მთავარი,სიახლეები

სუვენირებით მოვაჭრეების მორიგი აქცია მერიასთან

14.06.2017 • 1755
სუვენირებით მოვაჭრეების მორიგი აქცია მერიასთან

სუვენირებით მოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, მერია აუქციონის გამართვას აპირებს და ახალ სავაჭრო ჯიხურებში მათ მუშაობის საშუალება აღარ მიეცემათ.

საუბარია გოგებაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 60 სავაჭრო ჯიხურის აღებასა და ახალი ჯიხურების შეძენაზე, სადაც ისევ სუვენირები უნდა გაიყიდოს. ახალი ჯიხურები ბათუმის საკრებულოს მიერ შერჩეულ ადგილებზე უნდა განთავსდეს. მერია მათ დაპირდა, რომ ახალი ჯიხურები სუვენირებით მოვაჭრეებს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემოდათ.

სუვენირებით მოვაჭრე ნონა ჩხაიძის თქმით, მერია პროცესს აჭიანურებს, რადგან მოვაჭრეებმა მერიას რამდენიმე დღის წინ გადასცეს სია, სადაც იყო იმ პირების ჩამონათვალი, ვისაც ახალი ჯიხურის აღება სურს.  „არ უნდა პირდაპირ გადმოცემა, აუქციონს აპირებენ. თუ ასე არაა, მაშინ გადმოგვცენ დროულად ეს ჯიხურები,“ – ამბობს ნონა ჩხაიძე.

მანანა დიასამიძე, სუვენირებით მოვაჭრე: „62 ჯიხური ჩამოიყვანეს 22-მდე. სამუშაო ადგილები ძალიან შემცირდა. არ ვიცით, ამდენი ადამიანი 22 ჯიხურში როგორ უნდა დავსაქმდეთ. მერიიდან გვეუბნებიან, რომ კიდევ ორი პირი ჩვენ უნდა დავასაქმოთ, ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს ასე.“

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ აუქციონი არ იგეგმება და უახლოეს დღეებში ახალი სავაჭრო ჯიხურები მოვაჭრეებს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემათ. ერთი სავაჭრო ჯიხურის წლიური ღორებულება 250 ლარი იქნება. სუვენირებით მოვაჭრეების ინფორმაციას სხვა პირების დასაქმებაზე მერიაში უარყოფენ.

 

suvenirebi 2

გადაბეჭდვის წესი


ასევე: