მთავარი,სიახლეები

9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან

19.03.2017
9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან

დღეს, 19 მარტს, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო “ბათუმის აქციის საქმეზე” 9 ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. მათ მასობრივ არეულობაში, ასევე პოლიციელებისთვის და საჯარო უწყებებისადმი თავდასხმა ედებათ ბრალად.

“გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი იქნება 4 წელი, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის, მერაბ მურმანიძის შემთხვევაში – 7 წელი. მას კონკრეტულ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად,”- მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

მერაბ მურმანიძის გარდა, ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილს სასამართლო დარბაზში იკავებენ: შოთა გორგაძე, რამაზ დუმბაძე, მურმან კონცელიძე, მანუჩარ ფარტენაძე, ზაზა გოგიტიძე, რევაზ თურმანიძე, აკაკი კვაჭაძე და გიორგი გუბელაძე.

სხდომის დაწყებისთანავე ბრალდებულებს მოსამართლემ შეახსენა, რომ ორი დღის წინ ამავე ბრალდებით დაკავებულ ექვს პირს მან წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის, არასრულწლოვანს.

“როგორც ვიცი, არასრულწლოვნის ნაწილში გასაჩივრებულია გადაწყვეტილება. საინტერესოა, როგორი იქნება ამ კუთხით სააპელაციოს შეფასება,”- აღნიშნა მოსამართლემ.

“იქნებ ცალ-ცალკე ნუ წაიკითხავენ პროკურორები ბრალს თითოეული პირის მიმართ. კვირაა და ეს გავითვალისწინოთ”- ეს მოთხოვნა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დააყენა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა შაბათია თუ კვირა,”- უთხრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ. მან ცხრავე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამჯერად ადვოკატების სიტყვით გამოსვლის დროა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: