სოფლად მცხოვრები ქალები [ვიდეო]

აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ქალების შეხედულებებზე, ფიქრებსა და პრობლემებზე, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სიუჟეტი მოამზადა.

სიუჟეტი გათვლილია სმენადაქვეითებული მაყურებლისთვისაც, ჟესტური ენის თარგმანით.

სიუჟეტი მომზადებულია “დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] მხარდაჭერით.

 

მემუქრებიან – პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ბათუმში

დღეს, 6 ივნისს, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლის, ნანა ტოგონიძის შეტყობინების საფუძველზე, შსს-მ  წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. საქმე ეხება მუქარის შემცველ წერილს, რომელიც სპორტის მასწავლებელმა მიიღო.

წერილში ვკითხულობთ: „ტოგონიძე! ბევრს ნუ ატლიკინებ ენას… თორემ გპირდები, თუ ბეისბოლის ბიტით არ შემოგივარდე მაქ და არ გადაგტეხო პირდაპირ ხერხემალში. როდის და რა დროს შემოგივარდები, ეგ მე ვიცი…“-ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც მასწავლებლის თქმით, მას გამოუგზავნეს.

სპორტის მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამართალდამცავ უწყებას თავისი უსაფრთხოების გამო მიმართა.

„რადგან  მუქარის წერილი მომივიდა, მე გავაკეთე რეაგირება, წერილში ისეთი რამეები უწერია, რომ არ შეიძლება ამაზე რეაგირება არ მქონოდა“, – გვეუბნება ნანა ტოგონიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ იყო კონკრეტულად მისი მისამართით წერილი გამოგზავნილი, ნანა ტოგონიძე ამბობს. „გუშინ იყო სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა. დირექტორის მხარდამჭერები სკოლის წინ ვიყავით შეკრებილი და მეც ვიყავი მათ შორის. რადგან მე ვაქტიურობდი და ამავე დროს სკოლის პროფკავშირების ხელმძღვანელი ვარ, ალბათ ამიტომ მომწერა მე“, – გვეუბნება ის.

მუქარის წერილი ყოფილ მნეს დ.ლ-ს სკოლის დამლაგებლისთვის გადაუცია. დამლაგებელი ფაქტს „ბათუმელებთან“ ადასტურებს. „გუშინ ქუჩაში შემხვდა და მომცა წერილი ტოგონიძეზე გადასაცემად. მე არ გადავეცი, რადგან არ მინდოდა კონფლიქტი მომხდარიყო. არ ვიცი ვისგან გაიგო, მაგრამ სპორტის მასწავლებელი დღეს მოვიდა, წერილი მომთხოვა და მეც მივეცი“, – გვეუბნება იზო ჭელიძე.

„ბათუმელები“ სკოლის ყოფილ მნესაც ესაუბრა, რომელიც წერილის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ „ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.

როგორც სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე გვეუბნება,  მუქარის წერილის გამომგზავნი დ.ლ. სკოლაში სამეურნეო ნაწილს ხელმძღვანელობდა, თუმცა სკოლიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. „სკოლაში ნასვამ მდგომარეობაში მოდიოდა. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მარტის თვეში საყვედური გამოვუცხადე. ამის შემდეგ განცხადება დაწერა და წავიდა, თუმცა სულ იმუქრებოდა. მეც მემუქრებოდა და მასწავლებლებსაც, თუმცა საჭიროდ არ ჩავთვალე სამართალდამცავებისთვის მიმემართა“, – გვეუბნება დირექტორი.

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური, მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე იყო შესული. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სკოლაში დარღვევები დაფიქსირდა, რის გამოც სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა დღის წესრიგში. თუმცა, სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა სამინისტროს პოზიციას და დირექტორი თანამდებობაზე დატოვა.

ბათუმის პირველი სკოლის დირექტორი არჩეულია და მისი გადაყენების უფლება სამინისტროს არ აქვს.

პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური მაისის დასაწყისიდან მუშაობდა.

ორი ვიცე-მერი ისტორიულ ბათუმში მშენებლობის სიმაღლეში ზრდას მხარს უჭერს

ბათუმში, ჯინჭარაძის 3-ში, ანუ ისტორიულ ზონაში უკვე აშენებულ ხუთსართულიან სახლზე კომპანია „ელიტჰაუსი“ კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. მშენებელმა უკვე მიიღო თანხმობა ზონალური საბჭოსგან, რომელიც ბოლო დროს ისტორიულ ბათუმში სიმაღლის გაზრდაზე თანხმობას თითქმის არ გასცემს. ამ მრავალბინიანი სახლის მშენებლობის სათავეებთან ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე იდგა.

ზონალური საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის გარდა, ბათუმის მერიიდან საბჭოს კიდევ ერთი წევრი და ამავე დროს მერის სხვა მოადგილე – ალექსანდრე მითაიშვილიც დაესწრო. როგორც წესი, ალექსანდრე მითაიშვილი საბჭოს სხდომებს არ ესწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში მან სხდომაზე დასასწრებად დრო გამონახა და მხარიც დაუჭირა პროექტის სიმაღლეში ზრდას.

ჯინჭარაძის 3-ში ერთი სართული თავიდან შემუშავებულ პროექტს აქამდეც დაემატა – თავდაპირველად მერიამ ნებართვა გასცა ოთხსართულიანი სახლის მშენებლობაზე მანსარდით, შემდეგ კი მშენებელმა პროექტში ცვლილება მოითხოვა და შენობას ერთი სართული დაამატა. ამჯერად კი კომპანიას კიდევ ორი სართულის დამატება სურს.

ჯინჭარაძის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე მშენებლობის დაწყებამდე „ბათუმელებს“ თავად ბაგრატ მანველიძემ დაუდასტურა. ახლა კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი გაასხვისა და მშენებლობასთან, ასევე კომპანიასთან, კავშირი არ აქვს:

„მე ჯინჭარაძის ქუჩაზე საკუთრება გავყიდე. მქონდა ბარაკული ტიპის სახლი. საერთო ფართი იყო 998 კვადრატული მეტრი და აქედან 160 კვადრატი იყო ჩემი საკუთრება და არ გამიყიდია ბინის მიღების პირობით, ჩვეულებრივად გავყიდე“.
ბაგრატ მანველიძე

კითხვაზე როგორ მოახერხა კომპანიამ ისტორიულ ზონაში, სადაც სიმაღლეების გაზრდა კანონმდებლობით შეზღუდულია, კიდევ ორი სართულის დამატებაზე ნებართვის მიღება, რასაც ბოლო დროს სხვა კომპანიები ვერ ახერხებენ ? – ვიცე-მერი პასუხობს, რომ ამ საკითხით თავადაც დაინტერესდა:

„დავინტერესდი, რადგან ჩემმა სახელმა გაიჟღერა. ვკითხე არქიტექტურის სამსახურს, ეტევა თუ არა სიმაღლე ნორმებში, რაიმე დარღვევა ხომ არ არის-მეთქი და სამსახურის უფროსმა განმიმარტა, რომ იმ კოეფიციენტებში და არსებულ წესებში ეს მშენებლობა ეტევა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ჯდება არსებულ განაშენიანებაში მართლა დავინტერესდი ამ საკითხით და ამაზეც მივიღე განმარტებები, რომ უფრო მაღალი სიმაღლის სახლებია ირგვლივ აშენებული და ამ კომპანიას რატომ უნდა შექმნოდა პრობლემა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ. გადაამოწმეთ არქიტექტურის სამსახურში“.

ჯინჭარაძის ქუჩაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ვიცე-მერმა 2014 წლის ბოლოს ისაუბრა, კომპანია „ელიტჰაუსი“, რომელიც ახლა აშენებს კორპუსს,  2015 წლის აპრილში დააფუძნეს.

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში
მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში

ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერი საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე იყო ასლან აბაშიძის მმართველობის დროს. ბოლო რამდენიმე წელია მის სახელზე არაერთი ქონება გაჩნდა საჯარო რეესტრში. ამ ქონების მიხედვით ბათუმის ახალი ვიცე-მერი მილიონერი თუ არა მდიდარი კაცია.

ძეგლის დაცვის ზონაში, ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში კანონმდებლობა კრძალავს იმ მასშტაბის მშენებლობას, რაც ძეგლს დათრგუნავს და მის აღქმას შეუშლის ხელს.

ისტორიულ ბათუმში მშენებლობების შეზღუდვას საზოგადოება „ბათომი“ ითხოვს, ორგანიზაციის წევრებს გიორგი ერმაკოვი დაჰპირდა, რომ მერია შეიმუშავებდა ოთხი კვარტლის განაშენინების გეგმას და განიხილავდა ასევე ძველ ბათუმზე ისტორიული ზონის მინიჭების საკითხს, რაც მომავალში ისტორიული განაშენინების შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხის სამართლებრივად მომზადებაზე მუშაობენ. მომზადების პროცესი კი ისტორიულ ბათუმში უკვე წამოწყებულ მშენებლობაზე სიმაღლის გაზრდის ნებართვის გაცემას ხელს არ უშლის. ეს იმას ნიშნავს, რომ განაშენიანების გეგმის მომზადებამდე შესაძლოა ისტორიულ ბათუმში მშენებლობის ნებართვა კიდევ ბევრმა კომპანიამ მიიღოს.

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში
მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში

ამინდის პროგნოზი: 7 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 7 ივნისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა და ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 13-15 გრადუსი იქნება, დღისით – 22-27 გრადუსი, მთაში ღამით – 10-15, დღისით კი – 18-23 გრადუსი.

მომდევნო ორ დღეს, 8-9 ივნისს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

პოლიციამ „წაგებული საქმეები“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც წააგო – „ბათუმის აქციის საქმე“

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 79 პირიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 გაამართლა. „წაგებული საქმეები“ პოლიციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრა, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციის არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის იყვნენ რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე. „ბათუმი პლაზასთან“ მათი დაკავების გამო დაიწყო 11 მარტს საპროტესტო აქცია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე გაამართლა. ამ საქმეში პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმე სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

რამაზ ხიმშიაშვილისა და ჯიმი ვარშანიძის გარდა, პოლიციას სააპელაციო სასამართლოში ასევე გასაჩივრებული ჰქონდა და არ დაკმაყოფილდა: თემურ ზაქარაძის, გურამ კიწმარიშვილის, დავით სალაძის, ზაზა ცინცაძისა და კონსტანტინე კვასკვაძის შემთხვევები.

პოლიციას არ გაუსაჩივრებია მამუკა მორთულაძისა და გიგა ჩხაიძის შემთხვევები. გიგა ჩხაიძემ მოსამართლეს ვიდეომტკიცებულება აჩვენა, რითაც დასტურდებოდა, რომ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე იგი სამსახურში იმყოფებოდა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 40 დაჯარიმდა, 8-ს შენიშვნა მისცეს. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.

ამავე საქმეზე სისხლის სამართლის კუთხით დაწყებული გამოძიება გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლო „ბათუმის აქციის საქმეზე“ 21 ბრალდებულის საქმეს განიხილავს მასობრივი ძალადობის მოწყობისა და პოლიციელებზე თავდასხმის მუხლებით.

ქედის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ოთხ პოზიციაზე – მახუნცეთისა და ცხმორისის ადმინისტრაციულ თემებში მთავარი სპეციალისტის პოზიციასა და გამგეობაში სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, სახაზინო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე კი – გასაუბრებაა.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედი საკონკურსო კომისია კანდიდატებს, ძირითადად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს. ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გასაუბრებაზე კონკურსანტების ცოდნას ქედაში კომისიის ხუთი წევრი შეაფასებს.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა.

ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 11 ივნისამდე უნდა დარეგისტრირდნენ.

როდის გაიხსნება „კარფური“ ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე [რკინის თაღთან] მდებარე შენობაში, სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, როგორც აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე წლის 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს. ამ შენობაში ჰიპერმარკეტების  ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ფილიალს ხსნის.

IMG_20170606_085236

„15 ივლისისთვის არის დაგეგმილი მარკეტის გახსნა ბათუმში, თუმცა რამდენად მოესწრება სარემონტო სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის, ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს „კარფურში“.

„ბათუმის კარფურის მარკეტი იქნება კარფურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარს მორგებული დიდი სუპერმარკეტი,“ –  უთხრეს რამდენიმე თვის წინ „ბათუმელებს“ ორგანიზაციაში.

ბათუმის მარკეტში დასასაქმებლად ორგანიზაცია ვაკანსიებს მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან ეტაპობრივად აცხადებს. რამდენიმე ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზე „კარფურმა“ გუშინაც გამოაცხადა. „კარფურში“ ამბობენ, რომ ახალ სუპერმარკეტში 200-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“, რომელიც წარმოადგენს „კარფურის“ ქსელს საქართველოში, შენობა ბათუმში, სადაც ჰიპერმარკეტი უნდა განთავსდეს, იჯარით აქვს აღებული. ეს შენობა „ვისოლი ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც ამ ადგილას „სმარტისა“ და „დანკინ დონატსის“ გახსნას აპირებდა.

IMG_20170525_085325

ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში [ანონსი]

9 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენა გაიმართება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამთვალიერებელს მიეცემა საშუალება, ნახოს ვარდის 11 სახეობა და 100 კულტურული ფორმა ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში.

გამოფენა ზედა პარკში, მუდმივმოყვავილე სკვერთან გაიმართება. გამოფენაზე დასწრება უფასო იქნება.

ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან
ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან

გონიოელებმა სასამართლო დავა მოიგეს

გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ივნისს, დააკმაყოფილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს და ინდივიდუალური პასუხი გასცეს თითოეულ მოსარჩელეს.

ბათუმის მერიამ უკვე მეორედ წააგო სასამართლო დავა გონიოს მიწების საქმეზე. 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა.  ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიამ თითოეული გონიოელის შემთხვევა ცალ-ცალკე უნდა დაიწყოს.

საკუთრების კომისიამ ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს. თუკი საკუთრების უფლების აღიარების კომისია ისევ უარს ეტყვის მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში, გონიოელები ასევე ინდივიდუალურად მიმართავენ სასამართლოს საკუთრების მოწმობის აღდგენის მოთხოვნით.

გონიოელების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.

2008 წელს გონიოში 271 ოჯახს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ გადასცეს, ხოლო შემდეგ ჩამოართვეს. რამდენიმე მათგანს საკუთრების უფლება აღუდგა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილებით.

ამავე თემაზე:

საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე

 

აჭარის საპატრულო პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ ხელმძღვანელობს

კახა ბუხრაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.  სამინისტროს ცნობით, ბუხრაძე როტაციის პრინციპით ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციას უხელმძღვანელებს.

კახა ბუხრაძეს უკავშირდება 11-12 მარტის გახმაურებული აქცია ბათუმში, როცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მისი გადაყენება მოითხოვეს, დაწვეს პოლიციის მანქანები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს.  აქციის შემდეგ აჭარაში ჩამოსულმა საქართველოს  შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ „აჭარაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არის“.

ამავე თემაზე:

გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ

რას ფიქრობენ გორელები ბათუმის მოვლენებზე და საპატრულო პოლიციის უფროსზე

ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე

 

გზით სარგებლობის უფლებისთვის მოქალაქე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე შაქრო თურმანიძე საქართველოს საპატრიარქოს გზის დაბრუნებას სთხოვს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფერიის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთი 1979 წლიდან აქვს, გზაც თვითონ გაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს, მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა, მათ შორის, გზაც, რომლითაც შაქრო თურმანიძე სარგებლობდა. გზა ამჟამად ფერიის მთაზე მდებარე ეკლესიის სარგებლობაშია.

„ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ შაქრო თურმანიძის მიწის ნაკვეთზე სხვა მისასვლელი გზა არ არსებობს. გზა რეგისტრირებული ცალკე არ იყო და დღეს ის ეკლესიამ ჩახერგა, მაგრამ ადამიანი მისასვლელი გზის გარეშე დარჩა. ჩვენ ვდავობთ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ადამიანს, რომელსაც აქვს საკუთრება, აქვს გზით სარგებლობის უფლებაც,“ – განმარტავს თინა იმნაძე, შაქრო თურმანიძის ინტერესების დამცველი.

რატომ უჩივის მოქალაქე საპატრიარქოს და არა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მისი კუთვნილი გზა ეკლესიას გადასცა? – თინა იმნაძე გვპასუხობს, რომ ამ კითხვას პასუხი უშუალოდ მესაკუთრემ უნდა გასცეს: „ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ამჯერად ვდავობთ იმ კუთხით, რომ ნებისმიერ მესაკუთრეს აქვს „სავალდებულო გზით“ სარგებლობლობის უფლება“, – აზუსტებს ადვოკატი.

„ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ამ დავას“, – თქვა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზში, სადაც არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მხოლოდ ის უნდა ეთქვა, საპატრიარქოს წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელი ბათუმის სასამართლოს განსახილველი იყო თუ არა. რადგან საპატრიარქოს იურიდიული მისამართი თბილისში აქვს, საპატრიარქომ წინა სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს განეხილა. მოსამართლემ საპატრიარქოს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მოქალაქის სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

თავად შაქრო თურმანიძემ ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. რაც შეეხება საპატრიარქოს, მისი ინტერესების დამცველი  ვახტანგ ლორია სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ მოვიდა. მან საპატრიარქოსგან შესაბამისი ნებართვის მიღებამდე კომენტარზე უარი გვითხრა.

სამინისტრო: პატიმრების მონახულების ნებართვისთვის უმაღლესმა საბჭომ ხელახლა უნდა მოგვმართოს

რატომ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  რამდენიმე თვის მანძილზე, პენიტენციალურ დაწესებულებაში შეცვლის ნებართვა? – ამის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტებას „ბათუმელებთან“ აკეთებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს წერილობით, „რადგან წერილში არ იყო მხოლოდ ცოტნე ანანიძეზე საუბარი, უმაღლესი  საბჭოს სხვა წევრებზეც ითხოვდა ნებართვას. გამომდინარე იქედან, რომ ნებართვის მიღებას თავისი წესი აქვს, ამიტომ დავით გაბაიძემ წერილობითი მიმართვა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს“- აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

სამინისტროს წერილობითი განმარტება კი ასეთია:

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს პრეზიდენტი; პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები; პრემიერ-მინისტრი; პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; სახალხო დამცველი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები არ შედიან იმ პირთა წრეში, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ.

პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, მინისტრი, გასულ წლებში, სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის უფლებას გამონაკლისის სახით გასცემდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან ანალოგიური ნებართვის მიღების შესახებ მომართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიმდინარე წლის დასაწყისშიც შემოვიდა. საკითხის ირგვლივ შედგა კომუნიკაცია შესაბამის პირებთან და გაიმართა კონსულტაციები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, საბჭოს კიდევ რამდენიმე დეპუტატიც შედიოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება შეიძლება მიენიჭოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შესაბამისი დასაბუთებისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე.

გამომდინარე იქიდან, რომ პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, უწყება გამონაკლისის სახით, კიდევ ერთხელ სთავაზობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, წარუდგინოს სამინისტროს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვის მიღების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის კანდიდატურა.

საკითხი განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ეცნობება“ – ნათქვამია წერილობით კომენტარში.

ცოტნე ანანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პენიტეციალურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვის მისაღებად უმაღლესმა საბჭომ სამინისტროს გასულ წელს მიმართა, თუმცა ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია.

პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას.

 

 

ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა

„თუ ძეგლის სტატუსი აღარ ექნება ვაჟა-ფშაველას 13-ს, მაშინ ეს დავაც აბსურდული გახდება,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა, თამარ კახიძემ. აჭარის კულტურული მემკვდრეობის დაცვის სააგენტო ამჯერად კომპანიის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით  იმის გამო ითხოვს, რომ უნებართვოდ დანგრეული ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მსჯელობს, კანონიერად მიანიჭეს თუ არა ისტორიულ სახლს ძეგლის სტატუსი. საუბარია ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ სახლზე, რომელიც კომპანია „სლავა 2015-“მა 2015 წლის ბოლოს უნებართვოდ დაანგრია.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა კომპანიის ხელმძღვანელი მურმან ჯინჭარაძეც. მისი თქმით, ბათუმის სასამართლომ ეს დავა მას შემდეგ უნდა განიხილოს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტს – კანონიერად მიანიჭეს თუ არა ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი 2015 წლის 7 ივლისს. სტატუსის მინიჭებას ამხანაგობა ასაჩივრებს, ის ოჯახები, რომლებიც ვაჟა-ფშაველას 13-ში ცხოვრობდნენ.

კომპანია „სლავა 2015“-ის დირექტორმა, მურმან ჯინჭარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ამ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო 30 ივნისს გადაწყვეტს [სტატუსის მინიჭების კანონიერებას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, რადგან სახლს ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიანიჭა, რომლის იურიდიული მისამართია თბილისშია].

„მაშინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ სასამართლო განხილვის შესახებ, რაც სტატუსს შეეხება,“ – უთხრა კომპანიის ხელმძღვანელს მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა. მან დასაშვებ მტკიცებულებად მიიღო ფოტომასალა, რაც კომპანიამ დღევანდელ პროცესზე წარმოადგინა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით.

„მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. უბრალოდ კომპანია ვადაში ვერ ჩაეტია… თან მოგეხსნებათ, ხანგრძლივი ზამთარი იყო,“ – თქვა კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა თამარ კახიძემ. ნათქვამის საილუსტრაციოდ მან ფოტოები აჩვენა მოსამართლეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას და კლდიაშვილის დაზიანებული ქუჩების აღდგენას ასახავს და არა – შენობის.

„ჩვენ გასული წლის 23 მაისს მივმართეთ კომპანიას გაფრთხილების წერილით და მოვთხოვეთ ძეგლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამისთვის გონივრული ვადა განისაზღვრა – 8 თვე. კომპანიას უნდა წარმოედგინა პროექტი აღდგენაზე, მაგრამ არ წარმოუდგენია. ამის შემდეგ შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათ ოქმი და მოვითხოვეთ მისი დაჯარიმება. თუ კომპანია ისევ არ აღადგენს ძეგლს,  6 თვის გავლის შემდეგ იგი ჯარიმის  სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება,“ – განმარტავს მირზა ცეცხლაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

კომპანია „სლავა 2015“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა 10 ათასი ლარით უნებართვოდ შენობის დანგრევის გამო.

სააგენტოს წარმომადგენელს ასევე ვკითხეთ, რა ბედი ელის ვაჟა-ფშაველას 13-ს, თუკი მუდმივად კომპანია ჯარიმებს გადაიხდის და არ აღადგენს ძეგლს პირვანდელი მდგომარეობაში? – მირზა ცეცხლაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავს სიტუაციაში, ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ აღადგინოს ძეგლი, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს საკითხი არ განიხილება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას 13-ს ძეგლის სტატუსს გაუუქმებს? – „ამ შემთხვევაში ძეგლის სამართლებრივი დაცვის რეჟიმი აღარ იარსებებს და ჩვენი უფლებამოსილება აქ დამთავრდება,“ – გვიპასუხა მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა.

ვაჟა-ფშაველას 13-ში ძეგლის უკანონო დანგრევაზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

 

IMG_20170605_150616

IMG_20170605_150558

 

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქში გადატვირთულ მოძრაობაზე

ბათუმში გზებზე მოძრაობა გადატვირთულია, ეს პრობლემა მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მწვავეა დილით – სამსახურში მისვლის და სკოლებში სწავლის დასრულების საათებში. საკურორტო სეზონზე კი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობები არა მხოლოდ ე.წ. პიკის საათებში იქმნება.

ეს საკითხი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რომ პრობლემურია, ამაზე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც ისაუბრა. ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა ინიციატივით საკრებულოში ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მოწვევასთან დაკავშირებით:

„მოვიწვიოთ და ერთად გავაანალიზოთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში მოძრაობა იყოს უსაფრთხო.“

მოსაზრებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც დაეთანხმა. ამის შემდეგ ბუხრაძის მიწვევაზე კიდევ ორ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა ამ დრომდე მასთან შეხვედრა საკრებულოს წევრებმა ვერ შეძლეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოში იმ მიზნით შექმნეს, რომ კომისიას ქალაქის განტვირთვის სტრატეგია უნდა შეემუშავებინა, თუმცა საკურორტო სეზონი გასულ წელს ისე დაიწყო და დასრულდა, რომ კომისიას არც სტრატეგია მოუმზადებია და არც ბათუმის ქუჩებში შეცვლილა ვითარება ავტოტრანსპორტის მოძრაობის თვალსაზრისით.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით ამის მიზეზი მაშინ კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ვგეგმავდით გორგილაძის ქუჩა ყოფილიყო ცალმხრივი, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე კი – საპირისპირო მოძრაობა. ეს იყო ერთ-ერთი ვერსია და ვფიქრობდით, რომ მოძრაობას გარკვეულწილად მოაწესრიგებდა, თუმცა ვერ  დავასაბუთეთ. კომისიის ზოგიერთმა წევრმა მოითხოვა გორგილაძის ქუჩაზე ავტობუსს ემოძრავა შეუზღუდავად. ამას ავტოტრანსპორტის უფროსი პაატა დუმბაძეც ითხოვდა, გარდა ამისა, ის ითხოვდა ცალკე ხაზს ავტობუსებისთვის. საბოლოო ჯამში ვერ შევთანხმდით,“ – ამბობს ლაშა სირაბიძე

რაც შეეხება  წლევანდელ საკურორტო სეზონს, საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 15 ივნისისთვის ელოდებიან კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციის სქემას შეიმუშავებენ. კვლევას გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში ამზადებენ.პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

კვლევის შედეგების განხილვის შემდეგ შესაბამისი კომისია საკრებულოს ქალაქის განტვირთვის სტრატეგიას წარუდგენს. კვლევის განხილვაზე გეგმავს საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის მიწვევასაც. საკრებულოს თავჯდომარე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ბუხრაძესთან შეთანხმება უკვე აქვს.

სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულო მერიას გადაუგზავნის, შემდეგ კი შესაბამისი შეზღუდვები ბათუმში ავტოტრანსპრტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით მერმა უნდა დააწესოს:

„თუ მერი ჩვენს წინადადებას არ მოიწონებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ მის საქმიანობაში“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მოახერხებენ თუ არა ბათუმის საკრებულო და მერია მიმდინარე საკურორტო სეზონზე ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას, ისევ გაურკვეველი რჩება.

35 ვაკანსია აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფო ორი ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს: „ნევროზული რეგისტრის მქონე დაავადებულ პირთა სტაციონარული მომსახურება“ და „გერიატრიული ასაკის (65 წელი და მეტი) ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა“.

განყოფილებებს ესაჭიროება კადრები შემდეგ პოზიციებზე:

მორიგე ექთანი – 9 ვაკანტური ადგილი. სამუშაო საათები: საღამოს 16:00-დან დილის 10:00 საათამდე (ყოველ მესამე დღეს). ანაზღაურება: 400 ლარი;

მორიგე მომვლელი- 12 ვაკანტური ადგილი, სამუშაო საათები: საღამოს 16:00-დან დილის 10:00 საათამდე (ყოველ მესამე დღეს). ანაზღაურება: 300 ლარი;

დღის მომვლელი-6 ვაკანტური ადგილი. სამუშაო საათები: დილის 10:00-დან საღამოს 16:00 საათამდე (ყოველ მეორე დღეს). ანაზღაურება: 450 ლარი;

მეაბაზანე- 2 ვაკანტური ადგილი. სამუშაო საათები: დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე. ანაზღაურება: 200 ლარი;

დამლაგებელი – 3 სამი ვაკანტური ადგილი. სამუშაო საათები: დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე. ანაზღაურება: 400 ლარი;

დღის მომვლელი ნევროზული რეგისტრის მქონე პაციენტებთან – 3 ვაკანტური ადგილი. სამუშაო საათები: დილის 10:00-დან საღამოს 16:00 საათამდე. ანაზღაურება: 300 ლარი.

ვაკანსიებზე დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ დასაქმების სააგენტოს ერთიან ბაზაში შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ აჭარის დასაქმების სააგენტო ავრცელებს.

ქედაში 11 სოფლის ცენტრი განათდება

ქედის მუნიციპალიტეტის თერთმეტი სოფლის ცენტრში გარეგანათება მოეწყობა. ეს სოფლებია  –  კუჭულა, სალიბაური, დანდალო, ახო, აბუქეთა, ვაიო, შევაბური, აქუცა, კოლოტაური, ზედა მახუნცეთი და ჭალახმელა.

გარეგანათების მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო.

გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 31 მაისს გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 11 სოფელში გარეგანათება ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მოაწყოს.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერეს

5 მაისს ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა. სამეურვეო საბჭომ დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერა, თუმცა თანამდებობა სკოლის ორმა სასწავლო ნაწილმა – ნინო რუსეიშვილმა და ქეთევან თავაძემ დატოვა.

დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ელზა ზაქარეიშვილის განცხადებით, რომელიც ამავე სკოლის მასწავლებელია, სხდომას სამეურვეო საბჭოს 12-ვე წევრი ესწრებოდა და არც ერთ მათგანს დირექტორის წინააღმდეგ გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, არ მომხდარა მომჩივანთა იდენტიფიცირება, გარდა ერთი პირისა:

„ერთ-ერთი მომჩივანი იყო მნე, რომლის ბრალდებებიც პირად აგნარიშსწორებად მივიჩნიეთ, რადგან თვითონ დირექტორმა გააკეთა მის ბრალდებებზე არგუმენტირებული განცხადება. გარდა ამისა, მედეა გვენეტაძეს სამეურვეო საბჭოსგანაც და სკოლის კოლექტივისგანაც ჰქონდა 90-პროცენტიანი მხარდაჭერა,“ – გვეუბნება ელზა ზაქარეიშვილი.

ელზა ზაქარეიშვილის თქმით, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლის შემდეგ,  დირექტორმა თანამდებობიდან გაუშვა პირველი სასწავლო ნაწილი ქეთევან თავაძე, ნინო რუსეიშვილმა კი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. „მანამდე სამსახურიდან გაშვებული ჰყავდა სკოლის მნე, რომელსაც დაბრუნება უნდოდა სკოლაში, შემდეგ კი საჩივარი შეიტანა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა აუდიტის დასკვნები დამაჯარებელი, ელზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კი. თუმცა დასძენს: „ის, რომ აუცილებლად უნდა შეწყვეტოდა მედეა გვენეტაძეს უფლებამოსილება,  არ მივიჩნიეთ სწორად. უკვე დაწყებულია შეცდომების გასწორება, მოიხსნა  სასწავლო ნაწილები, საყვედურები მიეცათ დანარჩენებსაც, ვინც  დამნაშავეები იყვნენ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეცდომებს ის უფრო ადვილად გამოასწორებს, ვინც დაუშვა“.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ამის შემდეგ, აუდიტის სამსახურის დასკვნები პროკურატურაში უნდა გადავიდეს. „ამის შემდეგ უფრო მაღალი იქნება კონტროლი და დირექტორმაც პირობა დადო, რომ ამის შემდეგ ყველაფერს შეთანხმებულად განვიხილვათ,“ – ამბობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია და მისი გათავისუფლების უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს.

აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური პირველ და მე-11 საჯარო სკოლებში  საჩივრების საფუძველზე შევიდა.

სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ალეკო მჟანავაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ  დარღვევების შესახებ საკმაოდ ვრცელი დასკვნა დაიდო, რომელიც უკავშირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას, ხელფასების დაანგარიშების წესს, ბუღალტრულ ანგარიშსწორებას, იჯარის ხელშეკრულებებს.

„გამოვლინდა ასევე ის, რომ რამდენიმე პირი ისე იყო გაფორმებული სკოლაში და ერიცხებოდა ხელფასი, რომ სამსახურში საერთოდ არ დადიოდა. ასევე დაფიქსირდა სკოლის შენობაში ფულის მიღების სანაცვლოდ მოსწავლეების მომზადების ფაქტი…“ – ამბობდა ალეკო მჟავანაძე. თუმცა პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აუდიტის დასკვნას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ დასკვნა „რიგ შემთხვევებში მიკერძოებული იყო“.

 

 

 

ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობა ორ ეტაპად [ლოტად] მიმდინარეობს. პირველ ეტაპი, 13,7 კმ გზის მშენებლობა, 2014 წელს დასრულდა და მასზე ავტომანქანები მოძრაობს [ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთი], ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები [ქაქუთიდან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთზე] ახლაც მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის სიგრძე 18,9 კმ-ია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის გზების დირექციის ინფორმაციით, ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან [სადაც შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი – 1180 მეტრი სიგრძის], ასევე ჩაქვში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ.

გზების დირექციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულება 2018 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი. თუმცა, ავტობანის ეს მონაკვეთი 2016 წელს დასრულებული უნდა ყოფილიყო, შემდეგ ითქვა, რომ 2017 წელს დასრულდებოდა.

„მშენებლობას ხელი შეუშალა ერთ-ერთი მოქალაქის წინააღმდეგობამ, რომლის საცხოვრებელი სახლის ზემოთ გადის ხიდი-ესტაკადა. იყო სასამართლო დავა, შემდეგ ექსპროპრეაცია, ამან მშენებლობის პროცესი გააჭიანურა,“ – გვითხრეს დირექციაში.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის [ლოტის] სამუშაოები 2013  წელს დაიწყო. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 209 852 079 ლარს შეადგენს. დონორია აზიის განვითარების ბანკი (ADB), ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია „SINOHYDRO“  ასრულებს.

მეორე ლოტის ფარგლებში აშენდა თუ აშენდება: 5 ხიდი, 4 ხიდი-ვიადუკი, 7 გზაგამტარი და 2 გვირაბი.

მეორე ლოტის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 2018 წლის გაზაფხულიდან, ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს, ქობულეთსა და ჩოლოქს.

მახინჯაურის გვირაბიდან ხელვაჩაურამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] ახალი მაგისტრალი 2017-2020 წლებში უნდა აშენდეს. ეს იქნება ბათუმის ასაქცევი გზა, რომელიც გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის. განხილვით კი განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მაგისტრალი სანაპიროს გასწვრივ – ფაქტობრივად გონიო-კვარიათი-სარფის პლაჟების ხარჯზე. ალტერნატივა კი მდინარე ჭოროხიდან სარფამდე გზის გვირაბების გავლით გაყვანაა.

ავტობანი კვირიკე
ავტობანი ქობულეთის სოფელ კვირიკეს გზაგამტართან / არჩილ კახაძის ფოტო
ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზა / სიგრძე: 33,6 კმ

„დიფუზიის სივრცე“- გამოფენა ბათუმში

10 ივნისს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების გალერეაში“ გამოფენა  – „დიფუზიის სივრცე“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 13 ხელოვანის შემოქმედება, ბელორუსი ხალხის და მათი ქვეყნის შესახებ.  „გამოფენა ფოკუსირებულია რეალობის სწორად აღქმაზე – ,,რა გვეჩვენება და რა არის სინამდვილეში“,  რას წარმოადგენს ეს ,,დოკუმენტური მასალა“ და „რა კულტურულ იდენტობაზე, რომელ სოციალურ და მხატვრულ პროცესებზე მიანიშნებს ესა თუ ის გამონათქვამი” – არტისტების აზრით, ბელორუსიის კულტურაში ეს ნიშნები არც თუ ნათელი და ხშირად მოჩვენებითია.

რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას,“- ნათქვამია პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ეძღვნება სიტუაციებს, როდესაც ხელოვანთა ნამუშევრები ცრუ ინტერპრეტაციას იძენენ და სხვა მნიშვნელობით აღიქმებიან. „ეს გამოფენა კი მოიცავს ღია გზავნილებს – ნამუშევრები თავად საუბრობენ საკუთარ თავზე. პროექტი დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, შეიცნოს თანამედროვე ხელოვნების ახალი ასპექტები, გაეცნოს სინამდვილის ასახვის, მასზე რეაგირების ცალკეულ შემთხვევებს თანამედროვე ბელორუსი ხელოვანების ნამუშევრების მაგალითზე“.

გამოფენა  8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

აქცია ბათუმში: ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორის „თავისუფალ ჟურნალისტა სახლთან“ არსებული “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ აქცია – “ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად”.

ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში საშუალოდ 1 000 000 პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ და იგი გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებლად მიიჩნევა. პოლიეთილენის პარკის გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა 25 წუთია, გარემოში კი  500-1000 წელი რჩება.  ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად მიიჩნევა.

სწორედ ამიტომ დღეს, 17:00 საათზე, 6 მაისის პარკის კოლონადებთან, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მათ მიერ მოხატულ ნაჭრის ჩანთებს დაარიგებენ.

იხილეთ იფოგრაფიკა 7 მიზეზის შესახებ, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან:

ია ფრანგიშვილი

აქტივობა “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ამავე თემაზე:

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად

საქართველოში ევროკავშირთან შედარებით ორჯერ მეტ პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ

ხულოში უკანონო ხე-ტყის სახერხი საამქრო დალუქეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ  ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში, უკანონო ხე-ტყის სახერხი საამქრო გამოვლინდა.
სახერხი საამქრო დალუქეს.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება სასამართლოს.

უშვილობის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით

თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს. გამოცდილებითა და წარმატებული შედეგებით კლინიკა ლიდერია ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში როგორც საქართველოში, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში.

თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ ულტრათანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. უშვილო წყვილებს კლინიკა „ბათუმის ინ ვიტრო“ რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრას მკურნალობის სხვადასხვა მეთოდით სთავაზობს.

„პირველ რიგში, უშვილობის მიზეზს ვადგენთ“ – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი რეპროდუქტოლოგი დოღან ბეი ბირ ბენი: „საჭიროების მიხედვით ვიყენებთ: კვერცხუჯრედის, სპერმის დონაციისა და სუროგაციის პროგრამებს, სხვადასხვა დაავადების პრევენციისათვის პრეინპლანტაციურ დიაგნოსტიკასა და ორსულობის მიღებისას, ქალთა კონსულტაციებთან ერთად, ორსულობის მართვას“.

„მართალია, კლინიკის ძირითადი მიმართულება ხელოვნური განაყოფიერებაა, მაგრამ არასდროს ვჩქარობთ ძვირადღირებული პროცედურების დაწყებას. ასეთი არაერთი შემთხვევა გვქონდა“, – ამბობს მაია ბუცხრიკიძე, კლინიკის რეპროდუქტოლოგი. – „ზოგჯერ ინ ვიტრო მკურნალობისათვის საჭირო მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ პაციენტი სპონტანურად ფეხმძიმდება. გამოკვლევებსა და მკურნალობას უშვილო წყვილი ერთად იწყებს და ზოგჯერ უმნიშვნელო ჰორმონალური კორექციისა და ინფექციების მკურნალობის შემდეგ, მრავალწლიანი უშვილობის მიუხედავად, ორსულობა დგება ყოველგვარი ხელოვნური განაყოფიერების გარეშე!“

ნათია 40 წლისაა, იგი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ეგონა, რომ ხელოვნური განაყოფიერების გარეშე დედა ვერ გახდებოდა.

„ოჯახი გვიან შევქმენი. აღმოჩნდა, რომ სერიოზული პრობლემები მქონდა და დრო რომ არ დამეკარგა, ხელოვნური განაყოფიერება გადავწყვიტეთ. რამდენჯერმე ვცადეთ ინ ვიტრო მკურნალობა თბილისში, ბათუმში, სტამბოლშიც, სამწუხაროდ, ყოველთვის უშედეგოდ. ბოლოს კლინიკა „ბათუმი ინ ვიტროს“ მივმართეთ. მაია ექიმმა აგვიხსნა ერთ-ერთი ანალიზის – ანტიმიულერის ჰორმონის მიხედვით კვერცხუჯრედის დონაციის აუცილებლობა, თუმცა გარკვეული მკურნალობაც შემოგვთავაზა და მოხდა საოცრება – გაიზარდა საკუთარი ფულიკულა და კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება აღარ დაგვჭირდა. პირველი ექოსკოპიაც ემბრიონის დადებითი გულისცემითაა, თუმცა კარგად გვესმის წინ რაოდენ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ“, – ამბობს ნათია.

თუ ბუნებრივი გზით ფეხმძიმობის მიღება შეუძლებელია, კლინიკა წყვილს ხელოვნური განაყოფიერების სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს. ასე დაიბადა 3 ტყუპი 12 წლის ლოდინის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ფეისბუქგვერდზეც ნახავთ.

ქალბატონი მარინა ვლადიკავკაზში ცხოვრობს. მისი ვაჟი მეშვიდეკლასელია. „მაია ექიმმა მიმკურნალა ქლამიდიოზზე, საშვილოსნოს მილების გამტარიანობაზე, ჩემს მეუღლეს კი სპერმის მაჩვენებლების მოსაწესრიგებლად მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნა. ოლიგოასთენოსპერმიის მესამე ხარისხის მიუხედავად, მედიკამენტური მკურნალობის შედეგად სპერმოგრამა მალე მოუწესრიგდა და ხელოვნური ინსემინაციის შემდეგ 22 წლის უშვილობის მიუხედავად, ორსულობაც მივიღეთ“, – ამბობს ქალბატონი მარინა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.

მკურნალობის ხანგრძლივობა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია, ასევე ინდივიდუალურია მომსახურების ღირებულებაც.

მსურველები უნდა ჩაეწერონ წინასწარ

ტელ: +99 5422 294 163; 555 761 175
ექიმი მაია ბუცხრიკიძე: +995 514 788 899
მისამართი: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 122. 

თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“
თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“

 

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ხანდაზმულებისთვის მგზავრობის შეღავათს ითხოვს

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“, ხელმოსაწერად ონლაინმანიფესტს ავრცელებს, სადაც ისინი ასოციაციის ბენეფიციარი ხანდაზმულებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლებას ითხოვენ.

ონლაინმანიფესტის მიხედვით, ასოციაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთავაზობს განიხილოს შემდეგი ვერსიები:

  1. ერთი თვის მანძილზე უფასოდ რვა მგზავრობა;
  2. ან მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისას განახევრებული ტარიფით სარგებლობა.

საუბარია ბოქულეთის ტერიტორიაზე მოძრავ N1 და N2 მუნიციპალურ ავტობუსებზე.

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ პროგრამაში დაახლოებით 100-მდე ხანდაზმულია ჩართული.

„ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელის თქმით, ხანდაზმულები საკმაოდ შორს ცხოვრობენ, ამიტომ ტრანსპორტის გარეშე ასოციაციაში მისვლა უჭირთ.

„ჩვენ ვითხოვთ შეღავათს ჩვენი ბენეფიციარებისთვის, ეს ავტობუსები ისედაც იშვიათად დადიან, მაგრამ ამ ადამიანებისთვის აქ მოსვლა და ჩვენს აქტივობებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია,“-გვეუბნებიან ასოციაციაში.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ანსამბლი „არგინეთი“ წარადგენს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს ბულგარეთში გაიმართება, საქართველოს ხულოს ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ წარადგენს.

ანსამბლ „არგინეთის“ ქორეოგრაფის, გურამ ბოლქვაძის თქმით, ანსამბლი საერთაშორისო ფესტივალისთვის მზად არის და ძირითადი რეპერტუარიც შერჩეული აქვთ.

„ანსამბლი პირველ დღეს ახალი კავკასიური ცეკვით წარსდგება ფესტივალზე, შემდეგ დღეებში კი ქალ-ვაჟთა მთიულურ ცეკვას, ხევსურულსადა „დაისს“ წარადგენს. ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენი ანსამბლი იქნება წარდგენილი, რაც ჩვენთვის ერთვარი წარმატებაც არის და გამოწვევაც.“- ამბობს გურამ ბოლქვაძე.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – „რაჰოვჩე“ ბულგარეთის ქალაქ ორიაჰოვიცაში წელს მეთორმეტედ ჩატარდება. ფესტივალი 19 ივნისს გაიხსნება და 25 ინვისამდე გაგრძელდება.

ქართველ მოცეკვავეებს ქართული ფოლკლორული ცეკვების შესასრულებლად ყოველდღიურად 14 წუთი დაეთმობა.

„არგინეთის“ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობას ხულოს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 625 ლარია გამოყოფილი.

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

„ამ ხეს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გამოთხრილი აქვს ძირი. თუ ნიადაგი არ გამაგრდა, განვითარდება ეროზიული პროცესები, ჩამორეცხვები, ხეც უვარგისი გახდება და გახმება. თუ ხის გადარჩენაა გადაწყვეტილი, საყრდენი კედელი უნდა გაკეთდეს. აქ დარღვეულია ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და სასწრაფოდ უნდა მოეწყოს დამცავი ნაგებობა, გამაგრდეს მთლიანად ფერდი, რათა მასზე მდებარე სხვა ხეებიც გადარჩეს“, – ამბობს გეოლოგი ტარიელ ტუსკია იმ ადგილზე საუბრისას, საიდაც ბიძინა ივანიშვილისთვის მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს შეკვეთილში გადასატანად.

მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმების – „მზიურისა“ და „კოლხიდას“ ტერიტორიაზე, ერთი წიწვოვანი და ერთიც ტიტას ხე ამოთხარეს, რამდენიმე მოჭრეს, მათ შორის მაგნოლიაც, ზოგიერთ ხეს ტოტები ჩამოკაფეს ან დააზიანეს.

მრავალწლოვან წიწვოვან ხეს ტოტები კენწერომდე დაჭრილი აქვს, ტანი – დაზიანებული, როგორც ჩანს, – ხის ტრანსპორტირებისას. ხის ნაგლეჯი კი ხეზე ტალახით „მიუწებებიათ“. მცენარე ისეა დაზიანებული, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი, დატოვება კი სახიფათოა – შესაძლოა ქარმა გადატეხოს. ადვილი შესამჩნევია, რომ აქ მომუშავეთაგან ბუნებას არავინ გაფრთხილებია.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს გიორგი უძილაური, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელმაც თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა: „როცა ხე ტრანსპორტზეა, გზაზე ხის ტოტები შეიძლება გამოედოს სხვა ხეების ტოტებს და ზოგჯერ ხდება მათი გასხვლა (რაც უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშაა)“.

ორი ხის ამოღებისთვის აქ სულ ცოტა 250 კვ/მეტრზეა ამოთხრილი ნიადაგის ნოყიერი ფენა – ჰამუსი. ამასთან, გადათხრილია ფერდი, რომელიც თიხნარისგან შედგება. ბათუმისა და ქობულეთის მიმდებარე ტერიტორია, ძირითადად, თიხნარია. თიხნარის ქვეშ, დაახლოებით 8-10 მეტრში, უკვე ვულკანოგენური კლდოვანი ქანებია.

„ამ ადგილის ასე დატოვება არ შეიძლება, რომ არ გაჟონოს ზედაპირულმა წყლებმა ზედმეტად. ეს გამოიწვევს გამორეცხვას, ქანების დაცურებას. გამაგრებისთვის საჭიროა დამატებითი ტექნიკური პირობების შექმნა, საყრდენი ნაგებობების, კედლების აშენება და მოჭრილი ფერდის დატერასება“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

მრავალწლოვან ხეებს აჭარაში თხრიან ძველმეწყრულ ფერდობებზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ სტაბილურობას, თუმცა, ამავე ზოლში – მახინჯაური-მწვანე კონცხი-ციხისძირი, მაინც ხშირად ვითარდება ლოკალური, ზედაპირული, მცირე მეწყრული პროცესები და ნიადაგის ჩამოქცევები.

„ახლა რასაც ვუყურებთ, გეოლოგიურ კატასტროფასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ხეების ამოღებით შეიძლება დაირღვეს წყლების ფილტრაცია და შესაძლოა გაიღვიძოს მეწყრულმა კერამ. ეს ლოკალური ხასიათის იქნება. მეწყრული კერების განვითარება იშვიათობა ამ ზოლში ისედაც არაა. ხის ამოღების ადგილსა და დანარჩენ მიმდებარე ტერიტორიას შორის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები უკვე მკვეთრად განსხვავებულია“, – ამბობს გეოლოგი.

„რაც შეეხება ნიადაგს, ხის გადატანის პროცესში ჩართული ყველა კომპანიის ხელშეკრულებაში გაწერილია ნიადაგის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის გამართვის ვალდებულება, რაც ასევე მოხდება აგრონომის მეთვალყურეობით. აღდგენილ საფარზე ზოგან, სადაც შესაძლებელია, დაირგვება ხეები (თუ რასაკვირველია, ეს მიწის მესაკუთრეების სურვილი იქნება)“, – წერს გიორგი უძილაური. თუმცა, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კონკრეტულ ადგილებში, არსებობს თუ არა რეკულტივაციის გეგმა-პროექტი, ამაზე პასუხი მისგან ვერ მივიღეთ. სპეციალისტების თქმით კი, აქ ახალი ხე იმ შემთხვევაში გაიხარებს, თუ ნიადაგის ნოყიერი ფენა აღდგება, რაც ასეთი ფენის სხვა ადგილებიდან აქ გადმოტანას გულისხმობს.

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ტოტებდაჭრილი, ტოტებდამტვრეული თუ გადაჭრილი ხეები იშვიათობა აღარ არის. შეკვეთილისკენ რომ ხე გადაიტანონ, სხვა ხეებს ტოტებს აჭრიან. თუმცა ირგვლივ ხეები მაინც ზიანდება. გადატეხილ, შელახულ ხეებსა და გადათხრილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მცენარეებს „უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობა“ აქ ნაკლებად ეტყობა.

ცენტრალური მაგისტრალიდან ოდნავ მოშორებით ერთ დროს გამწვანებული ფერდობები დღეს გადათხრილი და გაწითლებულია. ეგზოტიკური, მრავალწლოვანი ხეების ნაცვლად აჭარის სანაპიროსთან ახალი ტერასები, ქვის საყრდენი კედლები და ბალახი დარჩება, ეს კი, სპეციალისტების თქმით, აუცილებელია, რათა მეწყრული პროცესები არ განვითარდეს.

„რამდენადაც ვიცი, ერთეული ხეების ამოღება ხდება მაქ და სადაც ამოიღებენ ხეს, ალბათ, აღადგენენ ნიადაგს და მძიმე შედეგს არ მივიღებთ. მაგრამ თუ დიდი სივრცე მოიხსნა და ამას დაარქვეს წერტილოვანი, ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს პრობლემებს გამოიწვევს. საგულისხმოა, ხომ არ ხდება ტერიტორიის ბიოლოგიური გაღარიბება. ეს ბიოლოგებმა უნდა შეაფასონ“, – ამბობს ემილ წერეთელი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მორღვეული ფერდობები და მოშლილი ეკოსისტემა[/highlight]

„ბათუმელები“ არაერთ ეკოლოგს, ბიოლოგს, ბოტანიკოსს, აგრონომს, ნიადაგმცოდნეს და მეტყევეს დაუკავშირდა იმ ტერიტორიის მდგომარეობის შესაფასებლად, საიდანაც ხეები ამოიღეს ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის. ზოგიერთმა მათგანმა თავი შეიკავა, ან უარი გვითხრა შეფასებაზე, ზოგიერთმა „დრო ვერ გამონახა“, ადგილზე რომ გავსულიყავით, ზოგიერთმა გვთხოვა „ამ საქმეში არ გავრიოთ“, რამდენიმე მათგანმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ივანიშვილის სხვა პროექტში არის ჩართული და ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

„რეკულტივაცია ყოველთვისაა შესაძლებელი, რათა პრობლემები არ შეექმნას არც მესაკუთრეს და არც ტერიტორიას. თუმცა, ეს უზარმაზარ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. შესასწავლი იქნება ადგილები, სად, რა და როგორ გაკეთდეს, ასე არ დატოვებენ,“ – ამბობს ანზორ თავართქილაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

„ეს ადგილები არ მინახავს, მაგრამ ითქვა, რომ ინვესტიცია ჩაიდება განაშენიანებაში. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ არ არის დიდი საფრთხის შემცველი. მიწა დაიყრება, ამოშენდება, დატერასდება, დაირგვება მცენარეები – ეს, რასაც ამბობენ, მომავლის თემაა. მაგრამ, წყალმარეგულირებელი ფუნქციაც აკისრია მცენარეს. თუ იქ გრუნტის წყლებია და ამ ხეების ამოღება ჰიდრორესურსების მიმოქცევას ხელს შეუშლის, ეს უკვე გამოუსწორებელი შეცდომაა. ამას უნდა გამოკვლევა. შეფასებები ზედაპირული რომ არ იყოს, კონკრეტული შესწავლაა საჭირო“, – ამბობს ნარგულ ასანიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

„ხის ფესვთა სისტემა აგროვებს წყალს და თუ მასიურად იჭრება ხეები, ან გადააქვთ რომელიმე ტერიტორიიდან, ამ შემთხვევაში ეს წყლის რეჟიმს ხელს უშლის. ამ შემთხვევაში ხეების ამოღება შეაფერხებს ჰიდროცირკულაციას, თუმცა, კატასტროფული შედეგი შეიძლება არ იყოს“, – ამბობს ავთანდილ მურვანიძე, აგრონომი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი.

ავთანდილ მურვანიძე ხაზს უსვამს ქარსაფარი ზოლების რღვევასა და მეწყრის განვითარების საშიშროებას: „ქარსაფარი ზოლებია ევკალიპტები, ნაძვები თუ სხვა მცენარეები, რაც იქაა დარგული. ეს ზოლი იცავს, მაგალითად, ციტრუსებს ზღვიდან შემოსული ცივი ჰაერის მასებისგან – ეს ერთი. მეორე, იქ, სადაც ამოითხრება ხე, აუცილებელია აღდგეს ნიადაგი და რაღაც მცენარეები დაირგოს. თუ ნიადაგი ისეა მოჭრილი, რომ გრუნტზეა დასული, წყალი დაიწყებს ჟონვას და მეწყრული პროცესების გააქტიურების რისკი გაიზრდება. ნიადაგის კულტურული ფენა უნდა მოიტანონ და დაყარონ, მეტი არაფერი ეშველება, ისე მცენარე აქ არ გაიხარებს. ბალახის დათესვაც აუცილებელი იქნება, გადარეცხვა რომ არ მოხდეს“.

ადგილები, საიდანაც ხეებს იღებენ, კერძო საკუთრებაცაა და სახელმწიფოც. ავთანდილ მურვანიძის თქმით, ამ ადგილებს შესაძლოა ტყის სტატუსიც კი ჰქონდეს, ამიტომ მეტყევისა და გეოლოგის მეთვალყურეობა მიმდინარე პროცესებზე აუცილებელია.

რას გამოიწვევს მრავალწლოვან ხეებზე ტოტების დაჭრა, რასაც გადასატანი ხის ტრანსპორტირებისთვის აკეთებენ? – ავთანდილ მურვანიძე ამ კითხვაზე კითხვითვე პასუხობს – „რამდენად ცუდი იქნება, თითები რომ დაგაჭრან?… თითქმის ყველა ოპერაცია, რაც მცენარეზე კეთდება, მცენარისთვის ცუდია. ხმელ ტოტს რომ გამოჭრი, ეს სულ სხვაა, მაგრამ თუ მიყვები და ძირიდან წვერომდე მოაჭრი ტოტებს, ცუდია, რა თქმა უნდა. თუმცა მცენარეს თვითაღდგენის ფუნქციაც აქვს“.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი შოთა ლომინაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმ ადგილების ფორმა, საიდაც მრავალწლოვანი მცენარეები ამოიღეს, უკვე დაირღვა.

„ორმოების რეკულტივაცია გაცილებით ადვილია – ჩაყრი ხრეშს ან რამეს, შემდეგ 50 სანტიმეტრამდე სისქის ნიადაგს დააფენ და რამე კულტურას გააშენებ. გზასთან რაც იყო ახლოს, ის ადგილები ვნახე და მაქ რაც ხდება ახლა, რაღაც ფორმა უნდა მისცენ, გადათხრილი არ უნდა დატოვონ. ტერასა გაკეთდება ალბათ, რომ მიწა არ ჩამოწვეს“, – ამბობს შოთა ლომინაძე.

ბსუ-ს ბიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორის, დავით ბარათაშვილის თქმით, წლების წინ თავადაც ყიდულობდა ხეებს მოსახლეობიდან და რგავდა ბათუმში, თუმცა, „ამ ასაკის ხეებთან (მუშაობის) გამოცდილება არ მაქვს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – იმ კონკრეტულ ადგილს ხომ არ ვაყენებთ ზიანს, სადაც ხეს ვიღებთ? მე არ ჩავერევი აქ, სხვა საქმე მაქვს. მაგრამ ველურ ფლორაში რომ შევიდეს ვინმე, შეველეოდი ყველაფერს და ვიტყოდი… ამ შემთხვევაში არ არის იმ მასშტაბის, ეს სხვას ევალება – თუნდაც გამგებლებს. მერიამ და მუნიციპალიტეტმა უნდა მიხედოს ამ საკითხს“.

დავით ბარათაშვილი ასეთ ფაქტსაც იხსენებს: „გასული საუკუნის 90-იან წლებში ქობულეთის გამგეობამ მომცა ნებართვა, „ბუტია“ (ქოქოსის) პალმა უნდა ამომეღო კინტრიშის ხიდის მიმდებარედ და ბათუმში, მერიის წინ უნდა დამერგო. გავწმინდეთ ეს პალმა ეკალ-ბარდისგან, ამოვთხარეთ, პოლიციაც მადგა თავზე, მაგრამ გამოვიდა იქ მცხოვრები მოსახლეობა და პალმა ისევ იქვე დამარგვევინეს. ახლაც იქ დგას… მწვანე კონცხიც არაფერია, თუ მწვანე არ იქნება“.

იცვლება თუ არა აჭარის სანაპირო ხეების ამოღებით? – ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, იზოლდა მაჭუტაძე ამბობს, რომ ბიოლოგიური სურათი აჭარის სანაპირო ზოლში მაშინაც შეცვლილი იყო, როდესაც ის ხეები დარგეს, რასაც ახლა იღებენ: „ენდემური მცენარეები – მუხა, წიფელი ისედაც აღარ არის ამ ზოლში, რასაც იღებენ, შემოტანილი მცენარეებია, უბრალოდ გაიხარეს“.

„ასეთი საქმიანობა (ხეების ამოღება) რეკომენდებული არასდროს არის, თუმცა თუ რეკულტივაცია, ახლის დარგვა, ნიადაგის განაყოფიერება და აღდგენა მოხდება, რა პრობლემაა. მაგას ისეთი კაცი აკეთებს, რომ არ მგონია უყურადღებოდ დატოვოს“, – გვეუბნება ვახტანგ გოლიაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მისივე თქმით, სხვადასხვა ტექნოლოგიები არსებობს რეკულტივაციის: „დაკორდება ბალახების თესვით, მაგრამ თუ, ვთქვათ, 90-გრადუსიანი კუთხითაა მოჭრილი ფერდი, მაშინ კედელი დასჭირდება; თუ 45-გრადუსიანია – ჰუმუსოვანი ფენა უნდა დაემატოს. ნიადაგის ნოყიერი ფენა რომ აღდგეს, დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ხელოვნურად შეიძლება ერთ თვეშიც აღადგინო: ჰუმუსოვანი ფენა უნდა შეიტანო – მოჭრა უნდა სხვაგან, მაგალითად, მშენებლობის ადგილზე მიწის 30-სანტიმეტრიანი ფენა და დადო, აღდგება ნიადაგი.“

ბიძინა ივანიშვილი პარკს ციხისძირშიც აშენებს, სადაც სხვადასხვა ჯიშის ხეები დაირგო. თუმცა, ეს მცენარეები დაირგო პლაჟთან ახლოს, ვაკე ტერიტორიაზე, რასაც მრავალწლოვანი ხეების ამოღების შედეგად გადათხრილი ფერდობების კომპენსაციად, სპეციალისტების თქმით, ვერ განვიხილავთ.

ამ ადგილიდან რამდენი ხე გადაიტანეს. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ამ ადგილიდან რამდენი ხე გადაიტანეს. მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ხის ფასი[/highlight]

კომპანიებსა და ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ მრავალწლოვან ხეებს, ძირითადად, კერძო თუ იურიდიული პირების კუთვნილი ტერიტორიებიდან იღებენ. თუმცა ხეებს სახელმწიფო მიწებიდანაც იღებენ, ამასთან, ზოგი ასეთი ტერიტორია კერძო კომპანიებზე სახელმწიფომ ცოტა ხნის წინ გაასხვისა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზოგიერთი მრავალწლოვანი ხე კი კერძო კომპანიებს პირდაპირ ან აუქციონის წესით მიჰყიდეს.

„ბათუმელებმა“ ნახა გადასატანად გამზადებული სახელმწიფოს კუთვნილი ხეებიც, მაგრამ რა სარგებელი რჩება სახელმწიფოს და რა ფორმით გასხვისდა ეს ხეები, ვერ დავადგინეთ.

მაგალითად, ციხისძირში ორი, გვერდი-გვერდ მდგარი მრავალწლოვანი ხეა – სექვოია და გინკგო (გინკგო ბილობა) – ამოღებული და ამზადებენ გადასატანად. ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაში არ არის.
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სარგებლობდა, ეს ნაკვეთი საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს. ხეების ამოღების გამო ნაკვეთი გადათხრილია, იქვე მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ჩამოჭრილ ფერდს შორის კი მცირე მანძილია. უზარმაზარი მიწის მასა აქ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ფერდზეა გადაყრილი და ქვეშ ბამბუკები და სხვა მცენარეებია მოქცეული.

მესაკუთრეები ამბობენ, რომ მათ მორღვეული ღობის, სახლთან მისასვლელი გზის აღდგენასა და ნიადაგის გამაგრებას დაჰპირდნენ. გეოლოგის თქმით კი, „აქ ამ ზომის კედლის ჩამოსხმა შეუძლებელია და არც შეიძლება – ჩამოჭრილი ფერდი აუცილებლად უნდა დატერასდეს და შემდეგ გაუმაგრდეს ძირი. ტერასა რომ სტანდარტების მიხედვით გაკეთდეს, სახლის ფუნდამენტთან მივა და შესაძლოა, ამ სახლის აღებაც გარდაუვალი გახდეს“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა აპრილის დასაწყისში 28 ხის მოჭრაზეც მისცა ნებართვა „ქართუ ჯგუფის“ შვილობილ ორგანიზაცია „ატუს“. ხეების მოჭრის მიზეზად სამკილომეტრიანი გზის კეთილმოწყობა დასახელდა. ამ ადგილიდან შეკვეთილში გადასატანად ორი მრავალწლოვანი ხეც უნდა ამოიღონ. ხეების გადატანას, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობიდან დაახლოებით 140 მეტრში მდებარეობს, ხელს უკვე მოჭრილი თუ დასხეპილი ხეები აშკარად შეუშლიდა.

„კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქობულეთის გამგეობამ შპს „ატუს“ მისცა ხეების მოჭრის ნებართვა. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო გახდა ხეების მოჭრა და ტოტების ჩამობელვა. ნებართვის შესაბამისად მეგენეიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მოიჭრება 22 ძირი კლიპტომერიის, 4 ძირი კიპაროსის და 2 ძირი წაბლის ხე, ხოლო 6 ძირ წაბლის ხეს ჩამობელავენ“, – მოგვწერეს ქობულეთის გამგეობიდან.

აქ ხეების ამოღებას არც ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე უარყოფს: „2 ხე მიაქვს და 3 კმ გზას აკეთებს. ახალი გზა, რომელსაც „ატუ“ გააკეთებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის უკან გადის და სოფელ ხალის მიმართულებით, ყოფილი ფაბრიკის შენობასთან ჩამოვა. გზის საკითხი ჩვენთან შეთანხმებულია.“

ტერიტორია ჩაქვში, სადაც ნაპირდამცავი ნაგებობა გაარღვიეს და ხეების გადასატანად დროებითი ნავმისადგომი მოაწყვეს, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას უპირობოდ, მიმდებარე ნაკვეთი კი ფიზიკურ პირს – ტარიელ ფაღავას მიჰყიდა. მრავალწლოვანი ხეები ამ ტერიტორიიდანაც ამოიღეს და გადაიტანეს.

ფაღავასთვის პირდაპირი მიყიდვით გადაცემული ქონება და იქვე, შპს „სისაიდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც უპირობო აუქციონზე შეისყიდა სახელმწიფოსგან, ერთი ღობითაა შემოსაზღვრული და პერიმეტრს დაცვა აკონტროლებს. სწორედ აქ გადაიკეტა გზა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა. შპს „სისაიდი“ 2015 წელსაა დარეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელია შპს „ოლდ სითი დიველოპმენტი“.

თავის მხრივ, „ოლდ სითი დიველოპმენტის“ დირექტორი არის ირაკლი ქარსელაძე, ხოლო ამ შპს-ს 100% წილის მფლობელია პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.

ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ფონდის მიერ დაარსებული ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში.

ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორია აჭარის მთავრობამ პირობებით კომპანია „სტატოტელს“ გასული წლის შემოდგომაზე მიჰყიდა, ხოლო „კოლხიდას“ ტერიტორია – კომპანია „ჯეო დეველოპმენტს“, მიმდინარე წელს.

ერთ-ერთი პირობით, „ჯეო დეველოპმენტმა“ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის 50%-ზე რეკრეაციული ზონა უნდა მოაწყოს. ამ პირობის მიუხედავად, ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-მოთხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ასე ახსნა: „50% რეკრეაციულ ზონას იქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, სადაც ნაჩვენები იქნება ეს ყველაფერი და თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც დარღვევაა, შესაბამისი რეაქცია გვექნება. მაგრამ, მე რამდენადაც ვიცი, იქ კოტეჯების ტიპის 10 ერთეული სასტუმრო უნდა მოეწყოს და ალბათ, ამიტომ არის საჭირო, რომ ეს ხეები მოიჭრას.“

სწორედ ამ ტერიტორიაზე ამოთხარეს მრავალწლოვანი ტიტას ხე ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის, რომელიც ვერ გადაიტანეს და პლაჟზე დევს. იმ მრავალწლოვან ხეებს კი, რომლებიც ადგილზე დარჩა, რა ბედი ელის, ჯერ გაურკვეველია.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ხე ციხისძირში -ამბრი, ევკალიპტი, სექვოია – მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. ხეები შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროპარკში გადასატანად.

აღნიშნულ პარკში აჭარიდან გადატანილი პირველი ხე – მრავალწლოვანი ტიტა, ორ სხვა ხესთან ერთად, 2015 წლის დეკემბერში კომპანია „ზიმომ“ შეისყიდა. აჭარის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით, „ზიმოს“ 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ტიტას ერთი და ჭაობის კიპარისის ორი ხე.

„გარდა 2016 წელს შერჩეული რამდენიმე ხისა, კერძო და იურიდიული პირებიდან შემოდის ბევრი წინადადება ხის გაყიდვის სურვილით. ნაწილს, უბრალოდ, სურს ხის გაყიდვა, ნაწილი მის კუთვნილ ტერიტორიაზე ახორციელებს ამა თუ იმ პროექტს და, რა თქმა უნდა, უფრო აწყობს ხის გაყიდვა მის მოჭრას“,  – წერს გიორგი უძილაური.

წასაღებად გამზადებული წიწვოვანი მცენარე მახინჯაურში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
წასაღებად გამზადებული წიწვოვანი მცენარე მახინჯაურში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მრავალწლოვანი ხეები, რომლებსაც სახელმწიფო არ იცავს[/highlight]

რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა მრავალწლოვანი ხეების ამოღებით აჭარის ზღვისპირეთს, ირღვევა თუ არა ბიომრავალფეროვნება, წყლის მიმოქცევის რეჟიმი და აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო გარემოში ჩარევას? – ამ კითხვებზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

უწყებაში გვითხრეს, რომ ხეების ამოღებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) არ სჭირდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასეთი დოკუმენტი არც არსებობს. სამინისტროს განმარტებით, ხეების ამოღებას არც ნებართვები სჭირდება.

ამავე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ნიადაგის აღდგენას, ანუ რეკულტივაციას, კანონი ყველას ავალდებულებს. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტროში არ გამოინახა პირი, რომელიც გვიპასუხებდა, მაგალითად იმაზე, ვინ აღადგენს იმ ტერიტორიას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და სადაც ხეები ამოიღეს – სახელმწიფო, თუ კერძო კომპანია?

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხეების ამოღების პროცესს ზედამხედველობას არ უწევენ: „უნდა მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს“.

ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო გარემოს დაცვის სამმართველოში არ არიან ინფორმირებული, რა ხდება მახინჯაურიდან-ბობოყვათამდე მონაკვეთში მრავალწლოვანი მცენარეების ამოღების კუთხით.

ხეების გადატანასთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ შპს „გზას“ მისცა უფლება, მწვანე კონცხის დასახლებაში ბორდიურები ამ კომპანიას გამოეყენებინა მუშაობის პროცესში, „რაც ასევე მოიცავდა ზღვამდე არსებული ტერიტორიის დროებით გამოყენების უფლებასაც“.

ეს ადგილი მახინჯაურშია, ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ მოპირდაპირედ. აქედან ერთი წიწვოვანი ხე მზადაა გადასატანად და „მზიურის“ ეზოში დევს, ხოლო მეორე, ტიტას ხის ბარჟაზე მოთავსების შემდეგ ბარჟამ ჩაძირვა დაიწყო, რის გამოც უკან, პლაჟზე დააბრუნეს. უზარმაზარი ტიტას ხე, რომელსაც ერთი პატარა წიწვოვანი ხეც ახლავს, უკვე რამდენიმე დღეა პლაჟზეა მოთავსებული. პლაჟი კი, სადაც დროებითი ნავმისადგომია მოწყობილი, ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

ჩაქვი, ბუკნარი, ციხისძირი, ბობოყვათი – ძირითადად ის ტერიტორიებია, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები გაიტანეს და გააქვთ დღესაც.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს: „ჩვენ არაფერში ვართ ჩართული, მხოლოდ შემოღობილ ტერიტორიებზე გვაქვს გაცემული ნებართვები, ღობე რომ შემოარტყეს, წარმოადგინეს იმისი ესკიზი; დროებითი გზების მოწყობაზეც, თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიმდინარეობს სამუშაო. გზა ჩაიკეტა ჩაქვში, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა, ამაზეც აქვთ მომართვა. ვინ ყიდულობს და რას ყიდულობს, მე არ მეხება. 150 ხე რომ არ მიაქვთ, ეს ნამდვილად ვიცი. აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს გადატანის პროცესი მგონი, მერე გადარგვაც არ შეიძლება. რაც შეეხება პირსს, ვიცი, რომ ნაპირდაცვასთანაა შეთანხმებული. არც გზშ არის ჩვენთან. ნაპირდამცავი ნაგებობა რომ გაიჭრა ჩაქვში, იმაზე პოლიციაშია, როგორც ვიცი, საქმე აღძრული“.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გადარჩება თუ არა გადარგული ხეები[/highlight]

„არ დავკვირვებივარ მაგ მცენარეებს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ როცა ხის გადარგვა ხდება, გახარებაში განახლების ფუნქციაც შედის. ანუ, უნდა გაიზარდოს მცენარე. განახლება ამ მრავალწლოვან მცენარეებს გადარგვის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ. რამდენად გაუჭირდება – ეს უკვე მომავლის საქმეა“, – ამბობს აგრონომი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ავთანდილ მურვანიძე.

ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, იზოლდა მაჭუტაძე ამბობს, რომ ხეები, რომლებიც აჭარიდან მიაქვთ, დიდი ალბათობით გაიხარებს: „გადარგვის შემდეგ ვერ გაიხარებს ჩვენი ფლორის მცენარეები, როგორიცაა: მუხა, ლაფანი, რცხილა, წიფელი და სხვა“.

ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროპარკში მრავალწლოვანი წიფელი გურიის სოფელ ნატანებიდანაც გადაჰქონდათ. ეს ხე გადატყდა. გიორგი უძილაურის თქმით, სავარაუდოდ, ინციდენტი არასწორი გათვლისა და არამყარი ნიადაგის გამო მოხდა.

„ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელია გარემოსთან ადაპტაცია – რაც უფრო ასაკოვანია მცენარე, ის უფრო ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც არის. ალბათ, გაითვალისწინეს სპეციალისტების მოსაზრებები და მცენარე დიდ გრუნტთან ერთად მიაქვთ, რაც ამცირებს ალბათობას, რომ არ გაიხარებს“, – ამბობს ეკოლოგი ნარგულ ასანიძე.

სპეციალისტების თქმით, მაგალითად, ევკალიპტი, რომლის სამშობლო ავსტრალია და ახალი ზელანდიაა, ცოცხლობს 300 წელი, ჩვენს პირობებში, როცა აქ გადმოირგო, მისი სასიცოცხლო ციკლი გახდა მესამედი. ანუ, 80-90 წლის ევკალიპტები ჩვენთან უკვე გადაბერებულია. დღეს შეკვეთილში ამ და მეტი ხნის ევკალიპტის ხეები მიაქვთ.

„ეგზოტიკური მრავალწლოვანი ხეები შავი ზღვის სანაპიროზე, თავის დროზე დარგულია რუსი გენერლის ან ვიღაცის მიერ, ვინც აგარაკი გაიკეთა აქ. ამ ხეების უმეტესობას სასიცოცხლო ციკლი დასრულებული აქვს და მიკვირს, ვის რაში სჭირდება გადარგვა და ვის შეიძლება ემსახუროს. თუ იქ საკონცერტო დარბაზია („ბლექ სი არენა“) და ხალხი უნდა მიიზიდოს, არ ვიცი… თუ სჭირდებათ 2 წლისთვის ან 3 წლისთვის (შეიძლება 10 წელიც იცოცხლოს ამ ხეებმა) წაიღოს და შეხედავს ვისაც მიაქვს, როგორ იქნება და რა იქნება. არის ერთი მომენტიც, უჭირს ვიღაცას და გაყიდა, ოჯახს უნდა სარგებელი ნახოს. ამიტომ ვიკავებ თავს კომენტარისგან“, – გვეუბნება ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც ვინაობის დასახელების წინააღმდეგია.

შეკვეთილში გადარგული მრავალწლოვანი ხეების გახარების პრობლემას სხვა სპეციალისტებიც ხედავენ.

„საკმაოდ დიდი რისკი არსებობს, რომ არ გაიხაროს ამ ხეებმა. ფესვები მაინც იჭრება მიუხედავად იმისა, რომ დიდ გრუნტთან ერთად მიაქვთ. მართალია, ადგილზე არ მინახავს, მაგრამ ევკალიპტს შორს მიაქვს ფესვები. მიწის კომი კი (ასე ვეძახით გრუნტს, რაც ხეს მიჰყვება) ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ფესვთა სისტემა მთლიანად გაჰყვეს. მინიმუმ 30%-ია რისკი ხის გახმობის. 60-წლიანი პალმებიც გადამიტანია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ფოთლოვან-წიწვოვანების გადატანით, თან ამ ასაკის ხეების, არ დავინტერესებულვარ. წაქცევის საშიშროებაც არსებობს. კომი კი მიჰყვება, მაგრამ მოძრაობისას სტრუქტურა ირღვევა, ქარმაც არ უნდა გააქანოს“, – ამბობს დავით ბარათაშვილი, ბსუ-ს ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი.

გიორგი უძილაურის განცხადებით, „სპეციალური ჯგუფები სწავლობენ ხეს, თუ რამდენად საინტერესოა ის დენდროპარკისთვის, შემდეგ მიმდინარეობს მისი ადგილმდებარეობის შესწავლა. სპეციალისტები, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან, სწავლობენ ხის და მისი ფესვების სპეციფიკას…“.

კონკრეტულად რომელი სპეციალისტები არიან ჩართული ამ პროცესში, „ქართუ ჯგუფიდან“ პასუხი ვერ მივიღეთ.

ციხისძირში ხის ამოღების გამო, შესაძლოა, ეს სახლი საცხოვრებლად საშიში გახდეს. მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]პარკი, სადაც ხეები მიაქვთ[/highlight]

ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში სულ ცოტა 260 497 კვ/მ მიწის ფართობს ფლობს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქ რეზიდენცია აქვს. შეკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთები შპს „ურეკი რეზიდენსის~ სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია. სწორედ აქ, ზღვისპირა სოფელში, აკეთებს ივანიშვილი ე.წ. დენდროპარკს, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონიდან გიგანტური ხეები მიაქვს.

რამდენად რეკომენდებულია დენდროპარკის გაკეთებისთვის (სპეციალური ბაღი ან ბოტანიკური ბაღის კუთხე, სადაც დარგულია სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი სამეცნიერო, სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით) მრავალწლოვანი ხეების გამოყენება, მითუმეტეს, როცა მათ უმრავლესობას სიცოცხლის ციკლი დასრულებული აქვს და ამასთან არის რისკი, რომ შეიძლება ვერც გაიხაროს?

„აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანს აქვს სურვილი დენდროპარკს მოესწროს თვითონ. ვინც დენდროპარკები გააშენა საქართველოში, ყველა უცხოელი იყო – რუსი ან სხვა ეროვნების. არც ერთი არ მოსწრებია… ამას აქვს პრეტენზია თავად ნახოს მის მიერ გაშენებული პარკი. უფრო იაფი დაუჯდებოდა, თუ 20-წლიან ნერგებს დარგავდა და დენდროპარკს დაარქმევდა, მაგრამ შედეგი იქნებოდა 100-150 წლის შემდეგ“, – ამბობს ვახტანგ გოლიაძე.

ნარგულ ასანიძის თქმით, იმ ინფორმაციით, რაც მას აქვს, „დენდროპარკს დიდი შემოსავალი ექნება და დამთვალიერებელიც ეყოლება, მათ შორის მეცნიერები.“

„თუ გახმობის საფრთხე არ შეექმნება გადარგულ მცენარეებს, ბრწყინვალე რაღაც გაკეთდება. ეფექტი იქნება უცებ. ბათუმის ბულვარიც დენდროპარკია… ხეს ზოგჯერ ერთი თაობა არ ჰყოფნის, რომ სანახაობრივად მიმზიდველი გახდეს და რადგან საშუალება აქვს იმ პიროვნებას, ვისაც მიაქვს, რა თქმა უნდა, დიდი ხეების გადატანა ურჩევნია“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

რამდენ კვ/მ-ზე იგეგმება დენდროპარკის გაშენება? როდის უნდა დასრულდეს? როდის იგეგმება პარკის გახსნა? პარკი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში დარჩება თუ იგეგმება მისი გადაცემა სახელმწიფოსთვის? ვინ მუშაობს დენდროლოგიური პარკის კონცეფციაზე? – ეს და სხვა კითხვები „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გიორგი უძილაურს წერილობით გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხი სტატიის მომზადების პროცესში ვერ მივიღეთ.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]არქეოლოგიური მასალის განადგურების საფრთხე[/highlight]

ხეების ამოღება და ტრანსპორტირება გარკვეულ ადგილებში საფრთხეს უქმნის არქეოლოგიურად ჯერ კიდევ გამოუკვლეველ უნიკალურ ადგილებს – პეტრა-ციხისძირისა და ურეკის ძველკოლხურ ნამოსახლარებს.
ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა, არქეოლოგმა, ნინო ინაიშვილმა ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ყოფილ პრემიერს ღია წერილითაც კი მიმართა.

„ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ხეების ამოთხრა, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს, რომელსაც ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ამ ტერიტორიაზე გამოვლენილია არქიტექტურული ძეგლები: V-VI საუკუნეების 2 აბანო, სასახლე, ნაეკლესიარი, ძვ.წ. V-I საუკუნეების ვრცელი სამაროვანი და ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ძველკოლხური ნამოსახლარები (ე.წ. დიუნური ნამოსახლარები).

ამჟამად ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება-გადატანის პროცესი, რაც მასშტაბური მოცულობის მიწის სამუშაოებს უკავშირდება (სიღრმე – 3 მ, რადიუსი – 30-დან 50 მეტრამდე). ეს აუცილებლად გამოიწვევს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გამოუვლენელი არქეოლოგიური ობიექტების განადგურებას (კულტურული ფენის სიღრმე დაახლოებით 3 მეტრია)…

იმ ტიპის მიწის სამუშაოები გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მთლიანობას, იმას, რომელიც ჯერ კიდევ გამომზეურებას ელოდება და იმ ძეგლების კვალსაც სამუდამოდ წაშლის, რომლის ნაშთებიც უკვე გამოვლენილია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება და შეაჩეროთ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების პროცესი“.

მოგვიანებით ბათუმელ არქეოლოგებს „ქართუ ჯგუფში“ დაჰპირდნენ, რომ ყოფილი რეზიდენციის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთ ხეს გადაიტანენ.

რამდენი ხის გადატანა იგეგმება რეზიდენციიდან? – ამ კითხვაზე „ქართუ ჯგუფისგან“ პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. „ქართუ ჯგუფისგან“ ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, რა ხდება შეკვეთილში იქვე არსებული არქეოლოგიურად ღირებული ადგილების დაცვის კუთხით.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კანონმდებლობის კრიზისი[/highlight]

ეკოლოგ ზურაბ მანველიძის აზრით, მრავალწლოვანი ხეები ამ ზოლში ისედაც შესაცვლელია, თუმცა ნაყოფიერ ფენას რომ წაიღებ, იქ ხე ვერ გაიხარებს.

„ხეების ამოღებას გარემოზე ზემოქმედების შეფასება ახლავს – არ ახლავს, ასევე ახლავს თუ არა ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმა – ეს მე არ ვიცი. ჩვენი კანონმდებლობა, სამწუხაროდ, ამას ლაპარაკობს მხოლოდ კრიტიკულ სახეობებზე – წითელ ნუსხაში თუ არის შეტანილი მცენარე, ან ბუნების ძეგლი თუ არის. ასეთები კი, რამდენადაც ვიცი, არ მიაქვს. შეიძლება იმ კაცმა, ვინც ამას აკეთებს, არ იცის ეს დეტალები და არ აყენებენ საქმის კურსში, თუმცა ვერც ჩააყენებენ, რადგან კანონი არ ავალდებულებს.

გარემოს დაცვის საკითხებში მოუწესრიგებელი კანონმდებლობა აზარალებს ყველაფერს. იმ პარკის გაშენებასაც კანონი უნდა არეგულირებდეს. ქარმაც რომ წააქციოს ნებისმიერი ხე, ზიანის შეფასება უნდა იყოს და არსებობდეს უნდა შესაბამისი რეგულაციები. სახელმწიფოში აუცილებელია კანონის მიღება ბოტანიკური ბაღების შესახებ, პარკების შესახებ, ქარსაფარი ზოლების შესახებ… ამბობენ, ვიღას უნდაო, მაგრამ ქალაქს უნდა ქარსაფარი ზოლი“.

რაც შეეხება გზშ-ს – ასეთი დოკუმენტი კანონმდებლობით საჭიროა მხოლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, როგორიცაა, ვთქვათ ჰესები, მაგისტრალები, კარიერები და სხვა.

 

ამავე თემაზე: ხეების გადამზიდავს ხიდისთვის არ სცალია 

[highlight color=”red”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერში. [/highlight]

 

ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლა ევრო-2000-ის მხარდაჭერით

გერმანია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის სკოლების განყოფილება (ZFA).

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, სკოლა ევრო-2000 და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი.

ტურნირის გამარჯვული სკოლა ევრო - 2000 -ის გოგონათა გუნდი გახდა

ტურნირში  სკოლა ევრო-2000-ის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა

მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემ.

ტურნირში  გამარჯვებულ  ევრო-2000-ის გოგონათა საფეხბურთო გუნდს თასი გადაეცა. გარდა ამისა,  ყველა მონაწილე გუნდს გერმანიის ემბლემიანი საფეხბურთო ბურთები გადასცეს საელჩოს წარმომადგენლებმა – კატია ვოლფმა და მურიელ ვეგნერმა. ტურნირის მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები გადასცა ასევე ამიერკავკასიაში გერმანული ენის სწავლების კოორდინატორმა, ანგელა შმიდტმა.

გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც: ევრო-2000-ის მოსწავლე ნია ინაიშვილი და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე დეა ჩავლეშვილი.

ტურნირი მიზნად ისახავდა ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ტურნირის გამარჯვული სკოლა ევრო - 2000 -ის გოგონათა გუნდი გახდა
ტურნირში სკოლა ევრო – 2000 -ის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა.

გარემოს დაცვის დღე ბათუმში

დღეს, 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები მტირალას ეროვნულ პარკში გაემგზავრებიან შემეცნებითი ტურით, სადაც გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციასაც გამართავენ. ასევე დაგეგმილია ველური ბუნების დალაშქვრა, პიკნიკი და დისკუსია გარემოს დაცვის საკითხებზე. დისკუსიას აჭარის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რუსლან დავითაძე გამართავს.

16:00 ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრი სტუდენტებთან ერთად გამწვანების აქციას ჩაატარებს, რომლის ფარგლებში ბონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებს  დარგავენ.

ხვალ, 6 ივნისს, 14:30 საათზე, ბათუმის ამერიკული კუთხე სანაპიროს დასუფთავების აქციას გამართავს. აქცია დაიწყება შერიფ ხიმშიაშვილის ქ.N 10-დან, სასტუმრო „კოლიზეუმი მარინას“ მიმდებარე ტერიტორიიდან.

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა დღეს +30 გრადუსს მიაღწევს

ბათუმში სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა დღეს, 5 ივნისს, +30 გრადუსს მიაღწევს:

„ეს ნორმალური ტემპერატურაა ამ დროისთვის, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია. 7 ივნისს გაწვიმდება, 8 ივნისს კი ისევ გამოიდარებს“.

 

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლები ოლქებში

აჭარის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს ექვს მაჟორიტარ წევრს, საარჩევნო ოლქებში აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის, ჯამში, 9 წარმომადგენელი ჰყავს:

maj war

უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებს, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა.

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის ბიუჯეტში 97 200 ლარია გათვალისწინებული. 

მაჟორიტარებს თავიანთი წარმომადგენლები „ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით“ სჭირდებათ. უფრო ზუსტად, უფლება აქვთ ჰყავდეთ ასეთი წარმომადგენლები.

მაჟორიტარები აჭარის უმაღლეს საბჭოში ოლქების მიხედვით:

[checklist]

  • N68 [ბათუმი] – ვახტანგ წულაძე,
  • N69 [ბათუმი] – ილია ვერძაძე,
  • N70 [ბათუმი] – ნუგზარ სურმანიძე,
  • N71 [ქობულეთი] – გიორგი რომანაძე,
  • N72 [ხელვაჩაური] – მერაბ კარანაძე,
  • N73 [ხულო, შუახევი, ქედა] – ხვიჩა შარაშიძე.

[/checklist]

 

ნახევარი მილიონი ლარი ბსუ-ს გასათბობად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს პირველი კორპუსის გათბობის სამუშაოებში 500 ათას ლარს გადაიხდის. ბათუმის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი [2 და 3-სართულიანი შენობები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, თუმცა სამუშაოები ამ დროისთვის შეთანხმებული არ არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

სამუშაოებს უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც გამოცხადებულია და 22 ივნისს უნდა დასრულდეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სააგენტოს თანხმობა აუცილებელია, თუმცა, შესაძლებელია ძეგლის შიდა სამუშაოები ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზეც შეთანხმდეს. არის თუ არა შესული სააგენტოში შესაბამისი განცხადება უნივერსიტეტიდან, ორშაბათს დააზუსტებენ.

„სამუშაოების შეთანხმებაზე კონკრეტულ ინფორმაციას ორშაბათს, სამუშაო საათებში მოგვაწვდით“, – გვითხრეს ბსუ-ს სატენდერო კომისიის აპარატში.

შენობაში უნდა ჩატარდეს სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის: ბეტონის კედლების გამოტეხვა რადიატორებთან; კედელზე არხების გამოტეხვა მილების მოსაწყობად; კედლებში და იატაკებში გაყვანილობისთვის ნახვრეტების მოწყობა.

უნივერსიტეტის სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უძრავ ძეგლზე მუშაობის გამოცდილება არ მოეთხოვება.

განმარტებითი ბარათი სატენდერო დოკუმენტებიდან: „ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი პროექტით ითვალისწინებს, თბომომარაგების სისტემის რეკონსტრუქციას ამორტიზებული მილებისა და ჩუგუნის სექციური რადიატორების შეცვლას პლასტმასის მინაბოჭკოვანი მილით და ალუმინის ანოდირებლ სექციური რადიატორებით. რადიატორების ნიშები შეიმოსება მდფ ფილებით სისქით 18 მმ. შიდა მილები შეიფუთება კაუჩუკის იზოლიაცით და ჩაიფლობა კედელში. გარე მილები შეიფუთება ფოლგიანი მინაბამბით და გატარდება გოფრირებულ მილში. სექციური რადიატორების სრული სიმაღლე შეადგენს 60სმ. – 80სმ“.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს.

IMG_20170522_090313
ბსუ

რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

18 მაისს ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრებმა „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ძალისხმევა გაიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საიმისოდ, რომ მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლება მოეპოვებინა?

უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლების მისაღებად შვიდი თვის წინ მიმართა. თუმცა სამინისტროსგან პასუხი ჯერაც არ მიუღია.

ბატონო ცოტნე, თქვენ თქვით, რომ მიმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური ნებართვის მისაღებად, შეგიძლიათ მითხრათ, კონკრეტულად როდის მიმართეთ?

 რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, რადგან ეს მოხდა გასულ წელს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ აგვიანებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ნებართვის გაცემას, მითუმეტეს, როცა თქვენ ხართ ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში?

მოლოდინში ვართ, მაგრამ აუცილებლად იქნება უახლოეს მომავალში. ნებართვა იქნება აუცილებლად, რადგან ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

მიმართვის შემდეგ გამოხმაურება არ ყოფილა სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, არ მოუწერიათ რაიმე პასუხი?

ამის შესახებ, სავარაუდოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იქნება ინფორმირებული, რადგან თავმჯდომარე უგზავნის სამინისტროს წერილს, ჩემი სახელით არ წასულა წერილი.

თავმჯდომარისთვის არ გიკითხავთ, მოვიდა თუ არა რაიმე შეტყობინება?

კონსულტაციები მიდის ამ თემაზე და ყველანაირად იქნება შესაძლებელი, რომ ეს ნებართვა გაიცეს. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა და, შესაბამისად, ჩვენც გვექნება. ტექნიკური საკითხია, მთავარია, რომ შედეგი იქნება ძალიან მალე.

თუ ვერ მიიღებთ ამ უფლებას, რა ბერკეტი გრჩებათ, რომ მოინახულოთ ის პატიმრები, რომლებიც თქვენთან შეხვედრას იმისთვის ითხოვენ, რომ საზოგადოებას გააგებინოთ მათი მძიმე ყოფის შესახებ? 

პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ნებართვა არ მოგვცენ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი უფლებამოსილების ცნობა მოხდა [ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 2016 წლის 28 ნოემბერს ცნეს], თუმცა ჩემთვის პირადად, რაც უფრო მალე გაიცემა ეს ნებართვა, მით უკეთესი. ეს საკანონმდებლო პროცესია, მაგრამ მთავარია პოლიტიკური ნება. ეს ნება არსებობს, დანარჩენს კი მიეცემა შესაბამისი კანონისმიერი ფორმა და შევძლებთ პატიმრების მონახულებას. უფრო მეტი ტექნიკური ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოთ მას შემდეგ, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე,  ჩამოვა ამერიკიდან.

ბათუმისთვის გაზის მიწოდება დაიწყო და 6 ივნისს დასრულდება

ბათუმის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 4 ივნისს დილიდან დაიწყო. თუმცა, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, ქალაქის მასშტაბით, ასევე ხელვაჩაურის აბონენტებისთვის, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად სამშაბათს, 6 ივნისს, დღის ბოლომდე აღდგება.

კომპანია ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნეს აცილებული გაუთვალისწინებელი შედეგები.

ბუნებრივი აირის  შეწყვეტა გუშინ, 3 ივნისს, „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებისას, ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ გამოიწვია.

„ყველა ჯგუფი მობილიზებულია, მუშაობენ, თუმცა ბუნებრივი აირის ჩართვა დაგვიანდება,“ –განაცხადეს გუშინ კომპანიის ცხელ ხაზზე.

 

ვულკანიზაციაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ, ახალსოფელში, ავტომობილების ტექნიკური გამართვის სერვისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

„ვულკანიზაციაში მუშაობდა, ავტომანქანის საბურავის რკინა მოხვდა თავში. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო“-ამბობენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეუწყდა

„სოკარ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ წუთებში აჭარაში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება. როგორც „სოკარის“ ცხელ ხაზზე გვეუბნებიან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მთლიანად ბათუმს, ასევე ხელვაჩაურისა და სარფის მოსახლეობას.

„ხვალ საღამომდე უნდა დაასრულონ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ზეგ 5 ივნისს, განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდება“-აცხადებენ ცხელ ხაზზე.

მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტა სატრანსპორტო კომპანიიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებისას, ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ გამოიწვია. „ყველა ჯგუფი მობილიზებულია, მუშაობენ, თუმცა ბუნებრივი აირის ჩართვა დაგვიანდება“-აცხადებენ ცხელ ხაზზე.

აბონენტთა ზუსტი რაოდენობა, რომელსაც ბუნებრივი აირი ამ დროისთვის არ მიეწოდება, არ სახელდება.

ბათუმში სამაშველო სამსახურმა ზღვის სეზონი გახსნა

დღეს 3 მაისს, ბათუმში,იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საზღვაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა და სამაშველო აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო.

საგანგებო სიტუაცების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის თქმით, წელს, აღნიშნული სამსახური საზღვაო სეზონს, თანამედროვე აღჭურვილობით ხვდება.

მისი თქმით, მაშველებს ახალი უნიფორმები და აღჭურვილობა ექნებათ. „უნდა აღვნიშნოთ სავალალო შედეგების ციფრები შემცირებულია და წელს კიდევ უფრი ნაკლები იქნება. გაუმჯობესებულია როგორც მაშველების, ასევე მეხანძრების აღჭურვილობა და პირობები. მეხანძრეებს ცალკე გამოეწყოთ ფართები როგორც მოსასვენებლად, ასევე აღჭურვილობისთვის“-განაცხადა მერაბ მალანიამ.

ბათუმში მაშველები და მეხანძრები დააჯილდოვეს ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმში მაშველები და მეხანძრები დააჯილდოვეს
ფოტო: ლელა დუმბაძე

მაშველების როლზე ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ: „საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდების ტურისტებს ველოდებით და ტურისტების რაოდენის ზრდა თქვენზეც არის დამოკიდებული, რადგან მათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ზღვაზე. გასულ წელს მილიონ ნახევარი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში და წელს ველოდებით უფრო მეტს, ამიტომ ჩვენ გვესაჭიროება მაღალი სტანდარტების სერვისები და სიფხიზლე“-განაცხადა პატარაძემ.

მაშველები ბათუმში ფოტო: ლელა დუმბაძე
მაშველები ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე

ამავე დღეს სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე და სახანძრო სამსახურის უფროსი ხუსეინ სირაბიძე და სხვა მეხაძნრეები და მაშველები დააჯილდოვეს.

დაჯილდოვების შემდეგ, ზღვაზე სამაშველო სიმულაციები ჩაატარეს. გამოფენაზე მაშველებმა წყალზე მცურავი საშუალებები წარმოადგინეს. სარფის მონაკვეთიდან  ჩოლოქამდე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე წელს  135 მაშველი იზრუნებს. შსს განხორციელდა შესყიდვების ციკლი, რის შედეგადაც გარემონტდა  არსებული ტექნიკა,  ახალი ეკიპირების შესყიდვა განხორციელდა მაშველებისთვის, ისინი აღჭურვილები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქებით, რაც მაშველებს საშუალებას მისცემს დაზარალებულებს აღმოუჩინონ პირველადი დახმარება.

სამაშველო სამსახურმა ზღვაზე სიმულაციები ჩაატარა. ფოტო: ლელა დუმბაძე
სამაშველო სამსახურმა ზღვაზე სიმულაციები ჩაატარა.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ზურაბ პატარაძე მეჩეთთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შეთავაზება

დღეს 3 მაისს, ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, არსებობს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული წინადადება რომელსაც მუსლიმებს უახლოეს დღეებში შესთავაზებენ.

„გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტში მქონდა მუსლიმებთან მეჩეთის თემასთან დაკავშირებით შეხვედრები, უახლოეს დღეებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, სადაც მუსლიმებიც იქნებიან ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც. ჩვენ ვიმსჯელებთ მეჩეთის საკითხზე, რადგან არის ალტერნატიული შეთავაზება და ამის თაობაზე უახლოეს დღეებში, უფრო კონკრეტულ დეტალებს მოგახსენებთ.

მე ვფირობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, ღირსეული შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და ბათუმის განვითარებას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შეთავაზება და ამას უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ. ეს არის სწორი განვითარების გეგმა, რაც ვფიქრობ მისაღები იქნება მუსლიმებისთვისაც“.

მუსლიმებმა, ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, სადაც მიწის ნაკვეთი აქვთ შეძენილი, მეჩეთის მშენებლობაზე მერიისგან უარი მიიღეს. ამის შემდეგ, მორწმუნეებმა  ტერიტორიაზე სახელდახელო „მეჩეთი“ გამართეს, სადაც პარასკევის ლოცვას ასრულებენ.

მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.

ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ კანონიერია თუ არა მუსლიმების მიერ აგებული „მეჩეთი“, ამაზე კომენტარი ბათუმის მერიამ უნდა გააკეთოს, რადგან „ეს მისი პრეროგატივაა“.

 

Exit mobile version