დისკუსია შშმ პირების უფლებებისთვის

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშრებით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრორო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ასევე შშმ პირები და მათი მშობლები, ასევე მეურვეები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდა სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ გახსნა. მისი თქმით, შშმ პირების საკითხში გლობალურ ბრობლემად გაეროს კონვენციის შესრულება რჩება. მოცემული კონვენციის იმპლემენტაცია დაეხმარება ქვეყანას, ჰქონდეს სამოქალაქო გეგმა შშმ პირებთან მიმართებაში, რის შედეგადაც იმ პრობლემებზე, რომელზეც საუბრობს ხალხი, ნელ-ნელა სახელმწიფოც დაიწყებს ფიქრს და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგმება მოგვარების კუთხით.

„ამ მხრივ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია შშმ სტატუსის მქონე პირთა რაოდენობაზე, რათა იცოდეს, რა ტიპის პროგრამები უნდა განახორციელოს, რა სერვისები შესთავაზოს მათ და ზოგადად, როგორ მოახდინოს შშმ პირთა დაცვა,“ – ამბობს ციალა ქათამიძე.

ციალა ქათამიძის თქმით, სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს მეთოდოლოგია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა თუ სხვა ცენტრალურ დონეზე აღრიცხვა მომხდარიყო: „ერთადერთი რამ, რაც მოახდინა სახელმწიფომ საყოველთაო აღწერის ფარგლებში, იყო დასმული კითხვა – არის თუ არა ადამიანი შშმ პირი, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ადამიანის პირადი თვითშეფასებიდან, და არა სამედიცინო დასკვნით გამომდინარეობდა“,  – აღნიშნავს ციალა ქათამიძე.

დისკუსიზე შშმ პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის თემაც განიხილეს, ამის შესახებ ა(ა)იპ-ი „ფანშეტის“ დირექტორმა, ხათუნა ფაღავამ ისაუბრა: „მნიშვნელოვანია, შშმ პირთა საკითხის გათვალისწინებით, ქალაქის ინფრასტრუქტურა და განათლება ერთნაირად განვითარდეს. ასევე აუცილებელია, ყველა იმ რესურსის მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ამ ნაწილის ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას“.

ამ მხრივ მნიშვნელოვან საკითხად  შშმ პირთათვის ინკლუზიური გარემოს შექმნა რჩება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ედნარ აბულაძემ გააკეთა. მისი თქმით, 2013-2014 წლებში ბათუმში შშმ პირთა საგზაო ადაპტაციის კუთხით გარკვეული ხარვეზები არსებობდა, 2015 წლიდან ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით აქტიური სამუშოები დაიწყო, ხოლო 2017 წელს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, მოწესრიგებულია.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვედრაზე კონრკეტული ქუჩები დაუსახელეს, სადაც შშმ პირების გადასაადგილებლად შესაბამისი გარემო არ არსებობს.

დისკუსიაზე შშმ პირთა დასაქმების საკითხებზეც ისაუბრეს, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის, თეიმურაზ კახიძის თქმით, ბათუმში ამჟამად 91 შშმ პირია, ამათგან ბოლო ორი წლის განმავლობაში 55 შშმ პირი დასაქმდა.

დისკუსიაზე შშმ პირთა თვითრეალიზაციის საკითხებიც განეხილეს. დისკუსიის ერთ-ერი მონაწილის, თაზო მჟავანაძის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემად რჩება საზოგადოების ცნობიერების ამღლება შშმ პირთა მიმართ. ამ კუთხით აუცილებელია რაიონებში განვითარდეს საზოგადოების ცნობიერებს ამაღლების სპეციალური პროგრამები.

დისკუსიის დამთავრების შემდეგ მონაწილეებმა ხელი გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციას მოაწერეს, სადაც მათ კონვენციის აღსრულება მოითხოვეს.

GULO 1

GULO 2

 

ახალი უკანონო მშენებლობა ბათუმის პლაჟზე

ბათუმის ბულვარში,  ანბანის კოშკის წინ, პლაჟზე ახალი კონსტრუქციის აგება მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, 1 381 კვ/მეტრზე კვების ობიექტი აიგება, რომელიც შპს „რესტას“  ეკუთვნის. მფლობელს  ხელშეკრულება  2019 წლამდე აქვს გაფორმებული. მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა გაცემული არ არის.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  „რესტას“  პლაჟის ნაწილი აუქციონის წესით გადაეცა. ტერიტორიაზე  ბეტონის სვეტების ჩამოსხმა მიმდინარეობს, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ „რესტას“ კაპიტალური მშენებლობის განხორციელების უფლება არ აქვს.

„პროექტით გათვალისწინებულია ხის კონსტრუქცია, უბრალოდ წერტილოვან ჩასხმებს აკეთებენ, რაზეც უნდა აეწყოს ხის კონსტრუქცია“-გვეუბნება საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მაგდა ჯაიანი.

ახალი ობიექტის ესკიზი
ახალი ობიექტის ესკიზი

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოიჯარემ წლის განმავლობაში 55 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. კვების ობიექტში კი დახალოებით 60 პირი დასაქმდება.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის განცხადებით, ობიექტის მშენებლობის პროექტი მის სამსახურთან არ არის შეთანხმებული. „უნდა შეეთანხმებინა ჩვენთან პროექტი და უნდა გაგვეცა ნებართვა, მაგრამ სამწუხაროდ არ აქვთ ეს ნებართვა და როგორც ვიცი ზედამხედვბელობის სამსახურის მიერ შეჩერებულია სამუშაოების წარმოება“-ამბობს ირაკლი ახალაძე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის თქმით, ობიექტის მშენებლობა გუშინწინ შეაჩერეს.

კომპანია „რესტა“ პლაჟზე კვების ობიექტის მშენებლობას აწარმოებს
კომპანია „რესტა“ პლაჟზე კვების ობიექტის მშენებლობას აწარმოებს

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

„ბათუმის მერიას არ გაუგზავნია სარჩელი სააპელაციო სასამართლოში“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში მას შემდეგ, როცა გონიოელებს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი შეხვდა და მათ სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა.

საპროტესტო აქცია გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან დღეს, 14 ივნისს გამართეს. მათი მოთხოვნა იმის გარკვევა იყო, ასაჩივრებდა თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის მიწის საკუთრების კომისიამ თითოეული გონიოელის შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს.

„იყო იქ საუბარი ძირითადად ისეთ თემებზე, რაც პრობლემური არ არის, რომ თურმე გადაფარვებია და ბევრს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მიწა დაუბრუნდება. ეს ჩვენც ვიცით, რომ გადაფარვები არსებობს. ვისაც არ აქვს გადაფარვა, იმას დაგვიბრუნონ“, – უთხრა გონიოში მცხოვრებმა ენვერ ირემაძემ „ბათუმელებს“ მერთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდა ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.  იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის მერი უფლებამოსილი პირი არ არის ჩაერიოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში, თუმცა ამის მიუხედავად, ის გონიოელებს სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა.

„ჩვენ ვერ მივიღეთ ბათუმის მერისგან პასუხი კითხვაზე, რატომ გასაჩივრდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ან რის გამო უნდა გამოითხოვონ სარჩელი უკან, თუ მერიას მიაჩნია, რომ სამართლიანი იყო გასაჩივრება. ვნახოთ. იმედია, ეს მორიგი ტყუილი დაპირება არ იქნება კომისიის მხრიდან,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

გონიოელებთან შეხვედრას ესწრებოდა ირაკლი ბოლქვაძეც, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ირაკლი ბოლქვაძე, მართალია, უკვე არაუფლებამოსილი პირია, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა მასაც შეეძლო მოსახლეობისთვის. გონიოელებს არ შეხვედრია დავით ოქრაძე – მიწის საკუთრების აღიარების კომისიის ახალი თავმჯდომარე.

მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელმაც გონიოელებს 2010 წელს მიწები ჩამოართვა

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დავით ოქრაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დავით ოქრაძე მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო აქამდე. იგი ასევე არის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული განყოფილების უფროსი.

დავით ოქრაძე 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. 2017 წლის 11 აპრილს მან „ბათუმელებს“ უთხრა: „მე არ ვმუშაობდი ხელვაჩაურის კომისიაში მაშინ, როცა ამ ადამიანებს მისცეს მიწის ნაკვეთები. მიმაჩნია, რომ ჩამორთმევის აქტი იყო სამართლიანი,“- უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ დავით ოქრაძემ.

დავით ოქრაძემ მაშინ „ბათუმელებს“  ისიც უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემედგ, სადაც გონიოლებმა ბათუმის მერიას საქმე მოუგეს, ის გონიოსთან დაკავშირებულ დავებში მონაწილეობას არ მიიღებდა შემდეგი მოტივაციით: „მე აღარ ვაპირებ ამაში მონაწილეობას. არ მინდა, ისევ გაუგებრობაში მოვხვდე.“

დღემდე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ირაკლი ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა. მან დღეს საპროტესტო აქციაზე გონიოელებს უთხრა, რომ ის აღარ არის კომისიის თავმჯდომარე, თუმცა მოგვიანებით ის ბათუმის მერთან ერთად შეხვდა აქციის მონაწილეებს ჟურნალისტების გარეშე. ამ შეხვედრის შემდეგ მიიღო „ბათუმელებმა“ ინფორმაცია, რომ ირაკლი ბოლქვაძე დავით ოქრაძემ ჩაანაცვლა.

 

ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

პროფესორი ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. პროფესორი დეკანის არჩევნების შედეგს ასაჩივრებს. ირაკლი მანველაძე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

manvelidze
ირაკლი მანველიძე

„დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი დეკანობა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე. ის იმავე ფაკულტეტის თანამშრომელია, რომლის დეკანობაც სურდა. 2014 წლის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში ირაკლი მანველიძემ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი ბოლქვაძემ დაწერა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა და ისე მოუხდა გადაწყვეტილების მიღება. ეს სტუდენტი ფაკულტეტის საბჭოს წევრი იყო, რომელიც დეკანს ირჩევს.

სტუდენტის განცხადების შემდეგ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგი გააუქმა და ხელახალი არჩევნები დანიშნა. მეორე ტურში ქეთევან ბერიძემ გაიმარჯვა, რომელიც ახლაც პოლიტიკის და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია.

ქეთევან ბერიძე და სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე სასამართლო პროცესზე მესამე პირებად არიან ჩართულები. ასოცირებული პროფესორის სარჩელს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ვიდრე ეს სასამართლო განხილვა დაიწყებოდა, პროფესორ ირაკლი მანველიძის სარჩელმა გაიარა სასამართლოს სამივე ინსტანცია. უზენაესმა სასამართლომ, გასულ წელს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია და იმავე საარჩევნო კომისიას მოსთხოვა სტუდენტის, გიორგი ბოლქვაძის საჩივრის საფუძველზე „საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება“.

უნივერსიტეტის საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი აქტი მიიღო, მაგრამ არც არჩევნები გამოცხადებულა ხელახლა და არც დეკანია შეცვლილი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიამ სტუდენტის საჩივარი ხელახლა შეისწავლა და „ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ისევ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უნივერისტეტის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას“.

„უნივერსიტეტმა მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც ბათილად მიიჩნია სასამართლომ. თუ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა, მაშინ რატომ მიიჩნია საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ბათილად უზენაესმა სასამართლომ?“ – კითხულობს პროფესორი, ირაკლი მანველიძე.

გიორგი დიასამიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „სასამართლო ჩვენ ვერ დაგვავალებდა, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. რაც დაგვიწერეს, ის გავაკეთეთ… რატომ მიიჩნია ბათილად უზენაესმა სასამართლომ, ეს არ ვიცი, თავად მოსამართლეებს ჰკითხეთ“.

გონიოელების აქცია ბათუმის მერიასთან

გონიოელები საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან მართავენ. მათი ინფორმაციით, მერია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც მერიამ გონიოელების საქმე ინდივიდუალურად, ხელახლა უნდა შეისწავლოს. მერიას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია პოზიცია, ასაჩივრებენ თუ არა სასამართლოში გონიოელებთან წაგებულ საქმეს.

„დღეს არის გასაჩივრების ბოლო ვადა. აქ ვიქნებით, ვიდრე არ გავიგებთ, რას აპირებს მერია. ისინი ჩვენ დაგვპირდნენ, რომ თუკი სასამართლოს მოვიგებდით, ამას არ გაასაჩივრებდნენ,“ – ამბობს გონიოს მკვიდრი, ენვერ ირემაძე.

გონიოლებს შეხვედრა მერმა, გიორგი ერმაკოვმა შესთავაზა ოღონდ ჟურნალისტების გარეშე. შეკრებილებმა მერიის წარმომადგენელს შეხვედრის ამ ფორმატზე უარი უთხრეს, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მერს გონიოელები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად შეხვედროდნენ. ეს ორგანიზაცია სასამართლოში გონიოელების ინტეტესებს იცავს.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ. ისინი ბათუმის მერს ხვდებიან და მიწის საკუთრების კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ბოლქვაძეს, რომელიც დღეს აქციის მიმდინარეობის დროს, მერიის შენობიდან გამოვიდა და თქვა: “მგონი, კომისიის თავმჯდომარე აღარ ვარ”.

IMG_20170614_120554

შემოსავლების სამსახური: საგადასახადო სამართალდარღვევის 820 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 5-11 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 820 ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 8810 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

[crosslist]

  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 86 ფაქტი;
  • ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 70 შემთხვევა;
  • მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 664 ფაქტი.

[/crosslist]

შემოსავლების სამსახური გადამხდელთა კონტროლს ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ახორციელებს.

 

 

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ. ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროექტის თანადაფინანსება მოხდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან, რომლის მიერ გამოყოფილი იქნება 114 მლნ აშშ დოლარი: „შედეგად, მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალი, რომელიც გვჭირდება, რათა გვერდი ავუაროთ ტურისტულად დატვირთულ ბათუმს, შემდგომ წლებში აშენდება“.

ბათუმის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

ამ ეტაპზე სამუშაოები მიდის ჩაქვის ტერიტორიაზე [ქობულეთის შემოვლითი გზა]. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 2018 წლის გაზაფხულიდან, ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს, ქობულეთსა და ჩოლოქს.

მახინჯაურის გვირაბიდან ხელვაჩაურამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] კი აშენდება ბათუმის ასაქცევი გზა, რომელიც გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის მონაკვეთში.

დეპარტამენტში ვერც იმას აკონკრეტებენ, თუ სად აშენდება მდინარე ჭოროხზე ახალი საავტომობილო ხიდი, რომელიც, ასევე სავარაუდოდ, ბათუმის შემოვლით და ჭოროხი-სარფის ახალ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს. დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა განიხილება.

სად გაივლის ახალი საავტომობილო მაგისტრალი და ემუქრება თუ არა საფრთხე პლაჟებს კვარიათსა და სარფში? – მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზის მარშრუტი გარკვეული არ არის, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პლაჟებს საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ჩიტი გამოფრინდება

ავტორი: ლია ლიქოკელი

ჩვენ უკვე ფოტოაპარატი გვაქვს. ზაფხულის მზიან დღეებში ჩავმწკრივდებით ჩვენი ეზოს ვარდებთან და ფოტოებს ვიღებთ. ცუდი ფოტოები გამოდის: საოჯახო ფოტოალბომი ნელ-ნელა ივსება ბუნდოვანი, ცუდად განათებული, მოქცეული სახეებით. ეს სახეები ცოტა არ იყოს, უხერხულად იღიმებიან, ობიექტივს მიუჩვეველი, დამფრთხალი სახეები. ლაქებივით ჩანს უკან ფონზე მკრთალი წითელი ვარდები. მე მგონია, რომ ეს შესანიშნავია. სულაც არ ვიცი, რომ უკეთესი ფოტოების გადაღება შეიძლება და ჩემი საყვარელი საქმიანობა ამ ალბომების თვალიერებაა. დიდი ამბავია ფოტოაპარატი.

ფოტოაპარატის მთავარი მფლობელი და განმკარგავი მამაჩემია. გამაფრთხილეს, რომ აპარატის გახსნა არ შეიძლება. მასში ფირი დევს და თუ სინათლე მოხვდება, ფირი გაფუჭდება. როცა ფირი არ დევს, ვხსნი და ვკეტავ. ფირის ჩადების თუ ამოღების პროცესსაც მთელი ოჯახი ვესწრებით, თვალდაცეცებულები შევცქერით მე და ჩემი პატარა ძმა. მაგრამ ვერ ვისვენებ, ეს არ მყოფნის: საშინლად მაინტერესებს როგორია, როცა ფირი გაჭიმულია, ფოტოდან ფოტომდე, ახალი კადრის დაფიქსირების მომენტში.

და რა თქმა უნდა, ერთ დღეს გავხსენი. ვიცოდი, რომ არ უნდა მექნა. ვიცოდი, რომ დანაშაულს ჩავდიოდი. ვიცოდი, რომ ფირი გაფუჭდებოდა. მაგრამ უნდა მენახა.

გავხსენი ფოტოაპარატი ხელების კანკალით და სწრაფადვე დავხურე.

ფირი გაფუჭდა. მთელი ფირი. ყველა კადრი დაიკარგა. ფოტოალბომში დარჩა ცარიელი ადგილი – ერთი გამოტოვებული ზაფხულის თვე.

დანაშაული არ ვაღიარე და ჩემს ძმას დაბრალდა. დიდად არ უმართლებია თავი, ასე იცოდა – თუ წაეჩხუბებოდი, უბრალოდ თვალები გაებერებოდა ხოლმე. ვერასოდეს მიხვდებოდი, დამნაშავეობის გამო ეტირებოდა თუ უდანაშაულობის უმწეობის გამო.

მაშინვე ვიეჭვე, იქნებ მანაც გახსნა ფოტოაპარატი. იქნებ საერთოდაც ჩემამდე გახსნა. იქნებ ფირი უკვე გაფუჭებული იყო, მე რომ ვნახე.

არაფერი მიკითხავს, და ვიფიქრე, რომ მე და ჩემს ძმას გვაქვს რაღაც საერთო. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, დამალული საერთო, უხმო და გაუმჟღავნებელი. ჩუმი შეთქმულება უფროსების ძალაუფლების წინააღმდეგ. და ის, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ, უფრო მნიშვნელოვანს და ამაღლებულს ხდის ამ შეთქმულებას, უფრო მნიშვნელოვანი და საშიში ჩანს თვითონ ისიც, რასაც ავუმხედრდით – ის წესრიგი. წინასწარ განსაზღვრული კანონიკური მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ქმნის და განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას.

ეს ის დროა, როცა მე ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ სინამდვილეში ჩემი მშობლების შვილი არ ვარ. იქნებ ნაშვილები ვარ. და ეს კი არ მზაფრავს – უკვე აღარ – მსიამოვნებს. გადავირბენ ხოლმე ეზოს, გადავძვრები ღობეზე, რომლის იქითაც პატარა ხევი ჩამოდის და მერე მინდორი და ტყე იწყება. ჩამოვჯდები ამ ხევის პირას, მეზობლების გადმოყრილი მთელი ნაგავი ჩემს ეზოსთან რომ ჩამოუქუჩებია, დავჩერებივარ რომელიმე დაფლეთილ ჩუსტს ან ყელგადაჭრილ რეზინის ჩექმას და ვფიქრობ, რომ ნაშვილები ვარ. ალბათ ჩემმა ნამდვილმა დედამ მიმატოვა. სავარაუდოდ, უკანონო შვილი უნდა ვიყო. როგორც აქ ამბობენ ხოლმე, ნაბიჭვარი.

დიახაც, შემიძლია გავხსნა ფოტოაპარატი. დიახაც, მაქვს უფლება, ვიხულიგნო. მე ხომ ნაბიჭვარი ვარ. ისინი ხომ მატყუებენ. საერთოდ, რა უფლება აქვთ, მიმითითონ, როგორ მოვიქცე. რატომ უნდა დავალაგო ჩემი ოთახი? რატომ უნდა ვისწავლო გაკვეთილები? რატომ უნდა მივმართო ბიძაჩემს თქვენობით, თანაც სინამდვილეში ხომ ტყუილი ბიძა გამოდის?

უცნაური ამ ფიქრში არაფერია, სულაც პირიქით. ვფიქრობ, მხოლოდ კარგად მოქცევისა და მეცადინეობისგან თავის დაძვრენის მცდელობა არ არის. ეს აუცილებელი საფეხურია სინამდვილესთან მორგების გზაზე. მე უნდა გავარკვიო, იმ სამყაროს კანონიკური და ლეგიტიმური შვილი ვარ თუ არა, რომელშიც დავიბადე და ვცხოვრობ, ამისთვის კი კითხვები უნდა დავსვა.

თუმცა რატომღაც ისე ხდება, რომ ეს კითხვები არასოდეს მთავრდება. შეიძლება ისე გაიაროს სიცოცხლემ, ვერასოდეს იგრძნო თავი შვილად. მაგრამ ამას მერე მივხვდები. მაშინ, როცა გაბმული რიტუალების ბურუსად იქცევა ცხოვრება.

რომელი კადრები გამოტოვა ჩემმა გაფუჭებულმა ფირმა? რა დარჩა გაუმჟღავნებელი? ჩემი კანონის მიხედვით, ყველაფერი, რასაც სინათლე დაეცემა, რჩება, შეგიძლია ამოახვიო და გაამჟღავნო. მაგალითად, ერთი ასეთი ამბავი:

ეს არის ერთ-ერთი პირველი ცხადი მოგონება შორი, ძალიან შორი ბავშვობიდან, როცა დავდიოდი საბავშვო ბაღში და შუადღეებზე ჯერ კიდევ მაძინებდნენ.

არ მიყვარდა დაძინება და არავის უყვარდა ბაღში დაძინება. ყველას ერთად გვაწვენდნენ ერთ დიდ, საავადმყოფოს პალატასავით ოთახში, თეთრი კედლებით და დიდ ფანჯრებზე თხელი, ჭუჭყიანი ფარდებით. დაგვაწვენდნენ, გვიბრძანებდნენ, დაიძინეთო და გვტოვებდნენ. ჩვენ ჯერ გავირინდებოდით, მერე ნელ-ნელა ამოვაძვრენდით მკლავებს საბნებიდან, ლაპარაკს ვიწყებდით, ჯერ ხმადაბლა, საწოლის მეზობელთან გადაჩურჩულებით, მერე თანდათან ავუწევდით ხმას, ავთამაშდებოდით და ცვიოდა აქეთ-იქით ჩვენი უშნოდ შეკერილი თეთრი ბალიშები. ხმაური გასცდებოდა ოთახის კედლებს და შემოვიდოდა რომელიმე აღმზრდელი, შედარებით ახალგაზრდა, და მსუბუქად დაგვიცაცხანებდა, დაიძინეთო. არ გაჭრიდა და მერე ვინმე უფრო გამოცდილი შემოდიოდა, ჩამოგვივლიდა სათითაოდ, გადაგვხდიდა საბნებს და მოგვტყეპდა, როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე, კარგად მოგვცხებდა ტაკოზე, სათითაოდ დაგვიწითლებდა უკანალებს. ასე ვიძინებდით კიდევ ერთი მიტყეპის შიშით.

ერთხელ სოფელში ვიღაც მოკვდა. ყველამ გავიგეთ, რომ ვიღაც მოკვდა. მკვდარი იყო სავარაუდოდ კაცი, და ალბათ ახალგაზრდა, რადგან ყველა ლაპარაკობდა ამაზე. ლაპარაკობდნენ ჩვენს სახლებში დედები და მამები, ლაპარაკობდნენ ბაღში აღმზრდელ-მასწავლებლები. და ბავშვებიც ამბობდნენ ამ სიტყვას: მოკვდა.

მკვდარი უნდა დაიმარხოს და დადგა მისი დამარხვის დღე. იდგა შუა კვირა და მთელი სოფლის ბავშვები ვიყავით საბავშვო ბაღში, დედები და მამები კი მკვდრის გასაცილებლად წავიდნენ. სოფლის მთავარი გზა, სასაფლაოსკენ მიმავალი, გადიოდა საბავშვო ბაღის შენობის წინ. ახლოს იყო მკვდრის სახლიც.

გამოასვენეს შუადღისას. ზუსტად იმ დროს, როცა ბავშვებს სძინავთ. მახსოვს, როგორ შემოცვივდნენ ქალები ჩვენს პალატა-საძინებელში, როგორ გვაღვიძებდნენ. როგორ ვერ გააღვიძეს რამდენიმე შედარებით უფრო პატარა ბავშვი და მძინარეები წამოსვეს საწოლებში, მიაყუდეს ბალიშებზე, თვალდახუჭულები და უშფოთველად მფშვინავები.

და გვაღვიძებდნენ იმიტომ, რომ როცა მკვდარს მიასვენებენ, არ შეიძლება ვინმეს ეძინოს ამ დროს. არ შეიძლება ვინმე იწვეს და ასე უბრალოდ ეძინოს. შეიძლება მკვდარმა თან გაიყოლოს ის, ვინც არ გააცილა, ვინც არ იყო ფხიზლად, ვინც არ იყო სიცოცხლეში წამომდგარი; თან გაიყოლოს სიკვდილის გზაზე, ვინც მასავით იწვა თვალდახუჭული მისი გამგზავრების დროს. ამიტომაც უნდა წამოვდგეთ, ფეხზე დავდგეთ, არ ვაწყენინოთ, რომ შური არ იძიოს ჩვენზე.

და ვისხედით საწოლებში და შემოდიოდა მზე და იდგა ოთახში თეთრი, უჩვეულო ხმაური. მე ძლივს ვახელდი თვალებს და შემოდიოდა მზე ოთახში და ხეების ჩრდილები ირწეოდნენ ნახევრად გადაწეულ ფარდებზე. შემოდიოდა რაღაცნაირად ძალიან ყვითელი მზე და ალბათ იყო შემოდგომა, ჩრდილებიც ამიტომ ჩანდა ასეთი ყვითელი. და დავინახე ხალხი. დავინახე, როგორ მოდიოდნენ დამწკრივებულები. როგორ მიირწეოდა გრძელი, თეთრგადაფარებული კუბო მათ თავებზე დიდი, დაღლილი ფრინველივით.

ჩვენ კი ვისხედით საწოლებში. ყველას შვილები და არავის შვილები.

და ვზივარ დღეს ყველას შვილი და არავის შვილი, მე, ნაბიჭვარი, და არ ვიცი, როდის უფრო დამნაშავე ვარ, როცა ფირს ვაფუჭებ, თუ როცა რუდუნებით ვავსებ ამ საერთო ოჯახურ ალბომს. როდის ვარ დამნაშავე: როცა გავრბივარ, თუ როცა ვრჩები.

იქნებ ჩავთვალო, რომ, უბრალოდ, საერთოდ არ არსებობდნენ ჩემი მშობლები.

ზოგჯერ გირჩევნია იფიქრო, რომ კულტურა, რომელშიც ცხოვრობ, დედა კი არა, დედინაცვალია შენი, მამა კი არა, მამინაცვალია. ასეთი თვალთმაქცობა გჭირდება, რადგან დედას ვერ უარყოფ, გეშინია. მას შეუძლია საბანი გადაგხადოს და მოგცხოს. სად უნდა წახვიდე, რას უნდა შეაფარო თავი? სად არის შენი ადგილი? თუ ძალაუფლებას კანონიკურობას გამოაცლი, უფრო უმტკივნეულოა შეეწინააღმდეგო, კითხვები დაუსვა და პასუხი მოსთხოვო, მისგან გათავისუფლების შანსი გიჩნდება. თავს ნაკლებად დამნაშავედ იგრძნობ გაქცევისა და შენი უკანონო სურვილების გამო. იქნებ როგორმე მოხდეს სასწაული და ამ უძღები შვილის კომპლექსისგან გათავისუფლდე, გააღწიო ამ უთავბოლო წრიდან, რომელშიც გარბიხარ იმიტომ, რომ არაფერი გამოგივიდეს და უკან დაბრუნებული შეგიწყნარონ, მოწყალედ მიგიღონ, რადგან სწორედ ასე განმტკიცდება მამების ძალაუფლება.

როგორც წესი, მერე შენ ხდები მამა. შენ ხდები დედა. და ყველაფერი ისევ წესრიგშია.

ზოგჯერ ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში, სადაც ცოტა ბავშვია და ბევრი მკვდარი.

ჩვენ ვსხედვართ საწოლებში.

თვალდაბლეტილები ვსხედვართ საწოლებში და ვუსმენთ, როგორ მიასვენებენ მკვდარს. შავი ჩიტებივით გადაიფრენენ ჩვენს თავზე მგლოვიარე ქალები და კაცები. შავი ჩიტებივით დაფრინავენ ჩვენს თავზე ჩვენი მგლოვიარე დედები და მამები, ისინი, რომლებმაც ვერაფრით დამარხეს თავიანთი მკვდრები; რომლებიც საუკუნეებია, ვიღაცას მიასვენებენ სასაფლაოზე, და არ სცალიათ შვილებისთვის, არ სცალიათ, ისინი გაზარდონ სიცოცხლისთვის, და არც შეუძლიათ, რადგან თავადაც ასე გაიზარდნენ, და ვალი უნდა მოიხადონ და შვილებიც ისე გაზარდონ, რომ როცა პროცესიას ვინმე გამოაკლდება, მათ ჩაანაცვლონ, ჩადგნენ და დაიკავონ კუთვნილი, წინასწარ განსაზღვრული ადგილი. და ბოლოს ყველანი მოვგროვდეთ იქ, დასასრულში, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ჩვენ _ სიკვდილის შიშით საწოლებში წამომსხდრები თუ საოჯახო ფოტოალბომებში დამწკრივებულები, გახუნებული ღიმილებით, მკრთალი წითელი ვარდების ფონზე.

იქნებ კარგია ასე. და იქნებ კარგად ვიყოთ ჩვენც. ჩადგები მწკრივში და იტირებ, როგორც წესია.

მაგრამ არასოდეს ვიცი, რატომ ვტირი: დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის უმწეობის გამო.

არასოდეს ვიცი, როგორ უნდა გახდეს ეს ცხოვრება ჩემი. და თუ გავიქცევი, თუ გათავისუფლებას მოვინდომებ, – შევძლებ, გამომივა, და უკან არ დავბრუნდები მუხლებგადატყავებული, მონანიების სიტყვებით: მაპატიე, მამა. მე ფოტოაპარატი გავხსენი.

შოთა გუჯაბიძის ფოტო

[highlight color=”red”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში. [/highlight]

 

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე ორმა არასამთავრობომ სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“(EMC)  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით,  2017 წლის 10 ივნისს  ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა.

მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავენ. სარჩელის ძირითად მოთხოვნას მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ სასამართლოს მიერ მეჩეთის მშენებლობის  ნებართვის გაცემის დავალდებულება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.

„როგორც ცნობილია, 2017 წლის 5 მაისის ბრძანებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, რომელიც ბათუმში მუსლიმი თემის შემოწირულობების შედეგად, განვადებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას ითხოვდა, მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე) უარი განუცხადა. მერიის სადავო გადაწყვეტილებაში მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემის თაობაზე ძირითადად ორი არგუმენტია გამოყენებული:

1.სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა და მისი განაშენიანების დომინირებულ სახეობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლები. მერიის მტკიცებით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტლის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლო განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის – საცხოვრებელი სახლების მშენებლობით;

2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, რომლის მოწყობის შესაძლებლობა მითითებულ მიწის ნაკვეთზე რთულია.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა. კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე დისკრეციული უფლებამოსილება[2] კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოიყენა და ქალაქში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ მწვავე სოციალურ საჭიროებას მხოლოდ ქალაქგანვითარების აბსტრაქტული ინტერესი დაუპირისპირა, რითიც მოცემულ შემთხვევაში რელიგიის თავისუფლების დაცვის აღმატებული საჯარო ინტერესი სრულად უგულებელყო.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები, მითითებულ ზონაში ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.[3]  აღსანიშნავია, რომ სწორედ მითითებული დათქმის შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, ბათუმის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ზონა 6-ში დაშვებულია „საეკლესიო ობიექტების“ მშენებლობა. „საეკლესიო ობიექტი“ უნდა განიმარტოს არადისკრიმინაციულად და ნეიტრალურად, რომელიც ეკლესიის გარდა, სხვა სახის საკულტო ნაგებობებსაც მოიაზრებს. თავის მხრივ კი, ასეთი დანიშნულების ობიექტის მშენებლობისთვის საჭიროა სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღება.[4] სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას კი, დასახლებათა   ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე, იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.[5]  აღსანიშნავია, რომ კომისია არის საკონსულტაციო ორგანო, მისი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.[6] შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, საცხოვრებელ ზონა 6-ში აშენდეს საკულტო ნაგებობა, უშუალოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ხდება„-ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ამასთან, მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო გადაწყვეტილების დისკრიმინაციულ ხასიათზე და სასამართლოს მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასა და აღმოფხვრას მოითხოვს.

ამ კუთხით, მოსარჩელე მხარე მოუწოდებს სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი. მათ შორის, გასათვალისწინებელია საკულტო ხასიათის შენობა-ნაგებობის გახსნასა და მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის მიმართ ბოლო წლებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და სახელმწიფოს არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის პრობლემაც.

„ამასთან,  იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმ თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს.“

„TDI და EMC იმედოვნებენ, რომ ეროვნული სამართლის სისტემაში შესაძლებელი გახდება მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. სხვა შემთხვევაში, დაიგეგმება საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის, დავის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმართვა. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ორგანიზაციები საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ“-ნათქვამია განცხადებაში.

 

როგორ მოჰყავთ თამბაქო კოკოტაურში [ფოტო, ვიდეო]

თამბაქო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს. საკუთარ მეურნეობაში დაკრეფილ თამბაქოს ფოთლებს კოკოტაურელები ძაფსა თუ სპეციალურ მავთულზე ასხამენ და ეზოებსა თუ ბაღჩებში, პოლიეთილენის პარკით გადახურულ ტერიტორიაზე ახმობენ. გადარჩეული, გამომშრალი თამბაქო გასაყიდად ადგილობრივებს ბათუმში ჩააქვთ გასაყიდად და გადამყიდველებს აბარებენ.

გამხმარი თამბაქო მშრალ გარემოში წლების განმავლობაში ინახება, მოსახლეობა მას ძირითადად მაშინ ჰყიდის, როცა ფასი ხელსაყრელია.

თამბაქოზე ფასის მატებასთან ერთად მოსახლეობამ ეს კულტურა ქედაში იმ სოფლებშიც გააშენა, სადაც წინა წლებში კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. ქედელი გლეხების თქმით, თამბაქო შრომატევადი, თუმცა საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი კულტურაა. 1 კილოგრამი თამბაქოს ჩაბარების ფასი 30-დან 70 ლარია, ხარისხის გათვალისწინებით.

მეზობლებისგან განსხვავებით აბაშიძეების ოჯახმა თამბაქო ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წელს პირველად დარგო. ნინო ქმართან და შვილებთან ერთად ბათუმში ცხოვრობს, დედამთილი და მამამთილი კი – კოკოტაურში. ნინო ამბობს, რომ კვირაში ერთხელ ამოდის სოფელში და დედამთილს თამბაქოს გამოყვანაში ეხმარება.

„თამბაქოს გამოყვანას ბევრი შრომა სჭირდება, წელს შვილიშვილი აბიტურიენტია, სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლესში, სწავლას დიდი თანხა სჭირდება, თამბაქო ამისთვის დავრგეთ, ამოდიან ქალაქიდან და ერთად ვამუშავებთ,“ – ამბობს ლამარა აბაშიძე.

19104820_1387241721371530_2081125485_o 19125365_1387241484704887_1362235547_o

19197626_1387243701371332_327811695_o

19096097_1387242318038137_35141023_o

19096185_1387242314704804_1308914883_o

19126052_1387241434704892_1504562955_o

19104781_1387242284704807_1384018846_o

19125139_1387242311371471_1834657305_o

 

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი კვლავ არ არის არჩეული

აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის ანგარიშს საბჭოს სხდომაზე განიხილავს. განხილვის პროცედურის შესახებ დღეს, 13 ივნისს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა იმართება.

„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოში ოთხი წევრია. მე-5 წევრის სავარძელი კი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. დავით გაბაიძე „ბათუმელებთან“ ორი თვის წინ ამბობდა, რომ კონკურსი საგაზაფხულო სესიის დროს აუცილებლად გამოცხადდებოდა.

რატომ არ გამოაცხადა აქამდე კონკურსი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ? – დავით გაბაიძემ მაშინ განმარტა, რომ მას ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწის სურვილი ჰქონდა: „გახსოვთ კრიტიკა კვოტირების წესებთან დაკავშირებით, მაგრამ უმჯობესია კონკურსი გამოვაცხადოთ და პარალელურად კანონის დახვეწაზეც გაგრძელდება მუშაობა. ბორდმა ტელევიზიის დირექტორი აირჩია, რაც აჩვენებს, რომ მეხუთე წევრის არყოლა დაბრკოლებას არ ქმნის.“

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორდის მეხუთე წევრის შესარჩევად კონკურსის გამოცხადებაზე მუშაობა მიმდინარეობს და კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ბათუმის მერიის პრიორიტეტი – 4 სპორტული მოედანი მომდევნო 4 წელში

2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები ბათუმის მერიამ შეიმუშავა. მომავალ 4 წელიწადში ბათუმის მერია ერთ-ერთ პრიორიტეტად სპორტის განვითარებას ასახელებს, თუმცა ამისთვის ჯამში 408 390 ლარის დახარჯვას აპირებს.

მერიის პრიორიტეტების საპრეზენტაციო მასალაში წერია, რომ მომავალ 4 წელში უნდა მოეწყოს 2 სპორტული მოედანი მწვანე კონცხის ადმინისტრაციაში, ხოლო თითო-თითო აეროპორტისა და ბონის დასახლებებში.

„ეს არის პირველადი დოკუმენტი. შესაძლოა ეს ციფრები შეიცვალოს და უფრო მეტი სპორტული მოედანი მოეწყოს,“- უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ პეტრიძემ. ის 4 სპორტული მოედნის მოწყობას იმით ხსნის, რომ ახალი მოედნებისთვის საჭირო ადგილები ამ ეტაპზე შერჩეული არ არის.

 

მოზარდები მძიმე შრომისა და სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ – კვლევის შედეგები

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა, პროექტის ფარგლებში – „სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივები – მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“.  კვლევის პერიოდში გურიასა და აჭარაში 16-იდან 22-წლამდე 223 ახალგაზრდა გამოიკითხა, რომლებიც თურქეთში მათი დასაქმების პირობების და დასაქმების ადგილზე სექსუალური ძალადობის შესახებ  საუბრობენ.

კვლევის მიხედვით, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილება არასრულწლოვნების 86 პროცენტს, 15-17 წლის ასაკში აქვთ მიღებული. პირველი ვიზიტისას მათ საზღვარი მშობელთან ერთად გადაკვეთეს, მომდევნო ვიზიტებისას კი მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნების  15 პროცენტს არ ჰქონია მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.

„ბათუმელებს“  კვლევის სოციალური კომპონენტის მენეჯერი სალომე ჭიჭინაძე ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ  მოზარდები თურქეთში სამუშაოდ, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში გადადიან, თუმცა არის სკოლის პერიოდში გადასვლის შემთხვევებიც.

„იყო შემთხვევები, როცა შრომითი გამოცდილება მოზარდებს 12 წლის ასაკშიც ჰქონდათ მიღებული. დასაქმების დროს მათ არც მშობლის ნებართვა ჰქონიათ და არც შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებლის მხრიდან“, – გვეუბნება ის.

სალომე ჭიჭინაძის თქმით, კვლევის დროს, ხუთმა რესპონდენტმა აღიარა, რომ  დასაქმების ადგილზე, არასრულწლოვან ასაკში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. „აქედან 3 ბიჭი იყო, 2 კი გოგო“.

კვლევის მიხედვით, ჩაის ან თხილის პლანტაციებში დასაქმებული მოზარდების დიდი უმრავლესობა 9 საათს ან მეტს მუშაობს. ამასთან, ჩაის პლანტაციებში მომუშავეთა 79% საკუთარ სამუშაოს მძიმედ აფასებს, თხილის პლანტაციაში მომუშავეთაგან კი იმავე შეფასებას რესპონდენტთა 45% აკეთებს. „საერთო ჯამში, ყოველი ათი არასრულწლოვნიდან არანორმირებულად (8 საათზე მეტს) 9 საათს მუშაობს“, – ნათქვამია კვლევაში.

სალომე ჭიჭინაძის თქმით, ბავშვების ან მოზარდების შრომით საქმიანობაში ჩაბმის ინიციატორები მშობლები არიან. „და ეს მაშინ, როცა მათ წარმოდგენა არ აქვთ არც შრომით უფლებებზე და არც შრომით კანონმდებლობაზე. კვლევაში შემაშფოთებელია ის, რომ 16 პროცენტი საუბრობს იმაზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოზარდებს დაკარგული აქვთ განათლების მიღების სურვილი და ამაში დიდ როლს ასრულებენ როგორც პედაგოგები, ასევე  მშობლები“, – გვეუბნება სალომე ჭიჭინაძე. მისი თქმით, კვლევის დროს სწორედ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ „ეს ბავშვები მაინც ვერაფერს ისწავლიან და  სჯობს, შრომითი გამოცდილება მაინც მიიღონ თურქეთში“.

კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდები მძიმე შრომისგან მიღებულ თანხებს ძირითადად ოჯახის საჭიროებებში ხარჯავენ. „ტექნიკას ყიდულობენ ოჯახისთვის, თავისთვის ტანსაცმელს ან ტელეფონებს“.

კვლევის მიხედვით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ თურქეთში სამუშაოდ წასვლის ყველაზე დიდი მოტივაცია არასრულწლოვნებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობაა. მომდევნო მოტივაცია ოჯახის ფინანსური დახმარება, ასევე, მნიშვნელოვანი მოტივაციაა სიღარიბისგან თავის დაღწევა.

თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული.

არასრულწლოვნების უმრავლესობა თურქეთში ზაფხულში, სეზონურ სამუშაოზე მიდის, მაგრამ მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ პირველიდან მეხუთემდე, თითოეული ვიზიტის შემდეგ, შრომითი მიგრაცია სულ უფრო ხშირად ხდება სკოლის გაცდენის ხარჯზე.

„ეს ტენდენცია იკვეთება თითოეულ ვიზიტზე და თუ პირველსა და ბოლო ვიზიტებს შევადარებთ. სასკოლო არდადეგების ხარჯზე თურქეთში გამგზავრების პროცენტული წილი 24.5%-ით მცირდება“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევა ევალებათ, არ ხარჯავენ ამისათვის საკმარის რესურსს – სოციალური აგენტები ან სოფლის რწმუნებულები თურქეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდის საქმიანობით არ ინტერესდებიან, არ კონტროლდება საზღვარზე მათი მიმოსვლის ვადები სათანადოდ და სკოლის წარმომადგენლები არ რეაგირებენ ასეთ დროს გაცდენებზე.

რესპონდენტთა ასაკი პირველი სამუშაო ვიზიტის დროს
რესპონდენტთა ასაკი პირველი სამუშაო ვიზიტის დროს

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება.

საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს.

ფულადი პრიზები გადაეცემათ 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 1 -იდან მე-5 ადგილის ჩათვლით.  ფულად პრიზებს ტურნირში გამარჯვებული ბავშვების  მწვრთნელებიც მიიღებენ. ტურნირში მონაწილე  საუკეთესო ბათუმელ მოჭადრაკეებს, ასევე  ყველაზე პატარა ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს  „კლუბი ნონა“  სპეციალურ საჩუქრებს  გადასცემს.

ფესტივალი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“, ბათუმის მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალის ჯამური საპრიზო ფონდი 48 650 ლარს შეადგენს.

„პირველად ტურნირში რვა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მეორედ – ათი, წელს კი თვრამეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა. მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით ხუთასი იქნება, ტურნირს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია შეაფასებს, კომისიის წევრები უმაღლესი დონის საერთაშორისო ჩემპიონები იქნებიან,“-ამბობს  საჭადრაკო კლუბ „ნონას” დირექტორი გიორგი ჭანტურია.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ სამას ორმოცდაათი წევრი და ექვსი მასწავლებელი ჰყავს, წევრებში ბავშვები დომინირებენ, უმეტესად – ბიჭები.  კლუბი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამაში, საგანმანათლებლო ტრენინგებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებში.  იანვარში კლუბი ამხანაგური მატჩით ლიტვას ეწვია, ივლისსში აზერბაიჯანიდან სტუმრებს ელოდება, ზაფხულში კი, კლუბი პოლონელ სტუმრებს უმასპინძლებს.

კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია, კლუბის წევრებთან ერთად ფოტო: გულნარა კაკაბაძე
კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია კლუბის წევრებთან ერთად
ფოტო: გულნარა კაკაბაძე

საჭადრაკო კლუბის მენეჯერის, მარიკა ჯაფარიძის თქმით, გასულ წელს მომზადება-გადამზადებისა  და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რამდენიმე გაცვლითი პროგრამა ამუშავდა. „გადამზადებაში ჩვენი მწვრთნელები ჩავსვით, სპეციალურად ვიწვევთ დიდოსტატ მწვრთნელებს თბილისიდან და უცხოეთიდან, ნიჭიერ  ბავშვებთან ერთად გადამზადებას მწვრთნელებიც გადიან.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისა და პროპაგანდა-აგიტაციის კუთხითაც დავიწყეთ მუშაობა. აქტიური კავშირი გვაქვს ჩოხატაურის, ქუთაისის, სენაკისა და შუახევის რაიონებთან. ასევე მინდა აღვნიშნო, პირველი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაც, რომელიც შპს განათლება სკოლა „იმედთან“ ერთობლივი ორგანიზებით ჩავატარეთ,“- ამბობს მენეჯერი.

სექტემბრიდან საჭადრაკო კლუბი ბაღებში შესვლას აპირებს, კლუბის დირექტორის თქმით, მერიისგან ნებართვა თითქმის მიღებულია.

საჭადრაკო კლუბი „ნონა“2013 წლის 20  აპრილს გაიხსნა. იმავე წელს კლუბმა ბულვარში საერთაშორისო ფესტივალი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა შშმ პირებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღეს.

2014 და 2016 წელს კლუბი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის, ხოლო 2014-2015  წლებში ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

კლუბს ბათუმის მერია აფინანსებს. წლიური ბიუჯეტი 300 ათასი ლარია.

კლუბ „ნონას“ აღსაზრდელები
კლუბ „ნონას“ აღსაზრდელები

მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა

„ივანიშვილისთვის ხეების გადატანის საქმეზე“ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო რევაზ ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.

ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რევაზ ხარაზი კი ამავე პარტიის წევრი. ისინი 6 ივნისის საღამოს დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო.

პოლიციელებმა წინა სასამართლო სხდომაზე 7 ივნისს მოსამართლეს უთხრეს, რომ ელგუჯა ბაგრატიონმა და რევაზ ხარაზმა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ჩაქვიდან ხეების გადატანას შეუშალეს ხელი. ხეები 6 ივნისს კომპანია „ზიმოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაჰქონდათ.

უმაღლესი საბჭოს დაკავებული დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის განმარტებით კი, ის სამუშაოს შემსრულებელი კომპანიისგან შესაბამისი ნებართვის წარმოდგენას ითხოვდა და ამის უფლება კი არა, ვალდებულებაც ჰქონდა, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს. „წარმომიდგინეს მხოლოდ არაგაბარიტული ტვირთის გადატანის ნებართვა, რაც ტრანსპორტირებას შეეხებოდა. ადგილზე ვერ მაჩვენეს ნებართვა, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ხეების მოჭრა, ან გადატანა კანონიერად ხდებოდა. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ დამხმარებოდა, დამაკავა“, – უთხრა მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

სასამართლო განხილვის დროს პოლიციელებმა ასევე წარმოადგინეს სამკერდე ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც გარკვევით ისმის ელგუჯა ბაგრატიონისა და პოლიციელის დიალოგი:

„მოპარულია ხე, დაზიანებულია სახელმწიფო ქობება…“

„ეს თქვენი პოზიციაა,“ – პასუხობს დეპუტატს პოლიციელი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ განმარტა, რომ პოლიციელის მოთხოვნა ავტომანქანის გადაყენებაზე ლეგიტიმური იყო.

„მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას, რადგან საქმე ეხებოდა ბიძინა ივანიშვილს, ამიტომაც მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება,“- უთხრა „ბათუმელებს“ ელგუჯა ბაგრატიონმა.

უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

 

bagrationi

უყვარს თუ არა მაღალხელფასიან პედაგოგს ბავშვი? – „სახელმწიფო ჩვენს ნერვებს ცდის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მაღალი ხელფასების პირობებში, სკოლაში ისეთი ადამიანები მივლენ, ვისაც ბავშვი არ ეყვარება. „პედაგოგიკა არის ის ტერიტორია, სადაც ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ წავალ ეხლა და მაგარი ხელფასი მექნება და მასწავლებელი გავხდები, მოკლედ მაგარ შარშია, იმიტომ, რომ  ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში, სამი თუ ოთხი ქვეყნის გარდა, მნიშვნელოვნად  დაბალია ხელფასი. ეს შეგნებულად ქნეს, რადგან  თუ პედაგოგიკაში ძალიან მაღალი ხელფასი იქნა, მოვლენ ადამიანები, ვისაც არ უყვართ  ბავშვები და ეს არის მაგარი საფრთხე“, – თქვა მინისტრმა.  არის თუ არა ბავშვის სიყვარული ხელფასზე დამოკიდებული  და იზიარებენ თუ არა პედაგოგები განათლების მინისტრის შეფასებას?  ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საჯარო სკოლის პედაგოგები  საუბრობენ.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე გაბაიძე: „აბსურდია, თითქოს მაღალი ხელფასის პირობებში მასწავლებელს მოსწავლე არ ეყვარება. მასწავლებელს მოსწავლე რომ არ უყვარდეს, სკოლაში არ შევიდოდა. თუკი პედაგოგი შეძლებს, რომ საკუთარი ხელფასით ერთი  პრობლემა მაინც მოიგვაროს, ვფიქრობ, გაცილებით მეტად ეყვარებოდა მოსწავლეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საქმეს.

4 ლარი და 60 თეთრიდან დავიწყე მუშაობა და კიდევ სკოლაში ვმუშაობ, მაგრამ მაღალი ხელფასის შემთხვევაში უფრო მეტად მოტივირებული ვიქნები, რადგან ძალიან სტრესულია ასეთ პირობებში შრომა და ასეთი განცხადებები კიდევ უფრო სტრესულ მდგომარეობაში გვაყენებს. სახელმწიფოს  ალბათ ფინანსური რესურსი არ აქვს, რომ  ხელფასი გაზარდოს და ასეთი განცხადებებით  გვაგრძნობინებენ.  ალბათ ჩვენს ნერვებს ცდიან, რამდენ ხანს შეგვიძლია ამ ყველაფრის ატანა“.

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნუკრი კობახიძე: „შეიძლება ახლაც იყოს სკოლაში ისეთი პედაგოგი, ვისაც ბავშვი არ უყვარს, ვინ გააკონტროლებს იმას, მასწავლებელს ბავშვი უყვარს თუ არა.

მასწავლებელი სკოლაში შედის  კვალიფიცირებული, რახან გაიარა სერტიფიცირება, სიყვარულიც აქვს და პროფესიონალიზმიც.  მაღალი ხელფასი არის სტიმული პედაგოგისთვის და ეს მის პროფესიულ ზრდასაც უწყობს ხელს. ის, რომ მასწავლებელს დაბალი ხელფასის პირობებშიც უყვარს თავისი საქმე, ეს სტერეოტიპია. ენთუზიამზე დღეს აღარავინ არ მუშაობს. პრინციპში ჩვენ მაინც ენთუზიაზმი გამოგვდის, რადგან დაბალი ხელფასები გვაქვს. ადამიანს, რომელსაც თავისი საქმე უყვარს, ის დაბალ ანაზღაურებაზეც მუშაობს, მაგრამ მოლოდინი აქვს, რომ უკეთესობა იქნება და ამიტომ“.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი მარინა გეთია:„მე მოვისმინე მინისტრის ეს განცხადება და, ბუნებრივია, არ ვეთანხმები, მაგრამ  როგორც მახსოვს, მინისტრმა გააკეთა კავშირი ევროპის და სხვა ქვეყნების  განათლების სისტემებთან. მე ასე გავიგე, რომ, ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებშიც მეტ-ნაკლებად არის მაინც იგივე სიტუაცია, რაც ჩვენთან და მაი9ნც არ არის პედაგოგის შრომა ისე დაფასებული, რაც უნდა იყოს.

ნებისმიერი მასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლეებზე და ალბათ ამიტომაც შემოვრჩით ამდენი ხანი სკოლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელფასები იყო მინიმალური და მართლაც სასაცილო იმ შრომასთან შედარებით, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ მოტივაცია ნამდვილად სჭირდება მასწავლებელს. თუკი ადამიანი არ არის დაბადებული მასწავლებლად და არ უყვარს მოსწავლე, არ ღებულობს სიამოვნებას საგაკვეთილო პროცესიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ  მაღალი ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაზრდის მასწავლებლის მოტივაციას და პასუხისმგებლობას.

რეპეტიტორებთან როცა მიდიან ბავშვები და მათი მშობლები უხდიან მაღალ საფასურს, მოტივაციაც მეტია რეპეტიტორების  კარგად რომ ასწავლონ, კარგ შედეგზე გავიდნენ. მასწავლებელიც, რომელსაც სკოლაში მაღალი ანაზღაურება ექნება, მისი მოტივაცია უფრო მეტად გაიზრდება და ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის წარმართვას“.

2017 წლის დასაწყისში კი განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, როცა ის ბათუმში პედაგოგებს ხვდებოდა უთხრა: „თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე“.

 

 

გასროლა ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე

12 ივნისს, ღამის პირველ საათზე, ბათუმში, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა საპატრულო ეკიპაჟი.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გასროლა გაზის პისტოლეტიდან მოხდა: „ოჯახურ დღესასწაულს აღნიშნავდა მამაკაცი და ჰაერში გაისროლა“.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას.

397 გამამტყუნებელი და 8 გამამართლებელი განაჩენი ოთხ თვეში

397 გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში. ამ პერიოდში სასამართლომ სულ 411 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.

გამამტყუნებელი განაჩენებიდან პირობითი მსჯავრი შეეფარდა 161 პირს, ნაწილობრივ პირობითი მსჯავრი – 57 ადამიანს.

სასამართლოს 4 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი საქმე დაუბრუნებია უკან, წინასწარ გამოძიებაში.

იანვრიდან აპრილის ჩათვლით სულ 8 საქმეზე მიუღია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 4 საქმეზე – ნაწილობრივ გამამართლებელი.

2017 წლის  მაისამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 280 ადმინისტრაციული სარჩელი შევიდა, აქედან 255-ის განხილვა დასრულებულია. სასამართლომ იმავე პერიოდში 987 სამოქალაქო დავა განიხილა.

მთავარი პროკურატურა 10 ახალ ავტომანქანას შეიძენს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ოპერატიული დანიშნულების 10 ახალ მსუბუქ ავტომანქანას [სედანი] შეიძენს. ახალი ავტომანქანების შესაძენად პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სატენდერო თანხა კი 713 550 ლარია.

მანქანების შესყიდვას მთავარი პროკურატურა ამ ავტომანქანების დამატებით 5-წლიან საგარანტიო სერვისთან ერთად და ამასთან, ჩანაცვლების გზით გეგმავს. ჩასანაცვლებელი ავტომანქანების ღირებულება კი, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჯამში 310 ათასი ლარია, რაც მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისას ახალი მანქანების შესყიდვაზე გასაფორმებელ სახელშეკრულებო ღირებულებას გამოაკლდება.

C1c3

პროკურატურა 2 ტენდერით შეისყიდის 7 და 3 ავტომანქანას.

სატენდერო წინადადებების ფასი შედგება ორი კომპონენტისაგან: პირველ შემთხვევაში – 7 ერთეული ოპერატიული ავტომანქანის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 425 300 ლარს, ხოლო ამ ავტომანქანების სერვისის ღირებულება [5 წელი ან 150 000 კილომეტრი] არ უნდა აღემატებოდეს 23 520 ლარს 1 წლის განმავლობაში;

3 ავტომანქანის შესყიდვის შემთხვევაში კი, ანალოგიურად – სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 131 500 ლარს, ხოლო სერვისის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 7 830 ლარს 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების ანგარიშსწორება მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ყოველ ჯერზე გაწეული მომსახურების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

დაფინანსების წყაროა 2017-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი.

ჩასანაცვლებელი ავტომანქანები / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან
ჩასანაცვლებელი ავტომანქანები / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

 

 

დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოსამართლე დავით მამისეიშვილი იქნება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, სადაც კიდევ 10 საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს.

დავით მამისეიშვილი მოსამართლეა 2008 წლიდან. თავდაპირველად იგი ქედაში, შემდეგ კი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. 2013 წლიდან დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა და ამავდროულად – სასამართლოს თავმჯდომარე.

მოსამართლეობამდე დავით მამისეიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში გამომძიებლად.

2016 წლის 14 ივლისს დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აირჩიეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. იმავე წლის 19 სექტემბრიდან დავით მამისეიშვილი სისხლის სამართლის კოლეგიაშიც გამწესდა. ამ დროისთვის მოსამართლეების უვადოდ გამწესების წესი არ მოქმედებდა.

მოსამართლეობის ვადა დავით მამისეიშვილს 2019 წელს ეწურება, თავმჯდომარე კი შესაძლოა 2020 წლამდე იყოს, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი უვადო მოსამართლედ გამწესების გადაწყვეტილებას მიიღებს.

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მომავალი სამი წლის განმავლობაში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება.

რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად, რომლის გავრცელებაც დასჯადია

მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პორნოგრაფიის დამზადებასა და გავრცელებას კრძალავს.

გასული წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სწორედ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით დაიწყო ცნობილი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმის – „სიყვარულის“ წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფია იყო, შესაბამისად, მისი ინტერნეტსაიტებზე გავრცელება დანაშაულია.

გიორგი ლოგუას და გიორგი ფუტკარაძეს პორნოგრაფიის გავრცელებისთვის 2015 წლის 28 აპრილს წაუყენეს ბრალი და გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით, სხვადასხვა საიტიდან გადმოტვირთულ პორნომასალას ისინი თავიანთ ინტერნეტგვერდზე ათავსებდნენ.

პორნოგრაფიის გავრცელებისთვის საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონის შეცვლის მოთხოვნით, თავდაპირველად სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ფუტკარაძემ შეიტანა. საქმის განხილვა რამდენიმე დღის წინ შეწყდა, რადგან მოსარჩელე ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. გიორგი ლოგუას სარჩელის არსებით განხილვას კი საკონსტიტუციო სასამართლოში 27 ივნისს დაიწყებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა განიხილოს მხოლოდ პორნოგრაფიული მასალის გავრცელების ნაწილზე და არა მის დამზადებაზე, ასევე კანონით გათვალისწინებულ სასჯელზე. მოსარჩელის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი გოცირიძე იცავს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერი ამ სახით: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”, – არის ბუნდოვანი და შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად და რა – არა.

გარდა ამისა, გიორგი ლოგუას აზრით, საკანონმდებლო ჩანაწერი პორნოგრაფიაზე ნორმის დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა, ცალკეული პირის მიერ კონკრეტული მასალის გავრცელება პორნოგრაფიად შეფასდეს და პირი პასუხისგებაში მიეცეს. სარჩელში ასევე წერია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი გაფრთხილების სტანდარტს არ ითვალისწინებს, რაც ასევე გამოხატვის უფლების რისკის ქვეშ დაყენების გარდა, ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლს: „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.

სარჩელში ხაზგასმულია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, ტერმინს – „პორნოგრაფია“ იყენებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, თუმცა არც აქაა განმარტებული, კონკრეტულად რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად.

„მაუწყებლობის შესახებ” კანონის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას”. რას ნიშნავს პორნოგრაფია, არც ამ კანონით არ არის განსაზღვრული.

რაც ნათლად ჩანს, ამ კანონიდან არის ის, რომ პორნოგრაფია გათანაბრებულია უხამსობასთან, თუმცა ტერმინი ,,აგრეთვე”-ს გამოყენება მიგვანიშნებს იმაზე, რომ პორნოგრაფიასა და უხამსობას შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ. შესაძლოა ამ ორ  ფენომენს რაიმე საერთო, მსგავსება ჰქონდეს, მაგრამ პორნოგრაფია და უხამსობა ერთი და იმავე არ იქნება. სხვაგვარად აზრს მოკლებულია პორნოგრაფიის აკრძალვასთან ერთად, კანონმდებელმა ცალკე რატომ მიუთითა აგრეთვე უხამსობაზე,“ – ვკითხულობთ გიორგი ლოგუას სარჩელში.

სარჩელში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი, თუ რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული დასავლური ქვეყნების სასამართლოებს პორნოგრაფიის დამზადების და გავრცელების საქმეებზე. ამ პრაქტიკის მიხედვით, მთავარია, არასრუწლოვნის დაცვის მექანიზმების შექმნა და იმის განსაზღვრა, პორნოგრაფიულ მასალას აქვს თუ არა ხელონებითი, ან სამეცნიერო დანიშნულება. სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასევე ჩანს, რომ ძირითადი მოთხოვნა არის საჯარო სივრცის დაცვა პორნოგრაფიული მასალის გავრცელებისგან.

გიორგი ლოგუას სარჩელში მოყვანილია, მაგალითად აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მილერი კალიფორნიის წინააღმდეგ“, რაც უხამსობის სტანდარტების დადგენას ეხებოდა. ამ საქმეში სასამართლომ განაცხადა შემდეგი:

,,თუკი სახელმწიფო უუნაროა სრულად, დეტალურად განსაზღვროს აკრძალული უხამსი მასალის შინაარსი, მაშინ ხელისუფლებას ერთმევა უხამსობის სისხლისსამართლებრივი დევნის უფლება. თუკი აკრძალული ქმედება ზუსტად არ არის განსაზღვრული, ძლიერი (Hard-core) პორნოგრაფია შეზღუდვის გარეშე ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასრულწლოვნებისათვის, ქუჩაში შემთხვევით გამვლელებისათვის და ამ მასალის მიღების მსურველი პირებისათვის ერთნაირად.”

 

 

 

 

„ხმაურის დროა“ – საპროტესტო აქცია დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად ბათუმში

„ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს“, „ძირს რეპრესია და ძალადობა“, „ცენზურა დაუშვებელია“, „ხმაურის დროა“ – ეს გზავნილები ჰქონდა საპროტესტო აქციას ბათუმში, ევროპის მოედანზე. შეკრებილებმა „ბირჟა მაფიას“ რეპერების: მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავება გააპროტესტეს. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. დღეს, 10 ივნისს, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმში რეპერების დაკავებას სხვა გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ, სადაც ასევე პოლიციის მისამართით კითხვები გაჩნდა და ხელისუფლებას  პასუხი არ გაუცია.

გიორგი ფირცხალაიშვილი, აქციის მონაწილე: „სახელმწიფო ვერ გვთავაზობს ვერანაირ ეკონომიკურ გადაწვეტას და გვებრძვის ტერორით. მასობრივი გაპროტესტება უნდა დაიწყოს ამ სისტემატური პოლიციური რეჟიმის. ესაა ერთი მთლიანი ჯაჭვი: დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის გამართლება, მუხთარლის დაპატიმრება, ორი წლის წინ ლევან აბზიანიძის სიკვდილამდე მიყვანა. ეს უკვე არის პოლიციური პოლიტიკის სისტემა“.

ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი: „არ გამკვირვებია ეს დაკავება. მუხთარლის დაკავება იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლება მიდის ძალადობის მიმართულებით. მას აქვს აბსოლუტური ძალაუფლება და დევნის ყველაფერს, რაც მისგან განსხვავებულია. განათლების მინისტრის კომენტარიც პირდაპირი გზავნილი იყო იქეთკენ, რომ ის დადგება ძალადობის მხარეს და არა უფლებების დაცვის მხარეს. ჩვენ ყოველდღიურად ძალიან დიდ ნაბიჯს ვდგამთ უკან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.“

repeerebi 2
კადრი რეპერების ვიდეოკლიპიდან

Youtube-ში ItsYoungMic-ის არხზე განთავსებული ვიდეო 4 ივნისსაა ატვირთული და მასში ერთ-ერთი პერსონაჟი დაბლარულია. როგორც „ნეტგაზეთს” ერთ-ერთი დაკავებულის ცოლმა უთხრა, ვიდეოს გადაღებაში რეპერებს ფინანსურად „აჭარანეთი“ დაეხმარა. ვიდეოს ინტერნეტში განთავსების შემდეგ მგალობლიშვილს „აჭარანეთიდან” დაურეკეს და უთხრეს, რომ შესაძლოა, ვინმეს კლიპის გამო პრობლემები შექმნოდა. ამის შემდეგ, მგალობლიშვილის ცოლის თქმით, რეპერმა ვიდეოწაშალა და ხელახლა ატვირთა, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი პერსონაჟი კი – დაბლარა. ინტერნეტში იძებნება ვიდეოს ძველი ვერსია, სადაც ჩანს, რომ დაბლარული პერსონაჟი პოლიციელია.

 

aqcia 2

aqcia 1

 

ფოტოები: საპროტესტო აქცია ბათუმში რეპერების მხარდასაჭერად. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 

რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

ავთანდილ ბერიძე, რომელმაც საზოგადოებას ქოლგით და იმით დაამახსოვრა თავი, რომ საკუთარ თავს VIP პერსონა უწოდა, აჭარის მთავრობაში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისმა შრომის ანაზღაურებამ წელს, პირველ ხუთ თვეში 16 746 ლარი შეადგინა, თვეში საშუალოდ 3349 ლარი [მათ შორის დანამატის სახით 6569 ლარი მიიღო, პრემია – 1416 ლარი]. ავთანდილ ბერიძის, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შრომა კი, თვეში 5750 ლარს ფასობდა [ის წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო].

აჭარის მთავრობისგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ავთანდილ ბერიძე ხელფასის გარდა, დანამტსაც იღებს და პრემიასაც.

ავთანდილ ბერიძეს ავტომანქანაც ემსახურება. პირველ ხუთ თვეში მას 750 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს. უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის სატელეფონო ხარჯი ჯამში 186 ლარი ყოფილა.

რა არის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგი და რის გამო დაიმსახურა პრემია ავთანდილ ბერიძემ – აჭარის მთავრობის აპარატმა ეს ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. მოგვწერეს, რომ ავთანდილი ბერიძის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია ცალკე არ მუშავდება.

„რაც შეეხება საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს, ხოლო საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში ცალკე დამუშავებას არ ექვემდებარება“, – წერია აჭარის მთავრობის აპარატიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

ავთანდილ ბერიძე არაა ერთადერთი ყოფილი დეპუტატი, რომელიც მთავრობაში დაასაქმეს. ყოფილი დეპუტატებიდან ანზორ თხილაიშვილი აჭარის არქივის უფროსის მოადგილე გახდა, ალეკო ჩიტიშვილს კი, გარემოს და ბუნებრივი რესურების სამმართველოს უფროსის მოადგილის სავარძელი მოარგეს. ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი – სულხან ღლონტი.

მთავრობაში დასაქმება არ გამოუვიდა კაკო ძნელაძეს. მან განათლების მინისტრის მოადგილეობის სურვილი „ბათუმელებს“ გასული წლის ბოლოს დაუდასტურა, არჩევნების შემდეგ, როცა მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ მინისტრების დაკომპლექტება დაიწყო. კაკო ძნელაძისთვის ადგილი ისევ უმაღლეს საბჭოში გამოიძებნა. ის განათლების კომისიის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის თანაშემწეა.

ერთი კვირის ხელფასი 12 541 ლარი – რა ჩანს შს მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაციიდან

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, ფინანსური დირექტორია „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციაში“. ამას გარდა, იგი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია და ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს დავით ვარდიაშვილის შრომის ანაზღაურება ჯამში 163 603 ლარია.

დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2016 წლის იანვარში დაინიშნა. მის მიერ შევსებული 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ მინისტრის მოადგილეობისთვის მან წლის განმავლობაში 132 100 ლარი მიიღო, ანუ თვეში – 11 008 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი მინისტრის მოადგილეობის პარალელურად იკავებდა „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ფინანსური დირექტორის პოზიციას და მისმა შემოსავალმა წლის განმავლობაში 12 541 ლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილე დეკლარაციაშივე აღნიშნავს, რომ იგი ამ პოზიციაზე 2016 წლის პირველი იანვრიდან მუშაობდა 8 დეკემბრამდე.

სოლისტობაში დავით ვარდიაშვილს წლის განმავლობაში 11 812 ლარი მიუღია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტად მუშაობდა 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით.

ამას გარდა, დავით ვარდიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. პროფესორობაში მინისტრის მოადგილეს 2016 წლის განმავლობაში 7150 ლარი აუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამდებობის პირებზე გაცემულ შემოსავლებს, პრემიების კონკრეტულ ოდენობებს მალავს. ამ უწყებას „ბათუმელებმა“ არაერთხელ მიმართა საჯარო ინფორმაციის მოწოდების თხოვნით, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არ უწევს ანგარიშს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ საჯარო სამსახურის ბიუროს დავუკავშირდით, სადაც თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ და აქვეყნებენ. ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თემურ ჩიხრაძემ გვითხრა, რომ დავით ვარდიაშვილმა დეკლარაციის შევსების დროს შეცდომა დაუშვა და შესწორებაზე წერილობითი განაცხადი მან 2017 წლის თებერვალში წარმოადგინა.

„წერილი წარმოადგინა, მაგრამ დეკლარაციაში ცვლილების შეტანის უფლება არავის აქვს. შემოსავლები სწორედ არის მითითებული, მაგრამ სამუშაოს შესრულების თარიღები არეულია,“- ამბობს თემურ ჩიხრაძე.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილი 2016 წელს მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებდა ტექნიკურ უნივერსიტეტში. რაც შეეხება კერძო კომპანიაში ფინანსურ დირექტორობას, დავით ვარდიაშვილს დაუზუსტებია, რომ იგი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ მხოლოდ 2016 წლის პირველი იანვრიდან 8 იანვრამდე მუშაობდა. გამოდის, რომ დავით ვარდიაშვილს ერთ კვირაში აუღია 12 541 ლარი.

დავით ვარდიაშვილს წერილობით ასევე უცნობებია საჯარო სამსახურის ბიუროსთვის, რომ ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი თვითონ კი არა, მისი მეუღლე – ეთერ ჭანუყვაძეა.

 

 

 

მოპედი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ლუკა ასათიანის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირზე გამოსული მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მოპედიდან ქალი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მოპედი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა და მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდება. ამ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყებულა.

IMG_20170610_130537

უმაღლეს საჭოში გათბობა-გაგრილების სისტემას ცვლიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში გათბობა-გაგრილების ახალი მოწყობილობების [ჩილერ(ებ)ის] შეძენა, მათი მონტაჟი და არსებულის დემონტაჟია დაგეგმილი. სისტემის განახლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 64 ათას 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს საკანონმდებლო ორგანო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

უმაღლესი საბჭო ტენდერში გამარჯვებულს ჩილერის ექსპლუატაციის ინსტრუქციას ქართულ, ან რუსულ ენაზე თხოვს.

ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობისთვის „მინიმუმ 235 კვტ. ჯამური სიმძლავრის გათბობა-გაგრილების მოწყობილობ(ებ)ის „ჩილერ(ებ)ი“-ს მიწოდება, ადგილზე მონტაჟი [მ/შ შენობის შიგნით უკვე არსებულ გაყვანილობაზე მიერთება] და გაშვება-გამართვა, მწყობრიდან გამოსული ჩილერების დემონტაჟი და გატანა უმაღლესი საბჭოს ტერიტორიაზე მითითებულ ადგილზე“.

საგარანტიო ვადა არანაკლებ 18 თვეა.  სატენდერო პირობის მიხედვით, „გარანტიის მოქმედების ვადაში, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღეში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყოს საქონლის ჩანაცვლება შესაბამისი საქონლით და თანმდევი სამონტაჟო სამუშაოების შესრულება“.

ახალი მოწყობილობების მონტაჟი და უმაღლესი საბჭოს შენობის გათბობა-გაგრილების შიდა გაყვანილობაზე დაერთება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა შესრულდეს. ტენდერი მიმდინარე წლის 15 ივნისს დასრულდება.

რეპერების მხარდასაჭერად აქცია ბათუმში 7 საათზე გაიმართება

პროექტ „ბირჟა მაფიის“ რეპერების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება. აქცია 7 საათზე დაიწყება. ამავე დროს საპროტესტო მსვლელობისთვის თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები. აქციაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ასევე ცენზურის დაწესების მცდელობას გააპროტესტებენ. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.

„არ გვაქვს უფლება, ჩუმად ვიყოთ,“ – მიიჩნევს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მალხაზ ჭკადუა. იგი დღეს საღამოს ბათუმში, ევროპის მოედანზე დაკავებული რეპერების მხარდასაჭერ აქციაზე მიდის.

„ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები ვაპროტესტებთ ძალადობას, რეპრესიულ პოლიტიკას. ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა ამ დაკავებამ ცენზურაზე. თუ ადამიანებს აუყკრძალეს პროტესტის გამოხატვა, ცხადია, ეს კატასტროფაა. პოლიციამ კითხვები უნდა გასცეს დაკავების ფაქტზეც, როცა ადამიანებს ხელები გადაუგრიხეს და დაკავების შემდეგ განუმარტეს უფლებები. გამოსავალი არის ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

პროექტ“ბირჟა მაფიის” წევრ რეპერებს მიშკა მგალობლიშვილს (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay – G) აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 9 ივნისს შეუფარდა. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალები „მდმა“-ს შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Youtube-ში ItsYoungMic-ის არხზე განთავსებული ვიდეო 4 ივნისსაა ატვირთული და მასში ერთ-ერთი პერსონაჟი დაბლარულია. როგორც “ნეტგაზეთს” ერთ-ერთი დაკავებულის ცოლმა უთხრა, ვიდეოს გადაღებაში რეპერებს ფინანსურად “აჭარანეთი” დაეხმარა. ვიდეოს ინტერნეტში განთავსების შემდეგ მგალობლიშვილს “აჭარანეთიდან” დაურეკეს და უთხრეს, რომ შესაძლოა, ვინმეს კლიპის გამო პრობლემები შექმნოდა. ამის შემდეგ, მგალობლიშვილის ცოლის თქმით, რეპერმა ვიდეო წაშალა და ხელახლა ატვირთა, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი პერსონაჟი კი დაბლარა. ინტერნეტში იძებნება ვიდეოს ძველი ვერსია, სადაც ჩანს, რომ დაბლარული პერსონაჟი პოლიციელია.

 

 

 

repeerebi 2

NASA-ს ინჟინერი თბილისში და პირდაპირი ჩართვა ბათუმის ამერიკულ კუთხეში

საქართველოში NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი ჩამოდის. ვიზიტი დაგეგმილია 12-13 ივნისს და მოიცავს ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამისა და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისათვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს.

NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

13 ივნისს 16:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში დაგეგმილია ონლაინ ვებჩატის მეშვეობით, თბილისში აშშ-ის საელჩოდან შონ ფულერის პირდაპირი ჩართვა.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
სამუშაო ენა: ინგლისური.

იმავე დღეს, სამშაბათს, 13 ივნისს, 19:00 საათზე, ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს შონ ფულერის საჯარო ლექციას  თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ლექცია შეეხება კოსმოსურ კვლევებს, როგორც წყაროს სხვადასხვა სფეროში ინოვაციისა და მეწარმეობისთვის“  – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად შონ ფულერი მუშაობს  კოსმოსში ადამიანების ფრენის NASA-ს პროგრამების დირექტორად ევრაზიის მასშტაბით  და პასუხისმგებელია NASA-ს ეკიპაჟის წვრთნაზე, ფრენის მართვის ცენტრზე, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფრენის მართვის გუნდისა და ინჟინრების მუშაობაზე.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოში რჩება

დღეს, 9 ივნისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან – ცოლ-ქმარი და ბავშვი – ორი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ერთი კი ბათუმში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქედის საავადმყოფოს ქირურგისა და მენეჯერის ფრიდონ სირაბიძის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი რეანომობილით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ტრავმებით გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ პირველ მაისთან დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. დაშავებულები მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

ქედის სასწრაფო დახმარების სამსახურის მორიგე ექიმის ცნობით, სასწრაფომ დაშავებულები ქედის საავადმყოფოში გადაიყვანა. სამივე დაშავებულიდან, ქალის მდგომარეობა მძიმე, მამაკაცისა და ბავშვის საშუალო სიმძიმის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

 

კურორტი ბეშუმი ოფიციალურად 15 ივლისს გაიხსნება

როგორ ემზადება ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტი ბეშუმი დამსვენელების მისაღებად, შეექმნებათ თუ არა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემა დამსვენებლებს? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვაჟა ზოიძე პასუხობს:

ვაჟა ზოიძე
ვაჟა ზოიძე

კურორტის შიგა პერიმეტრზე ხვალიდან ასფალტის მეორე ფენის დაგებას ვიწყებთ,  600-მდე მეტრი გზა მოასფალტდება. მთავარი გზის გარდა, სეზონის გახსნამდე მოასფალტდება კურორტის შიგა ქუჩებიც, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ტერიტორია. გზაზე მოეწყობა სანიღვრე არხები, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 500 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

 

წლების განმავლობაში პრობლემები იყო სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დამსვენებელს წელს? 

წყლის სისტემა სრულიად შეიცვალა, დამატებითი ავზები გაკეთდა, ამიტომ წყლის პრობლემას გამოვრიცხავთ. რაც შეეხება ელექტროგაყვანილობას, მცირე ტერიტორიის გარდა გაყვანილობა სრულიად გამოიცვალა.

რა იქნება ელექტროენერგიის ტარიფი?

ელექტროენერგიის გადასახადი გასული წლის მსგავსად წელსაც 70 ლარი იქნება აბონენტისთვის [კოტეჯის მესაკუთრისთვის] სეზონზე. არ აქვს მნიშვნელობა სამი თვით ჩართვას შუქს თუ ერთი კვირით, ტარიფი ყველასთვის ერთნაირი იქნება.

მობილიზებული იქნება თუ არა სახანძრო და სამაშველო სამსახურები ადგილზე?

სახანძრო-სამაშველო სამსახური მიმდინარე თვის 14-ში კურორტზე ავა და ადგილზე იმუშავებს, საჭიროების შემთხვევაში ხულოდან ბრიგადის გამოძახება აღარ იქნება საჭირო. ანალოგიურად, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იმუშავებს ადგილზე, 24 საათის განმავლობაში, ასევე, იმუშავებს ამბულატორიაც.

ამ დროისთვის თუ არის განსაზღვრული კოტეჯებში დასვენების ღირებულება?

კოტეჯების ნაწილი გაერთიანებული პროფკავშირების, ნაწილი კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებაში არსებულ კოტეჯებში, სადაც თითოეულში 4-5 ადამიანი თავსდება ერთდროულად,  ერთი ადამიანისთვის ღირებულება, ერთი დღის განმავლობაში სამჯერადი კვებით, 25 ლარი იქნება.

რას ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა არის მოსაწესრიგებელი კურორტზე, პრობლემებს რაში ხედავთ?

ჭაობების დაშრობა უნდა მოხდეს. კურორტის  განაშენიანების გეგმა შემუშავდეს და კურორტის ადმინისტრაციის გარე პერიმეტრზე არსებული თავისუფალი ტერიტორიები კურორტის ადმინისტრაციის საზღვრებში შევიდეს, განაშენიანდეს. პრობლემურია ქუჩებზე მანიშნებელი აბრების არარსებობა და სახლებზე რამდენიმე ნუმერაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. სურვილი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ, რომ წელს კურორტზე ქუჩების სახელდება და სახლების ხელახალი გადანომვრა მოხდეს.

კურორტი ბეშუმი
კურორტი ბეშუმი

ამინდის პროგნოზი: შაბათ-კვირას ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს

ხვალ, ათ ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან ბათუმში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი, ხოლო მთაში ღამით 10-15, დღისით კი 15-20 გრადუსი იქნება.

დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი 11 ივნისამდე გაგრძელდება, შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი ბათუმში გამოიდარებს.

ახმეტელის თეატრის გასტროლი ხულოში

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის მსახიობებმა ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშეს. სპექტაკლში მსახიობები ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა და გვანცა კანდელაკი მონაწილეობდნენ.

„ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა. რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება. სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე – მსახიობების ცოცხალი ვოკალური შესრულებით. რეჟისორს წარმოდგენაში შემოჰყავს ქორო – რითიც დადგმას, როგორც ვიზუალური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოვებს,“ – ნათქვამია ახმეტელის თეატრის მიერ გავრცელებულ რელიზში.

სპექტაკლის რეჟისორი  ირაკლი გოგიაა, მხატვარი  ლაშა იაშვილი, კოსტიუმების მხატვარი  მარიკა კვაჭაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი კი ზვიად ბერიაშვილი.  „სტუმარ-მასპინძელი“ ხულოში, 6 ივნისს, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის 80 წლის იუბილეს ფარგლებში დაიდგა.

 

xul

სცენა სპექტაკლიდან "სტუმარ-მასპინძელი"
სცენა სპექტაკლიდან “სტუმარ-მასპინძელი”

აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

ბათუმის მერიამ გონიოსა და კვარიათის დასახლებებში ზღვისპირა ზოლში მდებარე 9 ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. მერია ნაკვეთებს იჯარის უფლებით გასცემს. აუქციონში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნაკვეთები „თვითნებურად დაკავებულია მესამე პირების მიერ და იქ განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გონიო-კვარიათში მდებარე ნაკვეთები მათ აუქციონზე წელს პირველად გაიტანეს. გასულ წელს კი ეს ნაკვეთები იჯარით „ბათუმის ბულვარს“ ჰქონდა გატანილი.

„ის კონსტრუქციები, რაც შარშან იყო ამ ადგილებზე, წელს აღებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ არის. აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, მათ შორის ყოფილ მოიჯარესაც, თუმცა, თუ ის აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

აუქციონში გამარჯვებულს [ანუ მომავალ მოიჯარეს], აუქციონის პირობის თანახმად, უფლება ექნება „იჯარი სარგებლობაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა, გართობისა და კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით, რომელიც მყარად არ იქნება დაკავშირებული მიწასთან. აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება მიწის ნაკვეთზე განათავსოს სხვა დანიშნულების ნაგებობა გარდა მითითებულისა“.

აუქციონებზე გატანილი 9 ნაკვეთის საერთო ფართობი 1665 კვ/მეტრია, საწყისი საიჯარო ღირებულება კი ჯამში – 33 300 ლარი. თითოეული ნაკვეთის მოიჯარეს ქონება სარგებლობაში გადაეცემა 2017 წლის პირველი ივლისიდან 2017 წლის  31 ოქტომბრამდე პერიოდში.

აუქციონში გამარჯვებული [მოიჯარე] ვალდებულია:

[checklist]

  • აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან [აუქციონის დასრულებიდან] 15 კალენდარული დღის ვადაში ბათუმის მერიასთან გააფორმოს შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულება;
  • სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
  • სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის ესკიზი შეათანხმოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან;
  • განახორციელოს მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება;
  • ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, 20 კალენდარული დღის განმავლობაში  მოახდინოს სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ განთავსებული ობიექტის დემონტაჟი და სანაპირო ზოლიდან გატანა. თუ მითითებულ ვადაში მოიჯარე არ განახორციელებს ობიექტის დემონტაჟს, მერია იტოვებს უფლებას, მუნიციპალიტეტის ქონებაზე [მიწის ნაკვეთი] არსებული ყველა გაუმჯობესება აღრიცხოს  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ამასთანავე მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.

[/checklist]


ბათუმის მერიას ზღვისპირა ზოლში მიწის ნაკვეთები გრძელვადიანი იჯარითაც აქვს გაცემული. გასულ წელს „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა რა შემოსავალი რჩებოდა ქალაქ ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან. როგორც აღმოჩნდა, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის.

გონიო-კვარიათის პლაჟი / მანანა ქველიაშვილის ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან
გონიო-კვარიათის პლაჟი / მანანა ქველიაშვილის ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

 

 

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ტოიოტას მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

“ავტომობილი ჩაკეტილი იყო, დამწვარია მანქანის სალონი” – გვითხრეს სახანძროში. ჩამტვრეულია ავტომანქანის საქარე მინა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

2 1

ბათუმის ბულვარში ზოოკუთხე განახლდება

მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში არსებული ზოოკუთხის განახლებას გეგმავს. ზოოკუთხეში არსებულ ვოლიერებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. შესაბამისი პროექტი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის, გოჩა მჟავანაძის თქმით, უკვე შეძენილია და ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ნებართვებიც მიღებულია.

ამ ეტაპზე ბულვარის ადმინსტრაცია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ელოდება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.  პროექტის ჯამური ღირებულება 36 840 ლარს შეადგენს.

ბულვარის ზოოკუთხეში 139 ბინადარია. აქედან 4 ხმელეთის კუ, დანარჩენი კი ფრინველია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მობინადრე ჯანმრთელია. შემოდგომაზე კი, ფრინველების ახალი სახეობების შეძენაც იგეგმება, რისთვისაც 25 000 ლარი აქვთ გათვალისწინებული.

ზოოკუთხის მოვლა-პატრონობა და მობინადრეთა საკვებით უზრუნველყოფა ბათუმის ბულვარს წელს 64 280 ლარი დაუჯდება. შესაბამისი ხელშეკრულება ინდმეწარმე ამირან მურვანიძესთან აქვთ გაფორმებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბულვარის ზოოკუთხეში 2015 წელსაც ჩატარდა – ზოოკუთხე 200 კვ.მ-ით გაფართოვდა, გაიწმინდა გედების ტბა, ფსკერი სპეციალური წყალგაუმტარი მასალით მოპირკეთდა, ასევე ტბის ირგვლივ არსებული პლასტმასის მოაჯირეები რკინის ჭედური მოაჯირებით შეიცვალა.

19047319_394243667643314_1883020927_o
ზოოკუთხე ბათუმის ბულვარში / 8.06.2017 / გულნარა კაკაბაძის ფოტოები

19024790_394243160976698_2010936264_o19074790_394243050976709_2112429606_o19095910_394243044310043_1180609430_o19024579_394244380976576_1762968312_o

 

 

Exit mobile version