ორი პოლიციელის ურთიერთსაპირისპირო ჩვენება – 11 მარტს პლაზასთან დაკავებულების საქმე

ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დააჯარიმა, ხოლო შემდეგ დააკავა. ამ ფაქტს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში.

თავდაპირველად, 11 მარტს, საღამოს 5 საათზე, პატრულმა რამაზ ხიმშიაშვილი დააჯარიმა 50 ლარით, რადგან მას პლაზასთან მდებარე ლომბარდთან, აკრძალულ ადგილზე ჰქონდა მანქანა დატოვებული. პატრულ-ინსპექტორმა, გია ხალვაშმა მოსამართლეს უთხრა, რომ ჯარიმის გამოწერის პროცესში რამაზმა მისი და კიდევ ერთი პატრულის თანამშრომლის, მეგი ხუნწარიას მისამართით შეიგინა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მოწმის სახით დაბარებული მეგი ხუნწარიას ჩვენებაც მოისმინა. „მე არ გამიგონია შეგინება. ისეთ ადგილას ვიდექი, ვერ გავიგონებდი. მეწყვილეს ვენდე. მან მითხრა, რომ ჩვენი მისამართით შეიგინა,“ – მიმართა მოსამართლეს პატრულის თანამშრომელმა, მეგი ხუნწარიამ.

„უცნაურ გარემოში მოვხვდი… მე შემიყვანეთ აბა შეცდომაში, რომ რამაზმა შეიგინა?“ – იკითხა გია ხალვაშმა, რომელმაც მოსამართლეს პატრულის ვიდეოჩანაწერის ნახვაც შესთავაზა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რამაზ ხიმშიაშვილი აპროტესტებს ჯარიმის ოდენობას. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი კი დაფიქსირებული არ არის.

„მე ხელი ავიქნიე, ამდენ ჯარიმას რატომ მიწერთ-მეთქი და ეგონათ, რომ ვიგინებოდი“, – ამბობს რამაზ ხიმშიაშვილი. მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მას 2 ათასი ლარის ოდენობით გამოუწერეს ჯარიმა, თუმცა არც ერთი შემთხვევა აქამდე სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.

„მიზანმიმართულად მაჯარიმებენ, რადგან ორი თვის წინ გამაჩერეს დარღვევაზე, ვეხვეწე, ახლა გამიშვით, დედა სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და მერე გნახავთ-მეთქი. არ გამიშვეს და დედა გარდაცვლილი დამხვდა… სოციალურ ქსელში გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება პატრულის მიმართ. მაგის მერე მაჯარიმებენ სისტემატიურად. 11 მარტსაც ეს გავაპროტესტე, ათლარიან ჯარიმაზე 50 ლარს რატომ მიწერთ-მეთქი,“ – ყვება რამაზ ხიმშიაშვილი.

მან მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ დაკავებიდან 4 საათის განმავლობაში ხელბორკილდადებული პატრულის მანქანაში იჯდა და წყლის დალევის საშუალებაც კი არ მისცეს.

„მე გიხდით თქვენ ხელფასს, მე დაგიქირავეთ. რა უფლებით გამომათრიეთ ჯერ ერთი ლომბარდიდან. ეს გადაგეღოთ, რა ფორმით გამომიყვანეთ. ვიდრე ხელიდან სისხლი არ წამომივიდა, ბორკილი არ ამხსენით… ეს იყო წამება, ბატონო მოსამართლევ“.

პატრულ-ინსპექტორმა გია ხალვაშმა მოსამართლეს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები პოლიციის შენობაში არ შეჰყავთ და დოკუმენტაციის მომზადებამდე, მანქანაში ტოვებენ. „შემდეგ გადმოგვყავს სასამართლოში, ან სამუშაო დრო თუ ამოწურულია, წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – თქვა გია ხალვაშმა.

რამაზ ხიმშიაშვილთან ერთად მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დღეს ჯიმი ვარშანიძის შემთხვევაც განიხილა. ჯიმი 11 მარტს საღამოს აფთიაქთან გაჩერებული მანქანის გამო დააჯარიმეს. სასამართლომ ჯიმის მამის, ჯემალ ვარშანიძის ჩვენება მოისმინა:

„სამი დღის წინ დაკრძალული შვილის საფლავიდან მოვდიოდით. წნევა მქონდა მაღალი და შვილს ვუთხარი, იქნება სადმე წამალი მიყიდო-მეთქი. მერე დავინახე, ჩემს შვილს დაჯარიმებას უპირებდნენ პოლიციელები. გადმოვედი, ავუხსენი, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. მითხრეს, ეს ჩვენ არ გვაინტერესებსო…“

„ჩვენ ავუხსენით, რა იყო დარღვევა, მაგრამ არ გვაცალეს, მაშინვე წყევლა დაგვიწყეს. ვუთხარი, რომ დავაკავებდით და გინება დაიწყო ჯიმი ვარშანიძემ… მერე რაც მოხდა, ყველაფერი ცნობილია“,- უთხრა მოსამართლეს პატრულ-ინსპექტორმა, არჩილ ხაბაზმა.

სასამართლომ ამ შემთხვევის ვიდეოჩანაწერიც ნახა. კადრებში ჩანს მამა-შვილი, რომელიც ცდილობს პატრულის დარწმუნებას, არ დაუწეროს ჯარიმა. კადრებში ისმის წყევლაც.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე სათათბირო ოთახში გავიდა. მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენად იყო საჭირო ჯიმი ვარშანიძის, ასევე რამაზ ხიმშიაშვილის დაკავება და ჰქონდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ საღამოს გამოაცხადებს.

დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ბათუმის აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირის საქმე განიხილა. მანუჩარ დუმბაძეს და კახაბერ ელიაშვილს 250-250 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ორივე მათგანმა მოსამართლეს დაუდასტურა, რომ პოლიციელების მისამართით იგინებოდნენ.

რა იყო პოლიციელების მიმართ აგრესიის საფუძველი? სამართალდამრღვევებად მიჩნეულებმა „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს. მაგალითად, მანუჩარ დუმბაძეს არც ავტომანქანა აქვს და სამართალდამცველებთან შეხება აქამდე არ ჰქონია.

კიდევ ერთი პირი, როინ ზაქარიაძე, რომელსაც პოლიცია ასევე წვრილმან ხულიგნობას ედავება, სასამართლოში დღეს არ გამოცხადდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განმარტა, რომ როინი ოჯახური პირობების გამო არ მივიდა სასამართლოში.

IMG_20170321_115935

IMG_20170321_124210

IMG_20170321_120212

 

45,5 ათასი ლარი პროექტ „ეტალონისთვის“ ბათუმის ბიუჯეტიდან

ინტელექტუალური მედიაპროექტ „ეტალონის“ პირველი ეტაპისა და ფინალური ეტაპის ორგანიზებაში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 45 ათას 500 ლარს გადაიხდის. ამ ხარჯის საჭიროებას მერია ასე ხსნის: „აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება 2016-2017 წლების ბათუმის ეტალონი მოსწავლისა და საქართველოს ეტალონი მოსწავლის გამოვლენა“.

მომსახურება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად:

I ეტაპი – 2016-2017 წლების ბათუმის ეტალონი მოსწავლის შერჩევა – 2017 წლის მაისის თვეში [ერთ-ერთ შერჩეულ დღეს];
II ეტაპი – 2016-2017 წლების საქართველოს ეტალონი მოსწავლის გამოვლენა – 2017 წლის ივნისის თვეში [ერთ-ერთ შერჩეულ დღეს].

მომსახურებას მერიას შპს „ეტალონი-მედია“ გაუწევს, რომელსაც ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაეცა გოჩა ტყეშელაშვილისგან, 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ხოლო გოჩა ტყეშელაშვილის ექსკლუზიური უფლებამოსილება დადასტურებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ გაცემული სერტიფიკატით.

e1e2

ბათუმის მერიას შესყიდვების სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიმდინარე წლის 24 მარტამდე უნდა მისცეს.

e3 meri


„ეტალონი 2017“ ქედის გამგეობას 2 900 ლარი დაუჯდა

„ეტალონი“ ქედაში

შუახეველი მოსწავლეების სკანდალური “ეტალონი“

თურქეთის საკონსულოს განმარტება 5 ბავშვთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან

Batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას – „ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს“, ბათუმში თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა.

საკონსულოს ოფიციალური განმარტებით, 46 წლის ლალის პრობლემების შესახებ ბათუმში თურქეთის საკონსულო ინფორმირებულია და მას შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარა კიდეც.

„ჩვენი შესაძლებლობის, კომპეტენციის ფარგლებში, არაერთხელ გაგვიწევია დახმარება, რითაც შეგვეძლო. რაც შეეხება თურქულ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვას, ჩვენ არაერთხელ გვქონია საუბარი ბავშვების დედასთან ამ თემაზე, არაერთხელ დაგვიბარებია, რომ მოსულიყო, გაევლო რეგისტრაცია, თუმცა ეს ქალბატონი არც ერთხელ არ გამოცხადდა. საკონსულოც დაინტერესებული იყო, რომ ბავშვებს სკოლაში ესწავლათ, რადგან თურქეთის მოქალაქეები სწავლობენ ამ სკოლაში. ამ მოქალაქეს რეგისტრაციისთვის არ მოუმართავს საკონსულოსთვის“, – აცხადებენ ბათუმში არსებულ თურქეთის საკონსულოში.

საქართველოს მოქალაქეს, 46 წლის ლალის, თურქეთის მოქალაქესთან ჰყავს ხუთი შვილი. ის 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში მეუღლესთან ერთად, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ამის მიუხედავად ლალიმ ზუსტად არ იცის, რა ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე დაექვემდებარა ის თურქეთის სახელმწიფოდან დეპორტაციას. ის ვარაუდობს, რომ ეს მისი ქმრის პირველი ცოლის განცხადების საფუძველზე მოხდა.

საკონსულოში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება. გარდა ამისა, საკონსულოში ამბობენ, რომ  მათთვის არ არის ცნობილი, თურქეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ბავშვების დედას განაცხადი აქვს გაკეთებული თუ არა.

„მას რა პროცედურები აქვს გავლილი, ჩვენთვის უცნობია, ამიტომ კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლია მიმართოს ოფიციალურ უწყებას“, – განმარტავენ თურქეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით საკონსულოში.

ლალი შვილებთან ერთად ახლა ბათუმში ცხოვრობს. ბავშვებმა ქართული ენა სრულყოფილად არ იციან, ამიტომაც ქართულ სკოლაში ვერ სწავლობენ.

მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე დეველოპერები გადასახადს გადაიხდიან

ბათუმის მერია დეველოპერი კომპანიებისთვის მშენებლობისას საზოგადოებრივი სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შეცვლას გეგმავს. დადგენილების პროექტის მიხედვით, ბათუმში, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობისთვის გამოყენებაზე, ტექნიკის განსათავსებლად თუ სამშენებლო მოედნის სპეციალური ღობით შემოსასაზღვრად, ტარიფები დადგინდება.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროცედურების განხორციელება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითად უნდა აისახოს, მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებით დაინტერესებული დეველოპერი დადგენილებით განსაზღვრულ გადასახადს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიტანს.

გადასახადი კი მერიამ ასე განსაზღვრა:

• ერთი გრძივი მეტრი სიგრძის ხაზობრივი ნაგებობის განთავსება – ერთი ლარი,
• სამშენებლო ღობის განთავსება- ერთი ერთეული ნივთი [კვადრატულ მეტრზე თვეში] ერთი ლარი,
• საზოგადოებრივ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთის განთავსება, ერთი ერთეული ნივთი- 1000 ლარი,
• გზაჯვარედინზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხით სარგებლობა, ერთი გრძივი მეტრი – 83 ლარი.

მსგავსი დადგენილება ბათუმის საკრებულომ 2007 წლის 19 ივლისსაც გამოსცა, თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, მაშინ ის მხოლოდ ფურცელზე დარჩა და მისი ამოქმედებისთვის ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში დადგენილი პროცედურები არ განხორციელებულა. ახლი დადგენილების დამტკიცება ძველის ძალადაკარგულად გამოცხადებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, პროექტში ნათქვამია, რომ გაუქმდება ძველი დადგენილების ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებიც.

„…ძველი დადგენილება ითვალისწინებდა გარკვეული ბრძანებების გამოცემასაც – მათ შორის უნდა განსაზღვრულიყო პასუხისმგებელი პირი, ვინც მონიტორინგს გაუწევდა პროცესს. ბრძანებები მაშინ არ მიუღიათ, შესაბამისად, დადგენილება არ ამოქმედებულა,“ – განმარტავს გოგა ლომაძე, მერიის საფინანსო -ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი.

კითხვაზე, ითვალისწინებდა თუ არა 2007 წლის დადგენილება საზოგადოებრივი სივრცეების შეუთანხმებლად ათვისებისთვის დაჯარიმებას, ან სხვა რაიმე სახის სანქციების დაკისრებას – გოგა ლომაძეს პასუხი არ აქვს: „ ეს საკითხი უკვე იურისტებთან ერთად უნდა გაიაროთ. არ ვიცი, ითვალისწინებდა თუ არა მსგავს საკითხებს ძველი დადგენილება“.

მერიის იურიდიულ სამსახურში ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი დღე ითხოვეს. მეორე დღეს კი მივიღეთ პასუხი, რომ რადგან ძველი დადგენილება არ მუშაობდა, შესაბამისად, ამ დადგენილებით ვერანაირი ღონისძიებები ვერ გატარდებოდა.

ახალი დადგენილების პროექტში არ წერია, რომ დადგენილება არ მუშაობდა, ამ პროექტის მიხედვით დადგენილება „სრულად არ მუშაობდა“, რაც სულ სხვა შინაარსს გულისხმობს.

რა ეწერა 2007 წელს გამოცემულ დადგენილებაში?- ამაზე „ბათუმელები“ დაწერს მას შემდეგ, რაც მივიღებთ საკრებულოდან ამ დადგენილებას, რომელიც საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ.

განათლების მინისტრი დემირელის სკოლის გამომგონებელ მოსწავლეებთან

„ცოცხალი საკვები“ – ასე ეწოდება ქართველი მოსწავლეების ახალ გამოგონებას, რომელიც ქუთაისში, წერეთლის სკოლის მოსწავლეებს – მაია ერაძესა და გიორგი ფხაკაძეს ეკუთვნით.  მათ დიაბეტური პროდუქტი შექმნეს, მხოლოდ ქართული ნედლეულის გამოყენებით. პროექტი უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია და ახალგაზრდები მაისში აშშ-ში, საერთაშორისო კონკურსზეც წარადგენენ. ინფორმაციას დემირელის სკოლის „ნორჩ გამომგონებელთა“ კლუბი ავრცელებს.

სკოლის ინფორმაციით, ​დიეტური პროდუქტების შესაქმნელად მარიამმა და გიორგიმ  მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩიეს: „დაბალგლიკემიური სოიო, ამარანტი, ოსპი და ტოპინამბური. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტ – სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. ​სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს მოსწავლეებმა კვლევები, რომ საბოლოოდ ახალი პროდუქტი მიეღოთ. საბოლოოდ  აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ნორჩმა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის, სოიოს გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტებისა და პურის სახით“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ პურში გლიკემიური ინდექსი 28 ერთეულს შეადგენს, მაშინ, როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღებია 40-ზე დაბალი მაჩვენებელი“.

ქუთაისში წერეთლის სკოლა დემირელის სკოლების ქსელში შედის. ამ ქსელში შედიოდა ბათუმში არსებული „შაჰინის სკოლა-ლიცეუმიც“, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ 2017 წლის თებერვალში დახურა.

ამავე თემაზე:

„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“- შაჰინის კოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია

შაჰინის სკოლის დირექტორი: „ეჭვი გვაქვს, სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია.

 

 

ერმაკოვი აქციის შედეგად ბათუმში ასობით გაუქმებული ტურისტული ჯავშნის დეტალებზე

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, რომელიც მან გუშინ, 20 მარტს გაავრცელა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა ბათუმში ასობით ჯავშანი გააუქმეს. აღნიშნულ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. თუმცა, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საპროტესტო აქციის დღეებში ირანულმა კომპანიამ ბათუმის ნაცვლად თბილისში გადაიტანა ტური. „ბათუმელებმა“ გიორგი ერმაკოვს „ასობით“ გაუქმებული ჯავშნის დეტალებზე ჰკითხა.

ბატონო გიორგი, გუშინ, 20 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ წერილში თქვენ ამბობთ, რომ „აქციის მეორე დღესვე ასობით ჯავშანი გაუქმდა რეგიონის სასტუმროებში“. ვინ მოგაწოდათ და რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია?

ასობით, ათობით, ზუსტი სტატისტიკა არ მიწარმოებია მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ მოვიკითხე და ძალიან ბევრი ჯავშანი, რომელიც იყო დადასტურებული, გაუქმდა. მე ბრალს არავის ვდებ ჩემს გამონათქვამებში, მაგრამ ყველაზე მეტად ქალაქის მერს ის ადარდებს, რომ საზაფხულო სეზონი მოდის და ასეთი ფაქტი მოხდა.  15 ქვეყნის 25 ქალაქთან ვართ დამეგობრებული, არ დარჩენილა ალბათ არც ერთი ქალაქის მერი, ნიუ-ორლეანის მერს არ დაურეკია, ალბათ, რომ ჩემთან არ დაერეკა. მეკითხებოდნენ რა ხდებაო.

რომელი ქვეყნების მოქალაქეებმა გააუქმეს ძირითადად ჯავშანი, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

ძირითადად მაინც ბელორუსიიდან, უკრაინიდან მირეკავდნენ, აზერბაიჯანიდან მირეკავდნენ…

თქვენ გითხრეს, რომ ჯავშანი გააუქმეს ბათუმში?

მე მიმაჩნია, რომ არის სასტუმროები, რომლებსაც დაჯავშნული აქვთ ნომრები და მთელი ზაფხული აქვთ გაწერილი. სტატისტიკები ტურიზმშიც მოვიკითხე, საერთო რაოდენობა ვნახე, რამდენი იყო ვთქვათ, დაჯავშნული გასულ წელთან შედარებით და რამდენია ახლა.

თუმცა სხვაობა სტატისტიკაში, თუნდაც კლება, წესით ჯავშნის გაუქმებას არ უნდა ნიშნავდეს, არა? 

ამით მე ხაზი გავუსვი იმას, თუ რამდენად სარისკო და ცუდის მომტანია ეს ყველაფერი. რამდენად ცუდად მოქმედებს რეგიონზე და, ზოგადად, ქალაქზე, როცა გირეკავენ და გეკითხებიან „რა ხდება?“. წავიდა ისეთი ინფორმაცია, თითქოს მთელი ქალაქის ქუჩები მასობრივად იყო მოცული მღელვარებით და არეულობით. ყველა ქუჩაში რაღაც იწვოდა. ამიტომ, მე რაც ვთქვი, ჩემი მსჯელობა იყო…

ანუ თქვენი ვარაუდი იყო, როცა თქვით ასობით ჯავშანი გაუქმდაო?

შეიძლება ასობით არ იყო, იყო ასამდე, მაგრამ ჯავშანი გაუქმდა ძალიან ბევრი.

ერთი კონკრეტული სასტუმრო შეგიძლიათ დაგვისახელოთ, სადაც გააუქმეს ჯავშანი საპროტესტო აქციის შემდეგ?

ასე ვერ ჩამოგითვლით ახლა, ყველას შევხვდი, ტურსააგენტოებს ველაპარაკე. იყო მაგაზე საუბარი, მსჯელობაც გვქონდა. სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს, რომ პროტესტი მისაღებია, გარკვეულწილად კარგია და დემოკრატიულობის ნიშანია, მაგრამ იმ მოვლენებში გადაზრდა, რაც ჩვენ ვნახეთ, ძალიან უარყოფითად მოქმედებს ტურისტულ სეზონზე.

თქვენ ამ წერილში ასევე საუბრობთ იმაზე, რომ „ვისაც ბრალი მიუძღვის აღნიშნული ვანდალური აქტის ორგანიზებასა და მის განხორციელებაში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“. რამდენად სწორია ქალაქის მერის მხრიდან დასჯის ხარისხზე საუბარი?

მე ხომ არ ვამბობ, რომ ტყუილად დაისჯება. შს სამინისტრო იქნება თუ სხვა სტრუქტურები დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას და ჩემი განცდაც არის ის, რომ ყველა დაისჯება, ადმინისტრაციული წესით იქნება თუ სისხლის სამართლის წესით. სხვა რა განცდა უნდა მქონდეს ქალაქის მერს ან მოქალაქეს.

 

კირნათი-მაჭახელას გზაგამყოფზე მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

კირნათი მაჭახელას გზაგამყოფზე მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გზის მოუწესრიგებელი მონაკვეთია, რაც ამავე ტერიტორიაზე კირნათი ჰესის მშენებლობით არის გამოწვეული. „საუბარია დაახლოებით 3 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე, ასევე თითქმის დანგრეულ ხიდზე, რომელზედაც ავტომანქანების გავლა საშიშია“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ხვდებიან ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, კონკრეტულ პასუხებს, თუ როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები, ჯერ ვერ იღებენ.

ხელვაჩაურის გამგებელი „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ გზაზე ნამდვილად რთული ვითარებაა.

„მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია იქედან გამომდინარე, რომ მართლაც ცუდი ვითარებაა. აქ თურქული კომპანია აშენებს ჰესებს და მძიმე ტექნიკა დადის ამ გზაზე… ზამთრის დროს დიდთოვლობამ კიდევ უფრო დაამძიმა ეს სიტუაცია. ეს საკმაოდ დატვირთული გზაა, იგი ორ ხეობას აკავშირებს ერთმანეთთან [მაჭახლისა და კირნათის], ამიტომ დროულად არის მოსაგვარებელი, რადგან მართლაც შეუძლებელია ამ  მოუწესრიგებელ გზაზე ყოველდღე გადაადგილება. მოსახლეობა და ხელისუფლება ვთხოვთ კომპანიას მოაწესრიგოს გზა, რომ მიმოსვლა იყოს შესაძლებელი,“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ გზის ეს მონაკვეთი რამდენჯერმე შეაკეთა, თუმცა ხელვაჩაურის გამგებლის განმარტებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ჯერზე კუსტარულად ტარდება, რის გამოც რამდენიმე დღეში კვლავ ჩნდება ორმოები. დღეს ისინი კომპანიისგან გზის უფრო საფუძვლიან რეაბილიტაციას ითხოვენ.

„მე ვისაუბრე ცოტა ხნის წინ კომპანიის წარმომადგენელთან, ახლაც ხეობაში ვარ და ველოდები როდის ამოვლენ, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუყენოთ მოთხოვნა – უფრო კაპიტალურად მოაწესრიგონ გზა, რომ რამდენიმე თვე მაინც გაძლოს [ამ ობიექტის დასრულებამდე]“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

იმის მიზეზად, რის გამოც მთავრობა ვერ ავალდებულებს მშენებელ კომპანიას დაზიანებული გზის მოწესრიგებას, ნადიმ ვარშანიძე 7 წლის წინ კომპანიასა და მაშინდელ მთავრობას შორის დადებულ მემორანდუმს ასახელებს, რომელშიც ჩადებული არ იყო სამშენებლო კომპანიის მიერ დაზიანებული გზის რეაბილიტაცია: „შესაძლოა სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, მაგრამ დოკუმენტალურად ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ დავავალდებულოთ მათ მიერ დაზიანებული გზის აღდგენა“.

ხელვაჩაურის გამგებლის თქმით, საგზაო დეპარტამენტი 2018 წლის ბიუჯეტში ამ გზის სრულად მოასფალტებას გაითვალისწინებს.

ფორსმაჟორი სუს-ში და 127 ათასი ლარი გადაუდებელი შესყიდვისთვის

სამხედრო მოსამსახურეთა, შენობების მორიგე თანამშრომელთა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის კვებითი მომსახურების შეზღუდვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

გადაუდებელი შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2 თვის განმავლობაში, ანუ 2017 წლის პირველი აპრილიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, მანამ, სანამ დასრულდება კვებითი მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერის პროცედურები და გამოვლინდება გამარჯვებული. ორთვიანი გადაუდებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 127 ათას ლარს.

susiსუს-ის ზოგიერთი კატეგორიის სავალდებულო ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა, ასევე მორიგე თანამშრომელთა კვებითი მომსახურება [პლასტიკური ბარათის საშუალებით] და სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა საქვაბე კვებითი უზრუნველყოფის მომსახურებაზე სუს-სა და შპს Niart vision-ს შორის  გაფორმებული ხელშეკრულება, მიმდინარე წლის 31 მარტს უნდა შეწყდეს.

სუს-ში გაგზავნილ წერილში კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მის ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს. წერილი დათარიღებულია 16 მარტით.

სუსი აცხადებს, რომ ტენდერის ჩატარება ახალი მიმწოდებლის მოსაძიებლად საჭიროებს გარკვეულ ვადას, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა იყო მოულოდნელი და მათი მხრიდან ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა: „კვებითი მომსახურება არის უწყვეტი ხასიათის, შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შეწყვეტა არის დაუშვებელი.“

ვითარება სუსში შეფასდა ფორსმაჟორულ და გადაუდებელ მდგომარეობად, „რის შესახებაც ვაცნობეთ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ხოლო მისი თანხმობის მიღებისთანავე მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს… ხელშეკრულება გაფორმდება 2017 წლის 31 მარტის თარიღით, თანხმობის მისაღებად კი მოგმართავთ წინასწარ, რადგანაც თანხმობის მიღებას, ხელშეკრულების მომზადებას, ასევე არსებული მიმწოდებლისგან ახლისთვის არსებული სამზარეულო ინვენტარის აღწერას/გადაბარებას, პირველადი პროდუქტის მომარაგებას, მენიუს [პრეისკურანტის] ელექტრონულად შეცვლას გარკვეული დრო დასჭირდება“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ შესყიდვების გვერდზე ატვირთულ განცხადებაში.

ხულოსა და ბათუმში სოციალურ სახლებს ეკომიგრანტებისგან ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავენ

12 ათასამდე ლარს გადაიხდის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და  ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში.

ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმით ხსნის, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა…  თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ სახლში უკანონოდ შეიჭრა ხალხი [60-მდე ოჯახი].“

სამინისტროში აცხადებენ, რომ სახლს იცავდნენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე უიარაღო დარაჯები, რომლებიც 2017 წლის 18 მარტამდე უზრუნველყოფდნენ დაცვის მომსახურებას და მათი მომსახურება საკმარისად იყო მიჩნეული, ვინაიდან იქამდე არ ყოფილა შენობაში შეჭრის მცდელობები.

შეჭრილთა უმრავლესობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდანაა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ სოფელი მეწყრული პროცესების გამო დატოვეს. გამართული მოლაპარაკებების შედეგად სახლი გაათავისუფლეს.

სამინისტროში შიშობენ, რომ „შესაძლოა მოხდეს განმეორებით ხალხის მიერ შენობის დაკავება და დაზიანდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება“. ფაქტის გამეორების თავიდან აცილების მიზნით კი, სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 18 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმდა დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულებები.

შენობებს დაცვის სამსახური 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით დაიცავს, მანამდე კი სამინისტრო მიმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად, რათა 2017 წლის პირველი აპრილიდან გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან.

ზედა ვაშლოვანში და ბათუმში არსებულ ე.წ. სოციალურ სახლებს ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის პოლიცია გასულ წელსაც [31 დეკემბრის ჩათვლით] იცავდა, რაშიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 119 410 ლარი გადაიხადა.

ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთის საკონსულოსა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

46 წლის ლალი  საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, როგორც  „ბათუმელებთან“ ამბობს, ის 15 წელი თურქეთში, კერძოდ სტამბულში ცხოვრობდა. ლალის 5 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. უფროსი შვილი, რომელიც 14 წლისაა,  ნორმალურად ვითარდებოდა, ახალ გარემოში კი სრულიად ჩაიკეტა. დედა და ბავშვები მეოთხე წელია რაც საქართველოში, ბათუმში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ბავშვები სკოლაში არ დადიან, რადგან ქართული კარგად არ იციან. დედა ამბობს, რომ ბავშვებმა თურქულად წერა-კითხვაც გვიან ისწავლეს და ახლა ეს ენაც ავიწყდებათ.

ლალი  მეუღლესთან, – თურქეთის მოქალაქე ალიოსმან დალგიჩთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ახლა ის ცდილობს ალიმენტის მისაღებად სასამართლოში იჩივლოს, თუმცა არ იცის თურქეთის სასამართლოს მიმართოს თუ საქართველოს. დედის თქმით, მას შესაბამისი ინფორმაცია არც ბათუმში თურქეთის საკონსულოში მიაწოდეს.

„ბავშვების მამა ზოგჯერ აგზავნის ფულს, რომლითაც ბინას ვქირაობთ და საჭმლის ფული ფაქტობრივად არ გვრჩება“, – გვეუბნება დედა.

უფროსი გოგონა 2000 წელს არის დაბადებული, თუმცა რეგისტრაციაში მხოლოდ 2008 წელს არის გატარებული. დაგვიანებული რეგისტრაციის გამო  ის სკოლაშიც გვიან, – ცხრა წლის ასაკში შევიდა. როგორც დედა ამბობს, გოგონა ბოლო რამდენიმე წელია თავისთავში ჩაიკეტა: „საკონსულოს და ერთ-ერთი ორგანიზაციის დახმარებით, ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც გვყავდა, თუმცა დიაგნოზი არ მითხრეს. არ ვიცი რა სჭირს. ოთახიდან თითქმის არ გამოდის, სულ წევს.“

ლალი ამბობს, რომ სტამბულში გადასვლამდე ის და მისი ოჯახი ქალაქ ბურსასთან ახლოს ცხოვრობდნენ, თუმცა ქმრის პირველ ცოლთან კონფლიქტის გამო სახლიდან წამოვიდნენ. „როცა მამამთილი ცოცხალი იყო, პრობლემები არ მქონია, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი ქმრის პირველმა ცოლმა პოლიციაში დამასმინა, რომ ქვეყანაში უკანონოდ ვცხოვრობდი. იმ დროს პატარა ბავშვი მყავდა, დეპორტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ იმ სახლიდან წამოვედით და სტამბულში, ნაქირავებში დავიწყეთ ცხოვრება. ქმართან პრობლემები მაშინ შემექმნა, როცა სახლების და ქონების გაყიდვა დაიწყო, ნაწილი კი ყოფილ მეუღლეს გადაუფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ცოლს 2014 წელს  ოფიციალურად დაშორდა. პირველი მეუღლისგან ორი შვილი ჰყავს“.

ლალი ამბობს, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ არ მუშაობდა. „მეუღლე ტრაილერის მძღოლი იყო და ოჯახს ის არჩენდა“. ამჟამად ის, როგორც თვითონ გვეუბნება, თურქეთიდან დეპორტირებულია. მას არ აქვს ინფორმაცია, თურქეთის კანონმდებლობით თანაცხოვრება ითვლება თუ არა ქორწინებად. რაც შეეხება 14 წელს მიუღწეველი შვილების საბაჟოზე მამის თანხმობის გარეშე შემოყვანას, ლალი ამბობს, რომ მისთვის საბაჟოზე მამის მინდობილობა არ მოუთხოვიათ. „ბავშვების მამას ვეღარ ვეკონტაქტები, ტელეფონზე არ მპასუხობს. ბათუმში თურქეთის საკონსულოშიც ვიყავი და დახმარება ვთხოვე. ჯერ დამპირდნენ, რომ ბავშვებს სკოლაში მიმაყვანინებდნენ, მერე მითხრეს, რომ თურქეთში დაბრუნდიო. როგორ დავბრუნდე, როცა დეპორტი მაქვს?

ლალი ყვება, რომ დახმარება ბათუმში არსებულ თურქულ სკოლასაც სთხოვა – ბავშვების სკოლაში მიღების თაობაზე, მაგრამ არც ისინი დაეხმარნენ.  „საკონსულოში მითხრეს, რომ ბავშვებს თვითონ წაიყვანენ თურქეთში, მაგრამ არ გავატანე. ისინი ბავშვთა სახლში ჩააბარებენ ან რა ვიცი იქ ვის ხელში იქნებიან. ვერც მამამისს გავატან, მას სახლი არ აქვს, ღამეს ტრაილერში ათევს, ბავშვებს ვერც მას ვანდობ“, – გვეუბნება ის.

დედის თქმით, არასრულწლოვანი ბავშვები მთელ დღეს სახლში ატარებენ ან ქუჩაში არიან: „პოლიციასთანაც ჰქონდათ უსიამოვნებები, მაგრამ პატარები არიან და არ იჭერენ. მინდა, რომ სკოლაში იყვნენ და ისწავლონ, იქნებ ვინმე დამეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაში.

გარდა ამისა, ვერც ჯანდაცვის პროგრამებით ვსარგებლობთ, ვერც მუნიციპალური სასადილოთი. მინდა ბავშვებს საქართველოს მოქალაქეობა მივაღებინო და აქ ვიცხოვროთ“.

ლალი  წარმოშობით საჩხერიდან არის. იქ დედა და ოჯახის სხვა წევრებიც ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილებისთვის კარი მშობლიურ სახლშიც დაიკეტა.

„დედაჩემი მარტო ცხოვრობდა, თუმცა ბავშვები მაინც არ მიიღო. შემდეგ სახლი ჩემი დის სახელზე გადააფორმა და მეც კარები გამოვიხურე.“

შეუძლიათ თუ არა არასრულწლოვან ბავშვებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და რას ითვალისწინებს კანონი მსგავს შემთხვევებში?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის მირზა მამულაძის განმარტებით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მოზარდს შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე.

„თუ ბავშვი არის 14 წელს მიღწეული, მაშინ მშობელს სჭირდება ბავშვის თანხმობა, სხვა შემთხვევაში კი მშობელს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და თანხმობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვებიც მიიღებენ მოქალაქეობას“.

მირზა მამულაძის თქმით, ალიმენტთან დაკავშირებით ლალის შეუძლია ქართულ სასამართლოსაც მიმართოს. „ჩვენ დავავალეთ რამდენიმე დოკუმენტის მოტანა, რომ მზად ვიყოთ სასამართლოში სარჩელის შესატანად. მამა და ბავშვები თურქეთის მოქალაქეები არიან, დედას კი აინტერესებს საქართველოს საერთო სასამართლოების მეშვეობით რამდენად არის შესაძლებელი ალიმენტის დაკისრება ბავშვების მამისთვის. ამის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს“.

ლალი ამბობს, რომ საიაში მას ქმრის დასაქმების ადგილისა და ხელფასის ოდენობის შესახებ ცნობის მიწოდება მოსთხოვეს. ქალის თქმით, მას ამ დოკუმენტებზე ხელი არ მიუწვდება და მეუღლეს რომც სთხოვოს ამის შესახებ ინფორმაცია, ის მაინც არ მიაწვდის ამ მონაცემებს.

„ბათუმელები“ ესაუბრა თურქული კანონმდებლობის მცოდნე იურისტსაც [თურქეთის მოქალაქეს], რომელმაც განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დედა არ არის ალკოჰოლდამოკიდებული, არ აქვს რაიმე ფორმის ფსიქიკური პრობლემა და არ არის პროსტიტუციაში ჩართული, შვილები შეიძლება ცხოვრობდნენ დედასთან.

დედას ასევე შეუძლია მიმართოს სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, თუმცა, იურისტის თქმით, სასურველია, რომ იმ ქვეყნის სასამართლოს მიმართოს, რომელ ქვეყნის მოქალაქეც არის მოსარჩელე პირი. „რადგან მამა თურქეთში მუშაობს და აღსრულება უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, თურქეთის ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს სხვა ქვეყნის სასამართლოების განჩინებით. ამიტომ, უკეთესი იქნება თუ სარჩელი თურქულ სასამართლოში შევა“.

იურისტის განმარტებით, თუკი პირს არ აქვს თურქეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება, მას შეუძლია ნდობით აღჭურვილი ადვოკატი აიყვანოს და ისე აწარმოოს საქმე.

საქართველოში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ პოზიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ 21 მარტს შემოგთავაზებთ.

 

უმაღლესი საბჭოს წევრები 11-12 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულთა ახლობლებს შეხვდნენ

დღეს, 20 მარტს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები სახალხო დამცველის ოფისში იმ პირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, რომლებსაც 11-12 მარტის აქციის საქმეზე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა უმაღლესი საბჭოს წევრების ინიციატივა იყო. ისინი გეგმავენ შეხვდნენ დაკავებულთა ადვოკატებსაც.

„მშობლების მოსაზრებებს გაეცნენ, დაამშვიდეს, რომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში. საბჭოს წევრებს სურდათ დაკავებულთა ახლობლების პოზიციის გაგება და ამასთან, მათ უთხრეს, რომ ისინი საქმის კურსში არიან, რათა უდანაშაულოდ და გადამეტებულად არავინ დაისაჯოს“, – გვითხრეს უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში.

შეხვედრაზე დაახლოებით 25-მდე ადამიანი მივიდა.

„ერთი ქვის სროლით ქვეყანა არ იქცევა“, „იყო აქციაზე, მაგრამ არაფერი დაუშავებია“, „ვანდალები არ არიან“, გამოუშვან, თუნდაც დააჯარიმონ, პატიოსანი ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ“, – დაახლოებით ამ შინაარსის მესიჯები გაისმოდა წინასწარ პატიმრობაში მყოფთა ახლობლების მხრიდან.

უმაღლესი საბჭოდან შეხვედრას 10 დეპუტატი ესწრებოდა: მერაბ კარანაძე, ცოტნე ანანიძე, ნინო ჩხეტია, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე, გიორგი რომანაძე, გიორგი მანველიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ირაკლი ჭეიშვილი და ნუგზარ სურმანიძე.


არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება.

გუშინ, 19 მარტს, აქციის 9 მონაწილე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულთა ახლობლები გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ გარკვეული დროის განმავლობაში არ იშლებოდნენ და აქციებს აანონსებდნენ. მობილიზებული იყო პოლიციაც. სასამართლო დარბაზიდან კი ისინი სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს.

ერმაკოვისთვის 11 მარტის აქციაზე დაკავებულთა ოჯახების მუქარა მიუღებელია

დღეს 20 მარტს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა. გთავაზობთ ტექტს უცვლელად.

„მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგები ქალაქისათვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. დამწვარი და დაზიანებულია აქციის მიმდებარე ქუჩის ინფრასტრუქტურა, დაიწვა, როგორც საპატრულო სამსახურის, ასევე მოქალაქეების ავტომობილებიც, სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები მიიღეს როგორც შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე მოქალაქეებმა.

მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 150 ათასი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოქალაქეების საკუთრებაზე მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელებულმა ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე – აქციიც მეორე დღესვე ასობით ჯავშანი გაუქმდა რეგიონის სასტუმროებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

გამოძიების შედეგად დაკავებული მოქალაქეების ნაწილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ჯარიმის გადახდის შემდეგ განთავისუფლებულია, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილს კი უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ძირითადად დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ნათსავები) აპროტესტებს ბრალდებულთა წინასწარ პატიმრობაში დატოვების ფაქტს და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება. ჩემთვის, როგორც ქალაქ ბათუმის მერისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია მათი ამგვარი დამოკიდებულება.

მთელი ქართული საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები მთლიანად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ჩვენ საქმე გვქონდა ვანდალურ აქტთან, რომელმაც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ მთლიანად ქვეყნის იმიჯი დააზარალა. ეს იყო სახელმწიფოს საძირკვლების შერყევის მცდელობა, გალაშქრება სახელმწიფო ინსტიტუციებზე. თუმცა ამ ვანდალიზმს სახელმწიფომ სრულიად ადეკვატურად და დემოკრატიულად უპასუხა.

სამართალდამრღვევების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. ეჭვმიტანილებიც, მათი ადვოკატებიცა და სახალხო დამცველის წარმოამდგენელიც ერთხმად აცხადებენ, რომ დაკავებისას ან წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას მათ წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული ძალა.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ხელისუფლების მთავარ ფასეულობას – ადამიანებსა და მათ უფლებებზე ზრუნვას. სამართალდამცავები მოქმედებენ ფაქტებზე დაყრდნობით და ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის აღნიშნული ვანდალური აქტის ორგანიზებასა და მის განხორციელებაში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა კანონი უზენაესია და ქვეყნის, მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ ჩადენილი ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები აუცილებლად დაისჯება. ქალაქის მერია ითვალისწინებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეთა ეს უფლება არ დაირღვეს. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ“.

ლოცვა – ფოტოპროექტი

ბათუმი მულტიკულტურული და რელიგიურად მრავალფეროვანი ქალაქია. ქალაქის სხვადასხვა უბანში იპოვით სინაგოგას, მეჩეთს, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა რელიგიების აღმსარებელთა სალოცავებს.

კვირის წირვა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ (წმიდა მაცხოვრის) ეკლესიაში

 

საკვირაო წირვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში
საკვირაო წირვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში

 

პარასკევის ტრადიციულ ლოცვას მუსლიმები, ბათუმში, ორთა ჯამეში და მეჩეთის გვერდით მდებარე ვიწრო ქუჩაზე აღავლენენ

 

საერთო წირვა ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტული ეკლესიაში
საერთო წირვა ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტული ეკლესიაში

 

წმიდა წირვა ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში
წმიდა წირვა ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში

მერია ეკომიგრანტებისთვის ბინების განაწილებას იწყებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ახლადაშენებულ სოციალურ სახლში ბინების განაწილების მიზნით განაცხადებების მიღება იწყება.

განაცხადებების მიიღება ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დაზარალებული და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული ბენეფიციარებისგან მიიღება.

„განაცხადის შევსების მსურველებმა თან უნდა იქონიონ გეოლოგიური დასკვნა და ოჯახის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.  განაცხადების მიღება 20 მარტიდან დაიწყება და 20 აპრილის ჩათვლით იწარმოებს

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს ან მერიის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულს.

სიგარეტის ნამწვავები მერიის საყვავილე ქოთანში

ეს ფოტოები ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეშია გადაღებული. კიბის მარცხენა მხარეს ყვავილის ქოთანში სიგარეტის და ნამწვავებიანი კოლოფებია ჩადებული.

თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სპეციალური მოსაწევი ადგილი გამოყოფილი, სხვა შემთხვევაში, საჯარო სივრცეში თამბაქოს მოწევა საერთოდ იკრძალება.

„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის“ მიხედვით,  კანონდამრღვევი პირველ შემთხვევაში 5 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი – 50 ლარით.

საჯარო სამსახურების უმეტესობას  სპეციალური  მოსაწევი ადგილები გამოყოფილი არ აქვს, თუმცა საჯარო მოხელეები საჯარო სივრცეებში მაინც ეწევიან.

 

ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეში სიგარეტის კოლოფები და ნამწვავები საყვავილე ქოთანში ყრია ფოტო: ია ფრანგიშვილის
ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეში სიგარეტის კოლოფები და ნამწვავები საყვავილე ქოთანში ყრია
ფოტო: ია ფრანგიშვილის
ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეში სიგარეტის კოლოფები და ნამწვავები საყვავილეში ყრია ფოტო: ია ფრანგიშვილის
ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეში სიგარეტის კოლოფები და ნამწვავები საყვავილეში ყრია
ფოტო: ია ფრანგიშვილის
ბათუმის მერია
ბათუმის მერია

სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 11 მარტის ბათუმის აქციის სამ მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმა შეუფარდა. მანუჩარ მამულაძემ, ზაზა ბოლქვაძემ და გიორგი წოწორიამ სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს.

სამივეს მიმართ პოლიციელებმა ერთი და იგივე თქვეს, რომ დაკავებულები ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამივე მათგანი პოლიციელებმა 12 მარტს, დილით დააკავეს, მოგვიანებით კი, სასამართლო სხდომამდე, ხელწერილით გაათავისუფლეს.

“დაკავების დროს ხომ არ ჰქონია ადგილი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას?”- იკითხა მოსამართლემ. მას შემდეგ, რაც დაკავებულებმა უარის ნიშნად თავი გააქნიეს, მოსამართლემ კონკრეტულად ზაზა ბოლქვაძეს გაუმეორა შეკითხვა, ვისაც მარჯვენა ყური ახლაც შეხვეული ჰქონდა.

ზაზა ბოლქვაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ დაზიანება არ უკავშირდებოდა 11-12 მარტის მოვლენებს.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი სასამართლო პროცესიდან:

პოლიციელმა გია ბოლქვაძემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მანუჩარ მამულაძის მიმართ თქვა – “ის ამ დროისთვის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”.

მოგვიანებთ, როცა მანუჩარმაც იგივე გაიმეორა, ვაღიარებ დანაშაულს და ვინანიებო, მოსამართლემ განმარტა, რომ საქმე ადმინისტრაციული წესით განიხილება და მათ არავინ ედავება დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლო მანუჩარს 100 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მას არ დაუდასტურდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და ჯარიმა მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დაეკისრა. დანარჩენ ორ პირს ჯარიმა მოსამართლემ 250 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

დღეს, 20 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციის მონაწილე კიდევ 4 პირის საქმე განიხილა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ოთხივეს მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

IMG_20170320_162055

 

ბათუმში მაღალ სართულზე მცხოვრებ აბონენტებთან წყლის წნევა დროებით დაიწევს

21-25 მარტს, ინჯალოს რეზერვუარში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მე-9 და უფრო მაღალ სართულზე მცხოვრებ აბონენტებთან წყლის წნევა დაიწევს. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  დროის ამ მონაკვეთში წყლის მიწოდება „ბათუმის წყლის“ არც ერთ აბონენტს არ შეუწყდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ინჯალოს რეზერვუარში, მილსადენში წყლის წნევისა და მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოები ტარდება, კერძოდ, რეზერვუარიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენი, რეაბილიტირებულ გამანაწილებელ ქსელზე დაერთდება.
ინჯალოს რეზერვუარის წყლით უწყვეტი მომარაგება ორი, ცენტრალური – ჩაქვისა და მეჯინისწყლის მაგისტრალური მილსადენებით ხორციელდება.

მერია კულტურის სფეროში თავისუფალ ინიციატივებს დააფინანსებს

ბათუმის მერია კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებსაც.

თითოეული პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიიდან მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი ჯამში 250 000 ლარია.

საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას უნდა  ემსახურებოდეს, კონკურსის წესით შეირჩევა. კომისია მიღებული  გადაწყვეტილების  შესახებ  განმცხადებელს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს.

მერიის ცნობით, ინიციატივების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას უზრუნველყოფენ, ასევე პროექტებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის აღქმის, დაცვისა და განვითარების ახლებურ მიდგომებსა და მექანიზმებს მოიცავენ – ” ხელს უწყობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მაღალი სულიერ-ესთეტიკური ღირებულების სათანადოდ წარმოჩენას, ქართული ეროვნული ტრადიციული კულტურის შემდგომ პოპულარიზაციას და ტრადიციული ხელოვნების აღორძინების საკითხებზე მომუშავე პირების პროფესიულ განვითარებას”.

განაცხადები მიიღება ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველი სამუშაო დღიდან თვის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით 09 საათიდან – 18 საათამდე, საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე.

პროექტები უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2017 წლის განმავლობაში.

დაფინანსების მისაღებად საჭიროა ბათუმის მერიაში წარადგონოთ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2, დანართი 3); თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და პორტფოლიო (შემოქმედებითი   მოღვაწეობის   ამსახველი   აუდიო-ვიზუალური   მასალა   – ასეთის   არსებობის შენთხვევაში). ასევე საჭიროა სარეკომენდაციო წერილი და თანადაფინანსების შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი.

 

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე [ღონისძიებები ბათუმში]

21 მარტს – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ინიციატივით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს:

11:30 – სპეციალური მაისურებით მსვლელობა, ფლაერების დარიგება.

12:00 – სპექტაკლი თოჯინების თეატრში დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვებისთვის.

1fსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებათა მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და მხარდაჭერის მოპოვებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას იწვევს.

აჭარის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აჭარაში სულ რეგისტრირებულია 33 დაუნის სინდრომის მქონე პირი, მათ შორის 25 – 15 წლამდე ასაკისაა.

ღონისძიების მონაწილეები არიან ასევე: შპს უნიმედი აჭარა – „ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრი“; ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

 


2f„უკვე მეოთხე წელია, რაც დამკვიდრდა უთვალავი წინდის ტრადიცია „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის უცნაური ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღის არსებობა გამოწვეულია სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ძალიან ბევრს შრომობს დს ადამიანთა სრულფასოვან ინტეგრაციასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში, პრობლემები საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება მაინც არსებობს“ – აღნიშნულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო 

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კუბთაუერის მშენებლობა განახლდა

კომპანია „ADOG GEORGIA“-მ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში გაჩერებული სასტუმროს მშენებლობა განაახლა. მშენებლობის ადგილზე განთავსებული ბანერის მიხედვით, კომპანიას მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ, 2017 წლის ბოლომდე გაუგრძელეს.

ბათუმში სასტუმრო-კომპლექსის აშენების პირობით ADOG GEORGIA-ს 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 2011 წელს გადასცეს. კომპანიამ საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ჩაატარა, ჩემდეგ კი მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი მშენებლობის მიმდებარედ არსებულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა ინვესტორს მათი სახლების დაზიანებაში ადანაშაულებდა.

2014 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმში 40-მილიონიანი ინვესტიციით „Swiss Belhotel International“-ის შემოსვლა დააანონსა. იქვე განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შპს ADOG GEORGIA უზრუნველყოფდა.

2011 წელს დადებული შეთანხმებით, კომპანიას 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ ბათუმში 40 თვეში უნდა აეშენებინა. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა.

შეძლებს თუ არა ამჯერად კომპანია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას, ეს მომავალში გამოჩნდება. მშენებლობის ადგილზე დაცვის თანამშრომელმა „ბათუმალებს“ უთხრა, რომ კომპანიას საფუძვლიდან წყლის ამოშრობის პრობლემა აქვს: „ რვა მეტრი წყალი დგას“.

კომპანიის დირექტორის, მიხეილ ძოძუაშვილის განმარტებით, კომპანიას განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევს მუშაობა: „ გამომდინარე იქედან, რომ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, თითქმის ყველა ეტაპს ვათანხმებთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ სამუშაოებს“.

კომპანიის დირექტორი ჯერჯერობით მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებს.

შპს „ADOG GEORGIA“, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქემ მუსა სულეიმანოვმა 2010 წელს დაარეგისტრირა. კომპანიას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს.

სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. რუსლან ჩ. წინასწარ პატიმრობაშია გასული წლის აგვისტოდან. მეორე ბრალდებული – კაკო ტ. იძებნება. ბრალის წაყენებამდე მასთან საუბარი სკაიპით ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჩაწერა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ჯემალ ა.-ს და დავით ა.-სგან. მათი ჩვენებები უკვე მოისმინა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

დაზარალებულები ყვებიან, რომ საერთო ბიზნესი ჰქონდათ თურქეთის მოქალაქესთან ერთად, რომელმაც კონფლიქტის შემდეგ 300 ათასი ლარი მოითხოვა უსამართლოდ, ხოლო შემდეგ, როცა თანხა ვერ მიიღო, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩაერთნენ.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბრალდებულ კაკო ტ.-თან საუბარი სკაიპით ჩაწერა, მეორე ბრალდებულთან კი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ტელეფონით ჩაიწერა საუბრები. ეს ჩანაწერები მთავარი მტკიცებულებაა კანონიერ ქურდობაში, იარაღის უკანონო ტარებასა და თანხის გამოძალვაში ბრალდებულების მიმართ.

“ჩანაწერები განხორციელებულია კანონის არსებითი დარღვევით,” – გვიყვება ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი. მისი თქმით, მოსამართლეს ბრძანება ჰქონდა გაცემული სკაიპზე მიერთებულიყო მოსასმენი აპარატურა: “ამათ კი ოთახში დაამონტაჟეს ვიდეო თვალი და ისე ჩაიწერეს. მოსამართლის ამ კუთხით არ ჰქონია ნებართვა გაცემული. გარდა ამისა, არ ჩატარებულა ექსპერტიზა ამ ხმების ნამდვილობაზე. გამოძიებას შეეძლო აეღო დაკავებული რუსლანის ხმის ნიმუში და ეს დადგენილიყო. ნამდვილიც რომ იყოს, სატელეფონი საუბარში რუსლანი არ საუბრობს თანხის მოტანაზე, ან ქურდულ სამყაროზე. ის სვამს კითხვას: როდის მოხვალ?”

საქმის პროკურორი აქამდე რამაზ შავაძე იყო. იმის გამო, რომ პროკურორად ამჯერად ვლადიმერ თურმანიძე ჩაერთო საქმეში, სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო.

“ბუნებაში ხომ არ გაგვემართა შემდეგი პროცესი?”- იკითხა სხდომის დასრულებამდე ბრალდებულმა რუსლან ჩ-მ. მოსამართლემ მას უთხრა, რომ სასაცილოდ არ ჰქონდა საქმე.

“მე თავისუფალი ვარ”, – ჩაილაპარაკა ბრალდებულმა.

“ყველანი თავისუფლები ვართ”, – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რუსლან ჩ.-ს და კაკო ტ.-ს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ. კანონი კანონიერ ქურდობაზე ორი წლით უფრო მეტ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე ქურდული სამყაროს წევრობაზე.

მოსამართლემ ამ საქმის დასრულება აპრილში დაანონსა. აპრილში რუსლან ჩ.-ს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გასდის.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული სამი პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. სამივე შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა.

სამივეს წინააღმდეგ ერთი და იგივე ტექსტი პოლიციელმა თენგიზ ქობულაძემ წაიკითხა: „აქციის დაშლის დროს ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს…“

ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა: გურამ კიწმარიშვილმა, კონსტანტინე კვასკვაძემ და მამუკა მორთულაძემ უარყვეს აქციაზე ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი 11 მარტს, საღამოს სახლში იყვნენ.

მამუკა მორთულაძე მოსამართლეს მოუყვა, რომ სახლი დაეწვა, დროებით სიმამრთან ცხოვრობს და 11 მარტს ძმასთან დარჩა: „ადრე დილით მეუღლემ დამირეკა, ბავშვი გამხდარა ავად. მანქანით წავედი, რომ საავადმყოფოში მივსულიყავით. გზაში, ჭავჭავაძეზე სიგარეტის საყიდლად გადმოვედი მანქანიდან. უკან ვეღარ დავბრუნდი, დამაკავეს“.

კონსტანტინე კვასკვაძე: „მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდით მე და დედა. დილისკენ სიგარეტი გამომელია, თან მომშივდა. გორკის ქუჩაზე საშაურმეში შევედი და გარედან პოლიციელების პიკაპი მოგვადგა, დაიძახეს, გამოდი გარეთო“.

პოლიციელს სხდომაზე დაკავების ოქმების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ამჟამად მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დახურულ სხდომაზე განიხილავს აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირის საქმეს, რომელიც არასრულწლოვანია.


ამავე თემაზე:

11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

 

 

ნეპოტიზმი – აჭარის სუს-ის უფროსისა და სხვა მოხელეების ოჯახის წევრები თანამდებობებზე

დღეს, 20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, ჟურნალისტებთან სუს-ის ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავისა და სხვა საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სუს-ის უფროსს საჯარო სამსახურში ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს დასაქმებული.

„რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რაც დღეს გვაქვს, ეს არის ნათელი მაგალითი კლანურ-ოჯახური მმართველობის, რომელიც იყო ასლან აბაშიძის დროს და საზოგადოებას ამაზე რეაქცია ჰქონდა“, – ამბობს ის.

რეზო ხარაზის თქმით, სუს-ის უფროსის ირაკლი ერისთავის სიმამრი დავით თედორაძე უმაღლესი საბჭოს წევრია. ის, პარალელურად აჭარის მწერალთა კავშირშიც მუშაობს, ერისთავის ცოლის და, ანუ დავით თედორაძის მეორე ქალიშვილი შორენა თედორაძე მერიის თანამშრომელია, მისი ქმარი გია გაბაიძე კი, აჭარის მთავრობაში  მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობს.

„ეს ის გია გაბაიძეა, რომელიც ე.წ. „ცხრაწლიანი რეჟიმის დროს“ იყო „ნიუ-ენერჯის“ ერთ-ერთი გავლენიანი პირი, რომელიც აკეთებდა ქალაქში წყლისა და კანალიზაციის სისტემებს და მასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა. სუს-ის უფროსის ცოლის ძმა ირაკლი თედორაძე კი, „ბათუმის სანდასუფთავების“ უფროსის მოადგილეა.

ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერია, მისი შვილი გიორგი მანველიძე კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ასევე, უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი  ანზორ თხილაიშვილი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ როცა დასაქმდა, მისი შვილი გულად თხილაიშვილი ქობულეთის საკრებულოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“. მეორე შვილი, ზვიად თხილაიშვილი კი, აჭარის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილეა. ასეთ შემთხვევაში, რა კორუფციული ფაქტები უნდა გამოავლინოს მან და ვის უნდა მოსთხოვოს კორუფციაზე პასუხი?

გარდა ამ თანამდებობებისა, ამ ადამიანებს აქვთ პირადი ბიზნესებიც, რის შესახებაც ეტაპობრივად გავაჟღერებთ“, – ამბობს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, ნეპოტიზმთან დაკავშირებული ფაქტების გაჟღერება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან დაკავშირებითაც იგეგმება.

რეზო ხარაზი
რეზო ხარაზი

136 ბინა აჭარაში მოქალაქეებზე 1 ლარად გადასაცემად

საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა 136 საცხოვრებელი ბინა ბათუმსა და ქობულეთში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვისი ინიციატივით გადმოეცა სახელმწიფო ქონება ავტონომიურ რესპუბლიკას და რა მიზნით აპირებს ამ ქონების განკარგვას აჭარის მთავრობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული „ქონების გადმოცემა მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით“.

აღნიშნულ ბინებში, ჩვენი ინფორმაციით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

რატომ მოითხოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ამ ბინების აჭარის ქონებად დარეგისტრირება, რათა მან გადასცეს ბინები სიმბოლურ ფასად იქ მცხოვრებ ოჯახებს?  მითუმეტეს, ამას ისეთაც აკეთებს საქართველოს მთავრობა? – ამ კითხვაზე აჭარის მთავრობის პრესსამსახურს მივმართეთ, საიდანაც ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

„უბრალოდ ტექნიკური პროცედურაა. არსებითი რაიმე სამართლებრივი საფუძველი ან ქვეტექსტი ამას არ აქვს. არც რაიმე დოგმატური მოთხოვნაა კანონში. შესაძლოა საქართველოს მთავრობამ გადასცეს და შესაძლოა ადგილობრივმა მთავრობამ. უბრალოდ, ავტონომიური რესპუბლიკა, უფლებების დელეგირების ფარგლებში, ბევრ საკითხს ადგილზე წყვეტს. პრეცედენტი ადრეც ყოფილა. ასე ვთქვათ, დევნილები ცალკე ჯგუფად არ გამოყოფილა, მაგრამ იყო სოციალური სახლები, ასევე ქონება, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახები და ხდებოდა მათზე პირდაპირი მიყიდვა. მომავალშიც იქნება, როცა საქართველოს მთავრობა მოაგვარებს საკითხებს და იქნება ისეც, რომ მოვითხოვოთ დელეგირება და ჩვენ მოვაგვაროთ,“ – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის განყოფილების უფროსმა, ავთანდილ გორაძემ.

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ეს ბინები აჭარის საკუთრებაშია. როდის აპირებს ბინების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას ზურაბ პატარაძე? – „შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს – ქონება უკვე რეგისტრირებულია აჭარის საკუთრებად, ამ დღეებში მოქალაქეებზე გადასაცემ ქონებას აუდიტი შეაფასებს და დაიწყება საკუთრებაში გადაცემაც,“ – აცხადებს ავთანდილ გორაძე.

სახელმწიფოსგან აჭარისთვის გადაცემული ბინები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

ბათუმში:

  • დასახლება კახაბერი;
  • მელიქიშვილის მესამე შესახვევი;
  • ლეონიძის ქუჩა N15;
  • ხახულის ქუჩა N53.

 ქობულეთში:

  • დაბა ჩაქვი, აკაკი წერეთლის N5, კორპუსები: N1, N2, N3;
  • თავისუფლების ქუჩა N19-ის მიმდებარედ;
  • რუსთაველის ქუჩა 137;
  • 9 აპრილის ქუჩა N109.

ბინების კონკრეტული მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

17408427_1475053282539334_344931563_o
სახლი ბათუმში, მელიქიშვილის მე-3 შესახვევში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ / ფოტო: ლელა დუმბაძე

 

ასფალტი თუ ხე – რის გამო გადაიკეტა ციხისძირის გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის ზურაბ სიხარულიძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი ციხისძირის მონაკვეთში დროებით იყო გადაკეტილი. თუმცა, როგორც სიხარულიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გზის გადაკეტვა არა ხის გადატანას, არამედ გზების დაგებას უკავშირდებოდა.

„დიდი მანქანებისთვის იყო ჩაკეტილი გზა, რადგან ასფალტს ვაგებდით ღამით. გამთენიისას კი გზა გავხსენით. ციხისძირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კილომეტრი და 250 მეტრი გზა დაიგო, რადგან ძალიან დაზიანებული იყო. კიდევ გვაქვს დასაგები ორკილომეტრ-ნახევარი და ერთი ღამის სამუშაო დაგვრჩა. ამინდი რომ იქნება, იმასაც დავამთავრებთ“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

ბუკნარიდან გუშინ წამოღებული კიდევ ერთი ხე ჩაქვის შესასვლელთან არის გაჩერებული. გზის პერიმეტრზე არსებული ხეების დიდი ნაწილი მოჭრილია.

ხე ჩაქვში დღეს საღამოს უნდა ჩაიტანონ.

ხეების გადატანა ბუკნარიდან


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც შეკვეთილში გადასატანად ხეებს თხრიან, ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს.

ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდებოდა.

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის ლაბორატორია წლის ბოლოს ამოქმედდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალ საკვებ ლაბორატორიას დაათვალიერებენ.

ლაბორატორიის ხელმძღვანელის რამაზ სურმანიძის თქმით, ლაბორატორიაში ახალი აპარატურა აქვთ შემოტანილი და მაისიდან ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცედურები დაიწყება. „წლის ბოლოდან კი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ,“ – ამბობს ის.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები გამოსაკვლევად ლაბორატორიაში შემოსავლების სამსახურიდან და საბაჟოდან გაიგზავნება.

რამაზ სურმანიძის თქმით, ლაბორატორიაში პროდუქტების გამოკვლევას კერძო პირებიც შეძლებენ. როგორც დირექტორი ამბობს, გამოკვლევის ფასები ჯერ დადგენილი არ არის.

11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა  11 მარტის აქციის მონაწილეების – 9 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. დღეს არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება. დაკავებულების ახლობლები ახლაც სასამართლოს შენობის წინ დგანან. მობილიზებულია პოლიციაც.

“ბათუმის აქციის საქმეზე” კიდევ 9 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შეუფარდა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ცხრა ბრალდებულიდან, ვისთვისაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდება განიხილა დღეს სასამართლომ, მხოლოდ ერთმა, მერაბ მურმანიძემ მიმართა მოსამართლეს:

“მე არ ჩამიდენია დანაშაული, ეს იყო შეცდომა. სამი მომაკვდავი მყავს ოჯახში. ერთადერთი მარჩენალი ვარ,” – თქვა მერაბ მურმანიძემ.

ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა ნაკაიძემ მანამდე აღნიშნა, რომ მერაბ მურმანიძე უვლის ავადმყოფ დედ-მამას და მეუღლეს. მას ასევე ჰყავს 12 წლის შვილი.

მერაბ მურმანიძე ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. მას დანარჩენი ბრალდებულებისგან განსხვავებით, კონკრეტელ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მოხვდა რეზინის ტყვია. როდის მოახერხებდა ფეიერვერკის სროლას?”- იკითხა მანუჩარ ფარტენაძის ინტერესების დამცველმა, ტურფა ნიკურაძემ.

ადვოკატის თქმით, 22 წლის მანუჩარი ნასამართლევი არ ყოფილა, მეზღვაურია და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობს. “მიმალვა რომ სდომოდა, იოლად მოახერხებდა საზღვარგარეთ წასვლას. ამიტომ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება უსაფუძვლოა,”- დაამატა ადვოკატმა.

პროცედურულ დარღვევაზე გააკეთა აქცენტი ზაზა გოგიტიძის ადვოკატმა, გვანცა თურმანიძემ. მისი თქმით, ზაზა 17 მარტს დილით სარფის საბაჟოზე გადასვლის დროს დააკავეს, ხოლო დაკავების ოქმში წერია, რომ ზაზა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს საღამოს. „შესაბამისად, გასულია მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი”, – აღნიშნა ადვოკატმა.

IMG_20170319_190811მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატს მტკიცებულების წარმოდგენა შესთავაზა, მაგალითად, ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი საბაჟოდან.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელების მიერ შედგენილ პატაკებზე, რომლებშიც კონკრეტული პირების ამოცნობის შესახებ წერია.

“პატაკები 15, 16, 17 მარტსაა შედგენილი. მანამდე სად იყვნენ პოლიციელები, მოგონებებში იყვნენ?” – კითხულობს ადვოკატი. ის ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რევაზ თურმანიძე პოლიციელებმა ვიდეოკადრებიდან ქურთუკით ამოიცნეს. ბრალდებული უარყოფს წარდგენილ ბრალს.

“მე გაჩვენებთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს, სადაც ჩანს, რომ რამაზი სულ სხვა ფერის ქურთუკით შედის მაღაზიაში იმ საღამოს”, – თქვა დავით ჩავლეიშვილმა.

9 ბრალდებულიდან ორი კონკრეტულად პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ ცხოვრობს. ადვოკატები ირაკლი ნაკაიძე და შოთა ჯიბლაძე ყვებიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები აქციაზე იყვნენ, მაგრამ არაფერი დაუშავებიათ.

“მურმან კონცელიძე იქ ცხოვრობს, პოლიციასთან, 43 წლის კაცია, ოჯახი ჰყავს. იმ ღამით მისმა მეუღლემ დაინახა ფანჯრიდან, დაუძახა და წავიდა მერე სახლში,” – ამბობს ადვოკატი შოთა ჯიბლაძე.

ირაკლი ნაკაიძე, ადვოკატი: “აკაკი კვაჭაძე 20 წლისაა, აქამდე არ ჰქონია შეხება სამართალთან, დაბარებულიც კი არ ყოფილა პოლიციაში. მე არ ვფიქრობ, რომ პატიმრობის შეფარდება იყოს აუცილებელი”.

ადვოკატებს პროკურორმა რამაზ შავაძემ საპაექრო გამოსვლების დროს შეახსენა, რომ ბრალდებულებს პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად. “ერთ-ერთმა პოლიციელის იარაღის დაზიანებაც სცადა. თქვენ ფიქრობთ, რომ მათგან საფრთხე არ იარსებებს, თუკი პატიმრობა არ შეეფარდებათ?”- იკითხა პროკურორმა.

“ნუ გეშინიათ, უარეს ვიზამთ”, – ეს ერთ-ერთი ქალის რეაქცია იყო სასამართლო დარბაზიდან.

პარასკევს, 17 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმის აქციის საქმეზე” კიდევ 6 პირს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო კიდევ ერთ არასრულწლოვანს გირაო – 3 ათასი ლარი.

ამავე საქმეზე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 80 პირი დააკავა. ამ საქმეებიდან 41 საქმეა ამ დროისთვის შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან

დღეს, 19 მარტს, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო “ბათუმის აქციის საქმეზე” 9 ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. მათ მასობრივ არეულობაში, ასევე პოლიციელებისთვის და საჯარო უწყებებისადმი თავდასხმა ედებათ ბრალად.

“გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი იქნება 4 წელი, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის, მერაბ მურმანიძის შემთხვევაში – 7 წელი. მას კონკრეტულ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად,”- მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

მერაბ მურმანიძის გარდა, ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილს სასამართლო დარბაზში იკავებენ: შოთა გორგაძე, რამაზ დუმბაძე, მურმან კონცელიძე, მანუჩარ ფარტენაძე, ზაზა გოგიტიძე, რევაზ თურმანიძე, აკაკი კვაჭაძე და გიორგი გუბელაძე.

სხდომის დაწყებისთანავე ბრალდებულებს მოსამართლემ შეახსენა, რომ ორი დღის წინ ამავე ბრალდებით დაკავებულ ექვს პირს მან წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის, არასრულწლოვანს.

“როგორც ვიცი, არასრულწლოვნის ნაწილში გასაჩივრებულია გადაწყვეტილება. საინტერესოა, როგორი იქნება ამ კუთხით სააპელაციოს შეფასება,”- აღნიშნა მოსამართლემ.

“იქნებ ცალ-ცალკე ნუ წაიკითხავენ პროკურორები ბრალს თითოეული პირის მიმართ. კვირაა და ეს გავითვალისწინოთ”- ეს მოთხოვნა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დააყენა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა შაბათია თუ კვირა,”- უთხრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ. მან ცხრავე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამჯერად ადვოკატების სიტყვით გამოსვლის დროა.

რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ პირველი ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 20 მარტიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. 20 მარტიდან ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე.

ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში წაიკითხავთ:

პოლიტიკა დანგრეული „ქაღალდის კედელი“
ავტორი: დათო ქოქოშვილი

ფოკუსი თემაზე ქრისტიანობის კრიზისი 
ავტორი: ნანა კვაჭაძე

ეკონომიკა ხეების გადამზიდავი 
ავტორი: თედო ჯორბენაძე

ადამიანის უფლებები „თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში 
ავტორი: ეთერ თურაძე

კავკასია  ჯერ განვითარება, შემდეგ კონფლიქტები 
ავტორი: გიორგი კანაშვილი

ინტერვიუ  კონსტიტუციის ცვლილებების კონტექსტი
ავტორი: მაია მეცხვარიშვილი

საზოგადოება  როცა შუა ქალაქში შეუმჩნევლად კვდები 
ავტორი: ჯაბა ანანიძე

ჯანმრთელობა  გაბრაზებულხართ ექიმზე? გაბრაზებულხართ პაციენტზე? 
ავტორი: ქეთი მაჭავარიანი

სოფელი  სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს
ავტორი: ეკა ბარამიძე

მოგზაური ეტიუდები ჩოხატაურიდან 
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ლიტერატურა სარკეში საკითხავი წერილები 
ავტორი: ლია ლიქოკელი

დიზაინი სახლი, რომელსაც სული აქვს 
ავტორი: ნათია ზოიძე

ფოტორეპორტაჟი ზღვა ნაპირიდან 
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

შპს „გაზეთი ბათუმელები“  ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს 2017 წლიდან გამოსცემს. ჟურნალის გამოწერის მსურველებმა მოგვწერეთ: batumipress@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 422 27 99 12. მობ: 568 84 59 63

ჟურნალ "ბათუმელების“ პირველი ნომრის გარეკანი. ყდაზე: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია
ჟურნალ “ბათუმელების“ პირველი ნომრის გარეკანი. ყდაზე: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი ჟენევაში

15 მარტს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში, სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, სადაც სერხიო ვიეირა დე მელოს სახელობის საერთაშორისო ფონდის მოწვევით, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ელისო ბოლქვაძემ ბახის, შოპენის, სონის და პროკოფიევის ნაწარმოებები შეასრულა.

ჟენევაში გამართული კონფერენციის საგანგებო სტუმარი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, იგი კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანთა უფლებების დაცვის ისეთ თემაზე, როგორიცაა ლტოლვილთა საკითხები მთელს მსოფლიოში. კონფერენცია BBC-ის ჟურნალისტს, ლიზ დუსეტს მიჰყავდა.

„ეს იყო ბრაზილიელი დიპლომატის ხსოვნის საღამო, რომელიც ბაღდადში დაიღუპა. სერხიო ვიეირა დე მელო მთელი ცხოვრება ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა. ამიტომაც ჩამოვიდა ამ საღამოზე ანჯელინა ჯოლი, როგორც გაერთიანებული ერების საგანგებო ელჩი და მე მიწვეული ვიყავი, როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი“  – განაცხადა „ბათუმელებთან“ ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, ანჯელინა ჯოლი მორიდებული, თბილი და ჰუმანური ადამიანია:

unnamed (1)„ანჯელინა ჯოლი წლებია პოპულარობას ადამიანების დასახმარებლად იყენებს.  მთელი მისი ცხოვრება ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართულობის ძალიან მკაფიო მაგალითია.  იგი  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო ელჩია,  ასეთი ელჩები არიან მაიკლ დუგლასიც და ლეონარდო დიკაპრიო, მაგრამ მათ სხვა თემები აქვთ. ჯოლი ძირითადად ლტოლვილების თემაზე მუშაობას.

მან ძალიან სერიოზული მესიჯები გააჟღერა კონფერენციაზე, ძალიან დიდი ძალა აქვს მის საუბარს.

ჩემი მთავარი მესიჯი იყო დაკვრა. მე პიანისტი ვარ და ჩემი, როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტის როლი, მიმართულია  იქეთკენ, რომ ჩემი სახელი და მუსიკალური შესაძლებლობები გამოვიყენო  ცნობიერების ამაღლებისთვის, ბავშვთა კულტურული განვითარებისა და განათლების ხაზით.  ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მუსიკის ძალა განუსაზღვრელია, მუსიკა შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც მშვიდობის უნივერსალური ენა.  მიხარია, რომ ამ საღამოზე დაკვრის საშუალება მომეცა“  – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“.

პიანისტი ელისო ბოლქვაძე  ერთადერთი ქართველი არტისტია, რომელსაც ‘’იუნესკოს მშვიდობის არტისტის’’ ტიტული აქვს. მას ეს წოდება  პარიზში, 2015 წლის გადაეცა, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვას მიერ, საქველმოქმედო საქმიანობისათვის, კერძოდ, ფონდ ‘’ლირას’’ დაარსებისათვის, რომელიც ელისო ბოლქვაძემ  2013 წელს დაარსა ახალგაზრდა ქართველი პიანისტების დასახმარებლად.

 

17342778_10211805734035025_8369886001664200327_n

3
ელისო ბოლქვაძე

 

ამავე თემაზე: 

კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე 

”ეს ფესტივალი არ არის გათვლილი ელიტაზე” – ელისო ბოლქვაძე ბათუმის მუსიკალური ფესტივალის შესახებ

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 40 ათას ლარად ერთ ელექტროავტობუსს იყიდის

ბათუმის მერიის ა(ა)იპ – „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“, ერთ ელექტროავტობუსს [ელექტრომობილს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. ელექტრომობილის შესაძენად თანხას, 40 ათასამდე ლარს, ბოტანიკური ბაღი საკუთარი შემოსავლებიდან გადაიხდის.

40 ათასი ლარი სატენდერო თანხაა და შესთავაზებენ თუ არა ბოტანიკურ ბაღს ელექტრომობილს გაცილებით დაბალ ფასში, ტენდერის შემდეგ გამოჩნდება. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.


ბათუმის ბოტანიკური ბაღი / 2016 წელი / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმის ბოტანიკური ბაღი / 2016 წელი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვებგვერდის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან [უნივერსიტეტის, ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით] საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე ელექტრომობილით ერთი დამთვალიერებლის ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 ლარს.

ელექტრომობილის ინდივიდუალური მომსახურების [რომელიც გულისხმობს არაუმეტეს 5 ადამიანის მიერ 1 საათით ელექტრობუსის ინდივიდუალურ გამოყენებას ბაღის ძირითადი ტურისტული მარშრუტის დათვალიერების მიზნით] ღირებულება შეადგენს – 60 ლარს.

ზოგადად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური შეადგენს 8 ლარს. ფასდაკლებით სარგებლობენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები [2 ლარი] და სკოლის მოსწავლეები და 16 წლამდე მოზარდები [შესვლის საფასური 1 ლარი].

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახის წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. აღნიშნული შეღავათი დაიშვება სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ“.

ბოტანიკურ ბაღში მოქმედებს ბაღის დათვალიერების აბონიმენტებიც, რომელთა მფლობელები ბაღის ტერიტორიაზე დაიშვებიან დღის განმავლობაში ერთხელ, დროის შეუზღუდავად.

ბოტანიკურ ბაღს, გარდა იმისა, რომ ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკუთარი შემოსავლები აქვს ვიზიტორებისგან და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მომსახურება.

e-service-1
ელექტრომობილები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში / ფოტო: „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“

ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

ვინ ააშენებს საზოგადოებრივ ტუალეტებს ბათუმში და საერთოდ აშენდება თუ არა, ამ დრომდე გაურკვეველია. ბათუმის მერიამ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა სკვერში 6 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა, თუმცა საქმე არ გაკეთდა.

თამილა თოფურიძე მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. წლის განმავლობაში 6 საზოგადოებრივ ტუალეტში მიღებული შემოსავლიდან მას ბათუმის ბიუჯეტში მხოლოდ 3200 ლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშოს ერთი კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უნდა მოწყობილიყო. მიწის ნაკვეთები 6 სხვადასხვა სკვერში მერიამ იჯარით, 15 წლის ვადით გაასხვისა.

ტუალეტების მშენებლობაც დაიწყო, თუმცა მშენებლობა მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ თუ ზოგიერთმა ორგანიზაციამ. პროტესტის მიზეზად მერიის მიერ შერჩეულ ადგილებს ასახელებდნენ.

ბათუმის მერიამ უკან დაიხია, აუქციონში გამარჯვებულმა მერიასთან ხელშეკრულება მოშალა, ხოლო შედეგად, გამარჯვებულს ზარალი, ქალაქს კი ზოგიერთ სკვერში ტუალეტებისთვის განკუთვნილი მიტოვებული ფუნდამენტები დარჩა:

IMG_20170319_104419
ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტი ბათუმში / ძმები ზუბალაშვილებისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთა / 19.03.2017
ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტი ბათუმში / გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა / 19.03.2017
ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტი ბათუმში / გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა / 19.03.2017

ბათუმში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა შეჩერდა

ეკლესიის მიმდებარე სკვერში ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებენ

„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში

ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

 

ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ფოტოგრაფთა გამოფენა ბათუმში

„სამი კუთხე“  –  ასე ერქვა გამოფენას, რომელიც დღეს, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა. სამი ქვეყნის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყოველდღიურობა და ამ ქვეყნებში  მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ამბებზე – აი, რა დახვდა გამოფენაზე მისულ დამთვალიერებს.

„მთავარი მესიჯი ამ გამოფენის არის ის, რომ ჩვენ კი ვართ მეზობელი ქვეყნები, მაგრამ არ ვიცნობთ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენი მეზობლები ცხოვრობენ. გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენები გვაქვს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა მათთან. გამოფენისთვის 35 ფოტო ავარჩიეთ. ამ გამოფენით გვინდა ვაჩვენოთ რამდენად მსგავსია ის მოვლენები, რაც ამ სამ ქვეყანაში ხდება, რამდენად ღრმა კავშირია ამ სამ ქვეყანას შორის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გამოფენის ორგანიზატორმა მაკა ჩხაიძემ.

გამოფენა 15 აპრილამდე გასტანს. ამასთან გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო და მულტიმედია მასალა, „მედია არტივიზმის“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე www.myangle.net – ზეცაა შესაძლებელი.  ეს ერთადერთი მოქმედი პლატფორმაა, სადაც ვიზუალურ არტისტებს აზერბაჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან თავიანთი ნამუშევრების/პროექტების ატვირთვა და ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ.

სამი კუთხე - გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმელ გოგონათა გუნდმა ქეთი მელუას სიმღერის კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა [კლიპი]

ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მომღერალ ქეთი მელუას მიერ გამოცხადებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა.

ქეთი მელუამ გასული წლის დეკემბერში ევროპის საგუნდო კოლექტივების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გუნდებს  უნდა შეესრულებინათ და გადაეღოთ კლიპი სიმღერაზე  – Dreams on fire.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოდან ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მიიღო. მათ კონკურენციას ევროპის 14 გუნდი უწევდა, მათ შორის გუნდები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან ავსტრიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან. რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდის სიმღერაზე კლიპი სააგენტო „Brotherhood Production“-მა მოამზადა.

რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდი  9-დან 16 წლამდე 30-ზე მეტ გოგონას აერთიანებს. გუნდს მაგდანა მათითაიშვილი ხელმძღვანელობს. წელს გუნდი დაარსებიდან მეათე, საიუბილეო წელს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონალურ თუ საერთაშორისო მასშტაბებით გუნდს სხვადასხვა კონკურსზე მოპოვებული აქვს 4 გრან-პრი, 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი.

საიუბილეო წელთან დაკავშირებით გუნდი სოლო კონცერტებს გეგმავს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

4-დან 6 წლამდე პატიმრობა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის – თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირია დაკავებული  დააკავა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოახდინეს დიდი ოდენობით სიგარეტის ,,DUBAO’’-ს აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში ზემო აჭარაში 20-24 მარტს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით 20-22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დილით და საღამოს თითო საათით შეუწყდებათ ზემო აჭარის სოფლებს: ზუნდაგა, გეგელიძეები, კოკოტაური, ხიჭაური, ბარათაული, ჭვანა და დღვანი. დენის მიწოდება ამ სოფლებში 2714 აბონენტს შეუწყდება დილის 10-დან 11 საათამდე და საღამოს, 18-დან 19 საათამდე.

სოფლებში: დოლოგანი, უჩხითი და მახუნცეთი, 20-24  მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 752 აბონენტს შემდეგ საათებში: დილის 10-დან 11 საათამდე და საღამოს, 18-დან 19 საათამდე.

Exit mobile version