ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ტროტუარებთან მისასვლელი შემაღლების მოწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობას 19 ათას 168 ლარად, კომპანია „ლ გრუპი“ სთავაზობს. ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერში, რომელიც ქობულეთის გამგეობამ გამოაცხადა 25 640 ლარის საწყისი ღირებულებით. კომისიას ჯერ ის გამარჯვებულად არ გამოუვლენია.
ქობულეთში, დასახელებულ ორ ქუჩაზე, 23 ადაპტირებული წერტი მოეწყობა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის დადგენილების თანახმად დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც განსაზღვრა ტროტუარებთან მისასვლელი შემაღლებების მოწყობის ნორმები. ამავე დადგენილებით სახელმწიფო სტრუქტურებს დაევალათ, დადგენილების გამოქვეყნებიდან ხუთი წლის განმავლობაში, აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ამ დებულებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა,“ – აღნიშნულია ქობულეთის გამგეობის განმარტებით ბარათში.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „ლა ნოვა ხეორხიას“ შორის 2016 წლის 11 აგვისტოს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ქალაქ ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადაპტირებული გარემოს [პანდუსების] ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულება აიღო.
„ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადაპტირებული გარემოს [პანდუსების] მოსაწყობად, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან თავსებადობის გათვალისწინებით, შეირჩა ჯამში 23 წერტილი, და განხორციელდა საპროექტო ტერიტორიის ფოტოფიქსაცია და საორიენტაციო ჯიპიეს კორდინატების აღება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას გამოყენებულ იქნა, დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, საერთაშორისო ნორმები და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ ანალოგიური სამუშაოების განხორციელებისას მიღებული გამოცდილება. ხარჯთაღრიცხვის შედგენა მოხდა მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ 2016 წლის პირველი კვარტალის დონეზე შედგენილი სამშენებლო რესურსების ფასებისა და ადგილობრივი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით,“ – აღნიშნულია გამგეობის განმარტებით ბარათში.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში. სამუშაოების შესრულების ვადად კი, განსაზღვრულია 45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან.
ეტლით მოსარგებლეებისთვის, ქალაქის ცენტრალურ ადგილებშიც კი, არც ბათუმის ქუჩებია ადაპტირებული. ბევრ ადგილზე ზებრა გადასასვლელიდან ტროტუარზე მოხვედრა ეტლით მოსარგებლისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია [ზოგიერთ ადგილზე კი ზებრადან ტროტუარზე მოხვედრა ფეხით მოსიარულისთვისაც პრობლემაა]. თუმცა, სიტუაციის გამოსწორებას ბათუმის მერია ეტყობა არ ჩქარობს, ვინაიდან პრემიერის დადგენილების მიხედვით, არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მას ვადა 2020 წლამდე აქვს.