მთავარი,სიახლეები

11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

19.03.2017 • 4191
11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა  11 მარტის აქციის მონაწილეების – 9 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. დღეს არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება. დაკავებულების ახლობლები ახლაც სასამართლოს შენობის წინ დგანან. მობილიზებულია პოლიციაც.

“ბათუმის აქციის საქმეზე” კიდევ 9 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შეუფარდა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ცხრა ბრალდებულიდან, ვისთვისაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდება განიხილა დღეს სასამართლომ, მხოლოდ ერთმა, მერაბ მურმანიძემ მიმართა მოსამართლეს:

“მე არ ჩამიდენია დანაშაული, ეს იყო შეცდომა. სამი მომაკვდავი მყავს ოჯახში. ერთადერთი მარჩენალი ვარ,” – თქვა მერაბ მურმანიძემ.

ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა ნაკაიძემ მანამდე აღნიშნა, რომ მერაბ მურმანიძე უვლის ავადმყოფ დედ-მამას და მეუღლეს. მას ასევე ჰყავს 12 წლის შვილი.

მერაბ მურმანიძე ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. მას დანარჩენი ბრალდებულებისგან განსხვავებით, კონკრეტელ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მოხვდა რეზინის ტყვია. როდის მოახერხებდა ფეიერვერკის სროლას?”- იკითხა მანუჩარ ფარტენაძის ინტერესების დამცველმა, ტურფა ნიკურაძემ.

ადვოკატის თქმით, 22 წლის მანუჩარი ნასამართლევი არ ყოფილა, მეზღვაურია და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობს. “მიმალვა რომ სდომოდა, იოლად მოახერხებდა საზღვარგარეთ წასვლას. ამიტომ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება უსაფუძვლოა,”- დაამატა ადვოკატმა.

პროცედურულ დარღვევაზე გააკეთა აქცენტი ზაზა გოგიტიძის ადვოკატმა, გვანცა თურმანიძემ. მისი თქმით, ზაზა 17 მარტს დილით სარფის საბაჟოზე გადასვლის დროს დააკავეს, ხოლო დაკავების ოქმში წერია, რომ ზაზა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს საღამოს. „შესაბამისად, გასულია მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი”, – აღნიშნა ადვოკატმა.

IMG_20170319_190811მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატს მტკიცებულების წარმოდგენა შესთავაზა, მაგალითად, ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი საბაჟოდან.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელების მიერ შედგენილ პატაკებზე, რომლებშიც კონკრეტული პირების ამოცნობის შესახებ წერია.

“პატაკები 15, 16, 17 მარტსაა შედგენილი. მანამდე სად იყვნენ პოლიციელები, მოგონებებში იყვნენ?” – კითხულობს ადვოკატი. ის ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რევაზ თურმანიძე პოლიციელებმა ვიდეოკადრებიდან ქურთუკით ამოიცნეს. ბრალდებული უარყოფს წარდგენილ ბრალს.

“მე გაჩვენებთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს, სადაც ჩანს, რომ რამაზი სულ სხვა ფერის ქურთუკით შედის მაღაზიაში იმ საღამოს”, – თქვა დავით ჩავლეიშვილმა.

9 ბრალდებულიდან ორი კონკრეტულად პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ ცხოვრობს. ადვოკატები ირაკლი ნაკაიძე და შოთა ჯიბლაძე ყვებიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები აქციაზე იყვნენ, მაგრამ არაფერი დაუშავებიათ.

“მურმან კონცელიძე იქ ცხოვრობს, პოლიციასთან, 43 წლის კაცია, ოჯახი ჰყავს. იმ ღამით მისმა მეუღლემ დაინახა ფანჯრიდან, დაუძახა და წავიდა მერე სახლში,” – ამბობს ადვოკატი შოთა ჯიბლაძე.

ირაკლი ნაკაიძე, ადვოკატი: “აკაკი კვაჭაძე 20 წლისაა, აქამდე არ ჰქონია შეხება სამართალთან, დაბარებულიც კი არ ყოფილა პოლიციაში. მე არ ვფიქრობ, რომ პატიმრობის შეფარდება იყოს აუცილებელი”.

ადვოკატებს პროკურორმა რამაზ შავაძემ საპაექრო გამოსვლების დროს შეახსენა, რომ ბრალდებულებს პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად. “ერთ-ერთმა პოლიციელის იარაღის დაზიანებაც სცადა. თქვენ ფიქრობთ, რომ მათგან საფრთხე არ იარსებებს, თუკი პატიმრობა არ შეეფარდებათ?”- იკითხა პროკურორმა.

“ნუ გეშინიათ, უარეს ვიზამთ”, – ეს ერთ-ერთი ქალის რეაქცია იყო სასამართლო დარბაზიდან.

პარასკევს, 17 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმის აქციის საქმეზე” კიდევ 6 პირს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო კიდევ ერთ არასრულწლოვანს გირაო – 3 ათასი ლარი.

ამავე საქმეზე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 80 პირი დააკავა. ამ საქმეებიდან 41 საქმეა ამ დროისთვის შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: