ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულომ დღეს, 28 ივნისს, მხარი დაუჭირა საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის – ომარ ფარტენაძის კანდიდატურას. ომარ ფარტენაძე საკრებულოში დიმიტრი ჭეიშვილს ჩაენაცვლება პარტიიდან – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“.

ფარტენაძე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. მას 2014 წელს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთვის“ 275 ლარი აქვს შეწირული.

ომარ ფარტენაძე ბსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს. პორტის ადმინისტაციის ინფორმაციით მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლოს ორმოცი წლის წინ ჩატარდა.

შემსრულებელმა კომპანიამ ნავსადგურის აკვატორიიდან გაიტანა 186 121 კუბური მეტრი გრუნტი, რაც პორტის სპეციალისტების განმარტებით „ხელს შეუწყობს უფრო დიდი ტვირთამწეობის გემების დამუშავებას.“

სამუშაოები კომპანია „DLEX Trade Consult“ და „Milford“ -მა მიწასაწოვის გამოყენებით ჩაატარეს.

სამუშაოების დაწყებამდე პორტის ადმინისტრაციას გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ მოუმზადებია.

პორტის წარმომადგენლის ბექა გოგიბერიძის ინფორმაციით, შედარებით მცირემასშტაბიან ფსკერდამაღრმავებელ სამუშაოებს ბათუმის ნავასადგური ყოველწლიურად, საკუთარი ძალებით ახორციელებს, რაც შესაბამისი პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას არ საჭიროებს:

„მიმდინარე წელს ჩატარდა უფრო მასშტაბური სამუშაოები.  გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ ანგარიში არ გაგვიკეთებია, თუმცა სამუშაოები შეთანხმებული იყო გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.“

საქართველოს გარემოს დაცვის სამინიტროს ნებართვების განყოფილებაში განმარტეს, რომ ფსკერდამაღმავებელი სამუშაოების წარმოება გარემოზე შეფასების ანგარიშის მომზადებას არ ითვალისწინებს.

პორტის ინფორმაციით ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოების წარმოება ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაციას მისცემს საშუალებას შეინარჩუნოს საპროექტო სიღრმეები წლების განმავლობაში, გაზარდოს ოპერაციული შესაძლებლობები  და უზრუნველყოს მომსახურების კონკურენტული უპირატესობები.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

სოციალურად დაუცველი ოჯახი სკოლის შენობაში შესახლდა

ირაკლი სუკოლნიკოვი ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად, სოფელ მაჭახლისპირის დაწყებითი სკოლის შენობაში 29 მაისს შესახლდა. სკოლა, როგორც ირაკლი სუკოლნიკოვი ამბობს, არ ფუნქციონირებს. ამ წუთებში სკოლის შენობაში პოლიციაა მისული, რომელიც უნებართვოდ შესახლებულ ოჯახს შენობის დატოვებასთან დაკავშირებით ხელწერილს აწერინებს.

„პოლიცია იმყოფება აქ და გვაწერინებს ხელწერილს რომ შენობა მინიმუმ ერთ კვირაში დავტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა დაგვეკისრება.

სკოლის უმოქმედო შენობაში მაისის თვეში შემოვსახლდით, რადგან ამავე სოფელში, მე და ჩემი ორი ძმა რვა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ერთ პატარა, ძველ სახლში ვცხოვრობდით. ჩემი ძმა შშმ პირია და ბავშვებსაც მარტო ზრდის.

იმ სახლშიც ძალიან ცუდი პირობები გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი ოჯახით სკოლის შენობაში გადმოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობის სარემონტოდ 27 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, იატაკი არ გამოუვლით და შენობაშიც წყალი ჩამოდის.  ერთი ოთახის იატაკი მთლიანად ჩავარდნილია და სულ გაფუჭებას, გადავწყვიტეთ რომ შემოვსულიყავით და თან შენობისთვისაც მიგვეხედა. ხის ღობე ჩვენ გავაკეთეთ რადგან ეზოში პირუტყვი შემოდიოდა“- ამბობს ირაკლი სუკოლნიკოვი.

სოფელ მაჭახლისპირის დაწყებითი სკოლის შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახი შესახლდა
სოფელ მაჭახლისპირის დაწყებითი სკოლის შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახი შესახლდა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ მაჭახლისპირის  დაწყებითი სკოლა არ ფუნქციონირებს, თუმცა ვის საკუთრებაშია ქონება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებას შეგვპირდნენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახი სკოლის შენობაში 29 მაისს შევიდა. პოლიციამ შენობის დატოვების შესახებ პირველად 13 ივნისს აცნობა, მეორე დაფრთხილება კი ოჯახმა დღეს მიიღო.

„ჩვენ მანამდე გავესაუბრეთ აჭარისწყლის ცენტრალური სკოლის დირექტორს და ვუთხარით რომ სკოლის შენობაში შესვლას ვაპირებდით. მან გვითხრა რომ ნებართვის მისაღებად სახელმწიფოსთვის მიგვემართა. შენობა საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს ბალანსზეა და მათ წერილობით მივმართეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“-გვეუბნება ის.

ირაკლი სუკოლნიკოვი ამბობს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე ხელვაჩაურის გამგებელსაც მიმართა თხოვნით. „მე ამ სოფელში ვცხოვრობ და მინდა რომ საცხოვრებელი ფართიც ამ სოფელში გამომიყონ“-გვეუბნება ის.

ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი სუკოლნიკოვების ოჯახს სკოლის შენობას დაატოვებინებენ, გამგეობა მათ ალტერნატიული ფართის მოძიებაში დაეხმარება.

ირაკლი სუკოლნიკოვის თქმით, სკოლის ერთი ოთახის იატაკი დაზიანებულია
ირაკლი სუკოლნიკოვის თქმით, სკოლის ერთი ოთახის იატაკი დაზიანებულია

ამ კვირის მუსიკალური აფიშა

28 ივნისიდან  2- ივლისის ჩათვლით ბათუმში რამდენიმე მუსიკალური ღონისძიებაა დაგეგმილი. ზოგიერთ მათგანზე დასწრება უფასოა.

 ბათუმის ზაქარია ფალაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი

ოთხშაბათი, 28 ივნისი

15:00 საათი

MISA-ს მესამე სეზონის დასკვნითი კონცერტი (საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია)

დასწრება თავისუფალია

19:00 საათი

კლასიკური მუსიკის კონცერტი, (არიები ევროპელ კომპოზიტორთა არიებიდან)

დასწრება თავისუფალია

ხუთშაბათი, 29 ივნისი

15:00 საათი

ქუთაისის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის სტუდენტთა კონცერტი

დასწრება თავისუფალია

19:00 საათი

საოპერო დასისი სოლისტის ეთერ ხალვაშის სოლო კონცერტი

დასწრება თავისუფალია

პარასკევი, 30 ივნისი

17:30 საათი

გამოფენა-კონცერტი „ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“

მონაწილეობენ ხელოვნების ექსპერიმენტული სკოლა-სტუდიის I და II გამოშვება, ასევე მ.ბალანჩივაძის ხელოვნებს სკოლის მოსწავლეები

დასწრება თავისუფალია

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

კვირა, 2 ივლისი, 19:30 საათი

ფოლკლორული „შავნაბადა“ და აკადემიური საგუნდო მუსიკის „თბილისის გოგონათა გუნდი“ ექსპერიმენტული კონცერტი

ბილეთის ფასი 10 ლარი.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდლო ხარისხი და ზიარება შეუჩერა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დასრულებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება.

ეპარქიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო შემდგომ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას საერთოდ განიკვეთოს, თუ მას გარკვეული პეროდით შეუჩერდეს მღვდლობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ უდააშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება.

რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს“.


ე.წ. ციანიდის საქმეზე 10 თებერვლიდან დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ციანიდის ფხვნილით მკვლელობის მომზადება.

„რესპუბლიკელებმა“ ბათუმში ორდონიანი თვითმმართველობის პროექტი წარადგინეს

დღეს, 27 ივნისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ორგანიზაცია  „ლიბერალური ხაზისა“ და რესპუბლიკური პარტიის საერთო პროექტის ფარგლებში საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე ორდონიანი თვითმმართველობის თემა განიხილეს.  შეხვედრაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ, პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა და თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტმა, კოკა კიღურაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

„რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ეფექტიანი თვითმმართველობისთვის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში დამკვიდრეს ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლის სისტემა შემდეგ პრინციპებს დაეფუძნება:

  • პირველი დონის თვითმმართველობა პასუხობს საქალაქო და სასოფლო ტიპის დასახლებებში არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს.
  • მეორე დონის ხელისუფლება შექმნილია რეგიონის დონეზე და პასუხობს რეგიონში შემავალ პირველი დონის თვითმმართველ ერთეულთა მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას წარმოშობილ საერთო გამოწვევებს.

პირველ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლება იქმნება იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ამავდროულად არ სცდება მუნიციპალიტეტის საზღვრებს, ხოლო რეგიონალური ხელისუფლება ორგანიზებას უწევს იმ საკითხების გადაწყვეტას, რომელიც ინტერმუნიციპალური ხასიათისაა.

პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტი, მეორე დონის ადგილობრივ თვითმმართველობას კი – რეგიონი.

 

ამავე თემაზე: რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა ორდონიანი თვითმმართველობის შემოღების შესახებ

 

 

700 ათასი ლარი ზუნდაგის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის

ზუნდაგის ბაგა-ბაღისა და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

თემის ადმინისტრაციული შენობის, სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, თემის ადმინისტრაციული ოფისი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და სასოფლო კლუბი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 270 ლარი გაწერა, რეაბილიტაციისთვის წელს  400 000, ხოლო 2018 წელს – 391 270 ლარი გაიხარჯება. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგეობის მიერ გაწერილი გეგმა-გრაფიკით 2017-2018 წლებში უნდა შესრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ქედის გამგეობამ გუშინ, 26 ივნისს გამოაცხადა. საბავშვო ბაღისა და თემის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი 17 ივლისს დასრულდება.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელშეკრულებას ქედის გამგეობა მხოლოდ იმ კომპანიას გაუფორმებს, რომელსაც 2015 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე, მინიმუმ  2 500 000 ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული.

ზუნდაგის საბავშვო ბაღისა და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია შპს „საბას“ მიერ დამუშავებული პროექტით განხორციელდება.

როგორც ქედის გამგეობაში აცხადებენ, საბავშვო ბაღი ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, არსებული ფართობი გაფართოვდება, რითაც იქნება შესაძლებლობა სკოლამდელი განათლება აქ გაცილებით მეტმა ბავშვმა მიიღოს.

ბათუმის მერია „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მისტერ პლანეტას“ დაფინანსებას გეგმავს

ბათუმის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 6 მილიონ 756 ათასი ლარით იზრდება.  აქედან 582 ათასი ლარი მერიამ ტრანსფერის სახით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო.

5 მილიონ 999 ათასი ლარი კი სპეციალური ტრანსფერია აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, გაზრდილია სხვა შემოსავლებიდან ამოღებული თანხაც. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აისახება ტენდერებიდან მიღებული ეკონომიაც.

ნამატი თანხა მერიამ სხვადასხვა ღონისძიებაში გადაანაწილა. ბიუჯეტის პროექტში ახალი ღონისძიებების შესახებაცაა ასახული. ამ ღონისძიებების ჩამონათვალშია მოდის კვირეული „აჭარა ფეშენ ვიკი“  და „მის და მისტერ პლანეტა“, მოდის კვირეულისთვის ბიუჯეტში 30 000 ლარი, ხოლო მეორე ღონისძიებისთვის 61 000 ლარი გაითვალისწინეს.

ვისი ინიციატივა იყო ამ ღონისძიებების ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსება? ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს.

საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, მისი კომისია მსგავსი კომერციული ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას მხარს არ უჭერს.

ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ბათუმში საავტომობილო გზების განტვირთვის მიზნით ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის წინადადებით გამოდის. საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის ოპტიმიზაციას.

საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მზადაა და მას ხვალ, 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

განკარგულების პროექტის მიხედვით, ცალმხრივი მოძრაობის ტრაექტორია ასე განისაზღვრება: ცალმხრივი იქნება გორგილაძის ქუჩა სრულად, ბარათაშვილის ქუჩიდან მეგობრობის გამზირამდე [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] მიმართულებით.

გორგასლის ქუჩაზე კი დაგეგმილია ცალმხრივი მოძრაობის მიმართულების შეცვლა. ნაცვლად დღეს არსებული ტრაექტორიისა [ქუთაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩისკენ] ავტომობილები პირიქით, ცალმხრივად იმოძრავებენ გრიბოედოვის ქუჩიდან ქუთაისის ქუჩამდე. რაც შეეხება გორგასლის ქუჩას გრიბოედოვიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, აქ, პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება ორმხრივი მოძრაობა იქამდე, ვიდრე ფარნავაზ მეფის ქუჩა არ შეუერთდება ფიროსმანის ქუჩას.

განკარგულების მიხედვით, საკრებულომ საკითხის მომზადებისას გაითვალისწინა „იუენდიპის“ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.

განკარგულების პროექტში ასევე ნათქვამია, რომ პროექტის განხორციელება დაკავშირებულია მცირე ხარჯთან, რაზეც შესაბამისი პროექტით  მერიამ საკრებულოს უნდა მიმართოს.

 

აჭარის ფინანსთა მინისტრი 100 მილიონი ლარის ინვესტიციაზე

აჭარაში 100-მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციელების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ დღეს, 27 ივნისს, ახალი მოადგილის წარდგენისას განაცხადა.

„… ინვესტიციის განხორციელებას ველოდებით იმ მიწის ნაკვეთების პრივატიზებით, რომელთა ელექტრონული აუქციონი დღეს გამოცხადდება. რაც ნიშნავს იმას, რომ რეგიონის ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერდება. შედეგად, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები გაჩნდება ქალაქში,“ – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დღეს  პირობებიანი აუქციონის წესით გასასახვისებლად შემდეგი ნაკვეთების გამოტანას გეგმავს:

[checklist]

  • ბათუმი, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე 3206 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ბათუმში, შ. ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში მდებარე 12 971 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  • ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ.N5-/აბუსერიძის ქ. N17-ში მდებარე 3802 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  • ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ.N5-/აბუსერიძის ქ. N17-ში მდებარე 4169 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

[/checklist]

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია მრავალფუნქციური ობიექტიების, მათ შორის სავაჭრო ცენტრის, სასტუმროსა და მიწისქვეშა/მიწისზედა ავტოსადგომის მშენებლობა.

IMG_20170525_085141

გამოცდების შედეგები – 12 803 მოსწავლე ატესტატს ვერ აიღებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდეს, 2017 წლის საატესტატო გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. ამ შედეგების მიხედვით, წელს ატესტატს  12 803 მოსწავლე ვერ აიღებს.

2017 წლის საატესტატო გამოცდებზე 48 434 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. აქედან, რეგისტრაციის შემდეგ გამოცდებზე არ გავიდა 1371 მოსწავლე, გამოცდები წარმატებით დაძლია  34 260 მოსწავლემ.

ერთ საგანში მაინც განმეორებით გავიდა 13 941 მოსწავლე, ხოლო განმეორებითი გამოცდა წარმატებით დაძლია 5 562-მა მოსწავლემ.

ვერ მოიპოვა დადებითი შეფასება ანუ ატესტატის გარეშე დარჩა 12 803 მოსწავლე.  ყველაზე მეტი მოსწავლე წელს უცხო ენაში, მათემატიკაში, ფიზიკასა და ისტორიაში ჩაიჭრა, შემდეგ მოდის ქართული ენა, ლიტერატურა და ბიოლოგია.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების“ თანახმად, „იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარებას მათ მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით“.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ არიან განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეები, მათთვის გამოცდები ტარდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან ცენტრის მიერ.

2017 წლის საატესტატო გამოცდების საბოლოო შედეგები
2017 წლის საატესტატო გამოცდების საბოლოო შედეგები

 

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე“, – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

გონიოში მომხდარი ინციდენტის სასამართლო გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს [ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე] საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულად არის ცნობილი, განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

საქმეში ბრალდებული ცოლ-ქმარი – თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე 30 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. ხელვაჩაურის სასამართლოს მენეჯერის განმარტებით, საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.

გასული წლის 26 აგვისტოს, გონიოში პლაჟზე მყოფ მოსამართლეს და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის ოჯახს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურში გადაიზარდა [გამოძიება დაიწყო მოსამართლისგან 13 წლის ბავშვის ცემის ფაქტზე]. იმავე საღამოს მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეუცვალეს და, პირიქით, მოქალაქეებს დასდეს ბრალი – მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში.

გონიოს ინციდენტამდე ერთი წლით ადრე თამარ ხაჭაპურიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განიხილა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ. მაშინ თამარ ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეურაცხყო მოსამართლე. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის და არ მოუთხოვია ფაქტის უარყოფა, რაც მის ღირსებას შესაძლოა ლახავდა.

სწორედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გახდა 26 აგვისტოს, გონიოს პლაჟზე კონფლიქტის დაწყების მიზეზი. პოლიციას თამარ ხაჭაპურიძემ დაურეკა და დახმარება ითხოვა, რადგან მის 13 წლის ბიჭს, როგორც თავად აცხადებდა, მოსამართლემ სცემა – ბიჭს ტუჩიდან სისხლი სდიოდა. გამოძიება არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაიწყო.

გამომძიებლებმა ცოლ-ქმარი დაკითხეს, როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის მშობლები, თუმცა 26 აგვისტოს ღამეს, ცოლ-ქმარი შვილის თვალწინ დააკავეს. აღმოჩნდა, რომ პროკურატურამ ცემის მუხლით დაწყებულ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტზე გაგრძელდა გამოძიება.

„როდესაც გამოძიება იწყება ოფიციალური წესით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძველი, რომ ძიება შეწყდეს. ამ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ძიება არ შეწყვეტილა, მაგრამ არც მიმდინარეობს ცემის ფაქტზე. თუ ადგილი ჰქონდა სხვა დანაშაულს და ეს გამოიკვეთა, მაშინ  ცალკე უნდა დაიწყოს გამოძიება,“ – ამბობდა გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გასული წლის ზაფხულში.

იმ დროისთვის ეს ორგანიზაცია თამარ ხაჭაპურიძის და მისი მეუღლის ინტერესებს იცავდა. მოგვიანებით, ბრალდებულების სურვილით საია საქმეს ჩამოშორდა. მათ საპროცესო შეთანხმების სურვილი გამოხატეს, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ მაინც ვერ შედგა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხელმოწერილ განჩინებაში, რაც აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გამოიცა, ეწერა, რომ ცოლ-ქმარმა ვერსია მოიფიქრა და ამ გზით გამოძიების შეცდომაში შეყვანა სცადა. ამონარიდი განჩინებიდან: „ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძის მიერ ჰქონდა ადგილი გამოძიების არასწორი გზით წაყვანის მცდელობას, როდესაც შეტყობინება გააკეთა პოლიციაში და შემდეგ თავის მეუღლესთან წინასწარი მოფიქრებული ვერსიით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თითქოს დაზარალებულმა გიორგი მიქაუტაძემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული გარემოება ნამდვილად ადასტურებს ბრალდებულის მისწრაფებას, ხელი შეუშალოს ობიექტურ გამოძიებას…“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კრიტიკული შეფასება ჰქონდა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიმართაც. გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევდა, რომ: „თამარ ხაჭაპურიძის მიმართ სასამართლო იყო რეპრესიული, რადგან საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ავლენს გამოძიების არაობიექტურობას, ხოლო უკანონო დაკავება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგის მიმართ გამოიჩინა პატივისცემა კანონის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მოსამართლე კანონით უნდა ხელმძღვანელობდეს“.

 

 

 

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრამდე გასტანს – ამის შესახებ დღეს, 27 ივნისს, კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს პრესკონფერენციაზე, სადაც XII კინოფესტივალის ახალი კლიპი წარმოადგინეს მსახიობების: ბერდია ინწკირველისა და მეჰტაბ კერამატის მონაწილეობით.

ზვიად ელიზიანი, კინოფესტივალის მენეჯერი
ზვიად ელიზიანი, კინოფესტივალის მენეჯერი

კინოფესტივალის მენეჯერმა, ზვიად ელიზიანმა, მოკლედ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც წლევანდელ კინოფესტივალზე იგეგმება. მისი თქმით, კინოფესტივალის პროგრამა ჯერ ისევ მუშავდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მხატვრული ფილმების ჟიურის წევრი იქნება ირანელი რეჟისორი, მოჰსენ მაჰმალბაფი. ასევე,  ჟიურის წევრები იქნებიან:  სიდიქ ბარმაკი, ავღანელი რეჟისორი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი და ქართველი რეჟისორი ნინო კირთაძე.

წელს კინოფესტივალი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოს კომპოზიტორ გია ყანჩელს და ირანელ რეჟისორს, მოჰსენ მაჰმალბაჰს გადასცემს.

კინოფესტივალზე დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები 30 ქვეყნიდან და  40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში.
მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან და აზიიდან. ორგანიზებული იქნება მასტერკლასები კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორების მიერ.

ტრადიციულად შედგება ინდუსტრიული პლატფორმა „Alternative Waves“, რომლის მიზანია კინოინდუსტრიით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სპეციალისტებს მისცეს განვითარების, გამოცდილების გაზიარების და ახალი, პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა.

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი წელსაც გააგრძელებს ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენების ტრადიციას – კინოჩვენებები ევროპის მოედანზე გაიმართება.

კინოფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება ბლოგერების კონკურსი – 3 ბლოგერი, რომელიც ყველაზე   საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია. კინოფესტივალის სპონსორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სასტუმრო Wyndham Batumi.  კინოფესტივალის მხარდამჭერები აარიან: კინოთეატრი „აპოლო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, დიდი ბრიტანეთის საკონსულო, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა კერძო კომპანიები.

ხულოში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები 5 წელია ცარიელია

ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის ცენტრში, სოფელ ყინჩაურში, ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები ამ დრომდე უფუნქციოდაა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამეწყრილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად ყოფილი საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარა, ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის, მეორე და მესამე სართულზე შვიდი ბინის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 72 000 ლარი დახარჯა.

„ბათუმელების“ კითხვაზე – იმ სოციალურ და ეკოლოგიურ ფონზე, რაც ხულოს მუნიციპალიტეტშია, რატომ  დარჩა  2012 წელს მოწყობილი ბინები დღემდე უფუნქციოდ? – მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე პასუხობს:

„ეს ბინები არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს. მოსახლეობამ შეშა რომ შეინახოს, ელემენტარული სათავსოებიც კი არ აქვს, სასტუმროს ტიპისაა… თავის დროზე მოსახლეობა შესახლების წინააღმდეგიც კი წავიდა, მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ეკომიგრანტების პრობლემის მყისიერად, დროებით გადაჭრის მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ეს ბინები, მაგალითად, თუ სადმე მეწყერი განვითარდება და ოჯახს საფრთხე დაემუქრება“.

გამგებლის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული ბინები დღემდე არც დროებით, ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამოუყენებია, შენობა კი კვლავ სარეაბილიტაციოა.

„2013 წელს მოსახლეობამ აღნიშნულ შენობაში ფართობები თვითნებურად დაიკავა. თვითნებურად შესახლებულებს დააცლევინეს ბინები, თუმცა, შესახლებისას კარები და ფანჯრები ჩაამტვრიეს. იმ დროს მე არ ვიყავი გამგებელი და ვერ გეტყვით, რა კატეგორიის ადამიანებმა დაიკავეს ფართობები. ამ დროისთვის ბინების კარ-ფანჯარა ჩაკეტილია, მაგრამ შიგა დაზიანებები არ გაგვირემონტებია, ვმუშაობთ, რომ მოხდეს შენობის რეაბილიტირება.“ – ამბობს გამგებელი.

ადგილობრივი ხელისუფლება ერთხელ უკვე რეაბილიტირებული შენობის გარემონტებას თუ გადაწყვეტს, ბუნებრივია, შესაბამისი თანხის გამოყოფა დასჭირდება, რომელიც, ფაქტობრივად უფუნქციო შენობისთვის, მეორედ დაიხარჯება.

ყინჩაური / ყოფილი საავადმყოფოს შენობა / ეკა ბარამიძის ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან
ყინჩაური / ყოფილი საავადმყოფოს შენობა / ეკა ბარამიძის ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან
მთავარი ფოტო: სოფელი ყინჩაური – სკოლის შენობა [უკან: ყოფილი საავადმყოფოს შენობა /მარცხნივ/ და სხალთის ეკლესია /მარჯვნივ/]

აჭარის ფინანსთა მინისტრის ახალი მოადგილე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კონსტანტინე მეგრელიშვილი დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა.

კონსტანტინე მეგრელიშვილი საკონსულტაციო კომპანია „ბრეინსტორმის“ დამფუძნებელია. ის ასევე არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

2012-2013 წლებში ის იყო ნავთობის სატრანსპორტო კომპანია [ყაზტრანსოილის ჯგუფი] „პეტროტრანსის“ კომერციული დირექტორი.

მუშაობდა ასევე კორპორაციული განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმის ნავთობის ტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში [ყაზტრანსოილის ჯგუფი].

კონსტანტინე მეგრელიშვილი ზურაბ პატარაძის კადრია.

„მემორიალი“ ხელვაჩაურში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილების სამარხების მოძიებას ითხოვს

დღეს, 27 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1937-1938 წლებში უდანაშაულო რეპრესირებულთა სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. ჯგუფის ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე ამბობს, რომ აუცილებელია შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც ხელვაჩაურსა და სალიაბურში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილ პირთა სამარხების მოძიებას დაიწყებს.

„ჩვენ მოვიძიეთ მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელვაჩაურში, ასევე სალიბაურში ე.წ. ყოფილი სამთავრობო აგარაკის ტერიტორიაზე ხდებოდა უდანაშაულო პირთა დახვრეტა. ჩვენ ვითხოვთ, შეიქმნას სამთავრობო კომისია და კომპეტენტური ადამიანების ჩართულობით შევისწავლოთ ეს სამარხები.

ჩვენ ხელისუფლებას მივაწვდით ჩვენ მიერ მოძიებულ ყველა ინფორმაციას. დამოუკიდებლად სამარხების მოძიების შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს, რადგან სალიბაურის სამთავრობო აგარაკის ტერიტორია დღეს არის კერძო მეპატრონის ხელში და, ბუნებრივია, იქ ნებართვის გარეშე კვლევებს  ვერ ვაწარმოებთ. თუმცა, არსებობს მოწმე, რომელიც გვეუბნება, რომ იმ ტერიტორიაზე ნამდვილად არის სამარხები“, – ამბობს ზურაბ ზაქარიაძე. მისი თქმით, სალიბაურში სამთავრობო აგარაკის ტერიტორიაზე გაუქმებული გვირაბებიცაა, სადაც მოწმეების ინფორმაციით, ხალხს აწამებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი მოწმე თენგიზ ქონდარიძეა, რომელიც ამბობს, რომ ყოფილ სამთავრობო აგარაკის ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობს სამარხები.

„მე სალიბაურში ვარ დაბადებულ-გაზრდილი და ხალხი ყოფილი სამთავრობო აგარაკის ტერიტორიაზე არ დადიოდა. იცოდნენ, რომ იქ ძველი უშიშროების სახლი იყო, „ბერიას დაჩას“ ეძახდნენ და იქ დასახვრეტად მიჰყავდათ ადამიანები.

თენგიზ ქონდარიძე
თენგიზ ქონდარიძე

1983 წელს იმ შენობაში დავიწყე მუშაობა დაცვის წევრად და იქ ვნახე ერთი მოხუცი კაცი, რომელიც მიყვებოდა ამის შესახებ. როგორც გავარკვიე, ის ადამიანი ერთ-ერთი შემსრულებელი იყო. მან თქვა, რომ ვინც ეს შენობა ააშენა, აქედან არავინ გასულა, ყველა იმ ტერიტორიაზეა დამარხულიო. ერთმა ჩემმა თანამშრომელმა იმ ტერიტორიაზე ადამიანის თავის ქალაც იპოვა“, – ამბობს თენგიზ ქონდარიძე.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მემორიალი“ და რეპრესირებულთა სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფი ხელისუფლებას ამ სამარხების მოძიებაში დახმარებას სთხოვს.

შეხვედრის ბოლოს სამარხების შესახებ დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.

მოსამართლეების უხერხული კითხვები პორნოგრაფიაზე

“პორნოგრაფიის განმარტება უნდა იყოს კანონში და არა ვიკიპედიაში”, – ასე უპასუხა იურისტმა გიორგი გოცირიძემ პარლამენტის წარმომადგენელს, თათია მესხიას. გიორგი გოცირიძის თქმით, პარლამენტის წარმომადგენელმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ენციკლოპედია არ არის და თუ ვინმეს პორნოგრაფიის განმარტება სურს, ინტერნეტში შეუძლია მისი დაძებნა.

მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს პორნოგრაფიის გავრცელებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

გიორგი ლოგუა 2015 წელს დააკავეს პორნოგრაფიის უკანონო გავრცელებისთვის. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული საკუთარ ინტერნეტგვერდზე უცხოური საიტებიდან გადმოტვირთულ პორნომასალებს ათავსებდა.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პორნოგრაფიის დამზადება, ან მისი გავრცელება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი 2 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონი არ განმარტავს ზუსტად რა უნდა მიიჩნეოდეს პორნოგრაფიად, ხოლო მისი გავრცელება ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

“გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, მაგრამ შემზღუდავი კანონმდებლობა უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული,”- მიმართა მოსამართლეებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა. ის სასამართლოში გიორგი ლოგუას ინტერესებს იცავს.

“პორნოგრაფიის განმარტება შეუძლებელია, მეტაფიზიკური ცნებაა, ეს ანტიკური დებატია,” – უპასუხა მოსარჩელეების დამცველებს გიორგი ჩიფჩიურმა. ის სასამართლოში საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს.

გიორგი ჩიფჩიურის მტკიცებით, მსგავს შემთხვევებში ექსპერტიზა ტარდება.

“თუ ცნება გარკვეული არ არის, ექსპერტიზა რაზე ტარდება?” – იკითხა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

“მე შემიძლია ჩემი ცნობიერებით გიპასუხოთ, რა არის პორნოგრაფია…” – დასძინა პარლამენტის იურისტმა. მას პასუხი მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა შეაწყვეტინა:

“აბა, პროკურორებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის პორნოგრაფია და რა – არა?”

კითხვების დასმით დაკავებულ მოსამართლეებს სხდომის თავმჯდომარემ, ლალი ფაფიაშვილმა მიმართა:

“თქვენი კითხვები სხდომის ოქმში არ აისახება. ჯერ კითხვების დასმის ეტაპზე არ გადავსულვართ. ვაცალოთ, დაასრულოს”.

პარლამენტის იურისტმა, გიორგი ჩიფჩიურმა თქვა, რომ ექსპერტიზა ტარდება არა იმის გასარკვევად, არის თუ არა პორნოგრაფია კონკრეტული მასალა, არამედ გავრცელებული მასალა რამდენად ეწინააღმდეგება სექსუალური თვითგამორკვევის იდეას.

“ანუ ჩემს თვითგამორკვევაზე ზრუნავს სახელმწიფო?” – იკითხა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა. პასუხის გაცემამდე სხდომაზე მოულოდნელად შესვენება გამოაცხადა ლალი ფაფიაშვილმა, კოლეგიის თავმჯდომარემ. სხდომის დარბაზი ოთხივე მოსამართლემ დატოვა.

სხდომის შეწყვეტამდე მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, გიორგი გოცირიძემ ხაზი გაუსვა კანონის იმ ჩანაწერსაც, სადაც აღნიშნულია, რომ პორნოგრაფია არ იკრძალება, თუკი მას აქვს საგანმანათლებლო, სახელოვნებო ან სამეცნიერო მიზანი.

“ეს წერია, მაგრამ მხოლოდ არასრულწლოვნებთან მიმართებაში,” – დაამატა გიორგი გოცირიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, რეგულირდება ის ინტერნეტსაიტები, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებულ პროვაიდერებთან აქვთ საიტი გახსნილი.

“კანონი ვერ არეგულირებს შემთხვევას, როცა უცხოურ პროვაიდერთან ხსნის საქართველოს მოქალაქე საიტს. ასევე პორნოარხებს ავრცელებენ საკაბელო ტელევიზიები, რაც იხსნება სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ. ამიტომაც ვამბობ, რომ ფილტრაციით მუშაობა არის ბევრად გამართლებული, ვიდრე პორნოგრაფიის გავრცელების პასუხისგებაში მიცემა,” – განმარტა გიორგი გოცირიძემ.

გიორგი ლოგუამდე ანალოგიური სარჩელი ჰქონდა შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე გიორგი ფუტკარაძეს. მისი სარჩელის განხილვა შეწყდა, რადგან მოსარჩელე ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

 

„უსინათლოთა ხმა“ საპროტესტო აქციას გეგმავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმა“ 3 ივლისს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ნომერ 67-ში, უსინათლოთა საზოგადოების ტერიტორიაზე აქციას გამართავს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანი უსინათლოთა უფლებების დაცვაა.

„დღეს ქვეყანაში უსინათლო ადამიანების როგორც ქონებრივი, ასევე სხვა უფლებები დარღვეულია. ისინი, ვინც თვლიან, რომ უსინათლო ადამიანებიც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი სიცოცხლე და ყველა სხვა უფლება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში, შემოგვიერთდით,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქით“ ვრცელდება.

აქცია დილის 9 საათზე დაიწყება.

კომერციული ბანკების საკუთარი სახსრები 4,1 მილიარდი ლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სების ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 37,6 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 29.7  მლრდ ლარი შეადგინა.

სების მონაცემებით, საქართველში საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13,8 პროცენტია.

რაც შეეხება კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობას (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის მონაცემების გარეშე), 2017 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 172.3 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 18.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 157.3 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.0 მლნ ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 6.1 მლრდ ლარის (0.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით მეტი).

ანსამბლი „მეგობრობა“ საბერძნეთში ფოლკლორის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის ანსამბლი „მეგობრობა“ საბერძნეთის ქალაქ ზევგოლათიოს 23-ე საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

„მეგობრობა“ ფესტივალზე ქართულ ხალხურ ცეკვებს წარადგენს, ასევე, ფესტივალის მსვლელობისას ანსამბლი მსოფლიო ხალხთა ცეკვებითაც გამოვა.

ფესტივალი 7 ივლისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს გარდა ბულგარეთის, უკრაინის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.

„მეგობრობა“ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის აქტიური მონაწილე გასულ წლებშიც იყო, მათ შორის 2013 წელს ანსამბლი ბულგარეთში გამართულ ხალხური ხელოვნების ფესტივალზე „საუკეთესოთა შორის საუკეთესოს“, ხოლო 2014 წელს რუმინეთში გამართულ ფესტივალზე განსაკუთრებული პრიზის ნომინაციების მფლობელი გახდა.

„მეგობრობას“ სულ 32 წევრი ჰყავს. ანსამბლის წევრების ასაკი შვიდიდან თექვსმეტ წლამდეა.

„ყველა მათგანი მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეა. ბავშვები ცეკვის გარდა ხელოვნების სხვა დარგებსაც შეისწავლიან, ზოგი გიტარაზე დაკვრას სწავლობს, ზოგიც – ვიოლინოზე… მრავალმხვრივ განვითარებულები არიან. ვცდილობთ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა კონკურსებსა თუ ფესტივალებზე. ბოლოს რაბათში გამართულ ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ბავშვებს დიპლომები და არაჩვეულებრივი წიგნები გადაეცათ საჩუქრად. მანამდე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა, გავიცანით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა კოლექტივები, ზოგი მოვიწვიეთ, ზოგმაც მიგვიწვია. მომავალ წელს ამერიკიდან, ინდონეზიიდან და პოლონეთიდან ველით სტუმრებს… რაც შეეხება ზევგოლათიოს საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს, ვიმედოვნებთ, ჩვენი გამოსვლა წარმატებული იქნება და საქართველოში ახალი მედლებით დავბრუნდებით,“ – ამბობს ანსამბლ „მეგობრობას“ ხელმძღვანელი მანანა სახელაშვილი.

15 წლის მარიამ კახიძე შვიდი წელია ანსამბლში ცეკვავს: „ცხრა წლიდან მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში შევედი, სადაც ერთდროულად მუსიკასა და ცეკვას ვსწავლობდი და იმის მერე დავდივარ. ყველაზე მეტად მასწავლებელი მიყვარს, ცეკვა მან შემაყვარა. ხშირად გვაქვს კონცერტები, მათ შორის საქველმოქმედოც. ქართული ცეკვებიდან მთიულური მიყვარს განსაკუთრებით, უცხოური ცეკვებიდან კი ამერიკულსა და უკრაინულს გამოვყოფდი.

 მარიამ კახიძე
მარიამ კახიძე

ცეკვა ძალიან დიდ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, ფრენბურთზეც დავდივარ, თუმცა ცეკვა უფრო მნიშვნელოვანია. კონცერტების წინ ვარჯიშს განსაკუთრებით დიდ დროს ვანდომებ, ეს შეიძლება ხუთი, ექვსი საათიც კი იყოს.
საბერძნეთში ფესტივალს განსაკუთრებით ველი, ეს გამგზავრება, მგონია, გამორჩეული იქნება, თან ზაფხულია, ზღვაა, ახალი ბავშვებიც გვყავს და უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს.“

ლუკა ბერიძე ანსამბლის ყველაზე პატარა წევრია, ის ექვსი წლისაა. ცეკვაზე სიარული იანვრიდან დაიწყო. ლუკას საყვარელი ცეკვა აჭარული და ოსურია.

 ლუკა ბერიძე

ლუკა ბერიძე

14 წლის მილედი ჯინჭარაძისთვის ეს პირველი გასტროლი იქნება: „ცეკვაზე დაახლოებით ორი თვეა დავიწყე სიარული. ამ დროისთვის უკვე ამერიკული და მთიულური ცეკვები ვისწავლე. განსაკუთრებით ქართული ხალხური ცეკვა მიყვარს – ემოციებითაა სავსე და ლამაზი ილეთები აქვს. მომწონს სოლოგამოსვლები. ფესტივალზე პირველად მივდივარ, ეს ასევე ჩემი პირველი მგზავრობა იქნება საზღვარგარეთ და ცოტას ვღელავ.“

მილედი ჯინჭარაძე
მილედი ჯინჭარაძე

მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლა ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსის გამარჯვებულია. აღნიშნული ღონისძიება პროგრამის – „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში განხორციელდება.

ფესტივალში  მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს „თრაველსი“. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. „თრაველსი“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო აღნიშნული შესყიდვის.

ანსამბლ „მეგობრობას“ რეპეტიცია
ანსამბლ „მეგობრობას“ რეპეტიცია
ანსამბლ „მეგობრობას“ რეპეტიცია
ანსამბლ „მეგობრობის“ რეპეტიცია

ექსპროპრიაცია ბათუმში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო 

220 კვ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმი“ – მშენებლობის გამო ბათუმში ექსპროპრიაციას კიდევ 2 ოჯახის საკუთრება დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებაში აღნიშნულია: „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

[crosslist]

  • მესაკუთრე ბადრი ვანაძე, მიწის ნაკვეთი [882 კვ.მ], მდებარე: ქ. ბათუმი, დასახლება ერგე;
  • მესაკუთრე ოთარ ომერაძე, მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ხიხანის ქუჩა, №2ა [651 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა]“.

[/crosslist]

„დასახელებულ პირებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს,“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო, დასათმობი ქონების სანაცვლოდ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხის ოდენობას მესაკუთრეები ხშირად აპროტესტებენ, რის გამოც აჭარაში პერიოდულად აქციებიც კი იმართება, ხოლო ექსპროპრიაციას ათობით ოჯახი თუ კერძო საკუთრება დაექვემდებარა.

ამავე თემაზე:

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე, ოცამდე მოქალაქეს ქონებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 27 971 ლარია 

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

 

 

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბათუმში ბავშვი დაიღუპა

დღეს, 27 ივნისს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ავტოავარიის დროს ბავშვი დაიღუპა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას „ დაახლოებით 8-10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“.

კოდექსის ამ მუხლით – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

ბათუმის შემოსასვლელში ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია.

19532905_1598365753529803_1187943204_o

 

ბოლო ორი მაგნოლია, რომელიც ივანიშვილს ციხისძირიდან მიაქვს

ხეების გადარგვის საგაზაფხულო სერია დასრულდა. ბოლო ორი მაგნოლია, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით შეკვეთილში წაიღებენ, ციხისძირში დგას. უსტალიშვილების ეზოში მდგომი მაგნოლიების წასაღებად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

განახლდება თუ არა ხეების გადატანა შემოდგომაზე, ჯერჯერობით უცნობია.

IMG_0214

IMG_0183

IMG_0190

IMG_0208

რომელ ნაწარმზე იკრძალება დასახელება „ყველის“ გამოყენება

დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება ნატურალური რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მოქმედებს. ეს ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1-ელი ივლისიდან შევა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით: „ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას“.

სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებასაც: „აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79%-ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა“.

ბიზნესოპერატორის მიერ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

[highlight color=”red”]ამავე თემაზე:[/highlight]

რძის ნაწარმი შესაძლოა გაძვირდეს

რძის პროდუქტი სოფლიდან ბაზრამდე

 

 

 

„შერატონი“ ბულვარში ასამდე ხეს იღებს

ბათუმის ბულვარში სასტუმრო „შერატონი“  მწვანე ნარგავებს იღებს. „შერატონის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხეები დაზიანებულია და მისი ამოღება ამიტომ ხდება.

„ხე-მცენარეები დაზიანებულია, თავის დროზე არ უნდა მომხდარიყო მათი იმ ადგილზე ჩარგვა, რადგან შეუსაბამო ნიადაგია, ამიტომ დაზიანებული ხეების ამოღება ხდება. ეს ტერიტორია ახალი ნარგავებით განახლდება,“ – ამბობს სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენელი მამუკა ხაბაძე.

„შერატონის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ხეები დაზიანებულია და ამიტომ გადააქვს. ფოტო: ლელა დუმბაძე
„შერატონის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ხეები დაზიანებულია და ამიტომ გადააქვთ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს სპეციალისტების დასკვნა იმაზე, რომ ხეები ნამდვილად დაზიანებულია, მამუკა ხაბაძე პასუხობს: „დაზიანებული რომ არის, ამაზე მეტყველებს ხეებიც და დასკვნაც არსებობს, რომელიც დაახლოებით 2-3 წლის წინ გაკეთდა. მაშინ ითქვა, რომ არსებული ნიადაგი შეუსაბამო იყო ამ ხეებისთვის. ახლა ამ ხეების გადატანა სხვა ადგილზე, ხელვაჩაურში მოხდება და მათ ადგილზე ასევე წიწვოვანი, მაგრამ სხვა ჯიშის ხეები დაირგვება“.

ადმინისტრაციის თქმით, ასი ხე მთლიანად გახმა.
ადმინისტრაციის თქმით, ასი ხე მთლიანად გახმა.

მამუკა ხაბაძის თქმით, ასამდე ხე უკვე გამხმარია, „ამდენივეს შეცვლას ვაპირებთ კიდევ“. მისივე ინფორმაციით, ხეები აღნიშნულ ტერიტორიაზე „შერატონმა“ დარგო და შეცვლაც მისივე ინიციატივით მიმდინარეობს.

„ბათუმის ბულვარის“ განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ხეების დარგვის ან გადატანის პროცესში ჩარევის უფლება ბულვარის ადმინისტრაციას არ აქვს.

4

„შერატონმა“ ბულვარში ხეები ამოიღო
„შერატონმა“ ბულვარში ხეები ამოიღო
მოჭრილი ხეები ბულვარში
მოჭრილი ხეები ბულვარში

 

ეროვნული გამოცდები სამ ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს  3 ივლისს დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი იქნება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის,  ივა მინდაძის ინფორმაციით,  ბათუმში არსებული საგამოცდო ცენტრი  წელს  ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრი იქნება,  ხულოს საგამოცდო ცენტრი კი – ყველაზე პატარა.

ბათუმის  საგამოცდო  ცენტრში მაქსიმალური დატვირთვით 80 სექტორი იმუშავებს, სადაც გამოცდას 2 000 – ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს. რაც შეეხება ხულოს საგამოცდო ცენტრს, აქ მაქსიმალური დატვირთვით 10 სექტორი იმუშავებს და გამოცდებზე 500 – მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ივა მინდაძის თქმით, ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისამდე გაგრძელდება.

ამავე პერიოდში ჩატარდება სამაგისტრო გამოცდები, რომელზეც 14  ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები, სადაც 28 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა.

ეროვნული გამოცდები წელს  მეორედ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით  ჩატარდება.

დავა საბავშვო ბაღის შენობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით,  ჯავახიშვილის ქუჩაზე, 82 ნომერში არსებულ საბავშვო ბაღის შენობაში,  რომელიც მერიის საკუთრებაა, პროფესიული სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს. სასწავლო ცენტრს შენობის საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, თუმცა ის მაინც არ ტოვებს შენობას.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ  სასწავლო ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილის, ბადრი ნაკაშიძის ბიძას, რეზო ნაკაშიძეს ეკუთვნის.

„შპს „ახალგაზრდობის“ დირექტორი, რეზო ნაკაშიძე არის ბადრი ნაკაშიძის ბიძა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ  მას უწევენ ანგარიშს და ამიტომ არ ხდება აღსრულება. ამ უბანში ბავშვების რაოდენობა იზრდება,  მშობლები ვერ ახერხებენ შვილების ბაღში მიყვანას იმის გამო, რომ ბაღის ნაწილი  „ახალგაზრდობას“  აქვს დაკავებული,“-ამბობს ნოდარ დუმბაძე.

მერიასა და შპს „ახალგაზრდობას“  შორის  სასამართლო დავა რამდენიმე  წელია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის, ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსის, რეზო ხახვას თქმით, მერიამ შპს „ახალგაზრდობასთან“ სასამართლო დავა მოიგო, თუმცა  სასწავლო ცენტრი შენობის დატოვებას მაინც არ აპირებს.

„მე მგონი ნოემბრიდან არის სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებაზე გადაცემული. როცა გამოათავისუფლებენ შენობას, შემდეგ მოხდება შენობის რეაბილიტაცია,“-აცხადებს ის.

შპს „ახალგაზრდობის“ დირექტორი, რეზო ნაკაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯერ სასამართლო დავა დასრულებული არ არის, რადგან მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება  გაასაჩივრეს.

რეზო ნაკაშიძის თქმით, მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება 2013  წელს გაფორმდა, თუმცა მერიამ დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

„ხელშეკრულება იყო ათწლიანი და ვადა გავიდა, მაგრამ შენობას იმიტომ არ ვტოვებთ, რომ მერიამ არაერთხელ შეგვიშალა ხელი ფუნქციონირებაში, ცხრაასჯერ გაგვიზარდა საიჯარო თანხა. ამჟამად ყოველწლიურად 8 ათას ლარს ვუხდით მერიას,“-ამბობს რეზო ნაკაშიძე.

რაც შეეხება მისი და მინისტრის მოადგილის ნათესაობას, რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ ბადრი ნაკაშიძე ნამდვილად მისი ნათესავია, თუმცა ამ საქმესთან მას შეხება არ აქვს.

„არის ჩემი ნათესავი, ბიძად ვეკუთვნი, მაგრამ ბადრი ნაკაშიძემდე მე ვიყავი აჭარა-გურიის პროფესიული განათლების რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი, ვიყავი აჭარის განათლების სამინისტროს კოლეგიის წევრი, ქალაქის საბჭოს დეპუტატი, ვარ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასე რომ, ეს ყველაფერი უბრალოდ არ მაქვს მოპოვებული,“-გვეუბნება ის.

რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ ისინი ამ ხნის მანძილზე მერიის ზეწოლის ქვეშ მუშაობდნენ და ამ დავას საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტს.

 

 

 

განაჩენი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვნებს

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ორ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმება დღეს, 26 ივნისს, გაუფორმა პროკურატურამ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მასობრივ ძალადობაში ბრალდებული არასრუწლოვნების შემთხვევა დახურულ სხდომაზე განიხილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 წლის მაგსუდ ბ. წელიწადნახევრის შემდეგ გათავისუფლდება პატიმრობიდან. სამი წლის განმავლობაში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა არასრუწლოვან ირაკლი ჩ.-საც. ის აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საპროცესო შეთანხმების მთავარი პირობა ბრალის აღიარებაა.

არასრულწლოვნებთან საპროცესოების გაფორმებამდე პროკურატურამ შეთანხმებას კიდევ ორ ბრალდებულთან მიაღწია. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ სულ 21 პირი დააკავა. დანარჩენი 17 ბრალდებული ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს და მათი სასამართლო პროცესი გრძელდება. ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. დაკავებულებიდან ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

 

ამავე თემაზე:

17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ

აჭარაში 3750 ჰექტარი უფასოდ შეიწამლება – რეკომენდაციები ფაროსანას გასანადგურებლად

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლას იწყებს. სახელმწიფო უფასოდ შეწამლავს 3750 ჰექტარს, სამუშაოები ქობულეთიდან დაიწყება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაწამლი სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარია გამოყოფილი.

შეწამვლის დროს ეფექტურობისა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს:

წამლობითი ღონისძიების დროს პესტიციდის ნისლისაგან ფილტვების, თვალბისა და სხეულის კანის დასაცავად გამოყენებული უნდა იქნას თვალების დამცავი სათვალე,  რესპირატორი და ანტიქიმიური კომბინიზონი;

გაფრთხილებული უნდა იქნენ მეფუტკრეები, რათა დახურონ სკები ან გადაიტანონ ისინი შეწამლვის ადგილიდან;

მოერიდეთ შეწამლვას სასოფლო-სამეურნეო კულტურების ყვავილობის დროს;

 წამლობითი ღონისძიებები არ უნდა განხორციელდეს ძლიერი სიცხის ზემოქმედების ქვეშ;

პრეპარატი უნდა შევასხუროთ მაშინ, როცა წვიმა 24 საათის განმავლობაში არ არის ნავარაუდევი;

არ უნდა შევწამლოთ მაშინ, როცა ქარი სახლისკენ ან ცხოველთა სადგომებისკენ უბერავს;

მოაშორეთ ოჯახის წევრები შესაწამლ ადგილს. არ მისცეთ უფლება ოჯახის წევრებს, ბავშვებს  და ა.შ. შევიდნენ შეწამლულ ტერიტორიაზე  აკრძალული ინტერვალის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობა 12 საათია.

აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელსაც შეუძლია დიდი ზარალი მიაყენოს სოფლის მეურნეობას. ერთ მდედრს შეუძლია დადოს 250 კვერცხი, საიდანაც ნახევარი ანუ 125 ცალიდან იჩეკება მდედრი, შედეგად მეორე თაობაში 125 მდედრს უკვე შეუძლია დადოს 30 000-ზე მეტი კვერცხი და პოპულაციის კატასტროფული მატება გამოიწვიოს.

გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები შეაგროვეთ და გაანადგურეთ. ვინაიდან ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს 250-მდე ფაროსანას განადგურებას;

სასურველია  ბაღებში ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა, რომელიც უქმნის მავნებლებს არახელსაყრელ გარემოს ნიადაგში გამოზამთრება/განვითარებისათვის;

წამლობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ბაღებში მაშინ, როცა მავნებელი ნიმფის (მატლის) ფაზაშია. საჭიროების შემთხვევაში წამლობა შესაძლებელია განმეორდეს 30 დღის შემდეგ. სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები – „ტალსტარი“ და „ინსაკარი“. შესაძლებელია გამოყენებული იქნას ასევე ლამბდა-ციჰალოტრინის შემცველები – „კარატე“, „კარატე ზეონი“ და „ენდიგო“. ქლორპირიფოსის შემცველები – „დურსბანი“ და „პრიბან 4“ და ა.შ. ქიმიური პრეპარატების გამოსაყენებელი დოზების დადგენისას უნდა იხელმძღვანელოთ სპეციალისტების რეკომენდაციებითა და ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. პრეპრატების  შესხურება უნდა მოხდეს  ივნის-ივლისის თვეებში.

ფაროსანას შესაწამლი ხელსაწყო. ფოტო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსიტრო
ფაროსანას შესაწამლი ხელსაწყო. ფოტო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ამავე თემაზე: 

მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანას გარემოში გავრცელების მონიტორინგი დაიწყო

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

სეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პროგრამა პირველ წელს სატესტო იქნება

 

საჯარო სამსახურებში ხელფასისა და პრემიის გაცემის ახალი წესი დამტკიცებული არ არის

2017 წლის 1-ელი ივლისიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასის, დანამატისა და პრემიის გაცემის წესი ამ დროისთვის დამტკიცებული არ არის. ივლისიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც შრომის ანაზღაურების გაცემის მოქმედ წესს ფაქტობრივად აუქმებს.

„იმის გამო, რომ საჯარო მოხელეები ივლისიდან ხელფასის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, შევიმუშავეთ ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“, რაც მეორე-მესამე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ კვირაში გადის. ამ ცვლილებებით, გარდამავალ დებულებებში გაწერილია, თუ რა წესით გაიცეს 2017 წლის ივლისიდან-იანვრამდე ხელფასები, დანამატები და პრემიები.“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ ჩიხრაძემ. მისივე თქმით, გარდამავალ პერიოდში [ივლისი-იანვარი] სახელფასო დანამატები და პრემიები ძირითადად იმავე პრინციპით გაიცემა, როგორც დღეს.

2017 წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში დასაქმებულები საკლასო დანამატებს აიღებენ და არა დღეს არსებულ დანამატებსა და პრემიებს. მოხელის საკლასო დანამატის ოდენობა კი უნდა განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ასევე არ არის მიღებული.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის პროექტი საჯარო სამსახურის ბიურომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავა და თეიმურაზ ჩიხრაძის თქმით, ის უახლოეს მომავალში წარედგინება ქვეყნის მთავრობას.

„მთავრობის მიერ პროექტის მოწონების შემთხვევაში, კი ის, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუმცა იგეგმება, რომ კანონი 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდეს, იმიტომ, რომ ეს მაინც მიბმულია ბიუჯეტის შესახებ კანონზე და მომავალი წლის ბიუჯეტიც შესაბამისად დაიგეგმება.“ – აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე.

[highlight color=”red”]ამავე თემაზე:[/highlight]

 

პრემიები და დანამატები პირველი ივლისიდან აღარ გაიცემა

საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან

საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

მთავრობამ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის წესები განსაზღვრა

 

აჭარის განათლების მინისტრის ქონება

აჭარის განათლების მინისტრის 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინგა შამილიშვილის საკუთრებაში მხოლოდ ბეშუმში არსებული 80,00კვ/მეტრი აგარაკი ირიცხება.

დეკლარაციის მიხედვით, განათლების მინისტრი შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული, რა ღირებულებისაა და ვის ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა, სადაც ის ცხოვრობს.

მინისტრის პენსიონერი დედის, ნათელა დუმბაძის სახელზე ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 57 ნომერში რეგისტრირებულია 6 მშენებარე ბინა. ბინების საერთო ღირებულება, დეკლარაციის მიხედვით, 156 050 დოლარია. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანხის წარმომავლობა და არც მშენებარე ბინების შესყიდვის თარიღი.

მინისტრის დედის, ნათელა დუმბაძის სახელზე ასევე რეგისტრირებულია 145 კვ/მეტრი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში, რუსთაველის 57 ნომერში, რომელიც მას ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა. ვისგან მიიღო მინისტრის დედამ ქონება საჩუქრად, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათელა დუმბაძის საბანკო ანგარიშზე  „ლიბერთი ბანკში“ 180  ლარი  ფიქსირდება, ინგა შამილიშვილის საბანკო ანგარიშებზე  „ბანკი ქართუში“ ანაბარზე 8 000 დოლარი, „თი ბი სი ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 2700 ლარი და ასევე სახელფასო ანგარიშზე – „ბაზის ბანკში“ – 650 ლარია.

ინგა შამილიშვილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოადგილედ მუშაობის  პერიოდში (2016), შემოსავლის სახით, 26 659 ლარი აქვს მიღებული. ამავე უნივერსიტეტში, როგორც ასოცირებულ პროფესორს კი – 4 982 ლარი.

დედის სახელზე რეგისტრირებული ბინების შესახებ განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მშენებარე ბინები ნათელა დუმბაძეს ინვესტორმა მიწის სანაცვლოდ გადასცა. „იქ იყო მამაპაპისეული სახლი და მიწის ნაკვეთი, იმ ადგილზე ინვესტორი აშენებს კორპუსს და ეს ბინები იმ ადგილის სანაცვლოდ გადაეცა დედას. თანხები ბინის შეფასების მიხედვით წერია“, – ამბობს მინისტრი. მიწის ნაკვეთი ინვესტორს, როგორც მინისტრი ამბობს, მისმა ოჯახმა ოთხი წლის წინ გადასცა.

რაც შეეხება ნაჩუქარ ბინას რუსთაველზე, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ესეც დედის ბინაა, სადაც ამჟამად თვითონაც ცხოვრობს.

მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში სხვა უძრავ-მოძრავი ქონება დაფიქსირებული არ არის.

ოჯახი მეწყრის ზონიდან: ჩვენს სახლს 40-ტონიანი ქვა ემუქრება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები ნათელა მახარაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით განვითარებული მეწყრული პროცესები სახლს საფრთხეს უქმნის. მოქალაქის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პრობლემის მოგვარების მეთოდი არაეფექტურია.

„რვა თვის წინ სახლის გვერდით ფერდობზე წამოვიდა მეწყერი. ამ მეწყრულ უბანზე დევს 40-ტონიანი ქვა, რომელსაც ორივე მხრიდან მიწა შემოეცალა  და გაჩნდა საფრთხე, რომ ქვა დაიძრას. ჩემი სახლი შიდა სასოფლო გზის პირას დგას. მეზობელ სოფელში გადასასვლელად მანქანებს სახლის წინ უწევთ გავლა.  ნიადაგი არამყარია და სულ არის საფრთხე განმეორებითი მეწყრის. შარშან თითქოს გააკეთეს, გაამაგრეს ფერდობი, მაგრამ განმეორებითმა მეწყერმა ყველაფერი წყალში ჩაყარა. შუახევის მუნიციპალიტეტიდან მოვიდნენ  და მეუბნებიან, რომ 30  სანტიმეტრი სისქის კედელს ჩამოასხამენ. მიუღებელი და გაუმართლებელია ამ ტიპის კედლის ჩამოსხმა, ვერ დაიჭერს ამხელა მასას და სახლი დამენგრევა. ქვემოთ სკოლაა, ეს მიწა და ქვა რომ დაიძრას, სკოლასაც წაიღებს. მეტრონახევრიანი კედელი მაინც არის საჭირო, რომ ეს ადგილი გამაგრდეს,“ – ამბობს ნათელა მახარაძე.

ნათელა მახარაძის თქმით, მისი ოჯახის გარდა საფრთხე ემუქრებათ სხვა ოჯახებსაც, რომლებიც მეწყრულ ზონაში ცხოვრობენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას სოფელ მახალაკიძეებში საცხოვრებელ სახლთან  ფერდსამაგრი კედლის მოსაწყობად ტენდერი 8116 ლარზე აქვს გამოცხადებული. კონტრაქტორმა სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში უნდა შეასრულოს. შუახევის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებთან შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს.

„გამოვაცხადეთ ტენდერი, შედგა პროექტი, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა. თვითონ როგორც უნდათ, მთელ  მახალაკიძეებს მე ფერდსამაგრ კედელს ვერ შემოვავლებ, მაგრამ ვიმეორებ, რომ  ვაწარმოებთ სამუშაოებს.  ეს არის გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაკეთებული პროექტი. სადაც ლოკაცია არის საფრთხის შემცველი, იქ ვაკეთებთ. მათი მოთხოვნები ხანდახან არის საფუძვლიანი, მაგრამ ზოგჯერ მათი დამოკიდებულება, ეს ასე უნდა გაკეთდეს და ის ისე, პირდაპირ გეტყვით, მგონია უსაფუძვლო. თუკი ეს კედელი არ იქნება საკმარისი და შემდეგ მოხდება ის, რომ დავუშვათ, კვლავ დაიწყებს  მეწყერი გააქტიურებას, მომავალში, თუნდაც წლის მეორე ნახევარში, კორექტირებისას შესაძლოა გავითვალისწინებთ მოსახლეობის თხოვნას,“ – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

 

მერია მოქალაქეს სასამართლოში უჩივის – სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდების მცდელობა

ბათუმის მერია მოქალაქე რამაზ ირემაძეს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობაა. საქმეს მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი განიხილავს, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა.

„ამ მოქალაქემ არ ჩაიბარა უწყება სამხედრო გაწვევის შესახებ. უწყებას წვევამდელებს მერიის გამგეობის წარმომადგენლები აბარებენ. ჩვენ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს“, – ამბობს ნინო სურგულაძე, ბათუმის მერიის იურისტი.

ჯარიმის გადაუხდელობა ან უწყების კიდევ ერთხელ ჩაუბარებლობა, კანონის მიხედვით,  30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. მერიის იურისტი განმარტავს, რომ მსგავსი დავა მერიას თვეში რამდენიმე აქვს და უმეტეს შემთხვევაში, როცა მოქალაქე სასამართლოში ცხადდება, დავა შეთანხმებით სრულდება. „ამ დროს სასამართლო მხოლოდ შენიშვნის მიცემით შემოიფარგლება,“ – დასძენს ნინო სურგულაძე.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა საქმის განხილვა გადადო, რადგან არ ჰქონდა დასტური, ჩაბარდა თუ არა რამაზ ირემაძეს სასამართლოსგან გაგზავნილი შეტყობინება მის წინააღმდეგ სხდომის გამართვის შესახებ.

ბსუ-ს 22 წლის სტუდენტს მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინდა

22 წლის მინდია ცეცხლაძეს მოულოდნელად დაუდგინდა უმძიმესი დიაგნოზი. მინდია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია. ის უკვე გადაყვანილია სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში.

unnamedმინდიას ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა 90 000 $. როგორც ბსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი ანთიძე წერს, „მიუხედავად ბსუ-სა და ბათუმში თურქეთის კონსულის დიდი დახმარებისა, უახლოეს დღეებში აუცილებელია თანხის გარკვეული ნაწილის მობილიზება“.

ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს 22 წლის მინდია ცეცხლაძის სიცოცხლის გადარჩენაში (ნებისმიერი რაოდენობის თანხა მნიშვნელოვანია), დარეკეთ ტელეფონის ნომერზე.: 599 23 06 09
ან თქვენთვის ხელმისაწვდომი თანხა გადარიცხეთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

19400134_1441862855870040_6302699114310328066_n

64 სოფლის კეთილმოწყობაზე ქედაში 420 ათასი ლარი დაიხარჯება

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე წელს 420 000 ლარს დახარჯავს.

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, თანხის დიდი ნაწილი სოფლებში გარეგანათების, საცალფეცხო ბილიკების, სანიაღვრე არხებისა და საპირფარეშოების მოწყობას მოხმარდება.

„რადგანაც ცენტრალური ბიუჯეტიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელს არ დაფინანსდა, გადავწყვიტეთ კეთილმოწყობითი სამუშაოები სოფლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა და ამისთვის  420 000 ლარი გამოვყავით, კრებები  ჩავატარეთ, მოსახლეობამ პრიორიტეტად  300 – მდე  წინადადება დააყენა, საიდანაც ასზე მეტი სოფლებში კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებდა, რაზეც შესაბამისი პროექტები მოვამზადეთ. აღმოჩნდა, რომ ასივე პროექტის განხორციელებას გაცილებით მეტი თანხა სჭირდებოდა, ვიდრე გაგვაჩნდა. არსებული თანხა თემების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გადავანაწილეთ, როგორც  სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებდა, მაგალითად, მახუნცეთის თემს 78 000 ლარი ერგო,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

სულიკო ბოლქვაძის თქმით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არასაკმარისი თანხის გამო წელს ვერ მოეწყობა, გამგეობა 2018 წლის ბიუჯეტით განახორციელებს.

„მოსახლეობის მოთხოვნა სრულად რომ შესრულებულიყო, დამატებით 300 000 ლარი იყო საჭირო, რადგანაც პროექტები უკვე  არსებობს, 2018 წელს განვახორციელებთ.“

კეთილმოწყობითი სამუშაოები ქედის სოფლებში წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

10 – მილიონიანი ტენდერი ჭორვილას წყალსადენის მოსაწყობად

მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭორვილასა და საირხეს წყალსადენის მოსაწყობად სატენდერო წინადადებაზე მოწვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. შესყიდვის ბიუჯეტი 10 მილიონ 874 ათას 147 ლარია.

სატენდერო წინადადების მიხედვით პროექტი ითვალისწინებს საიხისა და ჭორვილასთვის წყლის მიწოდებას მდინარე ყვირილას მარჯვნივ მდებარე რაჭის ქედიდან.

პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების სათავე ნაგებობებიდან, მაგისტრალური 250მმ მაღალი წნევის მილსადენით წყალი მიეწოდება საირხისა და ჭორვილას რეზერვუარებს, საიდანაც წყალს ამ სოფლებში გადაანაწილებენ.

გათვალისწინებულია შენობებისთვის როგორც განშტოებების მოწყობა ქსელიდან, ასევე მრიცხველების მონტაჟიც. შესყიდვის ხარჯებს ევროპის საინვესტიციო ბანკი გაიღებს.

საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად.

შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები. სატენდერო წინადადებების წარდგენა და წინადადებების გახსნა ჩატარდება ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით.

ყოფილი პრემიერი და მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი თბილისისა და გურიის შემდეგ ყველაზე მეტ მიწის ფართობს იმერეთში, კერძოდ, სოფელ ჭორვილაში ფლობს. ბიძინა ივანიშვილი ამ სოფელში დაიბადა.

Exit mobile version