მთავარი,სიახლეები

ექვსი მე-12 კლასელი და ერთი ატესტატი – რა შედეგებით დასრულდა საატესტატო გამოცდები ხულოში

15.06.2017
ექვსი მე-12 კლასელი და ერთი ატესტატი – რა შედეგებით დასრულდა საატესტატო გამოცდები ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში,  საატესტატო გამოცდებში წელს მოსწავლეთა 28% ჩაიჭრა. ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე ხულოს სკოლებს უცხო ენებში ჰყავს. დაუძლეველ ბარიერად მოსწავლეებისთვის აქ კვლავ უცხო ენები რჩება. საატესტატო გამოცდებში რეგისტრირებული 356 მოსწავლიდან უცხო ენის გამოცდაში ბარიერი  87-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, ცხრა მოსწავლით ნაკლებია ჩაჭრილი მათემატიკის საატეტსატო გამოცდაში. 41 მოსწავლისთვის აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი ფიზიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართულსა და ისტორიას, ქართულში – 13, ხოლო ისტორიაში 27 მოსწავლეა ჩაჭრილი.

ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე უცხო ენაში, ასლან შანიძის სახელობის ხულოს საჯარო სკოლას ჰყავს. საატესტატო გამოცდაზე რეგისტრირებული 21 მოსწავლიდან აქ ათი მე-12 კლასელი მარტო უცხო ენაშია ჩაჭრილი, რაც შეეხება მათემატიკის საატესტატო გამოცდას, ამ საგანში ყველაზე მეტი მოსწავლე მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლას ჰყავს, 12 მოსწავლიდან  6 ჩაიჭრა მათემატიკაში.

პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე [85,7%] აგარის სკოლაში ჩაიჭრა. ექვსი მეთორმეტე კლასელიდან ატესტატი წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ აიღო. 71% ჩაიჭრა თამარ ბარათაშვილის საჯარო სკოლაში, შვიდი მოსწავლიდან ატეტსატი ორმა აიღო. კორტოხის საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა 46% – ია ჩაჭრილი, ერთი პროცენტით ნაკლები ჩაჭრილი ჰყავს მეკეიძეების საჯარო სკოლას, შვიდი მეთორმეტე კლასელიდან აქ ატესტატი  მხოლოდ ოთხმა მოსწავლემ აიღო.

საატესტატო გამოცდებში ყველაზე ნაკლები ჩაჭრილი მოსწავლე ჰყავს ნოდარ ართმელაძის სახელობის საჯარო სკოლას, აქ რეგისტრირებული 12 მოსწავლიდან ატესტატი 10-მა მოსწავლემ აიღო.

ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუარდ მიქელაძის თქმით, პროცენტულად ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე იმ სკოლებს ჰყავს, სადაც პედაგოგების დეფიციტია. რესურსცენტრის უფროსი იმასაც დასძენს, რომ გასულ წელთან შედარებით შედეგები გაუმჯობესებულია.

„პირველად როდესაც საატესტატო გამოცდები დაიწყო, მაშინ  მოსწავლეთა დაახლოებით 25%-მა გადალახა ბარიერი, შედეგები ყოველწლიურად უმჯობესდება, გასულ წელთან შედარებით წელს, საატესტატო გამოცდებში 10%-ით მეტმა მოსწავლემ ჩააბარა, მოსწავლეთა ცნობიერებაც გაიზარდა, ემზადებიან გამოცდებისთვის, რამაც გარკვეულწილად ასახვა ჰპოვა საატესტატო გამოცდების შედეგებზე. დეფიციტურ საგნებად კვლავ ინგლისური და მათემატიკა რჩება“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

საატესტატო გამოცდებზე ხულოში წელს 356 მოსწავლე იყო რეგისტრირებული, აქედან 16 ექსტერნად აბარებდა. გამოცდაზე 6 მოსწავლე არ გამოცხადდა. გამოცდაში მინიმალური ბარიერი 103-მა მოსწავლემ ვერ გადალახა.

საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: