აჭარის მთავრობა „ჯარას“ დახურულ ჩვენებაზე

დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ პრემიერა გუშინ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ შედგა. პრემიერას, ძირითადად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ  რადგან  ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო, ამიტომ დახურეს ჩვენება. „კინოთეატრ „აპოლოში“ 154 ადგილია  და ვინც მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ დარბაზში“ – გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია.

მისივე ინფორმაციით, პრემიერაზე  მოსაწვევ პირთა სია სამინისტრომ განსაზღვრა: „მოვიწვიეთ მუნიციპალიტეტები, სადაც ეს ფილმი იყო გადაღებული, 35 კაცი ფილმის  გადამღები ჯგუფი იყო.  მთავრობიდან იყვნენ მინისტრები და მოადგილეები, გამგებლები, 35 ადგილი მივეცით იმ სოფელს, სადაც მოხდა ფილმის გადაღება, ამას დაემატა ჩვენი თანამშრომლები – ჯამში 40-მდე. ესენი იყვნენ  სამინისტროს ის თანამშრომლები, ვინც ამ ფილმისთვის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, დასწრების სურვილი უფრო მეტს ჰქონდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ იყო“, – გვეუბნება თეა ვადაჭკორია.

გარდა ჩამოთვლილი პირებისა, პრემიერას ესწრებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. შეზღუდული იყო ჟურნალისტთა რაოდენობაც.

„ჯარას“ გადაღებები მაჭახლის ხეობაში, ჩირუხის მთაზე, მერისსა და სხვა სოფლებში მიმდინარეობდა. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი მერისის მცხოვრები გივი თურმანიძეა, რომელიც ველურ ბუნებაში თაფლს ამზადებს.

ჯარა ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკაა, სადაც ფუტკრის ოჯახია ჩასმული. ფილმის პრემიერას მთავარი გმირი, გივი თურმანიძეც ესწრებოდა.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „ჯარა“ 15 000 ლარით დააფინანსა. ფილმს სხვა დამფინანსებლებიც ჰყავს.

„ჯარას“ პირველი პრემიერა თბილისში გაიმართა, მეორე ჩვენება კი ბათუმში.

c

წმ. ნიკოლოზის ტაძრისა და ბათუმის სასამართლოს სახურავს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეაკეთებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში მდებარე რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სახურავს შეაკეთებს.

ასეთი სულ სამი ძეგლია: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ბათუმის სასამართლო და ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა N47-ში მდებარე შენობა.

სააგენტოს ელექტრონული ტენდერი „ქ. ბათუმში მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“ აქვს გამოცხადებული.

reabilitacc

ამ სამუშაოების შესრულებაში სააგენტო მაქსიმუმ 6500 ლარს გადაიხდის. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს კი სააგენტო უყენებს პირობას, რომ მას „2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე გააჩნდეს ურბანული სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება მინიმუმ 30 000 [ოცდაათი ათასი] ლარის ოდენობით“.

[აღსანიშნავია, რომ ასეთი გამოცდილება პრეტენდენტს არ მოეთხოვებოდა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ნახევარმილიონიან ტენდერში.]

შენობების სახურავების შეკეთებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 6 ივლისს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან  30 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ბათუმის სასამართლო
ბათუმის სასამართლო

 

გამოცდები სკოლაში

ლილე მესხიძე, მე-9 კლასის მოსწავლე

მოგეხსენებათ, 15 ივნისს სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდა და ყველა ცუდ ხასიათზე დადგა. არა იმიტომ, რომ სკოლა მოენატრებათ ან კლასელები, ან მსგავსი ბლა ბლა ბლა… იმიტომ, რომ გამოცდები იწყება. ნუ ზოგს 15-მდე უკვე ჩაბარებული აქვს, მაგალითად, მე. ნუ ჩავაბარე რა….. დავწერე რა..
კარგი ქულები ვერ გამოვიტანე იქედან:
1. რადგან ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში მქონდა და არც ერთის აზრზე არ ვარ და იმიტომ, რომ იმას, რასაც მასწავლიან, ცხოვრებაში არ გამოვიყენებ. ახლა მთლად სულელიც არ ვარ „basic“ რაღაცეები მეც კი ვიცი. აი გეოგრაფიაში, ის ვიცი, რომ ყველა აზიელი ჩინელი არაა (ინდოეთიც აზიაშია, ზოგს შევახსენებ, თუ არ ახსოვს). *ნამიოკს ვურტყამ ყველა ჩემ მეგობარს*.
2. იმიტომ ვერ მივიღე კარგი ნიშნები, რომ სულელური და არაამქვეყნიური კითხვები იყო.

5 ივნისი, 8:55

გეოგრაფიის გამოცდამდე 5 წუთით ადრე.
კლასში აურზაური იყო. ყველა შეშინებული ველოდებოდით 9 როდის შესრულდებოდა, რომ გეოგრაფიის გამოცდა დაწყებულიყო. დაირეკა ზარი. შემოვიდა ინგლისურის მასწავლებელი და ჟურნალში ნიშნების გამოყვანა დაიწყო. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი.. ნუ მოკლედ, ბევრი რა. როგორც იქნა შემოვიდა სასწავლო ნაწილის ერთ-ერთი წარმომადგენელი და გვითხრა, რომ დღეს არა გამოცდა, არამედ პრეტესტი გვექნებოდა (ჰაჰ…. ჰაჰ…. არა რა, გამწარებული ვიყავი, რას ამბობთ…).
ჩავედით, დავწერეთ (ღმერთს მადლობა ქულები არ გამოგვიდგო, თორემ 0.5 მივიღებდი)… (არა დედა, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია, ყველაფერს სწორად გავეცი პასუხი. don’t worry, be happy).

6 ივნისი, 09:00
გუშინ გვითხრეს ხვალ 9 საათზე გამოცდა გექნებათო და ჩვენც, როგორც გუშინ ისე დაზაფრულები ველოდებოდით ამ წყეულ გამოცდას. კიდევ ერთხელ გავიდა 1 საათი, ორი, სამი (déjà vu მაქვს) და როგორც იქნა, შემოვიდა შალვა მასწავლებელი. მოიცა სახელს შევუცვლი, რომ ვერავინ მიხვდეს ვისზეა საუბარი. შემოვიდა „ელვა“ და დიდის ამბით გამოგვიცხადა:
– ბავშვებო, დღეს არ გექნებათ გამოცდა. დღეს მე-8 კლასი წერს და თუ მოვასწარით თქვენც დაგაწერინებთ. უი, და ხო, ეს გამოცდა არ არის?
– გამოცდა არაა?
– არა.
– აბა რა არის?
– მომისმინეთ ბავშვებო, ეს არის შემოწმებითი ტესტი, თქვენ შედეგებს ჩვენ ვნახავთ, ასევე თქვენ შეცდომებსაც და შემდეგი წლიდან გვეცოდინება, რა საკითხებში უნდა გამეცადინოთ.
…და „ელვა“ მასწავლებელი გავიდა.
(ფუი ამის, ესე იგი მთელი ორი სემესტრის განმავლობაში გვლანძღეს, დაგვამცირეს, გვეუბნებოდნენ, რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებდით, რომ მეათე კლასში ვერ გადავიდოდით, სკოლიდან გაშვებითაც კი გვემუქრებოდნენ და ახლა ამბობენ, რომ შანსი არაა ჩაჭრის, რადგან ბარიერი არაა და უბრალოდ აინტერესებთ, რეები ვიცით? მეღადავებით? ბოდიში, მაგრამ what the fuck?).

7 ივნისი, 09:00
ისევ ველოდებით გეოგრაფიის „გამოცდის“ დაწყებას და ალილუია, როგორც იქნება ჩაგვიყვანეს კონპიუტერების ოთახში. მეათე და მეცხრე კლასი ერთად ვწერდით. ოღონდ მეათეს ბიოლოგიაში ჰქონდა, ჩვენ გეოგრაფიაში. ტესტი დაიწყო თუ არა, რამდენიმე კითხვა ვიცი სწორად შემოვხაზე, რადგან პრეტესტებშიც იგივე იყო და სწორი პასუხი დამახსოვრებული მქონდა. მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ამ რამდენიმე კითხვის შემდეგ ამოაგდო „უძალიანმაგრესი“ კითხვები. აი „უძალიანმაგრესი“.
გითხრათ რა კითხვები იყო? ნუ გეშინიათ, არ დამვიწყებია. როგორც ჩემი კლასელი იტყოდა ასეთ „სიფსიხე“ კითხვებს რა დამავიწყებდა.

კითხვა #
რომელი მდინარეა გამოსახული ამ ფოტოზე?
images
როგორც მითხრეს, დინების მიხედვით უნდა მივმხდარიყავი, რომელი იყო სწორი პასუხი. მაგრამ ფოტო არის სტატიკური (გიფი არაა), როგორ უნდა მივხვდე, რომელ მხარეს მიედინება? + საქართველოში იცით რამდენი მდინარეა? 25 075 მდინარე. ეს იგივეა, წყალს ფოტო გადაუღო და დააწერო, რომელი ოკეანის წყლებია გამოსახული ფოტოზე. მაგრამ ამაზე რომელიმე ჭკუისკოლოფი გამოჩნდებოდა და მეტყოდა, თევზების სახეობებით უნდა მიმხვდარიყავიო [bull shit].

კითხვა #
ტურისტები ყველაზე ხშირად, რომელი სააგენტოთი (თუ რაღაც, არ მახსოვს) ჩამოჰყავთ?
სავარაუდო პასუხებს დააკვირდით:
ა) welcome Georgia
ბ) travel Georgia
გ) check-in Georgia
დ) visit Georgia
კარგად მახსოვს, ეს კითხვა რომ ამომიგდო რაღაცნაირი სახე მივიღე და მეათე კლასელმა შემომხედა. გადმოიწია ჩემი კომპიუტერისკენ, წაიკითხა კითხვა, ისევ შემომხედა, დამცინავად თქვა: „ფფფფფრრრ“ და თავის ტექსტს მიუბრუნდა. ანუ არც მან იცოდა ამ კითხვაზე პასუხი. პირადად მე შემოვხაზე check-in Georgia, რამდენად სწორი იყო არ ვიცი, მაგრამ check-in Batumi გამახსენდა და ამიტომ მოვხაზე.

კითხვა #
საქართველოში რა იმპორტირდება იშვიათად? (ამიხსენით ხალხნო, ეს საიდან უნდა ვიცოდე?)
სავარაუდო პასუხები:
ა) ფორთოხალი
ბ) მანდარინი
გ) პომიდორი
დ) სტაფილო
ჩემი ლოგიკით ვიმსჯელე და პასუხი „მანდარინი“ შემოვხაზე, რადგან საქართველოში იმდენი მანდარინი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებში გაგვაქვს და შემოტანა რატომ უნდა გვჭრდებოდეს. მაგრამ გამოცდის შემდეგ, რომ ავედი კლასში, ფიზიკის მასწავლებელმა მითხრა, რომ სწორი პასუხი „სტაფილო“ იყო (UGH).

კითხვა # (ბოლოა)
ქართველებს რომელი ალკოჰოლური სასმელის იმპორტზე აქვთ პრეტენზია? (bitch, whaaaaat?)
სავარაუდო პასუხები:
ა) არაყი
ბ) კონიაკი
გ) ღვინო
დ) შამპანური
მეცხრე კლასელმა საიდან უნდა ვიცოდე, რომელ სასმელზე აქვთ პრეტენზია ქართველებს? აბსურდ…
უი, და კიდევ ერთ კითხვას დავამატებ, კი, უადვილესი კითხვა იყო, მაგრამ ტექსტში რა უნდოდა არ ვიცი?

კითხვა #
საქართველოს რომელი საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება იაფი ფრენები?
სავარაუდო პასუხები:
ა) ბათუმი
ბ) ქუთაისი
გ) თბილისი
თუ არ იცით, ქუთაისია სწორი პასუხი. დედაჩემისგან ვიცი ეს, რადგან სულ მოგზაურობს. ვისაც პასპორტი არ აქვს და არსად უმოგზაურია, ან არავისგან გაუგია ეს ამბავი, საიდან უნდა იცოდეს? (Why God, Why?)
ტესტის დასრულების შემდეგ საკლასო ოთახში რომ ავდიოდი, იმასაც კი ვფიქრობდი, შემთხვევით სხვა საგნის ტესტი ხომ არ დამაწერინეს-თქო?
მაგარია, გეოგრაფიაში მაქვს „გამოცდა“ და სახელმძღვანელოდან არც ერთი კითხვა არაა. აწი თუ გადავშალო რომელიმე საგნის წიგნი (ისედაც არ ვშლიდი, მაგრამ მაინც).
სანამ დანარჩენ გამოცდებს ჩავაბარებდით, მე და ჩემი მეგობრები საპირფარეშოში ვმსჯელობდით რა კითხვები მოგვიწევდა ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში.

ალბათობა #1
როგორ დაფრინავს თვითმფრინავი თუ შიგ ლინდა და მისი ორი ბავშვი ზის.

სავარაუდო პასუხები:
ა) its magic
ბ) 5%
გ) რომელიღაცა ფიზიკის კანონით
დ) ყველა პასუხი სწორია
თავს დავდებ ბ) იქნება სწორი პასუხი.

ალბათობა #2
რა ელემენტები მოიპოვება ბიძინა ივანიშვილის ჟირაფის სადგომში?
ა) 10√25
ბ) აირი
გ) წყალი
დ) პინგვინი

ალბათობა #3
თუ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ პერსონაჟს აქვს ქერა თმა და გადაურბინა შავმა კატამ, რა არის იმის ალბათობა, რომ მის შვილს კბილზე სამი ბჟენის გაკეთება დასჭირდება?
ა) ½
ბ) სამი კბილი
გ) 5√1,2,3
დ) 1 მ კვ

ეროვნულო საგამოცდო ცენტრო, თუ რაც გქვიათ, ჩაინიშნეთ ეს კითხვები. გამოგადგებათ?

 

ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით ასზე მეტმა ინვესტორმა მიმართა. K2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია და მის გაზრდაზე თანხმობა მშენებლობის სიმაღლის გაზრდას ნიშნავს. ინვესტორების  უმეტესობას მთავრობის თავმჯდომარემ უარი უთხრა. თანხმობის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მოახერხა. მათ შორისაა ყოფილი ჩინოვნიკისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, აკაკი სონგულიას კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“. მას ზურაბ პატარაძემ  ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას  დაგეგმილი სამშენებლო პროექტის სიმაღლის 16,0-მდე გაზრდაზე, ნებართვის გამცემთან, ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან  უშუამდგომლა. მერიას ჯერ მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“  ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. შუამდგომლობის წერილში ზურაბ პატარაძე K2-ის გაზრდაზე თანხმობის გადაწყვეტილებას ისევე ასაბუთებს, როგორც მისი წინამორბედი არჩილ ხაბაძე ასაბუთებდა:

„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია  ქალაქმშენებლობითი, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის კუთხითაც“ – წერს მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერს შუამდგომლობის წერილში.

კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ყოფილმა ჩინოვნიკმა და „ოცნების“ შემწირველმა აკაკი სონგულიამ 2016 წლის ივნისში დააფუძნა.

კომპანიის დაარსებიდან ერთ თვეში კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის მერიას სონგულიასთვის სასურველი მიწის ნაკვეთის მთავრობისთვის გადაცემა მოსთხოვა შემდგომში მისი გასხვისების მიზნით.

მიწის ნაკვეთი სადაც აკაკი სონგულია პარტნიორებთან ერთად სასტუმროს მშენებლობას გეგმავს
მიწის ნაკვეთი სადაც აკაკი სონგულია პარტნიორებთან ერთად სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

საკრებულოს სხდომაზე მაშინ გამოტანილი დოკუმენტის მიხედვით ბათუმის დელფინარიუმთან, „ჰილტონის“ მიმდებარედ, სასტუმროს აშენების იდეაზე წინა მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს წერილობით აცნობა და წინადადების განხილვა სთხოვა.

ინვესტორს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა პირდაპირი წესით, 1 კვ/მ-ის 300 აშშ დოლარად სურდა [ჯამში 3263 კვ/მ] და ძირითად პირობასთან ერთად ის მთავრობას სხვა ვალდებულებების აღებასაც ჰპირდებოდა.

მიწის ნაკვეთის ათვისებასთან დაკავშირებით ინვესტორის წინადადების განხილვაზე მოსაზრების დაფიქსირების თხოვნით ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, თავის მხვრივ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა. საპასუხო წერილში ჩანდა, რომ ბათუმის მერი თანახმა იყო იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის მთლიანი ოდენობა – 978 900 ამერიკული დოლარი კომპანიის მიერ  ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა.

აკაკი სონგულია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 2008-2011 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო. ამ პერიოდში მას ქონებრივ დეკლარაციაში მნიშვნელოვანი დანაზოგის შესახებ ინფორმაცია არ დაუფიქსირებია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი მან  „ქართულ ოცნებას“  20 000 ლარი შეწირა.

 

აკაკი სონგულია
აკაკი სონგულია

რეესტრის მონაცემებით აკაკი სონგულია კიდევ ერთი კომპანიის „სოლუშენს ვესტ“-ის მეწილედ ფიქსირდება, ის ამ კომპანიის 40%-ს ფლობს, კომპანია 2011 წელსაა დაფუძნებული. ამ წელს ჩააბარა მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც თანამდებობის პირმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით 2016 წლის ნოემბერში აკაკი სონგულიას გზები ბათუმში კიდევ ერთ მსხვილ კომპანიასთან,  „ალიანსი ჯგუფთან“, იკვეთება. 2016 წლის ნოემბრიდან ის „ალიანსი ჯგუფის“ დირექტორია. ამ კომპანიის 50% -ს ბიზნესმენ გიორგი ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი ფლობს. გიორგი ბიწაძეც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. 2014 წელს მან მმართველ პარტიას 60 000 ლარი შეწირა.

რამდენიმე თვით ადრე 2015 წლის ივნისში კი სონგულიამ საჯარო რეესტრს ორი ცვლილების დასაფიქსირებლად მიმართა. მან კომპანიის, „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთის“  50% წილი გიორგი ბიწაძის შვილს თემურ ბიწაძეს  დაუთმო უსასყიდლოდ და კომპანიის მისამართად მემედ აბაშიძის 48 მიუთითა. რაზეც მან თანხმობა მედეა ბოჭორიშვილისგან მიიღო.

2017 წლის მარტში კომპანიის მონაცემებში ცვლილებები ისევ შევიდა ამჯერად კომპანიაში ბესიკ ჟღენტი და ავთანდილ გორგილაძე გამოჩნდნენ, მათ სონგულიასგან კომპანიის 18-18% წილი შეისყიდეს.

ზურაბ პატარაძის შუამდგომლობის წერილის მიხედვით კომპანიამ აიღო ვალდებულება მოაწყოს არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმრო , საცურაო აუზი და საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და სხვა გასართობი ობიექტები. განახორციელოს არანაკლებ 80 000  000 ლარის ინვესტიცია, ხოლო მშენებლობაზე დაასაქმოს არანაკლებ 1000 ადამიანი. შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი  შექმნას დაახლოებით 450 სამუშაო ადგილი.

ჯეჯელავამ სკოლის არჩეული დირექტორი გაათავისუფლა – დირექტორი სასამართლოში ჩივის

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დღეს, 16 ივნისს, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება მიიღო თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მინისტრის ბრძანების მიხედვით, დირექტორი სკოლიდან შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე არის გათავისუფლებული. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია, მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა.

მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მინისტრ ჯეჯელავას, აჭარის განათლების სამინისტრომ მიმართა. მიმართვის საფუძველი ამ უკანასკნელის აუდიტის სამსახურის დასკვნები იყო, რის მიხედვითაც პირველ საჯარო სკოლაში გარკვეული ადმინისტრაციული დარღვევები გამოიკვეთა.

სკოლის სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა აუდიტის დასკვნას –  მედეა გვენეტაძეს კვლავ გამოუცხადა ნდობა და თანამდებობაზე დატოვა. ამის მიუხედავად, აჭარის განათლების სამინისტრომ მაინც მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.

„პირველ ეტაპზე მინისტრმა არ მოაწერა ხელი ჩემი გათავისუფლების ბრძანებას. თუმცა, არ ვიცი შემდეგ რა გადაუგზავნეს აჭარის განათლების სამინისტროდან. ამის შემდეგ მომივიდა გათავისუფლების ბრძანება მინისტრისგან“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.

ის საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სწავლობს დოკუმენტაციას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიცავს თუ არა მედეა გვენეტაძის უფლებებს სასამართლოში.

„ვაპირებს მივმართო სასამართლოს, მე დავა მაქვს აჭარის განათლების სამინისტროსთან და სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, მანამდე არ შეუძლიათ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნონ“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.

 

რატომ დააჯარიმეს ბათუმის სამშობიარო სახლი 57 ათასი ლარით

სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ „ბათუმის სამშობიარო სახლი“ სხვადასხვა დარღვევის გამო დააჯარიმა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. „სამშობიარო სახლი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„დარღვევები სხვადასხვა სახის იყო. მაგალითად, სამედიცინო ბარათში დაფიქსირებული დიაგნოზი არ ემთხვეოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ასევე პაციენტთან მიმართებაში ჩანაწერი არ იყო სრულყოფილად შევსებული,“ – გვითხრა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა, ნინო ლაშაბერიძემ. ის სასამართლოში სააგენტოს ინტერესებს იცავდა.

ნინო ლაშაბერიძემ არ გვითხრა, რა ოდენობით მოითხოვა სააგენტომ საავადმყოფოს დაჯარიმება. მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანი დარღვევების პრევენციაა და არა ჯარიმის ოდენობის გაჟღერება. მისივე თქმით, „ბათუმის სამშობიარო სახლის“ გეგმიური რევიზიის დროს არ აღმოჩენილა ისეთი სახის დარღვევა, რომ სააგენტოს დასკვნა პროკურატურისთვის გადაეგზავნათ – სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის ნიშნების დადგენის გამო.

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დარღვევები „საყოველთაო ჯანდაცვის“, ასევე „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამებში დააფიქსირა.

„57 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს, მაგრამ ამას ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯუმბერ უნგიაძემ. ის „ბათუმის სამშობიარო სახლის“ ხელმძღვანელია. ამბობს, რომ გეგმიური შემოწმების დროს ის პერიოდი შეისწავლეს, როცა ის ამ საავადმყოფოს დირექტორი არ იყო.

„სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს, მაგრამ პროდუქტი უნდა ღირდეს იმდენი, რაც არის მისი საბაზრო ღირებულება. პრობლემა იყო ის, რომ ცალკეული საავადმყოფოს მიერ შემუშავებელი სტანდარტი ზოგჯერ არ ემთხვეოდა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ საორიენტაციო სტანდარტს. უკვე ორი თვეა გამოსწორებულია ის ძირითადი ხარვეზები, რაზეც დაგვაჯარიმეს,“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.

ამავე თემაზე:

ბათუმის სამშობიარო სახლზე „მედინამ“ უარი თქვა 

სომხეთიდან ბათუმში წელს პირველი მატარებელი შემოვიდა

სომხეთიდან ბათუმში, დღეს, 16 ივნისს, 07:10 საათზე,  მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, პირველი მატარებელი შემოვიდა. მატარებელი 180 ადგილიანია და ის პირველ ოქტომბრამდე, ყოველდღე ივლის.

„მაისის თვეში გვაქვს ხოლმე მოლაპარაკება სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან ან სომხეთის რკინიგზასთან და ვთანხმდებით ხოლმე ამ მატარებლის დამატებაზე, ისე ჩვეულებრივ რეჟიმში დადის ხოლმე ერევანი-თბილისი-ერევანი.

მატარებელი ყოველდღიურად ივლის ერევნიდან ბათუმში და მგზავრობის ღირებულება კლასის მიხედვით განისაზღვერბა. ბილეთის ფასი შვეიცარული ფრანკის ექვივალენტში დგინდება“ – გვეუბნება საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის უფროსის მოადგილე, ხარიტონ შალამბერიძე.

მისივე ინფორმაციით, მოდერნიზებულ ვაგონში პლაცკარტის ღირებულება 37,80 ლარია, მოდერნიზებული კუპირებული კი 64,44 ლარი.

გარდა ამისა, პირველი ივლისიდან ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის  ორსართულიანი, ოთხი მატარებელი ივლის. ხარიტონ შალამბერიძის თქმით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, შესაძლებელია მგზავრობის ტარიფებში უმნიშვნელო ცვლილებაც მოხდეს.

განათლების მინისტრმა გარედაკვირვების წესი დაამტკიცა

რას ნიშნავს გარედაკვირება და რას შეცვლის ის სასწავლო სისტემაში? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის, მანანა რატიანის განმარტებით, გარედაკვირვება მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის არის აუცილებელი.

მანანა რატიანის თქმით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი სქემაში, რომელიც  აქამდე არ მუშაობდა. „ამ წესის დამტკიცებით კი სქემა სრულფასოვნად ამუშავდა“-გვეუბნება ის.

სტანდარტიზებული ინსტრუმენტი რომელიც დამტკიცდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის, გამოიყენება როგორც შიდა, ასევე გარედაკვირვებისთვის.

„გარედაკვირვების დროს შეფასდება თუ როგორი სასწავლო გარემო აქვს პედაგოგს, აქცენტი კეთდება ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთგაგებაზე, ხელშემწყობ გარემოზე, იმაზე, სასწავლო რესურსები როგორია, სწავლება როგორ მიმდინარეობს, როგორია კომუნიკაცია მასწავლების მოსწავლეების მიმართ, როგორ აძლევს აქტივობებს, ინსტრუქციებს და რამდენად მრავალფეროავანია ეს ინსტრუქციები, როგორია მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა ამ პროცესებში და ა.შ

კრიტერიუმები მოიცავს ყველა ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში გაკვეთილის ჩატარებისთვის“.

მანანა რატიანის თქმით, ამ კრიტერიუმების გარდა, არსებობს სხვა პროცედურებიც რომელიც მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა განვმარტოთ, რომ ეს გარედაკვირვება ეხება უფროს მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ წამყვანი მასწავლებელი გახდეს. აქაც არის გარკვეული წინაპირობა, ანუ მასწავლებელს ყველა სხვა დანარჩენი ვალდებულებები შესრულებული უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ რეგისტრაცია გაიაროს გარედაკვირვებაზე. პედაგოგს ჯამში სჭირდება 19 კრედიტქულა რომ სტატუსი შეიცვალოს და წამყვანი მასწავლებელი გახდეს და აქედან მინიმუმ 13 კრედიტქულა, მას უკვე დაგროვილი უნდა ჰქონდეს, ვიდრე რეგისტრაციას გაივლის“.

მანანა რატიანი ამბობს, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი მასწავლებელი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, რადგან მიმდინარე წლის შეფასება, შეფასების ჯგუფებს ჯერ არ დაუსრულებიათ.

„ 25 ივნისს მასწავლებლები დაასრულებენ დოკუმენტაციის ატვირთვას  და შემდეგ ერთი თვე ექნება შეფასების ჯგუფს რომ მასწავლებლები შეაფასონ, ამის შემდეგ გამოჩნდება, პოტენციურად რამდენი უფროსი მასწავლებელი გვეყოლება“-გვეუბნება ის.

შიდადაკვირვების დროს მასწავლებელს გაკვეთილზე ესწრებიან შეფასების ჯგუფის წევრები:  კათედრის წარმომადგენელი, ფასილიტატორი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი. გარედაკვირვების დროს კი ორი დამკვირვებელი.

„აქედან ერთიარის ცენტრის მიერ დაკონტრაქტებული დამკვირვებელი, მეორე კი მიმდებარე სკოლის, რაიონიდან, რეგიონიდან ფასილიტატორი. მაგრამ ორივე ამ ადამიანს აერთიანებს ერთი ნიშანი, – იმ საგნის წარმომადგენლები არიან რომელსაც უნდა დაეწრონ“-ამბობს მანანა რატიანი.

გარედაკვირვების წესის ამოქმედება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება, მანამდე კი როგორც მანანა რატიანი ამბობს, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება და ტექნიკურად გაიმართება ონლაინ სისტემაც.

მისი თქმით, გარედაკვირვება პედაგოგს ეხმარება თუნდაც იმაში რომ მან მოაგროვოს  შესაბამისი კრედიტქულები და ჰქონდეს სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა, „სტატუსის ცვლილების შესაბამისად მასწავლებელს ანაზღაურებაც გაეზრდება. მაგრამ მთლიანობაში დაეხმარება იმაში, რომ მიიღებს უკუკავშირს გარედამკვირვებლისგან და ნახავს თუ როგორ ფასდება მისი გაკვეთილი“.

მანანა რატიანის თქმით, წინა წლებში მასწავლებლები აღნიშნავდნენ რომ მათ სასწავლო პროცესს არასრულფასოვნად ასახავდა ცალკეული აქტივობები რომელიც სქემაში იყო, „ამის შემდეგ კი სქემას დაემატა ის აქტივობები, რომლებსაც მიიჩნევენ მასწავლებლები რომ სწავლა-სწავლების პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად ისეთი აქტივობები როგორიცაა  საპროექტო სწავლება, საკლუბო მუშაობა და მასწავლებლებს მეტი თავისუფლება მიეცათ კრედიტების ადაგროვებაში“.

გარედაკვირვების წესი, განათლების მინისტრის 13 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა.

 

ამინდის პროგნოზი: შაბათ-კვირას ბათუმში მზეა

შაბათ-კვირას ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს და სანაპირო ზოლზე დღისით +20 – 25 , ღამით  +12 – 17 გრადუსი სითბო იქნება. მთაში დღისით 17-22 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი – 8-13 გრადუსი.

მომდევნო დღეებში მოიმატებს ზღვის წყლის ტემპერატურაც – 21 გრადუსამდე. მზიანი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათსაც.

 

მოქალაქე: „პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“

„პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“, – ამბობს მოქალაქე, ვინც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა. მისი თქმით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო ავტომანქანასთან ჯარიმის ქვითარი მარტში დახვდა. ამბობს, რომ ჯარიმა მაშინვე გადაიხადა სწრაფი გადახდის აპარატიდან.

„რამდენიმე დღის წინ სახლში მომივიდა წერილობითი შეტყობინება, რომ ჯარიმა მაქვს გადასახდელი ისევ. დავრეკე შესაბამის სამსახურში და მითხრეს, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან შეუძლებელი იყო პარკირების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდა, ხოლო ის 11 ლარი, რაც გადავიხადე, პარკირების მომსახურების საფასური იყო. მეც არ დავაკვირდი, რომ აპარატში კონკრეტულად ჯარიმა არ ეწერა და მითითებული იყო პარკირების საფასური. სატელეფონო კონსულტაციის დროს განმიმარტეს, რომ ჯარიმის გადახდა მხოლოდ ბანკებშია შესაძლებელი. ახლა უკვე მეორედ გადავიხადე ჯარიმა. მინდა, სხვებმაც იცოდნენ, რომ ჯარიმა არ იფარება სწრფი გადახდის აპარატებნიდან,“ – გვიყვება მოქალაქე, რომელსაც ვინაობის დაფიქსირება არ სურს.

„ეს პრობლემაა და უნდა დავაყენო ეს საკითხი“, – გვითხრა გიგა ჩხეიძემ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. ის განმარტავს, რომ საჯარიმო ქვითრის ფორმა ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა და სამწუხაროდ ქვითარზე მითითებული არ არის, სად უნდა გადაიხადოს მოქალაქემ ჯარიმა.

„ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოქალაქეს აქვს წერილობითი შეტყობინების ოფიციალური ჩაბარების მომენტიდან. მანამდე მას მხოლოდ ნებაყოფლობით შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა. პარკირების მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკომატიდან, ასევე ბანკში, ხოლო პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმის გადახდა მხოლოდ ბანკში შეიძლება,“ – ამბობს გიგა ჩხეიძე, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე:

გადაიხდით, მაგრამ ვერ გააჩერებთ

როგორ „მოაგვარა პრობლემა“ ბათუმის მერიამ

 

 

პროკურატურა „ბათუმის აქციის მონაწილეებს“ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

პროკურატურა „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გოდერძი გორგილაძეს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შესთავაზეს და 6 წლით პირობითი მსჯავრი. საპროცესო შეთანხმების მთავარი მოთხოვნა ბრალის აღიარებაა.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ ყველა ბრალდებულს შესთავაზა, ვისაც მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში ედება ბრალი. ასეთი სულ 19 პირია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 7-და 11 წლამდე პატიმრობა ელით, რამდენიმეს კი, 4-დან 7 წლამდე.

„პროკურატურამ 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა ყველას, გარდა ნასამართლევი პირებისა, რომლებსაც პროკურატურა ორწელიწადნახევრიან პატიმრობას სთავაზობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს ბრალის აღიარებას. შესაბამისად, მასთან საპროცესო ვერ გაფორმდება. ბრალის აღიარებას, ჩემი ინფორმაციით, არც სხვები აპირებენ,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულების ახლობლები 19 ივნისს, 12 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპორტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ამავე დღეს სასამართლოში ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

პროკურატურა ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ სთავაზობს მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას. მათ მასობრივი ძალადობის და პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება. მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას წინასასამართლო პროცესი 20 ივნისს გაიმართება.

aqcia 1
„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულების სასამართლო პროცესი

როდის დასრულდება ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ანგისის დასახლებაში საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობას დაათვალიერებს. ამ ბაზას ბათუმის მერია აშენებს, თანხა კი ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება.

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული კომპანიისთვის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული ბაზა 2016 წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მერიამ, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, ხელახალი ტენდერი გამოაცხადა საწყისი თანხით –  4 მილიონ 116 ათას 170 ლარი, რაც წინა შესყიდვის ბიუჯეტზე 800 ათასი ლარით ნაკლები იყო. ბათუმის მერიაში მაშინ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ენერგოსექტორმშენმა“ მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შეუსრულებელი ვალდებულებისთვის კი კომპანია 240 ათასი ლარით დაჯარიმდა, რაც მერიამ გარანტორი ბანკისგან ამოიღო.

თებერვლის თვეში გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [არავინ მიიღო მონაწილეობა]; შემდეგ ტენდერი გამოცხადდა მარტში, თუმცა დასრულდა უარყოფითი შედეგით [მხოლოდ შპს „მონოლითი 2005“ მონაწილეობდა, რომელსაც დისკვალიფიკაცია მიეცა]; მესამედ კი, მიმდინარე წელს, ტენდერი – ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე – ისევ მარტის თვეში გამოცხადდა და შპს „მონოლითი 2005“-მა გაიმარჯვა, რომელიც ამ ტენდერშიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

ხელშეკრულება „მონოლითი 2005“-თან ბათუმის მერიამ 2017 წლის 29 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების თანხა იგივეა რაც სატენდერო თანხა – 4 116 170 ლარი. ამ ხელშეკრულების მიხედვით სპორტული ბაზის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

„მონოლითი 2005“ უკვე წლებია რაც მერიის მიერ გამოცხადებულ არაერთ ტენდერს იგებს.

ანგისის სპორტული კომპლექსი მოიცავს ორ მოედანს და მშვილდოსნების არენას. ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოეწყობა დარბაზი მოჭიდავეებისთვის. სატენდერო პირობებით შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა იყოს.

cms-image-000050971-e1486456719133

„ჯარას“ პრემიერა ბათუმში

დღეს, 16 ივნისს,  19:00 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ EcoFilms-ი მოწვეულ სტუმრებს წარუდგენს ახალ დოკუმენტურ ფილმს, „ჯარას“, რომელიც აჭარის მთებში ერთწლიანი მოგზაურობის შედეგია და ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს.

ფილმი გვიყვება ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე და იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მის ნაწილად არიან ქცეულნი. „ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები ფილმის მთავარ გმირებს წარმოადგენენ. ჯარა არის ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკა, სადაც ფუტკრის ნაყარია ჩასმული, აჭარაში მას ტყეში მაღალ ხეზე ჰკიდებენ, რათა დაიცვან ისეთი მტაცებლისგან, როგორიც დათვია“. ფილმის გადაღებები 2015-2017 წლებში, აჭარის უნიკალურ მაღალმთიანეთში მიმდინარეობდა.

EcoFilms-ეს ველურ ბუნებასა და ადამიანს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ფილმების გადაღების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წელს, მათ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „გზა“, რომელიც ასახავს იმ ადამიანების რეალობასა და სირთულეებს, რომლებიც მეცხვარეობაში მომთაბარეობის უძველეს ტრადიციას მისდევენ.

ოფიციალური ინფორმაციით, „ჯარა“-ს მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს საბაზრო სისტემის განვითარებაზე სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს.

„ფილმის მეშვეობით, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა ისეთი თემები, როგორებიცაა სოფლად ტურიზმი, სოფლის განვითარება და იქ მცხოვრებთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, გონივრული კონსერვაცია და მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნება. „ჯარა“ შექმნის პლატფორმას დისკუსიისათვის, გაამყარებს აჭარის, როგორც ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული დანიშნულების მქონე რეგიონის მნიშვნელობას და გახდება მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო.

„ჯარას“ მხარდამჭერები ასევე არიან: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რეგიონში კონსერვაციის მთავარი მხარდამჭერი;  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF)გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), KfW განვითარების ბანკის დაფინანსებით, რომელიც აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ეკოკორიდორებზე მუშაობს;აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს ფუტკარა, თაფლისა და მეფუტკრეობის აღჭურვილობის კერძო კომპანია; ადგილობრივი გარემოსდაცვითი ასოციაცია PSOVI და ეკო ტურს ჯორჯია, რომელიც ატარებს ეკოტურებს აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონების ველურ ბუნებაში.

ღონისძიების ორგანიოზატორი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროა. ჩვენება დახურულია.

 

 

რა დაჯდა დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკაში 

28 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დავით გაბაიძის ამერიკაში ვიზიტისთვის ჯამში 9523 ლარი დაიხარჯა, თუმცა ავიაბილეთებისა და ვიზის მოსაკრებელი [ჯამში 2493 ლარი] მან საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დავით გაბაიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა პენსილვანიის შტატის წარმომადგენლებს, ასევე გაეროს მისიას, საქართველოს საელჩოს აშშ-ში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ფილადელფიის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან თავმჯდომარის ამერიკაში ვიზიტისთვის ჯამში 7030 ლარი დაიხარჯა. აქედან სასტუმროს ხარჯმა შეადგინა – 4430 ლარი, დღიურმა ანაზღაურებამ – 1445, ხოლო სადღეღამისო ნორმის დანამატმა – 1155 ლარი.

 

gabaidze 2

gabaidze 4

სურსათის მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და რეალიზატორს რეგისტრაცია წელიწადში ერთხელ ევალებათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი პირები, რომლებსაც  2016 წლის 2 სექტემბრის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არ გაუვლიათ, ვალდებული არიან  2017 წლის 2 სექტემბრამდე  დარეგისტრირდნენ და მიუთითონ მხოლოდ ის საქმიანობა, რასაც ამჟამად ახორციელებენ.

„ბიზნესოპერატორი, რომელიც  2017 წლის 3 სექტემბრიდან არ იქნება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული,  სურსათის მწარმოებელის, დიტრიბუტორის  რეგისტრაცია გაუუქმდება და სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდება“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

აღნიშნული კოდექსით:

[checklist]

  • ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ასეთი რეგისტრაციის გარეშე პირის საქმიანობა „გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.“
  • ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამ მოთხოვნის დარღვევით საქმიანობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან [კოდექსის  გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა]. პირის საქმიანობა კოდექსით [მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი] გათვალისწინებული ამ აღიარების გარეშე გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

[/checklist]

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის ვადა ერთწლიანია და ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება ხელახლა დარეგისტრირდეს.

რესპუბლიკელები ბათუმის საკრებულოში გაფართოებულ სხდომას გეგმავენ

ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ბათუმის საკრებულოში ხვალ, 16 ივნისს, სამ საათზე, გაფართოებულ სხდომას გეგმავენ. სხდომაზე ქალაქმშენებლობის საკითხების გახილვაა დაგეგმილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „რესპუბლიკელ“ ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მოწვეულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მერიის არქიტექტურის სამსახური.

ჩავლეიშვილის თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხება ფრაქციის ინიციატივის გაუთვალისწინებლობასაც სამშენებლო რეგულაციებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.

სხდომაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

„რესპუბლიკელები“ 50-ე დადგენილებაში ითხოვდნენ ცვლილებებს. ეს დადგენილება საკრებულომ 2012 წლის 14 სექტემბერს მიიღო და ის ბათუმში სამშენებლო რეგულაციებს ადგენს.

ამ თემაზე:

ბათუმელი „რესპუბლიკელები“ სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებას ითხოვენ 

 

კურორტ გოდერძიზე მაღალსართულიანი შენობების აგება დასაშვები გახდა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, კურორტზე დასაშვები იქნება 8-სართულიანი შენობის აშენება.

„ხულოს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დაშვებულია რვასართულიანი ნაგებობის მშენებლობა 6+2 ის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ შენობა კი არ იქნება რვა სართულიანი, არამედ მეექვსე სართულის შემდეგ, ორი სართული იქნება მანსარდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ.

„საკრებულომ ყველასთვის კი არ დაადგინა, გარკვეულ ზონებში გარკვეული სიმაღლეები შეცვალა. ანუ დიდ ნაწილში,  რაც იყო ის დარჩა, ხოლო გარკვეულ ნაწილში, რომელიც ცენტრია, დაინტერესების შემთხვევაში  [მაღალსართულიანი შენობის აგების] შესაძლებლობა დაუშვა, საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კურორტ „გოდერძის“ ხელმძღვანელი ზურა ჭურკვეიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პოტენციური ინვესტორის შესახებ, რომელიც კურორტზე მაღალსართულიან შენობას ააგებს, ინფორმაცია არ აქვს.

„ეშმაკის ბორბლიდან“ მამაკაცი გადმოვარდა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ბათუმში ე.წ „ეშმაკის ბორბლიდან“  67 წლის მამაკაცი გადმოვარდა. „ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

სასწრაფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრობდა.

ძეგლი ბათუმში, რომელსაც არავინ უვლის

ბათუმში, ნინოშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არავინ უვლის. ძეგლის მესაკუთრეა ბაბილონ თაუერის მშენებელი კომპანიის „Tam Geo“-ს დამფუძნებლების მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი კომპანია შპს „EVENTUS“-ი რომელმაც სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები რამდენჯერმე ვადის გაგრძელების მიუხედავად ვერ შეასრულა.

ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფუნქციონირებს. შენობის ფასადისა და ეზოს ვიზუალის მიხედვით, სააგენტო შენობას, როგორც ძეგლს არ უვლის.

IMG_0564
IMG_0581IMG_0584

სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ვახტანგ მიქელაიშვილის ინფორმაციით, სააგენტოსთვის შენობის სარაგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა. აიღო თუ არა ვალდებულება მოსარგებლემ ძეგლის მოვლაზე? – ამაზე მას პასუხი არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ ასეთ ვალდებულებას სააგენტო არ აიღებდა, რადგან შენობაში დიდხანს დარჩენას არ გეგმავდნენ:

„ჩვენ თავიდანვე მხოლოდ მცირე დროით შემოვედით აქ, ვაპირებდით სამი თვე დარჩენას. ერთი წელია რაც აქ ვართ, დაახლოებით ორ თვეში ახალ შენობაში გადავალთ. ამიტომ ვფირობ, რომ ძეგლის მოვლის ვალდებულებას ვერ ავიღებდით“.

ინფორმაცია, რომ  სავალალო მდგომარეობაშია ძეგლის ინტერიერი, დღეს ვერ გადავამოწმეთ, შენობაში შესასვლელად დაცვამ პრესსამსახურთან შეთანხმება მოგვთხოვა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრეს სამსახურის თანამშრომელმა – ნათია ჟღენტმა კი ამისთვის ჯერ წერილობითი მიმართვა ითხოვა, შემდეგ კი აგვიხსნა, რომ შენობაში „ბათუმელების“ შესვლის საკითხი ხელმძღვანელს უნდა შეათანხმოს, რომელიც „ამ დროისთვის ლონდონში იმყოფება“.

IMG_0576

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემ სამინისტროს უსასყიდლო უზურფრუქტის წესით გადასცა, სამინიტრომ კი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სარგებლობაში გადასცა, რომელსაც გაუფორმა ძეგლის მოვლის ვალდებულება.

IMG_0570

ნინოშვილის #23 2010 წლამდე ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მისამართი იყო. 2010 წლის ბოლოს ინსიტუტის ადინისტრაცია შენობიდან გამოასახლეს,  2011 წელს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შენობა მიმდებარე მიწის ნაკვეთთან ერთად კომპანიას „Tam Geo“-ს  მიყიდა.

შენობის გასხვისებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი წერილით მიმართეს. ისინი მინისტრს თხოვდნენ შენობა ინსტიტიტისთვის დაეტოვებინა, თუმცა სამინისტროში მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ შენობა მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად გარკვეული პირობებით გაყიდა, რაც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპის წარმოებისა და მისი დასრულების ვადებს ითვალისწინებდა. კომპანიამ ყველა ვადა დაარღვია, რისთვისაც სამინიტრო კომპანიას საჯარიმო თანხებს აკისრებდა, თუმცა კომპანიას ბიუჯეტში ერთი ლარიც არ შეუტანია. ფინანსთა და ეკონოიკის სამინიტრომ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ვადების დარღვევა კომპანიას რამდენჯერმე აპატია.

ნინოშვილის #23 გადაღებულია მხატვრული ფილმი „მონანიება“.

ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის ეზო
ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის ეზო

IMG_0577
IMG_0583

პოლიციელი დაკავებულს: ის თქვი, რამდენჯერ ხარ ნასამართლევი

„პირველად ვხედავ ამ პოლიციელს. მე ამ კაცს არ დავუკავებივარ. მიცნობთ საერთოდ, რა მეცვა, შეგიძლიათ თქვათ?“ – ეს კითხვა მოწმის სახით დაბარებულ მე-7 განყოფილების პოლიციელს – თემურ აბაშიძეს გიორგი ბადრიშვილმა დაუსვა. გიორგი ბადრიშვილს ირაკლი ჯიბლაძესთან და გურამ ჩიკვაიძესთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ისინი 12 მარტს დილით, ბათუმში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს.

„ჯიბეში რაც გედო, იმასაც გეტყვი“, – უპასუხა შეკითხვას პოლიციელმა.

„რა ედო ჯიბეში, კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა რამე?“ – ჩაეკითხა მოწმე პოლიციელს ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე.

„ჯიბე იმიტომ ვახსენე, რომ არ ვარ ვალდებული, მახსოვდეს, ვის რა ეცვა. მე როგორც მახსოვს ჯინსის შარვალი ეცვა“, – დააზუსტა პოლიციელმა.

„ჯინსი მეცვა? თქვენმა მეწყვილემ, ბესიკ ნაკაშიძემ ნამდვილად დამაკავა. თქვენ არ იყავით იქ. ნაკაშიძემ დაკავების დროს გააფორმა და ჩაწერა, რომ შავი სპორტულის შარვალი მეცვა,“ – აღნიშნა გიორგი ბადრიშვილმა.

„მე რაც შევავსე, ყველაფერი სასამართლოშია გადმოგზავნილი“, – თქვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ბესიკ ნაკაშიძემ, რომელიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.

„ჩაცმულობის ამსახველი მასალა სასამართლო საქმის დოკუმენტაციაში არ არის,“ – შენიშნა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა.

„ვალდებული არ ვარ, ყველაფერი მახსოვდეს. ასეთი შემთხვევა ხანდახან დღეში სამია. „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროა, თუ რა არის, ვერ გავიგე“, – დაუბრუნა რეპლიკა დაინტერესებულ მხარეებს გაღიზიანებულმა პოლიციელმა, ბესიკ ნაკაშიძემ.

14 მარტს სასამართლო სხდომაზე გიორგი ბადრიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ იგი ბათუმში პირველად ჩამოვიდა 11 მარტის საღამოს და ქალაქის ქუჩებიც კი არ იცის. მაშინ სასამართლო სხდომა მტკიცებულებების წარმოდგენის მიზეზით გადაიდო.

22 მაისის სხდომაზე გიორგი ბადრიშვილი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა ამ სხდომაზე გიორგი ბადრიშვილის სასამართლოში იძულებით წარმოდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამავე სხდომაზე სასამართლომ პოლიციელების ჩვენებები მოისმინა, რომელიც ერთ ნაწილში ურთიერთსაპირისპირო აღმოჩნდა.

პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა პოლიციელებს მოსთხოვეს ვიდეო კადრების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა მათი საპროტესტო აქციაზე მონაწილეობა, ან ის, რომ ნამდვილად იმ პირებმა დააკავეს ისინი, ვინც სამართალდარღვევის ოქმს აწერენ ხელს. პოლიციელებმა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს უთხრეს, რომ მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერის სახით არ წარმოუდგენიათ.

„არ დავინტერესებულვართ მაგით, კამერები ხშირად ითიშება, ხან დენი თამაშობს… სამმართველოს შესასვლელთან კი კამერები დაფიქსირებული არ არის,“ – მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა თემურ აბაშიძემ.

პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, სამივე დაკავებული პოლიციელებს აგინებდა და დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს.

„მტკიცებულება რა გაქვთ, რით ადასტურებთ, რომ ნამდვილად ასეა?“ – ჰკითხა პოლიცილებს ირაკლი ჯიბლაძემ.

„თქვენ ის თქვით, რამდენჯერ ხართ ნასამართლევი. იქნებ ამ კითხვას გასცეთ პასუხი“, – მიუგო ირაკლი ჯიბლაძეს თემურ აბაშიძემ. პოლიციელს მოსამართლემ შენიშვნა მისცა და შეახსენა, რომ მოწმეს კითხვების დასმის უფლება არ აქვს. რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე პოლიციელმა, ბესიკ ნაკაშიძემ გაუსვა ხაზი იმას, რომ პირი, ვინც გიორგი ბადრიშვილს ახლდა, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული „11-12 მარტის აქციის საქმეზე“.

გიორგი ბადრიშვილმა თქვა, რომ ნასამართლეობა მას გაქარწყლებული აქვს, მისი მეგობრის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. ირაკლი ჯიბლაძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ნარკოდანაშაულისთვის სამი წლის წინ გაასამართლეს. რაც შეეხება გურამ ჩიკვაიძეს, მისი თქმით, მას პირველად მოუწია სასამართლოში მისვლა.

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღევანდელ სხდომაზევე გამოაცხადა. გურამ ჩიკვაიძეს და ირაკლი ჯიბლაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით დაუდგინდათ და 100-100 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო გიორგი ბადრიშვილი – 250 ლარით. მას პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევაც დაუდასტურდა. მოსამართლეს არ განუმარტავს, რის გამო მიიღო ამ შემთხვევაზე განსხვავებული გადაწყვეტილება.

11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 79 პირი მისცეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულია 21 პირი. სასამართლო ამ საქმეზე მოწმეების ჩვენებების მოსმენა დაიწყო.

 

jibladze 2

ენერგოეფექტური ღუმელის საამქრო შუახევში

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობისთვის, ენერგოეფექტური ღუმელის დამზადების  სახელოსნო გაიხსნა. სახელოსნო პროექტის – „ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო-ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი“ ფარგლებში მოეწყო.

პროექტის ფარგლებში შუახევის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდა ენერგოეფექტური ღუმელის დამზადებაში, რის შედეგადაც რვა ასეთი ღუმელი უკვე დაამზადეს და გადასცეს ამავე სოფლის რვა ოჯახს.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და გაერთიანებისა“ და ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” მხარდაჭერით ხორციელდება.

შავი ზღვის ეკო აკადემიის პროექტების მენეჯერის, გულო სურმანიძის განმარტებით, ეს ღუმელი შეამცირებს შეშის მოხმარებას მოსახლეობაში – „შესაბამისად მოსახლეობას ხარჯებიც შეუმცირდება, თუ ასეთ ღუმელს ბევრი გამოიყენებს მერე უკვე ტყის გაჩეხვაც შემცირდება. ამ ეტაპზე თითო პროექტი გვქონდა თითო მუნიციპალიტეტში,  წვეთოვანი მორწყვა გავაკეთეთ ქედაში;  ხულოში (სოფელ დიდაჭარაში)  არსებულ წყლის სისტემაზე მოხდა ხანძარსაწინააღმდეგო დრეკადი მილების დაერთება, რაც ნიშნავს რომ ხანძრის შემთხვევაში სოფელი თავად მიხედავს თავს სანამ სახანძრო მანქანა ამოვა. ხოლო შუახევისთვის გადავწყვიტეთ ენერგოეფექტური ღუმელების სახელოსნოს გახსნა, სადაც ნიგაზეულის სოფლის მოსახლეობას სწავლება ჩაუტარდა და ამის შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებენ მუშაობას“.

საქართველო 2010 წლიდან არის ჩართული „ოქსფამის“ რეგიონალურ პროექტში – „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“.

ბათუმელი მოსწავლე Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე

წელს Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე ბათუმიდან პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთევან გორდელაძე გაემგზავრება. ფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონში თოთხმეტ ივლისს დაიწყება და ოცდაორ ივლისამდე გაგრძელდება.

აჭარიდან Giffoni-ს ფესტივალზე წელს რიგით მეხუთე მოზარდი გაემგზავრება. საქართველოს მასშტაბით ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კონკურსში ას ოცმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ამათგან ცხრა გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთი-ერთი ქეთევანი იყო.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კინოჩვენებები და მათი ინგლისურ ენაზე გარჩევა-დისკუსიები, ასევე მონაწილეები საუკეთესო ფილმსაც აარჩევენ, რომელსაც ფესტვალი სპეციალურ პრიზებს გადასცემს.

ფესტივალი მიზნად მოზარდ კინოკრიტიკოსთა ახალი თაობის აღზრდასა და განვითარებას ისახავს. ის საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეიცავს – მისი მსვლელობისას მონაწილეებს ექნებათ საშუალება ტრენინგები და მასტერკლასები მსოფლიო დონის რეჟისორებთან, მსახიობებთან და მომღერლებთან გაიარონ.

წელს ფესტივალში ორმოცდაათამდე ქვეყნის სამი ათასამდე ახალგაზრდა კინოკრიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

კინოფესტივალის შესახებ ქეთევანმა Giffoni Georgia-ს ვებგვერდიდან გაიგო, სადაც მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აპლიკაცია შეავსო.  ფესტივალზე ქეთევანი ჟიურის წევრის სტატუსით მიდის. წელს ამ ფესტივალში მონაწილეობა მისთვის პირველი გამოცდილება იქნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ის ჟიურის წევრად თბილისში ჩატარებულ Giffoni-ს კინოფესტივალზეც იყო მიწვეული.

ქეთევანის თქმით, ფესტივალი მას დიდ გამოცდილებას მისცემს, ასევე, საინტერესო კონტაქტების დამყარებაშიც შეუწყობს ხელს: „ძალიან ბევრ რამეს ველი ამ ფესტივალიდან. დავიწყებ იქედან, რომ მსოფლიო მასშტაბისაა და ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან ჟიურის წევრის სტატუსით, ამიტომ ველი ბევრი ახალი სახის გაცნობას და კომუნიკაციის დამყარებას, ასევე ველი ძალიან მაგარ მასტერკლასებს კინემატოგრაფიაზე.

ზოგადად, კინო ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემ ცხოვრებაში. Giffoni-ს კინოფესტივალზე მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ბუნებრივია, რომ მოლოდინებიც მრავალფეროვანია. ყველაზე მეტად, კი რაც გამიხარდა ამ კინოფესტივალზე მოხვედრასთან დაკავშირებით, იყო ის რომ შანსი მაქვს ვნახო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალის, უსაყვარლესი მსახიობი Bryan Cranston, რომელთან შეხვედრაც ვერასდროს წარმომედგინა, უფრო მეტიც, ეს კინოფესტივალი ჟიურის თითოეულ წევრს აძლევს შანსს დაუსვას კითხვა მოწვეულ სტუმარს, ანუ ამ შემთხვევაში Bryan Cranston-ს. მიუხედავად იმისა, რომ 4000 ბავშვში ძნელია მოგეცეს შანსი შენს საყვარელ მსახიობს დაუსვა კითხვა, მაინც მაქსიმალურად შევეცდები ეს მოვახერხო. Giffoni ერთი დიდი ოჯახია, რომელიც კინემატოგრაფიაზე შეყვარებულ ბავშვებს აერთიანებს.“

ქეთევანი, როგორც თავად ამბობს, სკოლის კედლებს გარეთ უამრავ პროექტსა თუ ღონისძიებაშია ჩართული, მათ შორის გაეროსა თუ პარლამენტის მოდელირება, დებატების ჩემპიონატი, სხვადასხვა ტრენინგები დღევანდელი საქართველოს პრობლემებსა თუ მნიშვნელოვან საკითხებზე და სხვა.

საქართველო Giffoni-ს კინოფესტვალთან 2013 წლიდან თანამშრომლობს, ფესტივალში მონაწილეობის ხარჯებს მთლიანად Giffoni-ს ფესტივალი ფარავს, მონაწილეთა მხრიდან აუცილებელია მხოლოდ ავიაბილეთის ყიდვა. ბათუმელი მოსწავლისთვის ავიაბილეთს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ბილეთის საფასურს სამინისტრო პროგრამის „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში შეიძენს.

19239577_397287057338975_1762915436_n

„ვებრძვი ცხოვრებას და სიცოცხლესაც“

ორი პატარა ოთახი ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთებით არის სავსე. ერთი ოთახი ბნელია და დღის სინათლე არ აღწევს, შემოსასვლელშიც ირმას ხელნაკეთი ნივთები აწყვია. ამ პატარა ოთახში ირმა ტრაპაიძე თავის შვილთან, მარიამთან ერთად ცხოვრობს. ის  შვიდი თუ რვა წლის იყო, როცა ირმა ავად გახდა და პატარა გოგოს თითქმის მარტოს უხდებოდა დედაზე ზრუნვა. ამის გამო მან ვერც სწავლის გაგრძელება შეძლო.  ირმა ამბობს, რომ მარიამს ბავშვობა, ფაქტობრივად, არ ჰქონია „ხასიათიც შეეცვალა და ფსიქოლოგიურადაც დაითრგუნა“.

ნაქირავებ ბინაში დედა-შვილი სამი თვეა ცხოვრობს. ოთახები ძველი და არაკომფორტულია, თუმცა მას ამ ოთახების დატოვებასაც თხოვენ. სახლის მეპატრონეს ოთახების დამსვენებლებზე გაქირავება სურს. დედა-შვილი ათი წელია ნაქირავებიდან ნაქირავებში გადადის. მას მძიმე ფორმის შაქრიანი დიაბეტი და გულის მანკი აქვს, რის გამოც აქტიური მუშაობა არ შეუძლია. ერთადერთი, რასაც ახერხებს, ხატვა და ხელსაქმეა.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი
ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი

„სულ სამი თვეა, რაც ამ ბინაში გადმოვედით და ახლა ისევ წასვლა რომ მოგვიწიოს, ალბათ ვეღარ გადავიტანთ. გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს, რაც ბავშვზეც ცუდად მოქმედებს.

მარიამი გონიერი გოგოა, თუმცა ჩემი მდგომარეობის და სოციალური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, ექიმობა უნდა. ერთადერთი, რაც ამ პირობებში  მოვახერხეთ ის იყო, რომ ფარმაცევტული დაასრულა და ორი თვე „ავერსის“ აფთიაქში იმუშავა“.

სწორედ მარიამის ერთი თვის ხელფასი გახდა სოციალური შემწეობის, – 120 ლარის შეწყვეტის მიზეზი. ირმა ვერც პენსიას იღებს –  რამდენიმე თვის ავანსის გამოტანის გამო, დედა-შვილი საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.

ხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები

„ღმერთი რასაც გადმოგვიგდებს იმით ვართ“, – ამბობს ირმა. – სხვა არაფერი გვაქვს. ჩემი გოგონა ახლა შესრულდა 18 წლის, მაგრამ ბავშვობა არ უნახია. რვა წლიდან მე მივლიდა. ავადმყოფობას და უბინაობას, სოციალური პრობლემებიც დაემატა და უკვე ორივეს ძალიან გვიჭირს“, – გვეუბნება ის.

როგორც ირმა გვეუბნება, ბინის ქირას ორი თვეა ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი საკუთარი ჯიბიდან იხდის. „ვიცი არ არის ვალდებული ეს გააკეთოს, მაგრამ გამოსავალი არ არსებობდა, ვშიმშილობდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მერიამ საცხოვრებელი ბინა ან სახელოსნოსთვის მაინც გამომიყოს ფართობი, სადმე ვიმუშავებ და ვიცხოვრებთ კიდეც იქ“.

მისი აზრით, მერიას შეუძლია მათი პრობლემის მოგვარება, რადგან ის სამშენებლო კომპანიებიდან საბინაო ფართობს იღებს. „როდემდე იქნება ასე? ბოლოს ხომ ყველას მობეზრდება დახმარება. მირჩევნია ერთი ოთახი გვქონდეს,  დავხატავ, ნივთებს გავაკეთებ და როგორმე გავიტანთ თავს. მე ისეთი მძიმე ავადმყოფობა მაქვს, ალბათ დიდხანს ვერ გავძლებ… დავიღალეთ ხეტიალში“, – გვეუბნება ის.

მისთვის ტრაგიკულია გადასახადების დღეც: „რადგან მაშინ ყველაფერი თავიდან იწყება. იყიდება ჩანგალი, დანა, თეფში… ყველაფერი, რაც შეიძლება სახლში მოვიძიოთ. ჩემი შვილი თოვლში დადიოდა და ასე ყიდდა კოვზებს, რომ როგორმე გადასახადები დაგვეფარა.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი
ირმა ტრაპაიძის ნამუშევარი

… სძულს სიღარიბე, რადგან მან უახლოესი ადამიანებიც კი დამაკარგვინა. ისეთებიც კი, ვისთვისაც მეგონა რომ თავს გავწირავდი.

ვფიქრობ და მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც აქვს შესაძლებლობა და გაჭირვებულებისთვის არაფერს აკეთებს. ვოცნებობ იმაზეც, ნეტა შემეძლოს ვინმეს დახმარება“.

ირმა პროფესიით ლაბორანტია, თუმცა დაავადების შემდეგ პროფესიით ვეღარ მუშაობს. „მარიამს სამედიცინოზე უნდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ახლახანს „პე ეს პე“-ში გაიარა გასაუბრება და აიყვანეს, მაგრამ ვერც იქ მიდის, რადგან სამუშაო თბილისშია“, – გვეუბნება ირმა.

ხელნაკეთი ნივთებისთვის მასალები შვილის მეგობრებს მოაქვთ. „ეს ხის ნაწერი პლაჟიდან მოიტანეს, ეს ტყავის ნაჭრები და ტილოებიც მაჩუქეს და ასე ვაგროვებ მასალებს. გამოფენა შარშან მქონდა, რამდენიმე ნახატი ტურისტებმა იყიდეს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – გვეუბნება ირმა.

ჩანჩქერი-ირმა ტრაპაიძე
ჩანჩქერი-ირმა ტრაპაიძე

საკუთარი ბინა და მიწის ნაკვეთი, როგორც ირმა გვეუბნება, ვალების  გამო დაკარგა. „მიწაც დავკარგე ბენზეში, თაღლითობის მსხვერპლი გავხვდი. გამოძიება დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეწყდა. მე ჯანმრთელობა არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ საქმეს ბოლომდე მივყვე“.

ირმა იმედოვნებს, რომ მისი და მარიამის ათწლიანი უსახლკარობა დასრულდება და სახელმწიფო მის არსებობასაც გაიხსენებს. „ეს წამება უნდა დასრულდეს“, – გვეუბნება ის.

1

 

DSCN6727

ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთები
ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთი
ხელნაკეთი ნივთი

 

ექვსი მე-12 კლასელი და ერთი ატესტატი – რა შედეგებით დასრულდა საატესტატო გამოცდები ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში,  საატესტატო გამოცდებში წელს მოსწავლეთა 28% ჩაიჭრა. ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე ხულოს სკოლებს უცხო ენებში ჰყავს. დაუძლეველ ბარიერად მოსწავლეებისთვის აქ კვლავ უცხო ენები რჩება. საატესტატო გამოცდებში რეგისტრირებული 356 მოსწავლიდან უცხო ენის გამოცდაში ბარიერი  87-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, ცხრა მოსწავლით ნაკლებია ჩაჭრილი მათემატიკის საატეტსატო გამოცდაში. 41 მოსწავლისთვის აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი ფიზიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართულსა და ისტორიას, ქართულში – 13, ხოლო ისტორიაში 27 მოსწავლეა ჩაჭრილი.

ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე უცხო ენაში, ასლან შანიძის სახელობის ხულოს საჯარო სკოლას ჰყავს. საატესტატო გამოცდაზე რეგისტრირებული 21 მოსწავლიდან აქ ათი მე-12 კლასელი მარტო უცხო ენაშია ჩაჭრილი, რაც შეეხება მათემატიკის საატესტატო გამოცდას, ამ საგანში ყველაზე მეტი მოსწავლე მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლას ჰყავს, 12 მოსწავლიდან  6 ჩაიჭრა მათემატიკაში.

პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე [85,7%] აგარის სკოლაში ჩაიჭრა. ექვსი მეთორმეტე კლასელიდან ატესტატი წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ აიღო. 71% ჩაიჭრა თამარ ბარათაშვილის საჯარო სკოლაში, შვიდი მოსწავლიდან ატეტსატი ორმა აიღო. კორტოხის საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა 46% – ია ჩაჭრილი, ერთი პროცენტით ნაკლები ჩაჭრილი ჰყავს მეკეიძეების საჯარო სკოლას, შვიდი მეთორმეტე კლასელიდან აქ ატესტატი  მხოლოდ ოთხმა მოსწავლემ აიღო.

საატესტატო გამოცდებში ყველაზე ნაკლები ჩაჭრილი მოსწავლე ჰყავს ნოდარ ართმელაძის სახელობის საჯარო სკოლას, აქ რეგისტრირებული 12 მოსწავლიდან ატესტატი 10-მა მოსწავლემ აიღო.

ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუარდ მიქელაძის თქმით, პროცენტულად ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე იმ სკოლებს ჰყავს, სადაც პედაგოგების დეფიციტია. რესურსცენტრის უფროსი იმასაც დასძენს, რომ გასულ წელთან შედარებით შედეგები გაუმჯობესებულია.

„პირველად როდესაც საატესტატო გამოცდები დაიწყო, მაშინ  მოსწავლეთა დაახლოებით 25%-მა გადალახა ბარიერი, შედეგები ყოველწლიურად უმჯობესდება, გასულ წელთან შედარებით წელს, საატესტატო გამოცდებში 10%-ით მეტმა მოსწავლემ ჩააბარა, მოსწავლეთა ცნობიერებაც გაიზარდა, ემზადებიან გამოცდებისთვის, რამაც გარკვეულწილად ასახვა ჰპოვა საატესტატო გამოცდების შედეგებზე. დეფიციტურ საგნებად კვლავ ინგლისური და მათემატიკა რჩება“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

საატესტატო გამოცდებზე ხულოში წელს 356 მოსწავლე იყო რეგისტრირებული, აქედან 16 ექსტერნად აბარებდა. გამოცდაზე 6 მოსწავლე არ გამოცხადდა. გამოცდაში მინიმალური ბარიერი 103-მა მოსწავლემ ვერ გადალახა.

საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. 

რამდენით დააფინანსებენ საოლქო კომისიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები განსაზღვრა. ცესკოს დადგენილებით 73 საარჩევნო ოლქისთვის დაფინანსების ზღვრული საორიენტაციო მოცულობის/ჭერი ჯამში 2 387 370 ლარია.

აჭარის მასშტაბით 6 საოლქო კომისიისთვის თანხის საორიენტაციო მოცულობა [ჯამში 211 410 ლარი] ცესკომ შემდეგნაირად განსაზღვრა:

Untitled

საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს არაუგვიანეს 15 ივლისისა, დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, უნდა წარუდგინონ ინფორმაცია, ამ საორიენტაციო ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით:

222

2

სოციალური დრამა გონიოს ციხეში

17 ივნისს, 21:00 გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპექტაკლი „ფერონი“, რომლის ავტორი და რეჟისორი გიორგი გიოვანია.  ნაწარმოები მთლიანობაში სოციალური რეალობის ანარეკლია და ნათლად გამოხატავს ადამიანურ სისუსტეებს.

სპექტაკლი ოთხმოქმედებიანია და თითოეული მათგანი, ერთი შეხედვით, სხვადასხვა, მაგრამ ამავდროულად ერთსა და იმავე გმირების ირგვლივ განვითარებულ ისტორიაზე გვიამბობს. პიესის მთავარი გზავნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებია.  ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაცია და საზოგადოების გულგრილობა გვაძლევს იმ სურათს, რაზეც მოგვითხრობს პიესა.

სპექტაკლი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება და მიეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს  დაცვის დღეს.

kult

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

შსს 11,5 მილიონი ლარით 262 ახალ ავტომობილს შეისყიდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 262 ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა – საწყისი სატენდერო თანხა, ჯამში, 11 მილიონ 513 ათას 234 ლარია.

შსს-ს მომსახურების სააგენტო 85 საგამოცდო და ერთ ცალ საპროტოკოლო ავტომობილს მაქსიმუმ 3 025 674 ლარად შეიძენს, ხოლო მაქსიმუმ 8 487 560 ლარს გადაიხდის 176 ავტომობილში, რომლებიც საპატრულო პოლიციას გადაეცემა.

სააგენტო A, B, C და D ტიპის  ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეიძენს. პირველი ტენდერის შემთხვევაში ტიპების მიხედვით, შესაბამისად – 15, 42, 28 და 1 ცალს; ხოლო მეორე ტენდერის შემთხვევაში A, B, C ტიპის, შესაბამისად – 150, 15 და 11 ავტომობილს.

შესაძენი ავტომობილების ტექნიკური პარამეტრები მოცემულია პირველი და მეორე ტენდერის პირობებში.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, „უნდა გააჩნდეს სერვის ცენტრები თბილისში, ბათუმში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში და ოზურგეთში, რომლებშიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად“.

ტენდერები 5 და 6 ივლისს დასრულდება.

ის, რომ „შს სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია“ – ამის შესახებ სამინისტროში, არსებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის დროს წარმოქმნილი პრობლემების დროსაც აცხადებდნენ.

ავტოპარკი მოძველებულია და ავტომობილების დეფიციტია უშუალოდ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტშიც.

კობალთაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კობალთაში. დღეს, 15 ივნისს, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ სოფელ კობალთის უბანში, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, საუბნო გზა ისევ ჩაკეტა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდა უხვი ნალექის გამო ვერ ხერხდება.

„მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლაც კოკისპირულად წვიმს, საუბნო გზაზე ჩამოსულმა მიწის მასამ საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა, მაღალი რისკებიდან გამომდინარე მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ არ მიუახლოვდენ მეწყრულ კერას და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, არსებობს მეწყრის განმეორების საშიშროება. როცა გადაიღებს წვიმა და ვითარება დასტაბილურდება გავწნმენდთ გზას“ – ამბობს გამგებელი.

სოფელ კობალთაში მეწყერი 29 მაისს განვითარდა, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ საუბნო გზა ჩაკეტა. მეწყერი განმეორებით 31 მაისს განვითარდა, რამაც საუბნო გზასთან ერთად შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში, საბძელათის უბანში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება განსახლების გეგმასაც განიხილავს.

 

ვახშამი ბათუმის ბიუჯეტის ხარჯზე

„ვახშმის ორგანიზება – 2960 ლარი, ღვინო – 105 ლარი, ნამცხვრები – 180 ლარი. დარბაზის დიზაინი – 1000 ლარი, ვიდეო რგოლების დამზადება – 1800 ლარი, მუსიკალური ბენდი – 150 ლარი…“ – ჩამონათვალს ხელშეკრულებაში იპოვით, რომელიც ბათუმის მერიასა და არასამეწარმეო იურიდულ პირს „აჭარის კულტურის სააგენტოს“ შორის 2017 წლის 24 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, „პროექტის მიზანია ჩვენი ქალაქის ღვაწლმოსილი ადამიანების წარმოჩენა, დაფასება და გახსენება“. ვახშამი 80 კაცზე რესტორან „ლეო გრანდში“ ბათუმის მერიამ დააფინანსა. პროექტს ორგანიზატორებმა ასეთი სახელი შეურჩიეს – „ბათუმი არის ურთიერთობა, ანუ პაემანი ბათუმთან“.

„პაემანი ბათუმთან“ ბათუმის ბიუჯეტს ზუსტად 8 895 ლარი დაუჯდა. შეხვედრა „თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ამ პროგრამის მიზანია „ხელოვნების და კულტურის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა“, ასევე „კულტურულ ღონისძიებებში საზოგადოების მონაწილეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა“. მერიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტიდან ვახშამი კი არ დააფინანსეს, არამედ „პატივი მიაგეს ღვაწლმოსილ ადამიანებს“.

„ვახშმის მოწყობა არ იყო მიზანი. ჩვენი მიზანი იყო ამ ადამიანების დაფასება, მათთვის პატივის მიგება. თავისი არსით კულტურული იყო ეს ღონისძიება. ეს იყო ასევე შეხვედრა წინა და ახალ თაობებს შორის. ჩვენ დავაფინანსეთ დამსახურებულ ხელოვანთა თაობების შეხვედრა,“ – განმარტავს ლამზირა ბოლქვაძე, ბათუმის მერიის განათლების და კულტურის განყოფილების უფროსი.

ვახშამს ესწრებოდნენ, მაგალითად, მერიას დაქვემდებარებული „საბავშო ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ნატალია ზაქარეიშვილი და მისი მეუღლე, ბაჩუკი ჩხეიძე, ასევე „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი აჭარაში – ნიაზ ზოსიძე. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს სტუმრები, ლამზირა ბოლქვაძემ გვითხრა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ოჯახის ვახშმობა მერიას არ დაუფინანსებია.

„ჩვენ ასეთ დეტალებში არ შევდივართ. ჩვენთვის მთავარი იყო მაღალ დონეზე ღონისძიების ჩატარება. ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხადამჭერი ვიყავით…“ – გვითხრა ლამზირა ბოლქვაძემ, მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა. კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდა მერია, ვის ვახშამში დაიხარჯებოდა ხალხის ბიუჯეტიდან ფული, ასეთი პასუხი მივიღეთ:

„ამ შეხვედრამდე ჩვენ ორგანიზატორებმა წარმოგვიდგინეს სავარაუდო სია, ვინ იქნებოდნენ ამ საღამოზე. სიაში ნამდვილად მახსოვს ნატალია ზაქარეიშვილი არ ყოფილა. შესაძლოა, სხვებმა დააფინანსეს სხვა სტუმრების მოწვევა. ამ შეხვედრას ჰყავდა თანადამფინანსებლებიც,“ – განმარტავს ლამზირა ბოლქვაძე.

შეხვედრაზე პროექტის ორგანიზატორებმა „სახალხო ჯილდოები“ გადასცეს: დავით თედორაძეს, ვახტანგ ღლონტს, ციასანა ანთაძეს, ნინო ნიჟარაძეს, ბესო ბესელიას, ნინო საკანდელიძეს, მანუჩარ შერვაშიძეს, ნათელა დუმბაძეს, ანსამბლ „ბათუმს“, ბიჭიკო დიასამიძეს, ზურაბ ცინცქილაძეს, მარიამ ჯახუტაშვილს, აკაკი ბერიძეს, ნუნუ ჩაუშბას, რამაზ სურმანიძეს, გიორგი მურვანიძეს, გურამ ჭანტურიას.

შენიშვნა: ამ ინფორმაციიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ბაჩუკი ჩხეიძე და გვითხრა, რომ ის ამ საღამოზე მიწვეული იყო, როგორც მეცნიერის, ჯემალ ჩხეიძის შვილიშვილი და მეუღლეც ახლდა.

19059572_1317794461668667_3529684608027301939_n
„პაემანი ბათუმთან“ / ფოტოები ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ გუდავას ფეისბუქგვერდიდან

batumi sikvarulia 4

18951346_1317794631668650_4630165466844596374_n

batumi sikvaruli 2

batumi aris sikvaruli

batumi

 

„Kazakh Invest“-ის წარმომადგენლები აჭარაში ივლისის დასაწყისში ჩამოვლენ

ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდა.  ქართული დელეგაციის ვიზიტი საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაფართოებული შეხვედრები გაიმართა ყაზახეთის  პრეზიდენტთან, პრემიერ-მინსტრთან და პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტი 12 ივნისს ასტანაში, „აკორდას“ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა ოფიციალური ლანჩის ფორმატში გამართეს, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც  ესწრებოდა. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები განიხილეს.

2

დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, ასტანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაASTANA EXPO-2017“ მიმდინარეობდა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დაესწრო. გამოფენაზე, რომელიც 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე გასტანს, მიწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები. გამოფენაში 125 ქვეყანა და 18 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.

„ASTANA EXPO-2017“-ის სლოგანია FUTURE ENERGY. მონაწილე ქვეყნებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიღწევები, საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქვეყნის კულტურა, სოფლის მეურნეოდა და სხვა. გამოფენაში მონაწილეობა საქართველოსთვის იძლევა პოპულარიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას ყაზახეთის მასშტაბით და არა მხოლოდ, გაიცნოს მსოფლიომ საქართველო, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელი, საინვესტიციო გარემოს სიმარტივით და ხელშეწყობით გამორჩეული ქვეყანა, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ჩვენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს, ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს

5-6 ივლისს ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest“-ის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, მეიერჟან მაიკენოვმა შეხვედრის შემდეგ მიიღეს. სავაჭრო-საინვესტიციო მისიის მიზანი, რომელიც 5-6 ივლისს გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის გაცნობაა.

მისიის ფარგლებში აჭარას ყაზახეთის 25 კომპანიის წარმომადგენელი ეწვევა, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორებიცაა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მშენებლობა, ფარმაცეფტიკა, კვება და ა.შ. გარდა ამისა, სავაჭრო-საინვესტიციო მისია ითვალისწინებს ვიზიტებს რეგიონის მსხვილ საწარმოებში და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვას. ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest“-ის მიერ ორგანიზებული სავაჭრო-საინვესტიციო მისია საქართველოში 2 ივლისს ჩამოვა. 4 ივლისამდე ყაზახი ბიზნესმენები შეხვედრებს თბილისში გამართავენ.

„ყაზახეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ყაზახური კომპანიები დიდი მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს რეგიონში. ამას ემსახურებოდა საინვესტიციო ტური ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ და ამასვე ემსახურება ყაზახური კომპანიების სავაჭრო-საინვესტიციო მისია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო საშუალება რეგიონში მოქმედი ბიზნესისათვის ახალი სავაჭრო-საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახეთის ბიზნეს წრეებთან“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

3

შეხვედრა ყაზახეთის პრემიერმინისტრთან ბაკიტჟან საგინტაევთან

ასტანაში ოფოციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპები. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

შეხვედრაზე აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყაზახეთის მანგისტაუს ოლქს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმსა და მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ განსახიორციელებელ პროექტებს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ტრადიციული აბრეშუმის გზა, რომელიც სწორედ ამ ქვეყნებსა და რეგიონებზე გადის, კვლავაც აქტიურად მუშაობს და არ კარგავს თავის აქტუალურობას. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით დაინტერესება ყაზახეთის მხრიდან საკმაოდ დიდი და მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერესის სფეროები ტურიზმით არ შემოიფარგლება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საზღვაო პორტის პოტენციალისა და ტრანზიტული ტვირთების მოცულობის ზრდას. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გარდა მოხდეს ისეთი ქვეყნების ჩართვა, როგორებიცაა თურქეთი და ჩინეთი და ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარება დაიგეგმა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტსა და მანგისტაუს ოლქის საზღვაო ნავსადგურს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რათა ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდეს. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ტურიზმზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 25 ავიარეისი განხორციელდება, აქედან 15 რეგულარული, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას ჩვენს რეგიონში ყაზახეთიდან. გარდა ამისა, დაიგეგმა ბიზნეს ფორუმებისა და ფესტივალების გამართვაც.

4

ASTANA EXPO-2017“- საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ასტანაში გამართული გამოფენის „ASTANA EXPO-2017“ ფარგლებში საქართველოს პავილიონი დაათვალიერა. “ექსპო 2017”-ზე წარმოდგენილი იყო სიახლეები სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებული განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის შესახებ. საქართველომ კი, დამთვალიერებელს ქვეყნის ენერგოპოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პავილიონის შეასვლელთან მოწყობილ სტენდზე განთავსებული იყო ინფორმაცია უნიკალური ქართული ანბანის შესახებ. 5დ სათვალის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლო ვირტუალურად ემოგზაურა თანამედროვე საქართველოში, გაცნობოდა გასული საუკუნეების შენობების არქიტექტურას, ღვინის წარმოების უძველეს ტექნოლოგიას და ქართველი ოსტატების ეთნოგრაფიულ ნამუშევრებს, დაეწერა თავისი სახელი ქართულად. ერთ-ერთ სტენდზე გამოსახული იყო საქართველოს რუკა, სადაც აღწერილი იყო საქართველოს ქალაქების ღირსშესანიშნაობები. გამოფენის ფარგლებში ცნობილი ქართველი შემსრულებლების და სახელმწიფო ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიება 13 ივნისის თბილისში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. საიუბილეო კონცერტს საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტები, მთავრობის წევრები, EXPO-ს სტუმრები და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.

5

ყაზახური მედია აჭარის საინვესტიციო პოტენციალით ინტერესდება

„ASTANA EXPO-2017“-ის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობა აქტიურად გააშუქა ყაზახურმა მედია საშუალებებმა. რიგი ღონისძიებების დასრულების შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ყაზახური მედიის კითხვებს უპასუხა. მედიის დაინტერესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით საკმაოდ მაღალია. ინტერესის სფერო ტურიზმის გარდა, ჩვენი რეგიონის საინვესტიციო და ტრანზიტული პოტენციალია. აჭარის სანაპირო ზოლი, ტურიზმი და ახალი მიმართულებები, სამთო-სათხილამურო კურორტები, გოდერძი და გომარდული, სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები, ბათუმის პორტი და ტვირთების ტრანზიტი – ამ და სხვა თემებზე ზურაბ პატარაძემ ყაზახურ მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

6

აჭარის მთავრობა

საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ბათუმში

3-7 ივლისს, ბათუმის ამერიკული კუთხე ახალგაზრდა მეწარმეებისთვის საზაფხულო ბანაკს აწყობს, სადაც მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ შეიძინონ საპროექტო იდეისთვის საჭირო უნარები (დაგეგმვა, ორგანიზება, ანალიზი, კომუნიკაცია, შეფასება) და ისწავლონ, თუ როგორ აქციონ საკუთარი ინიციატივები სამეწარმეო იდეად.

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია. აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 27 ივნისის 17:00 საათი. ბანაკში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა – 15.

სესიები ჩატარედება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ბანაკში მონაწილეობა უფასოა.

ეროვნული ბანკი: პირველი ივლისიდან შეთავაზება/რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარში იქნება

საქართველოში ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება 2017 წლის პირველი ივლისიდან სავალდებულო იქნება მხოლოდ ლარით. ლარით ფასდადება ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებს.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ლარი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტის მიხედვით, რომელიც ასევე პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, „ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ გავრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:

[checklist]

  • ნებისმიერი საერთაშორისო რეზერვაციის პორტალის ან/და უცხოური ვებ გვერდის მეშვეობით ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უცხოურ ენაზე.
  • ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტ პირთათვის ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, იმ პირობით, რომ შეთავაზება/რეკლამირება ხორციელდება ასევე ეროვნული ვალუტით.
  • საერთაშორისო, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან.
  • როუმინგის მომსახურებასთან.
  • უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან.
  • სასაქონლო ნიშნებზე, დიზაინზე, გამოგონებაზე და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტზე უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის გაწეულ მომსახურებასთან.
  • ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  • არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან“.

[/checklist]
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ მომხმარებლებს მათი დაცულობისა და ფასის გამჭვირვალობისათვის, მეწარმისაგან მოითხოვონ ფასის ლარით სრულად გამჟღავნება“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის დამტკიცებულ ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ხელი მიმდინარე წლის იანვარში მოაწერა. შესაბამისი ცვლილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე, ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.

აღნიშნული ცვლილებებით ასევე დადგინდა შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებზე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით და გაცემა [მიმდინარე წლის 17 იანვრიდან] დასაშვები გახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს.

დღეს უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართება

დღეს, 15 ივნისს, 12 საათზე, ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხია:

[checklist]

  • „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. I მოსმენა. მომხსენებლები: რამაზ ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; გიორგი რომანაძე – უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“; ასევე პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“; მომხსენებელი: ნინო ჩხეტია – უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
  • დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებელი: ნინო ჩხეტია – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
    კომისიის თავმჯდომარე.

[/checklist]

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 16 ივნისიდან 5 სექტემბრამდე გაიმართება რიგგარეშე სხდომები, საშემოდგომო სესია კი მიმდინარე წლის 5 სექტემბერს გაიხსნება.

 

 

სოფელი კოკოტაური [ფოტორეპორტაჟი]

სოფელი კოკოტაური ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 545 კაცი. სოფელ კოკოტაურში არის მინერალური წყალი. სოფელში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს თამბაქო.

ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ კოკოტაურიდან
სოფელი კოკოტაური, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თამბაქოა
სოფელი კოკოტაური, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თამბაქოა
სოფელი კოკოტაური, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თამბაქოა
სოფელი კოკოტაური, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თამბაქოა

19125421_1387464708015898_618277509_o

19126023_1387463454682690_1650942288_o
სოფლის ცხრა კლასიანი სკოლის [საბაზო საფეხურის] დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას ცხმორისის საჯარო სკოლაში აგრძელებენ
19104901_1387464768015892_818035151_o19125240_1387464384682597_1863796274_o

მიტოვებული სახლი
მიტოვებული სახლი
მეჩეთი, სოფელი კოკოტაური
მეჩეთი, სოფელი კოკოტაური

19197867_1387464751349227_373938697_o

19179394_1387461884682847_1796359041_o
მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა სოფელთან დამაკავშირებელ ბილიკზე დადგეს, ცენტრალურ საავტრომობილო მაგისტრალთან ჩამოსასვლელად, ამ ბილიკზე მოსახლეობამ ანძის ქვეშ უნდა გაიაროს
სოფელი კოკოტაური / ეკა ბარამიძის ფოტოები
სოფელი კოკოტაური / ეკა ბარამიძის ფოტოები

სუვენირებით მოვაჭრეების მორიგი აქცია მერიასთან

სუვენირებით მოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, მერია აუქციონის გამართვას აპირებს და ახალ სავაჭრო ჯიხურებში მათ მუშაობის საშუალება აღარ მიეცემათ.

საუბარია გოგებაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 60 სავაჭრო ჯიხურის აღებასა და ახალი ჯიხურების შეძენაზე, სადაც ისევ სუვენირები უნდა გაიყიდოს. ახალი ჯიხურები ბათუმის საკრებულოს მიერ შერჩეულ ადგილებზე უნდა განთავსდეს. მერია მათ დაპირდა, რომ ახალი ჯიხურები სუვენირებით მოვაჭრეებს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემოდათ.

სუვენირებით მოვაჭრე ნონა ჩხაიძის თქმით, მერია პროცესს აჭიანურებს, რადგან მოვაჭრეებმა მერიას რამდენიმე დღის წინ გადასცეს სია, სადაც იყო იმ პირების ჩამონათვალი, ვისაც ახალი ჯიხურის აღება სურს.  „არ უნდა პირდაპირ გადმოცემა, აუქციონს აპირებენ. თუ ასე არაა, მაშინ გადმოგვცენ დროულად ეს ჯიხურები,“ – ამბობს ნონა ჩხაიძე.

მანანა დიასამიძე, სუვენირებით მოვაჭრე: „62 ჯიხური ჩამოიყვანეს 22-მდე. სამუშაო ადგილები ძალიან შემცირდა. არ ვიცით, ამდენი ადამიანი 22 ჯიხურში როგორ უნდა დავსაქმდეთ. მერიიდან გვეუბნებიან, რომ კიდევ ორი პირი ჩვენ უნდა დავასაქმოთ, ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს ასე.“

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ აუქციონი არ იგეგმება და უახლოეს დღეებში ახალი სავაჭრო ჯიხურები მოვაჭრეებს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემათ. ერთი სავაჭრო ჯიხურის წლიური ღორებულება 250 ლარი იქნება. სუვენირებით მოვაჭრეების ინფორმაციას სხვა პირების დასაქმებაზე მერიაში უარყოფენ.

 

suvenirebi 2

აჭარაში 28 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა

მონიტორინგის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  ხულოში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  [„ხულო“, „დეკანაშვილები – 2014“, „ბოძაური – 2014“ და სხალთა 2014“ ]  სტატუსი შეუწყვიტა.

სოფელ ბოძაურში 2014 წელს დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბოძაური 2014“ – ის თავმჯდომარე, თეიმურაზ შავაძე ამბობს, რომ კოოპერატივის ანგარიშზე პაის სახით გადასახდელი თანხა ვერ შეიტანეს და ამიტომ შეუჩერდათ სტატუსი. ამ კოოპერატივში ოთხი ოჯახის მეურნეობა იყო გაერთიანებული და კოოპერატივი კარტოფილსა და რძის პროდუქტებს აწარმოებდა.

„კოოპერატივის ანგარიშზე  თავდაპირველად კოოპერატივის წევრებმა პაის სახით მიწები შევიტანეთ, შემდეგ კი გვითხრეს, რომ მიწის ნაცვლად მიწის შესაბამისი თანხა უნდა შეგვეტანა, თანხა ვერ გადავიხადეთ… ჩვენი კოოპერატივი 30 ტონა კარტოფილს აწარმოებდა. გარდა კარტოფილისა, გვყავს 30 მეწველი ძროხა. როგორც კოოპერატივმა სახელმწიფოსგან აგროსესხითაც ვისარგებლეთ 4% – იანი სესხით, ფერმა გავხსენით და ძროხები ვიყიდეთ, თანადაფინანსებით სათიბებიც მოგვცეს. არ ვიცით, რას ვიზამთ, პრობლემა არის ისიც, რომ ლიცენზიის აღსადგენად თბილისში უნდა ჩავიდეს ხულოდან კაცი, ადგილზე საკითხები არ გვარდება,“ – გვიყვება თეიმურაზ შავაძე.

სოფელ დეკანაშვილებში ლიცენზიაშეწყვეტილი კიდევ ერთი  კოოპერატივის, „დეკანაშვილები 2014“-ის თავმჯდომარე გენადი ზოიძე ამბობს, რომ ლიცენზიის შეწყვეტის მიზეზი მათ შემთხვევაში გაწერილი გეგმის შეუსრულებლობა გახდა.

„კოოპერატივის სამ წევრს 5 000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე კაკალი უნდა გაგვეშენებინა,  ნერგებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გვაძლევდნენ, თუმცა კაკლის ნერგების მიღებაზე იმ დროისთვის უარი ვუთხარით, არ გვეცალა და ვერ დავრგავდით. რადგან გეგმა ვერ შევასრულეთ, სტატუსი შეგვიწყვიტეს. ვაპირებთ, მომავალი წლიდან სტატუსი აღვიდგინოთ და გაწერილი გეგმა შევასრულოთ,“ – ამბობს გენადი ზოიძე.

სხალთაში დარეგისტრირებული კოოპერატივის – „სხალთა 2014“-ის თავმჯდომარე, იზოლდა სურმანიძე ამბობს, რომ კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი დაურეგისტრირებელი მიწები აღმოჩნდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გარდა, სტატუსი შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ქედაში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში. აჭარის რეგიონში სულ 28 კოოპერატივს აქვს შეწყვეტილი სტატუსი, მათგან ყველაზე მეტს – 11 კოოპერატივს სტატუსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქვს შეწყვეტილი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის,  გიორგი მიშელაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი კანონით  გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.

„კოოპერატივების ნაწილი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, არის შემთხვევები, როდესაც კოოპერატივების რაოდენობა მცირდება,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არ ეწევიან, არ აწარმოებენ მეპაიეთა რეესტრს… კანონითა და მთავრობის დადგენილებით გაწერილ მოთხოვნებს არ ახორციელებენ. სააგენტო პირველ ეტაპზე ხარვეზს ადგენს და ხარვეზის გამოსასწორებლად ვაძლევთ გარკვეულ ვადას, სტატუსი მათ იმ შემთხვევაში უწყდებათ, თუ ხარვეზს არ გამოასწორებენ,“ – აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და დასძენს, რომ მიწის რეგისტრაციის არქონა სტატუსის შეწყვეტის საფუძველი არ არის.

სტატუსის აღსადგენად კოოპერატივის ხელმძღვანელობამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოში განცხადება ხელახლა უნდა დაწეროს. ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, განცხადების დაწერიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში კოოპერატივს სტატუსი აღუდგება.

აჭარაში სულ 153 კოოპერატივია დარეგისტრირებული: 51 ქობულეთში, 17 ქედაში, 27 ხულოში,  32 შუახევში, 15 ბათუმში. სტატუსი მხოლოდ  ბათუმში რეგისტრირებულ კოოპერატივებს არ შეწყვეტია.

 

Exit mobile version