„ბათუმის წყალი“: მახინჯაურსა და სოფელ განთიადში 18 საათამდე აღდგება წყლის მიწოდება

დღეს, 2 მაისს, წყალმომარაგება შეწყვეტილია მახინჯაურსა და სოფელ განთიადში. როგორც „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, წყლის შეწყვეტის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია და წყლის მიწოდება დღეს, 18:00 საათამდე აღდგება.

სარემონტო სამუშაოების გამო წყლის მიწოდება შეწყვეტილი იყო დაბა ჩაქვსა და სოფელ ჩაისუბანშიც, რის გამოც საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეაჩერეს. ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის თქმით, ბაღები ხვალ დილიდან განაახლებენ მუშაობას.

„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ ამ დროისათვის დაბა ჩაქვსა და ჩაისუბანში  წყალმომარაგება აღდგენილია.

 

წითელი ნეკერჩხლები ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში წითელ ნეკერჩხლებს და ყვავილებს რგავენ. დარგვის პროცესი ამ წუთებში ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.

ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯამში, 38 სახეობის წითელი ნეკერჩხლის, მაგნოლიას, იაპონური და ჩინური კამელიას, მიმოზას, გლიცინიას, შქერისა და ჯუჯა ვარდის დარგვა იგეგმება.

მაისის ბოლომდე ზღვისპირა ბულვარის კოლექციას ახალი ჯიშების 2515 ძირი მრავალწლოვანი ხე-მცენარე შეემატება. მცენარეების დარგვას ბულვარის ადმინისტრაციის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური კურირებს. ნარგავების დარგვა ძველ და ახალ ბულვარში ეტაპობრივად გაგრძელდება.

ბათუმის ბულვარში წითელ ნეკერჩხლებს და სხვა ყვავილებს რგავენ.
ბათუმის ბულვარში წითელ ნეკერჩხლებსა და სხვა მცენარეებს  რგავენ.

18156506_1512300958843878_8196254302040568414_o18319201_1518742314866409_2066829120818585972_o

ავტობანი – 114 მილიონი აშშ დოლარის სესხი ბათუმის შემოვლითი გზისთვის

საქართველოს მთავრობამ „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან [AIIB] მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები მოიწონა. სესხის პირობები მთავრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარუდგინა.

 AIIB-დან მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები:

[checklist]

  • სესხის მოცულობა – 114 მილიონი აშშ დოლარი;
  • სესხის ვალუტა – აშშ დოლარი;
  • სესხის ხანგრძლივობა – 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14 წელი);
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი – ცვლადი (6-თვიანი LIBOR + ფიქსირებული მარჟა);
  • ადმინისტრირების გადასახდელი – სესხის თანხის 0.25% (ერთჯერადი, გადახდილი იქნება სესხის თანხიდან);
  • ვალდებულების გადასახდელი – წლიური 0.25% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს).

[/checklist]


ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმში, სალიბაურში, ფერიაში, მახვილაურსა და ხელვაჩაურში.

სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა გასული წლის დეკემბერში იწურებოდა, თუმცა ეს ვადა 2017 წლის მარტამდე გაგრძელდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში გვითხრეს, გარკვეული პროცედურები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ახალი გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს, თუმცა კონკრეტული დრო უცნობია.

150 კვ.მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილი – რას შეცვლის მერიის ინიციატივა ბათუმში

მანქანის გასაჩერებელი ადგილი ბათუმში აქტუალური პრობლემა და მეზობლებს შორის დავის საგანია მას შემდეგ, რაც მრავალბინიანი სახლები ეზოს და პარკინგის ადგილის გარეშე აშენდა. ასეთ სახლებში მცხოვრებლები პარკინგისთვის, ძირითადად, ქუჩას იყენებენ, ტროტუარი კი უმეტესწილად კაფეებსა და მაღაზიებს აქვთ დაკავებული.

განაშენიანების ასეთი სტანდარტები რომ მომავალში პრობლემას შექმნიდა, ამაზე მოქალაქეები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი მაშინ არც მერიას გაუთვალისწინებია და არც საკრებულოს.

ახლა, როცა ამ პრობლემაზე საუბარი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტზე [კ-2] მომუშავე ჯგუფმაც დაიწყო, მერია ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილებაში [ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ] ცვლილების ინციატივით გამოვიდა.

საკრებულოს განკარგულების მიხედვით, მერიის ინიციატივაა 50-ე დადგენილებას დაემატოს ახალი მუხლი, რომელიც ავტომანქანის პარკირებისთვის საზოგადოებრივ საქმიან ზონაში მენაშენეს 120 კვ/მეტრზე ერთი ავტომანქანის ადგილის გათვალისწინებას [კ-2- ის საანგარიშო ფართობზე], ხოლო საცხოვრებელ ზონაში 150 კვ/მ -ზე ერთი მანქანის ადგილის გათვალისწინებას ავალდებულებს.

საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად.

დადგენილებაში კიდევ რამდენიმე ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა მერია. არქიტექტურის სამსახური ითხოვს, მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტები:

[checklist]

  • „შენობის სიმაღლის მაქსიმალური ნიშნული განისაზღვროს სიმაღლის რეგულაციის ხაზისა და საკადასტრო წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთის წერტილიდან არაუმეტეს 7 მეტრით.“
  • „დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთების ფართობზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 500 კვ.მ-ს.“
  • „დაუშვებელია ხელმეორედ იქნას განხილული საკითხი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა და გაიცა მშენებლობის ნებართვა.“

[/checklist]

დადგენილების მოსამზადებლად მერიას 20-დღიანი ვადა აქვს.

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

6 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა იგეგმება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 15 სახეობის ბამბუკი, ასევე, „გამოიფინება შპს ,,La Bambu”-ს მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, მათი შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გურმანებს ბაღის თანამშრომლები გაუმასპინძლდებიან ბამბუკისაგან დამზადებული კერძებითა და ტკბილეულით“.

საზოგადოებრივი კოლეჯი  „ახალი ტალღა“ კი გამოფენაზე ბამბუკისგან დამზადებულ სხვადასხვა დესერტსა და კოქტეილს წარმოადგენს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე უახლოესი შესასვლელი სალარო უღელტეხილის მხრიდან იქნება. გამოფენაზე დასწრება უფასოა.

12 მაისს ბათუმში საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI გაიხსნება

12 მაისს  ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 12 საათზე, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეათე საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2017“გაიხსნება.

გამოფენაზე წელს ათამდე ქვეყნის 20 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

გამოფენაზე იქნება ნაჩვენები ტურიზმის სფეროში არსებული მიღწევები, წარმოდგენილი იქნება სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაცია.

როგორც „ბათუმელებს“ ორგანიზატორებმა უთხრეს, გამოფენის მიმდინარეობისას გაიმართება სხვადასხვა გათამაშება, მათ შორის, სასტუმროები გაათამაშებენ სასტუმრო ნომრების, სპორტული დარბაზის და სპა აბონემენტებს. ასევე, გათამაშდება ველოვაუჩერებიც.

,,EXPO BATUMI 2017″ -ის ორგანიზატორი კომპანია „ექსპო ბათუმია”, მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს მთავრობა,  აჭარის  მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, ბათუმის მერია და ა.შ.

გამოფენა 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მისი დათვალიერება უფასოდაა შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისათვის.

მთავარ ფოტოზე: 6 მაისის პარკი. მანანა ქველიაშვილის ფოტო 

 

რამდენ ადამიანს მოუსმინეს ფარულად ბათუმში

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის უფლების მოსაპოვებლად 2017 წლის პირველ სამ თვეში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა შუამდგომლობით 136-ჯერ მიმართეს. აქედან 132 შემთხვევა დაკმაყოფილდა. სტატისტიკურ მონაცემებს პროექტის „ღია მმართველობა საქართველოს“ ფარგლებში უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არც ერთ შემთხვევაში არ უთქვამს უარი ფარულ სატელეფონო მოსმენაზე. ბათუმში საგამოძიებო ორგანოებს 5 ადამიანისთვის მოუსმენიათ ფარულად.

თბილისის შემდეგ [სულ 103 შუამდგომლობა 3 თვეში] ყველაზე ხშირად ქუთაისში ისმენენ სატელეფონო საუბრებს – 13 შემთხვევა. აქედან 11 სრულად, ხოლო 2 ნაწილობრივ დაუკმაყოფილებია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ნაწილობრივი დაკმაყოფილება ფარული მოსმენისთვის განსაზღვრული დროს შემცირებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, ყველაზე ხშირად საგამოძიებო ორგანოები უსმენენ:

[checklist]

  • სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით [თაღლითობა] დაწყებული გამოძიების დროს  – 26 შემთხვევა;
  • გამოძალვის მუხლი – 18 შუამდგომლობა,
  • ქრთამის აღება – 16 შუამდგომლობა,
  • მკვლელობა – 10 შუამდგომლობა,
  • ყალბი დოკუმენტების დამზადება – 7 შუამდგომლობა და სხვ.

[/checklist]

ფარული მოსმენების სისტემის წინააღმდეგ 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 11 აპრილს მიმართა. კამპანია „ეს შენ გეხება“ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს პარლამენტის მიერ შეცვლილ კანონს, რომლის მიხედვითაც ფარულ მოსმენებზე კონტროლს ახალი სააგენტო განახორციელებს. ეს სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შიდა ფრენები უნდა უზრუნველყოს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისი ავიარეისების ორგანიზებისთვის, რაც, მთავრობის აზრით, ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობაც იქნება, აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს.

ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით, შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით უნდა განხორციელდეს:

საფრენი აპარატის ტიპი:

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2 საჰაერო ხომალდით:

საშუალო ზომის (არანაკლებ 30-ადგილიანი) საჰაერო ხომალდით;

მცირე ზომის (არანაკლებ 15-ადგილიანი) საჰაერო ხომალდით;

საჰაერო ხომალდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აეროპორტების საექსპლუატაციო პირობებს ნებისმიერ საფრენოსნო სეზონზე/წლის ნებისმიერ დროს;

გარანტირებულად შესყიდული ფრენა-საათების ოდენობა:

მცირე ზომის საჰაერო ხომალდისთვის 3 წლის მანძილზე არაუმეტეს 2808 ფრენა-საათისა;

საშუალო ზომის საჰაერო ხომალდისთვის 3 წლის მანძილზე არაუმეტეს 1692 ფრენა-საათისა;

მთავრობის განკარგულებით ყოველთვიური მომსახურების ღირებულება უნდა იყოს არაუმეტეს 125 000 აშშ დოლარი [დღგ-ის გარეშე]; ხელშეკრულება კი ტენდერში გამარჯვებულთან 3 წლის ვადით უნდა დაიდოს.

„წინასწარი ანგარიშსწორება უნდა იყოს არა უმეტეს ყოველთვიური გადასახადის ექვსმაგი ოდენობისა, საიდანაც არაუმეტეს ნახევარი ჩაითვლება პირველი თვეების მომსახურების ღირებულებაში, ხოლო დარჩენილი კი ბოლო თვეების ღირებულებაში“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებით:

[checklist]

  • პრეტენდენტი შეიძლება იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი.
  • ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასის ნაწილი დაფარულ უნდა იქნეს ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით, ხოლო დანარჩენი თანხის დაფინანსება უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ თანხის გამოყოფის გზით, სუბსიდიის მიზნით.
  • შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ტენდერისათვის უნდა შეიმუშაოს დეტალური ტექნიკური დავალება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

[/checklist]

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებაც განაცხადა.

„ცლილებათა პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სადა აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე – სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, – განაცხადა მიმდინარე წლის 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, „ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია ძირითადად სუბსიდირებადი დარგია და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა შიდა მიმოსვლა მაქსიმალურად გამარტივდეს“.

შსს: იანვარ-აპრილში საქართველოში 736 265 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის  736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 26,9%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის აპრილში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

[checklist]

  • ტურისტი – 222 622 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 29,7%);
  • ტრანზიტი – 107 865 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,3%);
  • სხვა – 180 107 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,1%).

[/checklist]

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით: „2017 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+13,2%), აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-19,2%), რუსეთიდან (+16,5%), უკრაინიდან (+27,2%) და ირანიდან (+183,9%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩეოდა: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა და ბულგარეთი (შესაბამისად 43%, 30%, 30%, 26%, 25% და 22%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (67 %), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (18%), უზბეკეთი (190%), თურქმენეთი (113%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (28%) და მოლდოვა (7%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 17%-იანი ზრდა“.


ფოტო: ბათუმის ბულვარი / „ბათუმელების“ არქივიდან

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში დეპუტების ბიზნესინტერესებსა და ინტერესთა შეუთავსებლობაზე კვლევა მოამზადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც“. უმაღლეს საბჭოს არც ამ კვლევაზე მოუხდენია რეაგირება.

„როგორც ჩანს, უმაღლეს საბჭოს ამ საკითხის განხილვის პოლიტიკური ნება არ აქვს,“ – ასეთია მალხაზ ჭკადუას აზრი უმაღლესი საბჭოს უმოქმედობაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს მოლოდინი ჰქონდა, რომ საკანონმდებლო ორგანო რაღაც ფორმით მაინც გამოეხმაურებოდა ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მწერალთა სახლიდანაც გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია. მოგვწერეს, რომ დავით თედორაძე არ ასრულებს ადმინისტრაციულ საქმიანობას, თუმცა აქაც ჩნდება საფუძვლიანი კითხვები. ჩვენ ამოვდივართ კანონის იმ დათქმიდან, რომლის მიხედვითაც დეპუტატი არ უნდა იღებდეს ანაზღაურებას სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციისგან. „აჭარის მწერალთა სახლი“ კი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ საკითხების განხილვა თავად უმაღლესი საბჭოს ინტერესებში უნდა შედიოდეს. პრაქტიკულად ვსაუბრობთ პარლამენტზე ავტონომიურ დონეზე და პირდაპირი წესით არჩეულ 21 დეპუტატზე. ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუ არა საბჭოს?“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

„მაქსიმუმ მაისის ბოლომდე განვიხილავთ ამ საკითხს,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უმაღლესი საბჭო ცალკეული დეპუტატის შემთხვევას ვერ განიხილავდა და დეკლარაციების წარდგენას დაელოდა. ნინო ჩხეტიას კითხვები აღარ აქვს ილია ვერძაძესთან. „კანონი „ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“ საკამათოს ხდიდა საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან ანაზღაურების მიღებას. ილია ვერძაძე არ იღებს ანაზღაურებას პროფესიულ კავშირებში“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

წარმოადგინა თუ არა ილია ვერძაძემ დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ის მართლაც უსასყიდლოდ მუშაობს პროფესიულ კავშირებში? – ნინო ჩხეტიამ გვიპასუხა, რომ მას ეს კითხვა ვერძაძესთან არ გასჩენია და თუ მან ხელფასი მაინც აიღო, ეს მომავალი წლის დეკლარაციაში გამოჩნდება. ილია ვერძაძის ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში თვეში 5170 ლარია.

რაც შეეხება დავით თედორაძეს, იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი მასთან დაკავშირებით „მწერალთა სახლის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხის გამორკვევას აპირებს. „ასევე უნდა დადგინდეს, დავით თედორაძის საქმიანობა შემოქმედებითია, თუ ის ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს. ამ კუთხით კითხვები ბუნებრივია არსებობს,“ – განმარტა ნინო ჩხეტიამ.

უმაღლესი საბჭოს წევრობამდე დავით თედორაძე ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამჟამად იგი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და მისი, როგორც დეპუტატის ანაზღაურება თვეში 4652 ლარს შეადგენს. დავით თედორაძე დამატებით ანაზღაურებას იღებს „აჭარის მწერალთა სახლიდან“ თვეში – 554 ლარის ოდენობით. თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, დავით თედორაძეს გასულ წელს ასევე მიუღია 3887 ლარი, როგორც სს „გამომცემლობა აჭარას“ რედაქტორს. ამ გამომცემლობის მფლობელი მისი მეუღლეა, მადონა ფალავანდიშვილი. დავით თედორაძის სიძე კი, ირაკლი ერისთავი, სუს-ის უფროსია აჭარაში.

ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 3 მაისიდან,  მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის  ფილიალებშიც შეეძლებათ.

„ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის  დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში – 15 ლარი“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება.

მათ შორისაა:

[checklist]

  • განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა,
  • დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა,
  • დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა,
  • ცნობის გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ,
  • პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა,
  • იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა,
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა და სხვ.

[/checklist]

სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებელს სერვისების მიღება კვლავ შეეძლება შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიულ ერთეულში, რომელთაც 3 მაისიდან იუსტიციის სახლის 19 ფილიალი  შეუერთდება.

დელფინები აჭარის სანაპიროზე [ფოტოამბავი]

ნიკოლოზ რუხაძის ფოტორეპორტაჟი.

ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო
ნიკოლოზ რუხაძის ფოტო

საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]

კინოთეატრი "თბილისი" 1982 წელი / ევროპის მოედანი 2017 წელი
კინოთეატრი “თბილისი” 1982 წელი / ევროპის მოედანი 2017 წელი

 

ი. ჭავჭავაძის ქუჩა 1958 წელი / 2017 წელი
ი. ჭავჭავაძის ქუჩა 1985 წელი / 2017 წელი

 

ი. ჭავჭავაძის ქუჩა (თბილისის მოედანთან) 1985 წელი / 2017 წელი

 

რკინიგზის სადგური 1970-1980 წლები / ბანკის შენობა 2017 წელი
რკინიგზის სადგური 1970-1980 წლები / ბანკის შენობა 2017 წელი

13 ველოსიპედი, 20 მოზარდი და პირველი ველოკლუბი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ველოკლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის ჩამოყალიბების იდეა არასამთავრობო ორგანზაცია  „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და ამ ორგანიზაციაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით მომუშავე მოხალისეს, ამერიკელ  დენიელ სპარკმენს ეკუთვნის.

პროექტი, რომელიც  ველოკლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოხალისესთან ერთად მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – შეიტანა და 2 000-დოლარიანი გრანტიც მიიღო.

„ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ დირექტორი დავით ანანიძე ამბობს, რომ პროექტი სექტემბრამდე გაგრძელდება, ამ დროის განმავლობაში კი ორგანიზაცია ქედაში ველოსიპედის მომხმარებელთა რაოდენობას დაითვლის და იმ შემთხვევაში, თუ ველოსიპედზე მოთხოვნა მზარდი იქნება, ორგანიზაცია კლუბის გაფართოებაზეც იფიქრებს.

„დენიელთან ერთად მოვიფიქრეთ ჩამოგვეყალიბებინა ველოკლუბი. პროექტი წარვადგინეთ და დაფინანსება მოვიპოვეთ, 2 500-დოლარიანი პროექტი იყო, რაც გამგეობის 13%-იან თანადაფინანსებას გულისხმობდა. საგრანტო პროექტის განსახორციელებლად 2 000 დოლარით „მშვიდობის კორპუსმა“ დაგვაფინანსა, დანარჩენი თანხით კი – ქედის გამგეობამ. 13 ველოსიპედი შევიძინეთ საჭირო აღჭურვილობით. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ 20 მოსწავლეს ტრენინგებს ვუტარებთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ველოსიპედის უსაფრთხო მართვაზე, კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეებს ველოსიპედის მართვას ჩვენს მოხალისესთან ერთად, ქედის სხვადასხვა სოფლის სკოლაში მომუშავე  „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე მასწავლებლები: პეტრიკი, დენიელი, ჯენა და საფი ასწავლიან,“ – ამბობს დავით ანანიძე.

ქედის „ველოკლუბის“ ველოსიპედით სარგებლობა გარდა „ველოკლუბის“ 20 წევრისა, ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, დილის 9 საათიდან საღამოს 17-საათამდე. თუმცა მათთვის ველოსიპედის სარგებლობა ფასიანია, ერთი დღით ქირაობის ფასი არასრულწლოვანისთვის – 5, ხოლო სრულწლოვანისთვის – 10 ლარი იქნება. შესული თანხა კი ორგანიზაციას ჩაერიცხება.

ქედის ველოკლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები 12-16 წლის არიან, მათგან ყველაზე პატარა 12 წლის გიგი მახარაძეა.

ველოკლუბმა ქედაში დღეს პირველი ველომსვლელობა მოაწყო, 15 მაისს კი ველომარათონის გამართვა იგეგმება.

ველოკლუბი ქედაში
ველომარატონი ქედაში
ველოკლუბი ქედაში
ველომარატონი ქედაში

18260865_1346875365408166_1546361053_o

 

 

ფერიდე ნიჟარაძე – პირველი მუსლიმი ქალი აჭარაში უმაღლესი განათლებით

დღეს, პირველ მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პირველი აჭარელი იურისტი ქალის, ფერიდე ნიჟარაძის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფალინას“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფერიდე ნიჟარაძის ოჯახის მეგობრები ესწრებოდნენ.

ქალაქის მერის თქმით, ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმ დროინდელ საზოგადოებაში არსებული  სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო და ქალების ე.წ. კარჩაკეტილობის სტიგმა დაარღვია.

„მის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ბევრი ახალიც გავიგე. აქამდე არ ვიცოდი, თუ ის პირველი ქალი იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო და იბრძოდა სხვა ქალების უფლებრივი მდგომარეობისთვისაც“, -ამბობს გიორგი ერმაკოვი.

შეხვედრა ორგანიზაცია „აფალინას“ ხელშეწყობით გაიმართა, რომელიც ფერიდე ნიჟარაძის შვილმა დააფუძნა.
შეხვედრა ორგანიზაცია „აფალინას“ ხელშეწყობით გაიმართა, რომელიც ფერიდე ნიჟარაძის შვილმა დააფუძნა.

საზოგადოება „აფალინა“ ფერიდე ნიჟარაძის შვილმა ეთერ მანელიშვილმა დააარსა. „ორგანიზაცია ახალი დაარსებულია და პირველი აქტივობა დედაჩემს მივუძღვენი. ის ძალიან განათლებული  ადამიანი იყო. პატარა გოგო იყო, მაგრამ ჩადრის ახდის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. ყველას, ვისაც სწავლა უნდოდა, ეხმარებოდა და ხელს უწყობდა.

იმ პერიოდში ქალები ყველაზე ნაკლებად სწავლობდნენ და ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან საზოგადოებრივი აზრი, რომ   – „ქალს სწავლა არ სჭირდება“ – მაინც გავლენას ახდენდა.  დედაჩემმა კი თავისი ცხოვრების წესით ეს სტერეოტიპები დაანგრია. ამაში მას ეხმარებოდა მამის ოჯახიც“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.

ეთერ ნიჟარაძის თქმით, ფერიდე ნიჟარაძე 1912 წელს დაიბადა, მისი მამა, ალი დედეს ძე ნიჟარაძე, აჭარაში გამორჩეული იყო ევროპული განათლებითა და ცხოვრების წესით.

ფერიდე ნიჟარაძე, აქტივისტ აჭარელ ქალებთან ერთად
ფერიდე ნიჟარაძე, აქტივისტ აჭარელ ქალებთან ერთად

„მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები – პეტრე უმიკაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ზაქარია ჭიჭინაძე, თედო სახოკია, დავით კლდიაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები, სწორედ ასეთ გარემოში აღიზარდა ფერიდე“.

ფერიდე ნიჟარაძე ქალთა სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი – მაშინდელ ბათუმის ინსტიტუტში. იურისტის განათლება კი მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო პირველი პროკურორი ქალი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წლების განმავლობაში ბათუმის მიუსაფარ ბავშვთა სახლის დირექტორიც იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა ფერიდე ნიჟარაძესთან დაკავშირებული სხვა ისტორიებიც გაიხსენეს.

 

DSCN5344

 

სპეციფიკურ გარემოში გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ცნობა 10 მაისამდე უნდა წარადგინონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა და პედაგოგობის მსურველმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა #100) შეფასებისა და გამოცდის ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით.

სპეციფიკური საგამოცდო გარემო გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში საგამოცდო დროის გახანგრძლივებას, დახმარების გაწევას გადაადგილებაში, გამოცდის მსვლელობისას საკვებითა თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფას და გამოცდაზე ურიგოდ შესვლას. სპეციფიკური გარემოთი შეუძლიათ სარგებლობა შშმ პირებს, ასევე, დიაბეტის დიაგნოზისა და სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს.

შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის თქმით, სპეციფიკური საგამოცდო გარემოს პირობებით საქართველოს მასშტაბით გასულ წელს 130-მდე პირმა ისარგებლა, თუმცა გაცილებით მეტმა, 590-მა ადამიანმა შეიტანა განაცხადი. ივა მინდაძის თქმით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მსურველების უმრავლესობას უარი უთხრა, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს პირობებს.

ბათუმში სპეციფიკური საგამოცდო გარემო ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში იქნება.

რატომ არ უნდა შემოუშვან „პუტინის ბაიკერები“ საქართველოში

9 მაისს რუსი ბაიკერების ჯგუფი – „ღამის მგლები“ საქართველოში შემოსვლას ისევ გეგმავენ. „ღამის მგლები“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ლობირებული ჯგუფია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ „ღამის მგლების“ საქართველოში ყოფნას გააკონტროლებენ. ამ ჯგუფს თავიანთ ქვეყნებში შესვლის უფლება არ მისცეს ისეთმა სახელმწიფოებმაც კი, რომლებიც რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. რატომ არ უნდა შემოუშვან ყველაზე ცნობილი რუსული ულტრანაციონალისტური ჯგუფი, „ღამის მგლები“ საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა.

ბატონო გრიგოლ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ უნდა შემოვიდნენ „ღამის მგლები“ საქართველოში?

დავიწყოთ იქედან, რომ არც ერთი ნათელი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ „ღამის მგლები“ საქართველოში შემოვუშვათ, ხოლო ბევრია მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შემოვუშვათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ისტორიული მეხსიერება და ღირსება. 2015 წელს პოლონეთმა არ მისცა პუტინის ბაიკერებს უფლება, გაევლოთ თავიანთ სუვერენულ ტერიტორიაზე, გერმანიამ კი ვიზები გაუუქმა.

იმ ქვეყნებშიც კი, სადაც თავისუფალი მიმოსვლა არსებობს, მათ შეზღუდვები დაუწესეს. ჩვენს ქვეყანასთან კი, როცა რუსეთს არ აქვს თავისუფალი მიმოსვლა, გვბომბავდნენ წლების წინ, ოთხი საუკუნეა გვმტრობენ და ყველანაირი ქართულის, – კულტურის, რწმენის, დამოუკიდებლობის მოსპობა უნდათ, ჩვენი ხელისუფლება ამას არ იმჩნევს, რაც არის ძალიან კომიკური.

როგორც ცნობილია „ღამის მგლები“  პუტინთან დაახლოებული პირები არიან.  შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა დააშავა რუსმა? ზოგადად რუსს არაფერი დაუშავებია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს „ორი რუსეთის“ ცნება ძალიან მატყუარაა, რადგან ბევრი რუსი სწორედ იმ აზრზეა, რომელზეც არის პუტინი. ჩვენ საზღვრებზე დეტექტორებს ვერ დავაყენებთ, რომ გავარჩიოთ რა პოლიტიკური აზრების არიან  ადამიანები, მაგრამ  ეს ბაიკერები სრულიად გაცხადებულად არიან პუტინის იმპერიული პოლიტიკის გამტარებლები.

თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება თავს არიდებს „ღამის მგლების“  მიმართ მკაცრი ზომების მიღებას, როგორ ფიქრობთ, რატომ?

არ ვიცი არც ერთი მიზეზი, რითი შეიძლება აიხსნას ხელისუფლების ასეთი ქცევა. ესენი არ არიან უბრალო ადამიანები, პუტინის მეგობრები და მის მიერ ღირსების ორდენით არიან დაჯილდოებულები. ისინი მსგავსად დუგინისა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილისა, ულტრანაციონალისტები არიან,  რომელთა საბოლოო მიზანი არის საქართველოსა და სხვა პატარა ერების აღგვა პირისაგან მიწისა. ჩვენ დღეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ვართ პერმანენტული ტერორის ქვეშ. ყოველდღიურად იწევა საზღვრები, მოკლეს გიგა ოთხოზორია, შეიფარეს მკვლელი და ამ წუთებშიც გატაცებულია 52 წლის ადამიანი. თუ ჩვენ ამასთან პრობლემა არ გვაქვს, მაშინ არ ვიცი, საერთოდ რა ეროვნულობაზე, სახელმწიფოებრიობაზე გვაქვს პრეტენზია.

სამოქალაქო საზოგადოებას თუ უნდა ჰქონდეს ამაზე რეაქცია და რა ფორმით?

სამოქალაქო საზოგადოებას აქვს კიდეც რეაქცია ნაწილობრივ, რადგან ხალხში ეს პროტესტი შეიმჩნევა. ოღონდ ეს უნდა დარჩეს მშვიდობიანი პროტესტის დონეზე და არ უნდა იქცეს შეტაკებად, თუკი ამ ხალხს მაინც შემოუშვებენ.

ხელისუფლებამ თქვა, რომ „ღამის მგლების“ საქართველოში ყოფნას გააკონტროლებენ. რას ნიშნავს ეს?

კომიკური და გაუგებარია საერთოდ  რა კონტროლზეა საუბარი. თუ მათ მაინც შემოუშვებენ, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უნდა გვქონდეს პრეტენზია და არა, პირველყოფილი ფორმებით გამოვიდეთ და ამ ხალხს დავუპირისპირდეთ, რადგან ნებისმიერი კონფრონტაციის შემთხვევაში მაინც ჩვენ დავზარალდებით.

რა ჰქვია ქართულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და რატომ უჭირს ხელისუფლებას  უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვა თუნდაც „ღამის მგლებთან“ მიმართებაში? 

მიჭირს სახელი დავარქვა. სავარაუდოდ, ამით ცდილობენ, რომ მათთვის საყვარელი რუსეთთან დეესკალაციის თუ პოლიტიკის დათბობის პროცესს  ხელი შეუწყონ, თუ ამის მცდელობაა, მაშინ ეს უნიჭო პოლიტიკაა. მე ვემხრობი რუსეთთან შედარებით დეესკალაციას, საუბარსაც, ოღონდაც საუბარს სჭირდება ორი თანასწორი მხარე. საქართველომ არ უნდა დათმოს თავისი სახელმწიფოებრივი მახასიათებლები ამ საუბრის და ე.წ. შედარებით მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება იმ ფონზე, როცა პერმანენტულ მცოცავ ოკუპაციას აქვს ადგილი, როდესაც იტაცებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ა.შ.  ილუზორულ დამოკიდებულებაში ყოფნა, თითქოს რაღაც უკეთესობისკენ იცვლება, არის თავის მოტყუება.

კანონით საბჭოთა სიმბოლოების გამოყენება იკრძალება ქვეყანაში. „ღამის მგლები“, როგორც ვიცით, იმპერიული სიმბოლოების გარდა, საბჭოთა სიმბოლოებსაც ატარებენ. თუკი მათ საქართველოში შემოუშვებენ, მსგავსი სიმბოლოების გამოყენება უნდა აეკრძალოთ?

ზოგადად, სიმბოლოების აკრძალვა რაიმეს არ შველის, რადგან საბჭოთა კავშირი, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება პოლიტიკურ ცხოვრებაში და აზროვნებაში. ყველაზე კარგი დესოვიეტიზაცია არის კრიტიკული აზროვნება, კრიტიკული პოლიტიკა ცხოვრება და ეს შედეგიც აუცილებლად დადგება.

რაც შეეხება „ღამის მგლების“ სიმბოლოებს, ისინი ავრცელებენ აზრს, რომ გეორგიევსკის ლენტი თურმე დაკავშირებულია მე-2 მსოფლიო ომთან და ეს აზრი მასობრივად არის გავრცელებული. გეორგიევსკის ლენტი 1801 წლის საქართველოს ანექსიასთან და  ყოველგვარი ქართულის მოსპობასთან ასოცირდება.  რუსეთი ამ სიმბოლოს იყენებს ირონიულად სხვა ანექსიების დროსაც, მაგალითად, ყირიმის ოკუპაციის დროსაც იყო გამოყენებული ეს ლენტი, როგორც გეოპოლიტიკის სიმბოლო. დღეს ცდილობენ სიმბოლოებიც გაგვიყალბონ, რადგან ეს ლენტი ეხება არა ფაშიზმის დამარცხებას, არამედ რუსული ფაშიზმის გამარჯვებას ისტორიულად საქართველოში, მაგრამ ჩვენ ეს მოვიტოვეთ.

რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი ფოტო: EPA
რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი. ფოტო: EPA

გლიცინიების ყვავილობა ბათუმში

 

ხელოვნების მუზეუმის სკვერი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ხელოვნების მუზეუმის სკვერი. გულნარა კაკაბაძის ფოტო

6+

ბათუმის ბულვარი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმის ბულვარი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბარათაშვილის ქუჩა. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბარათაშვილის ქუჩა. გულნარა კაკაბაძის ფოტო
„საოცრებათა მოედანი“. გულნარა კაკაბაძის ფოტო
„საოცრებათა მოედანი“. გულნარა კაკაბაძის ფოტო
„საოცრებათა მოედანი“. გულნარა კაკაბაძის ფოტო
„საოცრებათა მოედანი“. გულნარა კაკაბაძის ფოტო

8+

7+

3+

მიტროპოლიტი დიმიტრი „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე  დიმიტრი, ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა. ეპარქიის პრესსპიკერის იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მიტროპოლიტი პროკურატურამ რამდენი დღის წინ დაკითხა.

„დღე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იყო ეს. მეუფეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, რაც იმას ნიშნავს რომ დეტალებში ჩვენ ჩახედული არ ვართ. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, მანამდე დეტალები არ გვეცოდინება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იოანე გორელიშვილი.

მისი ინფორმაციით, მიტროპოლიტს ადვოკატი აყვანილი არ ჰყავს და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან სხვა სასულიერო პირები პროკურატურას არ დაუკითხავს.


დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ჟურნალისტებს პირველად მიმდინარე წლის 2 მარტს შეხვდა. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მაშინ მიტროპოლიტმა.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმა

შოთაძე: დეკანოზის გარდა, სხვისი შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებები საქმეში არ მოიპივება

 

გულგრილობა გამგეობისგან და სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია

სახლი, სადაც დავით კვირკველია ცხოვრობს, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. შენობის თითქმის ყველა კედელი დაბზარულია, თითქმის ჩამოშლილია სახურავიც… დავით კვირკველია 54 წლისაა, სოციალურად დაუცველი და ის ამ სახლში მარტო ცხოვრობს. გასულ წელს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მდებარე სახლი გეოლოგებმა შეისწავლეს და დაწერეს, რომ სახლი, გარემო პირობების გარდა, გეოლოგიურმა პროცესებმაც დააზიანა და „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“. საფრთხის არსებობის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობამ გეოლოგების დასკვნას გვერდი აურა და მოქალაქეს მისწერა, რომ „საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სიძველით“.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსმა, მამუკა ფუტკარაძემ დავით კვირკველიას სახლზე დასკვნა გასული წლის ნოემბერში დადო. დასკვნის მიხედვით, „სახლი აგებულია ძველ მეწყრულ ფერდზე, რომელიც ამჟამად სტაბილიზაციას განიცდის… შენობას გასულ წლებში განვითარებული გეოლოგიური პროცესების და სხვა გარემო ფაქტორების გამო [დიდთოვლობა, ჭარბწყლიანობა, ქარიშხალი და ასე შემდეგ]  ძლიერ დეფორმირებულია, არ გააჩნია სახურავი, ხოლო მეორე სართულის იატაკი ჩამონგრეულია…“

გეოლოგების შემდეგ დავით კვირკველიასთან ქობულეთის გამგეობის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ. კომისიის საბოლოო პასუხი კვირველიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს მიიღო. წერილი სულ ერთაბზაციანია და წერია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე [ანუ სახლის შეკეთებაზე, ან ახალი საცხოვრებლის გამოყოფაზე] მოქალაქეს უარი უთხრეს. „სახლი დაზიანებულია სიძველით“, – ვკითხულობთ გამგეობის მიერ მომზადებულ წერილში, სადაც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რას დაეყრდნო კომისია, როცა ასეთი დასკვნა გამოიტანა, ან რა ბედი ეწია გეოლოგის დასკვნას.

„ვერაფერი გავიგეთ. პირდაპირ გამგებელთან შევედი, არ ეცალა სულხან ევგნიძეს, გადახედა კომისიის დასკვნას და მითხრა, კომისიამ ასე ჩათვალა და მე რა ვქნაო…“ – გვიყვება ეთერ კაკალაძე, დავით კვირკველიას და.

ხათუნა მამასახლისი, ქობულეთის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მხოლოდ გეოლოგის დასკვნა არაა საკმარისი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომისიას, რომელიც მსგავსი ოჯახების საკითხებს სწავლობს, ცალკე გეოლოგები არ ჰყავს.  „ჩვენ გვყავს ინჟინრები, რომლებმაც ასევე შეისწავლეს დავით კვირკველიას სახლის მდგომარეობა. ყველა დასკვნა ერთხაზოვანი არ არის. მე გეოლოგის დასკვნა მესმის ისე, რომ სიძველის გამოა დაზიანებული სახლი. ჩვენ გეოლოგების კომპეტენტურობას არ ვაყენებთ ეჭვქვეშ, მაგრამ გეოლოგებს პირდაპირ არ უთქვამთ, რომ გეოლოგიურმა პროცესმა დააზიანა სახლი. ჩვენ, კომისიის წევრებს გვქონდა ყველას ჩვენი შეხედულება და კომისიამ საბოლოო ჯამში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,“ – გვითხრა ხათუნა მამასახლისმა.

გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს აზუსტებს, რომ დავით კვირკველიას სახლი შესაძლოა სიძველის გამოც დაზიანდა, თუმცა გეოლოგებმა იქ პირველ რიგში გეოლოგიური პროცესების გავლენა დააფიქსირეს. „მე ვიცი, რომ ეხმარებიან ამ მოქალაქეს, ასე არ არის?“, – გვკითხა მამუკა ფუტკარაძემ, როცა მას დავით კვირკველიას შესახებ ვკითხეთ და მაშინვე გაიხსენა სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია.

kvirkvelia 2

kvirkvelia 3

kvirkvelia 4

პრემიები და დანამატები პირველი ივლისიდან აღარ გაიცემა

საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეები, რომლებსაც მოხელის კლასს მიანიჭებენ, ახალ თანამდებობრივ სარგოს – საკლასო დანამატსაც მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამ დადგენილების მიხედვით საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი ქვეყნის მთავრობას დღემდე არ დაუმტკიცებია.

რას ნიშნავს საკლასო დანამატი, შენარჩუნდება თუ არა დღეს არსებული დანამატები და პრემიების გაცემა საჯარო სამსახურებში პირველი ივლისის შემდეგ? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ სირაბიძემ უპასუხა:

ბატონო არჩილ, რას ნიშნავს საჯარო მოხელის საკლასო დანამატი?

არჩილ სირაბიძე
არჩილ სირაბიძე

არის 12 კლასი და როცა მოხდება კლასის მინიჭება, ამ კლასის შესაბამისად მოხელეს ექნება თანამდებობრივი სარგო, ანუ საკლასო დანამატი. საკლასო დანამატის ოდენობები ჯერ დადგენილი არ არის და ის  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით უნდა განისაზღვროს. ეს კანონი ჯერ მიღებული არ აქვს საქართველოს მთავრობას. ანუ, ჩვენც ველოდებით მის მიღებას.

დღეს არსებული დანამატები და პრემიები შენარჩუნებული იქნება თუ არა ივლისიდან?

არა. იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტებიდან გამომდინარე, რაც მიღებულია და რაც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, შემიძლია გითხრათ, რომ არსებული დანამატი და პრემია არ იქნება შენარჩუნებული. იქნება მხოლოდ ხელფასი და საკლასო დანამატები, მოხელის კლასების შესაბამისად.

ვინ და როდის  მიიღებს საკლასო დანამატს?

საკლასო დანამატს აიღებს მოხელე, რომელსაც მოხელის კლასს მიანიჭებენ. მოხელის კლასის მინიჭება კი მოხელის შეფასების შემდეგ ხდება. თავის მხრივ, მოხელის შეფასება 2018 წლის ბოლომდე ვერ მოხდება არსებული კანონებიდან გამომდინარე. [მოხელის შეფასების შესახებ დადგენილება 2018 წლის იანვრიდან შედის ძალაში – ავტ.]. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის და, ზოგადად, ამ რეფორმის მთავარი ამოსავალი, არის სწორედ მოხელის შეფასება. შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ და დასრულდეს 10 დღით ადრე, ვიდრე მეორე შესაფასებელი პერიოდი დაიწყება.

ანუ, 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება კანონი კლასის მინიჭების და საკლასო დანამატის შესახებ, მაგრამ საკლასო დანამატს მოხელე 2018 წლის ბოლომდე ვერ აიღებს?

დიახ. მიმდინარე წლის ივლისიდან, მომავალი წლის ბოლომდე, არსებული კანონმდებლობით, კლასი ვერც ერთ მოხელეს ვერ მიენიჭება. შესაბამისად, ვერ მიიღებენ საკლასო დანამატსაც. შეფასების სისტემა კი ამოქმედდება მომავალი წლის იანვრიდან, მაგრამ კლასების მინიჭება მომავალი წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. თუმცა, შესაძლოა 6 თვეში ერთხელ მოხდეს მინიჭება. ჩვენ 2018 წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოხელე შევაფასოთ, მაგრამ ეს იქნება შიდა მოხმარებისთვის და არა კლასის მისანიჭებლად.

გამოდის, რომ არსებული დანამატი აღარ იქნება ივლისიდან და მოხელეებს შემოსავლები შეუმცირდებათ; თუ ხელფასების გაზრდა იგეგმება საკლასო დანამატის გაცემამდე?

ხელფასები როგორ იქნება, რა ფორმით ჯერ არ ვიცით, იმიტომ, რომ არ არის მიღებული ჯერ შესაბამისი დადგენილება თუ კანონი. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულად რა კანონს მიიღებს საქართველოს მთავრობა. შესაძლოა ხელფასი გაიზარდოს კიდეც. როგორც იცით, ცენტრალურ და რეგიონულ უწყებებში ხელფასებს შორის სხვაობა ისედაც არის. იქ არის მაღალი შედარებით და აქ დაბალი.

იმ ინფორმაციით, რაც მე გამაჩნია, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ არსებული დანამატი და პრემია არ იქნება. დანამატებთან დაკავშირებითაც ჯერ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ აჭარის მთავრობამ.

მოხელისთვის კლასის მინიჭება საჯარო სამსახურების რეფორმის ნაწილია?

დიახ. ეს არის რეფორმის ნაწილი და ევროკავშირის დირექტივაცაა. მაღალი დონის მოლაპარაკებებზეც იყო ეს საკითხები განხილული.  ყველაფერი მიმდინარე წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო გადაიდო.

თქვენ, როგორც საჯარო მოხელე, როგორ შეაფასებთ ამ რეფორმას?

საჯარო მოხელის ჩამოყალიბებისთვის, პროფესიული თვალსაზრისით, ეს რეფორმა არის კარგი. აქ ჩადებულია ტრენინგები, გადამზადება… გარე თვალისთვისაც, დამკვირვებლებისთვისაც კარგია. რატომ? – იმიტომ, რომ ძალიან ნათლად და კონკრეტულადაა გაწერილი და გაიწერება ყველაფერი. მიმდინარე პროცესია, დადებითი და ევროკავშირის მოთხოვნებთან მაქსიმალურად დაახლოებული სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. შესაძლოა მოხელემ მიიღოს დამაკმაყოფილებელი შეფასება, მაგრამ მისი გათავისუფლება არ ხდება. ადამიანური რესურსების მართვაზე ვინც არის პასუხისმგებელი საჯარო სამსახურებში, ისინი აფასებენ შედეგებს  – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ მოხელემ დააკმაყოფილოს უწყებისა თუ ხელმძღვანელის მოთხოვნები.

შესაბამის დადგენილებებში აღნიშნულია, რომ მოხელეს შეაფასებს ხელმძღვანელი პირი, მაგრამ ამ ხელმძღვანელ პირებს ვინ შეაფასებს?

შეფასება არ ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს [მინისტრი, მინისტრის მოადგილე] და ასევე არ ეხება არჩეულ პირებს. ამიტომ, მაგალითად, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე შეაფასებს ამა თუ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვთქვათ. ეს დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი მის დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეს. შეფასებაში აუცილებლად მონაწილეობს სამი პირი – ვინც უნდა შეფასდეს, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტი.

ანუ, მინისტრი და მოადგილეები შეუფასებლები რჩებიან?

დიახ, იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. შეფასება ეხება ყველა დანარჩენს, ვინც არის საჯარო მოხელე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი კი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ ვინ არის საჯარო მოხელე.

რისი გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტში

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაცია უნდა აიკრძალოს.   არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მასში ამ ეტაპზე არ შედის  სხვადასხვა  ცხიმზე დამზადებული ცომეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა. რას ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციები და რა სანქციები გატარდება მეიჯარის წინააღმდეგ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში?

საქართველოს განათლების სამინისტროს, პროექტის – „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის“ მენეჯერის  მაია მუშკუდიანის განმარტებით, უკვე შემუშავებულია იმ კონკრეტული საკვების ჩამონათვალი, რისი რეალიზაციაც სკოლებში უნდა აიკრძალოს.

„ეს არის ჩიფსი, სუხარიკები, ნებისმიერი კანფეტი, შოკოლადი, გაზიანი სასმელები და მაიონეზით შეზავებული პროდუქტი. რაც შეეხება ცომეულს, ამის ამოღება გათვალისწინებული გვაქვს მეორე ეტაპისთვის, რადგან პირველ ეტაპზე, ცომეულის აკრძალვა ძალიან მკაცრი იქნებოდა მეიჯარეებისთვის ფინანსური თვალსაზრისით.

იმას, რომ არ იყოს გამოყენებული მეორადი ცხიმი ცომეულის დამზადების დროს, გააკონტროლებს სურსათის უვნებლობის სამსახური,“ – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა მიიჩნევა სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით ჯანსაღ კვებად? მაია მუშკუდიანი ამბობს: „მენიუში სავალდებულოდ უნდა შევიდეს ხილი და ბოსტნეული, იქნება ეს სალათის სახით ან უმად.

ბოსტნეული შეიძლება იყოს დაჭრილი სახით  და მოსწავლეები თავიანთი გემოვნებით შეაზავებენ სალათს.  საუბარია ხილის სალათებზე და რძის პროდუქტზე, – ხაჭო, იოგურტი.  სასმელს რაც შეეხება, რეკომენდაციაში არის მხოლოდ ბუნებრივი  წვენები, კისელი, ჩაი და კაკაო“.

მაია მუშკუდიანის თქმით, ამის პარალელურად იგეგმება ჯანსაღი კვების კამპანია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად სტუდენტებიც იქნებიან  ჩართული.

„კამპანიის დროს ის პროდუქტები იქნება აქტიურად წარმოდგენილი, რის მიღებასაც გვინდა რომ შევაჩვიოთ ბავშვები.  იგეგმება კვების ფესტივალი, კულინარიული შეჯიბრებები და სხვადასხვა აქტივობა“.

მაია მუშკუდიანის თქმით,  რეკომენდაციები მეიჯარეებისთვის სავალდებულოა და მისი შესრულება მიმდინარე სასწავლო წლიდან უნდა დაიწყოს.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეიჯარეს გაუუქმდება ხელშეკრულება.  „ჩვენ მეიჯარეს დავეხმარებით, რომ ჯანსაღი პროდუქტი შეიტანოს კოლაში და მის გაყიდვაშიც დავეხმარებით,“- ამბობს მაია მუშკუდიანი.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ბუფეტი იჯარით ციალა დიასამიძეს აქვს აღებული.  ის ამბობს, რომ სამინისტროს რეკომენდაციები მას ჯერ არ მიუღია.

„კრეკერები, ჩიფსები და ტკბილეული – ისედაც არ შემომქონდა სკოლაში. ცომეულს – ფენოვანს, იმერულ  ხაჭაპურს და ფუნთუშებს ვყიდით, მაგრამ  ზეთზე და სხვა ცხიმზე დამზადებული, ვფიქრობ, არ უნდა იყიდებოდეს, რადგან  ხშირია შემთხვევები, როცა  მეორადი ზეთი გამოიყენება, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის,“- გვეუბნება ის.

ციალა დიასამიძის თქმით,  ბავშვები და მოზარდები ჯანსაღ კვებას რომ მიეჩვიონ, მარტო სკოლის ბუფეტების კონტროლი არ არის საკმარისი, რადგან სკოლის ირგვლივ უამრავი მაღაზიაა, სადაც  არაჯანსაღი საკვები იყიდება.

„ვფიქრობ, ჯანსაღი კვების კულტურა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს და კარგი იქნება, თუ სალათებს და ხილს შევთავაზებთ მოსწავლეებს. ეს არ აისახება ფასებზეც და ვფიქრობ, ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვისაც“.

ციალა დიასამიძის თქმით, შეიძლება პრობლემა გაჩნდეს გაზიან სასმელებთან დაკავშირებით, რადგან მასზე მოთხოვნაა. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიაში მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობაც, რადგან  არაჯანსაღ პროდუქტებს მშობლებიც  ყიდულობენ.

ამავე თემაზე:

სადილობა ტკბილეულით

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში – ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე სოფელ ციხისძირში, რის გამოც რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო მოძრაობა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირია გადაყვანილი საავადმყოფოში. ფაქტზე აღძრულია საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მოძრაობა მაგისტრალზე ამ დროისთვის აღდგენილია.

„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ზღვისპირა ზოლი, ფაქტობრივად, სამშენებლო მოედნად და არაოფიციალურ თუ ოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული.

პლაჟზე გასასვლელი, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, რკინის ბადითაა შემოღობილი – აქ ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს [თუმცა დღეს, 30 აპრილს, კარგ ამინდში, საღამოს 6 საათზე, აქ ერთი ტრაქტორი იდგა და არავინ მუშაობდა].

აქ ინტენსიურად მოძრაობდნენ მძიმე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მშენებლობის მოედნიდან ამოღებულ მიწას [ფაქტობრივად ტალახს] აქვე, გზის პირას [კაჩინსკების ქუჩის გაგრძელება, ადლია] ყრიან.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ მძღოლს გაესაუბრა, რომელმაც არ დააკონკრეტა, თუ რომელ კომპანიას ემსახურებოდა: „აღებული აქვს ნებართვა და ვცლით მანქანებს, მერე რა?“.

ტერიტორია, სადაც მშენებლობის დროს ამოღებული მიწა იყრება, არც შემოსაზღვრულია და არც მინიშნებაა, რომ აქ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, დაზიანებულია ტროტუარი, ბორდიურები, მწვანე საფარი, საგზაო ნიშნები, დანაგვიანებულია გზის სავალი ნაწილი და არის მტვერი. არადა, აქ მოძრაობენ, როგორც მსუბუქი ავტომანქანები, ასევე გადაადგილდებიან მოქალაქეები ველოსიპედებით. მათ შორის ბევრია ტურისტიც.

ტერიტორია, სადაც მშენებლობებიდან გამოტანილი ტალახი იყრება, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, რამდენიმე საკადასტრო ერთეულადაა დაყოფილი და თითქმის ყველა ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „მერიის მიერ ნებართვა გაცემულია შპს „ჯეო ტრანსპორტზე“, რომ შეიტანოს მიწა, დაყაროს და მოასწოროს ტერიტორია. რაც შეეხება დაზიანებას ტროტუარის და ა.შ. თუ კომპანიამ რამე დააზიანა, თვითონვე უნდა აღადგინოს, მაგრამ ამ ეტაპზე მერიაში კომპანიის სახელზე არ ფიქსირდება საჯარიმო სანქცია“.

ახალი ბულვარის გაგრძელება
ბათუმი / 30.04.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

ახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელებაახალი ბულვარის გაგრძელება

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა მამუკა თურმანიძე, ხოლო პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების  განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამარჯვებულად გამოვლინდა ლიკა თევზაძე.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია 2017 წლის 02 მაისის ჩათვლით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველ საპრეტენზიო კომისიას,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 13 აპრილი იყო.

აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემქნილი შეფერხებების შესახებ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას, რაც საზღვრის კვეთისას შექმნილ რიგებს უკავშირდება, აჭარის მთავრობა ეხმიანება. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აჭარის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო.

აღნიშნული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მიზეზი მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო.

თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან“.


რიგი სარფის საბაჟოზე [ფოტო]

 

ბათუმის მერია ქალაქის სამგანზომილებიან მოდელს ვერ ქმნის

ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის პროექტის განხორციელება დროში გაიწელა. ბათუმის მერია შესაბამისი მომსახურების შესყიდვას, ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ვერ ახერხებს. პროექტის ღირებულება 365 ათასი ლარია და როგორც მერიაში აცხადებენ, ამ პროექტის შესრულებაზეა დამოკიდებული სხვა, მათ შორის საგრანტო პროექტების განხორციელებაც.

ბათუმის მერიამ გამოსავალი პირდაპირ შესყიდვაში დაინახა და აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა ტენდერის გარეშე გადაწყვიტა. მერიის ამ გადაწყვეტილებას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება, რაც მერიას ამ დრომდე არ აქვს.

„2016 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ამავე წლის ნოემბერში გამოცხადებული ტენდერი კი დასრულდა უარყოფითი შედეგით… მორიგი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, კვლავ არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ტენდერი დასრულდეს უარყოფითი შედეგით. ამასთანავე, ძალზე განხანგრძლივდა პროექტის შესრულების ვადები. აღნიშნული პროექტის დროულად და შეზღუდულ ვადებში განხორციელებას ელოდება სხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტები:

[checklist]

  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტი,
  • ქ. ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება,
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარება და სხვა.

[/checklist]

ელ. ტენდერის მეშვეობით აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გამოიწვევს ამ ღონისძიების არსებით შეფერხებით ჩატარებას,“ – ასე ასაბუთებს ბათუმის მერია ტენდერის მესამედ გამოცხადების მიზანშეუწონლობას.

მერიის დასაბუთება არასაკმარისი აღმოჩნდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის, საიდანაც მერიას მიუთითეს, რომ მისი გადაწყვეტილება უფრო დამაჯერებელი და კანონთან შესაბამისი გახადოს.

„…გთხოვთ, დააზუსტოთ თუ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა, რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული შესყიდვის განხორციელების მიზნით გამოცხადებული ბოლო ელექტრონული ტენდერი დასრულდა 2017 წლის 16 მარტს და რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული პროცედურების მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსგან ბათუმის მერიაში გაგზავნილ წერილში.


ბათუმის მერიის სატენდერო კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი] ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაზე გამოცხადებული ტენდერისთვის ჩამოეშორებინა.

მერიის სატენდერო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება „გეოგრაფიკმა“ დავების საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა საბჭომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ეს იყო სწორედ ის მეორე ტენდერი, რომელიც საბოლოოდ უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის პროექტი მოიცავს:

[checklist]

  • ქ. ბათუმის ტერიტორიის (65 კვ.კმ.) გეოდეზიური ქსელის რუკის შექმნა (მოსამზადებელი სამუშაოები – 3 კარკასული გეოდეზიური ქსელის და 10 პირველი კლასის საქალაქო გეოდეზიური ქსელის პუნქტების მომზადება;
  • აეროფოტოგადაღების სამუშაოებისთვის გეგმიური მომზადება – დაახლოებით 200 საკონტროლო პუნქტის მონიშვნა);
  • აეროფოტოგადაღების სამუშაოების განხორციელება ქ. ბათუმის სააზღვრებში 65,0 კვ. კილომეტრზე სამოქალაქო საფრენი (მათ შორის შესაძლებელია უპილოტო) აპარატების გამოყენებით;
  • ორთოფოტოგეგმის, რელიეფური ციფრული მოდელის (3D მოდელის), სიმაღლეების ციფრული მატრიცის შექმნა, საკადასტრო საზღვრების დამუშავება – არსებული საკადასტრო ბაზის დაზუსტება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების ინტეგრაცია-ადაპტაციას პროგრამულ უზრუნველყოფაში და მათი ერთიან პლატფორმაში მოქცევას შემდგომი სისტემური მართვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • პერსონალის გადამზადება აღნიშნული პროგრამის მუშაობის უზრუნველსაყოფად.

[/checklist]

„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე შეაფასა ზემოაღნიშნული 346 ათასლარიანი პროგრამა ბათუმის საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ   დაახლოებით ერთი წლის წინ. საკრებულოს უმრავლესობას კი მაშინ გაუჭირდა დასაბუთება, რატომ იყო საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D ეფექტით, მით უფრო, როცა ქალაქგეგმარებისთვის საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მსგავსი ელექტრონული პროგრამა უკვე არსებობს.

ბათუმი / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ მიიღო და იგი ძალაში შევა 2018 წლის პირველი იანვრიდან. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი – საჯარო მოხელე, შეფასებას წელიწადში ერთხელ მაინც [შესაფასებელი პერიოდი] დაექვემდებარება.

მოხელის შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები:

[checklist]

  • მოხელისათვის კლასის მინიჭება;
  • წახალისება;
  • პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა;
  • მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

[/checklist]

გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება  კი განხორციელდება კვარტალში ერთხელ. აღნიშნულ შემთხვევაში, ორჯერ უარყოფითი შეფასების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე გათავისუფლდება თანამდებობიდან.

[რაც შეეხება პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესსა და პირობებს, ის 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მოხელე, მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად, საკლასო დანამატსაც მიიღებს.

პირველი ივლისიდან ამოქმედდება ასევე მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“.]

დამტკიცებული წესის მიხედვით, „შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი. მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებელი მიზნებისა და ამოცანების  (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად.  შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით“.

საჯარო მოხელე ვალდებულია:
  • ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული მოვალეობები და შეფასების შეუფერხებლად წარმართვისთვის წარადგინოს მასალები დროულად;
  • ხელი შეუწყოს შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას;
  • ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ნებისმიერი   ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია შეფასების პროცესთან;
  • თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის სამართლიანად განხორციელებას;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები, შეფასების შედეგების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა განიხილება როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა.

შეფასების პროცესში მონაწილე ხელმძღვანელი ვალდებულია:
  • კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასება;
  • დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს გასაუბრების შესახებ;
  • წარუდგინოს შესაფასებელ მოხელეს შეფასების შედეგი;
  • დროულად და სისტემატურად აწარმოოს დაკვირვება მის მიერ შესაფასებელი მოხელის საქმიანობაზე.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „შეფასების მეთოდი არის ფორმალიზებული, სტრუქტურირებული სისტემა,  რომელიც ზომავს შეფასების საგანს, განსაზღვრავს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს და პერიოდულობას. ამასთან, გადაწყვეტილებას, შეფასების მეთოდის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა/პირსა და შესაფასებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთან განხილვის საფუძველზე“.

საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში და აცნობოს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ თითოეული მოხელის მიმართ შერჩეული შეფასების მეთოდის ცვლილება შესაფასებელ პერიოდში.

შეფასების სისტემა

შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა:

  •  საუკეთესო შეფასება –  მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
  • კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
  • დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
  • არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

მოხელე უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს და მოითხოვოს   დოკუმენტური მასალის შეფასებისა  და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება.

განმეორებითი გასაუბრების შემდგომ გადაწყვეტილებას, შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

მოხელე უფლებამოსილია, შეფასების შედეგები [ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი] გაასაჩივროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

კონფიდენციალობა

დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ მოხელის შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. „შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხემლძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ბიუროს“.

ბათუმში მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ტარდება

ორი დღეა ბათუმში ისტორიის პედაგოგებისთვის ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული მასტერკლასი ტარდება. პედაგოგებთან ისტორიკოსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ლევან ახვლედიანი მუშაობს. „ბათუმელებმა“ მასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ლევან, რა ინტენსივობით ახერხებთ მასტერკლასების ჩატარებას ბათუმელი მასწავლებლებისთვის და რამდენად აინტერესებთ მსგავსი აქტივობა მათ?

ინტენსივობა ბათუმში არ არის დიდი, რადგან ჩვენ თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ წელიწადში ერთხელ გვაქვს საშუალება, ჩამოვიდეთ და კოლეგებს გავუზიაროთ სწავლების ახალი სტრატეგიები.

მინდა გითხრათ, რომ მასწავლებელთა მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია. მოგეხსენებათ, მასტერკლასში არ შეიძლება  ბევრი ადამიანის მონაწილეობა, 25 მონაწილით არის განსაზღვრულ. ჩემს მასტერკლასს დღეს ესწრებოდა სრული შემადგენლობა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

შეიძლება გვითხრათ, რა ახალ სტრატეგიებზე ისაუბრეთ  ბათუმელ კოლეგებთან?

ის მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები, ჯერჯერობით, არ იყენებენ და რომელიც აუმჯობესებს სწავლა სწავლების პროცესს.

მაგალითად, არის ასეთი სტრატეგი – ანბანური გონებრივი იერიში, რომელიც შედარებით ახალია.  გონებრივი იერიში, ზოგადად, ცნობილია, მაგრამ ანბანური გონებრივი იერიში მაინც ახალია და ის იდეების გენერირებას უწყობს ხელს. ასევე არის მსჯელობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში. აი, ამ ტიპის სტრატეგიები შეისწავლება.

მასწავლებლებს რა ნიშნის მიხედვით არჩევენ?

მე არ ვიცი, ამას ბათუმის მასწავლებელთა სახლი აკეთებს.

სხვა რეგიონებში რა ინტენსივობით ახერხებთ გასვლას?

რეგიონებში ტრენერები მუშაობენ – ჩვენ, ძირითადად, გვიწვევენ როგორც კონსულტანტებს. მე ადრე ვიყავი ტრენერი, მაგრამ ახლა ნაკლებად გვევალება ტრენინგების ჩატარება. ჩვენ უფრო სატრენინგო მასალებს ვამზადებთ. ბათუმში და მთელ აჭარაშიც, ბათუმის მასწავლებელთა სახლს ჰყავს თავისი ტრენერები, მათ შერჩევაში ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, რამდენიმე წლის წინ.

მომავალი ორი წლის განმავლობაში ახალი სახელმძღვანელოები უნდა შევიდეს სკოლებში, გრიფირებას ვგულისხმობ. თუ გაქვთ შენიშვნები ისტორიის სახელმძღვანელოებთან მიმართებაში. ამ სახელმძღვანელოებში ხშირად გვხვდება ისლამოფობიური განწყობები. ასევე შოვინისტური შეფასებები, ძირითადად, მონღოლების, თურქების მიმართ. თქვენი რეკომენდაცია თუ იქნება, რომ მსგავსი ტერმინები არ იყოს გამოყენებული ახალ სახელმძღვანელოებში?

ეს ჩვენს მუშაობას არ ეხება, მაგრამ, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო კორექტული იქნება სახელმძღვანელო, ნაკლებად იქნება რაღაცა ეპითეტების გამოყენება, რომელიც სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ეხება, ცუდად ახასიათებს, ნამდვილად კარგია.

სხვათა შორის, მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრია ასეთი ტერმინოლოგია ქართულ სახელმძღვანელოებში. მეზობელი ქვეყნების სახელმძღვანელოებში უფრო მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ქართულ სახელმძღვანელოებში კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

მეზობელი ქვეყნების სახელმძღვანელოებში რას შეხვედრიხართ შოვინისტურს?

ნუ, იქ არის… მოგეხსენებათ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. მე არ დავასახელებდი..

ძალიან ხშირად ქართულ მედიაში ხდება იმის ტირაჟირება, რომ თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში თითქოს აჭარა განიხილება, როგორც  თურქეთის შემადგენელი. თქვენ ამას შეხვედრიხართ?

სამწუხაროდ, მე თურქულ სახელმძღვანელოებს არ ვიცნობ და რაც არ ვიცი, იმას ვერ გეტყვით.

ასევე მინდა გკითხოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში რუსეთთან მიმართებით პოზიტიურ პათოსზზე, უფრო პრორუსულ განწყობებზე – მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ორ საუკუნეზე მეტი ხნით დაკარგა დამოუკიდებლობა  რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად და ასევე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია. თქვენი აზრით, თუ შეინიშნება ისტორიის სახელმძღვანელოებში მსგავსი პათოსი?

მართალი გითხრათ პირიქით, მე ნეგატიური პათოსი უფრო შემიმჩნევია, ვიდრე პოზიტიური. მე თვითონ პედაგოგი ვარ, სკოლაშიც ვასწავლი და ინტენსიურად მაქვს კავშირი სახელმძღვანელოებთან. პოზიტიური პრაქტიკულად არ მახსენდება.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, რუსეთის არსებობა საქართველოსთვის ნეგატიური მომენტი იყო, მაგრამ ასევე იყო რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ: საქართველო იყო დაქუცმაცებული ქვეყანა მე-18 საუკუნეში. არ ვიცით დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ეს სამეფოები გაერთიანდებოდა თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ფარგლებში მოხდა გაერთიანება. ეს არ არის პოზიტივი, ეს რეალობაა. ამას ვერ გავექცევით. ტაში არ უნდა ვუკრათ, მაგრამ რეალობა უნდა ავსახოთ.

ისტორია მეცნიერებაა და ჩვენ ის პროპაგანდისტულად არ უნდა გამოვიყენოთ. არ შეიძლება სახელმძღვანელოში ლანძღვა. სახელმძღვანელოში არც პოზიტიური უნდა ვთქვათ და არც ნეგატიური.  ისტორიაში ასე არ საზღვრავენ – ეს სიკეთეა და ეს ბოროტება. ისტორია ცუდს და კარგს არ უნდა არკვევდეს. მართალია, ჩვენ სახელმძღვანელოში არის სიკეთესა და ბოროტებაზე საუბარი, მაგრამ იშვიათად. წესით, ჩვენს სახელმძღვანელოებში ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

თქვენ თქვით, რომ პროპაგანდისგან დაცლილი უნდა იყოს ისტორიის სახელმძღვანელოები. თქვენი დაკვირვებით,  ისტორიის მასწავლებლები თუ ახერხებენ პროპაგანდისგან დაცლას, როცა კლასში შედიან?

რაც შეეხება მასწავლებლებს – ისინიც ახერხებენ მეტ-ნაკლებად ბავშვებისთვის ფაქტების ობიექტურად მიწოდებას.

მასტერკალსს და ტრენინგებს რომ დავუბრუნდეთ, მასწავლებლებს ბოლო წლებში ბევრი აკრიტიკებს, თუნდაც გამოცდების შედეგები რომ გავიხსენოთ. ისტორიის მასწავლებლები რამდენად ახერხებენ იმის გამოყენებას, რასაც თქვენ სთავაზობთ?

გამოცდების  შემთხვევში მასწავლებელს მხოლოდ ტრენინგი ვერ უშველის. თუ მასწავლებელს არ აქვს განათლება ისტორიული, რაც არ უნდა ტრენინგი ჩაუტარო, გამოცდას ვერ ჩააბარებს. მას უნდა ჰქონდეს ეს უნივერსიტეტში ნასწავლი. როცა რაღაც ისტორიულ ფაქტზეა ლაპარაკი, იმას როგორ ისწავლის ტრენინგზე. ტრენინგზე უნდა ასწავლო ზოგადი მიდგომები, როგორ ასწავლოს, მაგრამ ცოდნა მისცე ტრენინგზე – ეს არ გამოვა.

საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან

საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საჯარო სამსახურში დასაქმებულები მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად საკლასო დანამატსაც მიიღებენ.

დადგენილების მიხედვით, მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს და მისი მინიჭების მიზანია „საჯარო მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა“.

მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი კლასი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი. მოხელის კლასი არ მიენიჭება მოხელეს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში [როცა ის დანიშნულია გამოსაცდელი ვადით]. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში. ამასთან, საჯარო მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი უნარჩუნდება მუდმივად და დაუშვებელია  მისი  ჩამორთმევა.

მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის  წარდგინებით.

საკლასო დანამატი და მისი ოდენობა
  • მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი.
  • მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა, ასევე:

  • სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას;
  • საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.

მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, მოხელეს საკლასო დანამატი არ ეძლევა.

მოხელის საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს კანონი კი დღემდე მიღებული არ არის.

საკლასო ჩინები და მოხელის კლასები

2017 წლის პირველ ივლისამდე მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინები, მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაუთანაბრდება მოხელის კლასებს შემდეგი შესაბამისობით:

  • ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი – მე-12 კლასი;
  • პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი;
  • სახელმწიფო მრჩეველი –   მე-10 კლასი;
  • პირველი კლასის მრჩეველი –  მე-9 კლასი;
  • მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი;
  • მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი;
  • საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი – მე-6 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი – მე-5 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი;
  • საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი – მე-3 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი – მე-2 კლასი;
  • საჯარო სამსახურის  მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.

ქობულეთში ეტლით მოსარგებლეებისთვის ორ ქუჩაზე პანდუსები მოეწყობა

ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ტროტუარებთან მისასვლელი შემაღლების მოწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობას 19 ათას 168 ლარად, კომპანია „ლ გრუპი“ სთავაზობს.  ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერში, რომელიც ქობულეთის გამგეობამ გამოაცხადა 25 640 ლარის საწყისი ღირებულებით. კომისიას ჯერ ის გამარჯვებულად არ გამოუვლენია.

ქობულეთში, დასახელებულ ორ ქუჩაზე, 23 ადაპტირებული წერტი მოეწყობა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის დადგენილების თანახმად დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც განსაზღვრა ტროტუარებთან მისასვლელი შემაღლებების მოწყობის ნორმები. ამავე დადგენილებით სახელმწიფო სტრუქტურებს დაევალათ, დადგენილების გამოქვეყნებიდან ხუთი წლის განმავლობაში, აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ამ დებულებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა,“ – აღნიშნულია ქობულეთის გამგეობის განმარტებით ბარათში.

ერთ-ერთი ადგილი ქობულეთში, სადაც ეტლით მოსარგებლისთვის პანდუსი უნდა გაკეთდეს
ერთ-ერთი ადგილი ქობულეთში, სადაც ეტლით მოსარგებლისთვის პანდუსი უნდა გაკეთდეს

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „ლა ნოვა ხეორხიას“ შორის 2016 წლის 11 აგვისტოს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ქალაქ ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადაპტირებული გარემოს [პანდუსების] ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულება აიღო.

„ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადაპტირებული გარემოს [პანდუსების] მოსაწყობად, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან თავსებადობის გათვალისწინებით, შეირჩა ჯამში 23 წერტილი, და განხორციელდა საპროექტო ტერიტორიის ფოტოფიქსაცია და საორიენტაციო ჯიპიეს კორდინატების აღება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას გამოყენებულ იქნა, დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, საერთაშორისო ნორმები და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ ანალოგიური სამუშაოების განხორციელებისას მიღებული გამოცდილება. ხარჯთაღრიცხვის შედგენა მოხდა მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ 2016 წლის პირველი კვარტალის დონეზე შედგენილი სამშენებლო რესურსების ფასებისა და ადგილობრივი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით,“ – აღნიშნულია გამგეობის განმარტებით ბარათში.

პანდუსის ნიმუში
პანდუსის ნიმუში

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში. სამუშაოების შესრულების ვადად კი, განსაზღვრულია 45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან.

ადგილები ქობულეთში სადაც პანდუსები უნდა გაკეთდეს
ადგილები ქობულეთში სადაც პანდუსები უნდა გაკეთდეს

ეტლით მოსარგებლეებისთვის, ქალაქის ცენტრალურ ადგილებშიც კი, არც ბათუმის ქუჩებია ადაპტირებული. ბევრ ადგილზე ზებრა გადასასვლელიდან ტროტუარზე მოხვედრა ეტლით მოსარგებლისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია [ზოგიერთ ადგილზე კი ზებრადან ტროტუარზე მოხვედრა ფეხით მოსიარულისთვისაც პრობლემაა]. თუმცა, სიტუაციის გამოსწორებას ბათუმის მერია ეტყობა არ ჩქარობს, ვინაიდან პრემიერის დადგენილების მიხედვით, არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მას ვადა 2020 წლამდე აქვს.

სად მივყავართ „ზებრებს“ ბათუმში? [ფოტოამბავი]

„ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო] 

შსს: სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებს დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში უხდებათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით პატრულირება, დადევნება და ა.შ. აღნიშნული მოითხოვს გამართულ ავტო-პარკს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შს სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება“, – აცხადებს შსს.

მიუხედავად ამისა, „SHKODA“-ს, „TOYOTA“-ს და „LEXUS“-ის-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე კომპანია „მათემოტორსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ ცალმხრივად შეწყვიტა.

სამინისტროს ინფორმაციით, „შპს „მათემოტორსი“ დაგვიანებით უწევდა ტექნიკურ მომსახურებას, რამაც გამოიწვია მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვება და საჭიროებს დაუყოვნებლივ რემონტს. მიმწოდებელი არაჯეროვნად არსულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ: გაწეული ტექნიკური მომსახურება შესრულებული იყო უხარისხოდ. ამასთან, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტის დარღვევას. აგრეთვე მიმწოდებელი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო მოვალეობებს. ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, 2017 წლის 18 აპრილს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყდა“.

გადაუდებელი აუცილებლობის გამო შსს-მ ხელახალი ტენდერების გამოცხადებამდე ავტომანქანების რემონტის პირდაპირი შესყიდვით განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო და მისი შეთანხმება, კანონის შესაბამისად, შესყიდვების სააგენტოს სთხოვა.

შესყიდვების სააგენტომ კი 28 აპრილს წერილით შსს-ს მთელი რიგი დეტალების დაზუსტება მოსთხოვა: „გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოთ წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, მიუთითოთ ვადა, რომელიც საჭიროა ვითარების აღმოსაფხვრელად… ამასთან, გთხოვთ დააზუსტოთ მომართვის შესაბამის ველში მითითებული მიწოდების ვადები. ასევე, გთხოვთ დააზუსტოთ კითხვარის მე­-3 ველში წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, მიუთითოთ ტენდერის ნომრები, რომლის საფუძველზეც გაფორმდა ის ხელშეკრულებები, რომლებიც სამინისტრომ შეწყვიტა…“.


შსს-ს ავტოპარკი მოძველებულია

11-12 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დაიწვა, „ბათუმელები“ დაინტერესდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის მდგომარეობით, ვინაიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ პოლიცია ავტომანქანების დეფიციტს ისედაც განიცდიდა.

არის თუ არა ავტომანქანების საკმარისი რაოდენობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რამდენი ავტომანქანაა სარემონტო და რატომ ვერ ხერხდება დროულად შეკეთება?ამ კითხვებზე შსს-დან პასუხი ერთი თვის წინ „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. სამინისტროს პრესსამსახურში მაშინ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ის, რომ „შს სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია…“ და რომ „მათემოტორსის“ მიერ დაგვიანებით ხდებოდა ტექნიკური მომსახურების გაწევა, რამაც გამოიწვია მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვება“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილის, დავით ვარდიაშვილისადმი, შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ გაგოშიძის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

„გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამო, რიგი ქვედანაყოფები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებას“ – ეს უკვე შსს-ს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია მითითებული.

შსს-ს ტენდერები და „მათემოტორსი“

2017 წელს ერთობლივი ტენდერი სისტემაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [აზიური] და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება იყო 4 898 320 ლარი. ხელშეკრულება კი 2017 წლის იანვარში სამინისტრომ „მათემოტორსთან“ გააფორმა  1 087 937 ლარზე.  ამ ხელშეკრულებაში ორჯერ შეცდომა გასწორდა, 13-ჯერ ცვლილება შევიდა, საბოლოო თანხად კი 1 067 937 ლარი განისაზღვრა; აქედან 50 ათას ლარამდე გადაერიცხა კომპანიას [2017 წლის მარტის თვის მონაცემებით] .

შინაგან საქმეთა სამინისტროს TOYOTA-ს და LEXUS-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე ხელშეკრულება ასევე „მათემოტორსთან“ ჰქონდა გაფორმებული 2017 წლის იანვარში – 1 340 000 ლარზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კი კომპანიისთვის მიმდინარე წლის მარტში, უკვე გადარიცხულიიყო 234 ათასი ლარი.

„მათემოტორსთან“ ჰქონდა ხელშეკრულება სამინისტროს გაფორმებული წელს, SHKODA-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზეც. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისთვის 154 ათას ლარამდე იყო გადარიცხული.

„მათემოტორსის“ მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია სამართალდამცავებმა 2017 წლის 5 მარტს დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

„მათემოტორსთან“ ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ კი სამინისტრომ კომპანიას ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთ შემთხვევაში დააკისრა ჯარიმა – ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით – 5 ათასი ლარი; ხოლო მეორე ხელშეკრულების შემთხვევაში – 134 ათასი ლარი.

„ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა „მათემოტორსს“, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებდა და ვერც კომპანიის სხვა წარმომადგენელს დაგვაკავშირებდა.

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში, ჩაქვი / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ყოფილი ენგელსი], ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში რამდენიმე მაღლივი კორპუსი შენდება. ამ ქუჩაზე არც ერთ მშენებარე ობიექტს არ აქვს დამცავი ბადეები, რაც უზრუნველყოფდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში როგორც სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების გავრცელების შემცირებას, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა.

20170429_100651 20170429_100747 20170429_100914 20170429_100919

ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელმა პირმა – მამუკა გაბაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ხვალ აპირებს ბადეების გაკეთებას“. მენაშენის თქმით, მასთან უკვე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის ზედამხედველობიდან. „ბადეების არქონის შემთხვევაში ჯარიმა, როგორც მახსოვს, 500 ლარი უნდა იყოს“, – ამბობს მამუკა გაბაიძე.

სამშენებლო ობიექტებზე დამცავი ბადეების განთავსებას საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ავალდებულებს მენაშენეებს.

ერთი წლის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ბათუმში გამართულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა, რომ ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობებია, კერძოდ კი ის, რომ მშენებლობები არ არის შემოსაზღვრული სპეციალური დამცავი ბადეებით.

„ხშირად ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დაკავშირებულია მშენებლობებთან. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს განსახორციელებელი მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებით… ინტენსიური მშენებლობებია როგორც თბილისში, ისე ბათუმში“, – აღნიშნა მინისტრმა გასული წლის მაისში გამართულ მინისტერიალზე.

ამ დროისთვის ბათუმში, მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩაზე და მის კვეთაში არსებულ სხვა ქუჩებზე 10-ზე მეტი მაღლივი კორპუსი შენდება.

სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე მეთვალყურეობა ბათუმში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაა.

20170429_100959 20170429_101510 20170429_101522 20170429_101536

 

9 მილიონი აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 12 მილიონზე მეტი ლარია. ბოლო 10 წლის მანძილზე სამინისტროს ბიუჯეტიდან პროგრამულ ნაწილზე ყველაზე დიდი წილი მიმდინარე წელს მოდის, 76% (9.165.520 ლარი), როცა 2011 წელს პროგრამული ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 17% იყო.

აჭარის მუნიციპალიტეტებში  მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა მოწეული პროდუქციის რეალიზაციაა.  წარმოებული პროდუქციის ქალაქში ტრანსპორტირებისთვის სოფლად მცხოვრებ ფერმერებს დამატებითი ხარჯის გაღება უწევთ. გადამყიდველებისგან კი ვერ იღებენ იმ თანხას, რაც მათი შეფასებით,  ღირს მათ მიერ მოწეული პროდუქცია. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო ფერმერებისათვის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება. იქმნება აგრომომსახურების ცენტრები, რომლებიც ფერმერებს დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში.

ყველა რაიონულ ცენტრში იქნება აგრომომსახურების ცენტრი, სადაც მოხდება პროდუქციის მიღება, დახარისხება, დაკალიბრება, შეფუთვა და ბათუმის მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრში ტრანსპორტირება. მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრში პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის და მარკეტებისთვის,ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის. ფასზე კი მყიდველი და გამყიდველი შუამავლის გარეშე შეთანხმდებიან. ამ სისტემით ფერმერებს შეეძლებათ პროდუქცია გაყიდონ სასურველ ფასად და ამისთვის მხოლოდ ლოჯისტიკური ამოცანების შესრულების თანხას გადაიხდიან (პროდუქციის ღირებულების 20%-მდე). აღნიშნული ცენტრების პროექტებზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება, ხოლო მათი მშენებლობა – სავარაუდოდ ოქტომბერ-ნოემბერში.

18191566_1841579302534860_1287133781_n

მნიშვნელოვანი სიახლეა რეგიონისთვის აგრომარკეტის შექმნა. 1000კვ.მ-მდე ანგარში მოეწყო 24 ინდივიდუალური საგამოფენო სივრცე, სადაც სხვადასხვა სოფლის მეურნეობის ტექნიკა,  სათესლე და სარგავი მასალა, შხამ-ქიმიკატები და სხვა აგროსაშუალებები გაიყიდება. აგრომარკეტის გახსნითა და ამოქმედებით გაიზდება ხელმისაწვდომობა აგროსექტორში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებზე და ახალ ტექნოლოგიებზე. აგრომარკეტის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.

სამინისტრო სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებით 2,5 ჰა მიწის ნაკვეთზე გეგმავს 50 ერთეული 500 კვ.მ. სათბურის მშენებლობას. მსგავსი ბოსტნეულის კონცენტრირებული წარმოება, მისი შემდგომი გაფართოების პირობებში ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აგროჰაბის შექმნის წინაპირობაა. სათბურები არ დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და იგი იჯარის წესით გაიცემა.

საქართველოს რეალობისთვის სიახლე იქნება ქტიურ ოქალაქეთა დგილობრივი აერთიანებების -ამაგ-ების შექმნა.  ეს იქნება მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანიც არის მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში. მუნიციპალიტეტებში ამაგების ჩამოყალიბება უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის წარმოების საშუალებებს, მომსახურებასა და რეალიზაციას.   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  ჩამოყალიბდა 46 ამაგი, მათ შორის 6 – ქედაში, 13 – ქობულეთი, 4 – შუახევი,  15 – ხელვაჩაური, 8 – ხულო. ამაგები მოიცვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სოფელს.

18197889_1841579305868193_949763474_n_cr

მოსახლეობისთვის საინტერესო აღმოჩნდა კარტოფილისა და ნიორის პროგრამა. ჰოლანდიური კარტოფილი, რომელსაც კიბო არ ემართება და მოსავლიანობაც საკმაოდ მაღალი აქვს. კარტოფილის ის ჯიშები, რომლებიც დღეისთვის აჭარასა და საქართველოშია, დაბერებულია, შესაბამისად მას აღენიშნება კიბო (სიშავე და სიდამპლე). მსგავს შემთხვევაში ჯიშის განახლება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. სამინისტრომ მიმდინარე წელს შეიძინა და გასცა 101 500 კილოგრამი მაღალი კლასის კარტოფილი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას თანადაფინანსებით გადაეცათ. სათესლე კარტოფილთან ერთად ფერმერებმა მიიღეს მინერალური და ბიო სასუქი. შემოდგომაზე მოხდება 48 000 კგ. ნიორის სარგავი მასალის თანადაფინანსების პრინციპით მოსახლეობისთვის გადაცემა.

2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალეფექტური მწავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას ანხორციელებს. ეს პროგრამა მოიცავს ჩანდლერის ჯიშის კაკლის მოსახლეობისთვის თანადაფინანსების პრინციპით გადაცემას, რაც ფერმერისგან 30%-იან თანამონაწილეობას მოითხოვს. 25 ათასზე მეტი ნერგი უკვე დარიგდა.

სიახლე იქნება ასევე ვეტერინარული კლინიკა ქობულეთსა და ხულოში. ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი ავსტრიის განვითარების ფონდთან (ADA) ერთად ახორციელებს კერძო ვეტერინარული სერვისების და მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიდინარეობს ვეტერინარული კლინიკის მშენებლობა. კლინიკაში გათვალისწინებულია ფერმერებისათვის საკომფერენციო დარბაზი, ლაბორატორია, საოპერაციო ოთახი, ვეტაფთიაქი. ქობულეთში კლინიკის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში. ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში  კლინიკის მოსაწყობად ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.   ექსტენციის სამსახური, მსხვილფეხა  პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქ ბათუმში ფერმერებს სთავაზობს სუბსიდირებულ სერვისს ფურების ხელოვნური დათესვლის სახით.

სამინისტრო ასევე ფერმერთა ტრენინგებისა და კონსულტაციებს უზრუნველყოფს.  საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის ქვეპროგრამის ფარგლებში ექსტენციის სამსახური ახორციელებს ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება ვეტერინარული კუთხით სამინისტროს პროგრამებს,  სპეციალისტებსა და ფერმერებს პერიოდულად უტარდებოდათ ტრენინგები. სწავლება უტარდებათ დარგის სპეციალისტებსაც. 15 ვეტერინარ სპეციალისტს ჩაუტარდა სწავლება, ხოლო 6-მა სპეციალისტმა პრაქტიკა გაიარა სომხეთში. ა(ა)იპ აგროსერვისცენტრში იგეგმება სტუდენტთა ფასიანი სტაჟირების პროგრამა.

მიმდინარეობს როგორც აგრო, ასევე პრესტურები. სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით იმართება მარკეტინგული ღონისძიებები. მიმდინარე წელს დაგეგმილია თაფლის, ყველის, ღვინისა და ციტრუსის ფესტივალები. იბეჭდება ასევე აგროგაზეთი, რომელიც ურიგდება ფერმერებს. მოსახლეობისათვის სიახლეების შეტყობინების მიზნით სამინისტროში შექმნილია 9800-ზე მეტი ფერმერის მონაცემთა ბაზა,  რომელთაც SMS-სსახით სისტემატიურად ეგზავნებათ შეტყობინებები სხვადასხვა აგროღონისძიებაზე.

ივნისიდან ციტრუსის, თხილის, ერთწლიანი და ხეხილოვანი კულტურების მწარმოებლებს 3 თვის განმავლობაში მიეწოდებათ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ანუ სწავლება/კონსულტირების უფასო სერვისი. პროგრამის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, ასევე თანამედროვე აგროტექნიკური ცოდნის მოსახლეობისთვის მიწოდება.

აჭარის მთავრობა

 

სარფში ახალი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება. სკოლის არსებული შენობა ორსართულიანია, ახალი კი, პროექტის მიხედვით, სამსართულიანი იქნება. შენობა, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა აშენდეს.

სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15 თვიან პერიოდში გათვალისწინებულია].

სარფის საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 871 ათას 477 ლარია. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 17 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება.

პროექტით, შენობას ექნება სპორტდარბაზი, გარე სპორტული მოედანი, დამონტჟდება ლიფტი და კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც.

სარფის საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა მგელაძის ინფორმაციით, დაგეგმილი მშენებლობის გამო სწავლა სკოლაში მაისის ბოლოს შეწყდება, ამიტომ აქ სასწავლო პროცესი შაბათობითაც მიმდინარეობს. რაც შეეხება მშენებლობის პერიოდში სად და როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი შემოდგომაზე, ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

სარფის საჯარო სკოლაში, დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად 145 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 მოსწავლე გონიოდან და სოფელ კვარიათიდანაა.

სარფის საჯარო სკოლა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სარფის საჯარო სკოლა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
საპროექტო ტერიტორია
საპროექტო ტერიტორია
ახალი სკოლა სარფში / მაკეტი საპროექტო დოკუმენტაციიდან
სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობის მაკეტი საპროექტო დოკუმენტაციიდან

ქედის საკრებულომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი შესაძლოა გაზარდოს

ქედის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით გამოთხოვის სტანდარტის შემუშავებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის განსასაზღვრავად, ახალ ინიციატივას განიხილავს.

დადგენილების პროექტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება და იმ შემთხვევაში, თუ ქედის საკრებულო დადგენილების პროექტს, აღნიშნული ფორმით დაუჭერს მხარს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება მოქალქემ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე [keda.ge]  წერილობით მოთხოვნა გააგზავნოს.

აღნიშნული დადგენილების პროექტით, საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალიც იზრდება. მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ბიოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, ვებგვერდზე განათავსოს. მუნიციპალიტეტმა უნდა განათავსოს ასევე საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლების სახელ-გვარები და მიუთითოს მათ მიერ დაკავებული თანამდებობები.

გურამ ანანიძე
გურამ ანანიძე

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე ამბობს, რომ ინიცირებული საკითხი – რომელმაც ქედის თვითმართველ ორგანოს საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით მოთხოვნა-გაცემასა და მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი დადგენილებით უნდა განუსაზრვროს – მას ეკუთვნის.

„საკითხები, რომელთა საჯაროდ გამოქვეყნებას ინიცირებული საკითხით ვითხოვ, თითქმის ყველა საჯარო ინფორმაციის შემცველია. ამ ტიპის ინფორმაცია კი, ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. გამოიკრას დაფაზე და მოსახლეობა გაეცნოს. თუნდაც ის ინფორმაცია, რა ვაკანსია არსებობს მუნიციპალიტეტში დაფარული და დამალული არ უნდა იყოს“ – ამბობს გურამ ანანიძე „ბათუმელებთან“.

გურამ ანანიძის მიერ ინიცირებული საკითხი ისეთი ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას ითვალისწინებს, რომლის გამოქვეყნებასაც, პროექტის ავტორის თქმით, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტებს არ ავალდებულებს:

  • სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა;
  • საკრებულოს ნორმატიული აქტები;
  • გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ის ინდივიდუალური აქტები, რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო, ან კომერციულ საიდუმლოებას;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ;
  • ის ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს გამგეობასა და საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატრების წესებს.
Exit mobile version