მთავარი,სიახლეები

რატომ დააჯარიმეს ბათუმის სამშობიარო სახლი 57 ათასი ლარით

16.06.2017 • 3521
რატომ დააჯარიმეს ბათუმის სამშობიარო სახლი 57 ათასი ლარით

სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ „ბათუმის სამშობიარო სახლი“ სხვადასხვა დარღვევის გამო დააჯარიმა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. „სამშობიარო სახლი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„დარღვევები სხვადასხვა სახის იყო. მაგალითად, სამედიცინო ბარათში დაფიქსირებული დიაგნოზი არ ემთხვეოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ასევე პაციენტთან მიმართებაში ჩანაწერი არ იყო სრულყოფილად შევსებული,“ – გვითხრა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა, ნინო ლაშაბერიძემ. ის სასამართლოში სააგენტოს ინტერესებს იცავდა.

ნინო ლაშაბერიძემ არ გვითხრა, რა ოდენობით მოითხოვა სააგენტომ საავადმყოფოს დაჯარიმება. მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანი დარღვევების პრევენციაა და არა ჯარიმის ოდენობის გაჟღერება. მისივე თქმით, „ბათუმის სამშობიარო სახლის“ გეგმიური რევიზიის დროს არ აღმოჩენილა ისეთი სახის დარღვევა, რომ სააგენტოს დასკვნა პროკურატურისთვის გადაეგზავნათ – სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის ნიშნების დადგენის გამო.

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დარღვევები „საყოველთაო ჯანდაცვის“, ასევე „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამებში დააფიქსირა.

„57 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს, მაგრამ ამას ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯუმბერ უნგიაძემ. ის „ბათუმის სამშობიარო სახლის“ ხელმძღვანელია. ამბობს, რომ გეგმიური შემოწმების დროს ის პერიოდი შეისწავლეს, როცა ის ამ საავადმყოფოს დირექტორი არ იყო.

„სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს, მაგრამ პროდუქტი უნდა ღირდეს იმდენი, რაც არის მისი საბაზრო ღირებულება. პრობლემა იყო ის, რომ ცალკეული საავადმყოფოს მიერ შემუშავებელი სტანდარტი ზოგჯერ არ ემთხვეოდა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ საორიენტაციო სტანდარტს. უკვე ორი თვეა გამოსწორებულია ის ძირითადი ხარვეზები, რაზეც დაგვაჯარიმეს,“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.

ამავე თემაზე:

ბათუმის სამშობიარო სახლზე „მედინამ“ უარი თქვა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: