მთავარი,სიახლეები

პოლიციელი დაკავებულს: ის თქვი, რამდენჯერ ხარ ნასამართლევი

15.06.2017 • 3121
პოლიციელი დაკავებულს: ის თქვი, რამდენჯერ ხარ ნასამართლევი

„პირველად ვხედავ ამ პოლიციელს. მე ამ კაცს არ დავუკავებივარ. მიცნობთ საერთოდ, რა მეცვა, შეგიძლიათ თქვათ?“ – ეს კითხვა მოწმის სახით დაბარებულ მე-7 განყოფილების პოლიციელს – თემურ აბაშიძეს გიორგი ბადრიშვილმა დაუსვა. გიორგი ბადრიშვილს ირაკლი ჯიბლაძესთან და გურამ ჩიკვაიძესთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ისინი 12 მარტს დილით, ბათუმში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს.

„ჯიბეში რაც გედო, იმასაც გეტყვი“, – უპასუხა შეკითხვას პოლიციელმა.

„რა ედო ჯიბეში, კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა რამე?“ – ჩაეკითხა მოწმე პოლიციელს ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე.

„ჯიბე იმიტომ ვახსენე, რომ არ ვარ ვალდებული, მახსოვდეს, ვის რა ეცვა. მე როგორც მახსოვს ჯინსის შარვალი ეცვა“, – დააზუსტა პოლიციელმა.

„ჯინსი მეცვა? თქვენმა მეწყვილემ, ბესიკ ნაკაშიძემ ნამდვილად დამაკავა. თქვენ არ იყავით იქ. ნაკაშიძემ დაკავების დროს გააფორმა და ჩაწერა, რომ შავი სპორტულის შარვალი მეცვა,“ – აღნიშნა გიორგი ბადრიშვილმა.

„მე რაც შევავსე, ყველაფერი სასამართლოშია გადმოგზავნილი“, – თქვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ბესიკ ნაკაშიძემ, რომელიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.

„ჩაცმულობის ამსახველი მასალა სასამართლო საქმის დოკუმენტაციაში არ არის,“ – შენიშნა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა.

„ვალდებული არ ვარ, ყველაფერი მახსოვდეს. ასეთი შემთხვევა ხანდახან დღეში სამია. „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროა, თუ რა არის, ვერ გავიგე“, – დაუბრუნა რეპლიკა დაინტერესებულ მხარეებს გაღიზიანებულმა პოლიციელმა, ბესიკ ნაკაშიძემ.

14 მარტს სასამართლო სხდომაზე გიორგი ბადრიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ იგი ბათუმში პირველად ჩამოვიდა 11 მარტის საღამოს და ქალაქის ქუჩებიც კი არ იცის. მაშინ სასამართლო სხდომა მტკიცებულებების წარმოდგენის მიზეზით გადაიდო.

22 მაისის სხდომაზე გიორგი ბადრიშვილი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა ამ სხდომაზე გიორგი ბადრიშვილის სასამართლოში იძულებით წარმოდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამავე სხდომაზე სასამართლომ პოლიციელების ჩვენებები მოისმინა, რომელიც ერთ ნაწილში ურთიერთსაპირისპირო აღმოჩნდა.

პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა პოლიციელებს მოსთხოვეს ვიდეო კადრების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა მათი საპროტესტო აქციაზე მონაწილეობა, ან ის, რომ ნამდვილად იმ პირებმა დააკავეს ისინი, ვინც სამართალდარღვევის ოქმს აწერენ ხელს. პოლიციელებმა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს უთხრეს, რომ მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერის სახით არ წარმოუდგენიათ.

„არ დავინტერესებულვართ მაგით, კამერები ხშირად ითიშება, ხან დენი თამაშობს… სამმართველოს შესასვლელთან კი კამერები დაფიქსირებული არ არის,“ – მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა თემურ აბაშიძემ.

პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, სამივე დაკავებული პოლიციელებს აგინებდა და დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს.

„მტკიცებულება რა გაქვთ, რით ადასტურებთ, რომ ნამდვილად ასეა?“ – ჰკითხა პოლიცილებს ირაკლი ჯიბლაძემ.

„თქვენ ის თქვით, რამდენჯერ ხართ ნასამართლევი. იქნებ ამ კითხვას გასცეთ პასუხი“, – მიუგო ირაკლი ჯიბლაძეს თემურ აბაშიძემ. პოლიციელს მოსამართლემ შენიშვნა მისცა და შეახსენა, რომ მოწმეს კითხვების დასმის უფლება არ აქვს. რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე პოლიციელმა, ბესიკ ნაკაშიძემ გაუსვა ხაზი იმას, რომ პირი, ვინც გიორგი ბადრიშვილს ახლდა, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული „11-12 მარტის აქციის საქმეზე“.

გიორგი ბადრიშვილმა თქვა, რომ ნასამართლეობა მას გაქარწყლებული აქვს, მისი მეგობრის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. ირაკლი ჯიბლაძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ნარკოდანაშაულისთვის სამი წლის წინ გაასამართლეს. რაც შეეხება გურამ ჩიკვაიძეს, მისი თქმით, მას პირველად მოუწია სასამართლოში მისვლა.

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღევანდელ სხდომაზევე გამოაცხადა. გურამ ჩიკვაიძეს და ირაკლი ჯიბლაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით დაუდგინდათ და 100-100 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო გიორგი ბადრიშვილი – 250 ლარით. მას პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევაც დაუდასტურდა. მოსამართლეს არ განუმარტავს, რის გამო მიიღო ამ შემთხვევაზე განსხვავებული გადაწყვეტილება.

11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 79 პირი მისცეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულია 21 პირი. სასამართლო ამ საქმეზე მოწმეების ჩვენებების მოსმენა დაიწყო.

 

jibladze 2

გადაბეჭდვის წესი


ასევე: