მთიანი აჭარა,სიახლეები

კირნათი-მაჭახელას გზაგამყოფზე მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

21.03.2017
კირნათი-მაჭახელას გზაგამყოფზე მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

კირნათი მაჭახელას გზაგამყოფზე მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გზის მოუწესრიგებელი მონაკვეთია, რაც ამავე ტერიტორიაზე კირნათი ჰესის მშენებლობით არის გამოწვეული. „საუბარია დაახლოებით 3 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე, ასევე თითქმის დანგრეულ ხიდზე, რომელზედაც ავტომანქანების გავლა საშიშია“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ხვდებიან ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, კონკრეტულ პასუხებს, თუ როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები, ჯერ ვერ იღებენ.

ხელვაჩაურის გამგებელი „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ გზაზე ნამდვილად რთული ვითარებაა.

„მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია იქედან გამომდინარე, რომ მართლაც ცუდი ვითარებაა. აქ თურქული კომპანია აშენებს ჰესებს და მძიმე ტექნიკა დადის ამ გზაზე… ზამთრის დროს დიდთოვლობამ კიდევ უფრო დაამძიმა ეს სიტუაცია. ეს საკმაოდ დატვირთული გზაა, იგი ორ ხეობას აკავშირებს ერთმანეთთან [მაჭახლისა და კირნათის], ამიტომ დროულად არის მოსაგვარებელი, რადგან მართლაც შეუძლებელია ამ  მოუწესრიგებელ გზაზე ყოველდღე გადაადგილება. მოსახლეობა და ხელისუფლება ვთხოვთ კომპანიას მოაწესრიგოს გზა, რომ მიმოსვლა იყოს შესაძლებელი,“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ გზის ეს მონაკვეთი რამდენჯერმე შეაკეთა, თუმცა ხელვაჩაურის გამგებლის განმარტებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ჯერზე კუსტარულად ტარდება, რის გამოც რამდენიმე დღეში კვლავ ჩნდება ორმოები. დღეს ისინი კომპანიისგან გზის უფრო საფუძვლიან რეაბილიტაციას ითხოვენ.

„მე ვისაუბრე ცოტა ხნის წინ კომპანიის წარმომადგენელთან, ახლაც ხეობაში ვარ და ველოდები როდის ამოვლენ, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუყენოთ მოთხოვნა – უფრო კაპიტალურად მოაწესრიგონ გზა, რომ რამდენიმე თვე მაინც გაძლოს [ამ ობიექტის დასრულებამდე]“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

იმის მიზეზად, რის გამოც მთავრობა ვერ ავალდებულებს მშენებელ კომპანიას დაზიანებული გზის მოწესრიგებას, ნადიმ ვარშანიძე 7 წლის წინ კომპანიასა და მაშინდელ მთავრობას შორის დადებულ მემორანდუმს ასახელებს, რომელშიც ჩადებული არ იყო სამშენებლო კომპანიის მიერ დაზიანებული გზის რეაბილიტაცია: „შესაძლოა სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, მაგრამ დოკუმენტალურად ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ დავავალდებულოთ მათ მიერ დაზიანებული გზის აღდგენა“.

ხელვაჩაურის გამგებლის თქმით, საგზაო დეპარტამენტი 2018 წლის ბიუჯეტში ამ გზის სრულად მოასფალტებას გაითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: