მთავარი,სიახლეები

განათლების მინისტრმა გარედაკვირვების წესი დაამტკიცა

16.06.2017 • 4093
განათლების მინისტრმა გარედაკვირვების წესი დაამტკიცა

რას ნიშნავს გარედაკვირება და რას შეცვლის ის სასწავლო სისტემაში? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის, მანანა რატიანის განმარტებით, გარედაკვირვება მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის არის აუცილებელი.

მანანა რატიანის თქმით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი სქემაში, რომელიც  აქამდე არ მუშაობდა. „ამ წესის დამტკიცებით კი სქემა სრულფასოვნად ამუშავდა“-გვეუბნება ის.

სტანდარტიზებული ინსტრუმენტი რომელიც დამტკიცდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის, გამოიყენება როგორც შიდა, ასევე გარედაკვირვებისთვის.

„გარედაკვირვების დროს შეფასდება თუ როგორი სასწავლო გარემო აქვს პედაგოგს, აქცენტი კეთდება ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთგაგებაზე, ხელშემწყობ გარემოზე, იმაზე, სასწავლო რესურსები როგორია, სწავლება როგორ მიმდინარეობს, როგორია კომუნიკაცია მასწავლების მოსწავლეების მიმართ, როგორ აძლევს აქტივობებს, ინსტრუქციებს და რამდენად მრავალფეროავანია ეს ინსტრუქციები, როგორია მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა ამ პროცესებში და ა.შ

კრიტერიუმები მოიცავს ყველა ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში გაკვეთილის ჩატარებისთვის“.

მანანა რატიანის თქმით, ამ კრიტერიუმების გარდა, არსებობს სხვა პროცედურებიც რომელიც მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა განვმარტოთ, რომ ეს გარედაკვირვება ეხება უფროს მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ წამყვანი მასწავლებელი გახდეს. აქაც არის გარკვეული წინაპირობა, ანუ მასწავლებელს ყველა სხვა დანარჩენი ვალდებულებები შესრულებული უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ რეგისტრაცია გაიაროს გარედაკვირვებაზე. პედაგოგს ჯამში სჭირდება 19 კრედიტქულა რომ სტატუსი შეიცვალოს და წამყვანი მასწავლებელი გახდეს და აქედან მინიმუმ 13 კრედიტქულა, მას უკვე დაგროვილი უნდა ჰქონდეს, ვიდრე რეგისტრაციას გაივლის“.

მანანა რატიანი ამბობს, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი მასწავლებელი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, რადგან მიმდინარე წლის შეფასება, შეფასების ჯგუფებს ჯერ არ დაუსრულებიათ.

„ 25 ივნისს მასწავლებლები დაასრულებენ დოკუმენტაციის ატვირთვას  და შემდეგ ერთი თვე ექნება შეფასების ჯგუფს რომ მასწავლებლები შეაფასონ, ამის შემდეგ გამოჩნდება, პოტენციურად რამდენი უფროსი მასწავლებელი გვეყოლება“-გვეუბნება ის.

შიდადაკვირვების დროს მასწავლებელს გაკვეთილზე ესწრებიან შეფასების ჯგუფის წევრები:  კათედრის წარმომადგენელი, ფასილიტატორი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი. გარედაკვირვების დროს კი ორი დამკვირვებელი.

„აქედან ერთიარის ცენტრის მიერ დაკონტრაქტებული დამკვირვებელი, მეორე კი მიმდებარე სკოლის, რაიონიდან, რეგიონიდან ფასილიტატორი. მაგრამ ორივე ამ ადამიანს აერთიანებს ერთი ნიშანი, – იმ საგნის წარმომადგენლები არიან რომელსაც უნდა დაეწრონ“-ამბობს მანანა რატიანი.

გარედაკვირვების წესის ამოქმედება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება, მანამდე კი როგორც მანანა რატიანი ამბობს, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება და ტექნიკურად გაიმართება ონლაინ სისტემაც.

მისი თქმით, გარედაკვირვება პედაგოგს ეხმარება თუნდაც იმაში რომ მან მოაგროვოს  შესაბამისი კრედიტქულები და ჰქონდეს სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა, „სტატუსის ცვლილების შესაბამისად მასწავლებელს ანაზღაურებაც გაეზრდება. მაგრამ მთლიანობაში დაეხმარება იმაში, რომ მიიღებს უკუკავშირს გარედამკვირვებლისგან და ნახავს თუ როგორ ფასდება მისი გაკვეთილი“.

მანანა რატიანის თქმით, წინა წლებში მასწავლებლები აღნიშნავდნენ რომ მათ სასწავლო პროცესს არასრულფასოვნად ასახავდა ცალკეული აქტივობები რომელიც სქემაში იყო, „ამის შემდეგ კი სქემას დაემატა ის აქტივობები, რომლებსაც მიიჩნევენ მასწავლებლები რომ სწავლა-სწავლების პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად ისეთი აქტივობები როგორიცაა  საპროექტო სწავლება, საკლუბო მუშაობა და მასწავლებლებს მეტი თავისუფლება მიეცათ კრედიტების ადაგროვებაში“.

გარედაკვირვების წესი, განათლების მინისტრის 13 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: