მთავარი,სიახლეები

97 200 ლარი უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის

01.02.2017 • 1995
97 200 ლარი უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის

პირველი თებერვლიდან აჭარის უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებს დააფინანსებს. მაჟორიტართა წარმომადგენლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან წელს 97 200 ლარია გათვალისწინებული.

უმაღლესი საბჭოს ახალი დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა. მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს კი უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი დაამტკიცებს.

უმაღლესი საბჭოდან მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ორი მაჟორიტარის, გიორგი რომანაძისა და ნუგზარ სურმანიძის თითო წარმომადგენელია დამტკიცებული. სულხან მოწყობილი – გიორგი რომანაძის წარმომადგენლად, ხოლო ქეთევან ჯიჯავაძე – ნუგზარ სურმანიძის წარმომადგენლად.

უმაღლესი საბჭოს ორ მაჟორიტარს – ვახტანგ წულაძესა და ხვიჩა შარაშიძეს წარდგენილი ჰყავთ თითო კანდიდატი დასამტკიცებლად, მერაბ კარანაძესა და ილია ვერძაძეს კი საბჭოს აპარატში ამ დროისთვის არავინ წარუდგენიათ.

უმაღლეს საბჭოში ექვსი მაჟორიტარია, ექვსივე „ქართული ოცნებიდან“.

მაჟორიტარები აჭარის უმაღლეს საბჭოში ოლქების მიხედვით:

  • N68 [ბათუმი] – ვახტანგ წულაძე,
  • N69 [ბათუმი] – ილია ვერძაძე,
  • N70 [ბათუმი] – ნუგზარ სურმანიძე,
  • N71 [ქობულეთი] – გიორგი რომანაძე,
  • N72 [ხელვაჩაური] – მერაბ კარანაძე,
  • N73 [ხულო, შუახევი, ქედა] – ხვიჩა შარაშიძე.

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლებს თანხა „საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის“ გადაეცემათ.

უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიხედვით, მაჟორიტარებს თავიანთი წარმომადგენლები „ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით“ სჭირდებათ. უფრო ზუსტად, უფლება აქვთ ჰყავდეთ ასეთი წარმომადგენლები.

თავის მხრივ, წარმომადგენელი ვალდებულია უმაღლესი საბჭოს აპარატს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

უმაღლესი საბჭოს ახალი დადგენილებით გაუქმდა წინა დადგენილება, რომლის მიხედვითაც,  2013 წლის პირველი ივნისიდან ბათუმში [რომელიც ადრე ერთი მაჟორიტარული ოლქი იყო], მაჟორიტარის წარმომადგენლისთვის თვეში 1025 ლარი გაიცემოდა, ხოლო მუნიციპალიტეტში [5 ოლქში] თითოეულ წარმომადგემნელზე –  825 ლარი.


უმაღლესი საბჭოს დეკემბრის თვის ხელფასები, პრემიები და თანამდებობრივი სარგო 

400 ლიტრი თვეში ერთ ავტომანქანაზე – საწვავის ხარჯები აჭარის უმაღლეს საბჭოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: