სიახლეები

შუახეველი მოსწავლეების სკანდალური “ეტალონი“

25.06.2015 • 2202
შუახეველი მოსწავლეების სკანდალური “ეტალონი“

„ეტალონის“ ჩასაწერად თბილისში წასულ მოსწავლეებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრის უფროსი და სხვა საჯარო მოხელეები ახლდნენ. თითოეულ ბავშვს ასევე შეეძლო სამი ადამიანი წაეყვანა თან – მეგობარი, მშობელი და მასწავლებელი. შუახევიდან „ეტალონის“ ჩასაწერად სულ სამი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ – 10 მონაწილე, მათი თანმხლები პირები და საჯარო მოხელეები.

შუახევის გამგებლის მოადგილის ზვიად დიასამიძის თქმით, ჯგუფის ტრანსპორტირება შუახევის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.

 

ფინალში გასული ორი მოსწავლიდან ერთ-ერთი გრიგოლ ხანძთელის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეა. მისი კონკურენტი კი ცინარეთის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე იყო. ძირითადად შეჯიბრი სწორედ ამ ორ მოსწავლეს შორის გაიმართა, სადაც პირველ ადგილზე გასულს შესაბამისი პრიზები – 300 ლარი, ლეპტოპი, ტელეფონი და წიგნები შეხვდა, ხოლო მეორე ადგილზე გასულის პრიზები იყო – წიგნები და 200 ლარი.

ზვიად დიასამიძის ინფორმაციით, საჩუქრებისთვის ფული საჯარო მოხელეებს შორის აგროვდა. მეორე პრიზიორისთვის გადასაცემი 200 ლარი კი რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ საკუთარი ჯიბიდან გაიღო.

მეორე ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელი ამბობს, რომ პირველად თავად მისმა მოსწავლემ შეამჩნია კონკურენტს ვიღაც მამაკაცი რომ კარნახობდა დარბაზიდან. აი, როგორ აღწერს სიტუაციას კონკურსანტის ისტორიის მასწავლებელი მარად არძენაძე: „იქ ცოტა არ იყოს, „ეტალონს“ რომ არ ეკადრება, ისეთი საქციელი იყო, მაყურებლის მხრიდან კარნახს ჰქონდა ადგილი. იყო ისეთი პიროვნება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. ის კარნახობდა ერთ ადამიანს. მე დავინახე და ფიზიკური შეხებაც კი მქონდა, ეს არ გააკეთო-მეთქი. მე ჩემი რეაქცია გამოვხატე ამ საკითხთან მიმართებაში. იქ იყო უსამართლობა. ამ კაცმა პირად საუბარში მითხრა, რომ ასეთი რამე ბევრჯერ გაუკეთებია. ჩოჩქოლი რომ ატყდა გულშემატკივართა რიგებში, წამყვანმა გვითხრა დაწყნარდითო და გადაღება გაგრძელდა. სულ ეს იყო მათი რეაქცია“.

კაცი, რომელიც თითქოსდა კარნახისთვის წაიყვანეს თბილისში, ჯემალ ბერიძეა. ის ქედაში ცხოვრობს. ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს „ეტალონი“, რამდენჯერმე მართლაც პირადად ესწრებოდა სტუდიაში გადაცემის ჩაწერას, ამიტომ ახლაც ისარგებლა შემთხვევით და შუახეველ მოსწავლეებს გაყვა ჩაწერაზე. ის ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო:

„რესურსცენტრს ვთხოვე, რომ წამიყვანეთ-მეთქი, ოთხი წელია არ ვყოფილვარ და მინდოდა წასვლა… გამარჯვებულ ბავშვს ვიცნობ, ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, ჩემგან ჟურნალი რეიტინგი მიჰქონდა, სადაც ტესტებია გამოქვეყნებული… სტუდია იმდენად არის დარბაზს დაშორებული, მართლა ვერაფერს ვერ უკარნახებ. არ ვიცი, რატომ უნდათ სკანდალი – ეს ხომ შუახევისა და აჭარის შერცხვენა იქნება“.

შუახევის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა გადაცემის ჩაწერას სტუდიაში, ამბობს, რომ ჩაწერის დროს პირველ რიგში იჯდა და ამიტომ არაფერი შეუნიშნავს. ის ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ გარკვეული „ჩოჩქოლი ნამდვილად ატყდა სტუდიაში“. „კი იყო გართულება, პროტესტი გამოთქვეს, მაგრამ ნაწილი ამბობდა კარნახობდაო, ნაწილი – არაო. ზოგიც იმას ამბობდა, რომ ყველას კარნახობდნენო“, – ამბობს ზვიად დიასამიძე.

„ბათუმელები“ „ეტალონის“ ჩაწერაზე შუახეველ მოსწავლეებთან ერთად მყოფ რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა. ყველა მათგანი ამბობს, რომ „ჩოჩქოლი ნამდვილად იყო ჩაწერის დროს, მაგრამ პირადად მას კარნახის ფაქტი არ დაუფიქსირებია“.

„ბათუმელებმა“ დაკავშირება ვერ მოახერხა შუახევის რესურსცენტრის უფროსთან, ედუარდ გოგრაჭაძესთან.

ამ საკითხზე გადაცემის წამყვანსა და შუახევის სკოლების წარმომადგენლებს შორის კამათი სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. მომხდართან დაკავშირებით „ბათუმელების“ კითხვებს კი „ეტალონმა“ წერილობით შემდეგი უპასუხა:

 

„7 ივნისს „პირველი არხის“ სტუდიაში შედგა „ეტალონის“ 4 გადაცემის ჩაწერა, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ჩაწერის დროს, როცა მაყურებლებს შორის ატყდა მცირე ჩოჩქოლი, წამყვანმა შეაჩერა ჩაწერა და იკითხა, რა ხდებოდა, თუმცა მაყურებლების მხრიდან იყო პასუხი _ „არაფერი, ყველაფერი წესრიგშია“ და ჩაწერაც ჩვეულებრივად გაგრძელდა. გადაცემის ჩაწერის შემდეგ, ბავშვებმა და მაყურებლებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ისე დაიშალენ, არავის ერთი სიტყვაც კი არ გამოუთქვამს პრეტენზიის სახით. რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენს სეგმენტ-პროდიუსერს, რომელიც უშუალოდ კურირებს ჩაწერის მონაწილეების სიებს, მათთან ჩაწერამდე კონტაქტს, ჩაწერაზე მიღება-გაცილებას, დაურეკა ვიღაც პირმა, რომელმაც განუცხადა, რომ არის მეორე ადგილზე გასული მოსწავლის პედაგოგი და აქვს პრეტენზია სტუდიაში კარნახთან დაკავშირებით. ჩვენი პროდიუსერი შეეცადა დეტალების გარკვევას და აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც ტელეფონით გამოთქვამდა პრეტენზიას, საერთოდ არ იმყოფებოდა გადაცემის ჩაწერის დროს სტუდიაში!!! ამის შემდეგ ჩვენ შუახევიდან აღარავინ დაგვკავშირებია (არც მოსწავლეები, არც პედაგოგები და არც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები).

საერთოდ, როცა გადაცემის ჩაწერა იწყება, ყველა მონაწილე სრულიად თანაბარ მდგომარეობაშია. ყველა ხედავს მაყურებლებს და მაყურებლებიც ხედავენ მონაწილეებს და ერთმანეთს. ჩვენ გვესმის, რომ ეტალონში მონაწილეობისას ყველას სურს გამარჯვება, ყველა პედაგოგს სურს თავისი მოსწავლის წარმოჩენა და ამიტომ, ტრადიციულად, ყველა გადაცემის ჩაწერის წინ წამყვანი მიმართავს მონაწილეებს და სტუმრებს, ახსენებს, რომ „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მადლით ხორციელდება და სთხოვს: „არავინ გაცდუნოთ ეშმაკმა, თავი შეიკავეთ უღირსი საქციელისგან…“

სკანდალური „ეტალონი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველ აგვისტოს უნდა გავიდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: