მთავარი,სიახლეები

სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე

20.03.2017 • 2031
სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 11 მარტის ბათუმის აქციის სამ მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმა შეუფარდა. მანუჩარ მამულაძემ, ზაზა ბოლქვაძემ და გიორგი წოწორიამ სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს.

სამივეს მიმართ პოლიციელებმა ერთი და იგივე თქვეს, რომ დაკავებულები ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამივე მათგანი პოლიციელებმა 12 მარტს, დილით დააკავეს, მოგვიანებით კი, სასამართლო სხდომამდე, ხელწერილით გაათავისუფლეს.

“დაკავების დროს ხომ არ ჰქონია ადგილი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას?”- იკითხა მოსამართლემ. მას შემდეგ, რაც დაკავებულებმა უარის ნიშნად თავი გააქნიეს, მოსამართლემ კონკრეტულად ზაზა ბოლქვაძეს გაუმეორა შეკითხვა, ვისაც მარჯვენა ყური ახლაც შეხვეული ჰქონდა.

ზაზა ბოლქვაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ დაზიანება არ უკავშირდებოდა 11-12 მარტის მოვლენებს.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი სასამართლო პროცესიდან:

პოლიციელმა გია ბოლქვაძემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მანუჩარ მამულაძის მიმართ თქვა – “ის ამ დროისთვის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”.

მოგვიანებთ, როცა მანუჩარმაც იგივე გაიმეორა, ვაღიარებ დანაშაულს და ვინანიებო, მოსამართლემ განმარტა, რომ საქმე ადმინისტრაციული წესით განიხილება და მათ არავინ ედავება დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლო მანუჩარს 100 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მას არ დაუდასტურდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და ჯარიმა მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დაეკისრა. დანარჩენ ორ პირს ჯარიმა მოსამართლემ 250 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

დღეს, 20 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციის მონაწილე კიდევ 4 პირის საქმე განიხილა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ოთხივეს მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

IMG_20170320_162055

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: