მთავარი

“ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა”

13.09.2016 • 3039
“ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა”

თამბაქოს მომხმარებლები ხშირად ცდილობენ ელექტრონული სიგარეტით ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლებას იმ იმედით, რომ სიგარეტზე საბოლოოდ უარს იტყვიან. იმისთვის, რომ გაგვერკვია, რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, „ბათუმელები“  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ლელა სტურუას ესაუბრა.

ბევრი მწეველი ცდილობს სიგარეტი ჩაანაცვლოს ელექტრონული სიგარეტით. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს? რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ელექტროსიგარეტს?

ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის ვერანაირად ვერ ანაცვლებს ნამდვილ სიგარეტს. არც შემხვედრია პრაქტიკაში ადამიანი, რომელმაც თავი დაანება ელექტროსიგარეტის შემდეგ მოწევას. რაც შეეხება ელექტრონული სიგარეტის ერთადერთ დადებით თვისებას, ეს არის ის, რომ ელექტროსიგარეტი არ შეიცავს ნიკოტინს და გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თვითონ მწეველისთვის ელექტრონული სიგარეტი ნამდვილად არ არის დადებითი მოვლენა. 2007 წლიდან დაიწყო ელექტრონული სიგარეტის ბაზარზე შემოტანა, ამიტომ ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული მომავალში რა უარყოფით გავლენას გამოიწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ელექტრონული სიგარეტით მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ელექტროსიგარეტი უამრავ ქიმიურ ნივთიერებას აერთიანებს, რომელიც დიდი ალბათობით გამოიწვევს უფრო სერიოზულ უარყოფით შედეგებს, ვიდრე იწვევს თამბაქო. ჩვენი მთავარი მიზანი, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მისიაა, დავამარცხოთ თამბაქოს მოხმარება, როგორც ჩვევა. ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლა ჩვევის დამარცხება არ არის, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვევას ვინარჩუნებთ. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მთელი მსოფლიო მიიჩნევს, რომ საჭიროა ელექტრონული სიგარეტი დაიბეგროს ისევე, როგორც თამბაქოს სხვა პროდუქტი. ყველა მოწინავე ქვეყანაში ელექტროსიგარეტი არის თამბაქოს პროდუქტი და იბეგრება როგორც ნებისმიერი სხვა თამბაქო.

ელექტროსიგარეტი, ეს არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი, თუ სხვა ეფექტიც აქვს მას?

ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური დამოკიდებულება. ზოგიერთს ჰგონია, რომ თამბაქოს მოწევას დაამარცხებს ელექტროსიგარეტით, რომ ამით მისი ოჯახის წევრები აღარ იქნებიან პასიური მწეველები. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი სიგარეტის ელექტრონულით ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა. საერთოდ უარი ვთქვათ ამ ჩვევაზე.

 რამდენ ხანს შეიძლება ელექტროსიგარეტის გამოყენება? ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება თუ არა ავნოს ორგანიზმს?

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საერთოდ ეწინააღმდეგება ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას. რა თქმა უნდა, ის ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ხანგრძლივი გამოყენება ვნებს ორგანიზმს.

თქვენი დაკვირვებით, ელექტროსიგარეტის მომხმარებლები უბრუნდებიან თუ არა ისევ თამბაქოს?

ჩემ ირგვლივ, ვინც ვიცი, რომ ელექტრონული სიგარეტი მოიხმარა, ყველა დაუბრუნდა ჩვეულებრივ სიგარეტს.

რას ურჩევდით მწეველებს?

მწეველებს ვურჩევდი, თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას და ჩაანაცვლონ სხვა უფრო ჯანსაღი ჩვევით. შევეცადოთ, არ ვიყოთ თამბაქოს ინდუსტრიის მონა. ქვეყანაში უკვე მობილიზებულია ექიმების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მწეველებს კონსულტირებით, რომ მწეველებმა თამბაქოს თავი დაანებონ. ქვეყანა დგამს ნაბიჯებს, რომ შეიქმნას თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ცენტრები. აქვე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო მხარე, თამბაქო უნდა გახდეს უფრო ძნელად ხელმისაწვდომი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: