მთავარი,სიახლეები

დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის სპორტულ კარიერაზე წიგნისთვის ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი დაიხარჯება

01.02.2017 • 5041
დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის სპორტულ კარიერაზე წიგნისთვის ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი დაიხარჯება

„მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“, – ამ სახელწოდებით წიგნის გამოსაცემად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ბიუჯეტში 48 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მუხრან ვახტანგაძე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

მუხრან ვახტანგაძეზე წიგნს დეპარტამენტი იმ პროგრამის ფარგლებში გამოსცემს, რომლის მიზანია „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა“.

„გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი და შემდეგ გამარჯვებული უზრუნველყოფს ამ წიგნის დაბეჭდვას. დეპარტამენტი ბოლო წლებია გამოსცემს წიგნს სპორტთან დაკავშირებით. პირველი იყო „სპორტი აჭარაში“, ენციკლოპედიური ხასიათის,  სადაც ყველა სახეობაა ასახული; შემდეგ გამოიცა მოჭიდავე როსტომ აბაშიძეზე, რომელიც არის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ახლა გაკეთდება ბატონი მუხრანის წიგნი და სამომავლოდ ვფიქრობთ ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეზეც გამოვცეთ წიგნი, იმიტომ, რომ ეს ისტორია დარჩება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ჩავლეშვილი.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, მომავალ წიგნთან დაკავშირებით ყველა დეტალზე შესაბამისი კომისია იმსჯელებს, რომელიც, ჯერჯერობით, არ შექმნილა: „შეიქმნება კომისია, სადაც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი სამინისტროს, აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და იქ უკვე განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, რაც გაიწერება ტენდერის პირობებში“.

კითხვაზე – თუ როგორ არჩევს დეპარტამენტი რომელი სპორტსმენის შესახებ გამოსცეს წიგნი? – ლაშა ჩავლეშვილი გვპასუხობს, რომ შერჩევა ხდება რეგალიების მიხედვით: „ბატონი როსტომი იყო სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ყველაზე ტიტულოვანი აჭარაში, თან 80 წლის იუბილე ჰქონდა; მუხრან ვახტანგაძე არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, შემდეგ გადავდივართ რუსუდანზე და ამითი ჩვენ ვფიქრობთ, რომ პერსონალურ წიგნებს შევეშვებით და როგორც საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო აკეთებს, გადავალთ ბროშურებზე, სადაც აისახება უკვე საქართველოს სპორტის ისტორია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: