სიახლეები

მერია კულტურის სფეროში თავისუფალ ინიციატივებს დააფინანსებს

20.03.2017
მერია კულტურის სფეროში თავისუფალ ინიციატივებს დააფინანსებს

ბათუმის მერია კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებსაც.

თითოეული პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიიდან მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი ჯამში 250 000 ლარია.

საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას უნდა  ემსახურებოდეს, კონკურსის წესით შეირჩევა. კომისია მიღებული  გადაწყვეტილების  შესახებ  განმცხადებელს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს.

მერიის ცნობით, ინიციატივების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას უზრუნველყოფენ, ასევე პროექტებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის აღქმის, დაცვისა და განვითარების ახლებურ მიდგომებსა და მექანიზმებს მოიცავენ – ” ხელს უწყობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მაღალი სულიერ-ესთეტიკური ღირებულების სათანადოდ წარმოჩენას, ქართული ეროვნული ტრადიციული კულტურის შემდგომ პოპულარიზაციას და ტრადიციული ხელოვნების აღორძინების საკითხებზე მომუშავე პირების პროფესიულ განვითარებას”.

განაცხადები მიიღება ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველი სამუშაო დღიდან თვის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით 09 საათიდან – 18 საათამდე, საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე.

პროექტები უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2017 წლის განმავლობაში.

დაფინანსების მისაღებად საჭიროა ბათუმის მერიაში წარადგონოთ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2, დანართი 3); თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და პორტფოლიო (შემოქმედებითი   მოღვაწეობის   ამსახველი   აუდიო-ვიზუალური   მასალა   – ასეთის   არსებობის შენთხვევაში). ასევე საჭიროა სარეკომენდაციო წერილი და თანადაფინანსების შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: