მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

18.10.2017 • 4377
საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში.

„ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და ხოჯა არ არის, მრევლთან არის უბრალოდ, ნაკურთხი არ არის,“ – ამბობს ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი. მისი მტკიცებით, ამირან პაპიძემ რაიმე კონკრეტული პოზიცია მეჩეთში არ აქვს. „ასე მორწმუნე მეც ვარ და მეც დავდივარ,“ – დასძენს ნუგზარ სოლომონიძე.

„ევროპულ საქართველოს“ ლიდერებმა ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ სასაუბროდ ვერ მოიცალეს, მათ შორის ვერც გიგა ბოკერიამ, რომელიც სეკულარიზმის პრინციპის დაცვაზე ხშირად საუბრობს. პარტიიდან მხოლოდ ეს მოგვწერეს:

„ამირან პაპიძე მისი თემის ხოჯაა. ამ სტატუსს კი ჩვენ არ განვიხილავთ, როგორც სასულიერო ხარისხს მისი კლასიკური გაგებით. პაპიძე თემის ორგანიზაციულ საკითხებს ხელმძღვანელობს“.

ხიხაძირის მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ გაბაიძე. ის აქამდე იმამად იყო სოფელ ოშანახევის მეჩეთში. პარტია „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბესიკ ბაუჩაძის განმარტება ამ საკითხზე ასეთია:

„პირველ რიგში, ის არის პედაგოგი, ავტორიტეტული და პატიოსანი პიროვნება, უყვარს მეზობლებს და ყველას. მე არც მქონდა ინფორმაცია, რომ ის იმამი იყო“.

რატომ არ ჩათვალა პარტიამ პრობლემად სასულიერო პირის საკრებულოს წევრობა, თუკი მმართველი პარტია პატივს სცემს სეკულარიზმის პრინციპის დაცვას? – ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ „პარტიას ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია.“

დარჩება თუ არა იმამის პოზიციაზე ავთანდილ გაბაიძე, თუ მას საკრებულოს წევრად აირჩევენ? – ბესიკ ბაუჩაძემ გვიპასუხა, რომ „არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს“. მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პრობლემას ვერ ხედავს, თუკი იმამი იმავდროულად საკრებულოს წევრი იქნება.

„მაჟორიტარობის კანდიდატობის სურვილი თვითონ გამოხატა. იქ არ იყო მითითებული, რომ იმამი იყო. მას გაუჩნდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი. გადავხედეთ მის ბიოგრაფიას, წესიერი, კულტურული ადამიანია და შევარჩიეთ. ახლა პიროვნულ თავისუფლებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. თუ რაიმე პრინციპს ეწინააღმდეგება იმამის ყოფნა საკრებულოში, ის თვითონ არ დაარღვევს არაფერს, ისეთი კაცია, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – გვითხრა ბესიკ ბაუჩაძე.

ამ საკითხზე პოზიციის გაგება „ბათუმელებს“ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერებისგანაც სურდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლკის ტელეფონზე მისმა თანაშემწემ გვიპასუხა. „ცესკოს მიმართონ, მე ვერაფერს ვიტყვიო,“ – გვიპასუხა თანაშემწემ „საკითხის გარკვევის შემდეგ“.

კომენტარი ასევე არ გააკეთა არჩილ თალაკვაძემ – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მან მოგვწერა, რომ განმარტებას პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გააკეთებდა.

„მე უკვე დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე,“ – გვითხრა ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ავთანდილ გაბაიძემ. მისი თქმით, ჯერ არ მოსვლია დადასტურება სამუფთოდან განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. წერილი იმამობიდან წასვლაზე ორი დღის წინ დაუწერია სამუფთოში – „რუსთავი 2“-ში მის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ. ამბობს, რომ მედიამ არასწორად გააშუქა ამბავი, რადგან „მე ვისაც ვალოცებ, ისინი არ არიან ჩემი ამომრჩევლები. მე ხიხაძირში ვარ კანდიდატი, სალოცავი კი სხვა სოფელშია – ოშანახევში“.

ავთანდილ გაბაიძე, პარტიის ხელმძღვანელი პირების მსგავსად, პრობლემას ვერ ხედავს, თუკი მეჩეთში ლოცვასაც აღავლენს და საკრებულოს სხდომებსაც დაესწრება. „დავწერე გადადგომაზე განცხადება, რადგან ფიზიკურად ძნელია ასე, ორ სამსახურს ვერ მოვასწრებ,“ – გვითხრა მან.

პრობლემას ხედავს და თან რელიგიური დაპირისპირების საფრთხეს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი აზრით, სასულიერო პირების დასახელება საკრებულოს წევრობის კანდიდატებად მიუთითებს იმას, რომ „პარტიას არ აქვს საკმარისი რესურსი, თავისი ძალებით მივიდეს ამომრჩეველთან. ის იძულებულია ისესხოს ეს ძალა სხვა აქტორებისგან. ეს მიტმასნების პოლიტიკაა“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის აზრით, თუკი პოლიტიკური პარტიები საკრებულოს წევრებად აქცევენ სასულიერო პირებს, რელიგიური დაპირისპირების რისკიც არსებობს. „მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორიც აჭარაა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკა არ ჩაერიოს რელიგიის საქმეში და პირიქით,“ – დასძენს კორნელი კაკაჩია.

იცვლება თუ არა მოცემულობა, თუკი საკრებულოს წევრი იმამი აღარ იქნება? – „მე ვფიქრობ – არა. თუ ასეა, უკეთესი იქნებოდა, კანდიდატად დასახელებამდე შეეწყვიტა სასულიერო საქმიანობა და თავისი სახელით მისულიყო ამომრჩევლამდე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: