ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში 28 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა

14.06.2017 • 1969
აჭარაში 28 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა

მონიტორინგის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  ხულოში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  [„ხულო“, „დეკანაშვილები – 2014“, „ბოძაური – 2014“ და სხალთა 2014“ ]  სტატუსი შეუწყვიტა.

სოფელ ბოძაურში 2014 წელს დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბოძაური 2014“ – ის თავმჯდომარე, თეიმურაზ შავაძე ამბობს, რომ კოოპერატივის ანგარიშზე პაის სახით გადასახდელი თანხა ვერ შეიტანეს და ამიტომ შეუჩერდათ სტატუსი. ამ კოოპერატივში ოთხი ოჯახის მეურნეობა იყო გაერთიანებული და კოოპერატივი კარტოფილსა და რძის პროდუქტებს აწარმოებდა.

„კოოპერატივის ანგარიშზე  თავდაპირველად კოოპერატივის წევრებმა პაის სახით მიწები შევიტანეთ, შემდეგ კი გვითხრეს, რომ მიწის ნაცვლად მიწის შესაბამისი თანხა უნდა შეგვეტანა, თანხა ვერ გადავიხადეთ… ჩვენი კოოპერატივი 30 ტონა კარტოფილს აწარმოებდა. გარდა კარტოფილისა, გვყავს 30 მეწველი ძროხა. როგორც კოოპერატივმა სახელმწიფოსგან აგროსესხითაც ვისარგებლეთ 4% – იანი სესხით, ფერმა გავხსენით და ძროხები ვიყიდეთ, თანადაფინანსებით სათიბებიც მოგვცეს. არ ვიცით, რას ვიზამთ, პრობლემა არის ისიც, რომ ლიცენზიის აღსადგენად თბილისში უნდა ჩავიდეს ხულოდან კაცი, ადგილზე საკითხები არ გვარდება,“ – გვიყვება თეიმურაზ შავაძე.

სოფელ დეკანაშვილებში ლიცენზიაშეწყვეტილი კიდევ ერთი  კოოპერატივის, „დეკანაშვილები 2014“-ის თავმჯდომარე გენადი ზოიძე ამბობს, რომ ლიცენზიის შეწყვეტის მიზეზი მათ შემთხვევაში გაწერილი გეგმის შეუსრულებლობა გახდა.

„კოოპერატივის სამ წევრს 5 000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე კაკალი უნდა გაგვეშენებინა,  ნერგებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გვაძლევდნენ, თუმცა კაკლის ნერგების მიღებაზე იმ დროისთვის უარი ვუთხარით, არ გვეცალა და ვერ დავრგავდით. რადგან გეგმა ვერ შევასრულეთ, სტატუსი შეგვიწყვიტეს. ვაპირებთ, მომავალი წლიდან სტატუსი აღვიდგინოთ და გაწერილი გეგმა შევასრულოთ,“ – ამბობს გენადი ზოიძე.

სხალთაში დარეგისტრირებული კოოპერატივის – „სხალთა 2014“-ის თავმჯდომარე, იზოლდა სურმანიძე ამბობს, რომ კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი დაურეგისტრირებელი მიწები აღმოჩნდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გარდა, სტატუსი შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ქედაში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში. აჭარის რეგიონში სულ 28 კოოპერატივს აქვს შეწყვეტილი სტატუსი, მათგან ყველაზე მეტს – 11 კოოპერატივს სტატუსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქვს შეწყვეტილი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის,  გიორგი მიშელაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი კანონით  გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.

„კოოპერატივების ნაწილი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, არის შემთხვევები, როდესაც კოოპერატივების რაოდენობა მცირდება,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არ ეწევიან, არ აწარმოებენ მეპაიეთა რეესტრს… კანონითა და მთავრობის დადგენილებით გაწერილ მოთხოვნებს არ ახორციელებენ. სააგენტო პირველ ეტაპზე ხარვეზს ადგენს და ხარვეზის გამოსასწორებლად ვაძლევთ გარკვეულ ვადას, სტატუსი მათ იმ შემთხვევაში უწყდებათ, თუ ხარვეზს არ გამოასწორებენ,“ – აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და დასძენს, რომ მიწის რეგისტრაციის არქონა სტატუსის შეწყვეტის საფუძველი არ არის.

სტატუსის აღსადგენად კოოპერატივის ხელმძღვანელობამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოში განცხადება ხელახლა უნდა დაწეროს. ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, განცხადების დაწერიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში კოოპერატივს სტატუსი აღუდგება.

აჭარაში სულ 153 კოოპერატივია დარეგისტრირებული: 51 ქობულეთში, 17 ქედაში, 27 ხულოში,  32 შუახევში, 15 ბათუმში. სტატუსი მხოლოდ  ბათუმში რეგისტრირებულ კოოპერატივებს არ შეწყვეტია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: