მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ავთანდილ გიორბელიძე გაამართლა. 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ეს პირველი გამამართლებელი განაჩენია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განუხილავს ოჯახში ძალადობაზე. ამ პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით ბათუმში სულ 33 პირი გასამართლდა.
გამართლებულ ავთანდილ გიორბელიძეს საკუთარი და ედავებოდა ფიზიკურ ძალადობას. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ძმა მასთან ოჯახში შევიდა და დის თანდასწრებით სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი ხელები გადაუგრიხა, ყელში სწვდა და სცემა. დაზარალებულის და ამ საქმეში მთავარი მოწმე იყო.
დავის საგანი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლია, რომელიც და-ძმას ანდერძით ერგო. სადავო გახდა საერთო ეზოს გამოყენება. დაზარალებულის მტკიცებით, ძმამ მასთან შეუთანხმებლად გააფართოვა მისი წილი საკუთრება. სამოქალაქო დავა და-ძმას შორის ამ დრომდე გრძელდება.
„პროკურატურა ეყრდნობოდა ძირითადად დების ჩვენებებს. სხვა მტკიცებულება საქმეში არ იყო. მოსამართლე ასევე დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლომ სულ 10 საქმე განიხილა ოჯახში ძალადობაზე. აქედან 9 გამამტყუნებელი შედეგით დასრულდა. მსჯავრდებულებიდან 5 პირს პირობითი მსჯავრი შეუფარდეს, ორ მსჯავრდებულს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გაწევა დაეკისრა, ერთი დაჯარიმდა, ერთს – თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ორჯერ გამოიყენა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს. 2016 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ 23 საქმე განუხილავს. ოცდასამივე შემთხვევა გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. გასულ წელს პირობითი მსჯავრი შეუფარდეს 13 მსჯავრდებულს, 8 პირს – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო ორს – თავისუფლების აღკვეთა.
23 შემთხვევიდან არსებითი განხილვა მხოლოდ 7 შემთხვევაზე შედგა. სხვა ბრალდებულებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოახერხებს.
ამავე თემაზე:
შვილები დედების წინააღმდეგ