ჰაერის დაბინძურება – რატომ დაჯარიმდა 456 ობიექტი

2017 წლიდან, საწარმოები ვალდებულნი არიან ჰაერში გაფრქვეულ  მავნე  ნივთიერებათა  რაოდენობრივი  მაჩვენებლები აღრიცხონ და შემდეგ ეს მონაცემები ელექტრონულად წარადგინონ ყოველი საანგარიშო წლის  ბოლოს. ვადების დარღვევის ან ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, საწარმოები დაჯარიმდებიან.

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის  ფორმების შევსება და წარდგენა,  გარემოსდაცვითი  ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდება, ინფორმაციის უტყუარობაზე  კი სტაციონალური ობიექტები იქნებიან პასუხისმგებელნი.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში გვეუბნებიან, რომ საწარმოები არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ვერ შეძლებენ, რადგან  მონაცემების ანალიზი დადგენილი წესით მოხდება.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, 2016 წელს, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, აჭარიდან 421 ფორმა იყო წარდგენილი, „15-მა ობიექტმა კი მონაცემები არ წარმოადგინა, ამ ობიექტების სია, დასაჯარიმებლად გარემოს დაცვის ინსპექციას გადაეცა“ – აცხადებენ სამმართველოში.

გარემოს დაცვის ინსპექციის მონაცემებით კი,  2016 წელს, ქვეყნის მასშტაბით  456 ობიექტი დაჯარიმდა. „ეს ის პირები არიან, ვინც  გვიან წარმოადგინა, ან საერთოდ არ წარმოადგინა მონაცემები“- გვეუბნებიან  გარემოს დაცვის ინსპექციაში.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, იმ შემთხვევაში  თუკი საწარმო არ მიაწვდის შესაბამის უწყებას ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შესახებ მონაცემებს კანონით დადგენილ ვადებში, 300 ლარით დაჯარიმდება, წყლის დაბინძურებაზე მონაცემების არ მიწოდების შემთხვევაში კი, 100 ლარით.

,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  სტაციონარებიდან (საწარმოები, საავადმყოფოები, და ა.შ) მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოება  2017  წლიდან ელექტრონულად მოხდება,  წყალთან დაკავშირებული მონაცემები კი გარემოს დაცვის სამინისტროს  შეუძლიათ წერილობით მიაწოდონ.

მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა 15 თებერვალია.


ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა

დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი

სახლების ჩამონგრევაზე ენმ პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს

ენმ ფერიაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ხელვაჩაურის თვითმმართველობას აკისრებს, ამის შესახებ ენმ-ს წევრმა მიშა ბოლქვაძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ისაუბრა. „2014 წლის მეათე თვეში მაშინდელმა, იგივე დღევანდელმა უმრავვლესობამ მხარი არ დაუჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ მიზნობრივ პროგრამას, სოციალურად დაუცველი (57 000 ქულამდე) ოჯახების საკუთრებაში არსებული სახლების, ავარიული სახურავების მოწყობის შესახებ. ჩვენ მოვითხოვთ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს საკრებულოს სხდომა და განმეორებით შევალთ ამ განკარგულებით,” – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ენმ-ს ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014-2015 წლებში, დაახლოებით 100 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ე.წ. შიფერი, მათ საკუთრებაში არსებული სახლების სახურავების გასამაგრებლად. „პირიქით, ეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აპროტესტებდნენ ჩვენ მიერ მოსახლეობაზე “შიფერების” გადაცემას, კონტროლის პალატაში ჩიოდნენ და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში გვადანაშაულებდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 17 000 სახლი დგას, რომელთა უმრავლესობაც 60-იან წლებშია აშენებული. ნადიმ ვარშანიძის განმარტებით, მოძველებული სახლების გამაგრებისთვის, მათი სიმრავლის გამო, მუნიციპალიტეტი ცალკეულ პროგრამას ვერ ახორციელებს, თუმცა – „მაქსიმალურად ვეხმარებით მიწისძვრის, ზვავების და სხვა სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.

ოჯახი, რომლის სახლიც ახლა დაინგრა, არ არის სოციალურად დაუცველი. რაც შეეხება ფერიაში დაზარალებულ ოჯახს, ჩვენ შარშან გაცემული გვაქვს 7750 ლარი სახლის გამაგრების მიზნით და გავუმაგრეთ კიდეც სახლი. საქმე ის არის, რომ მეორე ძმას აუშენებია უნებართვოდ ფიცრული, რომელიც თოვლმა  დაუნგრია. დიდი თოვლის დროს, უნდა მოხდეს ამ სახლების გადმოთოვლა, ამაში გამგეობა ვერ გაუწევს დახმარებას ოჯახებს,” – განმარტავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

 

სასწავლო პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში მხოლოდ კერძო სკოლაში გადაიდო

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის კერძო სკოლის გარდა სასწავლო პროცესი აჭარის მთიანეთში ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. კერძო სკოლაში სწავლა სამშაბათს, 31 იანვარს, შეწყდა და ორშაბათს, 6 თებერვალს, განახლდება.

შუახევის რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, შუახევის ყველა საჯარო სკოლა მომარაგებულია შეშითა და საწვავით. რაც შეეხება მოსწავლეთა გამოცხადებას, რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ მოსწავლეთა 50%-იანი გამოცხადება მხოლოდ იმ სკოლებშია, სადაც სკოლაში მისასვლელად მოსწავლეებს 2-3 კილომეტრისა და მეტი მანძილის გავლა უწევთ. ასეთი კი ნიგაზეულის, შუბნისა და დარჩიძეების სკოლაა.

„რიგ სკოლაში 60-70% – იანი, ზოგან კი 100%-იანი გამოცხადება გვაქვს, რაც შეეხება გათბობას, პრობლემა არ გვაქვს, სკოლებში, რომლებიც შეშით თბება, მომარაგებული გვაქვს შეშა, ხოლო სადაც ცენტრალური გათბობაა, გენერატორები გვაქვს და შუქის არარსებობის შემთხვევაში ვიყენებთ,“ – აცხადებს ედუარდ გოგრაჭაძე.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძეც ამბობს, რომ უხვ ნალექს პრობლემები არც ხულოს საჯარო სკოლებისთვის შეუქმნია: „სკოლაში ნორმალური გათბობა გვაქვს, შედარებით ნაკლებია მოსწავლეთა გამოცხადება, თუმცა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი“.

ქედის რესურსცენტრის უფროსის, დურმიშხან შავიშვილის თქმით, მოსწავლეთა გამოცხადება რიგ სკოლებში 70-80% -ს,  ნაწილში კი 90% აღწევს.

„50%-ზე ნაკლები გამოცხადება დღეს არც ერთ სკოლაში არ გვაქვს, პრობლემები სკოლებში არც გათბობასთან დაკავშირებით არ არის, გვაქვს გენერატორები და საჭიროებისამებრ ვიყენებთ,“ – განაცხადა დურმიშხან შავიშვილი.

სოფელი ნამლისევი, ქედა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სოფელი ნამლისევი, ქედა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს

ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი შენარჩუნებული იქნება მომდევნო სამი დღის განმავლობაში – უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

დღეს, 2 თებერვალს, ბათუმში შენარჩუნდება სუსტი თოვა, უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი კი ასეთია:

ტემპერატურა – სანაპირო რაიონებში ღამით -1-6 გრადუსი ყინვა, დღისით –  3-8 გრადუსი სითბო.

მთაში ღამით -7-12 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით -3 გრადუსი ყინვა, 2 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით -12-17 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია ღელვა 2-3 ბალი.

ერიდეთ სახურავიდან დაცურებულ თოვლს

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ მკვეთრი დახრილობის მქონე სახურავებიან შენობებთან გავლას, ჩამოცურებული თოვლის მასის დაცემისგან თავის არიდების მიზნით. 
რაც შეეხება ტროტუარებზე გაყინულ თოვლს, ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტროტუარებზე მოცურების საწინააღმდეგო ტექნიკური მარილი ყინვის დროს იყრება. „წელს მერიას 300 ტონა ტექნიკური მარილი აქვს შეძენილი, რაც საკმარისია,“ – უთხრეს “ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.

გადმოუთოვლავი სახურავები ქვეითებსაც უქმნის ჯანმრთელობის საფრთხეს. გუშინ, პირველ თებერვალს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის წარმომადგენელს სასამართლოში მისვლამდე სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა და დაშავდა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასით დაზიანების ერთადერთი შემთხვევაა ბათუმში, მაგრამ ბოლო დღეებში თოვლით გამოწვეული ტრავმის [დაცემა, მოცურება] ათამდე შემთხვევა იყო.

სახლის ჩამონგრევის შედეგად კი აჭარაში 1-2 თებერვალს ორი ადამიანი დაიღუპა. სახლების დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად დიდთოვლობა სახელდება.

„მე მოვუწოდებ მოსახლეობას, გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები,“  – განაცხადა დღეს ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ.

ქობულეთში ელექტროენერგია 600-მდე აბონენტს არ მიეწოდება

ბოლო მონაცემებით, ქობულეთში ელექტროენერგია 600-მდე აბონენტს არ მიეწოდება. ქობულეთის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე წმენდენ ქალაქის ქუჩებსა და სოფლების ცენტრებთან მისასვლელ გზებს. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები,კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები.

ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.

ქობულეთი-ბათუმისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო ქალაქში 15-20 სმ-ია.

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მუშაობას აღარ შეწყვეტს

„რესპუბლიკური საავადმყოფო” მუშაობას აღარ შეწყვეტს, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საავადმყოფოს ექიმებმა უთხრეს.

„ეკონომიკის მინისტრი იყო მოსული და შევთანხმდით, რომ შეჩერება არ არის აუცილებელი“, – ამბობს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმი, ბენო ჭელიძე. კითხვაზე, ვის აწყობდა საავადმყოფოს მუშაობის შეჩერება 6 თვით, ან როგორ არის შესაძლებელი შეჩერების გარეშე ახლის აშენება, ბენო ჭელიძემ ასე გვიპასუხა: „ეს აღარ არის აქტუალური და საინტერესო. მთავარია, მივიღეთ პირობა, რომ მუშაობა არ შეჩერდება. დანარჩენის კრიტიკა, ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა. გამოძიება და ჩაღრმავება არაა ექიმების საქმე…“

კლინიკის ფუნქციონირების შეჩერებას გამორიცხავს მალხაზ ხალვაშიც, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი. 28 იანვარს ის „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ადასტურებდა, რომ საავადმყოფო გარკვეული ვადით მუშაობას შეაჩერებდა. მალხაზ ხალვაში მშენებლობის კუთხით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება: „ამ დასკვნებით გაირკვევა, რომელი შენობის დანგრევა იქნება აუცილებელი, რომლის – არა. პროექტის გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ფუნქციონირების შეწყვეტა იყო აუცილებელი, ასე განიხილებოდა, გეთანხმებით… რადგან ინფორმაცია მოვიდა ექიმებამდე, ამან გამოიწვია მღელვარება, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობდა… საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ არ გვქონია. ვიდრე მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე საავადმყოფოს ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გააჟღერებდა, ჩვენ გვქონდა ვერსიები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ერთ-ერთი ვერსია იყო ფუნქციონირების შეჩერება გარკვეული ვადით. საბოლოოდ გავიარეთ საკითხი ერთად და მივედით იქამდე, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გაჩერება არაფრით არ შეიძლება“.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ფუნქციონირების შეწყვეტის აუცილებლობაზე ინფორმაცია 27 იანვარს, აჭარის მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა.  მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ წელს, მაქსიმუმ ექვსი თვით, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ფუნქციონირებას შეწყვეტს, იმავე სერვისს კი მოქალაქეებს სხვა კლინიკები მიაწვდიან, ხოლო იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალი დროებით სხვა საავადმყოფოებში იმუშავებდნენ.

რატომ გადაიფიქრა მთავრობამ ფუნქციონირების შეწყვეტის გარეშე, იმავე ტერიტორიაზე საავადმყოფოს ამოქმედება ახალ შენობაში? – რამაზ ბოლქვაძემ ამჯერად გვითხრა, რომ საავადმყოფოს ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ მას გადაჭრით არ უთქვამს:

„შესაძლებელია, შეჩერდეს, ასე ვთქვი მე… მე ვგულისხმობდი გარკვეულ სატესტო პერიოდს, რასაც შეიძლება დასჭირდეს 3-4, ან შეიძლება ერთი თვე. ამ პერიოდში გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, როცა იქნება უახლესი ტექნოლოგიის აპარატები, მას დასჭირდება შესაბამისი სპეციალისტები, ამას უნდა მიეჩვიოს და ისწავლოს ადამიანმა. გადამზადების პერიოდში ხომ არ შეიძლება ადამიანი თან მუშაობდეს? ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერზე“, – უთხრა რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“. მოახდინა თუ არა გავლენა გადაწყვეტილებაზე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ სამედიცინო პერსონალმა, რომელიც მინისტრს რამდენიმე დღის წინ შეხვდა? – რამაზ ბოლქვაძე ამას გამორიცხავს. ამბობს, რომ უბრალოდ, ექიმებთან და მშენებლებთან ერთად „საკითხი დეტალურად გაიარა“.

12652
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები. ფოტო „ბათუმელების” არქივიდან.

სახლის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, სახლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი ადამიანის გადარჩენა კი სამაშველო ჯგუფმა შეძლო.

„შეტყობინება დილის რვა საათზე შემოვიდა. ხუთი ადამიანი იყო მოყოლილი ნანგრევებში, ერთია დაღუპული,“-ამბობენ სამაშველო სამსახურში.

16443091_1219715974749600_1717267339_o
უბედური შემთხვევა სოფელ განთიადში / 2.02.2017 / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ახალაშენებული იყო. ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფება.

ოჯახის ერთ-ერთი წევრი 36 კვირის ფეხმძიმე ქალია, რომელიც ამჟამად დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქალის მდგომარეობა სტაბილურია, იგი ცოტა ხნის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სამინისტრო აანაზღაურებს.

უბედური შემთხვევა სოფელ განთიადში / 2.02.2017 / ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფოტო
უბედური შემთხვევა სოფელ განთიადში / 2.02.2017 / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

სახლის ჩამონგრევს შედეგად მამაკაცი დაიღუპა აჭარაში გუშინაც, სოფელ ფერიაში. ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, „სახლის სახურავი, სავარაუდოდ, დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა“.

250 ათასი ლარი ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტისთვის

ბათუმი-ქედის მონაკვეთის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობის თანახმად, პროექტი „პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების, აგრეთვე გაზსადენის პერსპექტიული განვითარების [შესაძლო დაგრძელების] პირობების გათვალისწინებით,“ უნდა შედგეს.

პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 ათასი ლარია.

„გაზსადენის კონტურის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო ინტერესები, ასევე კონტურში მოქცეული ტერიტორიების გეოლოგიური მდგრადობის საკითხები. შემსყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში პროექტის მომზადება უნდა უზრუნველყოს. პროექტირების ტენდერის დასრულების შემდეგ, მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება. მილსადენის მშენებლობა წელს დაიწყება და ის 2018 წლის დასაწყისში დასრულდება“ – აცხადებენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ტენდერი მიმდინარე წლის 20 თებერვალს უნდა დასრულდეს.


„მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ახლო პერიოდში ვერ ფინანსდება აღნიშნულ მონაკვეთზე გაზსადენის პროექტირება-მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არაა წინააღმდეგი აჭარის მთავრობის მიერ განხორციელდეს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა. პროექტის შესყიდვა გათვალისწინებულია 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში,“ – აღნიშნული იყო აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში გადაიგზავნა.

აჭარის მთავრობა ბიუჯეტზე მუშაობის დროს ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის „გაზაფხულისათვის შესაძლებელი იქნება ადიგენი-ხულოს მიმართულებით საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის საკითხის შესწავლა, რომლის მიხედვით  პროექტირების სამუშაოებზე შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღება“.

შსს: ბრალდებულები ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი – 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ. სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით)“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

1111111111111

 

რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ 130 ოჯახი უშუქოდ არ დარჩეს

„ვერავისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რას გააკეთებენ. დღე-დღეზე უშუქოდ დარჩენას ველოდებით“, – გვითხრა გივი მიქელაძემ. ის ერთ-ერთია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთაგან. ამ დასახლებაში მცხოვრები 130 ოჯახი ერთი ადგილობრივი მკვიდრის, თემურ ბოლქვაძის მრიცხველით სარგებლობს. თვითნებურად შესახლებულებს ენერგოკომპანია ცალკე აბონენტად არ არეგისტრირებს. მათ საკუთრების ან ქონების კანონიერი ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ.

„თემურ ბოლქვაძის სახლი აღებაშია და როგორც აბონენტი აღარ იქნება, უქმდება. ჩვენ უშუქოდ ვრჩებით, რადგან ყველა ამ აბონენტისგან ვიღებდით ელექტროენერგიას. ამ კაცმა გაგვაფრთხილა, სახლი აღებაშია, აბონენტი გაუქმდება და რაღაც უნდა ქნათო. მთავრობაშიც ვიყავი და „ენერგო პრო ჯორჯიაშიც“, მაგრამ კონკრეტულ პასუხს არავინ გვცემს. დაპირებებს კი ვისმენთ…“, – გვიყვება გივი მიქელაძე.

აბონენტ თემურ ბოლქვაძის სახელზე მისულ დავალიანებას 130 ოჯახი ფარავდა. „ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც დაგვარეგისტრირონ აბონენტად და დანარჩენს გავუნაწილებთ. მე მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა… აქამდე თვეში სადღაც 1500-2000 ლარი გამოგვდიოდა ჯამში. ფულს ვაგროვებდით და იმ კაცის ანგარიშზე ვიხდიდით“, – ამბობს გივი მიქელაძე.

„დოკუმენტის გარეშე ჩვენ ვერავის ცალკე აბონენტად ვერ დავარეგისტრირებთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნოდარ ზოიძემ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელვაჩაურის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებსაც ესაუბრა, მაგრამ ენერგოკომპანია ვერაფერს შეცვლის.

„უნდა მოძებნონ სხვა ოჯახი, ვინც რეგისტრირებულია და მასთან გადავიდნენ. იოლი არაა ასეთი ადგილობრივი მკვიდრის ნახვა, ვინც ამაზე თანახმა იქნება… ძალიან რთული სიტუაციაა მაქ. დიდი რისკია, რომ შესაძლოა გაჩნდეს ხანძარი და მერე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, მე არ ვიცი“, – გვითხრა ნოდარ ზოიძემ.

მისივე თქმით, აბონენტი მიმართვიდან 10 დღეში გაუმქდება. გაუქმების მოთხოვნა ჯერ თემურ ბოლქვაძეს, ვისგანაც 130 ოჯახს ელექტროენერგია მიეწოდება, არ დაუწერია.

რას აკეთებს აჭარის მთავრობა იმისთვის, რომ ზამთარში 130 ოჯახი შუქის გარეშე არ დარჩეს? – აჭარის მთავრობამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც გვითხრა, რომ „ჯერჯერობით პრობლემა არ არსებობს“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვერ გვითხრა, რა ელის ოჯახებს, როცა აბონენტი გაუქმდება. ის ამბობს, რომ პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა რა გაკეთდა ამისთვის, ან რა გამორიცხავს უშუქოდ დარჩენას, ვერ გვითხრა.

„ელექტროენერგია მიეწოდება ამ მოსახლეობას და მე აუცილებლად ჩავერთვები ამ პროცესში. ამ ზამთარში ვინ დატოვებს ხალხს უშუქოდ?… ,“ -ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

 

ფრინველზე მონადირეები ბათუმის ცენტრში [ვიდეო]

ბათუმში, თოვლიან ამინდში, მონადირეები გამოჩნდნენ, რომლებიც ქალაქის გარეუბნებსა და ცენტრში იარაღით დადიან და მცირე ზომის ფრინველებზე ნადირობენ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა „ბათუმელებს“ დღეს, პირველ თებერვალს მიაწოდეს, სადაც ჩანს მონადრეები, რომლებიც ქალაქის ცენტრში,  გრიბოედოვის  ქუჩაზე ნადირობენ, კორპუსებთან ახლოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფრინველებზე ნადირობენ ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ ტერიტორიაზეც.

„პნევმატური იარაღიდან სროლა დასახლებულ ადგილას არის სამართალდარღვევა და იწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით“ – აღნიშნა ბათუმელებთან“ გიორგი ხიმშიაშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა. მსგავს ფაქტებზე ინფორმაციას არ ფლობს არც გარემოს დაცვის ინსპექცია.

ნადირობა ბათუმში
ნადირობა ბათუმში
ნადირობა ბათუმში
ნადირობა ბათუმში

სამინისტროს განცხადებით დედა-შვილი ელექტროენერგიის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის  ბინაში გარდაცვლილ დედა-შვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ოჯახი 2006 წლიდან ფიქსირდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მუდმივად იყო საარსებო შემწეობის მიმღები. მათ საარსებო შემწეობის თანხა 2017 წლის იანვარშიც ჩაერიცხათ. ოჯახში რეგისტრირებულია 3 პირი – 78 წლის ქალბატონი და მისი 2 ვაჟი ( 53-51 წლის პირები). შვილებს ჰქონდათ შშმ პირის სტატუსი. ერთს მკვეთრად გამოხატული შშმპ -ს სტატუსი და მეორეს მნიშვნელოვნად გამოხატული შშმპ-ს სტატუსი. ორივე მათგანი იღებდა შესაბამის პენსიას – 180 და 100 ლარს. ჯამში ოჯახს ყოველთვიურად ერიცხებოდა 616 ლარი. ერთ-ერთი შვილი ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და სახელმწიფო აფინანსებს მის მკურნალობას.

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი სარგებლობდა სოციალურად დაუცველთათვის არსებული ყველა პროგრამით, მათ შორის გახარჯული ელექტროენერგიის თანხის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროგრამით.

დედა-შვილი გორგაძეების გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი“ – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი დედა-შვილი ბათუმში 31 იანვარს აღმოაჩინა, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილების მეზობლებმა პოლიციას მიმართეს იმ მოტივით, რომ ოჯახის წევრები რამდენმე დღეა არ ჩანდნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

___________________

ამავე თემაზე:

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი შინმოვლის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა

ბათუმში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს

დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის სპორტულ კარიერაზე წიგნისთვის ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი დაიხარჯება

„მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“, – ამ სახელწოდებით წიგნის გამოსაცემად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ბიუჯეტში 48 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მუხრან ვახტანგაძე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

მუხრან ვახტანგაძეზე წიგნს დეპარტამენტი იმ პროგრამის ფარგლებში გამოსცემს, რომლის მიზანია „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა“.

„გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი და შემდეგ გამარჯვებული უზრუნველყოფს ამ წიგნის დაბეჭდვას. დეპარტამენტი ბოლო წლებია გამოსცემს წიგნს სპორტთან დაკავშირებით. პირველი იყო „სპორტი აჭარაში“, ენციკლოპედიური ხასიათის,  სადაც ყველა სახეობაა ასახული; შემდეგ გამოიცა მოჭიდავე როსტომ აბაშიძეზე, რომელიც არის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ახლა გაკეთდება ბატონი მუხრანის წიგნი და სამომავლოდ ვფიქრობთ ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეზეც გამოვცეთ წიგნი, იმიტომ, რომ ეს ისტორია დარჩება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ჩავლეშვილი.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, მომავალ წიგნთან დაკავშირებით ყველა დეტალზე შესაბამისი კომისია იმსჯელებს, რომელიც, ჯერჯერობით, არ შექმნილა: „შეიქმნება კომისია, სადაც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი სამინისტროს, აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და იქ უკვე განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, რაც გაიწერება ტენდერის პირობებში“.

კითხვაზე – თუ როგორ არჩევს დეპარტამენტი რომელი სპორტსმენის შესახებ გამოსცეს წიგნი? – ლაშა ჩავლეშვილი გვპასუხობს, რომ შერჩევა ხდება რეგალიების მიხედვით: „ბატონი როსტომი იყო სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ყველაზე ტიტულოვანი აჭარაში, თან 80 წლის იუბილე ჰქონდა; მუხრან ვახტანგაძე არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, შემდეგ გადავდივართ რუსუდანზე და ამითი ჩვენ ვფიქრობთ, რომ პერსონალურ წიგნებს შევეშვებით და როგორც საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო აკეთებს, გადავალთ ბროშურებზე, სადაც აისახება უკვე საქართველოს სპორტის ისტორია“.

 

დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა

პატიმარი ბათუმის ციხიდან ტელეფონით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. გვწერს, რომ წინასწარ სთხოვენ იმ ტელეფონის ნომრებს, ვისთანაც აპირებს საუბარს. მსჯავრდებულ ლ.მ.-ს გასული წლის 20 ივნისის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიუმართავს. ინსპექტორმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა.

ინსპექტორის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იმყოფება [ბათუმის მე-3 საპყრობილე], მაგრამ კონკრეტულად პატიმარი ლ.მ. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების რეჟიმით სარგებლობდა. „შესაბამისად ის არ იყო ვალდებული, დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წინასწარ მიეწოდებინა მისი ადრესატების ტელეფონის ნომრები“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისგან მივიღეთ.

კითხვაზე, რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებელ პირს, ვის მიმართაც დარღვევა დაფიქსირდა? – ინსპექტორის აპარატში გვიპასუხეს: „აღნიშნული წარმოადგენდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხანდაზმულობის გამო სამინისტროს ვერ დაეკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“.

რა რეაგირება მოახინა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ? – უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „ამ საქმესთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს და მათთვის საბოლოო შედეგი ჯერ ცნობილი არ არის”. ეს პასუხი სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ორშაბათს მიიღო. დღეს სამინისტროს პრესსამსახურს ხელახლა ვთხოვეთ, გაეგო, მიიღეს თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, რადგან თავად დოკუმენტი შეიცავს პერსონალურ მონაცემს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ლ.მ.-ს საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს 2017 წლის 13 იანვარს გაუგზავნეს.

შედეგი, ანუ პასუხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან მსჯავრდებულ ლ.მ.-ს უკვე ჩაბარდა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის ასევე საუბრობს უკანონო მიყურადებაზე: „სამინისტრო ადასტურებს დარეკვის მომენტში თანამშრომლის ყოფნის ფაქტს, მაგრამ გამორიცხავს მიყურადებას. როგორ შეიძლება ადამიანი შენს გვერდით იყოს და არ ისმენდეს, მაშინ ყრუ უნდა იყოს…“

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის დროს უკანონო მიყურადებას კატეგორიულად გამორიცხავენ. პატიმრობის კოდექსის მიხედვით, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირის სატელეფონო საუბრის მოსმენის უფლება ციხის უფლებამოსილ პირს მხოლოდ განსაკუთრებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში აქვს.

97 200 ლარი უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის

პირველი თებერვლიდან აჭარის უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებს დააფინანსებს. მაჟორიტართა წარმომადგენლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან წელს 97 200 ლარია გათვალისწინებული.

უმაღლესი საბჭოს ახალი დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა. მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს კი უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი დაამტკიცებს.

უმაღლესი საბჭოდან მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ორი მაჟორიტარის, გიორგი რომანაძისა და ნუგზარ სურმანიძის თითო წარმომადგენელია დამტკიცებული. სულხან მოწყობილი – გიორგი რომანაძის წარმომადგენლად, ხოლო ქეთევან ჯიჯავაძე – ნუგზარ სურმანიძის წარმომადგენლად.

უმაღლესი საბჭოს ორ მაჟორიტარს – ვახტანგ წულაძესა და ხვიჩა შარაშიძეს წარდგენილი ჰყავთ თითო კანდიდატი დასამტკიცებლად, მერაბ კარანაძესა და ილია ვერძაძეს კი საბჭოს აპარატში ამ დროისთვის არავინ წარუდგენიათ.

უმაღლეს საბჭოში ექვსი მაჟორიტარია, ექვსივე „ქართული ოცნებიდან“.

მაჟორიტარები აჭარის უმაღლეს საბჭოში ოლქების მიხედვით:

  • N68 [ბათუმი] – ვახტანგ წულაძე,
  • N69 [ბათუმი] – ილია ვერძაძე,
  • N70 [ბათუმი] – ნუგზარ სურმანიძე,
  • N71 [ქობულეთი] – გიორგი რომანაძე,
  • N72 [ხელვაჩაური] – მერაბ კარანაძე,
  • N73 [ხულო, შუახევი, ქედა] – ხვიჩა შარაშიძე.

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებს თანხა „საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის“ გადაეცემათ.

უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიხედვით, მაჟორიტარებს თავიანთი წარმომადგენლები „ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით“ სჭირდებათ. უფრო ზუსტად, უფლება აქვთ ჰყავდეთ ასეთი წარმომადგენლები.

თავის მხრივ, წარმომადგენელი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს აპარატს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

უმაღლესი საბჭოს ახალი დადგენილებით გაუქმდა წინა დადგენილება, რომლის მიხედვითაც,  2013 წლის პირველი ივნისიდან ბათუმში [რომელიც ადრე ერთი მაჟორიტარული ოლქი იყო], მაჟორიტარის წარმომადგენლისთვის თვეში 1025 ლარი გაიცემოდა, ხოლო მუნიციპალიტეტში [5 ოლქში] თითოეულ წარმომადგემნელზე –  825 ლარი.


უმაღლესი საბჭოს დეკემბრის თვის ხელფასები, პრემიები და თანამდებობრივი სარგო 

400 ლიტრი თვეში ერთ ავტომანქანაზე – საწვავის ხარჯები აჭარის უმაღლეს საბჭოში

შუახევში სახლი დაიწვა – გაუწმენდელი გზის გამო სახანძრო ადგილზე ვერ მივიდა

შუახევში, სოფელ კვიახიძეებში, გივი ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შუახევის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სოსლან ზოიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ხის ორსართულიანი სახლი დაიწვა, რადგან სახანძრო სამსახურის მანქანა თოვლისგან გაუწმენდელი გზის გამო ადგილზე ვერ მივიდა.

სოფელში ამ დრომდე ვერ ავიდა შუახევის გამგებელიც. ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ გზა გაწმენდილიც რომ ყოფილიყო, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა: „იმდენად სწრაფად გაჩნდა ხანძარი, მისი ჩაქრობა მაინც პრობლემა იქნებოდა. ამას მეუბნება სოფლის რწმუნებული. სოფელ კვიახიძეების გზაზე ამჟამად მუშაობს ტრაქტორი და გზა იწმინდება. ორ დღეში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ყველა სოფლის გზის გაწმენდა“.

ტარიელ ებრალიძის თქმით, კომისია განიხილავს, მიიღებს თუ არა თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაზარალებული ოჯახი. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, გივი ფუტკარაძის ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფება და როგორც ეკომიგრანტს, მიღებული აქვს 25 ათასი ლარი სხვა საცხოვრებლის შესაძენად.

სასოფლო გზების გაწმენდა აჭარის მაღალმთიანეთში შეფერხებულია. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, შუახევში ამ დროისთვის 68 სოფლიდან დაახლოებით 45 სოფლის ცენტრამდე მისვლაა შესაძლებელი.

 

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი შინმოვლის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი მერიის „შინმოვლის” პროგრამით არ სარგებლობდნენ. ისინი პოლიციამ გუშინ ინასარიძის ქუჩაზე საკუთარ ბინაში გარდაცვლილები იპოვა. შინმოვლის პროგრამას“ ბათუმის მერია ახორციელებს, რომლის ფარგლებში ოჯახს კვირაში ერთხელ ექიმი, ხოლო ორჯერ ექთანი სტუმრობს. პროგრამა, ძირითადად, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და სოციალურად დაუცველ ადამიანებზეა გათვლილი.

გარდაცვლილების მეზობლების თქმით, ბოლო დროს მწოლიარე დედას შვილი უვლიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ისინი ერთი დღის გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ.

„ჩვენთვის ამ ოჯახს არ მოუმართავს და არ გამოუხატავს სურვილი, რომ ჩაგვერთო შინმოვლის პროგრამაში“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა. გოჩა ჯიბლაძის თქმით, ის იცნობდა კიდეც გარდაცვლილ ქალს, რომელიც ხშირად მიდიოდა მერიაში სხვადასხვა თხოვნით.

„აქტიური იყო ეს ქალბატონი ძალიან, ხშირდ მოგვმართავდა. როგორც სოციალურად დაუცველები, ჩართულები იყვნენ უფასო მედიკამენტების, სასადილოს, ტრანსპორტის პროგრამაში. 2014 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება – 300 ლარიც მივეცით. ეს ქალი, ან მისი შვილი საწოლს მიჯაჭვული არ ყოფილა. შეიძლება ბოლო დროს გაცივდა, ან რაღაც დაემართა, არ ვიცი… რაც შეეხება შინმოვლას, ეს პროგრამა, ძირითადად, ქრონიკულად მძიმე პაციენტებზეა გათვლილი და ამ ოჯახში ასე მძიმედ არავინ იყო. ამ ქალს ორივე შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, მეორე ამჟამადაც საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მათ რომ მოემართათ, შევისწავლიდით დამატებით და შესაძლოა ესარგებლათ შინმოვლითაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გოჩა ჯიბლაძე, ბათუმის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილების ოჯახს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ შეეძლოთ „შინმოვლის“ პროგრამით სარგებლობა? – კითხვაზე ზუსტი პასუხი გოჩა ჯიბლაძეს არ აქვს. ამბობს, რომ მერიის პროგრამებზე, ზოგადად, ხშირად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.

„შინმოვლის“ პროგრამით ბათუმში ყოველწლიურად 90 ოჯახი სარგებლობს. წელს პროგრამას საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“ ახორციელებს, რომელიც მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით აფინანსებს სამედიცინო პერსონალის მომსახურებას. მერია კი ერთ ოჯახზე ყოველთვიურად 51 ლარს ხარჯავს, რაც მედიკამენტებისა და ჰიგიენური ნივთებისთვისაა განკუთვნილი. წელს მერიას ამ პროგრამისთვის 55 080 ლარი აქვს გათვალისწინებული. გასულ წელს მერიამ „შინმოვლისთვის“ დაახლოებით 80 ათასი ლარი დახარჯა.

ინასარიძის ქუჩაზე გარდაცვლილი დედა-შვილი სოციალურ დახმარებას 2005 წლიდან იღებდა. „სოციალური მუშაკი არ არის ვალდებული მოინახულოს ოჯახი, რომელიც დახმარებას იღებს… ეს ოჯახი სარგებლობდა ყველა პროგრამით, რაც ჩვენ გვაქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქარცივაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ფერიაში საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა . ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო ჯგუფი. მათი ინფორმაციით, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი სახლში მარტო იყო, მეულე და შვილები სტუმრად იმყოფებოდნენ.

„სახლი ძველია, ავარიულ მდგომარეობაში,“ – ამბობენ სამაშველო სამსახურში. როგორც ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, „სახლის სახურავი, სავარაუდოდ, დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს: გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შს სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

გამოძიება გამოძალვის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით)“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ აღმოაჩინა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ, ბინაში იპოვეს ორი გარდაცვლილი პირი. როგორც ადგილზე მისულ “ბათუმელებს” უთხრეს, გარდაცვლილია დედა-შვილი. მეზობლების ინფორმაციით, „შვილი – 50 წლამდე მამაკაცი უვლიდა დედას, რომელიც ავადმყოფობდა და, ძირითადად, იწვა. დღეს, პოლიცია როცა შევიდა სახლში, შვილი ნახეს საწოლში, დედა კი შესასვლელ კარებთან“.

მეზობლებისავე თქმით, დედა-შვილი სოციალურად დაუცველი იყო. მათ ბინაში ელექტროენერგია გამორთულია, სახლში არ ჰქონდათ ბუნებრივი აირი. ინასარიძის #14-ში ამბობენ, რომ დედა-შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მეზობლებმა პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დედა-შვილი ბოლო დღეები ვეღარ შენიშნეს. გარდაცვალების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით კითხვის დასმის დროს თვითმხილველები ამბობენ, რომ “სახლში მძიმე სუნია”.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხედრები, ჯერჯერობით, პროზექტურაში არ გადაუტანიათ.

 

 

ბათუმში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახლახანს ბათუმში, ინასარიძის 14 ნომერში, ორი გარდაცვლილი პირი იპოვეს.

“ერთი დღის გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ”, – უთხრეს “ბათუმელებს” სასწრაფოში.

მეზობლების თქმით, გარდაცვლილი დედა-შვილია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიანა აიკუცბა ბათუმში აფხაზური ენის სწავლებაზე: ერთადერთი სახელმძღვანელო თბილისში, არქივში მონახეს

დღეს აფხაზური ენის სწავლება აჭარის ორ სკოლაში – ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასა და ფერიის საჯარო სკოლაში დაიწყო. სკოლაში სრულწლოვანი მოქალაქეები სწავლობენ. სოფელ ფერიაში, სადაც 256 აფხაზურ-ქართული ოჯახი ცხოვრობს, მსმენელების ორი ჯგუფი შეიქმნა, მათ განათლებით ლინგვისტი ლიანა აიკუცბა ასწავლის. ერთი ჯგუფი 11 მსმენელით ისწავლის ბათუშიც. ბათუმის შემთხვევაში მსმენელების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. აფხაზურის სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ფერიის სკოლის აფხაზური ენის პედაგოგს, ლიანა აიკუცბას ესაუბრა.

ქალბატონო ლიანა, რამდენი მსმენელი გყავთ? 

ამ დროისთვის ორი ჯგუფია შექმნილი ფერიის საჯარო სკოლაში, სადაც 16-16 მსმენელი ისწავლის აფხაზურს. მესამე ჯგუფის გახსნასაც ვაპირებთ, სიები უკვე  შედგენილია. დრო უნდა შევარჩიოთ, რომ სკოლის სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალოს – ხუთზე ან ექვს საათზე შეიკრიბება ეს ჯგუფი.

სახელმძღვანელოები აფხაზეთიდან არის ჩამოტანილი, თუ აქ შეადგინეს?

სახელმძღვანელოებზე დიდი პრობლემები გვქონდა, რადგან აქ არავითარი სახელმძღვანელო არ არსებობდა. ფერიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლეილა დუმბაძემ, იმდენი მოახერხა, რომ თბილისში, არქივში დაცული ერთადერთი ეგზემპლარი მონახა, ერთ ღამეში 100 ეგზემპლარი დაბეჭდეს და გამოგვიგზავნეს. ეს სახელმძღვანელო ძალიან გვეხმარება. ეს წიგნი არის 1991 წლის გამოშვება.

თქვენ პროფესიით აფხაზური ენის პედაგოგი ხართ?

მე განათლებით ლინგვისტი ვარ, თან ჟურნალისტი.

აფხაზური ენის სწავლებას ბათუმში აფხაზური თემი ყოველთვის ითხოვდა, მაგრამ მაშინ ამბობდნენ, რომ სასწავლო კურსს ენის სპეციალისტის არარსებობის გამო ვერ ხსნიდნენ.

აფხაზური ენის სახელმძღვანელო
აფხაზური ენის სახელმძღვანელო

რვა წლის წინაც მქონდა ასეთი შემოთავაზება, რომ მესწავლებინა, მაგრამ მე ვიცი ეს როგორი საპასუხისმგებლო საქმეა და უარი ვთქვი შემოთავაზებაზე. კიდევ ერთი მასწავლებელი გვყავს ბათუმში, ის აფხაზურის სპეციალისტია. მე წერა-კითხვა ვიცი და ლაპარაკიც. ფერიაში მჭიდროდ არიან  აფხაზები დასახლებული, ისინი და ქართველებიც ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. ასე, რომ ახლა ვისწავლით აფხაზურს.

როცა გადაწყდა სწავლების დაწყება, თქვენთან – აფხაზურ თემთან თუ ჰქონდათ კონსულტაციები?

ჩვენ ვიყავით მათთან მისული, ქალბატონმა ინგამ [შამილიშვილი] – განათლების მინისტრმა დამიბარა, ვიყავით ბატონ სულიკო თებიძესთან [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე]. რამდენჯერმე შევხვდით რესურსცენტრში, განათლების ცენტრში, ყველგან იციან ამის შესახებ.

თვითონ აფხაზებს მოსწონთ ეს, თუ, უბრალოდ, ხელისუფლების ინიციატივა იყო და ისინიც დათანხმდნენ?

არა, ხალხს უნდოდა. ბევრი მსურველია. ფერიის სკოლაში არიან აფხაზი მასწავლებლები, რომლებიც ქართულს ასწავლიან. მათ აფხაზური არ იციან და ახლა ჩემს გაკვეთილებს ესწრებიან. მათ გაავრცელებს ეს ინფორმაცია, სხვებმაც და ასე შეიკრიბა ხალხი, ძალიან ბევრი მსურველია.

რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე ფერიის ქართველი მცხოვრებლები?

აფხაზური ენის მსმენელები
აფხაზური ენის მსმენელები

ძალიან ბევრს გაუხარდა. აფხაზებს, რომლებიც ბავშვობაში აფხაზურ ენაზე მეტყველებდნენ, მერე განათლება ქართულად ან რუსულად მიიღეს, დავიწყებული აქვთ აფხაზური. ახლა ამბობენ, რომ იხსენებენ ამ ენას – ახლა წერა-კითხვასაც სწავლობენ. მე-7 კლასელი ქართველი ბავშვებიც შემოდიან ჩემს გაკვეთილზე და ამბობენ, რომ უნდათ ისწავლონ.

აფხაზეთში, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აფხაზური ენა არ იცის. თქვენი აზრით, ეს ინიციატივა რამდენად შეუწყობს ხელს აფხაზური ენის გადარჩენას?

როგორ არა, აფხაზური იქაც იციან, მაგრამ  ახალგაზრდა თაობა უფრო რუსულს სწავლობს, ისე როგორც აქ ინგლისურს სწავლობენ. აფხაზურის ცოდნის პრობლემა გარკვეულწილად არის, მაგრამ რომ არ ისწავლებოდეს და არ იცოდნენ, ასეთი არ გამიგია.

აფხაზური ენის სწავლების კურსი აჭარის მთავრობის ინიციატივით გაიხსნა
აფხაზური ენის სწავლების კურსი აჭარის მთავრობის ინიციატივით გაიხსნა

აფხაზეთში მცხოვრებმა თქვენმა ნათესავებმა როგორ შეაფასეს თქვენი გადაწყვეტილება აფხაზური ენის სწავლების დაწყებაზე?

რაც ეს ამბავი მოხდა, იმის მერე არ შევხმიანებივარ, მაგრამ ვიცი, რომ გაეხარდებათ.

ხელფასს გიხდიან თუ საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობთ?

ხელფასს გადამიხდიან, ალბათ საათების მიხედვით. ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.

მახუნცეთში საზაფხულო თეატრი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი აშენდება. თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 231 290 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა.

ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის თქმით, დაბა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობის მიზნით სანახაობის მოწყობა არაერთხელ მოითხოვეს.

„მახუნცეთში ჩამოსული ტურისტების მოთხოვნის პარალელურად, სხვადასხვა თეატრალური დასისგან გვქონდა შემოთავაზება, რომ ჩვენებებს მოაწყობდნენ, თუმცა ღია სივრცეში ჩვენების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნდა.  სწორედ ტურიზმის განვითარებისა თუ ტურისტების მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა საზაფხულო სცენის მოწყობა მახუნცეთში. გარდა მახუნცეთისა, ვგეგმავთ საზაფხულო თეატრის შენობის მოწყობას დაბა ქედის პარკშიც,“ – თქვა გურამ ბერიძემ.

საზაფხულო თეატრი მახუნცეთშიც, პარკში მოეწყობა:

q2კითხვაზე – უფუნქციოდ ხომ არ დარჩება საზაფხულო თეატრის შენობა, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობა სოლიდურ თანხას ხარჯავს? გურამ ბერიძემ უპასუხა:

„ზაფხულში არაერთხელ იყო შემოთავაზება თეატრებიდან, რომ ჩვენებებს მოაწყობდნენ. გარდა თეატრალური დასისა, აღსანიშნავია ისიც, რომ  ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს ისეთი წარმატებული ანსამბლები ჰყავს, რომლებზეც მოთხოვნა დიდია – „ელესა“, „ბეთლემი“… ეს ანსამბლები კონცერტს ზაფხულში პერიოდულად ყოველ კვირას გამართავენ“.

საზაფხულო თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი 17 თებერვალს დასრულდება.

ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამავე თემაზე:

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

„გოდერძიზე“ გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე კურორტის სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

13 იანვარს, კურორტ გოდერძიზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავს, თხოვნით, სააგენტომ შეისწავლოს ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარება.

მიმართვაში, რომელიც ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:
„თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა შემდეგი გარემოებებითა და სიმპტომებით: ძლიერი დარტყმა თავის მარჯვენა არეში, დარტყმის შედეგად გონების კარგვა რამოდენიმე წუთით, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის არეში, ღია ჭრილობა შუბლზე მარცხნივ და ძლიერი გულისრევა, რაც გრძელდებოდა სამედიცინო პუნქტში თემურ გაბაიძის მოთავსების სრული პერიოდის განმავლობაში.

…აღნიშნული  სიმპტომები  ექიმის მიერ მყისიერად არ შეფასდა, როგორც კრიტიკული. ექიმმა გადაწყვიტა პაციენტი დაეტოვებინა კურორტის სამედიცინო პუნქტში დაკვირვების ქვეშ და მანამ არ მიიღო მისი დაუყოვნებელი ტრანსპორტირების შესახებ გადაწყვეტილება, სანამ თემურ გაბაიძეს არ დაეწყო ცნობიერების დაბინდვა. ზემოაღნიშნულის გამო დაიკარგა თემურ გაბაიძის გადარჩენისათვის საჭირო ძვირფასი დრო. კერძოდ, თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა 2017 წლის 01 იანვრის 14:10 საათზე და მისი ტრანსპორტირება კურორტის სასწრაფო დახმარების მანქანით დაიწყო 17:10 საათზე, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს კი, რაც გამოხატული იყო შესაბამისი სიმპტომატიკით პირველივე წუთებიდანვე, ყოველ წუთს აქვს სიცოცხლის გადარჩენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც დადასტურდა პაციენტის გარდაცვალების ფაქტით და რაც მიუთითებს იმაზე რომ პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების ნაცვლად მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო.

… პაციენტის გადაყვანა დაბა ხულოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი სათანადო აპარატურით (მაგალითად, ჟანგბადის ბალონით) და არ იყო მორგებული ავადმყოფის საჭიროებებზე. ხშირად გვიხდებოდა შეჩერება ე. წ. „საკაცის“ გასასწორებლად. მთელი გზის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ე.წ. „საკაცის“ ერთ ადგილას ფიქსაცია, რაც ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის თოვლის საფარიდან გათავისუფლებას დასჭირდა 40 წუთზე მეტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალი არ იყო მუდმივ მზადყოფნაში და გულგრილად ეკიდებოდა თავიანთ მოვალეობებს.“

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე ითხოვს სააგენტომ შეისწავლოს გოდერძიზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარება და მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები, შეისწვალოს გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე მკურნალი ექიმის კვალიფიკაცია;  შეისწავლოს მოქმედი კანონმებლობით დასაშვებია თუ არა მხოლოდ მსგავსი პროფილით მომუშავე ექიმის საქმიანობა აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში და ექიმს დროებით – მოკვლევის პერიოდით – შეუჩერდეს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება და მოხდეს მისი კვალიფიციური პერსონალით ჩანაცვლება.

__________________________________________

ამავე თემაზე: 

“გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა

კურორტი „გოდერძი” – უპასუხო კითხვები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ციხისძირში მამუკა ხაზარაძის კომპანიამ იყიდა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. ზალენკის აგარაკი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „თი ბი სი“ ბანკის მეპატრონის, მამუკა ხაზარაძის კომპანიამ იყიდა.

შპს „ვაზისუბნის მამული“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50 % -ს მამუკა ხაზარაძე ფლობს, ხოლო 50% -ის მეპატრონე „თი ბი სი “ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა.

აუქციონზე გამოტანილი ძეგლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საწყისი ფასი მილიონ 200 000 ლარი იყო, ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ კი ის მილიონ 225 000 ლარად გაიყიდა.

ზალენსკის აგარაკი 1988 კვადრატული მეტრია. შენობასთან ერთად გაიყიდა მასზე დამაგრებული 6209 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობის მიმდებარედ 500 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპირომდე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში 2016 წელს დაირეგისტრირა, მანამდე ის შპს „აჭარის კურორტებს“ ეკუთვნოდა.
ზალენსკის აგარაკი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული და მას, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ შენობას, ძეგლის სტატუსი 2016 წლის სექტემბერში მიენიჭა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ძეგლი პირობიანი აუქციონით, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, ზღვის სანაპირომდე გაყიდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, აგარაკი საიდუმლო მრჩევლის, ზალენსკის ცოლს, ანა ზალენსკაიას ეკუთვნოდა.

ზალენკის აგარაკი
ზალენკის აგარაკი

აუქციონის პირობებით ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთი თვის ვადაში მყიდველმა აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა წარუდგინოს. მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ოცდათექვსმეტი თვის [სამი წელი] ვადაში უნდა შეძლოს არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. ქონების ღირებულება კი მყიდველმა არაუგვიანეს ოცდაოთხი თვის ვადაში ყოველკვარტალურად უნდა დაფაროს.

მორიგი კონკურსი აჭარის ტელევიზიაში

აჭარის ტელევიზიამ კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადა. ამჯერად ტელევიზია ოთხ პოზიციაზე აპირებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას. ეს პოზიციებია: 1. ეკონომიკური გადაცემის წამყვანი, რეპორტიორი 2. შემეცნებით/გასართობი გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 3. სპორტული გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 4. სტილისტი ვიზაჟისტი.

ტელევიზიის მომავალ თანაშრომლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კონკურსის პირობების მიხედვით, ტელევიზია თავდაპირველად თანამშრომლებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაიქირავებს.

განცხადების მიღება გრძელდება 10 თებერვლამდე.

აჭარის ტელევიზიამ კიდევ ერთი კონკურსი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, თუმცა მაშინ სპეციალურმა კომისიამ მხოლოდ ერთი თანამშრომლის დაქირავებაზე გაუწია ტელევიზიას რეკომენდაცია.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის ხელმოწერილ ბრძანებაში ასევე წერია, რომ კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს მისთვის სასურველი შრომის ანაზღაურების რაოდენობა.

რატომ არ წმენდენ თოვლისგან სასოფლო გზებს

შიდა სასოფლო თუ საბნო გზების მოვლა-პატრონობა, მათ შორის თოვლის საფარისგან გაწმენდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. აჭარის მთიანეთში  სოფლის გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან მუნიციპალიტეტებში არსებული დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები ახორციელებენ. არასაკმარისი ტექნიკის გამო აქ სასოფლო თუ საუბნო გზებს დეპარტამენტი დროულად ვერ წმენდს.

აჭარის ყველაზე მაღალმთიან – ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლი უხვად მოდის, დეპარტამენტს მხოლოდ ათი ერთეული ტექნიკა აქვს, აქედან ორი რამდენიმე წლის წინ  არის შეძენილი, რვა კი საბჭოთა კავშირის დროინდელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხულოს სამსახურის უფროსის, რაულ ბოლქვაძის თქმით, ხულოს სოფლების გზის გაწმენდას 3-4 დღე დასჭირდება.

„85 სოფელია ჩვენს ბალასზე ხულოში, მთლიანობაში 330 კილომეტრი გზა. რაოდენობიდან გამომდინარე ყველა სოფლის გზის გაწმენდას ერთდოულად ვერ ვახერხებთ, პირვველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გავწმინდეთ, გავხსენით ხიხაძირის, ღორჯომის, უჩხოს, ქედლების, საციხურის გზა, გასაწმენდი გვაქვს სოფლების – გელაურას, ძმაგულას, ფაჩხის გზა. ხვალ დავიწყებთ გელაურის გზის გაწმენდას,“ – ამბობს რაულ ბოლქვაძე.

ამ დრომდე თოვლის საფარისგან გაუწმენდელია გზა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კოლოტაურში, ბზუბზუში, ნამონასტრევში…

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის სამსახურის უფროსი თემურ დევაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ქედაში ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს მდებარე სოფლების გზას წმენდენ. მისივე ინფორმაციით, გზები ქედაში სრულად ხვალ, პირველ თებერვალს, დღის ბოლომდე გაიწმინდება.

თემურ დევაძე: „ამ დროისთვის 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, გაწმენდილია თემებთან და სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები, გზების 100%- ით გაწმენდას  ხვალ დღის ბოლომდე ვვარაუდობთ“.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივი გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაუწმენდელი რჩება ოლადაურის თემის სოფლები; კვიახიძეები-ლომანაურის, გოგაძეები-ჯაბნიძეების, უჩამბა-წაბლანის, ფურტიოს, ბარათაულის, ბრილის, ჭვანა-გომარდულის, ვარჯანაულის, ნენიის, შუახევი-თერნალის, შუბანი-მახალაკიძეების საავტომობილო გზების გაწმენდაზე კი ამ დროისთვის 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

16409934_1249960495099654_68326867_o
სოფელი ქვედა ბზუბზუ, ქედა / 31.01.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო

ხულოში, სოციალურ სახლში, ბინებს ეკომიგრანტთა ბაზაში დარეგისტრირებულები მიიღებენ

სოფელ ვაშლოვანში დასრულებულ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობების განაწილების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებებს 24 თებერვლის ჩათვლით მიიღებს. პროექტში მონაწილეობის მსურველი ოჯახები დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული უნდა ჰქონდეთ პრიორიტეტულობის ქულები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტრო ხულოში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებს , ვინც დღემდე არ არის დარეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში, მოუწოდებს მიმართოს სამინისტროს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკ.მამია კომახიძის ქ.N119, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სტიქიის დეპარტამენტი, მეორე სართული N29 კაბინეტი, ტ/ნ 24-79-60), განაცხადების შევსების მიზნით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადი უნდა შეავსოს ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა ან ოჯახის სრულწლოვანი წევრების მინდობილმა წევრმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • შესაბამისი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ოჯახი ექვემდებარება გადაადგილებას;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან, თუ გაქვთ 57001-ქულაზე ნაკლები;
  • ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
  • ინფორმაცია მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრ (ებ)ზე, კერძოდ თუ გყავთ: ა) მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური ფუნქციის დარღვევის, ონკოლოგიური დაავადების მქონე ოჯახის წევრ(ებ)ი, უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა.ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ფორმა N50/2) ბ)მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირ(ებ)ი (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.
  • თუ ხართ მშობლები ან ქვრივი, რომელიც მარტო ზრუნავთ მცირეწლოვან შვილ(ებ)ზე, უნდა წარადგინოთ მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
  • თუ ხართ ხანდაზმული, ან ოჯახში ერთზე მეტი ხანდაზმულია, რომლებიც ახორციელებს/ახორციელებთ მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილი(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ, უნდა წარადგინოთ მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

 

არდაგანის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
არდაგანის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
არდაგანის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
არდაგანის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
არდაგანის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
არდაგანის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ნურიგელის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ნურიგელის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ნურიგელის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
ნურიგელის ტბა / ბათუმი / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა

2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა:

მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

სასტუმრო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 26-ში, ძველი, ორსართულიანი სახლის დანგრევის ნაცვლად ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამ შენობის გვერდით რამდენიმე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, იმ ადგილის გასწვრივ, სადაც ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს, ორსართულიანი ძველი სახლებია, მათ შორის ძეგლის სტატუსის მატარებელია ვაჟა-ფშაველას #19-ში, #27-ში, #37-ში და # 42 ში მდებარე შენობები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში გეგმავს, შესაბამისად, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უნდა განიხილოს.

იმ სახლის გასწვრივ, რომლის დანგრევის ხარჯზეც ინვესტორი მშენებლობას გეგმავს, ორსართულიანი, ერთი საიმაღლის სახლებია. თუ იქ ინვესტორი მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის უფლებას მიიღებს, ქუჩის ეს მონაკვეთი იერსახეს მთლიანად შეცვლის.

ბათუმში ვაჟა ფშაველას 26-ში ძველი ორ სართულიანი სახლის ათვისების ხარჯზე ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 26-ში ძველი, ორსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზე ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ინვესტორმა ბათუმის მერიას ვაჟა-ფშაველას 26-ში მშენებლობის ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა. მერიამ თავის მხრივ ინვესტორის წინადადება და არქიტექტურული პროექტი შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაუზავნა.

სასტუმროს აშენებას ძეგლების დაცვის ზონაში კომპანია „ოქსოი გრუპ ბათუმი“ გეგმავს. კომპანიის მფლობელი თურქი ბიზნესმენი ეროლ აქსიოა. კომპანიის დირეტორად კი საქართველოს მოქალაქე ინგა ბოლქვაძე ფიქსირდება, რომელთან დაკავშირებაც ვერ შევძელით. კომპანია საქართველოში 1999 წელსაა დარეგისტრირებული.

„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით

კომპანია ,,სოკარის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირი ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

„მიუხედავად უამინდობით გამოწვეული სირთულეებისა, რამაც გარკვეული პრობლემები გაზმომარაგების სისტემასაც შეუქმნა, დღეისათვის რეგიონში გაზი  თითქმის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება.

ცალკეული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე. ცხელი ხაზის ნომერია 16 114,“ – აცხადებენ „სოკარში“.


30 იანვარს, საღამოს ბუნებრივი აირის მიწოდებაში გარკვეული შეფერხებები იყო. „სოკარში“ განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა ერთეულ, ინდივიდუალურ გათიშვას უამინდობის გამო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით კი, აჭარაში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა

2 თებერვალს, თოვის შეწყვეტის შემდეგ, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვითხრეს, რომ ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ღამით 10-15 გრადუსი ყინვაა მოსალონდელი. სანაპირო ზოლში კი, ტემპერატურა – 6 გრადუსამდე დაიკლებს.

„დღეს, 31 იანვარს, დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგიერთ ადგილზე მოსალოდნელია მცირე თოვა. ხვალისთვის ველოდებით დროგამოშვებით თოვას. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით 0-5 გრადუსი სითბო. მთაში მოსალოდნელია -5-10 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში კი -10-15 გრადუსი ყინვა. დღის განმავლობაში აჭარის მთაში მოსალოდნელია 0-5 გრადუსი ყინვა“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ქათამაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურi ობსერვატორიის უფროსმა სინოპტიკოსმა.

ობსერვატორიაში ამ დროისთვის არ აქვთ დაზუსტებული მონაცემი 2 თებერვლის შემდეგ ტემპერატურის კლებაზე. სინოპტიკოსები ამ დროიდან გამოდარებას, მაგრამ ყინვის გაძლიერებას პროგნოზირებენ.

სინოპტიკოსის, მარინა ქათამაძის თქმით, ხვალ, პირველ თებერვალს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

მოყინული არდაგანის ტბა ბათუმში / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე
მოყინული არდაგანის ტბა ბათუმში / 31.01.2017 / ფოტო: თორნიკე თავაძე

 

როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში

ბათუმის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ „ბათუმელებს“ გაზის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელეს.

„გაიყინა გარკვეული დანადგარები-რეგულატორები, მართალია ღამით ერთი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა სხვა თანამშრომლებიც ეხმარებიან და ეტაპობრივად ხდება ჩართვაც. თუ რაიმე შესაკეთებელი იქნება შეაკეთებენ. უბრალოდ, ჯგუფი თითოეულ აბონენტთან უნდა მივიდეს და გააფრთხილოს ჩართვის შემთხვევაშიც. სასურველია მოსახლეობამ, ვისაც შეუწყდა ან შეუწყდება გაზის მიწოდება, თავად დარეკოს ცხელ ხაზზე 16114 ყოველგვარი კოდის გარეშე და აუცილებლად მოხდება რეაგირება“ – გვითხრეს „სოკარში“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ამ დროისთვის ათობით ოჯახს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი „ჭაობის“ დასახლებაში, ასევე გონიოში.

ბათუმში ბოლო სამი დღე თოვდა. დღეს, 30 იანვრის საღამოს თოვა შეწყდა და ყინავს. 

 

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით 2006 წელს გადაეცა. კომპანიამ ამ ობიექტებიდან მხოლოდ ერთ ადგილზე ააშენა სასტუმრო [„რედისონ ბლუ“]. გასული წლის გაზაფხულზე კი აჭარის მთავრობასთან დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გადაცემული ქონების ნაწილი კომპანიამ უკან დააბრუნა.

„დარჩენილი გვაქვს 10 ობიექტი კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, გვაქვს ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც,“ – გვითხრეს კომპანიაში.
კომპანიაში ადრე ისიც განაცხადეს, რომ „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები და ინფორმაციის დონეზე ზოგადად განიხილეს მწვანე კონცხის განვითარების პერსპექტივებიც, „ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა არ ყოფილა“, თუმცა მზად იყვნენ სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვისაც.

„სილქ როუდ ჯგუფში“ დეტალებზე ამჯერადაც არ საუბრობენ: „ამ დროისათვის სიახლე არ არის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აჭარაში საინვესტიციო პროექტებს, რის შესახებაც ახლო მომავალში უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ცოტა ხნის წინ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ კომპლექსის მშენებლობის პროექტის ოფიციალურად შეწყვეტაზეც განაცხადა და აღნიშნა, რომ „სამომავლოდ გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში“.

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ბათუმში, ყოფილი „რივიერას“ ადგილზე [ახლანდელი „საოცრებათა პარკის“ მიმდებარედ] იგეგმებოდა. კომპანიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კომპლექსს ისევ ამ ადგილზე ააშენებენ.

„კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის, თუმცა დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ-ერთი მიმართულება.“ – აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“ – „მოცემული ტერიტორია შეძენილია აუქციონის გზით. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის საინვესტიციო ვალდებულებები“.

თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

ბათუმში მესამე დღეა თოვს, ქალაქში მოქმედი ღამის თავშესაფრები კი დღისით იკეტება. სად მიდიან დღისით ადამიანები, რომლებიც ღამის თავშესაფრებით სარგებლობენ?

„ჩვენთან დღისით იკეტება თავშესაფარი და საღამოს 6 საათზე იხსნება“, – გვითხრა თამაზ მღებრიშვილმა. ის საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თოვის გამო თავშესაფრით მოსარგებლეთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამჟამად იქ 28 ადამიანი ათევს ღამეს.

თოვის დროს, აქვს თუ არა ადამიანს უფლება თავშესაფარში დარჩეს? – თამაზ მღებრიშვილი გვპასუხობს, რომ ამის უფლება არ აქვთ. ის გვიყვება, რომ მოსარგებლეების უმეტესობა მუშაობს და დღისით თავშესაფარს ტოვებს. „ამჟამად მხოლოდ 5 ადამიანია, ვისაც წასასვლელი არსად აქვს. ისინი კახაბრის თავშესაფარაში აგვყავს მანქანით და იქ არიან დღისით. ის თავშესაფარიც ჩვენია და დღისითაც მუშაობენ. ჩვენთან მხოლოდ ღამის თავშესაფარია“, – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ თავშესაფარი ბათუმში, მეტაქსას ქუჩის N10-ში მდებარეობს.

მეორე ღამის თავშესაფარს ბათუმის მერია აფინანსებს. თავშესაფარი ურეხში, ვარშანიძის 74-ში მდებარეობს. აქ გვითხრეს, რომ თავშესაფარს თოვის გამო დღისით აღარ კეტავენ და მოსარგებლეების ნაწილი თავშესაფარში რჩება. თავშესაფარში დარჩენილი ადამიანებისთვის სადილი გათვალისწინებული არ არის.

„სადილი არ არის, მაგრამ საუზმიდან და ვახშმიდან ვცდილობთ დავზოგოთ საკვები, ან თავად მოსარგებლეები ინახავენ სადილისთვის საჭმელს საუზმიდან. სადილისთვის გათვალისწინებული თანხა არ გვაქვს“, – გვითხრა ბადრი გოგიძემ, „სოაციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა. ეს სააგენტო ახორციელებს თავშესაფრის ადმინისტრირებას.

ბათუმის მერიის თავშესაფარში ერთი ადამიანის კვებისთვის დღეში 13 ლარი იხარჯება. წლის განმავლობაში გათვალისწინებული ბიუჯეტი – 227 500 ლარია. თოვის გამო, მომართვიანობა არც აქ გაზრდილა. ბადრი გოგიძიის თქმით, თავშესაფრით ამჟამად 41 ადამიანი სარგებლობს. თავშესაფარს მაქსიმუმ 60 ადამიაის მიღება შეუძლია.

ბათუმის მერიაში არ მიიჩნევენ, რომ უსადილოდ დარჩენილი ადამიანებისთვის დამატებითი რესურსი უნდა გამოიძებნოს. არგუმენტი ასეთია: „ღამის თავშესაფრის პრინციპია ასეთი, დილით და საღამოს არის გათვალისწინებული კვება. გასაგებია, რომ თავშესაფარი იჩენს კეთილ ნებას და იმ ადამიანებს ტოვებენ იქ დღის განმავლობაში, მაგრამ დამატებით ხარჯების გამოყოფა ვერ მოხდება. თუ თავშესაფრის ადმინისტრაცია მოიძიებს დამატებით რესუსს, სხვა საკითხია… ეს პროგრამა განხილულია უკვე და დამტკიცებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა ჯიბლაძემ, ბათუმის მერიის სოციალური  დაცვის განყოფილების უფროსმა.