მთავარი,სიახლეები

„ბათუმის აქციის“ ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ

22.05.2017
„ბათუმის აქციის“ ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ჯიბლაძისa და გურამ ჩიკვაიძის საქმე სასამართლომ დღეს, 22 მაისს, განიხილა. ისინი 12 მარტს დილით დააკავეს, თუმცა იმავე საღამოს ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის განხილვა აქამდე იმიტომ გადაიდო, რომ მხარეებმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს.

პროცესზე კიდევ ერთი პირი – გიორგი ბადრიშვილი უნდა მოსულიყო. ისიც 12 მარტს დილით დააკავეს. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა თქვა, რომ მისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია არ აქვს და 15 ივნისს სხდომაზე გიორგი ბადრიშვილს იძულების წესით მიიყვანენ.

წინა სასამართლო სხდომაზე, 14 მარტს, გიორგი ბადრიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ იგი 11 მარტს პირველად იმყოფებოდა ბათუმში და ქალაქის ქუჩებიც კი არ იცის.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ პოლიციელების მიერ წარმოდგენილ მოწმე პოლიციელებს მოუსმინა, ასევე ერთ-ერთი სამართალდამრღვევად მიჩნეულის, ირაკლი ჯიბლაძის მოწმეებს.

პოლიციელების ჩვენება ერთ ნაწილში ურთიერთსაპირისპირო აღმოჩნდა: პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ასლან ფუტკარაძის თქმით, ის ირაკლი ჯიბლაძის დაკავებაში მონაწილეობდა და არ უნახავს გურამ ჩიკვაიძე, რომელიც ასევე პოლიციის სამმართველოს მთავარ შესასვლელთან 12 მარტს, დილის რვის ნახევრისთვის დააკავეს. მეორე პოლიციელმა, გოჩა შავაძემ კი თქვა, რომ მან გურამ ჩიკვაიძე დააკავა და ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ასლან ფუტკარაძეც.

„თქვენ დამაკავეთ მე? თქვენ არ დაგიჭერიათ ჩემი თავი…“ – მიმართა პოლიციელს გურამ ჩიკვაიძემ. მას ადვოკატი არ ჰყავს და მოწმე პოლიციელებს თავად დაუსვა კითხვები. გურამ ჩიკვაიძეს არც მოწმეები წარმოუდგენია. „შორს არიან და ვერ ჩამოვიდნენ, ბატონო მოსამართლევ,“ – უთხრა მან მოსამართლეს.

„რა დაარღვია კონკრეტულად გურამ ჩიკვაიძემ?“- დაინტერესდა მოსამართლე და მოწმე პოლიციელს ჰკითხა.

„იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ“, – უპასუხა მოსამართლეს პოლიციელმა გოჩა შავაძემ.

ირაკლი ჯიბლაძის ადვოკატმა ირაკლი ზაქარიაძემ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ოქმის შემდგენს, პაატა დუმბაძეს,  წინა სასამართლო პროცესი გაახსენა, სადაც მან თქვა, რომ მისი მოწმე პოლიციის თანამშრომელი სულხან ბერიძე იქნებოდა.

„სულხანი არ გამოვიდა. ამიტომ წამოვიყვანე სხვა მოწმე პოლიციელები, რომლებიც ასევე იქ იმყოფებოდნენ,“ – თქვა პაატა დუმბაძემ.

ირაკლი ჯიბლაძის მოწმეების თქმით, ირაკლი 12 მარტს დილის ექვს საათზე სამსახურში მიდიოდა. იგი ხელვაჩაურში, ერთ-ერთ საცხობში მუშაობს და ბათუმიდან ყოველდღე დადის. „მე ჩემს სახლთან, ლერმონტოვის ქუჩაზე დამაკავეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თან მცემეს,“- ირწმუნება ირაკლი ჯიბლაძე.

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ ჯამში 79 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ამ შემთხვევების უმრავლესობის განხილვა სასამართლომ დაასრულა. დაკავებულებიდან სასამართლომ 40 პირი დააჯარიმა, 7 შემთხვევაში 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა, 8 ადამიანს შენიშვნა მისცეს, ხოლო 9 პირი გამართლდა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ 21 პირს წაუყენა მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ბრალი. არსებითი განხილვა უკვე დაიწყო, თუმცა მოწმეებისთვის მოსამართლეს ჯერ არ მოუსმენია.

IMG_20170522_144505

 

IMG_20170522_144523

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: