მთავარი,სიახლეები

136 ბინა აჭარაში მოქალაქეებზე 1 ლარად გადასაცემად

20.03.2017 • 5769
136 ბინა აჭარაში მოქალაქეებზე 1 ლარად გადასაცემად

საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა 136 საცხოვრებელი ბინა ბათუმსა და ქობულეთში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვისი ინიციატივით გადმოეცა სახელმწიფო ქონება ავტონომიურ რესპუბლიკას და რა მიზნით აპირებს ამ ქონების განკარგვას აჭარის მთავრობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული „ქონების გადმოცემა მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით“.

აღნიშნულ ბინებში, ჩვენი ინფორმაციით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

რატომ მოითხოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ამ ბინების აჭარის ქონებად დარეგისტრირება, რათა მან გადასცეს ბინები სიმბოლურ ფასად იქ მცხოვრებ ოჯახებს?  მითუმეტეს, ამას ისეთაც აკეთებს საქართველოს მთავრობა? – ამ კითხვაზე აჭარის მთავრობის პრესსამსახურს მივმართეთ, საიდანაც ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

„უბრალოდ ტექნიკური პროცედურაა. არსებითი რაიმე სამართლებრივი საფუძველი ან ქვეტექსტი ამას არ აქვს. არც რაიმე დოგმატური მოთხოვნაა კანონში. შესაძლოა საქართველოს მთავრობამ გადასცეს და შესაძლოა ადგილობრივმა მთავრობამ. უბრალოდ, ავტონომიური რესპუბლიკა, უფლებების დელეგირების ფარგლებში, ბევრ საკითხს ადგილზე წყვეტს. პრეცედენტი ადრეც ყოფილა. ასე ვთქვათ, დევნილები ცალკე ჯგუფად არ გამოყოფილა, მაგრამ იყო სოციალური სახლები, ასევე ქონება, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახები და ხდებოდა მათზე პირდაპირი მიყიდვა. მომავალშიც იქნება, როცა საქართველოს მთავრობა მოაგვარებს საკითხებს და იქნება ისეც, რომ მოვითხოვოთ დელეგირება და ჩვენ მოვაგვაროთ,“ – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის განყოფილების უფროსმა, ავთანდილ გორაძემ.

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ეს ბინები აჭარის საკუთრებაშია. როდის აპირებს ბინების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას ზურაბ პატარაძე? – „შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს – ქონება უკვე რეგისტრირებულია აჭარის საკუთრებად, ამ დღეებში მოქალაქეებზე გადასაცემ ქონებას აუდიტი შეაფასებს და დაიწყება საკუთრებაში გადაცემაც,“ – აცხადებს ავთანდილ გორაძე.

სახელმწიფოსგან აჭარისთვის გადაცემული ბინები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

ბათუმში:

  • დასახლება კახაბერი;
  • მელიქიშვილის მესამე შესახვევი;
  • ლეონიძის ქუჩა N15;
  • ხახულის ქუჩა N53.

 ქობულეთში:

  • დაბა ჩაქვი, აკაკი წერეთლის N5, კორპუსები: N1, N2, N3;
  • თავისუფლების ქუჩა N19-ის მიმდებარედ;
  • რუსთაველის ქუჩა 137;
  • 9 აპრილის ქუჩა N109.

ბინების კონკრეტული მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

17408427_1475053282539334_344931563_o

სახლი ბათუმში, მელიქიშვილის მე-3 შესახვევში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ / ფოტო: ლელა დუმბაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: