება, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს”.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ მისცა საპროცესო შეთანხმების მიღწევისთვის დრო. სასამართლოს მორიგი სხდომა ოქტომბერში გაიმართება.

სოლომონ კონცელიძე ფინანსურმა პოლიციამ დააკავა გასული წლის დეკემბერში. გამოძიების ვერსიით, მან ციტრუსის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატები დაამზადა და ამაში ქრთამი აიღო.

ამერიკის საკონსულო „მწვანე ბარათით“ დაინტერესებულ პირებს შეხვდება

16 სექტემბერს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ , აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენლები „მწვანე ბარათის“ (Green Card)  საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებენ.

საიმიგრაციო პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მწვანე ბარათის მეშვეობით, ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით.

დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა ბათუმში, „ამერიკულ კუთხეში“ 16:00 საათზე გაიმართება.

რას გვეუბნება “გუგლი” მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ

აჭარაში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას თუ გადაწყვეტთ, ალბათ, პირველი რასაც გააკეთებთ, ინტერნეტში „გუგლის“ საძიებო სისტემაში მათი სახელებისა და გვარების ჩაწერაა; გეგმა ბ-დ ალბათ ფოტოს მიხედვით ძიებასაც დაიტოვებთ.

თუმცა, უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რიგ კანდიდატებს „გუგლი“ ვერ ცნობს. საძიებო სისტემა, უმეტეს მათგანზე, ფეისბუქის ანგარიშისა და მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებისას მასმედიაში გავრცელებული „ნიუსების“ [სადაც მათი სახელ-გვარები დაფიქსირდა] მისამართებს პოულობს.

ფეისბუქგვერდები ან ახალდარეგისტრირებულია ან საგულდაგულოდ “გაწმენდილი”. წინასაარჩევნო მარათონში ჩართულ მაჟორიტარ კანდიდატებს ფეისბუქანგარიშის გარეკანზე საარჩევნო კამპანიისთვის დამზადებული ფოტო უდევთ [ხშირად ეს ფოტო პარტიის ლოგოა საარჩევნო ნომრით]. კედელზე კი საარჩევნო კამპანიის მსვლელობის ამსახველი ფოტო-მასალა და მედიაში გავრცელებული მასალების ბმულებია გაზიარებული.

თუკი გადაწყვეტთ გადახვიდეთ განყოფილებაში – „ჩემს შესახებ“, სადაც ჩვეულებრივ იძებნება ინფორმაცია განათლებაზე, სამუშაო გამოცდილებასა და სხვა პირად მონაცემებზე, აქაც ვერაფერს იპოვით.

პარტიების ოფიციალური ვეგბგვერდები კიდევ ერთი წყაროა, სადაც შეიძლება რომელიმე კანდიდატის შესახებ ცნობები მოძებნოთ. თუმცა აქაც შეიძლება ვერ მიაგნოთ სასურველ კანდიდატს, რადგან ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ იძებნება, ზოგიერთის კი – მხოლოდ სახელი-გვარი, ფოტო და ელექტრონული ფოსტის მისამართია მითითებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განყოფილებაში – „არჩევნები 2016“ მაჟორიტარი კანდიდატების ქვეგანყოფილებებში იძებნებიან კანდიდატები, თუმცა ამ დროისათვის აჭარაში წარმოდგენილი 12 მაჟორიტარი კანდიდატისგან მხოლოდ ხუთის შესახებაა ინფორმაცია შეტანილი. დანარჩენების შესახებ მხოლოდ სახელი-გვარი, ფოტო და ზოგ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მისამართი იძებნება.

მაგალითად, ხელვაჩაურის 72-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ნინო ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტში, პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“ საერთოდ არ არის პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე. იძებნება მისი ფეისბუქ ანგარიში და ფეისბუქგვედი, თუმცა „ჩემს შესახებ“ განყოფილებაში აქაც მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაცია მოიპოვება. „გუგლის“ საძიებო სისტემა ამავე სახელი-გვარის სხვა პირების შესახებ პოულობს ინფორმაციას [ასევე იმ „ნიუსებს“, სადაც მოხსენიებულია კანდიდატად ვინაობა].

იგივე მდგომარეობაა ნინო ლორთქიფანიძის თანაგუნდელის – პაატა ზაქარაძის შემთხვევაშიც, რომელიც იგივე ოლქიდან უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. ამავე პარტიის კანდიდატის – სოსო ნოღაიდელის შესახებაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ – იგი საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე, მაჟორიტარი კანდიდატია ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქში.

ხელვაჩაურის 72-ე ოლქში, უმაღლესი საჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი „რესპუბლიკელებიდან“ – გიორგი რუხაძეა. მის სახელსა და გვარზე „გუგლის“ საძიებო სისტემა არაერთ მონაცემს პოულობს, თუმცა მონაცემები იმ გიორგი რუხაძეს ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო [მან პარტია რამდენიმე დღის წინ  დატოვა]. „რესპუბლიკელების“ კანდიდატი “გუგლში” არც ასე იძებნება –  „გიორგი რუხაძე რესპუბლიკელები“. მის შესახებ ინფორმაციას ვერც პარტიის ოფიციალური ვებგვერდის საძიებო ველი პოულობს. „ბათუმელები“ პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ იგი ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორია. ასე რომ შეგიძლიათ მოძებნოთ: „გიორგი რუხაძე ბათუმის 22-ე სკოლა“.

ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ ბათუმის 68-ე ოლქში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატის ზვიად ბოლქვაძის შესახებაც. იგი წარმოადგენს საარჩევნო ბლოკს – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“.

მსგავს პრობლემას წააწყდებით სხვა პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებთანაც. ამ დროისთვის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციაზე ყველაზე მაღალ ხელმისაწვდომობას პარტია – „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გვთავაზობს. მათ ვებგვერდზე განთავსებულია აჭარაში დასახელებული ყველა მაჟორიტარი კანდიდატის რეზიუმე.

იხილეთ: 

მაჟორიტარი კანდიდატები უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში

C ჰეპატიტის გავრცელება მამაკაცებში შედარებით მაღალია

C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წლის კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია ქვეყნის მოსახლეობის 7,7%, ხოლო რნმ-დადებითი, ანუ C ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული არის მოსახლეობის 5,4%.

დაავადების გავრცელება შედარებით მაღალია მამაკაცებში, განსაკუთრებით  30-49 ასაკობრივ ჯგუფში.

C ჰეპატიტის ასაკობრივი გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში

ccc

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნების ჯგუფს. ამასთან, ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რეგისტრირებული იქნა C ჰეპატიტის 2 647 შემთხვევა, რომელთაგან 226 (8.5%) იყო მწვავე.

C ჰეპატიტის შემთხვევები განსაკუთრებით კონცენტრირებულია აჭარის რეგიონსა და ქ. თბილისში.

„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაამტკიცა.

მაჟორიტარი კანდიდატი: კანონპროექტებზე შემოდგომაზე უნდა ვიფიქროთ

ლევან ხინიკაძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაასახელა. ლევან ხინიკაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია 2010 წლიდან. საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” სიით შევიდა. 2013 წელს, როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გახდა.

რატომ გადახვედით „რესპუბლიკურ პარტიაში“ მაშინ, როცა პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა.

ამას ცხოვრება ითხოვდა…

კონკრეტულად რომ გვითხრათ?

არეულობა იყო ძალიან „ნაციონალებში“ და ეს უფრო აწყობილი პარტია იყო. მანამდე „რესპუბლიკების“ ფრაქციის თავმჯდომარეც ვიყავი. ეს იყო სადღაც 2012 წლის ივლისში… ეს პარტია ღირებულებების გამო ავირჩიე.

რას სთავაზობთ ქობულეთს, თუკი უმაღლესი საბჭოს წევრი გახდებით?

პირველ რიგში, როგორც ექიმი, მინდა, სამედიცინო და სოციალურ მხარეს შევხედო. მედიცინის სფერო უნდა გახდეს უფრო ძლიერი. სოციალურს რაც შეეხება, მაგალითად, ცუდია, რომ უხსნიან მთელ ოჯახს დახმარებას, როცა ერთ-ერთი წევრი სადღაც საქმდება.

რა შეიძლება გააკეთოთ უმაღლეს საბჭოში ამ კუთხით?

მაგი შესაძლებლობების მიხედვითაა, თანხებზეა ყველაფერი დამოკიდებიული… ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ასე აღარ მოხდეს… ასევე ვიმუშავებ იმაზე, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს დახვდეს მომზადებული. ტენდერები ცხადდება ზაფხულში, სამუშაოები იწყება გვიან, როცა ტურისტი უკვე ადგილზეა. მექნება წინადადებები, რომ ყველაფერი თავის დროზე იყოს მზად და კონტროლს გავუწევთ იმას, რომ გამოყოფილი თანხა იყოს თავის დროზე მიზნობრივად დახარჯული. მექნება პრეტენზია, თუ არ შესრულდება მოთხოვნები.

დეპუტატი წაუყენებთ პრეტენზიას თვითმმართველობას?

ხო, პრეტენზიას უფრო არა, ჩვეულებრივად კურირებას გავუკეთებთ, რომ თავის დროზე მოხდეს ყველაფერი… დროულად ვიქნები იმის შემხსენებელი, რა არის გასაკეთებელი და რა – არა.

კანონშემოქმედებითი კუთხით რა ინიციატივა გაქვთ?

სოფლის მეურნეობის კუთხით მაქვს ინიციატივა. ეს შეეხება მანდარინს, თხილს, ჩაის. ვიდრე მოსავალი დაიკრიფება, სახელმწიფომ გლეხებს უნდა მისცეს დოტაცია. ეს აუცილებელია, რადგან ახლა მოსავლის დიდ ნაწილს მოსახლეობა ყრის და ვერ იყენებს… უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო შპს, რომელიც ამ მოსავალს თავად შეიძენს და შემდეგ თავად იზრუნებს მისი გასაღებისთვის.

რით ასაბუთებთ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ამ ფორმით არის მიზანშეწონილი?

ყველაფერი არის ფინანსებიდან გამომდინარე. თუ სახსრები მოგვცემს ამის საშუალებას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ… სოფლებში ყველა მეორე დაუსაქმებელია და მხოლოდ სოციალური დახმარება არაა საკმარისი. სოფლის აღორძინებისთვის არის ეს საჭირო.

ეს იდეა შეთანხმებული გაქვთ „რესპუბლიკელებთან“?

რასაც ჰქვია შეთანხმებულია და მაგაზე ვმუშაობთ-მეთქი, მაგას ვერ გეტყვით… მე ვხედავ იმას, რომ ეს არის პირველი, სხვა ამოცანებთან შედარებით.

ეს მემარცხენე ხედვა ხომ რადიკალურად განსხვავდება არსებითად იმისგან, რასაც „რესპუბლიკური პარტია“ უჭერს მხარს?

დიდი ალბათობით „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება ის პირველი ძალა, რომ მისი ხედვები იყოს მასე მარტივად მიღებული… ის არ იქნება მმართველი პარტია და ამ მხრივ, რომ დავეხმაროთ მაინც მოსახლეობას, კმაყოფილი ვიქნებით… თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში მმართველი პარტია, მაშინ აღარ დასჭირდება სოფელს დოტაცია. მაშინ ევროპის ბაზარაზე უფრო იოლად მოვახერხებთ გასვლას.

რატომ ფიქრობთ, რომ ვერ შეიტანთ წვლილს უმცირესობიდან ისე, რომ თან იდეოლოგიის ერთგული დარჩებით?

ჩვენ ვეცდებით, მაგრამ საკრებულოს წევრი ვარ და ხშირად ყოფილა, რომ კარგი საკითხები გვქონია, მაგრამ არ გასულა იმიტომ, რომ უმრავლესობა არ დაგვეთანხმა.

საკრებულოში რა მოახერხა თქვენმა პარტიამ, რაში შეიტანეთ წვლილი?

რომ გითხართ, ცალკე მოახერხა რამე „რესპუბლიკელებმა“-თქო, ასე არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით კოალიციაში და კოალიციას ვედექით გვერდში. „ოცნების“ მარჯვენა ხელი ვიყავით ყოველთვის. ალბათ, ჯობდა, რომ ყველა პარტიას ჰქონოდა თავისი მე, თავისი სიტყვა, როგორც ახლაა…

კანონმდებლობაში რა ცვლილების შეტანას გეგმავთ, რაც შეიძლება ქობულეთზე პოზიტიურად აისახოს?

ბევრი პრობლემაა, სხვადასხვა მიმართულებით ვფიქრობთ… კანონპროექტებზე ძირითადად შემოდგომაზე უნდა ვიფიქროთ.

შემდოგომაა ახლა…

მხედველობაში მაქვს ის, რომ არჩევნების შემდეგ, უნდა დავსხდეთ და უფრო კონკრეტულად მოვიფიქროთ, არ უნდა ვიჩქაროთ… ვიფიქრებ მედიცინის კუთხით პროექტებზე, სოციალურ სფეროზე, ტურიზმზე. კონკრეტული ამოცანები საქმის დროს გამოჩნდება.

P.S. ლევან ხინიკაძე პროფესიით ექიმია. დამთავრებული აქვს რუსეთში ბლაგოშენსკის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში მუშაობდა სასტუმრო „კოლხეთში“ ექიმად, ხოლო 2006-2011 წლებში იყო ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

ფინანსური პოლიცია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას სწავლობს – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, საქმის მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა და მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის დარღვევებს სწავლობს ფინანსური პოლიცია.

დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. დასკვნა გასული წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.  დარღვევების გამო, საავადმყოფო 206 231 ლარით უკვე დაჯარიმდა. გარდა ამისა, ამავე საავადმყოფოს განაცდურის – 70 ათასი ლარის გადახდა მოუწია გათავისუფლებული ექიმის, დავით მურვანიძისთვის, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო.

„არაოფიცვიალური ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია შემოსულია საავადმყოფოს ყოფილი იურისტის, რუსლან ბერიძის განცხადების საფუძველზე. სხვა დეტალები არ ვიცით,” – გვითხრა ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის უფროსმა, დალი ჭანიძემ.

რუსლან ბერიძის საავადმყოფოდან გათავისუფლების კანონიერების საკითხს ამჟამად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ყოფილი იურისტი ამბობს, რომ მას განცხადებით ფინანსური პოლიციისთვის არ მიუმართავს: “მე მხოლოდ მოწმის სტატუსით დამიბარეს და გავესაუბრე. ისევ არაკეთილსინდისიერად იქცევა საავადმყოფოს ადმინისტრაცია, როცა იგონებს, თითქოს მე დავწერე განცხადება…”

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რობათუმის მელსაც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ ექვემდებარება, დღემდე არ დაუსრულებია მოკვლევა დარღვევებზე, რაც საავადმყოფოში დაფიქსირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურის კვლევა ისევ დასკვნით ეტაპზეა.

„სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს რაღაც, რომ სოფელი არ დაცარიელდეს“ – დისკუსია შუახევში

„შუახევის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“ – ამ თემაზე დისკუსია დაბა შუახევში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი იყო დავით ლოსაბერიძე, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი საქართველოდან.

დისკუსია შუახევში
დისკუსია შუახევში

დავით ლოსაბერიძე, დისკუსიის მოდერატორი: 1991 წლიდან მოყოლებული მეხუთე რეფორმა ხორციელდება და ყოველ ჯერზე რაღაც ნაბიჯი იყო წინგადადგმული. ევროპაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან, თუკი `სახლის შენებას~ გადავწყვეტთ, რადგან გვაქვს გამოცდილებაც და ტექნიკურ-ფინანსური რესურსები, სხვა ვერ გადაწყვეტს, როგორი უნდა იყოს ჩვენი სახლი, ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც ძალაშია ყველა ევროპული ქვეყნისათვის. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პრინციპებს არ იცავს, არის ბელორუსია, რადგან გარიცხულია ევროსაბჭოდან. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე დაიწყო მუშაობა თვითმმართველობის კოდექსზე. მე გახლდით საპრეზიდენტო კომისიის წევრი 2005 წელს. ამ თემაზე ყოველი პარტიის შიგნით არის აზრთა სხვადასხვაობა და ყველა მხარე დარწმუნებულია, რომ თვითონ არის მართალი. თვითმმართველობის კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. წყალმომარაგებასთან დაკავშირებით უფლებამოსილებებს რაც შეეხება, 2005 წლიდან მოხდა ცენტრალიზება და ეს მიიღეს მუნიციპალიტეტებმა, მაგრამ მათ აკლიათ ორი რამ, პირველი- წყლის საკანონმდებლო ბაზა, რომლის განხილვა დღესაც მიმდინარეობს პარლამენტში და მეორე – ეს არის ფინანსები. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მზად არიან აღმოგვიჩინონ არამარტო ტექნიკური, არამედ ფინანსური მხარდაჭერაც. საქართველოს პლუსი არის ის, რომ ევროპის კავშირის ასოცირებული წევრია. ფაქტია, რომ წყლისა და საბავშვო ბაღის პრობლემა დგას დღის წესრიგში რეგიონებში, ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, თვითონ მუნიციპალიტეტმა უნდა გამოთქვას მზაობა ამ საკითხების მოსაგვარებლად.

ვახტანგ ზოიძე, შუახევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში როგორც არის, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ვაშენებთ და რთულია ერთი ხელის მოსმით ფეხზე დადგომა. არ ხდება ეკონომიკის განვითარება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა, როგორც ჩვენ ვიმსახურებთ. 2013 წელს ინფრასტრუქტურისთვის იყო გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი, ხოლო 2014 წელს, „ქართული ოცნების“ დროს – 2 მილიონ 200 ათასამდე ლარი, 2015 წელს 2 მილიონ-ნახევარი, 2016 წელს კი – 7 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ზრუნავს თავის ხალხზე.

ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არის ბაგა-ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურა. შუახევში 5 ბაგა ბაღია მოქმედი, ხოლო 8 სარემონტოა. ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურაზე, დაგებულია რკინა-ბეტონის საფარი.

გელა აბაშიძე, შუახევის საკრებულოს წევრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“: ხიდი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არის ჩატეხილი და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ შედგეს დიალოგი მათ შორის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოწესრიგებული უნდა იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალი უნდა ჰქონდეს სოფელს. ის რაც გაკეთდა, არის ძალიან უხარისხო, წყლის მილი არ არის საკმარისი სისქის და არ არის დაფარული. ასევე, წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას სრული დატვირთვით. პროექტები, რომლებიც უნდა დასრულდეს ერთ წელში, ორი წელზე მეტ ხანს გრძელდება. პრობლემა არის ის, რომ დაპროექტება ხდება არასწორად. მაგალითად, თუ შენდება ბაგა-ბაღი, პროექტში უნდა იყოს მოგვარებული კანალიზაციისა და წყლის პრობლემა, ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით ხდება, ჯერ შენდება ბაგა-ბაღი და შემდეგ სხვა დანარჩენი. პრობლემა არის ისიც, რომ კონტროლი არ წესდება შესრულებულ პროექტებზე. ჩემი აზრით ბიუჯეტი უნდა იგეგმებოდეს და იხარჯებოდეს ხალხთან შეთანხმებით, რადგან არსებობს რაღაც პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებაც მოსახლეობისათვის არის მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, თუ როგორ და სად იხარჯება ბიუჯეტი. მე წინააღმდეგი ვიყავი გარე განათების მოწყობაზე, რადგან ეს დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხილის გადამამუშავებელ ქარხანას და ხილის შემნახავ საწყობებს ავაშენებთ, რათა შემდგომ უფრო ხელსაყრელ პირობებში მოხდეს მათი რეალიზაცია. თუკი მოსახლეობა არ გააქტიურდება და პასიური იქნება, არაფერი გაკეთდება. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა იყოს მეტი ყურადღება. მაგალითად, ხულოში მოსახლეობას მოჰყავს დიდი რაოდენობით კარტოფილი და როცა მისი რეალიზაციის დრო დგება, ფასი დაბალია და გაწეული ხარჯები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მიღებული შემოსავალი. ჩემი აზრით, ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ, რომ ხელი შეუწყოს თითოეულ გლეხს და ფერმერს. გარდა ამისა, ქვეყანაში ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სისტემა. მე ვფიქრობ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა მიენიჭოს მას, ვისაც შრომა არ შეუძლია.

რამაზ ქარცივაძე, სოფელ ცივაძეების მკვიდრი: ჩვენს სოფელში დარჩა მხოლოდ 10 კომლი. სახელმწიფოს მეთაურებმა გლეხებთან ერთად უნდა მოიფიქრონ რაღაც, რომ სოფელი არ დაცარიელდეს. ეს რაიონული ცენტრია და ყველა დასაქმებულია, მაგრამ მიმდებარე პერიფერიებზე ხალხი უმუშავარია, ოჩხამურისა და ქობულეთის ტერიტორია არის გაპარტახებული, დარგონ თხილი, ბოსტნეული და დაასაქმონ ადამიანები ადგილზე.

პაატა დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი: მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რასაც აკეთებს ხელისუფლება მთიან რეგიონში მოსახლეობის ხელშესაწყობად. პირველ ბავშვზე მშობელს ეძლევა 100 ლარი ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში და ერთჯერადად 500 ლარი სოციალურად დაუცველს. მეორე ბავშვზეც ანალოგიურად, ხოლო მესამე ბავშვზე 200 ლარი – ორი წლის განმავლობაში. ქალაქიდან მომაგრებულ პედაგოგებს ხელფასზე ემატებათ 50 პროცენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სოფლებიდან ხალხი არ წავიდეს. სამი წელი ბაგა-ბაღში ვმუშაობდი და მშობლებს 5 ლარის გადახდა არ შეეძლოთ, ახლა უკვე სახელმწიფო ბაღები არის უფასო.

გია დავითაძე: პრობლემა არის ახალგაზრდებში, ისინი არ დადიან შეხვედრაზე, არ აინტერესებთ.

ნოდარ გოგრაჭაძე: როგორ შეიძლება ახალგაზრდებში იყოს პრობლემა, ახალგაზრდები თურქეთში არიან წასული სამუშაოდ და როგორ ივლიან შეხვედრებზე, სახელმწიფომ არ უნდა დაასაქმოს ისინი? 20 ახალგაზრდაა გასული სოფლიდან, ერთ დღესაც გამოგვყრიან იქედან და მერე სად წავიდეთ?!

დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტისდემოკრატიული იდეების განვითარებაფარგლებში.
დისკუსია შუახევში
დისკუსია შუახევში

რა დახვდებათ მოსწავლეებს სკოლებში

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ახალ სასწავლო წელს აჭარის სკოლები მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობით ხვდება. რამდენი სკოლა აშენდა /გარემონტდა წელს? მოხერხდება თუ ვერა სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების დროულად გაცემა? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელები“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, სულიკო თებიძეს ესაუბრა.

 ბატონო სულიკო, დაიწყება თუ არა მთელ აჭარაში სასწავლო პროცესი` ერთდროულად, 15 სექტემბერს?

აჭარაში მხოლოდ ერთ სკოლაზე – ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაზე გვეეჭვება, რომ შესაძლოა ერთი კვირით მოგვიხდეს გადადება. დაზუსტებით ორშაბათს გვეცოდინება. ამ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება და უმნიშვნელო სამუშაოებია დარჩენილი. სხვა არც ერთ სკოლაში მსგავსი მდგომარეობა არ გვაქვს – იქ, სადაც მშენებლობა არ დასრულებულა, არსებობს ალტერნატიული სივრცე, სადაც დაიწყება სასწავლო პროცესი. მაგალითად, ხულოში, აგარის საჯარო სკოლის მშენებლობა ახალ წლამდე უნდა დამთავრდეს, მაგრამ ალტერნატიული ფართობი – ძველი შენობა არ დაგვიშლია და სასწავლო პროცესს იქ გააგრძელებენ. ასევე ხულოში, ტუნაძეების საჯარო სკოლაში არის ორწლიანი მშენებლობის პროექტი, წელს დაიწყო და მომავალ წელს უნდა დამთავრდეს. არსებული ხის შენობა სხვა ადგილას გადავიტანეთ და სასწავლო პროცესი იქ გაგრძელდება. შუახევშიც, ფურტიოს საჯარო სკოლა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს – იქაც ძველი ხის შენობა გადავიტანეთ გვერდით და გაგრძელდება სასწავლო პროცესი.
უკვე ტენდერი გამოვაცხადეთ და ალბათ თვის ბოლოდან თუ არა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობას, რომელიც ასევე ორწლიანი პროექტია. მოქმედი შენობა არც იქ დაგვიშლია.

სულ რამდენი სკოლა გაარემონტეთ მიმდინარე წელს და დარჩენილია თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაოები? ასევე რომ გვითხრათ, რამდენი ლარი იყო ამ სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი?

წელს რეაბილიტაცია-მშენებლობაზე სულ 27 ობიექტი გვქონდა, აქედან 19 სკოლა იყო, 2 – პანსიონი. 19 სკოლიდან 6 ახალი მშენებლობა გვქონდა, ასევე 6 სპორტულ დარბაზს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია. უმნიშვნელო სამუშაოები გვაქვს დარჩენილი, მაგალითად, ლეღვას პირველ საჯარო სკოლაში – სკოლა ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ხშირად ხდებოდა ავტოავარია, რის გამოც ეზოს ღობე დაზიანდა. გამგეობამ გზაზე დამცავი გააკეთა. ალბათ ამ დღეებში ამ სკოლის ეზოს გალავნის მშენებლობას დავიწყებთ. ძირითადი სამუშაოები წინსვლის საჯარო სკოლის გარდა ყველგან დასრულებულია. 27 ობიექტისთვის ბიუჯეტში, მთლიანობაში, 6 მილიონ 700 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

სამომავლოდ თუ გაქვთ დაგეგმილი სკოლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და რამდენ სკოლას შეეხება ეს?

მომავალი წლის ბიუჯეტში გაწერილი გვაქვს 22 სკოლის მშენებლობა ან რეაბილიტაცია, ასევე 6 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. 13 სკოლის პროექტის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს წინასწარ ვყიდულობთ, რომ 2018 წელს დაიგეგმოს მათი მშენებლობა.

სულ რამდენი სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი ხვდება წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებას აჭარაში? 

სულ გვაქვს 255 სკოლა, მათგან 229 საჯაროა, 26 _ კერძო. წლევანდელი მონაცემებით, აჭარაში რეგისტრირებულია 53 861 მოსწავლე [მათგან 5 846 პირველკლასელია] და 7 033 მასწავლებელი.

რა ეტაპზეა სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების მიღების პროცესი? ხომ არ შეიქმნება პრობლემა მათ დროულად გაცემაზე? 

იმ პირველკლასელთათვის, რომლებმაც რეგისტრაცია პირველ სექტემბრამდე გაიარეს, ყველა კომპიუტერი შემოსულია. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც მშობლებს დაავიწყდათ შვილების დარეგისტრირება, მაგალითად, ხუთმა თუ ექვსმა განცხადებით გვიან მოგვმართა… მათი კომპიუტერები, ალბათ, მოგვიანებით შემოვა, როგორც გასულ სასწავლო წელს.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს და დამხმარე რვეულებს, 90% შემოსულია. მე უკვე ველაპარაკე შესაბამის სააგენტოს თბილისში და გვპირდებიან, რომ ამ შაბათ-კვირას ყველას შევავსებთ. მგონი, სასწავლო წლის დაწყებისთვის ყველა სახელმძღვანელო გვექნება, ალბათ ერთეული გამონაკლისის გარდა. ყველა ბავშვს სკოლაში მაგიდაზე დახვდება თავისი სახელმძღვანელო.

რაც შეეხება სასკოლო ავტობუსებს, აქ რა მდგომარეობა გვაქვს?

რა ხაზებიც გვქონდა სასწავლო წლის ბოლოს, იგივე გვექნება. ზოგადად, სადაც კი მოთხოვნა იყო მშობლებისგან, 100%-ით ემსახურება ავტობუსები.

რომელიმე კერძო სკოლას ავტორიზაცია ხომ არ შეწყვეტია ან ახალი კერძო სკოლა ხომ არ გახსნილა? 

ავტორიზაციის გაცემას ჩვენი სამინისტრო ვერ წყვეტს… რამდენადაც ვიცი, ერთი კერძო სკოლა შეემატა ქალაქს, მაგრამ ჩვენ ჯერ ოფიციალური დოკუმენტი არ მოგვსვლია.

რა სიახლეები იქნება სკოლებში ახალ სასწავლო წელს? 

დიდი ცვლილებები დაგეგმილია მომავალი სასწავლო წლისთვის, წელს ძველი ეროვნული სასწავლო გეგმით ვიმუშავებთ. ცვლილება არის ის, რომ სკოლაში გაჩენილი ვაკანსიის შემთხვევაში, თუ ადრე დირექტორი თავისი შეხედულებით ნიშნავდა მასწავლებელს, ახლა ნებისმიერი დირექტორი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი. პრივილეგია ენიჭება სერტიფიცირებულ მასწავლებელს ან მასწავლებელს, რომელსაც საგანი ჩაბარებული აქვს. წელს იმდენი ვაკანტური ადგილი გაგვიჩნდა პირველკლასელთა რაოდენობის გაზრდის გამო, რომ ყველა სკოლა სერტიფიცირებული მასწავლებლებით ვერ დავაკომპლექტეთ. ბათუმში თავიდან მიღება გვქონდა 2 300 ბავშვზე, მაგრამ პირველივე დღეს შეივსო ადგილები და ოთხასი მოსწავლის ადგილი დავამატეთ. შესაბამისად, სკოლებმა გამოაცხადეს ვაკანსია და სერტიფიცირებული მასწავლებლების დიდი ნაწილი აიყვანეს. ჩემი ინფორმაციით, დარჩა რამდენიმე სკოლა, სადაც ადგილები იყო და, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა სერტიფიცირებული მასწავლებლების შესაბამისი რაოდენობა. ამის გამო აიყვანეს არასერტიფიცირებულები. წელს მოსწავლეების მატება გვაქვს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. სამწუხაროდ, ახლა ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით.

კონკურსს ვინ და რა სახით ატარებს?

არის ვებგვერდი – პედაგოგი.გე, სადაც ცხადდება ვაკანსიები საქართველოს მასშტაბით, შემდეგ კი სკოლა ატარებს კონკურსს, კონკურსის სახესაც სკოლა ირჩევს. არის აუცილებელი მოთხოვნები და დანარჩენს უკვე სკოლა წყვეტს. თუ კონკურსი დიდია, შესაძლებელია აირჩიო გასაუბრება ან საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება… ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვერევით ამაში – სკოლა ავტონომიურად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ საქმეში ვერთვებით იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შემოვა.

აჭარაში 5-9 წლამდე ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატები გაიცემა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური [ჭიების საწინააღმდეგო] პრეპარატის გაცემას იწყებს.

ცენტრის ინფორმაციით, 5–6 წლამდე ასაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და 6–9 წლის  სკოლის მოსწავლეებს მშობლის ან მეურვის თანხმობის საფუძველზე ანტიჰელმინთური პრეპარატები დაურიგდებათ. თუ როგორ და რა ფორმით – ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა დღეს, 14 საათზე, N4 საბავშვო ბაღში გაიმართება. შეხვედრაზე პროგრამის განსახორციელებლად საჭირო საკითხებს და ანგარიშგების ფორმებს განიხილავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „აჭარაში საკმაოდ მაღალია ჰელმინთებით ბავშვთა დასნებოვნება. 5–9 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებით, სხვადასხვა ჰელმინთებით დაავადებული აღმოჩნდა ბავშვთა 30%. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების რეგიონულმა ბიურომ 2016 წლისთვის ბავშვთა დეჰელმინთიზაციისთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) გადმოსცა.  მოსაწოდებელი ოდენობა საშუალო ავადობის მონაცემებით იქნა გათვლილი და აჭარისთვის შეადგენს პრეპარატ ვერმოქსის  40 000 დოზას.

მსოფლიოში გავრცელებულია 250 სახეობის ადამიანის პარაზიტული ჭიები, მათგან 20 საქართველოსთვის ენდემურია. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია  ენტერობიუსი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში მხოლოდ ასკარიდოზით ყოველწლიურად ავადდება 1,2 მილიარდი ადამიანი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვებია“.

ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანის დასნებოვნების გზებია: საყოფაცხოვრება-კონტაქტური – დაუბანელი ხელების საშუალებით; საკვებით – გაურეცხავი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, არასათანადოდ თერმულად დამუშავებული ხორცისა და ხორცპროდუქტების საკვებად მიღება;  წყლით – დაბინძურებული წყალსატევებიდან და სხვა წყლის რეზერვუარებიდან წყალის დალევა.

მაჟორიტარი კანდიდატი: აუცილებელია ჩემი ყოფნა უმაღლეს საბჭოში

არჩილ მამულაძე  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქიდან იყრის კენჭს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატია. რა გეგმები აქვს დეპუტატობის კანდიდატს და როგორ წარმოუდგენია რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა? ამ თემაზე არჩილ მამულაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

რატომ მიდიხართ უმაღლეს საბჭოში, რა არის თქვენი მთავარი დაპირება ამომრჩეველთან?

მე ვარ პროფესიით იურისტ-ეკონომისტი. ასევე, კულტურის განხრით გამაჩნია კიდევ სხვა პროფესია, წლების განმავლობაში ვმუშაობდი კულტურის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე,  შემდეგ განათლების სფეროში ვმუშაობდი და ბოლო ათი წელია ვმუშაობ როგორც იურისტი,  ვარ საერთაშორისო და ბათუმის საქალაქო არბიტრაჟების არბიტრი და ვიყავი პრაქტიკოსი ადვოკატი.  ჩემი გამოცდილებიდან და წარსულიდან  გამომდინარე,  აუცილებელია ჩემი ყოფნა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

რატომ?

იმიტომ, რომ იქ იღებენ კანონებს, რომელიც წაადგება აჭარის მოსახლეობას, რომელიც შესაბამისად საქართველოს მოსახლეობას და მთელ ქვეყანას გამოადგება.

რა საკანონმდებლო ინიციატივებზე  აპირებთ მუშაობას, რომელიც ქვეყანას გამოადგება?

კულტურის, განათლების განხრით ხომ არ გვაქვს ყველაფერი რიგზე, არის რეფორმები ჩასატარებელი. მასწავლებლის, პედაგოგის ხელფასი მოსწონს ვინმეს? ამიტომ არის, რომ პედაგოგი იმცირებს თავს და გადადის დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად თურქეთში. პედაგოგს უნდა მიეცეს შესაბამისი ანაზღაურება. ეს ანაზღაურება არის მიზერული და ამ კუთხით არის  სამუშაო.

ხელფასები უნდა გაუზარდოთ პედაგოგებს?

უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, რომ დააყენოს პედაგოგის ხელფასის საკითხი ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით.

ანუ, აჭარაში სხვა რეგიონისგან განსხვავებული ხელფასი უნდა მიიღოს პედაგოგმა?

ჩვენ გადავხედოთ საერთო ყულაბას, რამდენი ათასი ლარია გამოყოფილი განათლების სისტემაში. დღეს ნებისმიერი სკოლის დირექტორს შეუძლია განუსაზღვროს მასწავლებელს ხელფასი და სხვა ხარჯები იქედან გამომდინარე, რამდენი ათასი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტში.

და ამ საკითხს როგორ გადაწყვეტს უმაღლესი საბჭო?

უმაღლეს საბჭოს შეუძლია ცენტრალური ბიუჯეტიდან მოითხოვოს უფრო მეტი ანაზღაურება, ვიდრე არის გამოყოფილი.

 კიდევ რაზე აპირებთ მუშაობას?

ასევე შემიძლია ვთქვა ექიმებზე, რატომ მუშაობს ექიმი ხუთ ადგილზე? ეს ყოვლად შეუძლებელია, ექიმი უნდა მუშაობდეს ერთ ადგილზე და ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება. რატომ ხდება ეს იცით, ალბათ, რომ ქვეყნის მასშტაბით კლინიკები, საავადმყოფოები გადასულია სადაზღვევო კომპანიების ხელში, რომელსაც სულ არ აინტერესებს ექიმის მუშაობის ხარისხი და როგორ ექცევა პაციენტს ექიმი, მათ უნდათ მეტი შემოსავალი მიიღონ, ამიტომ სახელმწიფო დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს ნებისმიერი საავადმყოფო და კლინიკა.

და უმაღლესი საბჭო გადაიყვანს კლინიკებს სახელმწიფო საკუთრებაში?

ამას გადაიყვანს ის გუნდი, რომელიც მეტი რაოდენობით  შევა და აზრთა შეთანხმება ექნება.

თქვენ თქვით, რომ ახლანდელი უმაღლესი საბჭო არის უმოქმედო, რადგან მან ვერ გაიტანა ვერც ერთი კანონპროექტი,  თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი კანონპროექტის  ინიცირება პარლამენტში?

ბიუჯეტში ჩაწერილია, თუ რამდენია გამოყოფილი განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის და სოციალური სფეროსთვის და თუ არ გყოფნის, უნდა მოითხოვო ცენტრალური ბიუჯეტიდან.

თქვენი აზრით, ხელფასების ზრდის გარდა კიდევ რა საკითხი უნდა გადაჭრას უმაღლესმა საბჭომ?

მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარება ქალაქში, რატომ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე? იმიტომ, რომ არამიზნობრივად  იხარჯება. ქალაქის ბიუჯეტს აკონტროლებს აჭარის საკანონმდებლო ორგანო.

თვითმმართველი ქალაქის  ბიუჯეტს საკრებულო აკონტროლებს.

თვითმმართველი კი არის მაგრამ, აჭარის უმაღლესი საბჭო აბა რისთვის არის? მის კომპეტენციაში შედის იმ კუთხით, რომ როცა სტრატეგიული ორგანო ვერ აკონტროლებს თანხების ხარჯვას სწორად, უნდა ჩაერთოს აჭარის საკანონმდებლო ორგანო.

გასაგებია. „პატრიოტთა ალიანსში“ როდის გაწევრიანდით და რატომ?

აქ დავინახე ის პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთება, სადაც აზროვნებენ ეროვნულად.

რას მიიჩნევთ ეროვნულ აზროვნებად?

ალბათ, გახსოვთ კირნათში მიწებთან დაკავშირებით პრობლემები რომ იყო, მდინარესაც კი შეუცვალეს კალაპოტი, რომ გარკვეული ტერიტორია თურქეთის მხარეს გადასულიყო.

ეგ ფაქტი არ დაადასტურა მაშინ სახელმწიფომ…

ქვეყნების ლიდერებმა შეიძლება ეს არც კი იცოდნენ ვიღაც მავანმა გააკეთა და ჩვენმა პარტიამ  ჩაატარა მაშინ აქცია და ჩვენი ძალისხმევით ეს მიწები დაბრუნდა.  ალბათ იცით, რომ  ერთდროულად 40 ათასმა თურქმა  საქართველოს მოქალაქეობა რომ მიიღო…

როდის მოხდა ეს?

ეს იყო სააკაშვილის დროს, ბოლო წლებში.

მაგ პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებში მსგავსი ციფრი არსად ფიგურირებს. თქვენ რა წყაროს ეყრდნობით?

როგორ გეკადრებათ. სააკაშვილმა  საჯაროდ განაცხადა.  გარდა ამისა, რამდენი ათასი ჰექტრი აქვს მითვისებული უცხოელებს, შეიხებიდან დაწყებული.

თქვენ ფიქრობთ რომ ინვესტორი არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში?

ინვესტორი უნდა შემოვიდეს მაშინ, როცა არ დააზარალებს შენს რესპუბლიკას და ხალხს. დღეს ასობით კირნათელი მოდის და გვეუბნება რომ მან შეცდომით მიყიდა ინვესტორს საკუთრება, ის ვეღარ უბრუნებს იმ მიწას.

შეცდომით გაყიდვა რას ნიშნავს, ან თუ გაყიდა როგორ დაიბრუნებს?

ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ რა ტერიტორიებიც შემოგვრჩა აღარ გაიყიდოს.

სკოლა, რომელსაც არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს

ამ სკოლის კარს სასწავლო სემესტრის პირველ დღეს წელს არც ერთი მოსწავლე არ შეაღებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის წინ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, სკოლა ოფიციალურად გაუქმებული არ არის და შტატში ერთი მასწავლებელი ირიცხება.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის თანამშრომელი, ნინო ბოლქვაძე გვეუბნება, რომ ის ერთი მასწავლებელიც ჩხუტუნეთის სკოლაში მუშაობს და ცხემლარში იმ შემთხვევაში ავა, თუ სკოლას ერთი პირველკლასელი მაინც ეყოლება.

ვრცელი სტატია აჭარის სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობაზე წაიკითხეთ “ბათუმელების” ახალ ნომერში.

მაჟორიტარი კანდიდატები უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი კანდიდატების სიები გამოაქვეყნა.

აჭარაში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია.

N68 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები:

N1 “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”-ზვიად ბოლქვაძე,
N3 “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”-ლევან ჯინჭარაძე,
N5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ელგუჯა ბაგრატიონი,
N6 “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”-ზაურ ახვლედიანი,
N7 “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-მარკელა ჩხაიძე,
N8 “დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ტარიელ მამულაიშვილი,
N10 “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-ჯელალ ქიქავა,
N14 “დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”-რამაზ სურმანიძე,
N19 “თოფაძე – მრეწველები,ჩვენი სამშობლო”-გიორგი ასათიანი,
N26 “ეროვნული ფორუმი”-ჯამილა მინჯია,
N27 “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”-ჯაბა ბერიძე,
N32 “მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს”-ლიანა აბულაძე,
N41 “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ვახტანგ წულაძე.

N69 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები:

N1 “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”-მალხაზ ნაკაშიძე,
N3 “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”-დიმიტრი ჭეიშვილი,
N5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ნინო ჯინჭარაძე,
N6 “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”-დავით ბერძენიშვილი,
N8 “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-მამული ჟღენტი,
N7 “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-ნუგზარ ქამაშიძე,
N10 “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-დარეჯან ალანია,
N19 “თოფაძე – მრეწველები,ჩვენი სამშობლო”-რომან ჯიქია,
N23 “ჩვენები – სახალხო პარტია”-მანუჩარ აბაშიძე,
N26 “ეროვნული ფორუმი”-თინა იმნაძე,
N27 “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”-კობა ჩხეიძე,
N32 “მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს”-ბიძინა აფხაზავა,
N41 “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ილია ვერძაძე.

N70 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები:

N1 “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”-ბექა დიასამიძე,
N3 “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”-შაქრო პაპიძე,
N5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-გია აბულაძე,
N6 “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”-გიორგი მასალკინი,
N7 “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-ჯემალ მეგრელიძე,
N8 “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-არჩილ მამულაძე,
N10 “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-ბესიკ ქორიძე,
N19 “თოფაძე – მრეწველები,ჩვენი სამშობლო”-ნოდარ მელიქიშვილი,
N23 “ჩვენები – სახალხო პარტია”-ანზორ დავითაძე,
N26 “ეროვნული ფორუმი”-ზაალ ჯაფარიძე,
N27 “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”-არმაზ ბახტაძე,
N32 “მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს”-მედეა ვასაძე,
N41 “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ნუგზარ სურმანიძე.

N71 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები:

N1 “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”-დავით მანელიშვილი,
N3 “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”-ხვიჩა გამარჯობაძე,
N5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-მამული სურმანიძე,
N6 “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”-ლევან ხინიკაძე,
N7 “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-თემურ თხილაიშვილი,
N8 “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ავთანდილ ხაბაზი,
N10 “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-ნანა ინასარიძე,
N19 “თოფაძე – მრეწველები,ჩვენი სამშობლო”-მამუკა ესელიძე,
N23 “ჩვენები – სახალხო პარტია”-გოგი გოგიტიძე,
N26 “ეროვნული ფორუმი”-სოფიო ცეცხლაძე,
N27 “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”-კახაბერ კაკალაძე,
N32 “მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს”-ნოდარი ხახუტაიშვილი,
N41 “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-გიორგი რომანაძე.

N72 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები:

N1 “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”-ბერიძე ჯემალ,
N3 “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”-ბრუნჯაძე შუქრი,
N5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-კახიძე ქენან,
N6 “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”-რუხაძე გიორგი,
N7 “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-სურმანიძე რომან,
N8 “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ლორთქიფანიძე ლევან,
N10 “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-ცეცხლაძე უშანგი,
N19 “თოფაძე – მრეწველები,ჩვენი სამშობლო”-შავაძე იამზე,
N23 “ჩვენები – სახალხო პარტია”-შაინიძე დურმიშხან,
N26 “ეროვნული ფორუმი”-აბაშიძე მერაბ,
N27 “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”-ზაქარაძე პაატა,
N32 “მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს”-დუმბაძე ბიძინა,
N41 “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-კარანაძე მერაბ,
N42  დამოუკიდებელი – ფუტკარაძე ზურაბ.

N73 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები:

N1 “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”-გათენაძე დავით,
N3 “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”-ღორჯომელაძე მამუკა,
N5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ამაღლობელი ნუგზარ,
N6 “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”-მსახურაძე დემურ,
N7 “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-შავაძე ელგუჯა,
N8 “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-სურმანიძე გურამ,
N10 “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-სურმანიძე ნინო,
N19 “თოფაძე – მრეწველები,ჩვენი სამშობლო”-ხმალაძე თამაზ,
N26 “ეროვნული ფორუმი”-ზოსიძე ნუგზარ,
N27 “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”-ცეცხლაძე ოთარ,
N32 “მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს”-ხიმშიაშვილი მალხაზ,
N41 “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-შარაშიძე ხვიჩა.

კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხულოდან

13 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იგი 54 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და საფინალო შეხვედრამდე მან ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, რისთვისაც ჯამში 2:52 წუთი დასჭირდა.

ფინალში ლერი აბულაძე თურქ მეტოქეს, კერემ კამალს შეხვდა, დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლერი აბულაძე ევროპის 2015 წლის ჩემპიონია ჭაბუკთა შორის და 2016 წლის საქართველოს ჩემპიონი. ლერი 17 წლისაა, იგი ხულოდანა და მეორე სპორტსმენია ამ მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა. პირველად ეს ტუტული შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვა, რომელმაც წელს ოლიმპიური ბრინჯაო მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიჯდე პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ

სოსო ნოღაიდელი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის კანდიდატად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელეს. სოსო ნოღაიდელი პოლიტიკურ კარიერას პირდაპირ პარლამენტიდან იწყებს. გვითხრა, რომ აქამდე პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა.

ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურად გააქტიურება და რატომ „თავისუფალი დემოკრატები“?

მე არ შემირჩევია, მეგობრების რეკომენდაციით შემხვდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები. ეს სადღაც ამ წლის ივლისში იყო.  თავიდან უარი ვთქვი. მერე მქონდა საუბარი ბატონ ირაკლი ალასანიასთან და დავთანხმდი. მე მომაწოდეს პროგრამა, რომესაც გავეცანი და მომეწონა პროგრამა მიწის რეფორმიდან დაწყებული საარსებო მინიმუმამდე, სოციალურად დაუცველების პროგრამა, პენსიონერები… ყველაფერი არის მარტივად გაწერილი. კარგად ვიცნობ ბატონ დავით ონოფრიშვილს, ის ერთ დროს ჩემი შეფი იყო. და ბატონი დავითის მიმართაც, როგორც ეკონომისტი, როგორც ფინანსისტი, ასეთი ადამიანი რომ იქნება გუნდში, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.

რა გითხრათ ასეთი ირაკლი ალასანიამ?

ძალიან დამაჯერებლად მესაუბრა. ირაკლი ალასანიას მიმართ მანამდე მქონდა სიმპათიები, ასევე კობა ჩხეიძის, სულხან ღლონტის, ჯაბა ბერიძის მიმართ…

სულხან ღლონტი, პარტიის ლიდერი რეგიონში რომ არ არის არც მაჟორიტარი კანდიდატი და არც პარტიულ სიაში, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?  

სხვათა შორის, მაგ თემაზე გვქონდა საუბარი. მე ჩემი უკმაყოფილება მაგის მიმართ გამოვთქვი… მოვისმინე პასუხი და გასაგებია, რომ ეს იყო სულხან ღლონტის არჩევანი. ის ასე ამბობს.

დამაჯერებელი იყო ეს პასუხი?

დამაჯერებელი არ იყო ნამდვილად… პოლიტიკოსი არ ვარ მაინცდამაინც ისეთი, რომ გავიგო სინამდვილეში რა მოხდა, ზუსტად ვერ გაგცემთ პასუხს.

რის გამო მოგეწონათ პარტია, ღირებულებების გამო, თუ ლიდერებით მოიხიბლეთ?

პროგრამა მაჩვენეს და მომეწონა. ბევრი საკითხი ძალიან კარგად არის გაწერილი, მაგალითად, მიწის საკითხი, სოციალური პროგრამები… მქონდა საუბრები ხშირად კობა ჩხეიძესთან. ერთხელ შევხვდი, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს დავთანხმდი.

პარლამენტარობის სურვილიც მაშინვე გაგიჩნდათ?

მე არ მინდოდა პარლამენტორობა, თვითონ შემომთავაზეს…

რას პირდებით ქობულეთელებს? რის გამო დათანხმდით შეთავაზებას?

ძალიან მიყვარს ჩემი რაიონი და უშუალოდ იმას ვპირდები, რომ ამ ხალხთან მექნება ურთიერთობა. იქ ვიჯდე, პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ… ახლაც სოფელში ვცხოვრობ და აქ ვარ. ქობულეთისთვის ძირითადად ის უნდა შეიცვალოს, რომ არ გატარებულა და არც დაწყებულა მიწის რეფორმა, სოფლებში რა მდგომარეობაა ყველამ კარგად ვიცით.

რისთვის გინდათ პარლამენტში შესვლა?

იმისთვის, რომ შევცვალო ბევრი რამე ჩემი რაიონისთვის… მაგალითად, აქ არ გატარებულა მიწის რეფორმა, ჩაის პლანტაციები რა დღეშია, ეს უნდა აღორძინდეს, ან გადაეცეს გლეხს, ვინც შრომა იცის და უყვარს. რაც შეეხება ქალაქს, ზღვისპირეთი რომ ნაგავში იხრჩობა და საშინელ დღეშია, ამას ყველა ვხედავთ. პრობლემა ძალიან ბევრია.

კონკრეული წინადადება გაქვთ, როგორ უნდა მოგვარდეს მიწის საკითხი?

სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულები გადაეცეს კერძო მესაკუთრეებს ერთხელ და სამუდამოდ – ამას მოვითხოვ. ყველა რომ მიხედავს თავის საკუთრებას, ეს მოაწესრიგებს პრობლემას.

ანზორ თხილაიშვილი აყენებდა მიწის რეფორმის მოთხოვნას, ისიც „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ალბათ, გახსოვთ, როგორ დასრულდა მისი ინიაციატივა პარლამენტში.

რა დააყენა ანზორ თხილაიშვილმა, არ ვიცი, მაგრამ ეტყობა, კარგად ვერ დააყენა…

თქვენ რა წინადადება გაქვთ ისეთი, რაც ფიქრობთ, რომ მისაღები იქნება ახალი მოწვევის პარლამენტისთვის?

ასე კონკრეტულად არ ვიცი, არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს… 20-ში, ან 25 სექტემბერს გვექნება პარტიული შეხვედრა შეიძლება ბატონი ირაკლიც ჩამოვიდეს და იქ გავივლით მსგავს საკითხებს დეტალურად. საკითხს კონკრეტულად დავამუშავებთ და მოვიყვანთ იმ ფორმაში, რომ მოუსმინოს პარლამენტმა. თუ ღმერთმა ინება და ჩვენ მოვხვდით პარლამენტში ჩვენ ჩვენს კანდიდატურას წამოვაყენებთ გამგებლის თანამდებობაზე და გავაკეთებთ იმას, რომ ქობულეთი იყოს ერთ-ერთი სუფთა ქალაქი ზღვისპირეთში… ჩვენი სარჩევნო დაპირებებია სოციალურად დაუცველების მხარდაჭერა, პენსიონერების პრობლემა… 300 ლარი რომ იქნება პენსია, მინიმალური ხელფასი 500 ლარი, ხოლო საარსებო მინიმუმი 250 ლარი, ამაში ხალხს ეჭვი არ ეპარება. ჩემს გობულეთელებთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ სჯერათ მათ ამ განცხადებების.

მანამდე რას ეუბნებით ამომრჩეველს?

მოსახლეობა ენდობა ჩვენს დაპირებებს. სოფლებში ვხვდები მოსახლეობას, სხვათა შორის, ბევრი გამოდის და აპროტესტებს სოციალური დახმარების შეჩერებას, მაშინ როცა მთთან არაფერი შეცვლილა. პენსიონერების პრობლემაა ასევე დიდი. გათვლილია და დათვლილია სერიოზიული ხალხის მიერ, რომ პენსია იქნება 300 ლარი და მინიმალური ხელფასი 500 ლარი…

ის, რომ არ გაქვთ პოლიტიკური გამოცდილება, ფიქრობთ, ეს ხელს არ შეგიშლით?

ეს, მგონი, უფრო პლიუსია. ადამიანებს აღარ უყვართ პოლიტიკოსები, იმედგაცრუება აქვთ…

P.S. სოსო ნოღაიდელი „საქართველოს რკინიგზის“ ქობულეთის ვაგზლის უფროსი იყო 2006 წლიდან. მანამდე ქობულეთის საგზაო პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 1991-1996 წლებში სოსო ნოღაიდელი მუხაესტატეს თემის საკრებულოს გამგებლად მუშაობდა.

რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე

სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან ავტომობილების რიგების რეგულირება საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა, პრობლემა არ გვარდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი, თუმცა, ეს წესიც არ მოქმედებს.

ზემოაღნიშნული წესით, საზღვრის გადაკვეთის მიზნით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს შესაბამის გამტარ პუნქტთან განთავსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე [ასეთის არსებობის შემთხვევაში] მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.

მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, რომ „სპეციალური ავტოსადგომი“ წარმოადგენს ავტოსადგომს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს; რიგების მართვას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ, მაგალითად, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტთან არსებულ ავტოსადგომებზე არ რეგულირდება ავტომობილების რიგები: „დღეის მდგომარეობით, ადლია-გონიოს ტერიტორიაზე არსებული არც ერთი ავტოსადგომი არ არის ჩართული „რიგების მართვის“ სისტემაში. მომავლაში იქნებიან თუ არა ისინი ჩართულები, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დააკმაყოფილებენ შესაბამისი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

რეგლამენტი, ანუ პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებული და რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომები, საქართველოს მთავრობამ წელს, 27 მაისს დაადგინა. ავტოსადგომების რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ბოლო ვადა კი 2016 წლის დეკემბრამდეა. ამის შემდეგ [ან, მანამდეც, თუ აკმაყოფილებს რეგლამენტს] მფლობელი, ავტოსადგომის რეგლამენტის პარამეტრებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დასკვნას წარუდგენს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის შემოსავლების სამსახურს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ავტოსადგომი რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩაერთოს.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის სურვილი არც ერთ ავტოსადგომს არ გამოუხატავს, ან კიდევ, ისინი ჯერ ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტს.

მძღოლის მიერ რიგის ნომრის აღებისა და ავტოსადგომიდან ავტომანქანების რიგითობის მიხედვით გასვლის წესი, საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა, რომელიც წელს, 28 აგვისტოდან ამოქმედდა.

ეს წესი ეხება გამშვები პუნქტების მიმართულებით გადაადგილებულ სატვირთო ავტომანქანებს [ტრაილერებს] და ზოგჯერ სამგზავრო ავტობუსებსაც. კერძოდ: სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება [ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით] პუნქტში გამოცხადებამდე აუცილებლად უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე [ასეთის არსებობის შემთხვევაში]; ხოლო, M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება [ავტობუსი] ავტოსადგომზე განთავსდება სტიქიური მოვლენის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში.

ავტოსადგომზე შესვლისას მძღოლზე უნდა გაიცეს ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი; ქვითარზე დატანილი მონაცემები უნდა აისახოს შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“; ამ მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასვლის დრო, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს მძღოლს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაბამისი პროცედურის დარღვევით გამოცხადებული ავტომანქანა ექვემდებარება უახლესი ავტოსადგომის მიმართულებით უკან გაბრუნებას.

შს მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო გამტარ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების რიგის მოწესრიგებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაუწევს ზედამხედველობას – „მიუთითებს რიგში მდგომ სატრანსპორტო საშუალებებს და განალაგებს მათ იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოძრაობის შეფერხება; საცობის შექმნის შემთხვევაში იღებს ზომებს რიგების ოპერატიულად განტვირთვისათვის; უზრუნველყოფს სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში ზღუდავს, კრძალავს ან ცვლის სატვირთო ავტომობილების მოძრაობას…“

განბაჟების ზონა

გააჩნია თუ არა შემოსავლების სამსახურს ავტოსადგომი და საკმარისი ტერიტორია, რათა რიგითობის დაცვით უზრუნველყოს სატვირთო მანქანების შეუფერხებლად გადაადგილება? – ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურში გვიპასუხეს, რომ „შემოსავლების სამსახურს არ აქვს ასეთი ავტოსადგომი. ზემოაღნიშნულ მომსახურებას მძღოლებს გაუწევენ ის კერძო ავტოსადგომები, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

„ბათუმელები“ გონიოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ კერძო ავტოსადგომს დაუკავშირდა, რომელიც კომპანია „ფიგოილს“ ეკუთვნის [„ფიგოილს“ ორი დამფუძნებელი ჰყავს – ბიზნესმენი გია ჭყონია და შპს „პროფერთი გრუპი“]. კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტოსადგომს რიგების მართვის წესთან საერთო არაფერი აქვს და ის ამ სისტემაში არ არის ჩართული. აპირებს თუ არა ავტოსადგომი „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ჩართვას? – კომპანიის იურისტი არჩილ ბასილაძე პასუხობს: „შესაძლებელია ჩაერთოს“.

რიგების მართვის წესი თურქეთის საბაჟოზე

როგორ მართავენ რიგების, მაგალითად, მეზობელ თურქეთში, სარფის გამტარ პუნქტთან? – ამ კითხვაზე საქართველოს შემოსავლების სამსახურში გვიპასუხეს: „თურქეთის ტირპარკში შესვლის ვალდებულება აქვს ყველა სატვირთოს. თუ სატვირთო პირველად შედის ტირპარკში, შესვლის მომენტში უნდა გადაიხადოს შესვლის საფასური. ამ თანხის გადახდის შემდეგ მძღოლს ეძლევა პლასტიკური ბარათი, რომლის მოქმედების ვადა 2 წელია. ბარათი ფორმდება ავტომანქანის ნომერზე და იცვლება მხოლოდ ნომრის ან ავტომობილის შეცვლის შემთხვევაში.

ორი წლის განმავლობაში ტირპარკში ყოველ შესვლაზე საფასურის რიცხავენ პარკში შესვლისას, რასაც პროგრამულად კითხულობს საბაჟოსთან არსებული ტირპარკის თანამშრომელი. რიგს ის აკონტროლებს.

ბარათზე საფასურის ჩარიცხვის შემდეგ მძღოლს ეძლევა რიგის ნომერი, რომელზედაც მითითებულია ტვირთის სახეობა – ჩვეულებრივი ტვირთია თუ პრიორიტეტული. ტირპარკიდან გამოსვლას სატვირთოს მძღოლი აფიქსირებს სპეციალურ წამკითხველზე ბარათის დადებით. გამოსვლის მომენტიდან მინიმუმ 6 საათში სატვირთო უნდა გამოცხადდეს საბაჟო გამშვებ პუნქტში.

თუ ტირპარკიდან გამოსვლის შემდეგ დაზიანდა სატვირთო ავტომობილი და ვერ ასწრებს 6 საათში საბაჟოზე გამოცხადებას, მძღოლი ვალდებულია აცნობოს ტირპარკის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც ვადას გაუგრძელებენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ ისევ არ შევიდა სატვირთო საბაჟოზე, ის ვალდებულია დაბრუნდეს ტირპარკში და თავიდან შეიძინოს რიგის ნომერი [ტირპარკში შესვლის დროს ვიდეოკამერით ფიქსირდება მანქანის ნომერი, რითაც ამოწმებენ ბარათის ნამდვილობას, რომ ის კონკრეტულად ამ სატვირთოს ეკუთვნის].

ტირპარკის ადმინისტრაცია პროგრამულად ხედავს რამდენი მანქანა გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე [სგპ-ზე შესვლას მძღოლი ადასტურებს ბარათის წამკითხველზე დაფიქსირებით] და ამის საფუძველზე უშვებს იმდენ სატვირთოს, რამდენიც შევიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე“.

ტრაილერი საბაჟო სარფი

მაჟორიტარი კანდიდატი: კარდაკარ მარტო იმიტომ კი არ დავდივარ, რომ ბოდიში და ყავა დავლიო

ქენან კახიძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  წარადგინა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია.

ბატონო ქენან,  გვაინტერესებს თქვენი გეგმები და ხედვები; რაიმე კონკრეტული იდეა თუ გაქვთ, რისი შეცვლაც არის საჭირო, ან რაიმე ინიციატივის შეტანას თუ გეგმავთ?

ჩვენ პროგრამა გვაქვს გაწერილი, საერთოდ პარტიას და პარტიის პროგრამით ვმოქმედებთ…

თქვენს ამომრჩეველს ხელვაჩაურში რას სთავაზობთ – როგორ აპირებთ მუშაობას, რაიმეს შეცვლის საჭიროებას თუ ხედავთ? 

მე, უბრალოდ, ეხლა კარ და კარ დავდივარ… დღეის ჩათვლით ოთხი ათასი ოჯახი მაქვს ფეხით შემოვლილი… ოთხი ათას ოჯახში შევდივარ, ვეცნობი თუ ვინა ვარ, პლუს ამას ვსწავლობ მათ პრობლემებს – როგორც სოფლის პრობლემებს, ისე თითოეულის პრობლემას. ბევრი არის სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლებსაც გაუუქმდათ სოციალური დახმარება და ეს აუცილებლად იქნება გადახედილი ჩვენს პერიოდში… ჩვენი გუნდი, ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მათ ნორმალური ცხოვრება შევუქმნათ, ნორმალური პირობები შევუქმნათ და სამუშაო ადგილები შევქმნათ, რომ ასეთი [ოჯახი] ნაკლები იყოს, მთლიანად ჩემს რაიონში და საერთოდ საქართველოში.

ამისთვის რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ფიქრობთ უმაღლესი საბჭოდან?

ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რაიონი დიდი პოტენციის მქონე რაიონია… პატარა რაიონი არ არის ხელვაჩაური და ამ რაიონში და საერთოდ აჭარაში შეიძლება ასეთი ადამიანების დასაქმება. მაგალითად, თხილის საკრეფად და ჩაის საკრეფად თურქეთში გარბიან ხალგაზრდა, ვაჟკაცი ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთ ქვეყანაშივე ნახონ სამუშაო ადგილი, მაგრამ ამის პირობები უნდა შევქმნათ ჩვენ. მე პრეტენზია არ გამაჩნია, რა თქმა უნდა, თურქეთზე… მაგრამ ადგილზე შეიძლება მათი დასაქმება. დასაქმების შემთხვევაში მათი სოციალური პრობლემაც მოიხსნება, ოჯახთან იქნებიან ახლოს და თან თავიანთ ქვეყანაში იქნებიან.

საკანონმდებლო ორგანოდან, როგორ წარმოგიდგენიათ სამუშაო ადგილების შექმნა? ან რას ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამას? 

 ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში კი ვიქნებით, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოდან ხელისუფლებაში მოვდივართ უმრავლესობით.  ხელისუფლებაში მოვალთ თუ არა, ჩვენ მთავრობას ვეტყვით კონკრეტულად, რომ მეტი ინვესტიცია, მეტი პროექტები, რა თქმა უნდა აჭარაში და აქედან გამომდინარე ის ხედვა გვაქვს, რომ აჭარაში პირველივე წელს დაახლოებით 15 ათასი სამუშაო ადგილი შევუქმნათ დღევანდელ აჭარის მოსახლეობას… იმაში ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში.

მაგრამ თქვენ აპირებთ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელებას, ხომ? 

კი, ახლა ვარ საკრებულოს წევრი ხელვაჩაურში. სამჯერ არჩეული ვარ, სამჯერ მომცა ჩემმა თემმა [ჩემი თემი არის სოფელი სარფი] ხმა. სამჯერ  მოვიგე არჩევნები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სამჯერ იმიტომ, რომ მე იქ რაღაც გამიკეთებია, რაღაც მიშენებია და მივხმარებივარ ჩემ მოსახლეობას. ახლა გადავწყვიტე, რომ რაიონის მასშტაბით გავაკეთო ეს და გავაუმჯობესო ჩემი რაიონის მოსახლეობის პირობები.

უმაღლეს საბჭოში თქვენი მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ?

როგორ წარმომიდგენია და ჩვეულებრივად წარმომიდგენია.  ჩვენი პარტიის ყველა მაჟორიტარი და პარტიული სიით, რომელიც გავალთ, ყველა ერთად გუნდური წესით გადავწყვეტთ… რა თქმა უნდა ინიციატივები წამოვა ყველა რაიონიდან და იქ გავითვალისწინებთ, ყველაზე დიდი პრობლემა რომელ რაიონშიც არის, იმ პრობლემის პირველივე წელს გადაწყვეტას.

ამ ეტაპისთვის რას ხედავთ, რომელ კანონზე ფიქრობთ რომ არის შესაცვლელი?

წინასწარ ამის ლაპარაკი ზედმეტია.

უკვე არსებულზე ვსაუბრობ, ხომ უნდა გქონდეთ ხედვები უმაღლეს საბჭოში…

რა თქმა უნდა არსებულზე, მაგრამ შიგნით რომ შევალთ, მაშინ დავიწყებთ ყველა იმ თემაზე [საუბარს]. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ბევრ რამეს გავივლით კიდევ და ერთად შევიმუშავებთ იმ კანონპროექტებს, რაც მოსახლეობას აწუხებს, ხალხთან ერთად ვივლით, ხალხთან ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს, ამიტომ ჯერ წინასწარ ამის თქმა უსაფუძვლოა.

მიწის რეფორმის საკითხზე როგორია თქვენი ხედვები?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კერძოდ რა თქმა უნდა ჩასატარებელია, იმიტომ რომ მეურნეობის მიწები არის დარჩენილი და ის მიწები აუცილებლად უნდა გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებიც მეურნეობაში ცხოვრობენ და სარგებლობენ მაინც დღესდღეობით. ოღონდ რეფორმის შედაგად უნდა გადაეცეთ. როგორ რეფორმას ჩავატარებთ  – ეს უკვე მეორე საკითხია.

გონიოში მიწების საკითხი იყო პრობლემური… 

 გონიოს მიწები უნდა შევისწავლოთ აუცილებლად, უნდა შევისწავლოთ დეტალურად… შეიძლება მაგაზე საუბარი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, გონიოს მიწები, ესე იოლად არ უნდა დაუბრუნდეს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დაობენ. იქ არ ვიცი რამდენია მოდავე, მაგრამ დეტალურად უნდა შევისწავლოთ, ამ ადამიანს ეკუთვნის ნამდვილად თუ არ ეკუთვნის? გონიოში მაცხოვრებელი არის თუ არ არის? შესწავლის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია რომ გაკეთდეს მათ სასარგებლოდ.

ეს საკითხი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკრებულოში შექმნილმა კომისიამ ხომ განიხილა, გასცა საკუთრების აღიარების მოწმობები და შემდეგ უკვე გააუქმა. ამ ფაქტზე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რას ფიქრობთ, პარტია აღიარებს ამას თუ არა შეცდომად?

ჩვენ პერიოდში კი გაიცა ეგ მიწები და შემდეგ კიდევაც ჩამოერთვა წერილის საფუძველზე, რომელი წერილიც მოვიდა ძეგლთა დაცვის სამინისტროდან. ძეგლთა დაცვის სამინისტრო ითვალისწინებდა, რომ გონიოს ციხის ტერიტორიაზე არ უნდა გაიცეს ტერიტორიები, მაგრამ გაცემული იყო, ამიტომ ვის მიერაც იყო გაცემული, მის მიერვე მოხდა ამ აქტის გაუქმება – თუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიის მიერ იქნა გაცემული, ხელვაჩაურის აღიარების კომისიას შეეძლო გაეუქმებინა ეს…

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ საფუძველი არსებობდა გაუქმების?

საფუძველი ამ წერილის საფუძველზე, მე ასე ვფიქრობ, ამიტომაც მოხდა ასეთი გაუგებრობა… ამიტომაც ვამბობ, რომ ხელმეორედ უნდა გადაიხედოს [ეს საკითხი] ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მაგრამ ეს წერილი და ეს გარემოება თუ იგივე რჩება, რა უნდა მოხდეს? 

ხელმეორედ უნდა შეისწავლოს, თუ გინდა გარემოს დაცვამ, თუ გინდა ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თუ რისი გაკეთება შეიძლება მაქ…  არ ვიცი დეტალურად, მაგრამ ჩემი ხედვა ის არის, რომ ეს ხალხი აუცილებლად დაკმაყოფილდება, არავინ არ დაზარალდება.

უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდგ და ამ ხალხს დაზარალებული უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ. თქვენი აზრით, უნდა დაისაჯოს თუ არა ვინმე?

მე პროკურორი არა ვარ.

პასუხისმგებლობის დაყენებაზე გეკითხებით. 

მე ჩემს სუბიექტურ აზრს გაწოდებთ, რომ ეს საკითხი უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ იქ მოდავე ადამიანებიდან ბევრს გონიო მე მგონი საერთოდ არ უნახავს და არც გონიოში არიან რეგისტრირებულები. აქედან გამომდინარე, ხელმეორედ უნდა შეიქმნას კომისია.  

ჰესების საკითხზე მინდა გკითხოთ, რასაც ხელვაჩაურში მოსხლეობა აპროტესტებს…

არა მგონია რომ აპროტესტებდნენ, იმიტომ რომ უკვე მიმდინარეობს ჰესების მშენებლობა და კაციშვილი არ აპროტესტებს. არავინ არ მინახავს რომ აპროტესტებდეს…

როგორ არა აპროტესტებდნენ კირნათში, მარადიდში… 

არა, ეს ერთი პერიოდი, როცა დაიწყო ჰესების მშენებლობა მაშინ იყო გაპროტესტებები და მერე დაკმაყოფილდნენ ალბათ, მე ესე ვიცი, რომ ჰესებზე არავის პრობლემა არ აქვს… ჩემი ინფორმაციით ასეა და თუ აპროტესტებს, იმ კირნათის და მარადიდის მოსახლეობას უნდა შევხვდე და გავესაუბრო, მანამდე რა გელაპარაკოთ.

გეგმავთ მათთან შეხვედრას?

რა თქმა უნდა, თითოეულ ოჯახში უნდა შევიდე და დაველაპარაკო. მაინტერესებს, თუ რას აკეთებს დღეს ხელისუფლება, რითი დაეხმარა, რა გაუკეთა, რა საშუალებები შეიძლება გამოვნახოთ ხვალ და ზეგ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს. ყველაფერს ვეცნობით, აბა როგორ, კარდაკარ მარტო იმიტომ კი არ დავდივარ, რომ ბოდიში და ყავა დავლიო და წყალი დავლიო მათ ოჯახში. იმიტომ დავდივარ, რომ ვეცნობი პირადად, ვინ მოდის, ვინ უნდა აირჩიოს თითოეულმა პიროვნებამ.  

 საკრებულოში მუშაობის პერიოდში რა მნიშვნელოვანი საკითხები გაგიტანიათ, რა პროექტები იყო ან ინიციატივები, რომლებზეც გიმუშავიათ?

მე ბიუჯეტის დაგეგმარების დროს ყოველთვის მიმიღია მონაწილეობა, გარდა იმ პერიოდისა, სანამ ესენი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მე, როგორც მაჟორიტარი, დღემდე ვაპროტესტებდი დაგეგმილ ბიუჯეტს, იმიტომ რომ არამიზნობრივად იყო ყველაფერი. არავინ არ იღებდა იმას, რომ მე მაჟორიტარი ვიყავი რომელიმე თემში და პასუხისმგებელი ვიყავი რომელიმე თემის წინაშე, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ესენი [უმრავლესობა] ყველანაირად იგნორირებას მიკეთებდნენ, რომ არ გახარჯულიყო…  ჩემ თემში ბევრი საკითხი წამოიჭრა, სიტყვიერი საკითხი დავსვი სხდომებზე, მაგრამ დღემდე არ არის… წინადადებით შემოსული ვიყავი არა წერილობით, იქ ოქმში იწერება, რომ დაფიქსირებული იყო ბევრი ისეთი თემა, რომელიც ჩემ თემში უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი ჩემი სოფლის,  ამიტომ უარს მეუბნებოდნენ. ხვალ გავაკეთებთ, ზეგ გავაკეთებთ ამ პროექტსო და გადაჰქონდათ. ამიტომ ამ ბიუჯეტს არასოდეს მე მხარს არ ვუჭერდი.

თქვენ ხართ დარწმუნებული რომ უმაღლეს საბჭოში იქნებით უმრავლესობაში, მაგრამ, რომ დავუშვათ…

ახლა მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ უმრავლესობით მოვდივართ.

საკრებულოში იყავით მაჟორიტარი დეპუტატი და ამბობთ, რომ უმცირესობაში ყოფნის გამო ვერ მოახერხეთ ინიციატივების გატანა

მარტო ვიყავი, ერთადერთი ოპოზიციური პარტიიდან.

იგივე რომ განმეორდეს?

იგივე აღარ განმეორდება, რადგან ჩვენ მოვდივართ უმაღლეს საბჭოში სრული უმრავლესობით.

Loading...

Loading…

დისკუსიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ მივიდა

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არჩევნებში მონაწილე პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩეველს შეხვდნენ. შეხვედრა სპეციალურ ფორმატს ითვალისწინებდა და მისი მოდერატორი მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე იყო.

შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ თითო წუთი კითხვებზე საპასუხოდ. ფორმატი ითვალისწინებდა როგორც მოდერატორის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს, ასევე დარბაზიდან კითხვების დასმის შესაძლებლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის #69 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები: „რესპუბლიკელებიდან“ – ხათუნა სამნიძე, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ – ნინო ბერაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – გიორგი კირთაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – პაატა ცივაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – არმაზ ახვლედიანი და პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი – ირაკლი ბარამიძე.

შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ „ქართული ოცნებისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“ წარმომადგენლები.

შეკითხვები შეეხო პარტიების საარჩევნო პროგრამებს, კანდიდატების ხედვებს დასაქმებაზე, გადასახადების შემცირებაზე, შრომით უფლებებსა და სხვა საკითხებზე.

შეხვედრა მედიაცენტრმა უზრუნველყო. ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის თეონა დიასამიძის ინფრომაციით მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.

მედიაცენტრები ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მაჟორიტარი კანდიდატი: დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან

ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის #68 საარჩევნო ოლქში. რა ვერ შეძლო მან ქობულეთის საკრებულოდან და რის შეცვლას გეგმავს უმაღლესი საბჭოდან, თუ აირჩევენ? – ამ თემებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო ელგუჯა, გამარჯვების შემთხვევაში იმ ოლქის ამომრჩევლისთვის, რომელშიც თქვენ ხართ დასახელებული მაჟორიტარობის განდიდატად, რას გააკეთებთ უმაღლესი საბჭოდან?

ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იქნა შემუშავებული – ეს არის სოციალური სახლების მშენებლობა, ეს ეხება ბარაკული ტიპის დასახლებას. ასევე მეწყერსაშიშ ზონაში მყოფ ადამიანებს, ასევე პროგრამის ნაწილია პენსიების 50 ლარით გაზრდა, სოციალურად დაუცველებისათვის 600-ლარიანი ვაუჩერი. ციტრუსის პროგრამა, სადაც სახელმწიფო კორპორაცია შეიქმნება, რომელიც 70 თეთრად შეისყიდის ციტრუსის ნაყოფს. წყლისა და კანალიზაციის დაწყებული სამუშაოები გაგრძელდება, რომელიც დატოვებული იქნა ჩვენს მიერ 2012 წელს და უნდა დასრულებულიყო.

ეს არის ძირითადი, რასაც თქვენს ამომრჩეველს ჰპირდებით საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში?

დიახ.

რაც შეეხება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს, სად ხედავთ ხარვეზებს კანონმდებლობაში და რისი შეცვლა გინდათ, რითაც თქვენი ამომრჩეველი შემდეგ სარგებელს ნახავს?

აჭარის ისტორიაში 2012-2016 წლების უმაღლესი საბჭო იყო ერთ-ერთი სამარცხვინო უმაღლესი საბჭო. ეს იყო შავი ლაქა უმაღლესი საბჭოს ისტორიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, უფლებამოსილებების გაზრდა უნდა მოვითხოვოთ, ელემენტარულად სკოლის დირექტორების დანიშვნა. შსს- ი, პროკურატურაში – ხელმძღვანელი პირების დანიშვნა უნდა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან, ასევე გვაქვს რიგი კანონებისა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ…

მაინც რაზე მუშაობთ, რას ეხება ეს კანონპროექტები?

რამდენიმე მაგალითი უკვე დაგისახელეთ – ეს არის პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინიტროს სტრუქტურები, სადაც ხელმძღვანელებს ნიშნავდა საქართველოს მთავრობა, აუცილებელი უნდა იყოს ასევე სკოლის დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს აჭარის მთავრობასთან. რომელიც არ თანხმდებოდა და ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავდა. ასევე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ვაპირებთ, რომ შევიმუშაოთ კანონი და პარლამენტს მივაწოდოთ რეკომენდაციები, მოვთხოვოთ, რომ შევიდეს ცვლილება კანონში.

კონკრეტულად რა ცვლილება უნდა მოითხოვოთ?

2008 წლის ნოემბერში შევიდა კანონში ცვლილება და კანონი მოითხოვდა შენობა-ნაგებობის არსებობას მიწის ნაკვეთში, სადაც არსებობა დგინდებოდა. ახლა მოვითხოვთ, რომ ეს ნაწილი ამოვიდეს კანონიდან და ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ფაქტორბრივად მფლობელობაშია, არის შემოფარგლული და არის მრავალწლიანი ნარგავები, დაუკანონდეს მოსახლეობას.

მიწის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობთ, მაშინ როცა თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუკანონეს და შემდეგ ჩამოართვეს მოსახლეობას ნაკვეთები, მიიჩნევთ რომ ეს იყო შეცდომა?

მოგეხსენებათ, რომ 2007 წლამდე აჭარაში რეფორმა არ ჩატარებულა, 2007 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, გაიპარა ხარვეზები. სადაც ხარვეზი აღმოჩნდა შემდეგ პრობლემები წარმოიშვა, თუმცა, 80 პროცენტი მიწის ნაკვეთებისა, რომელიც საკუთრებაში გადაეცა მოსახლეობას, დღესაც საკუთრებაში აქვთ. დაახლოებით 20 პროცენტამდე ადამიანები არიან დარჩენილები, რომლებიც ელემენტარულად კანონის შესაბამისობაში ვერ მოდიოდა და დარჩა გაუფორმებელი. თუმცა, ჩვენ 2012 წელს რეკომენდაცია მოვამზადეთ ამასთან დაკავშირებით, ახლა ვაპირებთ, რომ ეს კანონი მოვამზადოთ უმაღლეს საბჭოში და გადავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს რომ შეიტანოს ცვლილება .

გონიოს მოსახლეობას მთლიანად გაუუქმა მთავრობამ მანამდე აღიარებული საკუთრების უფლება, დღემდე მათ დაუკანონებელი აქვთ მათ საკუთრება…

გონიოს მოსახლეობას და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიებს რაც შეეხება, აქ თავის დროზე, რა თქმა უნდა, მოხდა ხარვეზი. იცით, რომ გონიოს ციხესთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, მოსახლეობას რომც გადაეცეს, ფაქტობრივად, ის იქნება გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი, სადაც სამშენებლო ნებრთვები არ გაიცემა. ნაკვეთებზე, რომლებიც გონიოს ციხის ირგვლივ არსებობს მოსახლეობასთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება და კომპენსაციები გავცეთ. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს ისინი, ეს მაინც გამოუყენებელი იქნება საკუთრებაში რომც გადაეცეთ. რეგულაციები არსებობს, სადაც ხუთასი მეტრის რადიუსში არ შეიძლება მშენებლობის დაწყება.

ეთანხმებით ამ რეგულაციებს?

ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი რეგულაციები. იცით, რომ გონიოს ციხე სტატუსის მატარებელია და შეუძლებელია, რომ იქ რაიმე მშენებლობა აწარმოო. სასტუმროები აშენდა მოშორებით სხვა მიწის ნაკვეთებზე, რომელიც არაა გონიოს მიწის ნაკვეთები. იქ იყო კიდევ ის ხარვეზები, სადაც გაიპარა, სადაც შესაძლებელი იქნება აღიარება იქ ვუღიარებთ, სხვებზე ვფიქრობთ, რომ კომპენსაციები გაიცეს და ამ კუთხით ვაწარმოოთ მოლაპარაკება მოსახლეობასთან.

ამომრჩეველი არც იმ ფორმით სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ნაკვეთების პროვატიზებას ეთანხმებოდა, როგორც ეს ხდებოდა თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

2012 წლის შემდეგ ყველაფერი გაჩერდა, არის დასაქმების პრობლემა, ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების მოხსნა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაც შეეხება რეგულაციების გვერდის ავლას ეს ამ ხელისუფლების მანკიერი მხარეა, რადგან ამ ხელისუფლების დროს დაიწყო.

არამხოლოდ ამ ხელისუფლების დროს ბატონო ელგუჯა, ბულვარში მაღლივი შენობა მივიღეთ წინა ხელისუფლების დროს.

ტექნოლოგიურზე თუ გვაქვს საუბარი, ეს ერთ-ერთი ულამაზესი შენობაა და არამგონია, რომ ამაზე ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს.

როგორც ჩანს არ გაგიგიათ პრეტენზიებზე ან არ გინდათ რომ გაიხსენოთ. მოდით დავუბრუნდეთ საკადრო პოლიტიკას, რატომ უნდა იყოს სკოლის დირექტორების დანიშვნის საკითხი უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით აჭარის მთავრობას უნდა გაეზარდოს უფლებამოსილება. იცით, რომ აჭარაში არსებობს განათლების სამინისტრო, რომელიც ვერ ნიშნავდა დირექტორებს. აქ ვფიქრობთ, რომ შევიდეს ცვლილება და აჭარის განათლების სამინისტროს მიეცეს ამის უფლება, აჭარის სკოლებში დანიშნოს დირექტორები თვითონ.

P.S. ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეა. ის იყო 2007-2010 წლების ქობულეთის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანამდე კი ქობულეთის გამგეობაში რწმუნებულად მუშაობდა.

„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს

შპს „სანდასუფთავება“ ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე მსხვილფეხა პირუტყვს აკავებს და საჯარიმო მოედანზე  გადაჰყავს,  მეპატრონეს კი 50 ლარით აჯარიმებს.

„იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოაკითხავს პირუტყვს, ყოველდღიურად მოვლის  10 ლარი ემატება. თუ საერთოდ არ მოვა და არ წაიყვანს,  ამ შემთხვევაში სანდასუფთავების სამსახური პირუტყვს აუქციონის წესით ყიდის.“ – უთხრა ბათუმელებს,  „სანდასუფთავების“ დირექტორმა, დავით ასამბაძემ. „ბათუმელების“ ინფორმაციით პირუტყვის აუქციონზე გაყიდვის ფაქტი 4 წლის წინ იყო, მაშინ „სანდასუფთავებამ“ ცხენი გაყიდა.

„სანდასუფთავების“ ადმინისტრაციის უფროსის, ირაკლი პაპუნაშვილის ინფორმაციით, ამჟამად „სანდასუფთავების“ სამსახურის საჯარიმო მოედანზე 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია გადმოყვანილი მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიიდან.

„თუ პირუტყვი საღამოს სახლში არ მივა, ყვლამ იცის რომ ის „სანდასუფთავებას“ ჰყაავს აყვანილი, ამის მიუხედავად, მაინც არ აქცევენ ყურადღებას და უპატრონოდ ტოვებენ.“ – ამბობს ირაკლი პაპუნაშვილი. მისივე თქმით, არის ცხელი წერტილები ქალაქის ტერიტორიაზე, საიდანაც ხშირად ხდება შინაური ცხოველების გადაყვანა საჯარიმო მოედანზე: „ლეონიძის, ორბელიანის ქუჩები, ხელვაჩაურში, თამარის დასახლებასა და გონიო-ახალსოფელში გამავალი ტრასები.“

ირაკლი პაპუნაშვილის ინფორმაციით პირუტყვების მეპატრონეები ჯარიმდებიან  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რაც ითვალისწინებს 20 ლარიან ჯარიმას, „ამას ემატება, პირუტყვის საჯარიმოზე გადაყვანის, მეველის, მოვლის და ხელფასის 30 ლარი“.

კითხვაზე, ინფორმაციას ვინ აწვდის პირუტყვის მეპატრონეებს, ირაკლი პაპუნაშვილი ამბობს, „დავარიგეთ სპეციალური ბუკლეტები, ინფორმაცია მისულია ყველასთან, ასევე გაფრთხილების ფურცლებიც ეგზავნებათ“.

14330982_1180294802043711_1756107829_n
„სანდასუფთავების“ ფოტოები

მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ქობულეთის საკრებულოს წევრია.

ბატონო ავთანდილ, რის გამო გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა „პატრიოტთა ალიანსიდან“?

თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართულმა ოცნებამ“ დამიწუნა და იმიტომ გადავწყვიტე ასე, ვითომ უკეთესი კანდიდატები ყავდა „ოცნებას“… მანამდე ჩართული ვიყავი პოლიტიკაში, „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი და მერე დამიწუნეს. სავალდებულო არ იყო, საკრებულოს წევრად შევეყვანე. თანამდებობისთვის არ ვიბრძოდი მე. თანადგომა მინდოდა და გვერდში დგომა. მინდოდა, დამემტკიცებინა „ქართული ოცნებისთვის“ ვინ ვარ მე.

დაუმტკიცეთ?

კი, დავუმტკიცე. ახლა უკეთესად დავუმტკიცებ კიდევ, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გავხდები.

რით დაუმტკიცეთ, რა შეძელით საკრებულოში?

რადგან ოპოზიციიდან ვარ, ძალიან ნაკლებ ყურადღებას მაქცევენ. ვიყავი შესული გაზიფიცირების მოთხოვნით, უარი მითხრეს. მერე ინტერნეტის შეყვანა მოვითხოვე ჩემს სოფელში, გვარაში და უარი მითხრეს… არც გაზიფიცირება, არაფერი სულ. ჩემი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის გამანაწილებელი სადგური გაზის, ორი კილომეტრია ჩემი სოფელი იქედან, დაგვაში გაზი აიყვანეს და ჩემთან უარი მითხრეს… ისინი უმეტესობა არიან, ჩვენ ვართ ოთხი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და რას ვიზამდით?

უმაღლეს საბჭოში რას შეცვლით, თუ უმრავლესობით მოსვლის მოლოდინი გაქვთ?

აი, რაც ჩამოგითვალეთ, მაგისთვის მინდა შესვლა, რომ ჩემს ქობულეთს დავუბრუნო ქალაქის სტატუსი, ბულვარის გაფართოებას მოვითხოვ კიდევ ქობულეთში, მიწები რომ იყიდება… კეთილმოწყობაზე უნდა ვიზრუნო. ისეთი პიროვნება არ ვარ,  გული არ შემტკიოდეს ჩემს ქალაქზე.  ჯერ ქალაქი არაა, მაგრამ გახდება მალე ქალაქი.

ანუ, გულისხმობთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს? ამას აჭარის უმაღლესი საბჭოდან როგორ მოახერხებთ?

კი, ასეა. მე დავსვამ საკითხს და მოვითხოვ, რომ დამიდგენ გვერდში და კანონპროექტს შევიმუშავებთ, მერე პარლამენტში წარვადგენთ.

ეს სტატუსი რატომ იქნება მნიშვნელოვანი ქობულეთისთვის?

ქალაქს მერი ეყოლება, როგორც ოზურგეთს ყავს… ქალაქს ექნება თავისი ბიუჯეტი და დაფინანსება, მეტი ფული ექნება რაიონსაც.

მეტი საიდან იქნება?

საიდან და ბიუჯეტიდან… მერი მერე თვითმმართველობას აღარ დაემორჩილება… ოზურგეთში ასეა, ნახეთ. მე ვიყავი ოზურგეთში, გავესაუბრე და მითხრეს, ძალიან კარგი იქნება ეს სტატუსი ქობულეთისთვისო… ჯერ არ ვიცი ზუსტად, რომ ამირჩევენ საბჭოში, მერე დამირეკეთ და გეტყვით ზუსტად.

დღეს რას ეუბნებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა გააკეთონ თქვენზე არჩევანი?

დღეს მე არაფერს არ ვპირდები ხალხს… როცა ამირჩევენ, ხალხთან მივალ და ყველას გულის ტკივილს იმ დღიდან შევეკითხები… მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე…. ეს კითხვები დაუსვით იმას, ვინც რამეს პირდება ხალხს. ის, ვინც პირდება ხო, იგენი რეალურად არაფრის გამკეთებლები არ არიან. თუ ამირჩიეს, რომ მივალ საბჭოში, მეორე დღეს, მესამე დღეს, მაშინ მიხვდება ხალხი, რეალურად ვინ ვარ…

ეთანხმებით თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ გზავნილს – „თურქეთი ოკუპანტია?“

რატომ არ უნდა დავეთანხმო? რუსეთში მივიღე სწავლა-განათლება, მე ეთიკაც ვიცი და ესთეტიკაც… როგორ ახლა, თურქეთს იმდენი მიწები აქვს წაღებული, ბათუმში ქუთაისის ქუჩა მიტაცებული აქვთ, ოკუპანტი არაა და რუსეთს 20 პროცენტი აქვს მიტაცებული და იგია ოკუპანტი?

გაქვთ თუ არა გააანალიზებული, რა შედეგი შეიძლება მოყვეს თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტას?

P.S. ამ კითხვას ავთანდილ ხაბაზმა აღარ უპასუხა. მან არც ჩვენს შემდგომ სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის საკრებულოს წევრია 2010 წლიდან. თავდაპირველად ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა საკრებულოში. 2013 წელს მან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. 2014 წლიდან ის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

ავთანდილ ხაბაზმა 1986 წელს დაამთავრა კუიბიშევის სამშენებლო ინსტიტუტი. წლების განმავლობაში  მუშაობდა გვარას კოლმეურნეობაში, კუიბიშევის სამშენებლო ინსტიტუტსა და გორლოვკას ქიმიურ ქარხანაში. 1993-2003 წლებში ავთანდილ ხაბაზი აჭარის საგზაო პოლიციაში მუშაობდა.

არჩილ ხაბაძის დეიდაშვილმა თანამდებობა დატოვა

აიპი „ქობულეთის სანდასუფთავების“ ხელმძღვანელმა რაულ ჩელებაძემ, თანამდებობა დატოვა.  ის ამ თანამდებობაზე 2015 წლის  ბოლოს დაინიშნა.  „ქობულეთის სანდასუფთავების“ ბიუჯეტი  1 მილიონ  100 ათასი ლარია.  ოპოზიცია აცხადებდა, რომ რაულ ჩელებაძე მაშინ ამ თანამდებობაზე სწორედ იმიტომ დაინიშნა,  რომ  ის  მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ  ხაბაძის დეიდაშვილი იყო.

ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგიც კი გამართეს, სადაც ისინი ამბობდნენ რომ  აიპი „ქობულეთის სანდასუფთავება“ სპეციალურად ხაბაძის დეიდაშვილისთვის შეიქმნა.

რაულ ჩელებაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მას თანამდებობა პოლიტიკური მოტივით არ დაუტოვებია: „ჩემი განცხადების საფუძველზე წამოვედი, გუშინ დავწერე განცხადება. რომელ უწყებაში გადავდივარ  ამას ჯერ ვერ გეტყვით. არანაირი პოლიტიკური მოტივი და სხვისი დავალება არ ყოფილა“-გვეუბნება ის.

ქობულეთის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძეც, რაულ ჩელებაძის გათავისუფლების პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს. „საკუთარი ნებით დაწერა განცხადება და როგორ ვიცი კერძო სტრუქტურაში გადადის სამუშაოდ. მას აგვისტოშიც ჰქონდა სურვილი თანამდებობის დატოვების, მაგრამ ვთხოვეთ რომ არ დაეტოვებინა იმ დროს, რადგან რთული მდგომარეობა იყო და სეზონის დასრულებამდე დარჩენილიყო მინიმუმ“.

გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ  რაულ ჩელებაძის სამსახურიდან  გათავისუფლება, აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან წასვლას არ უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრი მაღალმთიან აჭარაში ამომრჩევლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 13 სექტემბერს, ამომრჩევლებს დაბა ქედაში, 9 მაისის პარკში შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში] და ხვიჩა შარაშიძე [უმაღლეს საბჭოში] წარუდგინა. პრემიერთან ერთად ქედაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანი, მისი ღირსება, უფლება და ისეთი ფუნდამენტალური უფლება – როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა. დღეს თქვენ ხედავთ რომ არავინ არავის არ ერჩის და წინასაარჩევნო პროცესი მშვიად მიმდინარეობს, არ არის ზეწოლა ოპოზიციონერებზე, არ არის ზეწოლა ბიზნესზე და პრაქტიკულად საქართელოში პოლიტიკური სინამდვილე შეცვლილია. 2011 წლის შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გადადგა გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ამ ცვლილებების შედეგად ადამიანებს აღარ უჭირთ ჯანმრთელობის დაცვა, არ უწევთ მკურნალობისთვის საკუთარი ქონების გაყიდვა. დღეს ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას იმიტიმ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტის დამსაქმებელია…“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მოქმედ პროგრამებსა და გეგმებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მათ ოპონენტებს „რომლებმაც მხარი მთის კანონს არ დაუჭირა, არ უნდა ჰქონდეთ მორალური უფლება თუნდაც აჭარის მარალმთიანეთში ითხოვონ მხარდაჭერა… მომავალი წლიდან ვზრდით მასწავლებელთა ხელფას და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება, ჩვენი ახალგაზრდები არ ისწავლიან იმ პროფესიების მიხედვით რაც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რაც უფრო საჭიროა საქართველოში“.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით „ყველაფერი ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენ შევძელით და შევანელეთ დაძაბულობა რუსეთთან“.

პრემიერ-მინისტრს ქედაში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ამომრჩევლებს შეხვდება დღეს ხულოსა და შუახევშიც.

ქედა. შეხვედრა პრენიერთან. 13.09.2016 / ფოტო: ეკა ბარამიძე
ქედა. შეხვედრა პრემიერთან. 13.09.2016 / ფოტო: ეკა ბარამიძე

ზემო აჭარის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 13 სექტემბერს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 18:00-დან 19:00 საათამდე 383 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: 1 მაისი, კოლოტაური, დაბა ქედის ნაწილი;

დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე 1832 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: მერისი და დაბა ქედა.

დასაქმება სკოლის ასაკში

სასკოლო არდადეგებზე ბევრი მოსწავლე ცდილობს იმუშაოს და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ხშირად მათი შრომითი უფლებები ირღვევა – ისინი, ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ და სამუშაო საათებიც კანონით დადგენილ ნორმას აღემატება. არასრულწლოვანთა დასაქმების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას?

„ვიღაცას ურჩევნია მშობლებს სთხოვოს ფული, უფრო მარტივია, მაგრამ სამსახური მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, გამოცდილებას იღებ, პიროვნულად ვითარდები, სხვანაირად უყურებ შენს მომავალს,“ – ამბობს 17 წლის მარი და გვიყვება, თუ როგორ ატარებს სასკოლო არდადეგებს უკვე მეორე წელია:

„ჩემს სოფელში გაიხსნა მცირე საწარმო, სადაც სინორს ამზადებენ. არდადეგებზე, როცა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, გაჩნდა შესაძლებლობა საკუთარი შემოსავალი მქონოდა, ამიტომაც გადავწყვიტე მემუშავა. წელს უკვე, როგორც გამოცდილი თანამშრომელი, უპრობლემოდ მიმიღეს იგივე სამუშაოზე~. მარი კვირაში ექვსი დღე, დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე მუშაობს.

ვიკაც მარის თანატოლია. სამსახურის ძებნა მან გაცილებით პატარა ასაკში დაიწყო და უკვე მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს: „ჯერ მიმტანი ვიყავი, შემდეგ გავხდი ერთ-ერთი ყავის სახლის მენეჯერი. მოლარედაც ვმუშაობდი ურეკის პლაჟზე. შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავი ბარმენის დამხმარე და დავინტერესდი ამ სფეროთი და 15 წლის ასაკში ბარმენობის შემსწავლელი სამთვიანი კურსი გავიარე“. ვიკა ამბობს, რომ პირველად, ტურისტულ სეზონზე 1200 ლარი გამოიმუშავა, შემდეგში კი 4000 ლარიც აუღია 2-3 თვეში.

შემოსავალი და მისი დამოუკიდებლად განკარგვა იყო მთავარი მოტივაცია 17 წლის ნიკასთვის, რომელიც უკვე ორი წელია ცდილობს ჰქონდეს საკუთარი ფული. ნიკა ოჯახსაც ხშირად ეხმარება: „უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი იმისთვის, რომ ფული მშობლებისთვის გამომერთმია, მაშინ როცა შემეძლო მემუშავა და საკუთარი შემოსავალი მქონოდა. 1000 ლარიც ამიღია თვის განმავლობაში. წელს ფული შევაგროვე და მობილური ტელეფონი ვიყიდე ჩემთვის – აიფონ 6.“

19 წლის გიორგიც თავის პირველ სამუშაო გამოცდილებაზე გვიყვება, როცა 17 წლის ასაკში შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა მიმტანად: „2 კვირა ვიმუშავე, შემდეგ დამსაქმებელმა მითხრა, რომ აღარ ვჭირდებოდი და გამომიშვა. ანაზღაურებაც არ ამიღია. მსგავსი ფაქტების შესახებ არაერთხელ მსმენია ჩემ ირგვლივ.“

„14-16 წლის არასრულწლოვანს შეუძლია მუშაობა, თუ შრომითი ურთიერთობა ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს სასკოლო განათლების მიღების უფლებას. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს. 14-16 წლის არასრულწლოვნის შრომითი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს, 16-18 წლისა კი – 36 საათს“, – განმარტავს „ბათუმელებთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი ნიკა დუმბაძე. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დამსაქმებლის მიერ არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 4000 ლარამდე.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას? – ამ კითხვით დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით ჭყონიას მივმართეთ:

„დადებითი მხარეა ის, რომ ახალი თაობა თავიდანვე ეჩვევა შრომას, გამოცდილებას იღებს და მომზადებულია შემდგომი საქმიანობისთვის. გასათვალისწინებელია დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ყველა მოსწავლე და სტუდენტი მუშაობს ბარებში, რესტორნებში მიმტანებად. ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. სხვა ამბავია, რამდენად ხელის შემშლელი შეიძლება იყოს შრომა არასრულწლოვნისთვის. სეზონურ დასაქმება გავლენას არ ახდენს მათ სწავლა-განათლებაზე.“

იმ არასრულწლოვან რესპონდენტთაგან, რომლებიც „ბათუმელებმა“ ამ თემაზე გამოკითხა, მხოლოდ ერთს, ვიკას აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ის კანონს იცნობს და როგორ კი 14 წლის გახდა, ხელშეკრულების გაფორმება თვითონ მოითხოვა. „ხელშეკრულება გიცავს, რომ დამსაქმებელმა არ დაარღვიოს შეთანხმება. იზრუნოს შენი მუშაობის პირობებზე, კვებაზე… დაზღვეული ხარ“, – ამბობს ვიკა.

რატომ არ აფორმებენ არასრულწლოვნები შრომით ხელშეკრულებას? გიორგი ფიქრობს, რომ მათ არ იციან თავიანთი უფლებები, დამსაქმებელი კი ამას თავის სასარგებლოდ იყენებს: „ოფიციალურად რომ გაფორმდეს ხელშეკრულება, საგადასახადო დააფიქსირებს და საშემოსავლოს გადახდა მოუწევს როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს. ამიტომ ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს არ არის საჭირო, რასაც ხშირად დამსაქმებელი ბოროტად იყენებს. მე ვიცნობ 16-17 წლის არასრულწლოვნებს, რომლებიც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ, რათა დაეხმარონ ოჯახებს. ეს სამსახური არა გამოცდილების მიღება ან დამატებითი შემოსავლის წყარო, არამედ მათი იძულებაა.“

დავით ჭყონია ამბობს, რომ სახელმწიფოს სამუშაო პირობებისა თუ მის ხანგრძლივობის კონტროლის არავითარი მექანიზმი არ გააჩნია და ეს მხოლოდ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული: „2017 წლიდან უნდა დაინერგოს შრომითი უსაფრთხოების მაკონტროლებელი ინსპექცია, თუმცა ისიც იმუშავებს ვიწრო პროფილში და შეეხება შრომის უსაფრთხოებას.“

სად გადის ზღვარი თინეიჯერების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მუშაობის მოტივაციასა და მათი უფლებების დარღვევას შორის? ამ კითხვაზე ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”  წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ასე გვპასუხობს:

„ბავშვის შრომა, რომელიც მიმდინარეობს მძიმე და დამაზიანებელ პირობებში ან ხელს უშლის მისი რომელიმე სხვა უფლების განხორციელებას, არის კანონდარღვევა. შრომა, რომელიც გამოწვეულია ბავშვის ფიზიკური გადარჩენის ანუ შიმშილისგან თავის დაღწევის მიზეზით, არღვევს ბავშვთა უფლებების მთავარ პრინციპს: ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარების აუცილებელი პირობები, საკვები, სუფთა წყალი, საცხოვრებელი და სხვა.“

ანა არგანაშვილს აჭარის სანაპიროზე, ტურისტურ სეზონზე დასაქმებული ბავშვების მაგალითი მოჰყვას – მათ სიცხეში, საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და დიდი ტვირთის ხელით ტარება:

„ისინი ამ მძიმე შრომაში მათი პიროვნების და პასუხისმგებლობის განვითარების გამო არავის ჩაურთავს. ჩართეს იმის გამო, რომ საკვები, ჩასაცმელი, განვითარების პირობები არ ჰქონდათ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ სანაპიროზე მათი შრომითი ექსპლუატაცია მათი განვითარებისთვის კარგია, იქნება ფარისეველი.“

არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის დარღვევისთვის დამსაქმებელი აგებს პასუხს. პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელსაც. მიმართავენ თუ არა ისინი შესაბამის დაწესებულებებს არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დასაცავად? იურისტი ნიკა დუმბაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებს საიასთვის არც ერთხელ არ მიუმართავთ: „ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ მშობლისთვისაც მისაღებია არასრულწლოვნის შრომა, როგორც დამატებითი ეკონომიკური შეღავათი. დამსაქმებელი ასეთ ფაქტს მითუმეტეს არ გააპროტესტებს, რადგან არასრულწლოვნის სახით იაფი მუშახელი ჰყავს. შესაბამისად, გაუმართლებლად ილახება არასრულწლოვნის უფლებები, რომლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მეტად უნდა აქტიურობდეს მსგავსი შემთხვევების გამოვლენა-აღკვეთაზე“.

19 წლის გიორგი საკუთარი და მეგობრების გამოცდილებიდან გამომდინარე დასაქმების მსურველ არასრულწლონებს ურჩევს, ფრთხილად იყვნენ: „კარგად შეარჩიონ დამსაქმებელი კომპანია, გაესაუბრონ კომპეტენტურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან.“

ანა არგანაშვილი კი გამოსავალს კანონდამრღვევი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაში ხედავს: „საჭიროა, თავად ბავშვების სარჩელები და საჩივრები წარვადგინოთ იურისტებმა სასამართლოში იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მათი უფლებები დაარღვია. ბავშვებმა უნდა მიმართონ სახალხო დამცველს, გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს და ბავშვთა უფლებების კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის ფარგლებში განაცხადონ უფლებების დარღვევების შესახებ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის ზრდასრულებმა? აღარ დავუმალოთ ბავშვებს, რომ უფლებები აქვთ და მოვუსმინოთ მათ, მათი უფლებების დარღვევების შესახებ.“

ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ბათუმელი მეზღვაურები – რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, გემზე მძიმე პირობები აქვთ: „ამ დროისთვის გემზე საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, დასალევი წყალიც ცოტაა, რაღაც 20 ლიტრი და ხელფასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებთ – მეპატრონე გვეუბნება დღეს გავალთ ნაპირთან, ხვალ გახვალთო და კი გავწყდით ამ გემზე“.

მეზღვაურების თქმით, გემი ამჯერად უკრაინაში ნაპირიდან 20 კილომეტრის მოშორებით დგას.

„ბათუმელები“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ საქმის კურსში არიან, საქმეში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც და კონტაქტი აქვთ გემთან. „დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოში.

“ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა”

თამბაქოს მომხმარებლები ხშირად ცდილობენ ელექტრონული სიგარეტით ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლებას იმ იმედით, რომ სიგარეტზე საბოლოოდ უარს იტყვიან. იმისთვის, რომ გაგვერკვია, რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, „ბათუმელები“  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ლელა სტურუას ესაუბრა.

ბევრი მწეველი ცდილობს სიგარეტი ჩაანაცვლოს ელექტრონული სიგარეტით. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს? რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ელექტროსიგარეტს?

ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის ვერანაირად ვერ ანაცვლებს ნამდვილ სიგარეტს. არც შემხვედრია პრაქტიკაში ადამიანი, რომელმაც თავი დაანება ელექტროსიგარეტის შემდეგ მოწევას. რაც შეეხება ელექტრონული სიგარეტის ერთადერთ დადებით თვისებას, ეს არის ის, რომ ელექტროსიგარეტი არ შეიცავს ნიკოტინს და გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თვითონ მწეველისთვის ელექტრონული სიგარეტი ნამდვილად არ არის დადებითი მოვლენა. 2007 წლიდან დაიწყო ელექტრონული სიგარეტის ბაზარზე შემოტანა, ამიტომ ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული მომავალში რა უარყოფით გავლენას გამოიწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ელექტრონული სიგარეტით მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ელექტროსიგარეტი უამრავ ქიმიურ ნივთიერებას აერთიანებს, რომელიც დიდი ალბათობით გამოიწვევს უფრო სერიოზულ უარყოფით შედეგებს, ვიდრე იწვევს თამბაქო. ჩვენი მთავარი მიზანი, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მისიაა, დავამარცხოთ თამბაქოს მოხმარება, როგორც ჩვევა. ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლა ჩვევის დამარცხება არ არის, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვევას ვინარჩუნებთ. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მთელი მსოფლიო მიიჩნევს, რომ საჭიროა ელექტრონული სიგარეტი დაიბეგროს ისევე, როგორც თამბაქოს სხვა პროდუქტი. ყველა მოწინავე ქვეყანაში ელექტროსიგარეტი არის თამბაქოს პროდუქტი და იბეგრება როგორც ნებისმიერი სხვა თამბაქო.

ელექტროსიგარეტი, ეს არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი, თუ სხვა ეფექტიც აქვს მას?

ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური დამოკიდებულება. ზოგიერთს ჰგონია, რომ თამბაქოს მოწევას დაამარცხებს ელექტროსიგარეტით, რომ ამით მისი ოჯახის წევრები აღარ იქნებიან პასიური მწეველები. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი სიგარეტის ელექტრონულით ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა. საერთოდ უარი ვთქვათ ამ ჩვევაზე.

 რამდენ ხანს შეიძლება ელექტროსიგარეტის გამოყენება? ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება თუ არა ავნოს ორგანიზმს?

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საერთოდ ეწინააღმდეგება ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას. რა თქმა უნდა, ის ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ხანგრძლივი გამოყენება ვნებს ორგანიზმს.

თქვენი დაკვირვებით, ელექტროსიგარეტის მომხმარებლები უბრუნდებიან თუ არა ისევ თამბაქოს?

ჩემ ირგვლივ, ვინც ვიცი, რომ ელექტრონული სიგარეტი მოიხმარა, ყველა დაუბრუნდა ჩვეულებრივ სიგარეტს.

რას ურჩევდით მწეველებს?

მწეველებს ვურჩევდი, თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას და ჩაანაცვლონ სხვა უფრო ჯანსაღი ჩვევით. შევეცადოთ, არ ვიყოთ თამბაქოს ინდუსტრიის მონა. ქვეყანაში უკვე მობილიზებულია ექიმების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მწეველებს კონსულტირებით, რომ მწეველებმა თამბაქოს თავი დაანებონ. ქვეყანა დგამს ნაბიჯებს, რომ შეიქმნას თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ცენტრები. აქვე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო მხარე, თამბაქო უნდა გახდეს უფრო ძნელად ხელმისაწვდომი.

 

სარემონტო მომსახურება მისაღებ ფასად

სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის გაკეთება, შეღებვა-შებათქაშება, მეტლახისა და კაფელის დაგება, შეკიდული ჭერის გაკეთება და კედლის დეკორატიული მოხატვა.

მობ.: 555 10 98 80

რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკულ არტერიულ უკმარისობაზე

რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი, როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან, რომლის გართულებასაც კიდურის ამპუტაციაც კი შეიძლება მოჰყვეს? – ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ანგიოქირურგი მერაბ მიქელაძე გვესაუბრა.

ბატონო მერაბ, რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი?

ქრონიკული არტერიული უკმარისობა არის ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული პრობლემა დღესდღეობით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ამ დაავადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა წამყვანი არის ორი მიზეზი: ათეროსკლეროზი და დიაბეტი. ასევე ბევრი სხვა დაავადებაც შეიძლება გახდეს ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი. ძირითადად ეს დაავადება მამაკაცთა ხვედრია, თუმცა ქალებშიც ვითარდება.

რა არის დაავადების მთავარი სიმპტომები?

პირველი სიმპტომი არის ხანგამოშვებითი კოჭლობა. ადამიანი გადის რაღაც მანძილს და შემდგომში ფეხი, ძირითადად წვივის კუნთები, აიძულებს, რომ გაჩერდეს. ეს არის 99-პროცენტიანი სიზუსტით იმის მიმანიშნებელი, რომ ადამიანს აქვს არტერიული პათოლოგია და უნდა მიმართოს სისხლძარღვთა ქირურგს. გარდა ამისა, არის სხვა სიმპტომებიც: ტერფების გაცივება, დაბუჟება, ტკივილი და დისკომფორტი.

როდესაც ადამიანი გაივლის ათას მეტრზე ნაკლებს და წვივის კუნთები აიძულებს გაჩერებას, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს სისხლძარღვთა პათოლოგია. რაც უფრო მცირეა მანძილი, რომლის გავლაც უჭირს ადამიანს, მით უფრო მეტი განგაშია ასატეხი. თუ ადამიანს მოსვენებით მდგომარეობაშიც ტკივილი აქვს და სიარული არ შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას განგრენა აქვს დაწყებული.

რა ასაკის ადამიანებშია უფრო მეტად გავრცელებული ეს დაავადება?

ასაკთან ერთად ამ დაავადების განვითარების რისკი იზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადამიანებში ხშირად უფრო მწვავედ მიდის ეს პროცესი, უფრო მტკივნეულად, გამომდინარე იქედან, რომ ასაკში ადამიანის კიდურები შეჩვეულია ქრონიკულ სისხლნაკლებობას, რომელიც თანდათანობით ვითარდება. ახალგაზრდა ასაკში კი დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს და ხშირად, 30-დან 40 წლამდე ასაკში ამ დაავადების მქონე ადამიანები კარგავენ ფეხს, იმის გამო, რომ დროულად არ აქცევენ ყურადღებას ჩივილებს და გვიან მიმართავენ ექიმს.

12672031_525862920927213_1525577315660419861_o

როგორ ხდება მკურნალობა?

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანს რა მანძილის გავლაზე აქვს პრობლემები. როდესაც ადამიანი 300-400 მეტრზე მეტს გადის, ამ შემთხვევაში ნაკლებად სჭირდება ოპერაციული ჩარევა, ასეთ დროს ხშირად კონსერვატიული მკურნალობაც საკმარისია, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ 300 მეტრზე ნაკლების გავლა შეუძლია და, მითუმეტეს, როცა ტკივილი აწუხებს მოსვენებით მდგომარეობაშიც, მაშინ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა, მათ შორის შუნტირება, თუმცა დღეს უფრო ხშირად ხდება ენდოვასკულარული ჩარევა, რაც არ გულისხმობს ღია ქირურგიულ ოპერაციას.

რა არის ამ დაავადების პროფილაქტიკა?

ფეხით სიარული არის ერთ-ერთი მთავარი პროფილაქტიკა და მკურნალობაც, რადგან როდესაც პაციენტს ეწყება პრობლემები, ამ შემთხვევაში ჩვენ მას ვუნიშნავთ დოზირებულ სიარულს. ანუ ადამიანი გაივლის რაღაც მანძილს, გაჩერდება და შემდგომ აგრძელებს კვლავ სიარულს. ყოველდღიურად თითო ნაბიჯის დამატებით შესაძლებელია დახურული სისხლძღარღვიც კი გაიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია თაბმაქოს მოწევის აკრძალვა, რადგან თამბაქოს აქვს წამყვანი როლი სისხლძარღვთა პათოლოგიაში. თუ თამბაქოს როლი ფილტვის კიბოს განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია პერიფერიულ სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარებაშიც, რაც ხშირად კიდურის დაკარგვით სრულდება. ძალიან კარგია სპორტი და სწორი კვება, ნაკლებად ცხიმიანი საკვების მიღება და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი გთავაზობთ ანგიოლოგიური პრობლემების სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჰოსპიტალში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება შემდეგი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები:

  • ქრონიკული ვარიკოზული დაავადებებისა და ვენური თრომბების მკურნალობა
  • კოსმეტიკური წესით მინიფლებექტომია
  • სკლეროთერაპია, გამოკვლევა-დოპლეროგრაფია, არტერიოგრაფია
  • ქრონიკული არტერიული უკმარისობის მკურნალობა, დიაბეტური ტერფი
  • ვაზოსპასტური დაავადებების მკურნალობა
  • ანევრიზმების სხვადასხვა ფორმის ოპერაციული მკურნალობა
  • არტერიული და ვენური მალფორმაციების მკურნალობა
  • ჰემოდიალიზის პაციენტების ანგიოქირურგიული უზრუნველყოფა
  • მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა

    ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
    ტელეფონი: 0422 21 33 33
    ელფოსტა: info@Bih.ge
    ვებგვერდი: www.bih.ge

ქალაქის მერი და მინისტრები ბათუმის მეჩეთში

დღეს 12 სექტემბერს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ბათუმის მთავარ მეჩეთში ყურბან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ. მეჩეთში იმყოფებოდნენ აჭარის ეკონომიკის და განათლების მინისტრებიც. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

 

ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის წევრები მეჩეთში ლოცვას დაეწრნენ.
ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის წევრები მეჩეთში ლოცვას დაეწრნენ.

 

„თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ აქციებით იმუქრება

დღეს, 12  სექტემბერს,  პარტია  „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენელმა ნინო კვირიკავშილმა, რომელიც   საარჩევნო ბლოკ „თოფაძე -მრეწველებთან“ ერთად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას,  ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება,  ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ,  სასამართლოში გაასაჩივრეს.

„ცესკოს გადაწყვეტილება – ჩვენი  პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება – არასამართლიანი და დისკრიმინაციულია“  – ამბობს  ნინო კვირიკაძე, რომელსაც ამ პარტიის სახელით ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად უნდა ეყარა კენჭი, საქართველოს პარლამენტში.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მოსარჩელეთა მოთხოვნებს, ნინო კვირიკაძე ამბობს, რომ ისინი  საპროტესტო აქციებს  მიმართავენ.

ბლოკი “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” [გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: “თოფაძე – მრეწველები“, “ჩვენი სამშობლო”], რჩება რეგისტრაციაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს

ბექა დიასამიძე პარტია „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარტიის დამფუძნებელი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი  გიორგი ვაშაძეა. არჩევნებში  „ახალი საქართველო“ გაერთიანებულია ბლოკში  – „ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“.  რას პირდება დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს და როგორ წარმოუდგენია მას მოსახლეობის პრობლემების მოგვარება საკანონმდებლო ორგანოდან? ბექა დიასამიძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

 ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის  პარტიაში  გაწევრიანება და რისი  გაკეთება გინდათ უმაღლეს საბჭოში?

„ახალი საქართველო“ სახელწოდებიდან გამომდინარეც ახალია და სახეებიც ახალი ჰყავს. გიორგი ვაშაძეს რეალურად  აქვს საქმე გაკეთებული. საჯარო რეესტრში, საპასპორტოში  კონკურსის შედეგად იქნა მიღებული და კარიერის ყველა საფეხური გაიარა.   რეალურად შექმნა ინოვაცია, ერთ სივრცეში მოაქცია იუსტიციის სახლი.

როდის გაიცანით გიორგი ვაშაძე და სად?

ნაციონალური მოძრაობა როცა დატოვა და გააკეთა განცხადება, რამდენიმე ხანში მე დავუკავშირდი მას, შევხვდი და მასთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება.  მე პოლიტიკურ ოჯახში ვიზრდებოდი, ჩემი ბებია ნაზი მიქელაძე, 2005  წლის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, მასთან ვცხოვრობდი და გავიზარდე და მასთან ერთად მონაწილე ვიყავი „ვარდების რევოლუციის“ ყველა პროცესის.

 რა უნდა გააკეთოთ უმაღლეს საბჭოში?

არ უნდა მივცე არც ერთს მოსვენების საშუალება. მერიას პირველ რიგში, ხალხის სათქმელს ვიტყვი მე.

 უმაღლეს საბჭოს აქვს  იმის ბერკეტი, რომ  მერს მოსვენების საშუალება არ მისცეს?  

რა თქმა უნდა…  დავიბარებთ მერს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს. მე ადამიანებს ვხვდები, დაპირებას ვაძლევ, რომ „ამას გავაკეთებთ“, მე პენსიის გაზრდას ვერ დავპირდები, მაგრამ  შემიძლია დავპირდე საბავშვო საქანელების გაკეთება, სანიაღვრე სისტემა, რაც ელემენტარეულია და პრობლემას ქმნის რეალურად, ეს საკითხები მე ხომ არ დამევალება არა? ვისაც ევალება, მოვიკვლევ, ფაქტებს დავუდებ…  მე ხალხს მივეცი დაპირება და კონკრეტულ შემთხვევაში ავამუშავებ და ავამოქმედებ იმ ადამიანებს, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხების მოგვარება.

 ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მიდიხართ უმაღლეს საბჭოში?

უმაღლეს საბჭოში მივდივარ, რომ ავამოქმედო თვითმმართველობა.

უმაღლესი საბჭო არის საკანონდებლო ორგანო, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ საკანონმდებლო ორგანოდან?

შევიმუშავებ ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომ ის სამსახურები, რომლებსაც ევალებათ და არ შეასრულებენ მათ ვალდებულებას,  დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვიქნები ერთადერთი რეფორმატორი უმაღლეს საბჭოში.

ანუ რეფორმებს გაატარებთ საკადრო მიმართულებით?

ვინც ამას (გულისხმობს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს) არ გააკეთებს, გავუშვებთ სამსახურიდან.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შეუძლია მერიის თანამშრომელი გაათავისუფლოს სამსახურიდან?  

შევისწავლი თითოეულ თანამშრომელს, რა მოვალეობა აკისრია.  გამოვალ და ვიტყვი, ეს არის გასაკეთებელი, საქმე რომ გაკეთდეს ზომების მიღებაა საჭირო, ამ ზომების მიღებაზე ვიმუშავებთ. შევეჭიდებით და თუ საჭიროება მოითხოვს კანონის ცვლილებას, მაგ საკითხსაც დავაყენებთ.

აჭარის კონსტიტუცია წაკითხული გაქვთ?

კი.

 ეს კონსტიტუცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რაზეც თქვენ საუბრობთ?

არა.  უმეტესი ნაწილი ბაბუს (იგულისხმება ასლან აბაშიძე) დროს დაიწერა. იმის შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა და ეს ცვლილებები მორგებული იყო სახელმწიფო ხელისუფლებაში ვინც არიან, მათ სასარგებლოდ.

რას გულისხმობთ?

სასამართლოს ….

სასამართლოზე გავლენა აქვს უმაღლეს საბჭოს?

იცით რა არის, მე ასე ვხედავ, რომ უმაღლესი საბჭო უფუნქციოა საერთოდ, ამ ფუნქციის წამოწევაზე ვიზრუნებ. დამოკიდებული არიან ცენტრზე და დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს.

რა მიმართულებითა საჭირო დეცენტრალიზაცია, თქვენი აზრით?

აი, თუნდაც ადგილობრივ კადრებთან დაკავშირებით, რომ ბათუმში შეირჩეს ადგილობრივი კადრები.

კანონში ჩაწერთ, რომ ადგილობრივი კადრები დაინიშნოს?

ამაზეა სამუშაო. თუ ვერ შევცვლი კანონმდებლობით, გამოვალ და ვიტყვი ტელევიზიით.

საქართველოს მოქალაქე რომელ რეგიონში იმუშავებს თანამდებობაზე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს? 

ჯერ ადგილობრივი უნდა შეირჩეს… ვინც აქ დაიბადა, გაიზარდა, მან ხომ უკეთესად იცის აქურობა.

თქვენი აზრით, რისი მოგვარება უნდათ მოქალაქეებს?

ძირითადი პრობლემები არის სანიაღვრე სისტემა, საკანალიზაციო მილები, ადლიაში საერთოდ არ არის საკანალიზაციო სისტემა.

ხულოს საკრებულო მოქალაქეთა პეტიციას განიხილავს

ხულოს საკრებულო მოსახლეობის პეტიციას ხვალ, 13 სექტემბერს განიხილავს. “დემოკრატიის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა 5 პეტიციით მიმართეს საკრებულოს:

  • მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება;
  • მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება;
  • გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ნიშნულების განთავსება;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში მისამართების განმსაზღვრელი აბრებისა და ნიშნულების მოწყობა;
  • სახალხო დღესასწაულის ”ხულოელობის” დაფუძნება და ორგანიზება.

13 სექტემბრის სხდომაზე პეტიციის ხელმომწერი მოქალაქეები საკრებულოს ტრიბუნიდან თავად შეეცდებიან პროექტების დასაბუთებას. საკრებულო პეტიციების მიზანშეწონოლობას განიხილავს, ხოლო მორიგ სხდომაზე პეტიციით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭისყრისთვის გაიტანს.

ვინ როგორ მოხვდა საარჩევნო სიაში

პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოგებას ამჯერად ძირითადად ახალი სახეებით ცდილობენ. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოდან, მაგალითად, „ქართული ოცნების“ სიის ათეულში ვერავინ მოხვდა, „კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის გარდა. სიაში მოხვდნენ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები, ასევე სხვადასხვა გავლენიანი თანამდებობის პირების ნათესავები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელ თარხან-მოურავის თანაგუნდელი დავით თედორაძე, რომლის სიძე ირაკლი ერისთავია, აჭარაში სუს-ის ხელმძღვანელი.

„პროკურორი ხომ არ ხართ, მაგ შეკითხვას რომ მისვამთ? მაგი ვიდრე ჩემი სიძე გახდებოდა, კაცი ვიყავი მე და სახელი მქონდა,“ – უთხრა დავით თედორაძემ „ბათუმელებს“. ის ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამბობს, რომ ახლაც „პატრიოტთა ალიანსის“ ღირებულებებს იზიარებს და პარტიიდან წამოსულად არ მიიჩნევს თავს:

„პატრიოტთა ალიანსის ღირებულებებს ყოველთვის ვიზიარებდი და გავიზიარებ… ნუ მომაბეზრეთ თავი შეკითხვებით, დავამთავრე“.

დავით თედორაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, ისევ არის თუ არა კატეგორიული წინააღმდეგი „ანტიდისკრიმინაციული კანონის“, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და რომელთან დაკავშირებითაც ამ პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას თქვა: „მათ [პატრიოტთა ალიანსს] ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რაზეც მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ არ დაგიმალოთ, რომ ეს კანონი მიგვეღო“.

დავით თედორაძე ასევე ხშირად ამბობდა საჯაროდ, რომ „თურქეთი ოკუპანტია“. იგივე გზავნილი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველ ნომერს. დავით თარხან-მოურავი პარტიულ გაზეთში მთავარ აქცენტს ექსპანსიაზე აკეთებს: „პირდაპირ, ღიად ვამბობ, რომ თურქეთს აჭარის და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს“.

გასულ წელს ციხეებში წამების კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებამ დავით თედორაძე მმართველ გუნდს დაახლოვა. მაშინ იმავე კადრებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ლადო მგალობლიშვილიც აქტიურად აზიარებდა სოციალურ ქსელში. დავით თედორაძემ კი საჯაროდ თქვა: „ფაშიზმზე უარესი ამბების ჩამდენი ყოფილან ესენი… გასათელი უნდა გაითელოს“. ლადო მგალობლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-6 ნომერია.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ნათესავია ვახტანგ წულაძე. ის ბათუმის 68-ე მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. ირაკლი სესიაშვილმა დაგვიდასტურა, რომ წულაძე ბებიის მხრიდან დეიდაშვილია.

მისი აზრით, „აპელირება ამ საკითხზე არასწორია“, რადგან ვახტანგ წულაძე „წესიერი, ღირსეული და პროფესიონალია“. კითხვაზე, როგორ განსაზღვრა პროფესიონალიზმი, როცა ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ორსული ქალი გარემოს დაცვის სამმართველოში დაცვის ნაცვლად, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რაც სამი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა? – ამ კითხვაზე ირაკლი სესიაშვილის პასუხი ერთი-ერთზე დაემთხვა მისი ნათესავის, ვახტანგ წულაძის პასუხს: „სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცამ მოიგოს, ხოლო ვიღაცამ – წააგოს“. ზუსტად ეს ფრაზა უთხრა ვახტანგ წულაძემ „ბათუმელებს“ მიმდინარე წლის მარტში, როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი და ვახტანგ წულაძის უწყებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ გათავისუფლებულისთვის განაცდურის, ათასობით ლარის გადახდა დააკისრა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ბათუმში ილია ვერძაძეა. ის აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი იყო ასლან აბაშიძის მმართველობის დროს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“. იმდროინდელი პრესის მონაცემებით, ილია ვერძაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2003 წლის 23 ნოემბერს აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

„ასე არ ყოფილა… პრესამ მაშინ არასწორად დაწერა. მახსოვს, მე და ზურაბ გორგილაძემ არ ავუწიეთ ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ. ის ბოლო წლებში პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობდა.

აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, მერაბ კარანაძე ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“.  2012 წლის არჩევნებზე მერაბ კარანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. 2011 წელს იგი „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე იყო, როცა ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს და ციხეში ჩასვეს.

„ბათუმელებს“ მაშინ ერთ-ერთი ოპერატორის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც მერაბ კარანაძემ სახლში მიაკითხა და დასაკითხად თავისი მანქანით წაიყვანა. ოპერატორმა აქციის მონაწილეების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა გამოძიებას.

„ოპერატორი ნამდვილად მივიყვანე პოლიციაში ჩემი მანქანით, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდა ეთქვა და როგორ. მე თვითონ ამ აქციის თვითმხილველი არ ვიყავი, საღამოს დავბრუნდი და ტელევიზიაში მთხოვეს, რომ მივყოლოდი ოპერატორს გამომძიებელთან და დროულად დამებრუნებინა სამსახურში,“ – ასე ახსოვს ეს ამბავი მერაბ კარანაძეს.

ერთ-ერთი, ვინც მაშინ მურმან დუმბაძესთან ერთად „აჭარის ტელევიზიისგან“ ეთერის დათმობას მოითხოვდა და დააპატიმრეს, ცოტნე ანანიძე იყო. ის 2013 წელს პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს და „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე გახდა. ცოტნე ამბობს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლების წვლილი მის უკანონო დაკავებაში ფორმალური იყო და ამის გამო კითხვა არავისთვის დაუსვამს. მიიჩნევს, რომ არც მერაბ კარანაძესთან უნდა ჰქონდეს ამის გამო უხერხულობა, რომელიც უკვე მისი თანაგუნდელია: „ჩემი ინფორმაციით, ამ პროცესებში არ ყოფილა ჩართული და მერაბი სუფთა იყო… რაც შეეხება სხვადასხვა ღირებულებას, ბევრს ნახავთ და ხედავთ, რომლებიც სხვადასხვა ბარიკადის მიღმა იყვნენ და ახლა ერთად არიან.“

იგივე „ახსნა“ აქვს მერაბ კარანაძესაც: „ვმუშაობდი ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, რატომ უნდა მექმნებოდეს უხერხულობა? ისეთი საქციელი არასდროს მქონია, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა და მორალს. დისკუსიები იმ დროს საერთოდ არ იყო ტელევიზიაში და ეს იყო ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. მაგ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში ტელევიზიიდან წამოვედი…“

ცოტნე ანანიძეს „აჭარის ტელევიზიაში“ პოლიტიკური თოქ-შოუ მიჰყავდა. კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობდა ტელეკომპანია „GDS”-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“, რომლის უცვლელი სტუმარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ცოტნე ანანიძემ ასევე ჟურნალისტის სტატუსით დაუსვა შეკითხვები პოლიტიკურ ოპონენტებს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „არჩევანი“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ცოტნე ანანიძეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, დროულად უნდა ეცნობებინა თავისი პოლიტიკური განზრახვის შესახებ ხელმძღვანელობისთვის, რადგან პოლიტიკურ გადაცემებში ჟურნალისტობის უფლება აღარ ჰქონდა: „არჩევნებში მონაწილე თანამშრომელს ეკრძალება წინასაარჩევნო პერიოდში სსმ-ის პროგრამებში გამოჩენა, გარდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული გადაცემებისა (მაგალითად, დებატებში, პოლიტიკურ რეკლამაში). ამ პერიოდში თანამშრომელს ეკრძალება შეასრულოს პროდიუსერის, ჟურნალისტის ან წამყვანის ფუნქცია.“

„საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აღარ აქვს სხვა არჩევანის უფლება. კონსულტაციები მქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და როგორც კი გადაწყდა ეს საკითხი, დაუყოვნებლივ მივმართე ტელევიზიის ადმინისტრაციას და მოვითხოვე უფლებამოსილების შეწყვეტა. შემეძლო შეჩერება მომეთხოვა, მაგრამ არც ეს გამიკეთებია იმიტომ, რომ არ დაზარალებულიყო ტელევიზიის ინტერესი…“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ცოტნე ანანიძემ „აჭარის ტელევიზიას“ 8 სექტემბერს მიმართა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია უსკოში დარეგისტრირდებოდა.

ცოტნე ანანიძე არ არის ერთადერთი ჟურნალისტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ვინც „ქართული ოცნების“ ათეულში მოხვდა. ნინო ჩხეტია „ქართული ოცნების“ სიაში მერვე ადგილს იკავებს. მას „აჭარის რადიოში“ მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ.

„ქართული ოცნების“ შიგნით ღია დაპირისპირების მიზეზად იქცა ანზორ ბოლქვაძის კანდიდატად დასახელება. ის ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე მესამე მოწვევით აპირებს პარლამენტში შესვლას. 2008 წლიდან ის ხულოს მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გახდა. „ნაციონალებიდან პორტირებული, მედროვე ფეოდალი“ – ამ სიტყვებით ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ სოციალურ ქსელში ხულოს მოსახლეობას „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდა.

„იმიტომ კი არ ვარ კანდიდატი, რომ პოლიტიკოსი ვარ. ხალხთან ვარ სულ და ამიტომ შემარჩიეს,“ – უთხრა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ 15 აგვისტოს. იმ დღეს ჯამბულ ხოზრევანიძემ სოციალურ ქსელში საკუთარი პოსტი წაშალა და „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „პარტიული დისციპლინა გაითვალისწინა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი სახე – მალხაზ კალანდაძე ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო სიაში მოხვდა. მალხაზ კალანდაძეს 2005 წელს მურმან დუმბაძესთან ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში. მაშინ მედია აქტიურად წერდა, რომ მურმან დუმბაძეს მალხაზ კალანდაძემ ცხვირი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც მურმან დუმბაძეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 2008 წელს კი საქმე აღიძრა უკრაინელი ქალის გაუპატიურებისა და ცემის ფაქტზე. დაზარალებული მაშინ ბრალს სწორედ დეპუტატ მალხაზ კალანდაძეს სდებდა.

„აღძრული იყო საქმე კი და არავითარი მტკიცებულება რომ არ არსებობდა, დახურეს… რაც შეეხება მურმან დუმბაძეს, შეჯახება მოხდა უბრალოდ. ახლა მხოლოდ ღიმილით მახსენდება ეს ამბავი,“ – ამბობს მალხაზ კალანდაძე „ბათუმელებთან“.

რატომ არ მოხვდა საარჩევნო სიაში სულხან ღლონტი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იყო აჭარაში? – ეს კითხვა ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატების პრეზენტაციის დროს გააჩნდა. სულხან ღლონტმა ამ თემაზე კითხვებს არ უპასუხა. ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „არ მაქვს პოლიტიკური განწყობა, თუმცა ჩემი პოლიტიკური პოზიცია რჩება იგივე. ჩავთვალე, რომ ახალ სახეებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში. ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი, საკუთარი ნების შესაბამისად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ჩემი არჩევანი ამჯერად იყო ეს“.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში

დღეს 12  სექტემბერს,  ბათუმის  საზღვაო აკადემიაში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა. ფორუმის  მიზანია  საქართველო გახდეს პოპულარული საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობაში და ბათუმი გადაიქცეს  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად.

„მსოფლიომ უნდა დაინახოს თუ როგორი მოტივირებულია ჩვენი ქვეყანა რომ გაზარდოს კარგი მეზღვაურები, გვქონდეს კარგი რეპუტაციის მქონე დროშა და ჩვენ დროშის ქვეშ იცუროს მაღალი დონის გემებმა.   ბათუმი უნდა  ვაქციოთ  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად“ -გვეუბნება  საზღვაო  ტანსპორტის სააგენტოს დირექტორი,  კაპიტანი,  მამუკა ახალაძე.

საზღვაო ფორუმი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის  პატრონაჟით იმართება, „იდეა კი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის“-გვეუბნება ის.

ფორუმს ესწრება საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში , თამარ ბერუჩაშვილიც. მისი თქმით,   საქართველომ უნდა  გააქტიუროს თავისი საქმიანობა საზღვაო სფეროში.

„საქართველო მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის უფრო აქტიური წევრი უნდა გახდეს, რაც  ნიშნავს მეტ კონტაქტებს, მეტ ჩართულობას,  მეტ ინვესტიციებს და მეტ ეკონომიკურ ზრდას.

დღეს ჩვენ მივიღეთ დაპირება რომ გენერალური მდივანი გაუწევს რეკომენდაციებს ბათუმის საზღვაო აკადემიას, რათა მან ითანამშრომლოს კორეის საზღვაო აკადემიასთან“- გვეუბნება ის.

საქრთველო გლობალურ პროექტში  – „პარტნიორობა საზღვაო  ენერგო-ეფექტურობისათვის“, 2015 წელს ჩაერთო.  აღნიშნული პროექტი ხორციელდება მსოფლიოს 10 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.  ეს არის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა და UNIDEP – ის ერთობლივი პროექტი, რომლის ამოცანასაც  საერთაშორისო დონეზე ენერგო-ეფექტური პოლიტიკის  საზღვაო სექტორში იმპლემენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტი ხორციელდება “ Global Environment Facility [GEF],  გაეროს განვითარების პროგრამის [UNIDEP] და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] მხარდაჭერით.

 

Exit mobile version