მთავარი,სიახლეები

ერმაკოვი აქციის შედეგად ბათუმში ასობით გაუქმებული ტურისტული ჯავშნის დეტალებზე

21.03.2017 • 2759
ერმაკოვი აქციის შედეგად ბათუმში ასობით გაუქმებული ტურისტული ჯავშნის დეტალებზე

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, რომელიც მან გუშინ, 20 მარტს გაავრცელა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა ბათუმში ასობით ჯავშანი გააუქმეს. აღნიშნულ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. თუმცა, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საპროტესტო აქციის დღეებში ირანულმა კომპანიამ ბათუმის ნაცვლად თბილისში გადაიტანა ტური. „ბათუმელებმა“ გიორგი ერმაკოვს „ასობით“ გაუქმებული ჯავშნის დეტალებზე ჰკითხა.

ბატონო გიორგი, გუშინ, 20 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ წერილში თქვენ ამბობთ, რომ „აქციის მეორე დღესვე ასობით ჯავშანი გაუქმდა რეგიონის სასტუმროებში“. ვინ მოგაწოდათ და რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია?

ასობით, ათობით, ზუსტი სტატისტიკა არ მიწარმოებია მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ მოვიკითხე და ძალიან ბევრი ჯავშანი, რომელიც იყო დადასტურებული, გაუქმდა. მე ბრალს არავის ვდებ ჩემს გამონათქვამებში, მაგრამ ყველაზე მეტად ქალაქის მერს ის ადარდებს, რომ საზაფხულო სეზონი მოდის და ასეთი ფაქტი მოხდა.  15 ქვეყნის 25 ქალაქთან ვართ დამეგობრებული, არ დარჩენილა ალბათ არც ერთი ქალაქის მერი, ნიუ-ორლეანის მერს არ დაურეკია, ალბათ, რომ ჩემთან არ დაერეკა. მეკითხებოდნენ რა ხდებაო.

რომელი ქვეყნების მოქალაქეებმა გააუქმეს ძირითადად ჯავშანი, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

ძირითადად მაინც ბელორუსიიდან, უკრაინიდან მირეკავდნენ, აზერბაიჯანიდან მირეკავდნენ…

თქვენ გითხრეს, რომ ჯავშანი გააუქმეს ბათუმში?

მე მიმაჩნია, რომ არის სასტუმროები, რომლებსაც დაჯავშნული აქვთ ნომრები და მთელი ზაფხული აქვთ გაწერილი. სტატისტიკები ტურიზმშიც მოვიკითხე, საერთო რაოდენობა ვნახე, რამდენი იყო ვთქვათ, დაჯავშნული გასულ წელთან შედარებით და რამდენია ახლა.

თუმცა სხვაობა სტატისტიკაში, თუნდაც კლება, წესით ჯავშნის გაუქმებას არ უნდა ნიშნავდეს, არა? 

ამით მე ხაზი გავუსვი იმას, თუ რამდენად სარისკო და ცუდის მომტანია ეს ყველაფერი. რამდენად ცუდად მოქმედებს რეგიონზე და, ზოგადად, ქალაქზე, როცა გირეკავენ და გეკითხებიან „რა ხდება?“. წავიდა ისეთი ინფორმაცია, თითქოს მთელი ქალაქის ქუჩები მასობრივად იყო მოცული მღელვარებით და არეულობით. ყველა ქუჩაში რაღაც იწვოდა. ამიტომ, მე რაც ვთქვი, ჩემი მსჯელობა იყო…

ანუ თქვენი ვარაუდი იყო, როცა თქვით ასობით ჯავშანი გაუქმდაო?

შეიძლება ასობით არ იყო, იყო ასამდე, მაგრამ ჯავშანი გაუქმდა ძალიან ბევრი.

ერთი კონკრეტული სასტუმრო შეგიძლიათ დაგვისახელოთ, სადაც გააუქმეს ჯავშანი საპროტესტო აქციის შემდეგ?

ასე ვერ ჩამოგითვლით ახლა, ყველას შევხვდი, ტურსააგენტოებს ველაპარაკე. იყო მაგაზე საუბარი, მსჯელობაც გვქონდა. სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს, რომ პროტესტი მისაღებია, გარკვეულწილად კარგია და დემოკრატიულობის ნიშანია, მაგრამ იმ მოვლენებში გადაზრდა, რაც ჩვენ ვნახეთ, ძალიან უარყოფითად მოქმედებს ტურისტულ სეზონზე.

თქვენ ამ წერილში ასევე საუბრობთ იმაზე, რომ „ვისაც ბრალი მიუძღვის აღნიშნული ვანდალური აქტის ორგანიზებასა და მის განხორციელებაში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“. რამდენად სწორია ქალაქის მერის მხრიდან დასჯის ხარისხზე საუბარი?

მე ხომ არ ვამბობ, რომ ტყუილად დაისჯება. შს სამინისტრო იქნება თუ სხვა სტრუქტურები დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას და ჩემი განცდაც არის ის, რომ ყველა დაისჯება, ადმინისტრაციული წესით იქნება თუ სისხლის სამართლის წესით. სხვა რა განცდა უნდა მქონდეს ქალაქის მერს ან მოქალაქეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: