მთავარი,სიახლეები

მოქალაქე ამბობს, რომ საპატრიარქომ მის მიწასთან მისასვლელი გზა წაართვა

19.10.2017 • 13789
მოქალაქე ამბობს, რომ საპატრიარქომ მის მიწასთან მისასვლელი გზა წაართვა

ფერიის მთაზე მცხოვრები შაქრო თურმანიძე სასამართლოში საქართველოს საპატრიარქოს უჩივის. დავის საგანი ყოფილი გზაა, რომლითაც შაქრო თურმანიძე საკუთარ მიწის ნაკვეთამდე მიდიოდა. ახლა გზა საპატრიარქოს ეკუთვნის და ეკლესიის გალავანს შიგნით მოხვდა.

„ეკლესია აშენდა და მოღობეს ჩემი გზაც. საკუთარ მიწასთან მისასვლელი გზა არ მაქვს, არადა, ეს გზა ჩემი მოწყობილია 1979 წელს. მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა ვცადე, ოთხჯერ ჩამოვედი, მაგრამ არ დამელაპარაკა, ამიტომ მივმართე სასამართლოს,“ – გვითხრა შაქრო თურმანიძემ.

საპატრიარქოს წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელის განხილვა დღეს, 19 ოქტომბერს დაიწყო მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. სხდომის დაწყებისთანავე საპატრიარქოს იურისტმა შუამდგომლობა დააყენა და საქმეში მესამე მხარედ აჭარის მთავრობის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩართვა მოითხოვა. ამ უწყებამ გადასცა საპატრიარქოს მიწა ფერიის მთაზე ტაძრის ასაშენებლად.

„მნიშვნელობა არ აქვს, ერთ ლარად მიიღო ეს საპატრიარქომ, თუ სიმბოლურ ფასად. ჩვენ შესაძლოა გარკვეული სახის სამართლიანი პრეტენზია გვქონდეს ამ უწყებების მიმართ, თუკი აღმოჩნდება, რომ მიწა, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით გადმოგვცეს, აღმოჩნდება ნივთობრივად, ან უფლებრივად უნაკლო,“ – მიმართა მოსამართლეს ვახტანგ ლორიამ, საპატრიარქოს იურისტმა.

შუამდგომლობა შაქრო თურმანიძის ადვოკატმა, თინა იმნაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, აჭარის მთავრობა არაფერ შუაშია, რადგან სარჩელის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებულ „სავალდებულო გზის“ პრინციპს შეეხება.

„ეკონომიკის სამინისტრო არაფერ შუაშია, ის ზედმეტი მხარე იქნება,“ – თქვა მოსამართლემ და საპატრიარქოს იურისტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მან განმარტა, რომ სარჩელში არაა საუბარი ნივთობრივი, ან უფლებრივი ტიპის ნაკლზე. „მოსარჩელე მხოლოდ აუცილებელი გზის მოწყობას ითხოვს“, – დასძინა მოსამართლემ.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო იმ ექსპერტის პოზიციას მოისმენს, ვინც დასკვნა დადო მოქალაქე შაქრო თურმანიძის სასარგებლოდ. ექსპერტის დაკითხვაც საპატრიაქროს იურისტმა მოითხოვა:

„ყურადღება მიაქციეთ, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეკონომიკურად ყველაზე მისაღებია ეკლესიის მხრიდან გზის მოწყობაო. ის საუბრობს იმაზე, რომ ეკონომიკურად არის მისაღები და არა ტექნიკურად,“ – თქვა ვახტანგ ლორიამ. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მორიგ სხდომაზე მოსამართლე ფერიის მთაზე ავა და უშუალოდ ნახავს უგზოდ დარჩენილ მიწის ნაკვეთს. სადავო ადგილის დათვალიერების სურვილი სხდომაზე ორივე მხარემ გამოხატა.

„კარგია, რომ თქვენ გამოთქვით სურვილი. მე თვითონ ვაპირებდი ამ საკითხის წინ წამოწევას,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

მორიგი სხდომა მოსამართლემ 13 ნოემბერს ჩანიშნა. საპატრიარქოს იურისტმა თარიღის შეცვლა ითხოვა: „ვიბრძნი, თქვენო ღირსებავ, არ მინდა 13“.

„მაშინ 13 ნოემბერს 13 საათზე იქნება მორიგი სხდომა,“ – თქვა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ და სასამართლო სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

 

გადაბეჭდვის წესი