მთავარი,სიახლეები

ბათუმის სამშობიარო სახლზე „მედინამ“ უარი თქვა

21.04.2017 • 10070
ბათუმის სამშობიარო სახლზე „მედინამ“ უარი თქვა

„მედინამ“ „ბათუმის სამშობიარო სახლზე“ უარი თქვა.  შპს „ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინამ“ თვენახევრის წინ შეისყიდა. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის მიმდინარე წლის 2 მარტს გაფორმდა. ამჯერად მხარეები ამ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

Untitled

 

მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 187 მეწილედან კრებას 154 ესწრებოდა. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილის გასხვისებას კი მხარი 110-მა პარტნიორმა დაუჭირა.

წილის გასხვისებადე შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ მფლობელი სწორედ  შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლი“ იყო. საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის პროცესი ხარვეზის გამო შეჩერდა, თუმცა, მიმდინარე წლის 14 მარტის ამონაწერის მიხედვით,  შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ მესაკუთრე, ანუ ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი უკვე შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“ იყო.

„ბათუმის სამშობიარო სახლის“ და „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინას“ წარმომადგენლებმა: ჯუმბერ უნგიაძემ და ირის ბორჩაშვილმა მიმდინარე წლის 5 აპრილს მიმართეს საჯარო რეესტრს და მათ შორის ადრე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს. შესაბამისად, „ბათუმის სამშობიარო სახლი“ საკუთრებაში უნდა დაუბრუნდეს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით: „საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (აკრძალვა) რეგისტრირებულია შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინას“ 100% წილზე შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ კაპიტალში. შესაბამისად, შეუძლებელია განხორციელდეს განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების [„ბათუმის სამშობიარო სახლის“ „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“ საკუთრებაში დაბრუნების] რეგისტრაცია.“

„მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს,“ – აღნიშნულია რეესტრის განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მხარეებს ამ ეტაპზე უარი ეთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების რეგისტრაციაზე.

„ბათუმელები“ ჯუმბერ უნგიაძეს ვერ დაუკავშირდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირის ბორჩაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ყიდვას აპირებდა და ამიტომ თქვა უარი „ბათუმის სამშობიარო სახლზე“.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა ისმეთ დინდარიმ (მიქელაძე), „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ იყო საუბარი ჰოსპიტლის გასხვისებაზე, თუმცა მოლაპარაკებები ირის ბორჩაშვილთან უშედეგოდ დასრულდა და „ჰოსპიტალი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: