ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

20.10.2017 • 5285
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა და შპს „სტადიონმა“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 101 მილიონ 700 ათასი ლარია. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 წელში [34 თვეში] უნდა აშენდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. პრეტენდენტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს და სატენდერო წინადადებასთან ერთად წარადგინოს ტექნიკური დავალება.

პრეტენდენტს, სხვა პირობებან ერთად, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ყოველწლიურად, თოთოეულ წელს ცალკ-ცალკე, შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 50 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

ახალი სტადიონის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის საგარანტიო ვადა 50 წელი უნდა იყოს.


შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალურად შექმნა ახალი საავადმყოფოსა და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით. ამ კომპანიას დაევალა ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.

შპს „სტადიონი“ სამინისტრომ მას შემდეგ შექმნა, რაც სტადიონის პროექტირებაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან სამინისტრომ კონტრაქტი შეწყვიტა, ამ კომპანიამ კი სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.

2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდებოდა. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საავადმყოფოს მშენებლობა [რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით] მიმდინარეობს. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საკითხი, დროში საკმაოდ გაჭიანურდა? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა, სულხან ხალვაშმა 2 თვის წინ განაცხადა, რომ სტადიონის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა, თუმცა საჭირო გახდა ამ პროექტის სპეციალური ადაპტაციის გავლა: „სამხარაულის ბიუროს“ მიერ პროექტი ადაპტაციის პროცესს გადის. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება [პასუხს ველოდებით უახლოეს დღეებში] უკვე მზად გვექნება პროექტის საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი, შესაბამისად, გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობაზეც.“

რაც შეეხება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს, ის შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ კი ზედამხედველის შერჩევაზე ტენდერი აღარ გამოცხადებულა.

ბათუმის სტადიონის მაკეტი

ბათუმის სტადიონის მაკეტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: