მთავარი,სიახლეები

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი შინმოვლის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა

01.02.2017 • 3491
ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი შინმოვლის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი მერიის „შინმოვლის” პროგრამით არ სარგებლობდნენ. ისინი პოლიციამ გუშინ ინასარიძის ქუჩაზე საკუთარ ბინაში გარდაცვლილები იპოვა. შინმოვლის პროგრამას“ ბათუმის მერია ახორციელებს, რომლის ფარგლებში ოჯახს კვირაში ერთხელ ექიმი, ხოლო ორჯერ ექთანი სტუმრობს. პროგრამა, ძირითადად, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და სოციალურად დაუცველ ადამიანებზეა გათვლილი.

გარდაცვლილების მეზობლების თქმით, ბოლო დროს მწოლიარე დედას შვილი უვლიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ისინი ერთი დღის გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ.

„ჩვენთვის ამ ოჯახს არ მოუმართავს და არ გამოუხატავს სურვილი, რომ ჩაგვერთო შინმოვლის პროგრამაში“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა. გოჩა ჯიბლაძის თქმით, ის იცნობდა კიდეც გარდაცვლილ ქალს, რომელიც ხშირად მიდიოდა მერიაში სხვადასხვა თხოვნით.

„აქტიური იყო ეს ქალბატონი ძალიან, ხშირდ მოგვმართავდა. როგორც სოციალურად დაუცველები, ჩართულები იყვნენ უფასო მედიკამენტების, სასადილოს, ტრანსპორტის პროგრამაში. 2014 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება – 300 ლარიც მივეცით. ეს ქალი, ან მისი შვილი საწოლს მიჯაჭვული არ ყოფილა. შეიძლება ბოლო დროს გაცივდა, ან რაღაც დაემართა, არ ვიცი… რაც შეეხება შინმოვლას, ეს პროგრამა, ძირითადად, ქრონიკულად მძიმე პაციენტებზეა გათვლილი და ამ ოჯახში ასე მძიმედ არავინ იყო. ამ ქალს ორივე შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, მეორე ამჟამადაც საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მათ რომ მოემართათ, შევისწავლიდით დამატებით და შესაძლოა ესარგებლათ შინმოვლითაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გოჩა ჯიბლაძე, ბათუმის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილების ოჯახს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ შეეძლოთ „შინმოვლის“ პროგრამით სარგებლობა? – კითხვაზე ზუსტი პასუხი გოჩა ჯიბლაძეს არ აქვს. ამბობს, რომ მერიის პროგრამებზე, ზოგადად, ხშირად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.

„შინმოვლის“ პროგრამით ბათუმში ყოველწლიურად 90 ოჯახი სარგებლობს. წელს პროგრამას საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“ ახორციელებს, რომელიც მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით აფინანსებს სამედიცინო პერსონალის მომსახურებას. მერია კი ერთ ოჯახზე ყოველთვიურად 51 ლარს ხარჯავს, რაც მედიკამენტებისა და ჰიგიენური ნივთებისთვისაა განკუთვნილი. წელს მერიას ამ პროგრამისთვის 55 080 ლარი აქვს გათვალისწინებული. გასულ წელს მერიამ „შინმოვლისთვის“ დაახლოებით 80 ათასი ლარი დახარჯა.

ინასარიძის ქუჩაზე გარდაცვლილი დედა-შვილი სოციალურ დახმარებას 2005 წლიდან იღებდა. „სოციალური მუშაკი არ არის ვალდებული მოინახულოს ოჯახი, რომელიც დახმარებას იღებს… ეს ოჯახი სარგებლობდა ყველა პროგრამით, რაც ჩვენ გვაქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქარცივაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: