ბათუმის მერია დეველოპერი კომპანიებისთვის მშენებლობისას საზოგადოებრივი სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შეცვლას გეგმავს. დადგენილების პროექტის მიხედვით, ბათუმში, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობისთვის გამოყენებაზე, ტექნიკის განსათავსებლად თუ სამშენებლო მოედნის სპეციალური ღობით შემოსასაზღვრად, ტარიფები დადგინდება.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროცედურების განხორციელება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითად უნდა აისახოს, მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებით დაინტერესებული დეველოპერი დადგენილებით განსაზღვრულ გადასახადს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიტანს.
გადასახადი კი მერიამ ასე განსაზღვრა:
• ერთი გრძივი მეტრი სიგრძის ხაზობრივი ნაგებობის განთავსება – ერთი ლარი,
• სამშენებლო ღობის განთავსება- ერთი ერთეული ნივთი [კვადრატულ მეტრზე თვეში] ერთი ლარი,
• საზოგადოებრივ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთის განთავსება, ერთი ერთეული ნივთი- 1000 ლარი,
• გზაჯვარედინზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხით სარგებლობა, ერთი გრძივი მეტრი – 83 ლარი.
მსგავსი დადგენილება ბათუმის საკრებულომ 2007 წლის 19 ივლისსაც გამოსცა, თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, მაშინ ის მხოლოდ ფურცელზე დარჩა და მისი ამოქმედებისთვის ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში დადგენილი პროცედურები არ განხორციელებულა. ახლი დადგენილების დამტკიცება ძველის ძალადაკარგულად გამოცხადებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, პროექტში ნათქვამია, რომ გაუქმდება ძველი დადგენილების ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებიც.
„…ძველი დადგენილება ითვალისწინებდა გარკვეული ბრძანებების გამოცემასაც – მათ შორის უნდა განსაზღვრულიყო პასუხისმგებელი პირი, ვინც მონიტორინგს გაუწევდა პროცესს. ბრძანებები მაშინ არ მიუღიათ, შესაბამისად, დადგენილება არ ამოქმედებულა,“ – განმარტავს გოგა ლომაძე, მერიის საფინანსო -ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი.
კითხვაზე, ითვალისწინებდა თუ არა 2007 წლის დადგენილება საზოგადოებრივი სივრცეების შეუთანხმებლად ათვისებისთვის დაჯარიმებას, ან სხვა რაიმე სახის სანქციების დაკისრებას – გოგა ლომაძეს პასუხი არ აქვს: „ ეს საკითხი უკვე იურისტებთან ერთად უნდა გაიაროთ. არ ვიცი, ითვალისწინებდა თუ არა მსგავს საკითხებს ძველი დადგენილება“.
მერიის იურიდიულ სამსახურში ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი დღე ითხოვეს. მეორე დღეს კი მივიღეთ პასუხი, რომ რადგან ძველი დადგენილება არ მუშაობდა, შესაბამისად, ამ დადგენილებით ვერანაირი ღონისძიებები ვერ გატარდებოდა.
ახალი დადგენილების პროექტში არ წერია, რომ დადგენილება არ მუშაობდა, ამ პროექტის მიხედვით დადგენილება „სრულად არ მუშაობდა“, რაც სულ სხვა შინაარსს გულისხმობს.
რა ეწერა 2007 წელს გამოცემულ დადგენილებაში?- ამაზე „ბათუმელები“ დაწერს მას შემდეგ, რაც მივიღებთ საკრებულოდან ამ დადგენილებას, რომელიც საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ.